Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N102
2007 წლის ნოემბერი
ჰამერი ბელგიის წინააღმდეგ (Hamer v. Belgium)
(საჩივარი- 21861/03)
გადაწყვეტილება, 27 ნოემბერი, 2007 [მე-2 სექცია]
მე-6 მუხლი
სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება
მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
სისხლისსამართლებრივი ბრალდება
სამართალწარმოება, რომელსაც შედეგად მოყვა დაგეგმარების ნებართვის გარეშე სახლის დანგრევა: მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება
1-ლი დამატებით ოქმის 1-ლი მუხლი
პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი
საკუთრება
სააგარაკე სახლი, რომლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, გაირკვა რა, რომ სახლი დაგეგმარების ნებართვის გარეშე აშენდა: 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მოქმედება ვრცელდება
1-ელი დამატებით ოქმის 1-ელი მუხლის მე-2 პარაგრაფი
საკუთრების სარგებლობაზე კონტროლი
ბრძანება ტყეში აგებული იმ სააგარაკე სახლის დემონტაჟის შესახებ, რომელზეც მშენებლობის აკრძალვა ვრცელდებოდა: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები – 1967 წელს მომჩივნის მშობლებმა სააგარაკე სახლი მიწის ნაკვეთზე, დაგეგმარების ნებართვის გარეშე ააშენეს. მომჩივნის დედის გარდაცვალების შემდეგ, დოკუმენტი, რომელიც ასახავდა მამასთან ქონების გაყოფას, ცალსახად მიუთითებდა ამ შენობის არსებობას. დოკუმენტი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ იყო დარეგისტრირებული, რომელსაც აღნიშნულისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებელიც ჰქონდა მიღებული. მამის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიულად დამოწმებულ გაყოფის დოკუმენტშიც სახლი გარკვევით იყო ნახსენები, როგორც სააგარაკე სახლი და მომჩივანმა გადაიხადა შესაბამისი, მემკვიდრეობის გადასახადი. ყოველწლიურად მომჩივანი იხდიდა დანამატს უძრავი ქონების გადასახადზე და ქონების გადასახადს მეორე სახლისთვის. ნაწილობრივ მთავრობის მიერ კონტროლირებადმა წყლის კომპანიამ სახლი საკომუნიკაციო ქსელთან დააკავშირა, რასაც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 1994 წლისთვის პოლიციამ მოამზადა ორი ანგარიში, პირველი ეხებოდა სატყეო რეგულაციების დარღვევით ხეების მოჭრას, ხოლო მეორე კი - დაგეგმარების ნებართვის გარეშე სახლის ტყის იმ მონაკვეთში აშენებას, სადაც დაგეგმარების ნებართვა არ გაიცემოდა. 1999 წელს მომჩივანი სახელმწიფო პროკურორმა დაიბარა ნებართვის გარეშე აშენებული სააგარაკე სახლის ფლობისა და სატყეო დეკრეტის დარღევით, დაახლოებით ორმოცდაათამდე ფიჭვის ხის მოჭრის გამო. სისხლის სამართლის სასამართლომ მომჩივანი გაამართლა. პროკურატურის ორგანოებმა საჩივრით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, გაამართლა რა მომჩივანი ხეების მოჭრის ნაწილში, თუმცა „რეგიონული განვითარების ორგანიზების შესახებ“ დეკრეტის საფუძველზე, დამნაშავედ ცნო ნებართვის გარეშე აშენებული სახლის ფლობისთვის.
იმაზე მითითებით, რომ სამართალწარმოება გონივრულ დროზე უფრო დიდხანს გაგრძელდა, სააპელაციო სასამართლომ მომჩივანი უბრალოდ დამნაშავედ ცნო და დაავალა ტერიტორიის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც სახლის დემონტაჟს გულისხმობდა. მომჩივანმა საჩივარი შეიტანა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა წარმოადგენდა არა სანქციას, არამედ კონკრეტულ სამოქალაქოსამართლებრივ ზომას. შედეგად, 2004 წლის ივლისში, სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე სახლის დემონტაჟი განხორციელდა.
სამართალი – მუხლი 6.1 (გონივრული ვადა) - სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მომჩივნის წინააღმდეგ მხოლოდ ბრალის დადგენის ფაქტი, მას არ ართმევდა მსხვერპლის სტატუსს, ვინაიდან იმავდროულად სასამართლომ მომჩივანს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა დაავალა.
მოცემულ საქმესთან მიმართებით, მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება მისი სისხლისსამართლებრივი ასპექტების ჭრილში, რადგანაც დემონტაჟის ღონისძიება კონვენციის მიზნებისთვის შეიძლება ჩაითვალოს „სასჯელად“.
მართალია, საქმის არსებითი განხილვის დრო არ შეიძლება ჩაითვალოს არაგონივრულად (სამ წელიწად ნახევარზე ოდნავ მეტი დასჭირდა არსებით განხილვას სამი ინსტანციის სასამართლოში), პოლიციის ოქმით, რომელშიც აღნიშნულია ნაგებობის არაკანონიერი ბუნება, დაფიქსირდა დრო როდიდანაც მოხდა მომჩივნის „ბრალდება“ [სტრასბურგის] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობით და როდიდანაც დაიწყო გონივრული ვადის ათვლა. შესაბამისად, საქმის განხილვას დასჭირდა 8-დან 9 წლამდე პერიოდი სამი ინსტანციის განხილვისთვის, მათ შორის 5 წელი დასჭირდა საგამოძიებო სტადიას, მიუხედავად იმისა, რომ საქმე არ იყო განსაკუთრებული სირთულის.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი - ნაგებობა ოცდაშვიდი წლის განმავლობაში არსებობდა, სანამ სახელმწიფო ორგანოები ოფიციალურად დააფიქსირებდნენ დარღვევას. სივრცითი დაგეგმარების კანონმდებლობის დარღვევის დაფიქსირება უდავოდ სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობას განეკუთვნებოდა, აგრეთვე მათ ვალდებულებას წარმოადგენდა ამ მიზნისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი იყო ნაგებობის არსებობა, რადგანაც ხდებოდა შესაბამისი გადასახადების გადახდა. მოკლედ რომ შეჯამდეს, ხელისუფლების ორგანოები ოცდაშვიდი წლის განმავლობაში შემწყნარებლები იყვნენ ან ფაქტის მიმართ და არაფერი შეცვლილა სამართალდარღვევის დაფიქსირებიდან მომდევნო ათი წლის განმავლობაშიც. ამდენი წლის [სარგებლობის] შემდეგ, სააგარაკე სახლით სარგებლობის მომჩივნის ინტერესი მაღალი იყო და წარმოადგენდა არსებით ინტერესს, შესაბამისად, „საკუთრებას“ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის. მომჩივანს ჰქონდა „ლეგიტიმური მოლოდინი“, რომ გააგრძელებდა საკუთრებით სარგებლობას. მომჩივნის საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში ჩარევა, რაც გამოიწვია სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებამ სახლის დემონტაჟის შესახებ, გათვალისწინებული იყო კანონით და ემსახურებოდა საჯარო მიზანს- კერძოდ, გაკონტროლებულიყო საკუთრებით სარგებლობა ზოგადი ინტერესების შესაბამისად, სადავო საკუთრების მიწათსარგებლობის გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის გზით, რომელიც განსაზღვრავს ტყის მასივს, სადაც მშენებლობა დაუშვებელია.
რაც შეეხება ჩარევის პროპორციულობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ გარემო ღირებულია და ეკონომიკურ იმპერატივსა და თვით ზოგიერთ ფუნდამენტურ უფლებას, მაგალითად, როგორიცაა საკუთრების უფლება, არ შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს გარემოსთან მიმართებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ეს საკითხი კანონმდებლობით აქვს რეგულირებული. ამის შემდგომ სახელმწიფო ორგანოებს ევალება სათანადო დროს გაატარონ აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ გარემოსდაცვითი ღონისძიებები, რომელთა გამოყენებაც მათ გადაწყვიტეს, არ აღმოჩნდეს არაეფექტური. შესაბამისად, დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა იმის უზრუნველყოფით, რომ ინდივიდუალურ და კოლექტიურ ინტერესებს შორის გონივრული ბალანსი დაცულია.
,,79. ,,სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის არცერთი მუხლი არ ითვალისწინებს გარემოს დაცვის უფლებას, როგორც ასეთს (იხ. Kyrtatos v. Greece, no. 41666/98, § 52, ECHR 2003-VI), დღევანდელ საზოგადოებაში გარემოს დაცვა უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. გარემოს დაცვა აჩენს მუდმივ ინტერესს საზოგადოებისა და შესაბამისად ხელისუფლების ორგანოების მხრიდან. ეკონომიკურ იმპერატივსა და თვით ზოგიერთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა საკუთრების უფლება, არ შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს გარემოსთან მიმართებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ეს საკითხი კანონმდებლობით აქვს რეგულირებული. შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოები კისრულობენ ვალდებულებას, რაც პრაქტიკაში სათანადო დროს მათ ჩარევას გულისხმობს, უზრუნველყონ, რომ გარემოს დაცვის მიზნით მიღებული საკანონმდებლო ნორმები არაეფექტიანი არ იყოს.
80. ამრიგად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვები შეიძლება იყოს იმ პირობით, რომ კერძო და საჯარო ინტერესს შორის დაცული იქნება სამართლიანი ბალანსი.
81. სასამართლოს ეჭვები არ აქვს გასაჩივრებული ღონისძიებით მისაღწევი მიზნის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ეს მიზანია: ტყის ზონის დაცვა, სადაც აკრძალულია მშენებლობა.’’
ამდენად, სადავო ღონისძიება ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს ტყის იმ ნაწილის დაცვისა, სადაც მშენებლობა აკრძალული იყო. სააგარაკე სახლის მესაკუთრეებმა შეუფერხებლად ისარგებლეს საკუთრებით ოცდაჩვიდმეტი წლის განმავლობაში, უწყვეტად. ოფიციალური დოკუმენტები, გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შესრულებული სამუშაო მიუთითებდა იმაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი იყო სახლის არსებობის შესახებ და მას შემდეგ რაც სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ კიდევ ხუთი წელი დასჭირდათ საქმის წარმოების დაწყებისთვის, რითაც ისინი ხელს უწყობდნენ არსებულ მდგომარეობას, რაც თავის მხრივ შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდა ტყის დაცვაზე, თუმცა, ბელგიურ კანონმდებლობაში არ არსებობდა ნორმები იმ შენობებთან მიმართებით, რომლებიც მსგავსი ტყის მასივში იყო აშენებული. სამართალდარღვევაზე არ ვრცელდებოდა ბელგიური კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები და სახელმწიფო ორგანოების დისკრეციაზე იყო დამოკიდებული, თუ რა დროს აღასრულებდნენ კანონს. ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის გარდა სხვა ღონისძიება ვერ ჩაითვლებოდა სათანადოდ, რადგანაც ტყის მთლიანობა უდავოდ ირღვეოდა იქ, სადაც მშენებლობა დაუშვებელი იყო. უფრო მეტიც, იმ საქმეებისგან განსხვავებით, სადაც არსებობდა სახელმწიფო ორგანოების არაპირდაპირი თანხმობა, ეს სახლი აშენებული იყო რაიმე ოფიციალური ნებართვის გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩარევა არ შეიძლება ჩაითვალოს არაპროპორციულად.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 5 000 ევრო არამატერიალურ ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy