© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მეორე სექცია
გადაწყვეტილება საქმეზე ჰალდიმანი და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ
(საჩივარი no. 21830/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
24 თებერვალი 2015
საბოლოო
24/05/2015
ეს გადაწყვეტილება იქცევა საბოლოოდ კონვენციის 44–ე მუხლის მეორე პუნქტში ასახული გარემოებების შესაბამისად. ის შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე ჰალდიმანი და სხვები შვეიცარიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეორე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
იშიკ კარაკაში, პრეზიდენტი,
ანდრია საჟო,
ნებოჟა ვუჩინიჩი,
ჰელენ კელერი,
პოლ ლემენსი,
ეგიდიუს კურისი,
რობერტ სპანო, მოსამართლეები,
და სტენლი ნაისმითი, სხდომის გამწესრიგებელი,
განმარტოებით ითათბირა, 2015 წლის 20 იანვარს,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (no. 21830/09) შვეიცარიის კონფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა 2009 წლის 3 აპრილს შვეიცარიის ოთხი მოქალაქის მიერ, ბ-ნი ულრიხ მათიას ჰალდიმანი („პირველი მომჩივანი“), ბ-ნი ჰანსიორგ უთზი („მეორე მომჩივანი“); ქ-ნი მონიკა ენმარი ბალმარი („მესამე მომჩივანი“) და ქ-ნი ფიონა რუთ სტრებელი („მეოთხე მომჩივანი“)
2. მომჩივნებს წარმოადგენდა ბ-ნი რ. მაიერ ფონ ბალდეგი, ადვოკატი, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებდა ლუცერნში. შვეიცარიის სახელწმიფოს („სახელმწიფო“) წარმოადგენდა მათი წარმომადგენელი ბ-ნი ა. შეიდეგერი, იუსტიციის ფედერალური ოფისი, ევროპული სამართლისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება.
3. მომჩივნები დაობდნენ მათი გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევაზე, რომელიც კონვენციის მე-10-ე მუხლით არის დადგენილი.
4. 2010 წლის 23 ნოემბერს სახელწმიფოს გადაეცა საჩივრის შესახებ შეტყობინება.
5. მედიის სამართლებრივი დაცვის ინიციატივას (MLDI) მიეცა საშუალება ჩართულიყო წერილობით პროცედურებში და წარმოედგინა წერილობითი კომენტარი (კონვენციის 36-ე მუხლის § 2 და სასამართლოს რეგლამენტის 44-ე მუხლის § 3 მიხედვით).
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
6. მომჩივნები დაბადებულები არიან 1953, 1950, 1969 და 1969 წელს და ცხოვრობენ უსტერში, ციურიხში, ბარეცვილში და ნუსბაუმენში შესაბამისად.
7. საქმეში არსებული ფაქტები წარმოდგენილი მომჩივნების მიერ შეიძლება შემდეგნაირად იყოს წარმოდგენილი.
8. მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა ციურიხის ოლქის კერძო სადაზღვევო ომბუდსმენის წლიური ანგარიში და მიიღეს წერილები შვეიცარულ-გერმანული ტელევიზიის (SF DRS) გრძელვადიანი ყოველკვირეული მომხმარებელთა დაცვის პროგრამის - Kassensturz - მაყურებლებისგან , რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს სადაზღვევო ბროკერებთან დაკავშირებით და დაადანაშაულეს ისინი პროფესიული საქმიანობის ზედმიწევნით არ განხორციელებაში, მესამე მომჩივანმა (პროგრამის რედაქტორმა) მოამზადა ანგარიში სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტის გაყიდვისას გამოყენებული პრაქტიკის შესახებ.
9. ის დაეთანხმა პროგრამის პასუხისმგებელ რედაქტორს (მეორე მომჩივანი) და SF DRS-ის მთავარ რედაქტორს (პირველი მომჩივანი) იმის თაობაზე, რომ ის ჩაიწერდა ბროკერსა და მომხმარებელს შორის შეხვედრებს, ფარული კამერის გამოყენებით იმისათვის რომ ბროკერის მხრიდან დაუდევრობის აღრიცხვა მომხდარიყო. გადაწყდა რომ შეხვედრა და ჩაწერა შედგებოდა კერძო ბინაში და დაზღვევის ექსპერტს სთხოვდნენ კომენტარის გაკეთებას.
10. მეოთხე მომჩივანმა, SF DRS-ის ჟურნალისტმა, დააორგანიზა ბროკერთან შეხვედრა X კომპანიიდან და შეხვედრა შედგა 2003 წლის 26 თებერვალს. ის ბროკერს როგორც მომხმარებელი ისე გაეცნო, რომელსაც სიცოცხლის დაზღვევა სურდა. ორი ფარული აუდიო-ვიზუალური კამერა (Lipstickkameras) დამონტაჟდა ოთახში სადაც შეხვედრა უნდა შემდგარიყო და საიდანაც ჩანაწერი გვერდით ოთახში გადაიცემოდა, სადაც მესამე მომჩივანი და დაზღვევის ექსპერტი ისხდნენ. ოპერატორი და ტექნიკოსი იმავე ოთახში იყვნენ და მათი ამოცანა იყო ექსპერტის მოსაზრებების ჩაწერა შეხვედრის თაობაზე.
11. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მესამე მომჩივანი შევიდა ოთახში, გააცნო საკუთარი თავი როგროც Kassensturz-ის რედაქტორი და განუმარტა ბროკერს რომ მოხდა საუბრის ჩაწერა. ბროკერმა უპასუხა რომ მას ამის ეჭვი გაუჩნდა (“Das habe ich gedacht”). მესამე მომჩივანმა მას უთხრა რომ მან რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა შეხვედრისას და სთხოვა გაეზიარებინა მოსაზრებები, რაზეც უარი მიიღო.
12. პირველი და მეორე მომჩივანი შეთანხმდნენ გადაღებული შეხვედრის ტრანსლ;ირებაზე მომდევნო Kassensturz. მათ შესთავაზეს რომ X კომპანიის წარმომადგენელს გაეკეთებინა კომენტარები საუბარსა და კრიტიკაზე და ასევე დაარწმუნეს რომ ბროკერის სახე იქნებოდა დაფარული და მისი ამოცნობა იქნებოდა შეუძლებელი. მომჩივნებმა დაშტრიხეს ბროკერის სახე, ისე რომ მხოლოდ მისი თმა და კანის ფერი და ტანსაცმლის დანახვა იყო შესაძლებელი. მას ასევე შეუცვალეს ხმა.
13. 2003 წლის 3 მარტს ბროკერმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ციურიხის საოლქო სასამართლოში და ითხოვდა სასამართლო აკრძალვას სადაო გადაცემის ტრანსლირებაზე. მოთხოვნაზე მას ეთქვა უარი 2003 წლის 24 მარტს.
14. 2003 წლის 25 მარტს გავიდა გადაცემა 26 თებერვლის შეხვედრის ამონარიდებით, რომელშიც ბროკერის სახე შეთანხმებისამებრ დაშტრიხული და დაფარული იყო. ბროკერის ინტერესების დაცვის მიზნით დროებითი ღონისძიების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა წინა დღეს.
15. 2006 წლის 29 აგვისტოს სისხლის სამართლის ერთმა მოსამართლემ დიელსდორფის საოლქო სასამართლოში (ციურიხის რეგიონი) გაამართლა პირველი სამი მომჩივანი სხვების საუბრის ჩაწერისთვის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 bis §§ 1 და 2 ფარგლებში და მეოთხე მომჩივანი უკანონო ჩაწერისთვის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 ter § 1-თვის.
16. ციურიხის რეგიონის მთავარმა საჯარო პროკურორმა (Oberstaatsanwalt) და ბროკერმა, როგორც დაზარალებულმა მხარემ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება 2006 წლის 29 აგვისტოს.
17. 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ციურიხის რეგიონის სააპელაციო სასამართლომ (Obergericht) დამნაშავედ სცნო პირველი სამი მომჩივანი სხვების საუბრის ჩაწერისთვის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 bis §§ 1 და 2 ფარგლებში და კონფიდენციალობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის ვიდეოკამერის გამოყენებით სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 quater §§ 1 და 2-ის ფარგლებში. მეოთხე მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი საუბრის უკანონო ჩაწერისთვის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 ter § 1-ის ფარგლებში და კამერის გამოყენებით კონფიდენციალობის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 quater §§ 1 და 2-ის ფარგლებში. პირველ სამ მომჩივანს სასჯელის ფორმად განესაზღვრათ პირობითი სასჯელი თხუთმეტი დღის ოდენობით 350 შვეიცარული ფრანკის (CHF), 200 შვეიცარული ფრანკის (CHF) და 100 შვეიცარული ფრანკის (CHF) ოდენობით შესაბამისად. მეოთხე მომჩივანს კი სასჯელის ფორმად განესაზღვრა ხუთი დღე და 30 შვეიცარული ფრანკის (CHF) ოდენობით .
18. მომჩივნებმა ერთობლივად გაასაჩივრეს გადაწყვეტილება ფედერალურ სასამართლოში კონვენციის მე-10-ე მუხლით დადგენილი გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე დაყრდნობით. ისინი აცხადებდნენ რომ სადაო ტექნიკის გამოყენება საჭირო იყო დასახული მიზნის მისაღწევად.
19. 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, რომელიც მომჩივნების წარმომადგენელს ჩაბარდა 2008 წლის 15 ოქტომბერს სასამართლომ სააპელაციო საცივარი დასაშვებად სცნო ვინაიდან ის ეხებოდა კამერის გამოყენებით კონფიდენციალობის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 quater ფარგლებში. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პრინციპის დარღვევას და საქმე უკან დაუბრუნა ქვედა ინსტანციის სასამართლოს.
20. აპელაციის ნაწილი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში გახდა საბოლოო. ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებმა ჩაიდინეს ქმედებები, რომელიც ჯდება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 bis §§ 1 და 2 და მუხლი 179 ter § 1 ფარგლებში და არ დააკმაყოფილა მათი პოზიცია გამართლებაზე. სასამართლომ განაცხადა, რომ არსებობდა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი დაზღვევის სფეროში ინფორმირების თაობაზე, ამავე დროს ეს ინტერესი უფრო მეტ წონიანი იყო ვიდრე საფრთხის ქვეშ დამდგარი ინდივიდუალური ინტერესი. მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივნებს შეეძლოთ გამოეყენებინათ სხვა საშუალებები, რომლითაც ნაკლებად მოხდებოდა ბროკერის პირად ინტერესებში ჩარევა, მაგალითად კომენტარების გაკეთება ომბუდსმენის წლიურ ანგარიშზე ან ომბუდსმენის თანამშრომლების ან უკმაყოფილო მომხმარებლების გამოკითხვა. უფრო მეტიც, იმი ნაცვლად რომ შეხვედრის ფარული კამერით ჩაწერა მომხდარიყო ჟურნალისტებს შეეძლოთ გაეკეთებინათ შეხვედრის ოქმი, რაც რასაკვირველია ნაკლებად დამაჯერებელი მტკიცებულება იქნებოდა. და ბოლოს, ერთი შემთხვევის ჩაწერა ფედერალური სასამართლოს აზრით არ არის საკმარისი სადაო პრობლემის შესახებ სანდო მტკიცებულების მოსაპოვებლად. ამ სფეროში დაუდევრობის მაგალითები ფართოდ გავრცელებული და ცნობილი იყო. შესაბამისად საზოგადოებას არ ჰქონდა საშუალება იზოლირებული შემთხვევის ტრანსლირებით გაეკეთებინა ზოგადი დასკვნა სადაზღვევო კომპანიის რჩევის ხარისხთან დაკავშირებით.
21. 2009 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ციურიხის რაიონის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა მომჩივნები კამერის გამოყენებით კონფიდენციალობის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვის ბრალდებაში სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 quater-ის ფარგლებში. შესაბამისად, მან შედარებით შეამცირა მომჩივნებზე დაკისრებული სასჯელი: პირველ მომჩივანს სასჯელის ახით განესაზღვრა თორმეტი საჯარიმო დღე 350 შვეიცარული ფრანკის (დაახლოებით 290 ევროს ოდენობით); 200 შვეიცარული ფრანკის (დაახლოებით 160 ევროს) და 100 შვეიცარული ფრანკის (დაახლოებით 80 ევროს) ოდენობით შესაბამისად, თხუთმეტდღიანი ვადის ნაცვლად და მეოთხე მომჩივანს დაეკისრა 4 დღიანი საჯარიმო ვადა 30 შვეიცარული ფრანკის ოდენობით ხუთდღიანის ნაცვლად, ეს სასჯელები კი შეიცვალა პრობაციით 2 წლის ვადით. მომჩივნებს ეს გადაწყვეტილება აღარ გაუსაჩივრებიათ ფედერალურ სასამართლოში.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და გამოცდილება
22. შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები ადგენს:
მუხლი 179 bis: სხვების საუბრის მიყურადება და ჩაწერა
“პირი, რომელიც სხვა მონაწილე პირების თანხმობის გარეშე ახორციელებს პირადი საუბრის მიყურადებას მოსასმენი აპარატით, ან ჩაწერას ჩამწერი საშუალებით; ან
პირი, რომელმაც გამოიყენა ან მესამე პირს შეატყობინა ფაქტი, მაშინ როდესაც მან იცოდა ან უნდა ევარაუდა რომ მის მიერ ამ ფაქტის ცოდნა შესაძლებელი გახდა ამ მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი დანაშაულის შედეგად; ან
პირი, რომელმაც შეინახა ან მესამე პირს მიაწოდა ჩანაწერი, რომელიც მან იცოდა ან უნდა ევარაუდა, რომ შეიქმნა პირველი პუნქტით დადგენილი დანაშაულის გზით
ისჯება, შეტანილი საჩივრის საფუძველზე, პატიმრობით არა უმეტეს სამი წლის ვადით ან ჯარიმით.”
მუხლი 179 ter: საუბრის უკანონო ჩაწერა
“პირი, რომელიც კერძო საუბრის სხვა მონაწილეების თანხმობის გარეშე განახორციელებს საუბრის, რომელშიც თავად იღებდა მონაწილეობას, ჩაწერას ჩამწერი საშუალებით; ან
პირი, რომელმაც შეინახა ჩანაწერი რომელიც მან იცოდა ან უნდა ევარაუდა რომ გაკეთებული იყო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, რომელიც ამ მუხლის პირველ პუნქტშია აღწერილი, ან რომელმაც გამოიყენა მსგავსი ჩანაწერი საკუთარი მიზნებისათვის ან ხელმისაწვდომი გახადა ის მესამე მხარისთვის
ისჯება, შეტანილი საცივრის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს ერთი წლის ვადით ან ჯარიმით.”
მუხლი 179 quater: კამერის გამოყენებით კონფიდენციალობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა
“პირი, რომელიც დაინტერესებული პირის თანხმობის გარეშე, კამერის გამოყენებით აკვირდება ან ახორციელებს ჩაწერას გამოსახულების გადამტანი ხელსაწყოთი ნებისმიერი საკითხის რომელიც ამ პირის კონფიდენციალურ სფეროს ეხება ან, როდესაც ეს საკითხი სხვა არანაირი საშუალებით არ გახდებოდა საჯარო, ნებისმიერი საკითხი რომელიც ამ პირის პირადი სივრცის ნაწილია; ან
პირი, რომელმაც გამოიყენა ან მესამე მხარისათვის გახადა ხელმისაწვდომი ფაქტი, როდესაც მან იცოდა ან უნდა ევარაუდა რომ მის მიერ ამ ფაქტის ცოდნა შესაძლებელი გახდა ამ მუხლი პირველი პუნქტის დარღვევის გზით; ან
პირი, რომელმაც შეინახა ან მესამე მხარისთვის გახადა ხელმისაწვდომი ჩანაწერი, რომელიც მან იცოდა ან უნდა ევარაუდა რომ მოპოვებული იყო ამ მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით
ისჯება, შეტანილი საცივრის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით ან ჯარიმით.”
23. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის 1165 (1998) ამონარიდები, მიღებული ასამბლეის მიერ 1998 წლის 26 ივნისს, ადგენს შემდეგს:
„10. შესაბამისად აუცილებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული ორი ძირითადი უფლების დაბალანსების გზა გამოიძებნოს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე უფლებისა.
11. ასამბლეამ კვლავ ადასტურებს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მნიშვნელობა, როგორც დემოკრატიული საზოგადოების საძირკველისა. ეს უფლებები არც აბსოლუტურია და არც რაიმე იერარქიულ მიმდევრობაშია, ვინაიდან მათ თანაბარი ღირებულება გააჩნია.
12. თუმცა ასამბლეა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დასაშვები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ადამიანს უნდა იცავდეს არა მხოლოდ საჯარო ორგანოების მხრიდან ჩარევისგან, არამედ ასევე კერძო პირებისა და ორგანიზაციების, მათ შორის მედიის მხრიდან ჩარევისგან.
13. ასამბლეას ჯერა, რომ რადგანაც ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება ეროვნული კანონმდებლობის მრავალი სისტემა ითვალისწინებს ნორმებს ამ დაცვის უზრუნველსაყოფად, არ არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიის შემქმნელი ახალი კონვენციის შეთავაზების აუცილებლობა. ...”
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-10-ე მუხლის ნაგულვები დარღვევა
24. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ დაირღვა მათი გამოხატვის თავისუფლების უფლება, რომელიც დადგენილია კონვენციის მე-10-ე მუხლით:
“1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედუელებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
.”
25. სახელმწიფო არ დაეთანხმა ამ არგუმენტს.
A. დასაშვებობა
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის 3 (ა) ქვეპუნქტის ფარგლებში. ის ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი სხვა რაიმე საფუძვლით არ არის დაუშვებელი. შესაბამისად ის უნდა იყოს ცნობილი დასაშვებად.
B. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
(a) მომჩივნები
27. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები 179 bis და 179 ter არ არის საკმარისად განჭვრეტადი მათი გავლენის შესახებ. ისინი დაობდნენ, რომ არ არსებობდა კონკრეტული რეგულაცია, რომელიც კრძალავდა ფარული კამერის გამოყენებას და რომ სასამართლოს პრაქტიკა და შვეიცარიის პრესის საბჭოს რეკომენდაციები იყო ბუნდოვანი. ფედერალური სასამართლო ცდილობდა აბსოლუტური ცენზურის დადგენას კვლევისა დაფარული კამერის გამოყენებაზე.
28. მომჩივნები აცხადებდნენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები 179 bis და 179 ter არ იცავს პირადი კომუნიკაციის, ან ვინაობის უფლების მიუკერძოებლობას არამედ კერძო სფეროში კომუნიკაციის კონფიდენციალობას. საუბარი მოცემულ შემთხვევაში შედგა ბროკერის სამუშაო საათების პერიოდში, ბინაში რომელიც მისი საკუთრება არ იყო. უფრო მეტიც, არ არსებობდა კონკრეტული ნდობა ჟურნალისტსა და ბროკერს შორის. მომჩივნების წერილობით პოზიციაში არ დამდგარა ბროკერის პირადი და ინტიმური სფეროს საკითხი. ის ფაქტი, რომ მისი სახე და ხმა იყო შენიღბული აბსოლუტურად სხვა კონტექსტს სძენდა სიტუაციას.
29. მომჩივნები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ისინი მოქმედებდნენ მათი დაკისრებული უფლებების და მოვალეობების ფარგლებში. შვეიცარიის პრესის საბჭოს გადაწყვეტილებაში no. 51/2007 დადგენილია, რომ ფარული მოკვლევა დასაშვებია თუ ინფორმაციას აქვს საჯარო ინტერესი და ვერ იქნება მოპოვებული სხვა რაიმე საშუალებით. პროგრამის საგანი წარმოადგენდა მნიშვნელოვანს აჯარო ინტერესს რის შედეგადაც საზოგადოების ინტერესი კერო დაზღვევის დაუდევრობაში შვეიცარიაში გაიზარდა. უფრო მეტიც, ჟურნალისტებს აქვთ თავისუფლება თავად აირჩიონ ის მეთოდები რა მეთოდებითაც ჩაატარებენ გამოძიებას. ამ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო იყო რეალისტური სურათის ჩვენება; იმ შემთხვევაში თუ მტკიცებულება იქნებოდა გაყალბებული მაშინ ბროკერის მხრიდან სამოქალაქო დავა მისი წარმატებით დასრულდებოდა. შემაკავებელი ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ფედერალური სასამართლოს მიდგომის აბსოლუტურების გათვალისწინებით. ბროკერს ჰქონდა საშუალება პასუხი გაეცა მომჩივანის კრიტიკაზე ჩაწერის შემდეგ და გადაცემის გაშვებამდე, რაზეც მან უარი განაცხადა.
(b) მოპასუხე სახელმწიფო
30. სახელმწიფო არ დაობდა იმაზე რომ დადგენილი სასჯელი წარმოადგენდა „ჩარევას“ მომჩივნების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებაში. სახელწმიფო აცხადებდა რომ ეს ჩარევა იყო კანონით დადგენილი, რაც იყო აშკარა და განჭვრეტადი. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 179 bis იცავდა თავად საუბარს და მუხლი 179 ter იცავდა სპონტანურ კომენტარებს. დაცვა ვრცელდებოდა როგორც ინტიმურ ისე კერძო სფეროზე და პირის საკუთარი იმიჯის და სიტყვების დაცვაზე, რაც შესაბამისობაში იყო სხვების რეპუტაციის და უფლებების დაცვის კანონიერ მიზანთან.
31. ის ფაქტი, რომ ბროკერის სახე და ხმა იყო შენიღბული არანაირად არ ცვლიდა მდგომარეობას სახელწმიფოს აზრით, ვინაიდან თავად ჩაწერა და გადაცემა იყო უკანონო. ამასთანავე, როგორც ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა არ იყო წარმოუდგენელი, რომ ბროკერის ნათესავებს ან კოლეგებს ამოეცნოთ იგი და მოეხდინათ მისი იდენტიფიცირება. სახელმწიფომ განაცხადა, რომ ჩარევა ვერ დადგინდება ეროვნულ დონეზე სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგად, რომელიც დამოუკიდებელი იყო სისხლის სამართალწარმოებისგან და სხვა საფუძვლებს ემყარებოდა.
32. რაც შეეხება გამოყენებული საშუალების თანაზომიერებას, ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფარული კამერის გამოყენება იყო იმ მეთოდების მსგავსი, რომელსაც იყენებდნენ ფარული საგამოძიებო უწყებები ან საფოსტო კომუნიკაციის და ტელეკომუნიკაციის მეთვალყურეობა. ესეთი მეთოდები იყო დაშვებული, მაგრამ მხოლოდ მკაცრად შეზღუდული პირობებით და მხოლოდ სერიოზული დანაშაულის შემთხვევაში. ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის კონკრეტულ გარემოებებთან მიმართებით და არა ზოგადად. მისი აზრით უდიდესი საჯარო ინტერესი არსებობდა სიცოცხლის დაზღვევის გაყიდვის პირობებთან დაკავშირებით, მაგრამ მან დაადგინა რომ გასულმა გადაცემამ მხოლოდ პრობლემა აღნიშნა, რომელიც უკვე კარგად ცნობილი იყო საზოგადოებისათვის და არ წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულება ამ პრობლემასთან მიმართებით. ჟურნალისტს შეიძლებოდა შეედგინა საუბრის ოქმი, მისი ჩაწერის გარეშე, ან გამოეყენებინა სხვა სამართლებრივი საშუალებები; მისი ფუნქცია არ იყო აბსოლუტური სიმართლის დადგენა. სახელწმიფოს წერილობით პოზიციაში აღნიშნული იყო, რომ მომჩივნებს, როგორც გამოცდილ ჟურნალისტებს, კარგად უნდა სცოდნოდათ რომ მათი ქცევა იყო დასჯადი სასჯელით რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო არაგონივრული.
(c) მედიის სამართლებრივი დაცვის ინიციატივის (MLDI), მესამე მხარე
33. MLDI, ჩაერთო როგორც მესამე ხმარე და ხაზი გაუსვა ფარული ტექნოლოგიების მნიშვნელობას გარკვეული ტიპის საინფორმაციო სიუჟეტების მომზადებაში, კონკრეტულად კი მაშინ როდესაც საჭიროა ძლიერი ან თანამედროვე ორგანიზაციის ფრთხილად შექმნილი იმიჯის დარღვევა ან საიდუმლო სამყაროში შესვლა, რომლის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ეთიკური და კონცენტრირებული ფორმით გამოყენებისას ეს ტექნოლოგიური საშუალებები არის უკიდურესი საშულებები, რომელიც შეიძლება გამოიყენო იმ შემთხვევაში, როდესაც ხვა საშულებები რეალურად იგივე შედეგს ვერ მოგცემს. მსგავსი ჩანაწერების შეფასება უნდა მოხდეს სხვანაირად, როდესაც ეს ჩაწერა განხორციელდა დაინტერესებული პირის სახლის ან სამსახურის გარეთ. MLDI მიუთითებს, რომ ბევრი ევროპული სახელწმიფო იყენებს ფარულ ტექნოლოგიებს მათ მიერ დადგენილი რეგულაციების ფარგლებში.
2. სასამართლოს შეფასება
34. მხარეები არ დაობენ იმაზე რომ მომჩივნების დასჯა წარმოადგენდა „ჩარევას საჯარო უწყების მხრიდან“ მათ გამოხატვის თავისუფლების უფლებაში.
35. ეს ჩარევა არღვევს კონვენციას თუ ის არ აკმაყოფილებს კონვენციის მე-10-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად საჭიროა განისაზღვროს ეს ჩარევა იყო „კანონით დადგენილი“, ემსახურებოდა ერთ ან მეთ „კანონიერ მიზანს“ და იყო „საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ამ მიზნის მისაღწევად.
(a) კანონით დადგენილი
36. სასამართლო იმეორებს მის მეირ დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ტერმინი „კანონით დადგენილი“ არა მხოლოდ მოითხოვს რომ სადაო ღონისძიებას უნდა ჰქონდეს გარკვეული საფუძვლები ეროვნულ კანონმდებლობაში, არამედ ხაზს უსვამს სადაო კანონის ხარისხსაც, რომელიც უნდ აიყოს ხელმისაწვდომი და მისი შედეგები წინასწარ განჭვრეტადი პირისთვის (იხილეთ, სხვა საკითხებთან, როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ (Rotaru v. Romania [GC], no. 28341/95, § 52, ECHR 2000-V; VgT Verein gegen Tierfabriken v. Switzerland, no. 24699/94, § 52, ECHR 2001-VI; გავედა პოლონეთის წინააღმდეგ (Gawęda v. Poland, no. 26229/95, § 39, ECHR 2002-II; და მაესტრი იტალიის წინააღმდეგ (Maestri v. Italy [GC], no. 39748/98, § 30, ECHR 2004-I). სავალდებულოა ეროვნული უწყებებისთვის, განსაკუთრებით კი სასამართლოებისათვის, მოახდინონ ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაცია და გამოყენება (იხილეთ კრუსლინი საფრანგეთის წინააღმდეგ (Kruslin v. France), 24 April 1990, § 29, Series A no. 176-A, და კოპი შვეიცარიის წინააღმდეგ (Kopp v. Switzerland), 25 მარტი 1998, § 59, Reports of Judgments and Decisions 1998-II).
37. არსებული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ იყო სადაო, რომ მომჩივნების ბრალდება მოხდა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის საშუალებით, კონკრეტულად კი შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები 179 bis და 179 ter. მაგრამ მომჩივნები აცხადებდნენ, რომ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლენა არ იყო განჭვრეტადი, ვინაიდან ამ დებულებებში არაფერი იყო ნათქვამი ფარული კამერის გამოყენების თაობაზე.
38. სასამართლოს აზრით შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის ამ ორი მუხლის მხარეების ინტერპრეტაციაში ერთადერთი განსხვავება ეხება სადაო სისხლის სამართლის ღონისძიების მიზანს, კონკრეტულად კი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნების დაცვის უფლებას, რომლისთვისაც ისინი იქმნება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნები არ ამტკიცებდნენ, რომ ამ მუხლებით დადგენილი დასჯადი ქმედება იყო
39. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს - როგორც ჟურნალისტებს და რედაქტორებს, რომლებიც ამზადებენ სატელევიზიო პროგრამას, რაც მათი შემოსავლის წყაროა - უნდა სცოდნოდათ, რომ ფარული კამერის გამოყენებით, გადაცემის ობიექტის თანხმობის ან ნებართვის გარეშე სიუჟეტის მომზადება მათ აკისრებთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
40. სასამართლო ადგენს, რომ სადაო ჩარევა იყო „კანონით დადგენილი“ და ჯდებოდა კონვენციის მე-10-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის ფარგლებში.
(b) კანონიერი მიზანი
41. სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად მომჩივნების ბრალდება ემსახურებოდა სხვების, კონკრეტულად კი დაინტერესებული დაზღვევის ბროკერის უფლებების და რეპუტაციის დაცვის კანონიერ მიზანს. მომჩივნები დაობდნენ, რომ ჩარევა ვერ მოემსახურებოდა ამ მიზანს ვინაიდან ბროკერის, რომლის სახე და ხმა შენიღბული იყო, უფლებები და რეპუტაცია არ შელახულა.
42. სასამართლო ადგენს, რომ ბროკერის გამოსახულება და ხმა ჩაიწერა ისე, რომ მან ეს არ იცოდა და ასევე ტელევიზიით გადაიცა მისი სურვილის გარეშე, ანონიმურად, მაგრამ დისკრედიტაციის შემცველი ფორმით - ხაზგასმული იყო არასწორი პროფესიული რჩევა, რომელიც მან გასცა - სატელევიზიო გადაცემაში ყურების მაღალი ხარისხით.
43. სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ გამოყენებული ზომა მიზნად ისახავდა სხვების უფლებების და რეპუტაციის დაცვას, კონკრეტულად კი ბროკერის უფლებას დაიცვას საკუთარი იმიჯი და სიტყვები, ასევე საკუთარი რეპუტაცია.
(c) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(i) ზოგადი პრინციპები
44. გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ საყრდენს და დემოკრატიის განვითარების და პირის თვითრეალიზების მთავარ პირობას. კონვენციის მ-10-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით ის ეხება არა მხოლოდ „ინფორმაციას“ და „იდეებს“ რომელიც პოზიტიურია და არ არის შეურაცხმყოფელი ან ინდეფერენტული, არამედ იმასაც რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან ამაღელვებელია. ეს არის პლურალიზმი, ტოლერანტობა და ლიბერალიზმი, რომლის გარეშეც „დემოკრატიული საზოგადოება“ ვერ იარსებებ. როგორც მე-10-ე მუხლით არის დადგენილი გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გარკვეულ გამონაკლისებს, რომელიც ძალიან მკაცრად უნდა იყოს ინტერპრეტირებული და შეზღუდვის საჭიროება სანდო უნდა იყოს (იხილეთ, ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Handyside v. the United Kingdom), 7 დეკემბერი 1976, § 49, Series A no. 24; Editions Plon v. France, no. 58148/00, § 42, ECHR 2004-IV; და ლინდონ, ოჩაკოვსკი-ლოურენსი და ჯულაი საფრანგეთის წინააღმდეგ (Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, § 45, ECHR 2007-IV).
45. სასამართლომ რამდენჯერმე აღნიშნა პრესის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ პრესამ არ უნდა გადალახოს გარკვეული საზღვრები განსაკუთრებით სხვების რეპუტაციის და უფლებების დაცვის კუთხით, მისი ვალდებულება ამავე დროს არის მოახდინოს - მის ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობასთან შესაბამისად - ინფორმაციის და იდეების კომუნიკაცია საჯარო ინტერესის ნებისმიერ საკითხზე. პრესის ფუნქცია არა მხოლოდ ასეთი ინფორმაციის და იდეების გავრცელებაა, არამედ საზოგადოების უფლებაა მიიღოს ეს ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, პრესა ვერ შეასრულებს მის არსებით „საზოგადოების დარაჯის“ როლს (იხილეთ ბლადეთ ტრომსო და სტენსაასი ნორვეგიის წინააღმდეგ (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, §§ 59 და 62, ECHR 1999-III, და პედერსენი და ბაადსგაარდი დანიის წინააღმდეგ ( Pedersen and Baadsgaard v. Denmark [GC], no. 49017/99, § 71, ECHR 2004-XI). მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდურ მედიას ეხება, ეს პრინციპები უდავოდ ვრცელდება აუდიო ვიზუალურ მედიაზე (იხილეთ იერსილდი დანიის წინააღმდეგ (Jersild v. Denmark, 23 სექტემბერი 1994, § 31, Series A no. 298).
46. კონვენციის მე-10-ე მუხლის §2 ადგენს, რომ გამოხატვის თავისუფლება ასევე მოიცავს „უფლებებს და ვალდებულებებს“, რომელიც ასევე ვრცელდება მედიაზე მათ შორის სერიოზული საჯარო ინტერესის საკითხებზე. ეს უფლებები და მოვალეობები გულისხმობს გარკვეულ მნიშვნელობას როდესაც საკითხი ეხება ცნობილი პირის სახელზე თავდასხმას და „სხვების უფლებების შელახვას“. მაგრამ სპეციალური პირობებია საჭირო იმისათვის, რომ მედია განთავისუფლდეს საკუთარი ჩვეული ვალდებულებებისგან გადაამოწმონ ფაქტობრივი განცხადებები, რომლებიც შეურაცხმყოფელია. არსებობს თუ არა მსგავსი საფუძვლები დამოკიდებულია სადაო ბრალდების ტიპსა და მის ხარისხზე და იმ ხარისხზე რა ხარისხით შეუძლია მედიას მიიჩნიოს საკუთარი წყაროები სანდოდ (იხილეთ პედერსენი და ბაადსგაარდი (Pedersen and Baadsgaard), ზემოთ ციტირებული § 78, და ტონსბერგს ბლადი ა.ს და ჰაუკომი ნორვეგიის წინააღმდეგ (Tønsbergs Blad A.S. and Haukom v. Norway), no. 510/04, § 89, 1 მარტი 2007).
47. სასამართლო იმეორებს, ყველა ადამიანი მათ შორის ჟურნალისტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების უფლებას იყენებს იღებს „ვალდებულებას და პასუხისმგებლობას“, რომლის ფარგლებიც დამოკიდებულია მათ მდგომარეობაზე და გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებზე (იხილეთ სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ (Stoll v. Switzerland [GC], no. 69698/01, § 102, ECHR 2007-V). შესაბამისად, მიუხედავად უმნიშვნელოვანესი ფუნქციისა, რომელსაც მედია დემოკრატიულ საზოგადოებაში ასრულებს, ჟურნალისტები ვერ განთავისუფლდებიან მათი ვალდებულებისგან დაემორჩილონ სისხლის სამართლის კანონმდებლობას, იმ საფუძვლით რომ მათ იცავს კონვენციის მე-10-ე მუხლი. მე-10-ე მუხლის მე-2-ე პუნქტი არ ახდენს სრულად შეუზღუდავი გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესის მიერ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხის გაშუქებისას (ibid., § 102).
48. დემოკრატიულ საზოგადოებაში „სხვების უფლებების და რეპუტაციის დაცვის მიზნით“ ჩარევის საჭიროების გამოკვლევისას, სასამართლო შესაძლოა იყოს ვალდებული დაადგინოს დემოკრატიულმა უწყებებმა დაიცვეს თუ არა ბალანსი, როდესაც იცავდნენ კონვენციით გარანტირებულ ორ ღირებულებას, რომელიც შესაძლოა ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს გარკვეულ შემთხვევებში, კონკრეტულად კი ერთის მხრივ კონვენციის მე-10-ე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაცული კონვენციის მე-8-ე მუხლით (იხილეთ Hachette Filipacchi Associés v. France, no. 71111/01, § 43, 14 ივნისი 2007, და MGN Limited v. the United Kingdom, no. 39401/04, § 142, 18 იანვარი 2011).
49. ამავე დროს რეპუტაციის დაცვის უფლება, არის უფლება რომელიც კონვენციის მე-8-ე მუხლით არის დადგენილი, როგორც პირადი ცხოვრების ასპექტი (იხილეთ ჩაუვი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Chauvy and Others v. France, no. 64915/01, § 70, ECHR 2004-VI; ფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ (Pfeifer v. Austria), no. 12556/03, § 49, 15 ნოემბერი 2007; პოლანკო ტორესი და მოვილა პოლანკო ესპანეთის წინააღმდეგ (Polanco Torres and Movilla Polanco v. Spain), no. 34147/06, § 40, 21 სექტემბერი 2010; და აქსელ სპრინგერი აგ გერმანიის წინააღმდეგ (Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 83, 7 თებერვალი 2012). იმისათვის, რომ კონვენციის მე-8-ე მუხლი ამოქმედდეს საჭიროა რომ პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა იყოს გარკვეული ხარისხით სერიოზული და უნდა განხორციელდეს ისე რომ ის ეჭვის ქვეშ აყენებდეს პირის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების გამოყენებას (იხილეთ ა ნორვეგიის წინააღმდეგ (A. v. Norway, no. 28070/06, § 64, 9 აპრილი 2009).
50. წარსულში სასამართლოს გამოუკვლევია საჯარო პირებზე პირადი რეპუტაციის შემლახველი თავდასხმები (იხილეთ აქსელ სპრინგერ აგ (Axel Springer AG), ზემოთ ციტირებული). სასამართლოს დადგენილი აქვს კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა გამოხატვის თავისუფლების უფლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან შეწონვისას: უნდა ემსახურებოდეს მსჯელობას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხზე; საზოგადოებისათვის სადაო პირის ცნობადობა და საინფორმაციო გადაცემის საგანი; სადაო პირის წარსული ქმედება; ინფორმაციის მოპოვების მეთოდი და მისი სანდოობა; პუბლიკაციის შინაარსი, ფორმა და შედეგები; დაკისრებული სანქციების სიმკაცრე. (ibid., §§ 90-95).
51. სასამართლოს ასევე ჰქონია წარსულში საქმეები განხილული შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენს პირის პროფესიულ საქმიანობაზე ( ექიმთან მიმართებით, იხილეთ კანელოპულო საბერძნეთის წინააღმდეგ (Kanellopoulou v. Greece, no. 28504/05, 11 ოქტომბერი 2007; სახელმწიფო სუბსიდირებაზე მყოფი სახელმწიფო დაწესებულება, იხილეთ ტანასოაცია რუმინეთის წინააღმდეგ (Tănăsoaica v. Romania), no. 3490/03, 19 ივნისი 2012; მოსამართლეებთან მიმართებით ბელპიეტრო იტალიის წინააღმდეგ (Belpietro v. Italy, no. 43612/10, 24 სექტემბერი 2013).
52. მოცემული საქმე განსხვავდება წარსული საქმეებისგან, პირველ რიგში იმითი, რომ ბროკერი არ იყოს საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პირი და სადაო რეპორტაჟი არ ახდენდა ბროკერის კრიტიკას პირადად, არამედ ხაზს უსვამდა კონკრეტულ კომერციულ გამოცდილებას რომელიც მისი პროფესიული საქმიანობისას გამოიყენებოდა (განსხვავებით ზემოთ ციტირებული კანელოპულოს საქმისგან (Kanellopoulou). ბროკერის პირად რეპუტაციაზე რეპორტაჟის გავლენა იყო შეზღუდული და სასამართლო საქმის ამ კონკრეტულ ასპექტს გაითვალისწინებს სასამართლო პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმების მოცემულ საქმესთან შესაბამისობისას.
53. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ კონვენციის მე-10-ე მუხლით ხელშემკვრელი სახელწმიფოები სარგებლობენ განსჯის ფარგლებით იმის შეფასებისას საჭირო იყო თ არა და თუ იყო საჭირო რა ხარისხით ჩარევა გამოხატვის თავისუფლების უფლებაში, რომელიც კონვენციით არის დადგენილი (იხილეთ ტამერი ესტონეთის წინააღმდეგ ( Tammer v. Estonia, no. 41205/98, § 60, ECHR 2001-I, და პედერსენი და ბაადსგარდი (Pedersen and Baadsgaard), ზემოთ ციტირებული, § 68).
54. ისეთ საქმეებში, რომელიც განსახილველი საქმის მსგავსია სასამართლო ადგენს, რომ განცხადების შედეგი პრინციპულად არ უნდა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით ეს საჩივარი წარმოდგენილი იყო კონვენციის მე-10-ე მუხლით ჟურნალისტის მიერ, რომელმაც შეურაცხმყოფელი სტატია გამოაქვეყნდა თუ კონვენციის მე-8-ე მუხლით პირის მიერ, რომელიც ამ სტატიის ობიექტი იყო. მართლაც, ეს უფლებები თანაბარ პატივისცემას იმსახურებენ (იხილეთ Hachette Filipacchi Associés (ICI PARIS) v. France, no. 12268/03, § 41, 23 ივლისი 2009; ტიმციუცი რუმინეთის წინააღმდეგ (Timciuc v. Romania (dec.), no. 28999/03, § 144, 12 ოქტომბერი 2010; და მოსლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Mosley v. the United Kingdom, no. 48009/08, § 111, 10 მაისი 2011; ასევე იხილეთ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მე-11-ე პუნქტი ციტირებული 23-ე პუნქტში ზემოთ). შესაბამისად, განსჯის მიჯნა, პრინციპულად უნდა იყოს ერთნაირი ორივე შემთხვევაში.
55. მაშინ როდესაც ამ ორი უფლების დაბალანსება მოხდება ეროვნული უწყებების მიერ იმ კრიტერიუმების შესაბამისად რაც სასამართლოს პრაქტიკით არის დადგენილი, სასამართლოს სჭირდება მყარი მიზეზებს იმისათვის, რომ მოახდინოს საკუთარი მოსაზრებების ჩანაცვლება ეროვნული სასამართლოების აზრებით (იხილეთ პალომო სანჩეზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ (Palomo Sánchez and Others v. Spain [GC], nos. 28955/06, 28957/06, 28959/06 და 28964/06, § 57, 12 სექტემბერი 2011, და MGN Limited, ზემოთ ციტირებული, §§ 150 და 155).
(ii) მოცემულ საქმესთან შესაბამისობა
56. სასამართლომ უნდა დაადგინოს პირველ რიგში სადაო რეპორტაჟი ეხება თუ არა საჯარო ინტერესს. იგი ადგენს, რომ რეპორტაჟის საგანი, კონკრეტულად კი კერძო სადაზღვევო ბროკერების მიერ შეთავაზებული რჩევის დაბალი ხარისხი და მომხმარებელთა დაცვის კუთხით წამოჭრილი საკითხი, წარმოადგენს თუ არა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს.
57. სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს გამოიკვლიოს სადაო რეპორტაჟი ხელ უწყობდა თუ არა ამ საკითხზე საჯარო განხილვას (იხილეთ სტოლი (Stoll), ზემოთ ციტირებულიe, § 121). ამასთან დაკავშირებით ფედერალური სასამართლო ადგენს, რომ მაშინ როდესაც სადაო საკითხი საინტერესო იყო საზოგადოებისათვის რეპორტაჟი არანაირ გავლენას არ ახდენდა დაბალი-ხარისხის რჩევასთან დაკავშირებულ მსჯელობაზე. ის დამატებით აღნიშნავს, რომ ეს საკითხი შეიძლება განხილული ყოფილიყო სხვა მეთოდებით, რომლითაც ნაკლები ჩარევა მოხდებოდა ბროკერის ინტერესებში. მაგრამ სასამართლოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რა გავლენა ჰქონდა ანგარიშს საჯარო ინტერესზე და არ ის მან სრულად მიაღწია თუ არა ამ მიზანს.
58. სასამართლო შესაბამისად ადგენს, რომ ამ სახის რეპორტაჟი ეხება საზოგადოებრივ ინტერესს.
59. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-10-ე მუხლის § 2 ფარგლებში მცირე შესაძლებლობა არსებობს იმისა რომ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებთან მიმართებით. (იხილეთ სურეკი თურქეთის წინააღმდეგ (Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999-IV; სტოლი (Stoll), ზემოთ ციტირებული, § 106; ვინგროვი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Wingrove v. the United Kingdom), 25 ნოემბერი 1996, § 58, Reports 1996-V; და დუპისი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Dupuis and Others v. France, no. 1914/02, § 40, 7 ივნისი 2007).
60. შესაბამისად, როგორც სასამართლომ უკვე აღნიშნა, ბროკერი, რომელიც მისი თანხმობის გარეშე ჩაწერეს არ იყო საჯარო ფიგურა. მას არ განუცხადებია თანხმობა მის გადაღებაზე და შესაბამისად მას „გონივრულად შეიძლება ევარაუდა რომ საუბარი იყო პირადი“ (იხილეთ, mutatis mutandis, ჰალფორდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Halford v. the United Kingdom, 25 ივნისი 1997, §§ 44 და 45, Reports 1997-III, და პერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ( Perry v. the United Kingdom, no. 63737/00, §§ 36-43, ECHR 2003-IX). მაგრამ, რეპორტაჟი თავად ბროკერზე არ იყო არამედ გარკვეულ კომერციულ პრაქტიკას ეხებოდა, რომელიც გამოიყენებოდა კონკრეტული პროფესიული საქმიანობისას. ამავე დროს, შეხვედრა არ შემდგარა ბროკერის ოფისში ან სხვა რაიმე ბიზნეს გარემოში (იხილეთ,mutatis mutandis, ჩაპელი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chappell v. the United Kingdom, 30 მარტი 1989, § 51, Series A no. 152-A; ნეიმაიტსი გერმანიის წინააღმდეგ (Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, §§ 29-33, Series A no. 251-B; ფუნკე საფრანგეთის წინააღმდეგ (Funke v. France, 25 თებერვალი 1993, § 48, Series A no. 256-A; კრემექსი საფრანგეთის წინააღმდეგ (Crémieux v. France, 25 თებერვალი 1993, § 31, Series A no. 256-B; და მიაჰილი საფრანგეთის წინააღმდეგ (Miailhe v. France (no. 1), 25 თებერვალი 1993, § 28, Series A no. 256-C). სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ ბროკერის პირად ცხოვრებაში ჩარევა ნაკლებად სერიოზული იყო, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ რეპორტაჟი ექსკლუზიურად და პირადად მასზე იქნებოდა ფოკუსირებული.
61. ფორმა, რომლითაც ინფორმაცია იყო მოპოვებული და მისი სანდოობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. მართლაც სასამართლო ადგენს, რომ ჟურნალისტებისათვის კონვენციის მე–10–ე მუხლით დადგენილი უსაფრთხოების ზომები საჯარო ინტერესის საკითხზე რეპორტაჟების მომზადებასთან მიმართებით ექვემდებარება გარკვეულ პირობებს, რომელიც გულისხმობს რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, სწორ ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობიან და საზოგადოებას აწვდიან „სანდო და ზუსტ“ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად. (იხილეთ, მაგალითად, ფრესოზი და როირი საფრანგეთის წინააღმდეგ (Fressoz and Roire v. France [GC], no. 29183/95, § 54, ECHR 1999-I; პედერსენი და ბადსგაარდი (Pedersen and Baadsgaard), ზემოთ ციტირებული, § 78; სტოლი (Stoll), ზემოთ ციტირებული, § 103; და აქსელ სპრინგერი (Axel Springer AG), ზემოთ ციტირებული, § 93). სასამართლო ადგენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეები სხვადასხვა წყაროებზე უთითებენ, ისინი მიუხედავად ამისა თანხმდებიან იმაზე რომ ეროვნული კანონმდებლობით სრულად არ ყოფილა აკრძალული ფარული კამერის გამოყენება, რომლი გამოყენების პირობები მკაცრად განსაზღვრულია (იხილეთ პუნქტები 29 და 32 ზემოთ). ისინი აცხადებენ, რომ ამ ტექნიკის გამოყენება დასაშვები იყო მხოლოდ შესაბამის ინფორმაციაზე მზარდი საჯარო ინტერესის გავრცელების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით რომ ამ ინფორმაციის მოპოვება სხვა რაიმე გზით შეუძლებელი იქნება. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ საკითხი ეხება საჯარო ინტერესს. სასამართლოს აზრით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შეფასდეს მომჩივნების ქცევა. ამასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მიიჩნევს, რომ ბროკერს შეიძლება კანონიერად ეფიქრა, რომ იგი მომჩივნებმა შეცდომაში შეიყვანეს, მათი ქმედება ვერ იქნება მიჩნეული როგორც პროფესიული ეთიკის განზრახ დარღვევა. მათ არ დაურღვევიათ შვეიცარიის პრეს საბჭოს მიერ დადგენილი ჟურნალისტიკის წესები (იხილეთ პუნქტი 29 ზემოთ), რომელიც ზღუდავდა ფარული კამერის გამოყენებას, არამედ პირიქით, ფედერალური სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი საკითხი – მათი რეპორტაჟის საგანი ანიჭებდა მათ ფარული კამერის გამოყენების უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ შვეიცარიის სასამართლოები არ იყვნენ ერთსულოვანნი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მომჩივნები გამართლდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყველა ბრალდებაში. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს უნდა დავუჯეროთ, იმასთან დაკავშირებით ჰქონდათ თუ არა მათ განზრახვა ემოქმედათ ეთიკის წესების შესაბამისად, რომელიც ამ შემთხვევაში ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოყენებული საშუალებების შესაბამისია.
62. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი ფაქტების სანდოობა არ გამხდარა სადაო. ის ფაქტი, რომ მომხმარებლებისთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო ნაგულვები პრობლემის ზომა ვიდრე მისი ბუნება, როგორც ეს სახელმწიფოს პოზიციაშია აღნიშნული არ ახდენს გავლენას ამ საკითხზე.
63. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ის თუ რა ფორმით არის რეპორტაჟი ან ფოტო გამოქვეყნებული და როგორ ხდება დაინტერესებული პირის პორტრეტის წარმოდგენა ასევე შეიძლება გასათვალისწინებელი ფაქტორები იყოს. (იხილეთ Wirtschafts-Trend Zeitschriften-Verlagsgesellschaft m.b.H. v. Austria (no.3), nos. 66298/01 და 15653/02, § 47, 13 დეკემბერი 2005; რეკლოსი და დავორლისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Reklos and Davourlis v. Greece, no. 1234/05, § 42, 15 იანვარი 2009; და იოკიტაიპალე და სხვები ფინეთის წინააღმდეგ (Jokitaipale and Others v. Finland, no. 43349/05, § 68, 6 აპრილი 2010). რა ხარისხით მოხდა რეპორტაჟის ან ფოტოს გავრცელება ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია, იმის მიხედვით გაზეთი არის ადგილობრივი თუ საერთაშორისო, და გამოიცემა დიდი თუ პატარა ტირაჟით (იხილეთ Karhuvaara and Iltalehti v. Finland, no. 6372/06, § 47, 6 აპრილი 2010).
64. მოცემულ საქმეში სასამართლო თვლის, რომ მომჩივნებმა ჩაწერეს საუბარი რომელშიც ასახული იყო ხმა და გამოსახულება სადაზღვევო ბროკერსა და ჟურნალისტს შორის საუბრისა. სასამართლოს აზრით, ჩანაწერი თავად მინიმალურ გავლენას ახდენდა ბროკერის ინტერესზე, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანების ძალიან შეზღუდული ოდენობისთვის იყო ის ხელმისაწვდომი, რაზეც სახელმწიფოც აცხადებდა თანხმობას.
65. ჩანაწერი გადაიცა, როგორც რეპორტაჟის ნაწილი, რომელიც არ იყო კეთილგანწყობილი ბროკერის მიმართ, როგორც ეს სასამართლომ უკვე მიუთითა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მოკლე ამონარიდები იყო ნაჩვენები, ეს კადრები უფრო მეტად წარმოადგენდა იყო ჩარევა ბროკერის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში, ვინაიდან ის უფრო მეტ ადამიანს ჰქონდა ნანახი –დაახლოებით 10,000 კაცს, როგორც ამას სახელწმიფო ამბობდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ აუდიო ვიზუალური მედიას უფრო ხშირად აქვს დაუყოვნებლივი და ძლიერი გავლენა ვიდრე ბეჭდურ მედიას (იხილეთ ჯერსილდი (Jersild), ზემოთ ციტირებული, § 31). შესაბამისად, მაყურებელს ჰქონდა საშუალება საკუთარი მოსაზრება ჩამოეყალიბებინა როგორც ბროკერის რჩევის ხარისხზე ასევე მის მწირ პროფესიონალიზმზე. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტი ფაქტორი ამ საქმეში არის ის რომ მომჩივნებმა დაშტრიხეს ბროკერის სახე და მხოლოდ მისი თმის და კანის ფერის გარჩევა იყო შესაძლებელი, ასევე შეცვლილი იყო მისი ხმა. შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს რომ მიუხედავად იმისა, რომ ბროკერის ტანსაცმელი ჩანდა, მათ რაიმე განსაკუთრებული გამორჩეული ნიშანი არ ჰქონდა. და ბოლოს შეხვედრა არ ყოფილა ჩაწერილი ბროკერის სამსახურში.
66. საქმის გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ ბროკერის, რომელმაც უარი განაცხადა ინტერვიუზე კომენტარის გაკეთებაზე, პირად ცხოვრებაში ჩარევა არ იყო საკმარისად სერიოზული იმისათვის, რომ მოეხდინა საჯარო ინტერესის უგულებელყოფა (იხილეთ ა ნორვეგიის წინააღმდეგ ( A. v. Norway), ზემოთ ციტირებული) და საზოგადოების ინფორმირება ნაგულვებ დაუდევრობაზე სადაზღვევო ბროკერის საქმიანობაში.
67. ბოლოს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სანქციის ბუნება და მისი სერიოზულობა. ზოგიერთ შემთხვევაში, პირის ბრალდება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე დაკისრებული მცირე სასჯელის ფორმა (იხილეთ სტოლი (Stoll), ზემოთ ციტირებული, §§ 153-154). ამ საქმეში ფინანსური სასჯელი პირველი სამი მომჩივანისთვის ჯარიმის თორმეტი დღის ოდენობით და მეოთხე მომჩივანის შემთხვევაში ჯარიმის ოთხი დღის ოდენობით ძალიან მწირი იყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკისრებული სანქციებმა შეიძლება გამოიწვიოს მედიის მხრიდან თავის შეკავება გამოხატონ კრიტიკული მოსაზრება (ibid., § 154), მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებს თავად არ ეთქვათ უარი მათი რეპორტაჟის ტრანსლირებაზე.
68. ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საქმეში სადაო ღონისძიება არ იყო საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში და შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–10–ე მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
69. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამრთლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
70. მომჩივნებს სასამართლოსთვის არ მიუმართავთ სამართლიანი დაკმაყოფილებისთვის. შესაბამისად, სასამართლო არ ადგენს თანხას კომპენსაციისთვის.
ამ მიზეზის გამო, სასამართლო
1. ადგენს, ერთხმად, საჩივრის დასაშვებობას;
2. ადგენს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10-ე მუხლის დარღვევას.
შექმნილია ფრანგულ ენაზე და წერილობით გაგზავნილია შეტყობინება 2015 წლის 24 თებერვალს, სასამრთლოს რეგლამენტის მუხლი 77 §§ 2 და 3 შესაბამისად
სტენლი ნაისმითიიშიკ კარაკაში
სხდომის გამწესრიგებელი,პრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე ლემენსის განსხვავებული მოსაზრებანი:
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
A.I.K.
S.H.N.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy