© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #176
ივლისი 2014
ჰარაკჩიევი (Harakchiev) და ტოლუმოვი (Tolumov) ბულგარეთის წინააღმდეგ - 15018/11 და 61199/12
გადაწყვეტილება 8.7.2014 [სექცია IV]
მუხლი 3
დამამცირებელი სასჯელი
არაადამიანური სასჯელი
მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობამისჯილთა ციხის რეჟიმი, რომელიც სასჯელის შემცირების მისაღწევად რეაბილიტაციის არაადეკვატურ შესაძლებლობებს ქმნიდა: დარღვევა
ფაქტები – ორ განმცხადებელს უვადო პატიმრობა ქონდათ შეფარდებული, ერთს - გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე, ხოლო მეორეს ამგვარი შესაძლებლობით. ორივე განმცხადებელი განთავსებული იყო უვადო პატიმრებისთვის განსაზღვრულ მკაცრი პატიმრობის რეჟიმში, რაც გულისხმობდა დღის უდიდეს მონაკვეთში სამარტო საკანში მუდმივ განთავსებას სხვა პატიმრებისგან იზოლირებით. ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ განაცხადებში ისინი ჩიოდნენ პატიმრობის პირობების (კონვენციის მე-3 მუხლი) და ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშულებების ნაკლებობის გამო (მე-13 მუხლი).
ამასთან, პირველი განმცხადებელი ჩიოდა, რომ მისი უვადო პატიმრობა, გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე და რეაბილიტაციის პერსპექტივის გარეშე უტოლდებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს რაც მე-3 მუხლს არღვევდა. უვადო პატიმრობა, გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე ბულგარეთში ამოქმედდა 1998 წლის დეკემბერში სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდგომ. ეს სასჯელი არსებობს “მარტივი” უვადო პატიმრობის პარალელურად, რომელიც გადასინჯვას ექვემდებარება. 2006 წლის 13 ოქტომბრიდან მოქმედი ბულგარეთის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება შეწყალებაზე ასევე მოიცავს უვადო პატიმრობის ყველა ფორმის გადასინჯვას, მათ შორის გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე შეფარდებული უვადო პატიმრობისა. 2012 წელს ბულგარეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა*, რომ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელება უნდა მოხდეს არა შეუზღუდავად, არამედ უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ღირებულებათა და პრინციპების გათვალისწინების ვალდებულების ფარგლებში და თანასწორობის, ჰუმანურობის, თანაგრძნობის, მიმტევებლობის, მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობისა და მსჯავრდებულის პიროვნების ნებისმიერი პოზიტიური ცვლილებების გათვალისწინებით. 2012 წელს შეიქმნა შეწყალების კომისია შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე რჩევების გაცემისთვის და დაადგინა მისივე მუშაობის წესები.
კანონმდებლობა – მუხლი 3
(a) პატიმრობის პირობები (ორივე განმცხადებლის შემთხვევაში) – განმცხადებლები მუდმივად იყვნენ განთავსებული ჩაკეტილ სამარტოო საკნებში, პატიმრობის მთელი პერიოდის განმავლობაში სხვა პატიმრებისგან იზოლირებით. ისინი თავიანთ საკნებში ატარებდნენ დღეში 21-22 საათს და არ შეეძლოთ სხვა პატიმრებთან ურთიერთობა, მათ შორის იგივე განყოფილებაში განთავსებულებთან. უვადო პატიმრების ავტომატური განცალკევება სხვა პატიმრებისგან და ერთამენთისგან, იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის არ არსებობს საკნის გარეთ რაიმე აქტივობა ან საკნის შიგნით რაიმე მამოტივირებელი, თავისთავად წარმოშობს საკითხებს კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით. არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ განმცხადებელთაგან რომელიმე ამგვარი მკაცრი ზომების აუცილებლობის შემქმნელ საფრთხეს წარმოადგენდა. მართლაც, განმცხადებლების იზოლირება დიდწილად წარმოადგენდა ციხის რეჟიმის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ავტომატური შეფარდების შედეგს და არა მათ ქცევასთან მიმართებით გატარებულ უსაფრთხოების ზომებს. ამასთან ერთად განმცხადებლებს შეზღუდული ხელმისაწვდომობა ქონდათ საკნის გარეთ ვარჯიშსა და გონივრულ აქტივობებზე და რადგანაც მათთვის ნებადართული იყო საკნის დატოვება დღეში მხოლოდ სამჯერ, საპირფარეშოთი სარგებლობისთვის, ისინი იძულებული იყვნენ ესარგებლათ სათლებით.
პატიმრობის პირობებისა და პატიმრობის ხანგრძლივობის (12 და 14 წლის განმავლობაში) კუმულატიური ეფექტის შედეგად განმცხადებლების მიერ განცდილი დათრგუნულობა და განცდები აჭარბებდა პატიმრობის თანმდევი ტანჯვის გარდაუვალ ხარისხს და ცდებოდა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც დადგენილი იყო მე-3 მუხლის დარღვევისთვის. ეს წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
(b) უვადო პატიმრობა გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე (პირველი განმცხადებელი) – [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ შეუმცირებადი უვადო პატიმრობის შეფარდება შესაძლოა აღძრავდეს საკითხებს მე-3 მუხლთან მიმართებით. თუმცა, უვადო პატიმრობა ვერ იქცევა “შეუმცირებადად” მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ პრაქტიკაში შესაძლოა მოხდეს მისი სრულად აღსრულება: მე-3 მუხლის მიზნებისთვის საკმარისი იყო, რომ ამგვარი სასჯელი დე იურე და დე ფაქტო შემცირებადი იყო** მე-3 მუხლთან შესაბამისობა დადგინდებოდა, თუკი უვადო პატიმრობის პირობებში იარსებებდა გათავისუფლების პერსპექტივა და გადასინჯვის შესაძლებლობა, რადგანაც პირის პატიმრობაში დატოვება ვერ მოხდება თუკი არ არსებობს ლეგიტიმური პენოლოგიური საფუძვლები, რაც ასევე მოიცავს რეაბილიტაციას პატიმრობის პერიოდში. მთელი სიცოცხლის მანძილზე პატიმრობაშეფარდებული უფლებამოსილი იყო ცოდნოდა, სასჯელის მიმდინარეობისას რა უნდა გაეკეთებია გათავისუფლების საკითხის განხილვისთვის და რა პირობებში იყო ეს შესაძლებელი, მათ შორის როდის იქნებოდა შესაძლებელი ან განჭვრეტადი მისი სასჯელის გადასინჯვა.***
მართალია ნათელი იყო, რომ 2006 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ პირველი განმცხადებლის სასჯელი დე იურე შემცირებადი იყო, ამ დრომდე მისი მდგომარეობა ნაკლებად იყო ნათელი. თუმცა მიუხედავად დე იურე შემცირებადობისა, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ შესაბამისი დროისთვის სასჯელი დე ფაქტო შემცირებადი იყო ან რომ პირველ განმცხადებელს შეეძლო ცოდნოდა, რომ არსებობდა მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადასინჯვის საკითხის განხილვას.
2004 წლის ნოემბერში პირველი განმცხადებლის სასჯელის საბოლოოდ ძალაში შესვლიდან 2012 წლის დასაწყისამდე, პრეზიდენტის მიერ სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილების განხორციელება ბუნდოვანი იყო, ხელმისაწვდომი საჯარო პოლიტიკური განცხადებების გარეშე, ასევე სასჯელის გადასინჯვის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები არ იყო დასაბუთებული. პროცესი მოკლებული იყო რაიმე ფორმალურ ან თუნდაც არაფორმალურ გარანტიებს და ამ პერიოდში არ არსებობდა უვადო პატიმრის კონკრეტული მაგალითები, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე და მისთვის შესაძლებელი გახდა სასჯელის გადასინჯვა.
მას შემდეგ რაც ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებების, შეწყალების კომისიის პრაქტიკისა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების შედეგად 2012 წელს რეფორმების ინიცირების კვალდაკვალ მნიშვნელოვნად ნათელი გახდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, იმგვარად, რომ პირველი განმცხადებელი შესაძლოა განხილულიყო, როგორც იმის მცოდნე, რომ მექანიზმი არსებობდა მისი გათავისუფლების ან მისი სასჯელის გადასინჯვის შესაძლებლობის შექმნისთვის.
თუმცა, სასამართლოს ასევე უნდა განეხილა, პირველ განმცხადებელს მიეცა თუ არა რეფორმირების რეალური შესაძლებლობა. მართალია კონვენცია არ ქმნის რეაბილიტაციის უფლების გარანტიას და მართალია მე-3 მუხლი სახელმწიფო ორგანოებს არ განუსაზღვრავს პატიმრებისთვის რეაბილიტაციის ან რეინტეგრაციის პროგრამების და აქტივობების უზრუნველყოფის აბსოლუტურ ვალდებულებას, ის მოითხოვს სახელმწიფო ორგანოებისგან რომ მათ უვადო პატიმრებს მისცენ შანსი, თუნდაც შორეული, ერთ დღესაც მოიპოვონ თავისუფლება. იმისათვის რომ ეს შანსი იყოს ნამდვილი და ხელშესახები, სახელმწიფო ორგანოებმა უვადო პატიმრებს უნდა მისცეს სათანადო შესაძლებლობა თავიანთ რეაბილიტაციაზე. მართალია სახელმწიფოები ამ სფეროში სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით, უვადო პატიმრების პატიმრობის რეჟიმი და პირობები ვერ იქნება მიჩნეული უმნიშვნელო საკითხად. პირველი განმცხადებელი დაექვემდებარა ციხის განსაკუთრებით მკაცრ რეჟიმს, თითქმის სრული იზოლაციით და სოციალური კავშირების დამყარების მეტად შეზღუდული შესაძლებლობებით. ამ მეტად მძიმე რეჟიმის დამანგრეველი შედეგები, მისი განთავსების არადამაკმაყოფილებელ მატერიალურ პირობებთა ერთად მეტად ასუსტებდა პატიმრის რეფორმირების შესაძლებლობას და შესაბამისად რეალური იმედის გაღვივებას, რომ ერთ დღესაც ის შესაძლოდ მიაღწევდა და გამოავლენდა საკუთარ პროგრესს და მოიპოვებდა სასჯელის შემცირებას, ამას უნდა დაემატოს ასევე რეაბილიტაციასთან მიმართებით მისი პროგრესის თანმიმდევრული პერიოდული შეფასების არ არსებობა. შესაბამისად, მისი უვადო პაიტმრობა ვერ განიხილება დე ფაქტო შემცირებადად 2012 წლის რეფორმების შემდგომ პერიოდში.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე (ერთხმად) დაადგინა მე-13 მუხლის დარღვევა ბულგარეთის კანონმდებლობაში განმცხადებლებისთვის პატიმრობის პირობების გასაჩივრებისთვის სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების არ არსებობის საფუძვლით.
მუხლი 46: გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულებისთვის ბულგარეთმა, სასურველია საკანონმდებლო გზით, მოახდინოს გადასინჯვით ან გადასინჯვის გარეშე უვადო პატიმრობისთვის განსაზღვრული ციხის რეჟიმის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს რეფორმირება, კერძოდ კი, ყველა უვადო პატიმრისთვის ყველაზე შემზღუდავი ციხის რეჟიმისა და იზოლირების ავტომატური შეფარდება.
მუხლი 41: 4 000 ევრო პირველი განმცხადებლის და 3 000 ევრო მეორე განმცხადებლის სასარგებლოდ მათი პატიმრობის პირობებით გამოწვეული არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ; დარღვევის დადგენა სათანადო სამართლიან დაკმაყოფილებას უტოლდება იმ შესაძლო არამატერიალურ ზიანთან მიმართებით, რაც პირველმა განმცხადებელმა განიცადა გადასინჯვის შესაძლებლობის გარეშე მისი უვადო პატიმრობის შემცირების მოპოვების შესაძლებლობის არ ქონიდან გამომდინარე.
* გადაწყვეტილება # 6, 2012 წლის 11 აპრილი.
** კაფკარისი კვიპროსის წინააღმდეგ (Kafkaris v. Cyprus) [დიდი პალატა], 21906/04, 12 თებერვალი, 2008, Information Note 105.
*** ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Vinter and Others v. the United Kingdom) [დიდი პალატა], 66069/09, 130/10 და 3896/10, 9 ივლისი, 2013, Information Note 165.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy