დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 198
2016 წლის ივლისი
ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ (Halime Kilic v. Turkey)
(საჩივარი- 38832/06)
გადაწყვეტილება, 28 ივნისი, 2016 [მე-2 სექცია]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი
სიცოცხლე
ოჯახში ძალადობის კონტექსტში ფატალური დაზიანებებიდან გამომდინარე რისკების არასათანადოდ შეფასება: დარღვევა
ფაქტები – ეროვნებით თურქი მომჩივანი, ჰალიმე კილიჩი დაიბადა 1940 წელს და ცხოვრობდა დიარბაკირში (თურქეთში). ის არის ფატმა ბაბატლის დედა; იმ ქალის, რომელიც დაექვემდებარა ოჯახში ძალადობას და რომელსაც ქმარი მოკვლით ემუქრებოდა.
2008 წლის 16 ივლისს ფატმა ბაბატლიმ მეუღლის (ს.ბ.) წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა. ბაბატლიმ განაცხადა, რომ მას შვიდი შვილი ჰყავდა და მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას გამუდმებით აყენებდა. ფატმა ბაბატლიმ მოითხოვა ,,ოჯახის დაცვის შესახებ’’ კანონით (კანონი N4320) გათვალისწინებული დამცავი ზომების გამოყენება; ის ასევე მოითხოვდა ორდერის გამოცემას, რომლის თანახმადაც, მეუღლეს სახლიდან გადასვლა დაევალებოდა, ვინაიდან იგი შიშობდა მისი და მისი შვილების სიცოცხლის ხელყოფის გამო. 2008 წლის 18 ივლისს საოჯახო დავების მომწესრიგებელმა სასამართლომ გამოსცა წინასწარი დამცავი ორდერი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მითითებული იყო, რომ ს.ბ-ს სახლი უნდა დაეტოვებინა. სასამართლომ ასევე გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით ს.ბ-ს აეკრძალა ცოლის წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების განხორციელება. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ს.ბ-ს 2008 წლის 6 აგვისტოს გადაეცა, ასევე ადგენდა, რომ სასამართლო ბრძანებების შეუსრულებლობა გამოიწვევდა საპატიმრო სასჯელს. 2008 წლის 7 ოქტომბერს, პროკურატურამ ს.ბ-ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალი წაუყენა.
2008 წლის ივლისსა და ოქტომბერში ფატმა ბაბატლიმ ოჯახში ძალადობის თაობაზე შემდგომი საჩივრები წარადგინა. საოჯახო დავების მომწესრიგებელმა სასამართლომ კიდევ ორი ბრძანება გასცა. პროკურატურამ ს.ბ-ს საქმე განსახილველად სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცა და მოითხოვა მისი წინასწარ პატიმრობაში მოთავსება, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შემდგომ, ფატმა ბაბატლიმ გადაუდებელი დახმარების მიღების მიზნით მისწერა პროკურორს, რომელთანაც დაიჩივლა, რომ მისმა მეუღლემ ორი ბავშვი გაიტაცა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მან დამატებით მეოთხე საჩივარი წარადგინა. 2008 წლის 7 ნოემბერს ფატმა ბაბატლი მოკლა მისმა მეუღლემ, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა.
2009 წლის იანვარში ქალბატონმა კილიჩმა პროკურატურაში საჩივარი წარადგინა. იგი მოითხოვდა იმ თანამდებობის პირების იდენტიფიცირებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლებმაც, მიუხედავად მისი ქალიშვილის მიერ წარდგენილი საჩივრებისა, ვერ უზრუნველყვეს ეფექტური გამოძიების წარმოება და დაარღვიეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები. აღნიშნულ ხარვეზებს შედეგად ფატმა ბაბატლის სიკვდილი მოჰყვა. სახელმწიფო ბრალმდებელმა მიიღო გადაწყვეტილება სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ. ქალბატონმა კილიჩმა ეს გადაწყვეტილება წარუმატებლად გაასაჩივრა.
კონვენციის მე-2 მუხლზე (სიცოცხლის უფლება) დაყრდნობით, ქალბატონი კილიჩი ჩიოდა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მისი ქალიშვილის სიცოცხლე და ვერ უზრუნველყო საოჯახო დავების მომწესრიგებელი სასამართლოს მიერ ს.ბ-ს წინააღმდეგ გაცემული ორდერების აღსრულება. იგი ასევე დავობდა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ განახორციელა ეფექტური გამოძიება და ვერ დაიცვა მისი ქალიშვილი. ქალბატონი კილიჩი ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილის საქმეზე სამართალწარმოება არასამართლიანი იყო; აგრეთვე, არ არსებობდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რომელიც დაიცავდა მის შვილს. მომჩივანი აცხადებდა, რომ ფატმა ბაბატლის გარდაცვალების შემდეგ, საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მიზნით მის მიერ წარდგენილი საჩივარი საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან სამართალწარმოება შეწყდა.
კონვენციის მე-14 მუხლზე (დისკრიმინაციის აკრძალვა) დაყრდნობით, ქალბატონი კილიჩი ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) თანახმად, გასაჩივრებული ქმედებები განხორციელდა იმის გამო, რომ მისი შვილი ქალი იყო. გარდა ამისა, მისი სიძე არ დააპატიმრეს, ვინაიდან ეს იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევა.
სამართალი – მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება): ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ფატმა ბაბატლიმ ხელისუფლებას ოთხჯერ მიმართა და ყოველ ჯერზე განაცხადა, რომ მას ეშინოდა მისი და მისი შვილების სიცოცხლის ხელყოფის გამო; შესაბამისად, იგი მოითხოვდა დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო დავების მომწესრიგებელმა სასამართლომ გასცა სამი დამცავი ორდერი, აღნიშნული ღონისძიება სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა, ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო ფატმა ბაბატლის დაცვა. მართალია, ოჯახში ძალადობის კონტექსტში, თეორიულად არსებობდა დამცავი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახიფათო სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფას, თუმცა ს.ბ-სთვის პირველი დამცავი ორდერის გადაცემას 19 დღე, ხოლო მეორე დამცავი ორდერის ჩაბარებას 2 კვირა დაჭირდა. აღნიშნულმა დაგვიანებამ, ფატმა ბაბატლის ჩამოართვა დაუყოვნებლივი დაცვით სარგებლობის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მის მდგომარეობაში ეს აუცილებელი იყო. დაგვიანებამ ასევე არაეფექტური გახადა სასამართლოს მიერ გაცემული ზემოთ ხსენებული ორდერები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ორდერის გამოცემის თარიღიდან ს.ბ-სთვის მის გადაცემამდე, ფატმა ბაბატლის კიდევ ერთხელ დაესხა თავს მისი მეუღლე.
ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დამცავი ღონისძიებების ეფექტურობა გარანტირებული იქნებოდა, მხოლოდ სათანადო კონტროლის მექანიზმებით. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ სახელმწიფო ბრალმდებელმა ს.ბ-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაპატიმრების ბრძანება არ გასცა, სანამ იგი 2008 წლის 8 ოქტომბერს პოლიციამ ორი დანის (ცივი იარაღი) ტარებისთვის არ დააკავა. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ს.ბ. აშკარა საფრთხეს წარმოადგენდა, სისხლის სამართლის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლომ არ შეაფასა ფატმა ბაბატლის მიმართ არსებული საფრთხეები, მათ შორის, მისი მოკვლის ან შემდგომი შესაძლო თავდასხმების რისკები. შესაბამისად, ს.ბ. გათავისუფლდა იმგვარად, რომ ფატმა ბაბატლის სიცოცხლის დასაცავად რაიმე პრაქტიკული ღონისძიება არ გატარებულა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საოჯახო დავების მომწესრიგებელი სასამართლოს მიერ გაცემულ ორდერებს მოძალადეზე შემაკავებელი ეფექტი არ ჰქონდა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ N4320 კანონი სასამართლოს მიერ გაცემული ორდერების შეუსრულებლობისთვის საპატიმრო სასჯელს ითვალისწინებდა, თუმცა ს.ბ. ამ თვალსაზრისით ეფექტურად არასდროს დასჯილა. ამრიგად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ, როდესაც ფატმა ბაბატლის მეუღლე არ დასაჯა მის წინააღმდეგ გაცემული ორდერების დარღვევისათვის, ზემოთ ხსენებულ ორდერებს ეფექტურობა დაუკარგა. აგრეთვე, შექმნა იმგვარი გარემო, რომელიც გარდაცვლილის მეუღლეს შესაძლებლობას აძლევდა ცოლზე არაერთხელ განეხორციელებინა ფიზიკური ძალადობა, შესაბამისი სასჯელის დაკისრების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა წინააღმდეგობრივი მოხსენებები წარადგინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჰქონდა ფატმა ბაბატლის შესაძლებლობა შვიდ შვილთან ერთად თავშესაფარში მოთავსებულიყო. თავდაპირველად, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ დროს თურქეთში ქალებისთვის რაოდენობრივად ცოტა თავშესაფარი არსებობდა. სასამართლომ შენიშნა, იმ შემთხვევაშიც კი თუ იარსებებდა შესაბამისი ადგილი, სადაც ფატმა ბაბატლი შვილებთან ერთად დაცული იქნებოდა, არც პროკურატურას და არც პოლიციას აპლიკანტი მის საჭიროებებზე მორგებულ დაწესებულებაში არ გაუგზავნია და სახელმწიფოს არც ამგვარი დაწესებულების შესახებ ცნობები მიუწვდია. ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრებოდა ვალდებულება, გაეთვალისწინებინა ფატმა ბაბატლის განსაკუთრებით სახიფათო და მოწყვლადი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მატერიალური მდგომარეობა. შესაბამისად, უნდა შეეფასებინა იგი და სათანადო დახმარება შეეთავაზებინა მსხვერპლისთვის. თუმცა ეს ასე არ მოხდა.
რაც შეეხება ქალბატონი კილიჩის მტკიცებას, რომ მისი ქალიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არ დადგენილა საჯარო მოხელეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტთან მიმართებით წარდგენილი საჩივრების ბუნება და ის დასკვნები, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, ეროვნულმა სამართალწარმოებამ ვერ დააკმაყოფილა კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი.
კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) მე-2 მუხლთან ერთობლიობაში:
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ფატმა ბაბატლის ქმარი გამუდმებით სცემდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა; ამის შესახებ კი ეროვნული ხელისუფლება ინფორმირებული იყო. ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა მის მიერ გაკეთებული დასკვნები იმის თაობაზე, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ფატმა ბაბატლის ეფექტური დაცვა და მისი ქმარი დაუსჯელი დატოვა. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულმა დაუსჯელობამ გავლენა იქონია ეროვნული ხელისუფლების მიერ ოჯახში ძალადობის განსაკუთრებით შემაშფოთებელი ინციდენტების სიმძიმის განზრახ უარყოფასა და ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე. განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და ფატმა ბაბატლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაუშვებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მსხვერპლი ქმრის ძალადობრივი ქცევის პირისპირ დაცვის გარეშე დარჩა.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ Oოპუზ-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული დასკვნები ძალაში რჩებოდა წინამდებარე საქმის გარემოებებთან მიმართებით.
ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ დაირღვა კონვენციის მე-14 მუხლი მე-2 მუხლთან ერთობლიობაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთს არამატერიალური ზიანისთვის ქალბატონი კილიჩისთვის 65,000 ევრო უნდა გადაეხადა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy