ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიერ გამოტანილ ვერდიქტზე, რომელიც ეფუძნება იმ მოწმის ჩვენებას, რომელიც პროცესს არ ესწრებოდა. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ მოახდინა სამართლიანი და სწორი შეფასება განცხადების კეთილსაიმედოობასთან დაკავშირებით: დარღვევა არ დადგინდა
საქმე „ჰორნკასტლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
CASE OF HORNCASTLE AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM
განაცხადი N4184/10
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2014 წლის 16 დეკემბერი
ფაქტობრივი გარემოებები
2007 წლის ნოემბერში, პირველ და მეორე განმცხადებლებს ბ-ნ ჰორნკასტლსა და ბ-ნ ბლექმორს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ ერთხმად გამოუტანა ვერდიქტი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო. მათ მიერ დაზარალებულმა პირმა პოლიციას მისცა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც ასახელებდა თავდამსხმელებს, მაგრამ სასამართლო პროცესის გამართვამდე გარდაიცვალა. ახსნა-განმარტება გამოყენებულ იქნა მტკიცებულებებში ორივე განმცხადებლის წინააღმდეგ.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევა
108. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ ეროვნული სამართალწარმოებით დაირღვა მათი უფლება, და ჯვარედინად არ დაიკითხა ის მოწმე, რომელმაც ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება მისცა მათ წინააღმდეგ. ისინი ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს და მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტს, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
1. „...სისხლისსამართლებრივი ბრალის წაყენებისას ნებისმიერ ადამიანს აქვს სამართლიანი... სასამართლო განხილვის უფლება...“
3. ყველას, სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
(დ) დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში;“
სასამართლოს შეფასება
ბ-ნ ჰორნკასტლი და ბ-ნ ბლექმორი
141. რაც შეეხება პ.რ.-ს მოწმის ჩვენებას, ის იყო ერთადერთი და გადამწყვეტი. სასამართლოსთვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმის განმხილველმა მოსამართლემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ბრალდება დამოკიდებული იყო პ.რ.-ს მტკიცებულებაზე. სააპელაციო სასამართლომ გამოავლინა პ.რ.-ს ახსნა-განმარტებისგან დამოუკიდებელი არსებითი მტკიცებულება. თუმცა, მან ასევე დაუშვა, რომ საქმის ვითარებაში, საქმის განმხილველი მოსამართლის შემაჯამებელი სიტყვის და ნაფიც მსაჯულთა მიერ აღნიშნული ახსნა-განმარტების საგანგებო მოთხოვნის ფაქტის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც ისინი გავიდნენ საკითხის განსახილველად, ახსნა-განმარტება „გადამწყვეტ დონეზე“ წარმოადგენდა განმცხადებელთა განაჩენის გამოტანის საფუძველს. სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება ახსნა-განმარტების „გადამწყვეტი“ ბუნების შესახებ გაკეთდა, სანამ დიდი პალატა დააკონკრეტებდა, რომ აღნიშნული ტერმინი უნდა განიმარტოს ვიწრო გაგებით და სხვა თანმხლები მამხილებელი მტკიცებულებების ხარისხის გათვალისწინებით. დასაბუთებას ექვემდებარება ის ფაქტი, რომ აღნიშნული მამხილებელი მტკიცებულების ძალა საქმეში და კონკრეტულად ბ-ნ ჰორნკასტლის და ბ-ნ ბლექმორის აღიარება, რომ ისინი იმყოფებოდნენ პ.რ.-ს ბინაში იმ ღამით, რათა დაებრუნებინათ მოპარული საკუთრება და მეცნიერული სამხილი - დაბრუნებულ საკუთრებაზე სისხლის კვალი და რაც შეეხება თავდასხმის ადგილს, იგულისხმება, რომ პ.რ.-ს ახსნა-განმარტება არ იყო „გადამწყვეტი“ საქმის შედეგის განსაზღვრის თვალსაზრისით,
142. თუ ვივარაუდებთ, რომ პ.რ.-ს მტკიცებულება მიღებულ იქნა როგორც „გადამწყვეტი“, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა საკმარისი ურთიერთდამაბალანსებელი ფაქტორები დაცვის მხარისთვის წერილობითი მტკიცებულებით მიყენებული სირთულეების კომპენსაციისთვის. გარანტიები, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, სათანადოდ იქნა გამოყენებული. კერძოდ, საქმის განმხილველმა მოსამართლემ განიხილა პ.რ.-ს წერილობითი განმარტების დასაშვებობის აცილების საკითხი მის წაკითხვამდე და მოიყვანა დეტალური მიზეზები აცილების ძალაში დატოვებაზე უარის თქმის შესახებ. მან დაადგინა საჭიროება ნაფიც მსაჯულთათვის მიეცა მითითება, თუ რა მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს აღნიშნულ წერილობით განმარტებას. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას, საქმის განმხილველმა მოსამართლემ სათანადო წესით მისცა მითითებები დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას და გააფრთხილა რომ წერილობით განმარტებას სიფრთხილით მოპყრობოდნენ, ასევე განუმარტა სხვადასხვა აკრძალვა დაცვის მხარესთან მიმართებაში, რომელიც გამოწვეული იყო პ.რ.-ს სასამართლო პროცესზე არყოფნით. მათ არ უნდა დაეტოვებინათ რაიმე ეჭვი ნაფიც მსაჯულთათვის პ.რ.-ს ჩვენების შეზღუდვებთან დაკავშირებით, ასევე განუმარტა, თუ რა დოზით შეეძლოთ აღნიშნულ ჩვენებაზე დაყრდნობა. განმცხადებლებს არ უდავიათ რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას არასწორი მითითებები მიეცათ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პ.რ.-ს ვინაობა, რომელიც ანონიმურია წინამდებარე გადაწყვეტილების მიზნებისათვის, ცნობილი იყო განმცხადებელთათვის. მათ მოიყვანეს მტკიცებულება, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ახსნა-განმარტების საიმედოობა და პ.რ.-ს სანდოობა. პ.რ.-ს საავადმყოფოში ყოფნის სრული დეტალები მათთვის გასაჯაროვდა და მათ პ.რ.-ს წერილობითი განმარტება მოიგერიეს მისი ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების აღიარებით. ასევე იმით, რომ აღნიშნულ დღეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისი აღიარებით, რომ მისი მეხსიერება „ბუნდოვანი“ იყო. პ.რ.-ს წერილობითი განმარტების სხვადასხვა ნიშნები გაამყარა საქმის დამოუკიდებელმა მტკიცებულებამ, განმცხადებელთა აღიარების ჩათვლით, რომ ისინი, დ.-სთან ერთად იმყოფებოდნენ პ.რ.-ს ბინაში, რათა დაებრუნებინათ ნივთები, რომლებიც მოპარულ იქნა ძარცვის შედეგად და ასევე მეცნიერულმა მტკიცებულებამაც. დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა ირიბი ჩვენება, რომელიც იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ნებისმიერი განაჩენი საფრთხილო იქნებოდა მათთვის. ამასთანავე, განმცხადებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაემყარებინათ დაცვა იმასთან დაკავშირებით, რომ მ. იყო მოძალადე, მათ ასევე მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მტკიცებულების სახით მ.-ს წარსულში ნასამართლეობის დეტალები.
143. და ბოლოს, თუ საქმეს სხვა საბრალდებო მტკიცებულებით გავამყარებთ, კანონმდებლობის დებულებებით და საერთო სამართლით, როგორც ეს გამოყენებული იყო განმცხადებელთა საქმეში, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას საშუალება მიეცემა სამართლიანად და სათანადოდ შეეფასებინათ პ.რ.-ს წერილობითი განმარტება. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტის დარღვევას.
Full & Egal Universal Law Academy