Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2014 წლის ივნისი
ჰარისონ მაკკი უნგრეთის წინააღმდეგ (Harrison Mckee v. Hungary)
(საჩივარი- N 22840/07)
გადაწყვეტილება, 3 ივნისი, 2014
მე-6 მუხლი
მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
ფაქტები: 2003 წელს, მომჩივანმა სარჩელი აღძრა ბუდაპეშტის რეგიონული პროკურატურის პროკურორის, ბუდაპეშტის რეგიონული პროკურატურისა და მთავარი პროკურატურის მიმართ. მომჩივანი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს, პროკურორის მიერ რაიონულ სასამართლოში წარდგენილი წერილი, შეიცავდა ცრუ ინფორმაციას მის შესახებ, რის შედეგადაც დაირღვა მისი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის უფლება. სადავო საკითხის გათვალისწინებით, მომჩივანი გათავისუფლდა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, 1990 წლის XCIII კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად.
მომჩივანმა მოგვიანებით შეცვალა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა არამატერიალური ზიანის ანაზღაურება 390.000.000 უნგრული ფორინტის ოდენობით (დაახლოებით 1.314.000 ევრო). როგორც ჩანს, მოთხოვნის ოდენობა ეფუძნებოდა მომჩივნის პირად შეფასებას და არა ეროვნულ კანონმდებლობას.
ბუდაპეშტის რეგიონულმა სასამართლომ 2005 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შეწყვიტა საქმის წარმოება ბუდაპეშტის რეგიონული პროკურატურის წინააღმდეგ, რადგან მას არ ჰქონდა საპროცესო უფლებაუნარიანობა. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის რეპუტაციის უფლება დაირღვა პროკურორის განცხადებებით და პროკურორს დააკისრა ბოდიშის მოხდა. თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპენსაციის მოთხოვნა, განაცხადა რა, რომ ის იყო გადაჭარბებული, აგრეთვე ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივანი ვერ დაამტკიცებდა, რომ მას მიადგა რეალური ზიანი. სასამართლომ მომჩივანს სასამართლო ხარჯების გადახდა დააკისრა. კანონმდებლობის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე ხარჯები განისაზღვრებოდა მოთხოვნის 6%-ით, თუმცა ამ ოდენობას უნდა მიეღწია მინიმუმ 15 000 უნგრული ფორინტისთვის და არ უნდა გადაეჭარბებინა 900 000-თვის.
სასამართლო ხარჯების თაობაზე დამატებით გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ კანონის თანახმად სასამართლო ხარჯების გადახდა ხდება საჩივრის გაუქმებული ნაწილის პროპორციულად და დაადგინა, რომ მომჩივნის მოთხოვნა ბევრად აღემატება მსგავს შემთხვევებზე დაკისრებულ თანხებს.
როგორც მომჩივანმა, ასევე მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ბუდაპეშტის სააპელაციო სასამართლოში. ამ უკანასკნელმა 2006 წლის 3 ოქტომბერს საჩივარი არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ხარჯებს, სასამართლო დაეთანხმა ბუდაპეშტის რეგიონულ სასამართლოს, რომ მომჩივანმა უნდა გადაიხადოს სასამართლო ბაჟი, მოთხოვნის გაუქმებული ნაწილის გათვალისწინებით. დამატებით, მან მომჩივანს დააკისრა სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანისთვის სასამართლო ხარჯის გადახდა 900 000 უნგრული თანხის ოდენობით.
2007 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა მოსარჩელის არცერთი მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურორის მოსაზრება გამოხატული იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოების კონტექსტში, რომელიც მიმდინარეობდა მომჩივნის წინააღმდეგ და შესაბამისად მისი, როგორც პროკურორის ქმედება, იყო ლეგიტიმური.
უზენაესმა სასამართლომ, მომჩივანს დააკისრა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო განხილვებთან მიმართებით, სასამართლოს ხარჯების გადახდა, რაც მთლიანობაში შეადგენდა 1.836.000 უნგრულ ფორინტს (დაახლოებით 6.000 ევრო).
სამართალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ მას დაეკისრა გადაჭარბებული სასამართლო ბაჟი, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე დაყრდნობით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ იგი უფლებამოსილია, განიხილოს მომჩივნის მიერ სადავოდ გახდილი გარემოებები მთლიანობაში კონვენციის მოთხოვნებთან. იგი მიიჩნევს, რომ საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ ნაწილთან მიმართებით, კერძოდ იმ კონტექსში თუ რამდენად უშლიდა ხელს გადაჭარბებული სასამართლო ხარჯები, მომჩივნის მიერ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების გამოყენებას.
სასამართლოს შეფასება
სამოქალაქო სასამართლოებისთვის სასამართლოს ხარჯების გადახდა იმ საჩივართან დაკავშირებით, რომლებიც მათ უნდა განიხილონ არ შეიძლება ჩაითვალოს per se სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად, რომელიც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს (იხ. სტანკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ). კონვენციის უმთავრესი პრინციპიდან გამომდინარე, დაიცვას არა თეორიული და ილუზიური, არამედ კონკრეტული და ეფექტური უფლებები, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სასამართლო ხარჯები, რომლებიც დგინდება კონკრეტული საქმის გარემოებების შეფასების საფუძველზე, ამავე დროს, უნდა ითვალისწინებდეს მომჩივნის გადახდისუნარიანობას და სამართალწარმოების იმ ფაზას, რომელშიც აღნიშნული ფინანსური შეზღუდვა ეკისრება. ეს ფაქტორებია გასათვალისწინებელი იმისათვის, რათა შეფასდეს, რამდენად მიეცა დაინტერესებულ პირს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალება; ხომ არ მოხდა დაკისრებული გადასახადის გამო მისი ამ უფლების ძირითადი არსის ხელყოფა.
ისევე, როგორც სტანკოვის საქმეზე გადაჭარბებულ სასამართლო ბაჟთან დაკავშირებით, მოცემული საჩივარი ეხება ბაჟის გადახდას, რომელიც არ იყო საქმის განხილვის წინაპირობა. მომჩივანი გათავისუფლდა წინასწარი სასამართლო ბაჟისგან, შესაბამისად მას არ სჭირდებოდა წინასწარ გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი როგორც სავალდებულო საქმის წარმოების დაწყების წინაპირობა და იგი ვალდებული იყო გადაეხადა მხოლოდ წაგების ან ნაწილობრივ არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარჩელის გაუქმებული ნაწილის შესაბამისად. შესაბამისად, მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი იყო სამართალწარმოების სამივე ეტაპი და სასამართლოებმა განიხილეს მისი საქმის არსებითი მხარე და მიიღეს სავალდებულო ძალის მქონე გადაწყვეტილებები.
სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივანს, ადვოკატის დახმარებით არ შეეძლო განესაზღვრა, თუ რა იყო „გონივრული“ მოთხოვნა ამ შემთხვევაში და თუ რამდენი იქნებოდა სახელმწიფო ბაჟი წარუმატებელი საჩივრის შემთხვევაში. ამ მიმართებაში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მომჩივანმა რომელმაც წინასწარ მოითხოვა გაზრდილი კომპენსაცია, არ შეიძლება მოელოდეს რომ სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟისგან (კუპიეცი პოლონეთის წინააღმდეგ N16828/02 და კუცზერა პოლონეთის წინააღმდეფ N 275/02).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ სასამართლო ბაჟის დაკისრება მიზნად ისახავს მართლმსაჯულების კარგ ადმინისტრირებას და რომ ეროვნული კანონმდებლობა და სამართალწარმოება უზრუნველყოფდა ადეკვატურ გარანტიებს, რათა კეთილსინდისიერ მოსარჩელეს არ დაკისრებოდა არაპროპორციული ფინანსური ტვირთი.
შესაბამისად, არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი და მომჩივანს არ შეეზღუდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები