Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N182
2015 წლის თებერვალი
გუსევა ბულგარეთის წინააღმდეგ (Guseva v. Bulgaria)
(საჩივარი- N6987/07)
გადაწყვეტილება, 17 თებერვალი, 2015 [მე-4 სექცია]
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
ინფორმაციის მიღების თავისუფლება
მერმა არ შეასრულა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც მომჩივნის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას უზრუნველყოფდა: დარღვევა დადგინდა
ფაქტები: გადაწყვეტილება ეხებოდა მუნიციპალური ხელისუფლების მიერ მომჩივნისთვის მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების შესაბამისად ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმას. მომჩივანი იყო ცხოველთა დაცვის სფეროში არსებული აქტიური გაერთიანების წევრი. მან მოიპოვა უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს სამი საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზე ქალაქის მერს მისთვის უნდა მიეწოდებინა ქალაქის ქუჩებში ნაპოვნი მაწანწალა ძაღლების მოპყრობის შესახებ ინფორმაცია. მერმა არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება. მომჩივანი, კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე, დავობდა მერის ქცევა არღვევდა ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას.
სამართალი: მე-10 მუხლი - სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა. მომჩივანს ცხოველთა მოპყრობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება სურთა, რათა მას შეესრულებინა საკუთარი როლი - წვლილი შეეტანა საზოგადოებრივ დებატში და საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდა საზოგადო ინტერესის მქონე საკითხზე. ამგვარ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება აღიარებული იყო როგორც ეროვნული კანონმდებლობით, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს სამი საბოლოო გადაწყვეტილებით. შესაბამისად, მომჩივნის მიერ ინფორმაციის მოპოვება თავსდება მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში.
მოცემულ საქმეში სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივანი, საჯარო ინტერესის ფარგლებში, საჯარო დებატებისთვის წვლილის შეტანის მიზნით ინფორმაციის მოპოვებაში ლეგიტიმური გზით იყო ჩართული. შესაბამისად, მერის უარი ინფორმაციის მიწოდებაზე, წარმოადგენდა პირდაპირ ჩარევას მომჩივნის ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაში. მერმა გადაწყვიტა, რომ არ დამორჩილებოდა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია იყო ადვილად ხელმისაწვდომი, მის ექსკლუზიურ მფლობელობაში. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ეროვნული კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის არ აწესებდა დროის კონკრეტულ ჩარჩოს. აღსრულება დამოკიდებული იყო ხელისუფლების იმ ორგანოს კეთილ ნებაზე, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებაზე იყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, გამოსაყენებელი ეროვნულ სამართალს აკლდა განჭვრეტადობა, რამაც გამოიწვია მომჩივნის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევა.
დასკვნა: დარღვევა (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ)
სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-10 მუხლთან ერთობლიობაში, ვინაიდან ეროვნულ დონეზე არ არსებობდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც შეძლებდა მომჩივნის საჩივრის გამოსწორებას და მას შეთავაზებდა გამოსავლის გონივრულ გზას.
41-ე მუხლი: სასამართლომ მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 5 000 ევრო მიაკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy