© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე ჰამალაინენი (HÄMÄLÄINEN) ფინეთის წინააღმდეგ
(განაცხადი #37359/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
16 ივლისი, 2014
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაძლოა დაექვებდებაროს სარედაქციო შესწორებას
საქმეზე ჰამალაინენი (Hämäläinen) ფინეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, თავმჯდომარე,
ჯოსეფ კასადევალი,
გუიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე,
მარკ ვილიგერი,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
ხანლარ ჰაჯიევი,
დანიუტ იოჩიენი,
პაივი ჰირველა,
ანდრას შაიო,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოს,
ერიკ მოშე,
ჰელენ კელერი,
ანდრე პოტოცკი,
პოლ ლემმენს,
ვალერიუ გრიტკო,
ფარის ვეჰაბოვიჩ, მოსამართლეები,
და იოჰან კალევარტი, დიდი პალატის მდივნის მოადგილე,
ითათბირა 2013 წლის 16 ოქტომბერს და 2014 წლის 11 ივნისს,
და ამ უკანასკნელი თათბირის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე ფინეთის მოქალაქის ქალბატონი ჰელი მაარიტ ჰანელე ჰამალაინენის (“განმცხადებელი”) მიერ 2009 წლის 8 ივლისს ფინეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადი (#37359/09).
2. განმცხადებელს წარმოადგენდა ბატონი კონსტანტინ კოროკარიუ, ლონდონში მოღვაწე ადვოკატი. ფინეთს (“მოპასუხე სახელმწიფო”) წარმოადგენდა ბატონი არტო კოსონენი, სახელმწიფოს წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლების თანახმად მისი უფლება პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე დაირღვა, რადგანაც მისი ახალი სქესის სრული აღიარება დამოკიდებული გახდა მისი ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნაზე.
4. განაცხადი გადაეცა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52.1 მუხლი). 2012 წლის 13 ნოემბერს პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ლეხ გარლიცკი, პრეზიდენტი, პაივი ჰირველა, ჯორჯ ნიკოლაუ, ლედი ბიანკუ, ჟდრავკა კალაიდიევა, ნებოისა ვუცინიკი და ვინსენტ ა. დე გაეტანო და ასევე ლოურენს ერლი, სექციის მდივანი, მიიღო გადაწყვეტილება. მან საჩივრების კონვენციის მე-8, მე-12 და მე-14 მუხლთან მიმართებით დასაშვებად გამოაცხადა ერთხმად, ხოლო განაცხადის დანარჩენი ნაწილი - დაუშვებლად და დაადგინა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი, არც მე-14 მუხლი დარღვეულა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში და არ არსებობდა საქმის კონვენციის მე-12 მუხლთან მიმართებით შესწავლის საჭიროება.
5. 2013 წლის 13 თებერვალს განმცხადებელმა მოითხოვა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე და დიდი პალატის შემადგენლობამ მიიღო ეს მოთხოვნა 2013 წლის 29 აპრილს.
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26.4 და 26.5 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის ნორმების საფუძველზე. საბოლოო თათბირისას დანიუტ იოციენემ განაგრძო საქმის განხილვაში მონაწილეობა თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც (კონვენციის 23.3 და სასამართლოს რეგლამენტის 24.4 მუხლი).
7. განმცხადებელმა და მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებები საქმის არსებითი განხილვისთვის (მუხლი 59.1). ამასთან, მესამე მხარის მოსაზრებები წარმოადგინეს Amnesty International-მა და Transgender Europe-მა და მათვე ნება დართო თავმჯდომარემ ჩართულიყვნენ წერილობით საქმისწარმოებაში (კონვენციის 36.2 მუხლი და რეგლამენტის 44.3 მუხლი).
8. საქმის საჯარო მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 16 ოქტომბერს (მუხლი 59.3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) მოპასუხე სახელმწიფოს სახელით,
ბატონი ა. კასონენი, დირექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, წარმომადგენელი,
ქალბატონი ს. სილვოლა, უფროსი მრჩეველი, იუსტიციის სამინისტრო,
ქალბატონი მ. ფაური, უფროსი ოფიცერი, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის სამინისტრო,
ქალბატონი კ. ფოკინი, სამართლებრივი ოფიცერი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მრჩევლები;
(b) განმცხადებლის სახელით
ბატონი კ. კოიოკარიუ, ადვოკატი, Interights, წარმომადგენელი
ქალბატონი ვ. ვანდოვა, სამართლებრივი დირექტორი, Interights, მრჩეველი.
განმცხადებელიც ესწრებოდა.
სასამართლომ მოისმინა მიმართვები ბატონი კოსონენისგან, ბატონი კოიოკარიუსგან და ქალბატონი სილვოლასგან, ასევე მათი პასუხები მოსამართლეების ჰირველას, შაიოსა და ლემენსის კითხვებზე.
ფაქტობრივი გარემოებები
I. საქმის გარემოებები
9. განმცხადებელი დაიბადა 1963 წელს და ცხოვრობს ჰელსინკში.
10. განმცხადებელი დაბადებით მამრობითი სქესის იყო. ის ყოველთვის გრძნობდა, რომ ქალი იყო მამაკაცის სხეულში, მაგრამ გადაწყვიტა გამკლავებოდა ვითარებას. 1996 წელს ის დაქორწინდა ქალზე და 2002 წელს მათ შეეძინათ შვილი.
11. განმცხადებლის მდგომარეობა გაუარესდა 2004 წელს და 2005 წელს გადაწყვიტა სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა. 2006 წლის აპრილში მას დაუსვეს დიაგნოზი, ტრანსსექსუალი. ამ დროიდან ის ცხოვრობდა როგორც ქალი. 2009 წლის 29 სექტემბერს მან ჩაიტარა სქესის შეცვლის ოპერაცია.
12. 2006 წლის 7 ივნისს განმცხადებელმა შეიცვალა სახელი და განაახლა საკუთარი პასპორტი და მართვის მოწმობა, მაგრამ ვერ შეძლო თავისი საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლა. საიდენტიფიკაციო ნომერი კვლავი უთითებდა, რომ ის მამრობითი სქესის იყო, ისევე როგორც მისი პასპორტი.
A. საიდენტიფიკაციო ნომრის ცვლილების პროცედურა
13. 2007 წლის 12 ივნისს განმცხადებელმა სთხოვა ადგილობრივ სარეგისტრაციო სამსახურს (maistraatti, magistraten) დაედასტურებია მისი მდედრობითი სქესი და შეეცვალა მისი მამრობითი სქესის მიმანიშნებელი საიდენტიფიკაციო ნომერი მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომერზე, რადგანაც ის აღარ შეესაბამებოდა რეალობას.
14. 2007 წლის 19 ივნისს ადგილობრივმა სარეგისტრაციო სამსახურმა არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. მან დაადგინა, რომ ტრანსსექსუალების შესახებ (სქესის დადასტურების) კანონის (laki transseksuaalin sukupuolen vahvistamisesta, lagen om fastställande av transsexuella personers könstillhörighet) 1-ელი და მე-2 მუხლების თანახმად ამგვარი სტატუსის დადასტურება მოითხოვდა, რომ პირი არ უნდა ყოფილიყო ქორწინებაში ან მის მეუღლეს უნდა გაეცა თანხმობა (იხილეთ 29-ე პარაგრაფი დაბლა). ვინაიდან განმცხადებლის მეუღლე არ გასცემდა თანხმობას მათი ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნაზე (rekisteröity parisuhde, registrerat partnerskap), განმცხადებლის ახალი სქესი ვერ აღირიცხებოდა მოსახლეობის რეესტრში.
15. 2007 წლის 6 ივლისს განმცხადებელმა წამოიწყო საქმისწარმოება ჰელსინკის ადმინისტრაციულ სასამართლოში (hallinto-oikeus, förvaltningsdomstolen) ჩიოდა რა, inter alia, რომ მისი ცოლის გადაწყვეტილება, არ მიეცა თანხმობა, რაზეც მას სრული უფლებამოსილება ქონდა, რადგანაც ორივეს სურდა ქორწინებაში დარჩენა, ნიშნავდა, რომ განმცხადებელი ვერ დარეგისტრირდებოდა როგორც მდედრობითი სქესის პირი. განქორწინება მათი რელიგიური მრწამსის საწინააღმდეგო იქნებოდა. რეგისტრირებული პარტნიორობა არ უზრუნველყოფდა იგივე გარანტიებს, რასაც ქორწინება და სხვა საკითხებთან ერთად ნიშნავდა, რომ მათი შვილის სამართლებრივი მდგომარეობა განსხვავებული იქნებოდა იმ ბავშვების მდგომარეობისგან, რომლებიც დაიბადნენ ქორწინებაში.
16. 2008 წლის 5 მაისს ჰელსინკის ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი იგივე საფუძვლით, რა საფუძველსაც დაეყრდნო სარეგისტრაციო სამსახური. უფრო მეტიც, სასამართლომ დაადგინა, inter alia, რომ 2007 წლის 19 ივნისის სადავო გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-6 მუხლს, რადგანაც ერთი სქესის პარტნიორებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი ურთიერთობის რეგისტრაციის გზით ესარგებლათ საოჯახო სამართლებრივი გარანტიებით რაც ნაწილობრივ უტოლდება ქორწინებას. მსგავსად ამისა ტრანსსექსუალების შესახებ (სქესის დადასტურების შესახებ) კანონის 1-ელი და მე-2 მუხლები არ არღვევს განმცხადებლის შვილის უფლებებს.
17. 2008 წლის 8 მაისს განმცხადებელმა საჩივრით მიმართა უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოს (korkein hallinto-oikeus, högsta förvaltnings-domstolen), კვლავ დაეყრდნო რა ადგილობრივი სარეგისტრაციო სამსახურისთვის და ადმინისტრაციული სასამართლოსთვის წარდგენილ დასაბუთებას. მან ასევე მოთხოვა სასამართლოს წარედგინა მოთხოვნა ევროპული თანამეგობრობის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის წინასწარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, კერძოდ კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის განმარტების შესახებ. თუკი მივუბრუნდებით კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლებს, განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლოს არ უნდა განეცხადებია მისთვის, რომ რეგისტრირებული პარტნიორობა შესაფერი იყო მისთვის, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს მოითხოვდა მისი ცოლისგან ლესბოსელად გახდომას. მათი სექსუალური იდენტობა პირადი საკითხი იყო, რაც ვერ გახდებოდა სქესის დადასტურების პირობა. ტრანსგენდერიზმი სამედიცინო მდგომარეობა იყო, რაც პირადი ცხოვრების ფარგლებში ექცევა. სახელმწიფო არღვევდა მის უფლებას პირად ცხოვრებაზე ყოველ ჯერზე, როდესაც მამრობით სქესის საიდენტიფიკაციო ნომერი ააშკარავებდა, რომ ის ტრანსსექსუალი იყო. უფრო მეტიც, ის ამტკიცებდა, რომ თუკი მათი ქორწინება უნდა გარდაქმნილიყო რეგისტრირებულ პარტნიორობად, ეს ნიშნავდა, რომ ის ვეღარ იქნებოდა მისი შვილის ლეგალური მამა და ვერც მისი დედა, რადგანაც ბავშვს ვერ ეყოლებოდა ორი დედა.
18. 2009 წლის 3 თებერვალს უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა წინასწარი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის შესახებ და არ დააკმაყოფილა მისი სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსსექსუალების (სქესის დადასტურების შესახებ) შესახებ კანონის ამოქმედებით კანონმდებელს არ ქონდა განზრახული შეეცვალა ის ფაქტი, რომ მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შეუძლიათ დაქორწინდნენ, ხოლო ერთსქესიან პარტნიორებს შეეძლოთ მათი ურთიერთობის სამართლებრივი დადასტურება მისი რეგისტრაციით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-12 მუხლის საფუძველზე დაადგინა, რომ არ არსებობდა ტრანსსექსუალებისთვის ქორწინების უფლებაზე უარის თქმის მისაღები საფუძვლები, მაგრამ აღნიშნულთან მიმართებით თავისუფალი შეფასების ფარგლები ფართო იყო. ფინური კანონმდებლობის თანახმად ერთი სქესის პირების ქორწინება შეუძლებელი იყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მათ შეეძლოთ რეგისტრირებული პარტნიორობის გაფორმება. რაც შეეხება მის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, რეგისტრირებული პარტნიორობა არსებითად უტოლდებოდა ქორწინებას. ქორწინების ინსტიტუტის სქესის მიხედვით ნეიტრალურად გარდაქმნა წარმოშობდა მნიშვნელოვანი ეთიკური და რელიგიური ღირებულების საკითხს და საჭიროებდა პატლამენტის მიერ კანონის მიღებას. მიმდინარე საკანონმდებლო რეგულირება ექცეოდა ევროპული კონვენციით სახელმწიფოსთვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლებში.
B. საგანგებო საქმისწარმოება
19. 2009 წლის 29 ოქტომბერს განმცხადებელმა საგანგებო საჩივარი წარუდგინა უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოს და მოსთხოვა მისი 2009 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება. ის აცხადებდა, რომ 2009 წლის 29 სექტემბერს ჩაიტარა სქესის შეცვლის ოპერაცია და ვეღარ დაამტკიცებდა, რომ მამაკაცი იყო, რაზეც უთითებდა მისი საიდენტიფიკაციო ნომერი და პასპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების მიზნებისთვის ის კვლავ განიხილებოდა მამაკაცად, ფაქტი კვლავ რჩებოდა, რომ ვერ მოხდებოდა მისი საპირისპირო დისკრიმინაცია მისი სქესის საფუძველზე.
20. 2010 წლის 18 აგვისტოს უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საგანგებო საჩივარი.
C. სხვა საქმისწარმოებანი
21. დაუდგენელ დღეს განმცხადებელმა საჩივარი წარუდგინა ასევე თანასწორობის საკითხებში ომბუცმენს (Tasa-arvovaltuutettu, Jämställdhets-ombudsmannen), ჩიოდა რა, inter alia, რომ მას არასწორი საიდენტიფიკაციო ნომერი ქონდა.
22. 2008 წლის 30 სექტემბერს თანასწორობის საკითხებში ომბუცმენმა განაცხადა, რომ ის ვეღარ განიხილავდა საიდენტიფიკაციო ნომრის საკითხს, რადგანაც საქმე უკვე განიხილა და გადაწყვიტა ადმინისტრაციულმა სასამართლომ და ომბუცმენის კომპეტენციაში არ შედიოდა სასამართლოების ზედამხედველობა. უფრო მეტიც, საქმეს კვლავ განიხილავდა უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლო.
II. შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობა
A. კონსტიტუცია
23. კონსტიტუციის მე-6 მუხლი (Suomen perustuslaki, Finlands grundlag; კანონი #731/1999) ადგენს:
“ყველა თანასწორია კანონის წინაშე.
არავის შეიძლება მოექცნენ სხვა პირებისგან განსხვავებულად, მისაღები მიზეზის გარეშე, სქესის, ასაკის, წარმომავლობის, ენის, რელიგიის, მრწამსის, მოსაზრების, ჯანმრთელობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა საფუძვლით, რაც ეხება ამ პირს. ბავშვების მიმართ მოპყრობა უნდა განხორციელდეს თანასწორობის საფუძველზე და როგორც დამოუკიდებელი პირების მიმართ და უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მათ შესახებ საკითხებზე ზეგავლენა ქონდეთ მათი განვითარების დონის შესაბამისად.
სქესთა შორის თანასწორობა ხელშეწყობილი უნდა იყოს საზოგადოდ და შრომით ცხოვრებაში, განსაკუთრებით ანაზღაურების განსაზღვრისას და დასაქმების სხვა პირობებთან მიმართებით, როგორც ამას უფრო დეტალურად ადგენს [აღმასრულებელი] კანონი.”
B. კანონი ქორწინების შესახებ
24. ქორწინების შესახებ კანონის 1-ელი მუხლი (avioliittolaki, äktenskapslagen; კანონი #411/1987) ადგენს, რომ ქორწინება დგება ქალსა და მამაკაცს შორის.
25. იგივე კანონის 115-ე მუხლი (ცვლილებები შეტანილია კანონით # 226/2001) ადგენს შემდეგს:
“უცხო ქვეყანაში ქალსა და მამაკაცს შორის ამ ქვეყნის სახელმწიფო ორგანოების წინაშე შემდგარ ქორწინებას ფინეთიც აღიარებს, თუკი ეს ქორწინება ვალიდურია იმ ქვეყანაში, სადაც შედგა, ან იმ ქვეყანაში რომლის მოქალაქეც არის ერთერთი მეუღლე, ან რომელშიც ერთერთი მეუღლე ცხოვრობდა ქორწინების მომენტისთვის.”
C. კანონი რეგისტრირებული პარტნიორობის შესახებ
26. რეგისტრირებული პარტნიორობის შესახებ კანონის (laki rekisteröidystä parisuhteesta, lagen om registrerat partnerskap; კანონი #950/2001) 1-ელი მუხლის თანახმად, იგივე სქესის 18 წელს მიღწეულ პირებს შორის შესაძლებელია გაფორმდეს პარტნიორობა ამ კანონით დადგენილი წესით.
27. იგივე კანონის 8.1 მუხლი ადგენს რომ:
“რეგისტრირებულ პარტნიორობას იგივე სამართლებრივი შედეგები აქვს, რაც ქორწინებას, თუკი სხვაგვარად არ შეთანხმდება.”
D. ტრანსსექსუალთა შესახებ (სქესის დადასტურების შესახებ) კანონი
28. ტრანსსექსუალთა შესახებ (სქესის დადასტურების შესახებ) კანონის (laki transseksuaalin sukupuolen vahvistamisesta, lagen om fastställande av transsexuella personers könstillhörighet; კანონი # 563/2002) 1-ელი მუხლი ადგენს, რომ უნდა დადგინდეს, რომ პირი მიეკუთვნება მოსახლეობის რეესტრში რეგისტრირებული სქესის საპირისპირო სქესს, თუკი ის
“1) წარმოადგენს სამედიცინო ცნობას, რომ მუდმივად გრძნობს, რომ საპირისპირო სქესი აქვს და ცხოვრობს შესაბამისი სქესის როლში და ის სტერილურია ან სხვა მიზეზთა გამო არ აქვს რეპროდუქციის უნარი;
2) არის 18 წელს მიღწეული;
3) არ იმყოფება ქორწინებაში ან რეგისტრირებულ პარტნიორობაში; და
4) არის ფინეთის მოქალაქე ან ფინეთში მაცხოვრებელი.”
29. კანონის მე-2 მუხლი ადგენს გამონაკლისებს ქორწინების სტატუსის მოთხოვნებისთვის. ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა არ აფერხებს სქესის დადასტურებას თუკი მეუღლე ან პარტნიორი პირადად გასცემს ამის შესახებ თანხმობას ადგილობრივი სარეგისტრაციო სამსახურის წინაშე. თუკი საპირისპირო სქესისადმი კუთვნილება დადასტურდება, ქორწინება რაიმე შემდგომი მოქმედების გარეშე გარდაიქმნება რეგისტრირებულ პარტნიორობად და რეგისტრირებული პარტნიორობა ქორწინებად. ეს ცვლილება აღინიშნება მოსახლეობის რეესტრში.
30. ტრანსსექსუალთა შესახებ (სქესის დადასტურების შესახებ) კანონის (მთავრობის კანონპროექტი HE 56/2001 vp) travaux préparatoires-ში გაცხადებულია, რომ დადგენილი მამობა ვერ გაუქმდება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ კაცი გახდა ქალი. მსგავსად ამისა, ქალი, რომელმაც შობა ბავშვი, სამართლებრივად რჩება ამ ბავშვის დედად, მიუხედავად იმისა, ის გახდება თუ არა კაცი. ბავშვზე მეურვეობის, ზრუნვისა და მოვლის ვალდებულებები პირველ ყოვლისა ეფუძნება მშობლობას. შესაბამისად მშობლის სქესის ცვლილებას ვერ ექნება ზეგავლენა ამ უფლებებსა და ვალდებულებებზე.
III. შედარებითი სამართალი
31. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ევროპის საბჭოს ათ წევრ ქვეყანაშია დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება (ბელგია, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო (მხოლოდ ინგლისი და უელსი)).
32. ასევე გამოიკვეთა რომ ოცდაოთხ წევრ ქვეყანას (ალბანეთს ანდორას, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, ხორვატია, კვიპროსს, ესტონეთს, საქართველოს, საბერძნეთს, ლატვიას, ლიხტენშტეინს, ლიტვას, ლუქსემბურგს, მაკედონიის ყოფილ იუგოსლავურ რესპუბლიკას, მოლდავეთს, მონაკოს, მონტენეგროს, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სერბეთს, სლოვენიასა და სლოვაკეთს) არ აქვს ნათელი სამართლებრივი ჩარჩო სქესის აღიარებისთვის ან არანაირი სამართლებრივი რეგულირება, რაც შეეხებოდა ქორწინებაში მყოფ პირთა სტატუსს, რომელთაც ჩაიტარეს სქესის შეცვლის ოპერაცია. ამ წევრ ქვეყნებში სამართლებრივი რეგულირების არ არსებობა მთელ რიგ კითხვებს ტოვებს პასუხგაუცემელს, მათ შორის არის სქესის შეცვლის ქირურგიულ ჩარევამდე შემდგარი ქორწინების ბედი. ექვს წევრ ქვეყანაში (უნგრეთი, იტალია, ირლანდია, მალტა, თურქეთი და უკრაინა) არსებობს სქესის აღიარების შესაბამისი კანონმდებლობა. ამ ქვეყნებში კანონმდებლობა კონკრეტულად მოითხოვს, რომ პირი იყოს დაუქორწინებელი ან განქორწინებული, ან სამოქალაქო კოდექსში ან საოჯახო კანონმდებლობაში არსებობს ზოგადი ნორმები, რომლებითაც დადგენილია, რომ სქესის ცვლილების შემდეგ ნებისმიერი ქორწინება ცხადდება ბათილად ან წყდება. ქორწინებაში მყოფი პირის მიერ მანამდე არსებული ქორწინების შეწყვეტის გარეშე შეძენილი სქესის აღიარების გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ სამ წევრ ქვეყანაში (ავსტრია, გერმანია და შვეიცარია).
33. შესაბამისად გამოიკვეთა, რომ იმ ქვეყნებს შორის, სადაც არ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება, მხოლოდ სამი წევრი ქვეყანა უშვებს გამონაკლისს, რაც შესაძლებლობას აძლევს ქორწინებაში მყოფ პირს მიიღოს მისი შეძენილი სქესის სამართლებრივი აღიარება მისი არსებული ქორწინების შეწყვეტის გარეშე. ოცდაოთხ ქვეყანაში ვითარება მეტად ბუნდოვანია, კონკრეტული სამართლებრივი რეგულირების არ არსებობის გათვალისწინებით.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
34. განმცხადებელი კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით ჩიოდა, რომ მისი უფლება პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე დაირღვა, რომდესაც მისი სქესის სრული აღიარება მისი ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნის პირობაზე დამოკიდებული გახდა.
35. კონვენციის მე-8 მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხოციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
A. პალატის გადაწყვეტილება
36. 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით პალატამ დაადგინა, რომ საქმის გარემოებები ექცეოდა კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში და “პირადი ცხოვრების” კონცეფციის ფარგლებში. განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას ქონდა ადგილი, რადგანაც მას არ მიენიჭა მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ჩარევის საფუძველი იყო ეროვნული კანონმდებლობა, კერძოდ კი ტრანსსქესუალთა შესახებ (სქესის დადასტურების შესახებ) კანონის 2.1 მუხლი. თუმცა ჩარევა განხორციელდა “კანონის შესაბამისად” და ემსახურებოდა “ჯანმრთელობისა და მორალის” და “სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების” დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.
37. რაც შეეხება იმას, გატარებული ღონისძიებები საჭირო იყო თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში, პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებელი და მისი მეუღლე ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და მათ სურდათ ქორწინებაში დარჩენა. ეროვნული კანონმდებლობით ქორწინება დაშვებული იყო მხოლოდ საპირისპირო სქესის პირებს შორის და ერთსქესიანთა ქორწინება არ იყო დაშვებული. განმცხადებელი შეძლებდა როგორც ქალი ახალი საიდენტიფიკაციო ნომრის მიღებას თუკი მისი მეუღლე მათი ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნაზე თანხმობას განაცხადებდა. თუკი ამგვარი თანხმობა არ იარსებებდა, განმცხადებელს ქონდა არჩევანი, ან დარჩენილიყო ქორწინებაში და შეგუებოდა მამრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომრით გამოწვეულ უხერხულობას, ან განქორწინებოდა მეუღლეს.
38. პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ორი კონკურენტული უფლება, რომელთა ურთიერთდაბალანსების საჭიროება არსებობდა, კერძოდ, განმცხადებლის უფლება პირადი ცხოვრების პატივისცემაზე მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომრის მოპოვების გზით და სახელმწიფოს ინტერესი შეენარჩუნებია ქორწინების ტრადიციული ინსტიტუტი ხელშეუხებლად. პირველის მიღება, ქორწინების შენარჩუნებით გამოიწვევდა ერთსქესიანთა ქორწინებას განმცხადებელსა და მის მეუღლეს შორის, რაც დაუშვებელი იყო ფინეთის მოქმედი კანონმდებლობით. პალატამ კვლავ განმარტა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით კონვენციის მე-12 მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ ავალდებულებდა ერთსქესიანი წყვილებისთვის ქორწინებაზე ხელმისაწვდომობის მინიჭებას. ვერც მე-8 მუხლი, რომელსაც უფრო ფართო მიზანი და მოქმედების არეალი აქვს, განიმარტება ამგვარი ვალდებულების დამდგენად. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქორწინების კონტექსტში სქესის შეცვლის შედეგების რეგულირების საკითხი ხელშემკვრელი სახელმწიფოს შეხედულებისამებრ გადაწყვეტის სფეროში ექცევა.
39. პალატამ აღნიშნა, რომ ევროპაში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კონსესუსი ვითარდებოდა და რომ ევროპის საბჭოს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ ამგვარი შესაძლებლობა უკვე გაითვალისწინა თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში. მართალია ფინეთში ეს შესაძლებლობა არ არსებობდა, მაგრამ იმჟამად პარლამენტი განიხილავდა ამ საკითხს. მეორე მხრივ ერთსქესიან წყვილთა უფლბები ამჟამად დაცული იყო პარტნირობის რეგისტრაციის შესაძლებლობით. მართალია რეალობას წარმოადგენდა ის რომ განმცხადებელი არასწორი საიდენტიფიკაციო ნომრის გამო ყოველდღიურად ეჩეხებოდა სიტუაციებს, რაც მისთვის უხერხულობას ქმნიდა, პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელს რეალური შესაძლებლობა ქონდა შეეცვალა ეს მდგომაროება: მისი ქორწინება ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაქმნილიყო, ex lege, რეგისტრირებულ პარტნიორობად, მისი მეუღლის თანხმობით. თუკი ამგვარ თანხმობას ვერ მოიპოვებდა, განმცხადებელს ჰქონდა განქორწინების შესაძლებლობა.
40. პალატის აზრით არათანაზომიერი არ იყო იმის მოთხოვნა, რომ მეუღლე გასცემდა თანხმობას ამგვარ ცვლილებაზე, რადგანაც ეს მის უფლებებსაც ეხებოდა. ასევე არ იყო არათანაზომიერი განმცხადებლის ქორწინების გარდაქმნა რეგისტრირებულ პარტნიორობად, რადგანაც ეს უკანასკნელი რეალური შესაძლებლობა იყო, რაც უზრუნველყოფდა ერთსქესიანი წყვილების დაცვას და თითქმის იდენტური იყო ქორწინებისა. უფრო მეტიც, მართალია სახეზე იყო ბავშვი ამ ქორწინებიდან, არ არსებობდა ვარაუდი, რომ განმცხადებლის ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნას ბავშვზე ან სხვა ადამიანზე რაიმე სახის ზეგავლენა ექნებოდა. განმცხადებლის მამობიდან ან მშობლობიდან წარმოშობილ უფლებებს და ვალდებულებებს საფრთხე არ ექმნებოდა თუკი ქორწინება გარდაიქმნებოდა რეგისტრირებულ პარტნიორობად. პალატამ შესაბამისად მიიჩნია, რომ ფინური სისტემის შედეგები არ იყო არათანაზომიერი და კონკურენტულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი დაცული იყო. შესაბამისად კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი.
B. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებელი
41. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ის იძულებული იყო აერჩიათ კონვენციით აღიარებული ორი ძირითადი უფლებიდან ერთერთი, კერძოდ კი, მისი უფლება სქესობრივ თვითგამორკვევაზე და მისი უფლება, დარჩენილიყო ქორწინებაში, შედეგად მას უნდა გაეწირა ერთერთი. ამგვარი კანონმდებლობა მას დილემის წინაშე აყენებდა. ამასთან მიმართებით მან მიუთითა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებაზე. მისი განაცხადის საგანს არ წარმოადგენდა ის, რომ ქორწინებიდან წარმოშობილი უფლებები გავრცელებულიყო ერთსქესიან წყვილებზე, არამედ იმას, რომ შეენარჩუნებია მის მეუღლესთან მანამდე შემდგარი ქორწინება. მის საქმეზე ერთსქესიანი ქორწინება იყო არაგანზრახული და შემთხვევითი შედეგი სქესის სამართლებრივი აღიარებისა. ის ცდილობდა მანამდე მოპოვებული უფლების დაცვას და არა ქალზე ქორწინების სავარაუდო უფლების დაცვას.
42. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ჩარევა განხორციელდა როგორც მის პირად ცხოვრებაში, ისე ოჯახურ ცხოვრებაში. საქმეებზე პერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Parry v. the United Kingdom (dec.)) # 42971/05, ECHR 2006‑XV და დადუჩი მალტის წინააღმდეგ (Dadouch v. Malta) # 38816/07, 20 ივლისი, 2010 წელი, სასამართლოს დასაბუთების გათვალისწინებით საქმის ოჯახური ცხოვრების ასპექტი არ შეიძლება გამოირიცხოს. თავისუფალი შეფასების ფარგლები შედარებით ვიწრო უნდა იყოს როდესაც დღის წესრიგშია ადამიანის არსებობის ან იდენტობის მნიშვნელოვანი ასპექტი. მისი წერილობითი განაცხადის თანახმად სასამართლომ უნდა დაავიწროვოს ის კიდევ უფრო მეტად და მოხსნას განქორწინების მოთხოვნა სქესის სამართლებრივი აღიარების კონტექსტში. თავისუფალი შეფასების ფარგლება არ შეიძლება გაფართოვდეს იმგვარად, რომ სახელმწიფოებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეწყვიტონ ქორწინება მათი შეხედულებისამებრ.
43. განმცხადებელმა განაცხადა, რომ ტრანსსექსუალების შესახებ კანონით დადგენილი განქორწინების მოთხოვნა არააუცილებელი და არათანაზომიერი ჩარევა იყო მე-8 მუხლით დაცულ მის უფლებებში. პალატის მიერ მიღებული დამაბალანსებელი აქტი საფუძველშივე შერყეული იყო რამდენიმე მიზეზის გამო.
44. პირველი, პალატამ სათანადოდ ვერ შეაფასა განმცხადებლისა და მისი ოჯახის შეძენილი უფლება ქორწინებაზე. თუკი განმცხადებელი გადაწყვეტდა სქესის სამართლებრივ აღიარებას, ეს გამოიწვევდა მისი ქორწინების შეწყვეტას ან განქორწინების ან რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნის გზით. ორივე სცენარი ითვალისწინებდა ქორწინების შეწყვეტას. რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნა განქორწინებას უტოლდებოდა, რადგანაც გარდაქმნის შედეგები იმოქმედებდა მხოლოდ მომავალში. ვინაიდან საჭირო იყო მეუღლის თანხმობა, ამ გარემოებებში განქორწინება “იძულებული” იყო სახელმწიფოს მეშვეობით. განმცხადებლის ქორწინების სავალდებულო შეწყვეტა მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენებდა კონვენციით გათვალისწინებულ მის უფლებებს, ასევე მისი მეუღლისა და ქალიშვილის უფლებებს. კანონიერი ქორწინების ამგვარი დარღვევა ეწინააღმდეგებოდა ქორწინების მუდმივობისადმი თავდადებას, რაც მას განასხვავებს სხვა ურთიერთობებისგან. ქორწინება კვლავ სარგებლობს დაცვის მაღალი ხარისხით კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე. განმცხადებელი და მისი მეუღლე ჩვიდმეტი წლის მანძილზე ქორწინებაში იყვნენ, კვლავ ერთად ცხოვრობდნენ და ყავდათ საერთო შვილი. მათი ურთიერთობის სიმყარე მიუხედავად ერთერთი მეუღლის სქესის ცვლილებისა აშკარად აჩვენებს მათ შორის ურთიერთთავდადების მაღალ ხარისხს. ქორწინებასა და რეგისტრირებულ პარტნიორობას შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება: თუკი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს შეეძინება შვილი, ორივე მშობელი ავტომატურად არ ხდება მშობელი, როგორც ეს ქორწინების შემთხვევაშია. ასევე შეუძლებელი იყო შვილად აყვანა, თუკი არცერთი მშობელი არ იქნებოდა შვილად ასაყვანი ბავშვის ბიოლოგიური მშობელი. განმცხადებელი და მისი ოჯახი თუკი გადაწყვეტდნენ რეგისტრირებულ პარტნიორობაში გადასვლას, დაკარგავდნენ ამ უფლებებს, რაც არ იყო უმნიშვნელო უფლებები. ასევე საეჭვო იყო რამდენად გადარჩებოდა სამართლებრივ დონეზე განმცხადებელსა და მის ქალიშვილს შორის მამა-შვილური ურთიერთობა, რადგანაც ამასთან მიმართებით არ არსებობდა რაიმე ნორმა ტრანსსექსუალთა შესახებ კანონში. მეუღლეები დაქორწინდნენ ძლიერი რელიგიური შეხედულებებით შთაგონებულებმა იმის შესახებ, რომ მათი ქორწინება მთელი სიცოცხლე გასტანდა. მათ არ სურდათ თავიანთი ქორწინების დათმობა რაიმე გარემოებებში. სქესის ცვლილება აუცილებლად არ გამოიწვევდა წყვილის გადაქცევას ჰომოსექსუალ წყვილად. განმცხადებლის ცოლი, რომელმაც ჩვიდმეტი წლის წინ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა დაიწყო, კვლავ ჰეტეროსექსუალი იყო. შესაბამისად, განმცხადებლის ურთიერთობის ჩამოქვეითება რეგისტრირებულ პარტნიორობად არ ასახავდა განმცხადებლის ცოლთან დაკავშირებულ რეალობას. ის იძულებული იყო გაეკეთებია შეუძლებელი არჩევანი განმცხადებლის მხარდაჭერასა და მათი ქორწინების შენარჩუნებას შორის. მათი შვილის მდგომარეობა იგივე იქნებოდა რაც ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვებისა.
45. მეორე, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ პალატამ სათანადოდ არ შეაფასა მისი სქესობრივი თვითგამორკვევის უფლება. განმცხადებლის მდედრობითი სქესის სამართლებრივი აღიარების არ არსებობას აშკარა ზეგავლენა ქონდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ის იძულებული იყო თავისი ტრანსსექსუალური მდგომარეობა გაემხილა ყოველდღიური ვითარებაში სრულიად უცნობი პირებისთვის, რასაც ეს ადამიანები მარტივად ითვისებდნენ. მაგალითად, განმცხადებელი ხშირად იყო მივლინებებში და მის პასპორტში კვლავ იყო ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ის იყო კაცი. როდესაც ის მგზავრობდა მოქმედი პასპორტით, იძულებული იყო ავიაბილეთები შეეძინა ტიტულით “ბატონი”. მისი გამოცხადება აეროპორტში ქალის გარეგნობით და პასპორტით, რომელშიც მითითებული იყო, რომ ის იყო მამაკაცი, აუცილებლად იწვევდა შემაწუხებელ კითხვებს, დაგვიანებას, მღელვარებასა და სტრესს. რადგანაც ფინეთმა მას შესაძლებლობა მისცა შეეცვალა სახელი მისი მდედრობითი სქესის შესაბამისად, ალოგიკური იყო იმავდროულად უარი მისი სამართლებრივი სქესის აღიარებაზე, რის შედეგადაც ის აღმოჩნდა ორ სქესს შორის გაურკვევლობაში, პოტენციურად გაურკვეველი ვადით. განმცხადებელს არ აურჩევია ტრანსსექსუალობა და შესაბამისად არ უნდა დასჯილიყო ქორწინების ჩამორთმევით. აუცილებელი მოთხოვნა, რომ სქესის სამართლებრივი აღიარება დამოკიდებული იყო ქორწინების შეწყვეტაზე ფინეთის სასამართლოებს არ აძლევდა შესაძლებლობას გაეკეთებიათ ინდივიდუალიზებული შეფასება განმცხადებლის გარემოებების გათვალისწინებით. საქმეზე შლუმპფი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schlumpf v. Switzerland) #29002/06, 2009 წლის 8 იანვარი, სასამართლომ დარღვევა დაადგინა მსგავს გარემოებებში. ეროვნულმა სასამართლოებმა ასევე არ გაითვალისწინეს სხვა ალტერნატივები, რაც არ მოითხოვდა ქორწინების შეწყვეტას.
46. მესამე, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ პალატის მტკიცება იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს ინტერესი დაეცვა ქორწინება, უკიდურესი რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა, თუკი ტრანსსექსუალებს ქორწინების უფლება ექნებოდათ, არ იყო სწორი. პალატამ არასწორად ივარაუდა, რომ საქმეში არსებული ერთადერთი საჯარო ღირებულების ინტერესი იყო ქორწინების ჰეტეროსექსუალური ხასიათის დაცვა. განმცხადებელი სადავოს არ ხდიდა ჰეტეროსექსუალური ქორწინების შენარჩუნების მნიშვნელოვნებას, არამედ ამტკიცებდა, რომ მისი იძულება განქორწინებაზე, სამართლებრივი სქესის აღიარების მისაღწევად არააუცილებელი და არათანაზომიერი საშუალება იყო სახელმწიფო მიზნის მისაღწევად. ტრანსსექსუალთათვის ქორწინების შესაძლებლობის შექმნა მხოლოდ ნაწილობრივ ზეგავლენას მოახდენდა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაზე, რადგანაც ამგვარი საქმეები მეტად იშვიათი იყო. დე ფაქტო ან დე იურე ერთსქესიანთა ქორწინება შესაძლოა უკვე არსებობს ფინეთში ვინაიდან განმცხადებლის მდგომარეობის მსგავს მდგომაროებაში მყოფი პირების ქორწინება ერთსქესიანთა ქორწინების გამოხატულებაა. უფრო მეტიც, უცხო ქვეყანაში სამართლებრივი სქესის აღარება ვალიდურია ფინეთში.
47. უფრო მეტიც, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ პალატამ სათანადოდ ვერ გაითვალისწინა სავალდებულო განქორწინების მოთხოვნის დათმობის, ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებისა და თავისუფალი თანხმობით განქორწინების უახლესი საერთაშორისო მიდგომა. სავალდებულო განქორწინების მოთხოვნის დათმობა აშკარად მიღწევადი გახდა ტრანსსექსუალებისთვის ქორწინების ნების დართვის ან ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებით. განმცხადებელი უთითებდა შედარებითსამართლებრივ კვლევაზე სამართლებრივი სქესის აღიარებისა და ოჯახური მდგომაროების მოთხოვნების შესახებ.
48. ფინეთში ასევე იყო ძვრები სავალდებულო განქორწინების მოთხოვნის გაუქმების შესახებ. თანასწორობის საკითხებში ომბუცმენმა 2012 წელს გააკეთა შეთავაზება, რომ ქორწინების თანასწორი უფლება ყველასთვის შესაძლოა ყოფილიყო ამ პრობლემის გადაჭრა, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდიდა ქორწინების გაგრძელებას ერთი ტრანსგენდერი მეუღლის პირობებში. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ასევე მოითხოვა განქორწინების მოთხოვნის გაუქმება, 2012 წელს ფინეთში მისი ვიზიტის შემდგომ. ამ კონტექსტში ფინეთის მთავრობამ აიღო სამუშაო ჯგუფის შექმნის ვალდებულება, რომელიც შეისწავლიდა შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილების შესაძლებლობას. ასევე გამოიკვეთა ევროპული და საერთაშორისო ტენდენციები ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ. იმ დროისთვის ათ ევროპულ ქვეყანაში იყო დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ასევე მოსალოდნელი იყო უახლოეს მომავალში ვითარების ცვლილება ფინეთში. 2013 წლის თებერვალში პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მცირე უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, ცხრა მოწინააღმდეგე რვა მხარდამჭერის პირისპირ. ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერაც გაიზარდა, 2006 წელს 45%-დან 2013 წლის მარტისთვის 58%-მდე.
2. მოპასუხე სახელმწიფო
49. მოპასუხე სახელმწიფო დაეთანხმა პალატის დასაბუთებასა და დასკვნას იმის შესახებ, რომ წინამდებარე საქმეზე ადგილი არ ქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. მათ აღნიშნეს, რომ სადავო კანონმდებლობის მიღება მოხდა ქვეყნის მაშტაბით განსხვავებული ადმინისტრაციული პრაქტიკით გამოწვეული უთანასწორობის თავიდან ასაცილებლად და სამართლებრივი სქესის აღიარების ნათელი წინაპირობაა. კანონპროექტი თავდაპირველად მოითხოვდა, რომ სამართლებრივი სქესის აღიარების მომთხოვნი პირი უნდა იყოს დაუქორწინებელი ან არ იყოს რეგისტრირებულ პარტნიორობაში და არ უშვებდა მათი ქორწინების ან რეგისტრირებული პარტნიორობის გაგრძელებას კანონით აღიარებული ფორმით. ეს არაგონივრულად იქნა მიჩნეული კანონშემოქმედებით პროცესში და შესაბამისად ამ ნორმაში გათვალისწინებულ იქნა ტრანსფორმაციის მექანიზმი. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მინიმუმ თხუთმეტი ქორწინება გარდაიქმნა რეგისტრირებულ პარტნიორობად და თექვსმეტი რეგისტრირებული პარტნიორობა - ქორწინებად. ცხრა შემთხვევაში მეუღლეებს ყავდათ საერთო შვილები და მშობლებლისა და შვილის სამართლებრივი ურთიერთობა არცერთ შემთხვევაში არ შეცვლილა.
50. მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა, რომ განმცხადებელმა თავის წერილობით მოსაზრებებში რამდენჯერმე შეცდომით მიუთითა სავალდებულო განქორწინების დამდგენ კანონმდებლობაზე. თუმცა, მეუღლის თანხმობის შემთხვევაში ქორწინება ავტომატურად ex lege გარდაიქმნებოდა რეგისტრირებულ პარტნიორობად. კანონის მე-2 მუხლში მითითებული გამოთქმა “გარდაიქმნება” აშკარად იქნა გამოყენებული იმ ფაქტის საილუსტრაციოდ, რომ კანონისმიერი ურთიერთობა გრძელდება მხოლოდ სახელწოდებისა და ურთიერთობის შინაარსის მცირედი ცვლილებით. ეს უწყვეტობა იცავს კონკრეტულ უფლებებს, როგორიცაა ქვრივის პენსია და არ წარმოშობს მეუღლეებს შორის საკუთრების გაყოფის უფლებას ან ვალდებულებას. პარტნირობის ხანგრძლივობა აითვლება მათი ურთიერთობის დაწყებიდან და არა სახელწოდების შეცვლის მომენტიდან. უფრო მეტიც, მშობლობასთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები არ არის დამოკიდებული მშობლის სქესზე. შესაბამისად, ფინეთში არ არსებობდა სავალდებულო განქორწინება, პირიქით, განქორწინების შესაძლებლობა განმცხადებლის დისკრეციაზე იყო დამოკიდებული. ფინეთის კანონმდებლობა თავაზობდა სქესობრივი თვითგამორკვევის უფლებისა და ქორწინების უფლების შერწყმას რეგისტრირებული პარტნიორობის გზით.
51. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ ქორწინებასა და რეგისტრირებულ პარტნიორობას შორის ერთადერთი განსხვავება გამოიკვეთა ორ შემთხვევაში: მშობლობის დადგენა ქორწინების საფუძველზე არ ვრცელდება რეგისტრირებულ პარტნიორობაზე, არც შვილად აყვანის შესახებ კანონი და არც სახელების შესახებ კანონი არ ითვალისწინებს მეუღლის გვარის მინიჭებას. თუმცა, რეგისტრირებული პარტნიორი უფლებამოსილია შვილად აიყვანოს პარტნიორის შვილი. ეს გამონაკლისები ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომლებშიც მშობლობა მანამდე არ დადგენილა. ქორწინების შედეგად დამდგარი მამობა ან დადგენილი მშობლობა ვერ გაბათილდება მამაკაცის მიერ შემდგომში სქესის ცვლილების და ქალად ქცევის საფუძვლით. მამის მიერ სქესის შეცვლას ასევე არანაირი სამართლებრივი ზეგავლენა არ აქვს მის ვალდებულებაზე იზრუნოს, მეურვეობა გაუწიოს ან არჩინოს შვილი, რადგანაც ეს ვალდებულება ეფუძნება მშობლობას, მიუხედავად სქესისა ან პარტნიორობის ფორმისა. განმცხადებელი არ ამტკიცებდა, რომ მისი კანონისმიერი უფლებები და ვალდებულებები შეიზღუდებოდა ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნით, არამედ მისი პრეტენზიები ეფუძნებოდა ქორწინების სოციალურ და სიმბოლურ მნიშვნელოვნებას. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის კანონისმიერი უფლებები და ვალდებულებები ბავშვთან მიმართებით, წარმოშობილი მამობიდან ან მშობლობიდან, არ შეიცვლებოდა და განმცხადებელს არ წარმოუდგენია ამის საპირისპიროდ რაიმე მტკიცებულება. ფინური კანონმდებლობა განმცხადებელს არ ავალდებულებს განქორწინდეს, არც ქორწინების შეწყვეტას ან გაბათილებას ავალდებულებს. არც სხვა მტკიცებულება არსებობდა იმისა, რომ განმცხადებლის პირად ან ოჯახურ ცხოვრებაზე იყო რაიმე ზეგავლენა, რადგანაც მას შეეძლო მისი ოჯახური ცხოვრების გაგრძელება ჩარევის გარეშე.
52. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ მართალია გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით მსგავი მდგომარეობა არაკონსტიტუციურად ცნო, ამ ვითარების გამოსწორების საშუალების შერჩევა კანონმდებელს მიანდო. ამ სასამართლოს მიხედვით, ქორწინება შესაძლოა გადაქცეულიყო sui generis რეგისტრირებულ სამოქალაქო პარტნიორობად ან კანონით დაცულ სამოქალაქო პარტნირობად, მაგრამ ქორწინების შედეგად წყვილის მიერ შეძენილი უფლებები და მათზე დაკისრებული ვალდებულებები უცვლელად უნდა შენარჩუნებულიყო. შესაბამისად, ფინური კანონმდებლობა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში იყო.
53. მოპასუხე სახელმწიფომ დაასკვნა, რომ ჯერაც არ არსებობდა ევროპული კონსესუსი ქირურგიული ჩარევის შედეგად სქესის შეცვლის სამართლებრივი აღიარების შემდეგ ტრანსსექსუალთა ქორწინების შენარჩუნებისა თუ ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ. შესაბამისად, სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები უნდა იყო ფართო და მას უნდა შეეძლოს მანამდე არსებულ ქორწინებაზე სქესის ცვლილების შედეგების რეგულირება.
3. მესამე მხარის წერილობითი მოსაზრებები
(a) Amnesty International
54. Amnesty International-მა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებები მაქსიმალურად უნდა განიმარტოს ჰარმონიულად, რათა წარმოდგენილი იყოს როგორც თანხვედრაში მყოფი ვალდებულებების ერთიანი ნაკრები. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში მტკიცედ დამკვიდრებულია, რომ დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა მოიცავს სექსუალური ორიენტაციის საფუძვლზე დისკრიმინაციის აკრძალვასაც. როგორც სქესი, ისე სექსუალური ორიენტაცია საკუთარი თავის მეტად სუბიექტურ დეფინიციაა. სექსუალურ ორიენტაციაზე ან სქესობრივ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია ხშირად გამოხატულია ოჯახურ ურთიერთობებში. ამ საქმეთა უმრავლესობაში საქმის განმხილველმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ სახელმწიფოებმა არ წარმოადგინეს დასაბუთებული, დამაჯერებელი, ობიექტური თუ წონადი არგუმენტები პირთა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის გასამართლებლად. სტერეოტიპები წარმოადგენს დისკრიმინაციის ერთერთ ფორმას, როდესაც ისინი შედეგად იწვევს განსხვავებულ მოპყრობას, რაც აბათილებს ან ამცირებს ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობას. სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული განსხვავებული მოპყრობა ხშირად ეფუძნება გენდერულ როლებთან დაკავშირებით არსებულ სტერეოტიპებს.
55. ერთსქესიანთა ურთიერთობები განსხვავებულ სქესიან წყვილთა ურთიერთობების თანაბარ სამართლებრივ აღიარებას იღებენ მრავალ იურისდიქციაში, მაგრამ კანონმდებლობა მრავალ ქვეყანაში კვლავ განასხვავებს მათ. თუკი წყვილად მყოფი პირები იდენტიფიცირებული არიან როგორც ქალები, ივარაუდება რომ ისინი ლესბოსელები არიან. ამ აღრევას გავლენა ქონდა პირის ღირსებასა და უფლებებზე სქესის იმგვარი დეფინიციის დამკვიდრებით, რაც შესაძლოა შესაბამისობაში არ იყოს ადამიანის საკუთარი თავის აღქმასთან. ამგვარი აღრევა ასევე არააუცილებელი იყო, თუკი კანონმდებლობა ყველა წყვილზე იგივე სტატუსსა და უფლებებს ავრცელებდა. სახელმწიფოები ვერ გაავრცელებენ უფლებებთან მიმართებით ერთ კონკრეტულ ხედვას იმათზე, ვინც არ იზიარებს ამ ხედვას. ტრადიციები და ღირებულებები ვერ გაამართლებს უფლებების შეზღუდვას, მაშინაც კი, თუ ტრადიციებსა და ღირებულებებს იზიარებს საზოგადოების უმრავლესობა.
(b) Transgender Europe
56. Transgender Europe-ამ წერილობით მოსაზრებებში წარმოადგინა შედარებითი ინფორმაცია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში განსხვავებული მდგომარეობის შესახებ, ტრანსგენდერი პირების ახალი სქესის სამართლებრივი აღარების შესახებ. ევროპის საბჭოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ტრანსგენდერი პირების სქესის სამართლებრივი აღიარება ვერ ხდება, მაშინ როცა სხვა წევრ ქვეყნებში სქესის სამართლებრივი აღიარება სხვადასხვა გზით ხდება. ზოგიერთი წევრი ქვეყანა ან უშვებს ერთსქესიანთა ქორწინებას ან სთავაზობს რეგისტრირებული პარტნიორობის არჩევანს. იმ ქვეყნებში, რომლებიც რეგისტრირებული პარტნიორობის არჩევანს ქმნიან, ზოგიერთი ქვეყანა ამჟამად მოითხოვს ქორწინების სავალდებულო შეწყვეტას, თუმცა სხვა ქვეყნებში არ არსებობს ამგვარი ვალდებულება. ზოგადად, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის მათი მიდგომების გადახედვის ძლიერი ტენდენციაა, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძვლით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მინისტრთა კომიტეტის (2010)5 რეკომენდაციის შედეგად, რომელიც მიღებულია 2010 წლის 31 მარტს. ახალი კანონმდებლობით, მიმოხილვითა და მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიების შედეგად იკვეთება, რომ წევრი ქვეყნები კანონშემოქმედებისას მეტად ითვალისწინებენ ტრანსგენდერი პირების თვითგამორკვევის უფლებას.
C. სასამართლოს შეფასება
1. კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების გავრცელება
57. წინამდებარე საქმეზე განმცხადებელი საკუთარ საჩივარში კონვენციის მე-8 მუხლს დაეყრდნო და მოპასუხე სახელმწიფოს სადავოდ არ გაუხდია ამ ნორმის მოქმედების გავრცელება.
58. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა სცადა საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლა მამრობითიდან მდედრობითზე, რადგანაც ქირურგიული ჩარევის შედეგად მამრობითი სქესის მდედრობითზე შეცვლის შედეგად, მისი მამრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომერი აღარ შეესაბამებოდა არსებულ რეალობას.
59. სასამართლომ მრავალ საქმეზე დაადგინა, რომ პოსტ-ოპერაციულ ტრანსსექსუალებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ არიან კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის მსხვერპლები, მათი სქესის სამართლებრივი აღიარების არ არსებობის საფუძვლით (იხილეთ, მაგალითად, გრანტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Grant v. the United Kingdom), #32570/03, § 40, ECHR 2006-VII; და L. ლიტვის წინააღმდეგ (L. v. Lithuania), #27527/03, § 59, ECHR 2007‑IV). წინამდებარე საქმეზე სადავო არ არის, რომ განმცხადებლის მდგომარეობა ექცევა კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობისთვის “პირადი ცხოვრების” დეფინიციაში.
60. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე ასევე ეხება საკითხებს, რასაც შესაძლოა ზეგავლენა ქონდეს განმცხადებლის ოჯახურ ცხოვრებაზე. ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, განმცხადებლის ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნა საჭიროებს მეუღლის თანხმობას. უფრო მეტიც, განმცხადებელსა და მის მეუღლეს საერთო შვილი ყავთ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ურთიერთობა მის მეუღლესთან და შვილთან ასევე ექცევა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული “ოჯახური ცხოვრების” დეფინიციაში.
61. შესაბამისად კონვენციის მე-8 მუხლი ვრცელდება წინამდებარე საქმეზე როგორც პირად ცხოვრებასთან, ისე ოჯახური ცხოვრებასთან მიმართებით.
2. საქმეში ფიგურირებს თუ არა პოზიტიური ვალდებულება ან ჩარევა
62. მაშინ როცა მე-8 მუხლის არსებითი ობიექტია ადამიანთა დაცვა სახელმწიფო ორგანოების თვითნებური ჩარევისგან, ის სახელმწიფოებს ასევე აკისრებს კონკრეტულ პოზიტიურ ვალდებულებებს მე-8 მუხლით დაცული უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად (იხილეთ, ასევე სხვა წყაროები, X და Y ნიდერლანდების წინააღმდეგ (X and Y v. the Netherlands), 26 მარტი, 1985 წელი, § 23, სერია A #91; და სოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ (Söderman v. Sweden) [დიდი პალატა], #5786/08, § 78, ECHR 2013).
63. სასამართლომ აქამდე დაადგინა, რომ მე-8 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყონ მათი მოქალაქეების უფლება მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის ეფექტიან პატივისცემაზე (იხილეთ, მაგალითად, ნიტეკი პოლონეთის წინააღმდეგ (Nitecki v. Poland) (გადაწყვეტილება), # 65653/01, 21 მარტი, 2002 წ.; სენტგესი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Sentges v. the Netherlands) (გადაწყვეტილება) # 27677/02, 8 ივლისი, 2003 წ.; ოდიევრე საფრანგეთის წინააღმდეგ (Odièvre v. France) [დიდი პალატა], #42326/98, § 42, ECHR 2003‑III; გლასი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Glass v. the United Kingdom), # 1827/00, §§ 74-83, ECHR 2004‑II; და პენტიაკოვა და სხვები მოლდოვეთის წინააღმდეგ (Pentiacova and Others v. Moldova) (გადაწყვეტილება), #14462/03, ECHR 2005‑I). ამასთან ეს ვალდებულება შესაძლოა მოიცავდეს კონკრეტული ზომების გატარებას, მათ შორის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი საშუალებების უზრუნველყოფის ვალდებულებას (იხილეთ აირეი ირლანდიის წინააღმდეგ (Airey v. Ireland), 9 ოქტომბერი, 1979 წ., § 33, სერია A #32; მაკგინლი და ეგანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (McGinley and Egan v. the United Kingdom), 9 ივნისი, 1998 წ., § 101, გადაწყვეტილებებისა და განჩნებების ანგარიშები 1998‑III; და როშე გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Roche v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 32555/96, § 162, ECHR 2005‑X). ამგვარი ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო და აღმასრულებელი მექანიზმების მარეგულირებელი ჩარჩოს უზრუნველყოფას, ასევე სხვადასხვა კონტექსტში ამ ღონისძიებების იმპლემენტაციას, საჭიროებისამებრ (იხილეთ A, B და C ირლანდიის წინააღმდეგ (A, B and C v. Ireland) [დიდი პალატა], # 25579/05, § 245, ECHR 2010).
64. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ადგილი ქონდა განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას, ვინაიდან მას არ მიაკუთვნეს ახალი, მდედრობით სქესის საიდენტიფიკაციო ნომერი. პალატამ ამ პერსპექტივიდანაც შეისწავლა საქმე. თუმცა დიდი პალატა თვლის, რომ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს განმცხადებლის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა მოიცავს თუ არა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროცედურა, რაც განმცხადებელს შესაძლებლობას მისცემს მიაღწიოს მისი ახალი სქესის სამართლებრივ აღიარებას ქორწინებაში დარჩენის პირობებში. შესაბამისად, დიდი პალატა მეტად შესაბამისად მიიჩნევს, განმცხადებლის საჩივრის შესწავლას კონვენციის მე-8 მუხლის პოზიტიურ ასპექტებთან მიმართებით.
3. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შეფასების შესატყვისი ზოგადი პრინციპები
65. კონვენციის საფუძველზე სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შეფასების შესატყვისი პრინციპები იგივეა. გასათვალისწინებელია სამართლიანი ბალანსი ცალკეული პირისა და მთელი საზოგადოების ინტერესებს შორის, მე-8 მუხლის მეორე პარაგრაფით გათვალისწინებული შესაბამისი მიზნები (იხილეთ გასკინი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (Gaskin v. the United Kingdom), 7 ივლისი, 1989 წ., § 42, სერია A # 160; და როშე გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Roche v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, § 157).
66. “პატივისცემის” დეფინიცია არ არის ნათელი, განსაკუთრებით პოზიტიურ ვალდებულებებთან მიმართებით: განსაკუთრებით განსხვავებული პრაქტიკისა და ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, დეფინიციის მოთხოვნა მნიშვნელოვნად განსხვავდება საქმეების მიხედვით (იხილეთ კრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 28957/95, § 72, ECHR 2002‑VI). მიუხედავად ამისა, მოხდა იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც რელევანტურია სახელმწიფოთა პოზიტიური ვალდებულებების შინაარსის შეფასებისთვის. ზოგიერთი მათგანი რელევანტურია განმცხადებელთან მიმართებით. ისინი ეხება განსახილველი ინტერესის მნიშვნელოვნებას და პირადი ცხოვრების “ძირითადი ღირებულებები” ან “არსებითი ასპექტები” არის თუ არა დღის წესრიგში (იხილეთ X და Y ნიდერლანდების წინააღმდეგ (X and Y v. the Netherlands), ციტირება მაღლა, § 27; და გასკინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Gaskin v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, § 49) ან განმცხადებელზე სოციალური რეალობისა და კანონმდებლობის კონფლიქტის ზეგავლენა, ეროვნულ სისტემაში ადმინისტრაციული და სამართლებრივი პრაქტიკის თანმიმდევრულობა მიიჩნევა მე-8 მუხლთან მიმართებით შეფასებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად (იხილეთ B. საფრანგეთის წინააღმდეგ (B. v. France), 25 მარტი, 1992 წ., § 63, სერია A #232‑C; და ქრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, §§ 77-78). სხვა ფაქტორები ეხება ამ პოზიტიური ვალდებულების ზეგავლენას შესაბამის სახელმწიფოზე. ამ შემთხვევაში გადასაწყვეტია განსახილველი ვალდებულება არის ვიწრო და კონკრეტული თუ ფართო და განუსაზღვრელი (იხილეთ ბოტა იტალიის წინააღმდეგ (Botta v. Italy), 24 თებერვალი, 1998 წ., § 35, ანგარიშები 1998‑I), ან სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულების ფარგლები (იხილეთ რეესი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Rees v. the United Kingdom), 17 ოქტომბერი, 1986, §§ 43-44, სერია A #106; და კრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, §§ 86-88).
67. მე-8 მუხლით მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შესრულებისას სახელმწიფო სარგებლობს თავისუფალი შეფასების კონკრეტული ფარგლებით. ამ ფარგლების შეფასებისას მთელი რიგი ფატორებიცაა გასათვალისწინებელი. როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალური არსებობის ან იდენტობის საკითხს, სახელმწიფოსთვის დასაშვები თავისუფალი შეფასების ფარგლები შეზღუდულია (იხილეთ, მაგალითად, X და Y ნიდერლანდების წინააღმდეგ (X and Y v. the Netherlands), ციტირება მაღლა, §§ 24 და 27; კრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, § 90; იხილეთ ასევე პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pretty v. the United Kingdom), # 2346/02, § 71, ECHR 2002‑III). თუმცა, თუკი არ არსებობს კონსესუსი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის, ან როდესაც განსახილველი ინტერესს ეხება საქმე, ან ამ ინტერესის დაცვის საუკეთესო საშუალებასთან მიმართებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სენსიტიურ მორალურ ან ეთიკურ საკითხებს, შეფასების ფარგლები ფართო იქნება (იხილეთ X, Y და Z გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (X, Y and Z v. the United Kingdom), 22 აპრილი, 1997 წ., § 44, ანგარიშები 1997-II; ფრეტე საფრანგეთის წინააღმდეგ (Fretté v. France), # 36515/97, § 41, ECHR 2002-I; და კრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, § 85). ასევე როგორც წესი თავისუფალი შეფასების ფარგლები ფართოა თუკი სახელმწიფოს მოეთხოვება ბალანსის უზრუნველყოფა კონკურენტულ პირად და საჯარო ინტერესებს ან კონვენციურ უფლებებს შორის (იხილეთ ფრეტე საფრანგეთის წინააღმდეგ (Fretté v. France), ციტირება მაღლა, § 42; ოდიევრე საფრანგეთის წინააღმდეგ (Odièvre v. France) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, §§ 44-49; ევანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Evans v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 6339/05, § 77, ECHR 2007‑I; დიკსონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Dickson v. the United Kingdom) [დიდი პალატა], #44362/04, § 78, ECHR 2007‑V; და S.H. და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (S.H. and Others v. Austria) [დიდი პალატა], #57813/00, § 94, ECHR 2011).
68. სასამართლომ უკვე შეისწავლა რამდენიმე საქმე ქირურგიული ჩარევით სქესის შეცვლის სამართლებრივი აღიარების არ არსებობასთან დაკავშირებით (იხილეთ, მაგალითად, კრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა; ვან კუცკი გერმანიის წინააღმდეგ (Van Kück v. Germany), #35968/97, ECHR 2003‑VII; გრანტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Grant v. the United Kingdom), ციტირება მაღლა; და L. ლიტვის წინააღმდეგ (L. v. Lithuania), ციტირება მაღლა, § 56). ამ სფეროში სახელმწიფოებისთვის თავისუფალი შეფასების გარკვეული ფარგლების დაშვებისას დადგინდა, რომ სახელმწიფოებს მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების შესაბამისად ევალებათ პოსტ-ოპერაციული ტრანსსექსუალების მიერ სქესის შეცვლის აღიარება, inter alia, სამოქალაქო სტატუსთან დაკავშირებული მონაცემების შეცვლის შესაძლებლობის შექმნითა და შედეგების უზრუნველყოფით (იხილეთ, მაგალითად, კრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, §§ 71-93; და გრანტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Grant v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, §§ 39-44).
4. განმცხადებლის საქმეზე ზოგადი პრინციპების გავრცელება
69. სასამართლო პირველ ყოვლისა აღნიშნავს, რომ განმცხადებელი და მისი მეუღლე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად დაქორწინდნენ 1996 წელს და მათ სურდათ ქორწინებაში დარჩენა. ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ქორწინება დაშვებულია მხოლოდ საპირისპირო სქესის პირებს შორის. მოცემულ მომენტში ფინეთში ერთსქეისანთა ქორწინება არ არის დაშვებულია, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხს შეისწავლის პარლამენტი. მეორეს მხრივ ერთსქესიან წყვილთა უფლებები ამჟამად დაცულია რეგისტრირებული პარტნიორობის გაფორმების შესაძლებლობით.
70. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ განმცხადებელი არ ადვოკატირებს ზოგადად ერთსქესიანთა ქორწინებას, არამედ სურს მხოლოდ საკუთარი ქორწინების შენარჩუნება. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საჩივარი, თუკი დაიშვება, პრაქტიკაში შექნის ვითარებას, როდესაც ერთი და იგივე სქესის პირი შესაძლოა დაქორწინებული იყვნენ ერთმანეთზე. როგორც უკვე აღინიშნა მაღლა, ფინეთში ამგვარი უფლება არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლომ პირველ ყოვლისა უნდა შეისწავლოს, ამგვარი უფლების აღიარება მოითხოვება თუ არა ამ გარემოებებში კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე.
71. სასამართლო კვლავ განმარტავს საკუთარ პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც კონვენციის მე-8 მუხლი ვერ განიმარტება ხელშემკვრელ სახელმწიფოებზე ვალდებულების დამდგენი, ერთსქესიანი წყვილებისთვის უზრუნველყონ ქორწინების ხელმისაწვდომობა (იხილეთ შცალკი და კოპფი ავსტრიის წინააღმდეგ (Schalk and Kopf v. Austria), # 30141/04, § 101, ECHR 2010). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქორწინების კონტექსტში სქესის ცვლილების შედეგები ფართო გაგებით, თუმცა არა სრულად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა (იხილეთ კრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Christine Goodwin v. the United Kingdom) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, § 103). უფრო მეტიც, კონვენცია არ მოითხოვს, ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა წინამდებარე საქმე რაიმე საგანგებო რეგულირების შექმნას. სასამართლომ 2006 წელს დაადგინა საქმეზე პარი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Parry v. the United Kingdom) ((გადაწყვეტილება), ციტირება მაღლა), რომ თუკი ერთსქესიანთა ქორწინება არ არის დაშვებული იმ მომენტისთვის მოქმედ ინგლისური კანონმდებლობით, განმცხადებლები განაგრძობდნენ თავიანთ ურთიერთობას მთელი თავისი არსით და შეძლებდნენ ქორწინების მსგავსი, თუ იდენტური არა, სამართლებრივი სტატუსის მოპოვებას, სამოქალაქო პარტნიორობის გზით, რაც თავის მხრივ იგივე უფლებებისა და ვალდებულებების მატარებელია. შესაბამისად სასამართლო სამოქალაქო პარტნიორობას ადეკვატურ შესაძლებლობად მიიჩნევს.
72. სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმე ეხება საკითხებს, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მუდმივი განვითარების საგანია. შესაბამისად, ის შეისწავლის ევროპის საბჭოს სხვა წევრ ქვეყნებში არსებულ ვითარებას წინამდებარე საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
73. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან (იხილეთ 31-ე პარაგრაფი მაღლა) აშკარაა, რომ ამჟამად ათ წევრ ქვეყანაშია დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. უფრო მეტიც, წევრი ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც არ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება ან არსებობს ნათელი სამართლებრივი ჩარჩო სქესის სამართლებრივი აღიარების შესახებ ან არ არის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ეხება დაქორწინებული პირების სტატუსს, რომელთაც სქესი შეიცვალეს. წევრი ქვეყნებიდან, სადაც აკრძალულია ერთსქესიანთა ქორწინება, მხოლოდ ექვსშია კანონმდებლობა სქესის აღიარების შესახებ. ამ სახელმწიფოებში ან კანონმდებლობა კონკრეტულად მოითხოვს, რომ პირი უნდა იყოს დაუქორწინებელი ან განქორწინებული, ან არსებობს ზოგადი ნორმები, რომლებიც აცხადებს, რომ სქესის შეცვლის შემდეგ ნებისმიერი არსებული ქორწინება ბათილად ცხადდება ან წყდება. დაქორწინებული პირისთვის ქორწინების შეწყვეტის გარეშე სქესის სამართლებრივი აღიარება დაშვებულია მხოლოდ სამ წევრ ქვეყანაში (იხილეთ 31-33 პარაგრაფები მაღლა).
74. შესაბამისად, ვერ გაცხადდება რომ არსებობს ევროპული კონსესუსი, რაც უშვებს ერთსქესიანთა ქორწინებას. არც რაიმე კონსესუსი არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც არ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება, როგორ უნდა მოხდეს სქესის აღიარება საქმეებზე, სადაც მანამდე არსებული ქორწინება სახეზეა. წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობას არ აქვს რაიმე სახის კანონმდებლობა სქესის აღიარებაზე. ფინეთის პარალელურად ამგვარი კანონმდებლობა არსებობს მხოლოდ ექვს სხვა ქვეყანაში. დაქორწინებული ტრანსსექსუალებისთვის დაშვებული გამონაკლისები კიდევ უფრო ცოტაა. შესაბამისად, არ იკვეთება იმის ნიშნები, რომ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ამ საკითხებზე სასამართლოს მიერ უახლესი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
75. ევროპული კონსესუსის არ არსებობის პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი საქმე უდავოდ წარმოშობს სენსიტიურ მორალურ ან ეთიკურ საკითხებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფოსთვის დაშვებული თავისუფალი შეფასების ფარგლები მაინც ფართო უნდა იყოს (იხილეთ X, Y და Z გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (X, Y and Z v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, § 44). ეს ფარგლები უნდა ვრცელდებოდეს როგორც სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე, პოსტ-ოპერაციული ტრანსსექსუალის ახალი სქესის სამართლებრივი აღიარების შესახებ კანონმდებლობის მიღება-არმიღების შესახებ და ჩარევის შემდეგ რეგულაციას, რასაც ის ადგენს კონკურენტულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის მისაღწევად.
76. რაც შეეხება ეროვნულ სისტემას, სასამართლო ადგენს, რომ ფინეთის ეროვნული კანონმდებლობა განმცხადებელს რამდენიმე ალტერნატივას თავაზობს. პირველ ყოვლისა, მას შეუძლია შეინარჩუნოს არსებული სამართლებრივი მდგომარეობა ქორწინებაში დარჩენით და შეეგუოს მამრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომრით გამოწვეულ უხერხულობებს. სასამართლო დადგენილად მიიჩევს, რომ ფინურ სისტემაში განსხვავებული სქესის წყვილს შორის კანონიერი გზით შემდგარი ქორწინება არ ბათილდება ან წყდება მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ერთერთმა მეუღლემ ჩაიტარა სქესის შეცვლის ოპერაცია და იგივე სქესის არის, რაც მისი მეუღლე. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ფინეთში მანამდე არსებული ქორწინების გაბათილება ან შეწყვეტა ვერ მოხდება ერთპიროვნულად, ეროვნული სახელმწიფო ორგანოების მიერ. შესაბამისად, განცხადებელს არაფერი უშლიდა ხელს გაეგრძელებია საკუთარი ქორწინება.
77. მეორე, თუკი განმცხადებელს სურს მისი ახალი სქესის სამართლებრივი აღიარება და მეუღლესთან მისი ურთიერთობის სამართლებრივი დაცვა, ფინეთის კანონმდებლობა ქმნის მათი ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნის შესაძლებლობას, განმცხადებლის მეუღლის თანხმობით. ეროვნული კანონმდებლობის თანახმად თუკი სქესის ცვლილებაზე მეუღლის თანხმობაა მიღებული, ქორწინება ავტომატურად ex lege გარდაიქმნება რეგისტრირებულ პარტნიორობად და რეგისტრირებული პარტნიორობა ქორწინებად, სიტუაციის მიხედვით.
78. ეროვნული კანონმდებლობით უზრუნველყოფილი კიდევ ერთი შესაძლებლობაა განქორწინება. ეს შესაძლებლობა ისე როგორც სხვა დაქორწინებული წყვილებისთვის, ასევე ხელმისაწვდომია განმცხადებლისთვისაც, თუკი მოისურვებს. განმცხადებლის მტკიცების საპირისპიროდ სასამართლო მიიჩნევს, რომ ფინეთის სამართლებრივ სისტემაში არაფერია რაც შეიძლება გაგებულ იქნას როგორც იმის მიმთითებელი, რომ განმცხადებელი უნდა განქორწინდეს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. პირიქით, სასამართლო ადგენს, რომ ფინეთის სამართლებრივ სისტემაში განქორწინების შესაძლებლობა განმცხადებლის საკუთარ დისკრეციაზეა დამოკიდებული.
79. თუკი გვერდზე გადავდებთ სტატუს კვოს შენარჩუნების ან განქორწინების შესაძლებლობებს, განმცხადებლის საჩივარი პირველ ყოვლისა მიმართულია მეორე ალტერნატივაზე: ახალი სქესის სამართლებრივი აღიარების უზრუნველყოფა, იმავდროულად არსებული ურთიერთობის სამართლებრივი დაცვით. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე ძირითადი საკითხია, ფინური სისტემა შეესაბამება თუ არა ამ საკითხებთან მიმართებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ან განმცხადებლისთვის დასაშვები უნდა იყოს თუ არა ქორწინებაში დარჩენა, მისი ახალი სქესის სამართლებრივი აღიარების მოპოვებით, მაშინაც კი თუ შესაძლებლობა მოიცავს ერთსქესიანთა ქორწინებას განმცხადებელსა და მის მეუღლეს შორის.
80. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობის საპირისპიროდ ფინეთში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო სქესის შეცვლის სამართლებრივი აღიარების უზრუნველსაყოფად. სასამართლო ადგენს, რომ განსახილველი კანონმდებლობის მიზანია, როგორც ამას მოპასუხე სახელმწიფო განმარტავს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არსებული განსხვავებული პრაქტიკის უნიფიცირება და ერთგვაროვანი მოთხოვნების დადგენა სამართლებრივი სქესის აღიარებისთვის. თუკი მეუღლეთა თანხმობა მიიღწევა, სისტემა უზრუნველყოფს როგორც ახალი სქესის სამართლებრივ აღიარებას, ისე ამ ურთიერთობის სამართლებრივ დაცვას. სისტემა მუშაობს ორივე გზით, უზრუნველყოფს რა არა მხოლოდ ქორწინების გარდაქმნას რეგისტრირებულ პარტნიორობად, არამედ რეგისტრირებული პარტნიორობის ქორწინებად გარდაქმნას, იმის მიხედვით, სქესის ქირურგიულად შეცვლას აქვს არსებული ურთიერთობის ერთსქესიან ან ჰეტეროსექსუალურ პარტნიორობად გარდაქმნის შედეგი. მოპასუხე სახელმწიფოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად ოცდათერთმეტ ამგვარ გარდაქმნას ქონდა ადგილი, თითქმის თანაბარი ღონისძიების პირობებში.
81. ამ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისას ფინეთის კანონმდებელმა მხარი დაუჭირა ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის ქორწინების შენარჩუნებას, ამ წესის გამონაკლისის გარეშე გავრცელებით. შესაბამისად სასამართლოს გადასაწყვეტია, ამ საქმის გარემოებებში ფინეთის სისტემა ამჟამად უზრუნველყოფს თუ არა კონკურენტ ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს და აკმაყოფილებს თუ არა პროპორციულობის ტესტს.
82. განმცხადებლის ერთერთი წუხილი ეხება მოთხოვნას მეუღლის თანხმობის შესახებ, რასაც ის განიხილავს როგორც “იძულებით” განქორწინებას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგანაც ფინური სისტემის თანახმად გარდაქმნა ავტომატურია, სქესის ცვლილების რეგისტრაციაზე მეუღლის თანხმობა საბაზისო მოთხოვნაა თითოეული მეუღლის დასაცავად, მეორე მეუღლის მიერ ცალხმრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისგან. თანხმობის მოთხოვნა აშკარად მნიშვნელოვანი გარანტიაა, რაც იცავს მეუღლეს, რომელიც არ ახდენს სქესის აღიარებას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ თანხმობა ასევე საჭიროა, როდესაც რეგისტრირებული პარტნიორობა უნდა გარდაიქმნას ქორწინებად. შესაბამისად ეს მოთხოვნა ასევე ემსახურება ქორწინების ინსტიტუტს.
83. განმცხადებლის მღელვარების საგანს წარმოადგენს ასევე განსხვავება ქორწინებასა და რეგისტრირებულ პარტნიორობას შორის. როგორც მოპასუხე სახელმწიფომ განმარტა, ეს განსხვავებულობა ეხება მამობის დადგენას, ოჯახის გარეთ შვილად აყვანასა და გვარს. თუმცა ეს გამონაკლისები დღის წესრიგში დგება თუკი ისინი მანამდე არ გადაწყვეტილა. შესაბამისად ამ საქმეზე არ დგას დღის წესრიგში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქორწინებასა და რეგისტრირებულ პარტნიორობას შორის განსხვავებები არსებითად ვერ ცვლის განმცხადებლის სამართლებრივ მდგომაროებას. შესაბამისად, განმცხადებელი შეძლებს რეგისტრირებული პარტნიორობის ფარგლებში ისარგებლოს არსებითად იგივე სამართლებრივი დაცვით, რაც ხელმისაწვდომია ქორწინების ფარგლებში (იხილეთ, mutatis mutandis, სჩალკი და კოპფი ავსტრიის წინააღმდეგ (Schalk and Kopf v. Austria), ციტირება მაღლა, § 109).
84. უფრო მეტიც, განმცხადებელი და მისი მეუღლე ვერ დაკარგავდნენ რაიმე სხვა უფლებას, თუკი მათი ქორწინება გარდაიქმნებოდა რეგისტრირებულ პარტნიორობად. როგორც მოპასუხე სახელმწიფომ დამაჯერებლად განმარტა, ტრანსსექსუალთა შესახებ (სქესის დადასტურების შესახებ) კანონის მე-2 მუხლში მითითებული ტერმინი “გარდაიქმნება” პირდაპირ იქნა გამოყენებული იმ ფაქტის საილუსტრაციოდ, რომ თავდაპირველი კანონისმიერი ურთიერთობა გრძელდება მხოლოდ სათაურის ცვლილებით და ურთიერთობის შინაარსის მცირე ცვლილებით. შესაბამისად პარტნიორობის ხანგრძლივობა გამოითვლება იმ დღიდან, როდესაც ის გაფორმდა და არა მისი სახელწოდების შეცვლის მომენტიდან. ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ურთიერთობის ხანგრძლივობა რელევანტურია, მაგალითად, ქვრივთა პენსიის გაანგარიშებისას. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის საჩივარს იმის შესახებ, რომ ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნა განქორწინებას უტოლდება.
85. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ქორწინების რეგისტრირებულ პარტნიორობად გარდაქმნის შედეგები მინიმალური ან სულაც არ იქნება განმცხადებლის ოჯახურ ცხოვრებასთან მიმართებით. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მე-8 მუხლი ასევე იცავს ერთსქესიანთა ოჯახურ ცხოვრებას და მათ შვილებს (იხილეთ შჩალკი და კოპფი ავსტრიის წინააღმდეგ (Schalk and Kopf v. Austria), ციტირება მაღლა, §§ 91 და 94). შესაბამისად, ოჯახური ცხოვრების ხელმისაწვდომი დაცვის გადმოსახედიდან არ აქვს მნიშვნელობა განმცხადებლის ურთიერთობა ეფუძნება ქორწინებას თუ რეგისტრირებულ პარტნიორობას.
86. ოჯახური ცხოვრების ასპექტები ასევე იკვეთება განმცხადებლის ურთიერთობაში ქალიშვილთან. რადგანაც განმცხადებლის მამობა მისი ქალიშვილის მიმართ უკვე დადგენილია ქორწინების პერიოდში, სასამართლო დარწმუნდა, რომ ფინური კანონმდებლობის თანახმად ქორწინების გარდაქმნას რეგისტრირებულ პარტნიორობად არ ექნება რაიმე ზეგავლენა განმცხადებლის შვილის მიმართ მამობაზე. შესაბამისად ის კვლავ მიიჩნევა კანონიერ ქორწინებაში დაბადებულად. უფრო მეტიც, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, ფინურ სისტემაში ქორწინებიდან გამომდინარე მამობა ან დადგენილი მამობა არ შეიძლება გაბათლდეს იმ საფუძვლით, რომ მამაკაცი მოგვიანებით ქირურგიული ჩარევით შეიცვლის სქესს და გახდება ქალი. ეს დადასტურებულია იმ ფაქტით, რომ როგორც მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, ფინეთში აქამდე შემდგარი გარდაქმნისას მშობლისა და შვილის კანონისმიერი ურთიერთობა არ შეცვლილა. მამის სქესის ცვლილებას ასევე არანაირი სამართლებრივი ზეგავლენა არ ქონდა ბავშვის ზრუნვის, მეურვეობისა და რჩენის პასუხსიმგებლობა, რადგანაც ფინეთში ეს პასუხისმგებლობა ეფუძნება მშობლობას, მიუხედავად სქესისა ან პარტნიორობის ფორმისა. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განმცხადებლის ქორწინების გარდაქმნას რეგისტრირებულ პარტნიორობად ვერ ექნება ზეგავლენა მის ოჯახურ ცხოვრებაზე, რაც კონვენციის მე-8 მუხლით არის დაცული.
87. მართალია სამწუხაროა, რომ განმცხადებელი ყოველდღიურად ხვდება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც არასწორი საიდენტიფიკაციო ნომერი უხერხულობას უქმნის მას, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს რეალური შესაძლებლობა აქვს შეცვალოს ეს ვითარება: მისი ქორწინება შეიძლება ნებისმიერ მომენტში გარდაიქმნას, ex lege, რეგისტრირებულ პარტნიორობად, მეუღლის თანხმობით. სასამართლოს აზრით თანაზომიერია შეცვლილი სქესის სამართლებრივი აღიარების წინაპირობად იმის მოთხოვნა, რომ განმცხადებლის ქორწინება უნდა გარდაიქმნას რეგისტრირებულ პარტნიორობად, რადგანაც ეს არის რეალური შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს კანონისმიერ დაცვას ერთსქესიანთა წყვილებისთვის, რაც თავის მხრივ ქორწინების იდენტურია (იხილეთ პარი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Parry v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება) (ციტირება მაღლა). ამ ორ სამართლებრივ კონცეფციას შორის მცირედი განსხვავება არ არის საკმარისი მოქმედი ფინური სისტემის ნაკლულად მისაჩნევად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების გადმოსახედიდან.
88. და ბოლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ფინური სისტემა ერთიანობაში არ მიიჩნევა არაპროპორციულად განმცხადებელზე მისი ზეგავლენის თვალსაზრისით და სამართლიანი ბალანსი არსებობს წინამდებარე საქმეზე კონკურენტულ ინტერესებს შორის.
89. შესაბამისად, კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.
II. კონვენციის მე-12 მუხლის სავარაუდო დარღვევა
90. განმცხადებელმა სასამართლოსთვის წარდგენილ განაცხადში თავდაპირველად არ მიუთითა კონვენციის მე-12 მუხლზე. თუმცა 2010 წლის 23 მარტს პალატამ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა განმცხადებელთან კომუნიკაცია გაეგრძელებია კონვენციის მე-12 მუხლზე დაყრდნობით.
91. კონვენციის მე-12 მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონის შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას.”
A. პალატის გადაწყვეტილება
92. პალატამ 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე არ იკვეთება რაიმე საკითხი, რაც ექცევა კონვენციის მე-12 მუხლის მოქმედების ქვეშ, რომელიც თავის მხრივ ქორწინების უფლების გარანტია. განმცხადებელი კანონიერ ქორწინებაში იმყოფება 1996 წლიდან. სადავო საკითხი მეტადრე ეხება განმცხადებლის მიერ სქესის შეცვლის შედეგებს განმცხადებელსა და მის მეუღლეს შორის ქორწინებისთვის, რაც უკვე შესწავლილ იქნა კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით. ამ მიგნებებთან მიმართებით, პალატამ არ მიიჩნია აუცილებლად საქმის გარემოებათა ცალკე შესწავლა კონვენციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
B. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებელი
93. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ პალატამ მიიღო “აიღე და აარჩიე” მიდგომა კონვენციის მე-12 მუხლთან მიმართებით. მე-12 მუხლთან მიმართებით გაკეთებული ანალიზი მნიშნველოვანი იქნებოდა, რადგანაც ის საჭიროებს მე-8 მუხლისგან განსხვავებულ ტესტს, კერძოდ კი ქორწინების სავალდებულო შეწყვეტას აქვს თუ არა ზეგავლენა “ქორწინების უფლების არსზე” სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შესაბამისობაში. ეს ასევე შეავსებდა კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით განმცხადებლის საოჯახო უფლებების მიმოხილვის ხარვეზებს.
94. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-12 მუხლი ან უნდა განიმარტოს ვიწროდ, როგორც მხოლოდ ქორწინების გაფორმებაზე გავრცელებადი, ან უფრო ფართოდ განიმარტოს, რათა ასევე მოიცვას ქორწინების მიმდინარეობა. წინა საქმეზე მე-12 მუხლი არ არის რელევანტური განმცხადებლის მდგომარეობაზე, რადგანაც ქორწინების მომენტში ისინი საპირისპირო სქესის წყვილს წარმოადგენდნენ. თუმცა წინამდებარე საქმეზე ტესტი იმის შესახებ “იძულებითი” განქორწინება ზეგავლენას ახდენდა თუ არა “ქორწინების უფლების არსზე” უნდა დაკმაყოფილდეს. განმცხადებლის წერილობით მოსაზრებაში ეს უკანასკნელი განმარტება მოქმედებდა, რადგანაც წინამდებარე საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან აღწერილი ფორმით ქორწინებაში ჩარევის შესაძლებლობა ქორწინების უფლებას მეტად არაეფექტურს ხდიდა. შესაბამისად, ამგვარი ფორმულირებით კონვენციის მე-12 მუხლი გავრცელდებოდა წინამდებარე საქმეზე და მოითხოვდა ამ მუხლთან მიმართებით შესწავლას.
2. მოპასუხე სახელმწიფო
95. მოპასუხე სახელმწიფომ გაიზიარა პალატის მოსაზრება, რომ არ იყო აუცილებელი საქმის ფაქტობრივი გარემოებების ცალკე შესწავლა კონვენციის მე-12 მუხლთან მიმართებით. სასამართლოს პრეცედენტული სამართალი არ იცავდა განმცხადებლის სურვილს, დარჩენილიყო მის ქალ მეუღლესთან მისი ახალი სქესის დადასტურების შემდგომ და საკითხი, თუ როგორ უნდა მოწესრიგებულიყო სქესის შეცვლის შედეგები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა. უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ წინამდებარე საქმეზე დაადგინა, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ არის მიმართული იმ ფაქტის ცვლილებაზე, რომ მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შეუძლიათ ქორწინება, არამედ უშვებს ურთიერთობის გაგრძელებას რეგისტრირებულ პარტნიორობად, რაც კანონით დაცულია და ედრება ქორწინებას. ქორწინების ინსტიტუტის გარდაქმნა სქესის მიმართ ნეიტრალურად საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.
C. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
96. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ კონვენციის მე-12 მუხლი არის lex specialis ქორწინების უფლებასთან მიმართებით. ის იცავს მამაკაცისა და ქალის უფლებას ქორწინებაზე და ოჯახის შექმნაზე. მე-12 მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ქორწინება რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. ის ითვალისწინებს ქორწინების ტრადიციულ კონცეფციას, ქალისა და მამაკაცის კავშირს (იხილეთ რიისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Rees v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, § 49). მართალია რამდენიმე ხელშემკვრელმა ქვეყანამ ქორწინება გაავრცელა ერთსქესიან პარტნიორებზეც, მე-12 მუხლი ვერ განიმარტება როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოზე ვალდებულების დამდგენი, ქორწინება ხელმისაწვდომი გახადოს ერთსქესიანი წყვილებისთვისაც (იხილეთ შჩალკი და კოპფი ავსტრიის წინააღმდეგ (Schalk and Kopf v. Austria), ციტირება მაღლა, § 63).
2. ხსენებული პრინციპების მოქმედების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
97. განსახილველი საკითხი ეხება განმცხადებლის მიერ სქესის ცვლილების შედეგებს განმცხადებელსა და მის მეუღლეს შორის არსებულ ქორწინებაზე. დიდი პალატა ისევე როგორც პალატა ადგენს, რომ ეს საკითხი უკვე შესწავლილ იქნა კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე და შედეგად დადგინდა აღნიშნული მუხლის დარღვევა. ამ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-12 მუხლთან მიმართებით ცალკე საკითხი არ დგება და შესაბამისად სხვა დამოუკიდებელი მიგნება არ გამოკვეთილა ამ მუხლთან მიმართებით.
III. მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-8 და მე-12 მუხლებთან ერთობლიობაში
98. განმცხადებელი ჩიოდა კონვენციის მე-14 მუხლზე დაყრდნობით, რომ მისი რეალური სქესის შესაბამისი, მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომრის გაცემაზე უარით სახელმწიფო მის დისკრიმინაციას ახდენდა. ის ფაქტი, რომ მას უარი უთხრეს მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომერზე, ააშკარავებს კონფიდენციალურ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის იყო ტრანსსექსუალი, რადგანაც სხვა პირებისგან განსხვავებით, მან უნდა განმარტოს ეს განსხვავება, როდესაც დგება საიდენტიფიკაციო ნომრის საჭიროება.
99. კონვენციის მე-14 მუხლი შემდეგი შინაარსისაა:
“ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედუელებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.”
A. პალატის გადაწყვეტილება
100. 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში პალატამ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-14 მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.
101. პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებლის საჩივარი კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით უკავშირდებოდა მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომრის მოპოვების შეუძლებლობას. განმცხადებელი თავის მდგომარეობას ადარებდა სხვა ადამიანთა მდგომარეობას, მათ შორის სისექსუალთა და დაუქორწინებელ ტრანსსექსუალთა მდგომაროებას. პალატისთვის ეს მდგომარეობები არ იყო საკმარისად მსგავსი, რომ ერთმანეთს შედარებოდა. შესაბამისად განმცხადებელი ვერ ამტკიცებდა, რომ ის სხვა კატეგორიის პირების მსგავს ვითარებაში იყო.
102. უფრო მეტიც, პალატამ აღნიშნა, რომ არსებითად წინამდებარე საქმეზე პრობლემა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ფინური კანონმდებლობა არ უშვებს ერთსქესიანთა ქორწინებას. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მე-8 და მე-12 მუხლები ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ ავალდებულებს ერთსქესიანი წყვილებისთვის უზრუნველყოს ქორწინებაზე ხელმისაწვდომობა. ვერც კონვენციის მე-14 მუხლი, მე-8 მუხლთან ერთობლიობაში ვერ განიმარტება ხელშემკვრელი სახელმწიფოების მავალდებულებლად, უზრუნველყოს ერთსქესიანი წყვილებისთვის ქორწინებაში დარჩენის უფლება. შესაბამისად, ვერ გაცხადდება, რომ მოხდა განმცხადებლის დისკრიმინირება სხვა პირებთან შედარებით, როდესაც მან ვერ შეძლო მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომრის მიღება, მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ მიიჩნეოდა, რომ ის სხვების მსგავს ვითარებაში იყო. პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი, მე-8 მუხლთან ერთობლიობაში.
B. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებელი
103. განმცხადებელი ამტკიცებდა კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე, რომ მის მიმართ ადგილი ქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას ორ შემთხვევაში.
104. პირველ ყოვლისა მას უნდა შეესრულებია დამატებითი მოთხოვნა, მისი ქორწინების შეწყვეტის შესახებ, რათა მოეპოვებია სქესის სამართლებრივი აღიარება. შესაბამისად ის დისკრიმინაციას დაექვემდებარა სისექსუალებთან მიმართებით, რომელთაც მიაღწიეს სქესის სამართლებრივ აღიარებას ავტომატურად, დაბადებისთანავე, რაიმე დამატებითი მოთხოვნის შესრულების გარეშე. მოპყრობაში ამ განსხვავების გამო ის აწყდებოდა ყოველდღიურ პრობლემებს.
105. მეორე, განმცხადებელი, მისი ცოლი და შვილი ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში მყოფ პირებთან შედარებით ნაკლები დაცვით სარგებლობდა, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რომლებიც ასოცირდებოდა განმცხადებლის გენდერულ იდენტობასთან. სისექსუალთა ქორწინება არ იდგა “იძულებითი” განქორწინების რისკის წინაშე, ისევე როგორც განმცხადებლის ქორწინება. თუმცა, გენდერული იდენტობა უკვე საყოველთაოდ აღიარებული იყო, როგორც საფუძველი, აკრძალული დისკრიმინაციისგან დაცვისთვის.
2. მოპასუხე სახელმწიფო
106. მოპასუხე სახელმწიფო ეთანხმება იმას, რომ ამ შემთხვევაში კონვენციის მე-14 მუხლის მოქმედება ვრცელდება, რადგანაც საქმე ექცევა კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში, მაგრამ არ ეთანხმება იმას, რომ არსებობს ცალკე საკითხი მე-14 მუხლთან მიმართებით. მიუხედავად სასამართლოს განსხვავებული მოსაზრებისა, მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ სისექსუალები არ იყვნენ განმცხადებლის მსგავს მდგომარეობაში, რადგანაც ისინი არ იცვლიდნენ სქესს. ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზე იყო ობიექტური და გონივრული დასაბუთება. ფინეთის სამართლებრივი სისტემა კრძალავდა დისკრიმინაციას ტრანსსექსუალიზმის საფუძვლით.
C. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
107. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-14 მუხლი ავსებს კონვენციის ყველა მატერიალურ ნორმებსა და დამატებით ოქმებს. ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს, რადგანაც მოქმედებს მხოლოდ ამ ნორმებით გარანტირებული “უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან” მიმართებით. მართალია მე-14 მუხლის მოქმედება წინაპირობად არ საჭიროებს იმ ნორმების დარღვევას და ამ თვალსაზრისით ის ავტონომიურია, მისი მოქმედების გავრცელებისთვის შესაძლოა არ იყოს საკმარისი სივრცე თუკი განსახილველი ფაქტები არ ექცევა ამ უკანასკნელთაგან ერთის ან რამდენიმეს მოქმედების სფეროში (იხილეთ, მაგალითად, E.B. საფრანგეთის წინააღმდეგ (E.B. v. France) [დიდი პალატა], # 43546/02, § 47, 22 იანვარი, 2008; და ვალიანატოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Vallianatos and Others v. Greece) [დიდი პალატა], ## 29381/09 და 32684/09, § 72, ECHR 2013).
108. სასამართლომ თავის პრეცედენტულ სამართალში დაადგინა, რომ საკითხის მე-14 მუხლთან მიმართებით განსახილველად სახეზე უნდა იყოს შედარებით მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა. მოპყრობის ამგვარი განსხვავებულობა დისკრიმინაციულია თუკი მას არ აქვს რაიმე მიზანი და გონივრული დასაბუთება; სხვა სიტყვებით თუკი ის არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს ან არ არსებობს გონივრული თანაზომიერება გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის. ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით იმის შეფასებისას სხვა მხრივ მსგავს ვითარებაში ამართლებს თუ არა და რა ფარგლებში მოპყრობის განსხვავებულობას (იხილეთ ბარდენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Burden v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 13378/05, § 60, ECHR 2008).
109. მეორეს მხრივ, სასამართლომ მრავალგზის დაადგინა, რომ სქესსა და სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული განსხვავებები საჭიროებს განსაკუთრებით სერიოზულ დასაბუთებას (იხილეთ სმიტი და გრეიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Smith and Grady v. the United Kingdom), # 33985/96 და # 33986/96, § 90, ECHR 1999‑VI; L. და V. ავსტრიის წინააღმდეგ (L. and V. v. Austria), # 39392/98 და # 39829/98, § 45, ECHR 2003‑I; კარნერი ავსტრიის წინააღმდეგ (Karner v. Austria), # 40016/98, § 37, ECHR 2003‑IX; კონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ (Konstantin Markin v. Russia) [დიდი პალატა], # 30078/06, § 127, ECHR 2012 (ამონარიდები); X და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (X and Others v. Austria) [დიდი პალატა], # 19010/07, § 99, ECHR 2013; და ვალიანატოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (Vallianatos and Others v. Greece) [დიდი პალატა], ციტირება მაღლა, § 77). მეორეს მხრივ შეფასების ფართო ფარგლები როგორც წესი სახელმწიფოთათვის კონვენციით დაშვებულია როდესაც საქმე ეხება ეკონომიკური და სოციალური სტრატეგიის ზოგად ღონისძიებებს მაგალითად (იხილეთ, მაგალითისთვის, სტეკი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Stec and Others v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 65731/01 და # 65900/01, § 52, ECHR 2006‑VI). თავისუფალი შეფასების ფარგლები განსხვავებული იქნება გარემოებების, საგნისა და წინაპირობების მიხედვით; აღნიშნულთან მიმართებით ერთერთი რელევანტური ფაქტორი შესაძლოა იყოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების სამართალში საერთო საფუძვლის არსებობა ან არ არსებობა (იხილეთ პეტროვიჩი ავსტრიის წინააღმდეგ (Petrovic v. Austria), 27 მარტი 1998 წ., § 38, ანგარიშები 1998‑II).
2. აღნიშული პრინციპების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
110. წინამდებარე საქმეზე სადავო არ არის, რომ განმცხადებლის მდგომარეობა ექცევა “პირადი ცხოვრებისა” და “ოჯახური ცხოვრების” დეფინიციაში კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით, ისევე როგორც კონვენციის მე-12 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, მე-14 მუხლის მოქმედება ვრცელდება კონვენციის მე-8 და მე-12 მუხლებთან ერთობლიობაში.
111. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის საჩივრები კონვენციის მე-14 მუხლთან მიმართებით ეხება მის მოთხოვნას მდედრობითი სქესის საიდენტიფიკაციო ნომრის მიღებაზე და პრობლემებებს, რაც მას შეექმნა აღნიშნულთან მიმართებით. თავის საჩივრებში განმცხადებელი მის მდგომარეობას სისექსუალთა მდგომარეობას ადარებდა, რომელთაც სქესის სამართლებრივი აღიარება ავტომატურად, დაბადებისთანავე მიიღეს და ვისი ქორწინებაც განმცხადებლის თანახმად იგივე ფორმით არ იდგა “იძულებითი” განქორწინების რისკის ქვეშ, ისევე როგორც მისი.
112. დიდი პალატა ეთანხმება პალატას, რომ განმცხადებლის მდგომარეობა და სისექსუალთა მდგომარეობა არ არის საკმარისად მსგავსი შედარებისთვის. შესაბამისად განმცხადებელი ვერ ამტკიცებს, რომ სისექსუალების მსგავს მდგომარეობაშია.
113. და დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას კონვენციის მე-8 და მე-12 მუხლებთან ერთობლიობაში, არ ქონდა ადგილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო
1. ადგენს, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი;
2. ადგენს, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ არ არსებობს საქმის კონვენციის მე-12 მუხლთან მიმართებით შესწავლის საჭიროება;
3. ადგენს, თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ქონდა მე-14 მუხლის დარღვევას კონვენციის მე-8 და მე-12 მუხლებთან მიმართებით.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად და გამოცხადდა საჯაროდ 2012 წლის 16 ივლისს, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა შენობაში.
იოჰან კალევაერტიდინ სპიელმანი
სასამართლო მდივნის მოადგილე თავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
(a) მოსამართლე ზიემელეს დამადასტურებელი მოსაზრება;
(b) მოსამართლე შაიოს, კელერისა და ლემენსის ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება.
D.S.
J.C.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy