© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №167
ოქტომბერი 2013
გუცანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ-34529/10
გადაწყვეტილება 15.10.2013 [სექცია IV]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
მძიმედ შეიარაღებული პოლიციის ქვედანაყოფის ოპერაცია პოლიტიკოსის დასაკავებლად მის სახლში მისივე ცოლისა და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით: დარღვევა
მუხლი 5
მუხლი 5-3
მოსამართლისა თუ სხვა თანამდებობის პირის წინაშე დაუყოვნებლივ წარდგენა
პოლიციაში დაკავების ხანგრძლივობა (3 დღე, 5 საათი და 30 წუთი): დარღვევა
ფაქტები - მომჩივნები არიან ბ-ნი გუცანოვი, ცნობილი ადგილობრივი პოლიტიკოსი, მისი ცოლი და მათი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილი. ხელისუფლებას ეჭვი ჰქონდა ბ-ნი გუცანოვის კორუფციაში მონაწილეობაზე და ბრძანა მისი დაკავება და სახლის ჩხრეკა. 2010 წლის 31 მარტს დილის 6.30 საათზე, სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბიანი პოლიციის ოფიცრისაგან, მივიდა მომჩივნების სახლში. მას შემდეგ, რაც ბ-ნი გუცანოვი არ დაემორჩილა ბრძანებას გაეღო კარი, პოლიციელებმა ძალით გააღეს ის და შევიდნენ შენობაში. ბ-ნი გუცანოვის ცოლი და მათი ორი პატარა ბავშვი გააღვიძა პოლიციის მოსვლამ. პირველი მომჩივანი გაიყვანეს ცალკე ოთახში. სახლი გაჩხრიკეს და ოპერაციის შედეგად რიგი მტკიცებულებები ამოიღეს. მას შემდეგ რაც ბ-ნმა გუცანოვმა დატოვა სახლი პოლიცის ესკორტის თანხლებით, დაახლოებით შუადღის 1 საათზე, ჟურნალისტები და სატელევიზიო ჯგუფები უკვე შეკრებილი იყო სახლთან. ჩატარდა პრესკონფერენცია. მომდევნო დღეს რაიონულმა ყოველდღიურმა გაზეთმა გამოაქვეყნა საქმის ირგვლივ პროკურორის განცხადებები შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიურდან ამონარიდებთან ერთად. იმავე დღეს პროკურორმა ბ-ნ გუცანოვს ბრალი წაუყენა რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის, მისი, როგორც საჯარო მოხელის, კრიმინალურ ჯგუფში მონაწილეობაში, რომელთა საქმიანობამაც გამოიწვია მუნიციპალიტეტისათვის პოტენციურად ზიანის მომყენებელი კონტრაქტების გაფორმება და საჯარო მოხელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. პროკურორმა მოითხოვა პირველი მომჩივნის დაპატიმრება სამოცდათორმეტი საათის განმავლობაში რათა უზრუნველეყო მისი წარდგენა სასამართლოს წინაშე. 2010 წლის 3 აპრილს ბ-ნი გუცანოვი წარსდგა სასამართლოს წინაშე, ხოლო მოსმენის შემდეგ კი მოთავსდა წინასწარ პატიმრობაში. 2010 წლის 25 მაისს სააპელაციო სასამართლომ შეუფარდა მას შიდა პატირმობა. 2010 წლის 26 ივლისს კი პირველი ინსტანციის სასამართომ იგი გირაოთი გაათავისუფლა. 2013 წლის აპრილში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიების ეტაპზე.
სამართალი - მუხლი 3: პოლიციის ოპერაციის მიზანი იყო დაკავება, ჩხრეკა და ნივთების ჩამორთმევა, რაც აუცილებელი გახლდათ სისხლის სამართლის დანაშაულებისათვის პასუხისმგების საჯარო ინტერესის უზრუნველსაყოფად. მართალია ოჯახის ოთხ წევრს არ მიჰყენებია ფიზიკური დაზიანება პოლიციის ოპერაციის დროს, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც მოიცავდა ფიზიკური ძალის გარკვეულ გამოყენებას. სახლის წინა კარი ძალით იქნა გაღებული სპეციალური დანაყოფის მიერ და ბ-ნი გუცანოვი იმობილიზირებულ იქნა შეიარაღებული ნიღბიანი ოფიცრების მიერ, რომლებმაც იგი ქვედა სართულზე ბორკილებდადებული, ძალით ჩამოიყვანეს. ბ-ნი გუცანოვი გახლდათ ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც იყო ვარნის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე. საქმის მასალებით არ ირკვევა რაიმე მტკიცებულების არსებობა მასზედ, რომ ბ-ნი გუცანოვს ჰქონდეს ძალადობრივი წარსული და რომ მას შეეძლო საფრთხე შეექმნა პოლიციელებისათვის. იარაღის არსებობა მომჩივნების სახლში თავისთავად არ ამართლებს სპეციალური შენაერთის გაგზავნასა და გამოყენებული ძალის მოცულობას. დაკავებისას ოჯახის წევრების პოტენციური დასწრება ისეთ გარემოებას წარმოადგენდა, რომელიც უნდა გათვალისწინებულიყო ამგვარი დაკავების ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელებისას. ჩხრეკის აუცილებლობისა და კანონიერების წინასწარი სამართლებრივი ანალიზის არარსებობამ ოპერაციის დაგეგმვა მთლიანად პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების დისკრეციას დაუქვემდებარა და არ მოხდა ქ-ნი გუცანოვასა და მისი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილის კანონიერი ინტერესების გათვალისწინება. სამართალდამცავმა ორგანოებმა არ განიხილეს ოპერაციის განხორციელების ალტერნატიული საშუალებანი მომჩივნების სახლში, მაგალითად, ოპერაციის მოგვიანებით განხორციელება ან სხვა ტიპის პოლიციელების გამოყენება. ქ-ნი გუცანოვასა და მისი ქალიშვილების კანონიერი ინტერესების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელი გახლდათ, რადგან ისინი არ იყვნენ იმ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილები, რომელშიც ედებოდა ბრალი მის მეუღლეს, და იმის გამო, რომ ორი ქალიშვილი ფსიქოლოგიურად მოწყვლად მდგომარეობაში იყვნენ მცირე ასაკის გამო (ხუთი და შვიდი წლის). განხილულმა მოვლენებმა ქ-ნი გუცანოვასა და მის ქალიშვილები მძიმედ გავლენა იქონია.
ის ფაქტი, რომ პოლიციის ოპერაცია განხორციელდა დილას ადრე და მოიცავდა ნიღბიან სპეცაგენტებს, აძლიერებს შიშისა და შფოთვის შეგრძნებას მომჩივნებში, იმდენად რომ ის მოპყრობა, რომელსაც ეს უკანასკნელნი დაექვემდებარნენ აჭარბებს მე-3 მუხლით დადგენილი სისასტიკის ზღვარს. შესაბამისად, ისინი დაექვემდებარნენ დამამცირებელ მოპყრობას. პოლიციის ოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა რიგი გარემოებების გაუთვალისწინებლად,მათ შორის იმ დანაშაულის ბუნება, რომლის ჩადენაშიც იყო ბ-ნი გუცანოვი ეჭვმიტანილი, მისი ძალადობრივი წარსულის არარსებობა და ცოლისა და ბავშვების სავარაუდო ყოფნა შინ. ყოველივე მოცემული ელემენტი ნათლად მიუთითებს, რომ საკუთარ სახლში ბ-ნი გუცანოვის დაკავების ზომები გადაჭარბებული იყო. ფორმა, როგორც განხორცილდა დაკავება ბ-ნ გუცანოვში აღძრავდა შიშის, შფოთვისა და უძლურების სერიოზულ განცდას, რასაც შეეძლოა გამოწვია დამცირებისა და დაკნინების გრძნობა საკუთარ თავსა და ოჯახის წევრების თვალში. შესაბამისად, იგიც დაექვემდებარა დამამცირებელ მოპყრობას
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 5.3
(ა) მოსამართლის წინაშე წარდგენა - ბ-ნი გუცანოვი დააკავეს 2010 წლის 31 მარტს დილის 6.30 საათზე და მოსამართლის წინაშე მისი წარდგენა მოხდა სამ დღეში, ხუთ საათსა და ოცდაათ წუთში. იგი ეჭვმიტანილი გახლდათ სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში, თუმცა არ ყოფილა ეჭვმიტანილი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში. დაკავებისას პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში იგი დაექვემდებარა დამამცირებელ მოპყრობას. მოცემული მოვლენების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ზრდასრული პირი, რომელსაც დაკავების მომენტიდანვე ჰყავდა ადვოკატი, ბ-ნი გუცანოვი ფსიქოლოგიურად მოწყვლადი გახლდათ დაკავების შემდეგი დღეების განმავლობაში. ამასთანავე, ის ფაქტი, რომ იგი გახლდათ ცნობილი პოლიტიკოსი და რომ მედია ინტერესი მისი დაკავებისადმი დიდი იყო, უდავოდ ზრდიდა ფსიქოლოგიურ წნეხს პატიმრობის დასაწყის ეტაპზე. პატიმრობის პირველი დღის განმავლობაში ბ-ნმა გუცანოვმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საგამოძიებო ღონისძიებაში. თუმცა, რაიონულ პროკურატურას მისი წინასწარი პატიმრობა არ მოუთხოვია ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული, მოსამართლის ნებართვის გარეშე დაშვებული ოთხდღიანი პატიმრობის ბოლო დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მონაწილეობა არ მიუღია არანაირ საგამოძიებო საქმიანობაში ორი დღის განმავლობაში. იგი დაპატიმრებული იყო ქალაქში, სადაც მდებარეობდა სასამართლო, რომელიც უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ და მის შემთხვევაში არანაირი საგანგებო უსაფრთხოების ზომები არ ყოფილა საჭირო. ანუ, დაკავებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მომჩივნის ფსიქოლოგიური მოწყვლადობისა და მისი პატიმრობის მეორე ან მესამე დღეს მოსამართლის წინაშე წარუდგენლობის გამამართლებელი გარემოების არარსებობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ დაარღვია ვალდებულება „დაუყოვნებლივ“ წარედგინა მომჩივანი მოსამართლისა თუ იმ სხვა თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც უფლებამოსილი გახლდათ განეხილა მისი პატიმრობის კანონიერება.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ).
(ბ) პატიმრობის ხანგრძლივობა - ბ-ნ გუცანოვს თავისუფლება შეეზღუდა ოთხი თვის განმავლობაში, რომლიდანაც ორი თვე მან გაატარა შიდა პატიმრობაში. მის მიერ, ეროვნული სასამართლოებისადმი წარდგენილი გათავისუფლების მოთხოვნის ადრეულ ეტაპზეც კი, გამორიცხული იყო მისი მიმალვის რაიმე საფრთხე. მიუხედავად ამისა, სასამართლოებმა მას განგრძობადი პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ მას შეეძლო ჩაედინა შემდგომი დანაშაულები, კერძოდ კი გაეყალბებინა მტკიცებულებანი. სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 25 მაისის დადგენილებით გაიზიარა ხედვა, რომ ხსენებული საფრთხე წყვეტდა არსებობას იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი გადადგა მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის პოზიციიდან. მიუხედავად ამისა, შიდა პატიმრობა ბ-ნ გუცანოვს მაინც შეუფარდეს ისე, რომ სააპელაციო სასამართლოს კონკრეტული ზომის გამამართლებელი მიზეზი არ მოუხმია, რის შემდეგაც კიდევ ორი თვე გაგრძელდა ხსენებული ზომა. შესაბამისად, ხელისუფლებამ ვერ დააკმაყოფილა დაკისრებული ვალდებულება წარმოედგინა მომჩივნის 2010 წლის 25 მაისის შემდგომი განგრძობადი პატიმრობის გამამართლებელი საფუძვლები.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 5.5: სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ კანონის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა იქნეს მიჩნეული სამართლებრივი დაცვის ეფექტიან შიდასახელმწიფოებრივ საშუალებად. ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობდა რაიმე სხვა დებულება, რომელიც მომჩივანს მისცემდა საშუალებას მიეღო კომპენსაცია იმ ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია პატიმრობის გადაჭარბებულმა ხანგრძლივობამ და მოსამართლის წინაშე წარდგენის გაჭიანურებამ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 6.2: შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ბ-ნი გუცანოვის დაკავების მეორე დღეს გაკეთებული და გაზეთში გამოქვეყნებული კომენტარები, მაშინ, როდესაც საქმე საზოგადოების ინტერესის ფართო საგანს წარმოადგენდა, გადასცდა მხოლოდ ინფორმაციის გაცემის ზღვარს. მინისტრის კომენტარები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ბ-ნი გუცანოვი იყო იმ სისხლის სამართლის დამნაშავეთა ჯგუფის ერთ-ერთი „ტვინი“, რომელმაც გაფლანგა სახელმწიფოს ფული დიდი რაოდენობით. შესაბამისად, დაირღვა მომჩივნის უფლება უდანაშაულობის პრეზუმფციაზე. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ მოხდა ბ-ნი გუცანოვის განგრძობადი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლო „ინარჩუნებს მოსაზრებას, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა და რომ ბრალდებული გარეული იყო მასში“. მოცემული ფრაზა უტოლოდება ბრალის გაცხადებას მანამდე, სანამ მიიღება გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარეზე, რაც ასევე წარმოადგენს მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 8: ჩხრეკა განხორციელდა მოსამართლისაგან წინასწარი განჩინების გარეშე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ მომზადებული ოქმი წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გასცა ოფიციალური დასტური, მაგრამ არ წარმოუდგენია არგუმენტები. ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა ადასტურებს მოსამართლის მხრიდან ჩხრეკის კანონიერებისა და აუცილებლობის ეფექტიან შესწავლას. ხსენებული ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გამო, რომ მანამდე არსად დაკონკრეტებულა სისხლის სამართლის საქმის ძიებასთან დაკავშირებული თუ რომელი დოკუმენტები და ნივთები უნდა მოეძიებინათ და ამოეღოთ სამართალდამცავებს მომჩივნების სახლიდან. განხილული ჩხრეკის ზოგადი ბუნება დადასტურებულ იქნა დიდი რაოდენობით ამოღებული სხვადასხვა ნივთებითა და დოკუმენტებით, რომლებიც არ ადასტურებდნენ აშკარა კავშირს მოცემულ ნივთებსა და გამოძიებას დაქვემდებარებულ დანაშაულს შორის. ამასთანავე, იმის გამო, რომ გამოძიება დაწყებული იყო ხუთი თვით ადრე, გამომძიებლებს შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის ჩხრეკის დაწყებამდე. მოსამართლისაგან წინასწარი ნებართვის გარეშე და გამოყენებული ზომის რეტროსპექტიული გადახედვის საფუძველზე, პროცედურა არ გახორციელებულა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხის აცილებისადმი მიმართული საკმარისი გარანტიებით. მომჩივნებს ეფექტიანად ჩამოერთვათ სავალდებულო დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ. საცხოვრებლის პატივისცემის უფლებაში ჩარევა ამიტომ არ იყო „კანონის შესაბამისი“.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 13 მუხლი 3 და 8 ერთობლიობაში: არც სისხლის სამართლის საჩივარი და არც სახელმწიფოს წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი არ წარმოადგენდა ადექვატურ შიდასახელმწიფობრივ დაცვის საშუალებას. ის ფაქტი, რომ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენება არ წარმოადგენდა სისხლის სამართლით დასჯად დანაშაულს, შედეგად იწვევდა მომჩივანთაგან შესაძლო სარჩელის დიდი ალბათობით წარუმატებლობას. მომჩივნებს არ ჰქონდათ არანაირი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება რომლითაც შეძლებდნენ საკუთარი უფლების დაცვას - არ დაქვემდებარებულიყვნენ არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და არ დარღვეულიყო მათი საცხოვრებლის პატივისცემის უფლება.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: ერთიანი თანხა 40,000 ევროს ოდენობით მორალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy