დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 180
2014 წლის დეკემბერი
რომადკა და რომადკოვა რუსეთის წინააღმდეგ
(Hromadka and Hromadkova v. Russia) – 22909/10
გადაწყვეტილება, 11 იანვარი, 2014 [1-ლი სექცია]
მე-8 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
ოჯახური ცხოვრების დაცულობა
ბავშვის საერთაშორისო მოტაცების საქმეში სახელმწიფომ ვერ შეძლო გაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მამას და ქალიშვილს შეძლებოდა ოჯახური ცხოვრების შენარჩუნება: დარღვევა
ფაქტები – პირველი მომჩივანი, ჩეხეთის მოქალაქე დაქორწინდა რუსეთის
მოქალაქე - ო.ჰ.-ზე 2003 წელს. წყვილი საცხოვრებლად დასახლდა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2003 წელს, სადაც 2005 წელს შეეძინათ ქალიშვილი, მეორე მომჩივანი. ორი წლის შემდეგ, ცოლმა - ო.ჰ.-მ დაიწყო განქორწინებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა და ორივე მეუღლეს სურდა, მოეპოვებინა მეურვეობა ბავშვზე. 2008 წლის 17 აპრილს, როდესაც სამართალწარმოება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული (ანუ სახეზე არ გვქონდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), ცოლმა წაიყვანა ბავშვი რუსეთში პირველი მომჩივნის თანხმობის გარეშე. აღნიშნულიდან მალევე - 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით (რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 08 აგვისტოს), პრაღის მე-4 საოლქო სასამართლომ პირველ მომჩივანს - მამას ბავშვზე დროებითი მეურვეობა მიანიჭა, თუმცა ამ უკანასკნელის მოთხოვნა რუსეთის სასამართლოების მიმართ, ეღიარებინათ და აღესრულებინათ ჩეხეთის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, მათ არ დააკმაყოფილეს. პირველმა მომჩივანმა შემდგომ დაიწყო სამართლებრივი დავა რუსეთის სასამართლოების წინაშე და ითხოვდა ბავშვთან კონტაქტის დამყარების პირობების განსაზღვრას, რაც სანკტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით განუხილევლად იქნა დატოვებული ჩეხეთის სოციალისტური რესპუბლიკასა და სსრკ-ს შორის 1982 წლის ხელშეკრულების ერთ-ერთ ნორმაზე დაყრდნობით. 2011 წელს პრაღის მე-4 საქალაქო სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რითიც მიანიჭა მამას მეურვეობა ბავშვზე. აღნიშნულიდან მალევე, მომჩივნებმა (მამა-შვილმა) სრულიად დაკარგეს კონტაქტი ერთმანეთთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ამ საკითხის განხილვის მიმდინარეობისასაც კი მას არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ქალიშვილის ადგილმდებარეობის შესახებ. 2012 წელს პირველი მომჩივნის მოთხოვნა რუსეთის სასამართლოების წინაშე, ეღიარებინათ და აღესრულებინათ მეურვეობის შესახებ ჩეხეთის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა.
სამართალი – მე-8 მუხლი:
(ბ) რუსეთის სასამართლოს მიერ მეურვეობის შესახებ საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებასა და აღსრულებაზე უარის თქმა.
სასამართლოს შეფასება
158. ...პრაღის საოლქო სასამართლომ, მიიღო რა მხედველობაში ერთი მხრივ, პირველი მომჩივნის - მამის პიროვნული მაახასიათებლები, საცხოვრებელი პირობები და ბავშვთან არსებული ემოციური კავშირები და მეორე მხრივ, ო.ჰ.-ის პიროვნება, მისი უკანონო ქმედება, რაც გამოიხატა ბავშვის ჩეხეთის რესპუბლიკიდან წაყვანითა და რუსეთში დარჩენით, ასევე დროებითი მეურვეობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ამ უკანასკნელის შეუსაბამო მოქმედება, შესაბამის სამეურვეო სოციალურ სააგენტოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმა და ის გარემოება, რომ ო.ჰ. ჩაერია ბავშვის უფლებაში, იცნობდეს მამამისს, დასკვნის სახით, მიიჩნია, რომ პირველი მომჩივანი ბავშვის მზრუნველობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით უფრო შესაფერის სუბიექტს წარმოადგენდა...
159. 2012 წლის ივნისში პირველმა მომჩივანმა სანკტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოს წინაშე მოითხოვა, მეურვეობის შესახებ ჩეხეთის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღიარება და აღსრულების უზრუნველყოფა რუსეთში. რუსეთის სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიზეზად პრაღის საოლქო სასამართლოში 2011 წლის 2 ივნისის სასამართლო განხილვაზე ო.ჰ.-ს დაუსწრებლობა მიუთითა, რაც გამოუწვეულიყო ჩეხური მხარის შეუძლებლობით, სათანადოდ შეეტყობინებინათ აღნიშნული პროცესის შესახებ მისთვის.
160. მხარეებმა იდავეს, წარმოადგენდა თუ არა ზემოთ ხსენებული შეტყობინების ვალდებულება რუსეთის სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობას... ..მოცემული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (შემდგომში - სასამართლო) ხაზს უსვამს, რომ ეროვნული სამართლის ინტერპრეტაცია და სათანადოდ გამოყენება პირველ რიგში, ეროვნული სახელმწიფო ორგანოების, ყველაზე უფრო კი სასამართლოების კომპეტენციას წარმოადგენს. მაშასადამე, სასამართლო განაგრძობს იმაზე მსჯელობას, პრაღის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებასა და აღსრულებაზე უარის თქმით დაცული იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი ბავშვისა და პირველი მომჩივნის ინტერესებს შორის. აღნიშნული ბალანსის შეფასებისას, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რომლებმაც მათი ბუნებისა და სერიოზულობის გათვალისწინებით, შესაძლოა გადაფაროს მშობლის ინტერესები.
კერძოდ, მშობელს კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვერ მიენიჭება უფლებამოსილება, მიიღოს იმგვარი ზომები, რომლებიც პოტენციურად ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (იხ. სომერფელდი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], #31871/96, $ 64, ECHR 2003-VIII; ნეულინგერი და შურუკი შვეიცარიის წინააღმდეგ [დიდი პალატა][1], #41615/07, $134, 06 ივლისი 2010).
161. სასამართლოს დაკვირვებით, ის გარემოებები, რომელსაც დაეყრდნო პრაღის საოლქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ვერ მიანიჭებდა რუსეთის სასამართლოს შესაძლებლობას, შეეფასებინა ის ფაქტი, იქნებოდა თუ არა მისი მამის მზრუნველობის ქვეშ, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაბრუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი. [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ აღნიშნული შეფასება უნდა გააკეთოს მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
162. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეროვნული სახელმწიფო ორგანოების ვალდებულება, მიიღონ ზომები მშობლისა და შვილის ხელახალი გაერთიანების უზრუნველსაყოფად, არ არის აბსოლუტური. ბავშვის მეურვეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა შესაძლოა გამონაკლისის სახით გამართლდეს იმ გარემოებით, რომ ადგილი ჰქონდა კონკრეტულ გარემოებათა ცვლილებას, რაც გამოწვეულ იქნა ისეთი მოვლენებით, რომლებზეც პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება სახელმწიფოს (იხ. მიჰაილოვა ბულგარეთის წინააღმდეგ, #35978/02, $82, 12 იანვარი 2006).
[აქვე აღსანიშნავია საქმე ჰოკანენი ფინეთის წინააღმდეგ,[2] რომელშიც ჩამოყალიბებულია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები:
58. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სახელმწიფო ორგანოების ვალდებულება, მიიღონ ზომები მშობლისა და შვილის ხელახალი გაერთიანების უზრუნველსაყოფად, არ არის აბსოლუტური, ვინაიდან მშობლის ხელახალი გაერთიანება ბავშვთან, რომელიც რაღაც დროის განმავლობაში ცხოვრობდა სხვა პირებთან შეიძლება ვერ განხორციელდეს დაუყოვნებლივ და შესაბამისად, საჭიროებდეს აღნიშნულამდე გარკვეულ, მოსამზადებელ ღონისძიებების განხორციელებას. ამგვარი მომზადების ბუნება და ხანგრძლივობა დამოკიდებულია თითოეული საქმის გარემოებებზე, თუმცა ყველა დაინტერესებული მხარის ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ყოველთვის შეფასდება, როგორც მნიშვნელოვანი ინგრედიენტი. მართალია, ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ ასეთი თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის, თუმცა სახელმწიფოს ნებისმიერი ტიპის ვალდებულება, განახორციელოს გარკვეული იძულებითი ღონისძიებები ამ კუთხით, უნდა იყოს შეზღუდული/ლიმიტირებული, რადგან საჭიროა, მხედველობაში იყოს მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ისევე როგორც უფლებები და თავისუფლებები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებები. სადაც მშობელთან კონტაქტი შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს აღნიშნულ ინტერესებს ან უფლებებს, იქ ეროვნულ სახელმწიფიო ორგანოებს ეკისრებათ კომპეტენცია და ვალდებულება, დაიცვან სამართლიანი ბალანსი შეპირისპირებულ ინტერესთა შორის.]
163. მეორე მომჩივანი (ბავშვი) დაიბადა 2005 წლის იანვარში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენდა და სადაც ცხოვრობდა მის ორივე მშობელთან - პირველ მომჩივანსა და ო.ჰ.-თან ერთად 3 წლის ასაკამდე. შემდეგ, 2008 წლის აპრილში ბავშვი წაიყვანა დედამისმა რუსეთში, სადაც მას მიანიჭეს რუსეთის მოქალაქეობა და სადაც ცხოვრობს ამ უკანასკნელთან ერთად უკვე 6 წელია. ჩეხეთის რესპუბლიკიდან მისი გამგზავრების შემდეგ, ბავშვს ძალზე შეზღუდული კონტაქტი აკავშირებდა მამამისთან - პირველ მომჩივანთან მანამ, სანამ 2011 წლის მაისში მათ შორის კონტაქტის სრულიად დაკარგვით, საბოლოოდ არ გაწყდა მომჩივნებს შორის არსებული ყველანაირი ემოციური კავშირი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2008 წლის შემდეგ ბავშვი დამკვიდრდა ახალ გარემოში - რუსეთში და მისი მამამისის მზრუნველობის ქვეშ დაბრუნება მისი საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგო ღონისძიება იქნება (იხ. ნეულინგერი და შურუკი შვეიცარიის წინააღმდეგ [დიდი პალატა][3], #41615/07, $138, 06 ივლისი 2010). მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის ბავშვთა უფლებათა სახალხო დამცველთან კომუნიკაციისას, პირველმა მომჩივანმა (მამამ) თავად აღიარა, რომ განსაკუთრებით ბავშვის ცხოვრების გათვალისწინებით, დროის ასეთი დიდი მონაკვეთის გასვლის შემდეგ 2011 წლის ჩეხეთის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლოა, საზიანო იყოს მისი ქალიშვილისთვის და შესაბამისად, არ იყოს მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისი.
164. მოცემულ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ ეღიარებინა და აღესრულებინა პრაღის მე-4 საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
დასკვნა: დაირღვა მე-8 მუხლი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] “134. ..მხედველობაში მიღების თვალსაზრისით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უპირატეს ფაქტორს, როგორც ეს ცალსახად გამყარებულია „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენციის (1980) პრეამბულაში, რომელიც განსაზღვრავს, რომ „ბავშვების ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მათზე მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხებში...“
[2] Hokannen v. Finland, #19823/92, 23 seqtemberi 1994
[3] „138. კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის, დავალდებულება ბავშვის დაბრუნების შესახებ ვერ მოხდება ავტომატურად ან მექანიკურად, როდესაც საქმის მონაწილეებზე ვრცელდება „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენცია(1980). ბავშვის საუკეთესო ინტერესები, პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, დამოკიდებულია მრავალ ინდივიდუალურ გარემოებაზე, განსაკუთრებით კი მის ასაკსა და მოწიფულობის დონეზე, ასევე მშობლის მასთან ყოფნაზე, მის გარემოსა და გამოცდილებებზე (იხ. UNHCR Guidelines 2008)ამ მიზეზის გამო, აღნიშნული საუკეთესო ინტერესები უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. ეს კი უპირველეს ყოვლისა ეროვნული ორგანოების მოვალეობას წარმოადგენს, რომლებიც ხშირად სარგებლობენ უპირატესი შესაძლებლობით, უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ ყველა დაინტერსებულ პირთან...“
Full & Egal Universal Law Academy