დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N 179
ნოემბერი 2014
ჰრვატსკი ლიჯეჩნიჩკი სინდიკატი ხორვატიის წინააღმდეგ (HRVATSKI LIJEČNIČKI SINDIKAT v. CROATIA) - 36701/09
გადაწყვეტილება 27.11.2014 [I სექცია]
მუხლი 11
მუხლი 11-1
გაერთიანების თავისუფლება
თითქმის ოთხი წლის მანძილზე პროფკავშირს გაფიცვის საშუალება არ ეძლეოდა: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი იყო პრაქტიკოსი ექიმების პროფკავშირი. 2004 წელს მან და სხვა პროფკავშირულმა გაერთიანებებმა, ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებით, მთავრობასთან კოლექტიური შეთანხმება დადეს. იმავე დღეს, მომჩივანმა გაერთიანებამ და მთავრობამ გააფორმა სხვა კოლექტიური შეთანხმება, რომელიც წარმოადგენდა წინა შეთანხმების დანართს, სამედიცინო და სტომატოლოგიურ სექტორთან მიმართებით. 2005 წელს ხორვატმა ექიმებმა რეფერენდუმის გზით დაამტკიცეს დანართი, რომლის ნამდვილობაც სახელმწიფო წარმომადგენლებმა არ აღიარეს. ამის შემდგომ, მომჩივანმა გამოაცხადა გაფიცვა, რომელიც მიზნად ისახავდა დანართის ძალაში შესვლას, რეფერენდუმის შედეგების აღიარებას და სამედიცინო და სტომატოლოგიურ სექტორში ახალი კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას. თუმცა, რაიონულმა სასამართლომ მომჩივანს აუკრძალა გაფიცვის მოწყობა იმ საფუძვლით, რომ დანართი ბათილი იყო. აპლიკანტის საჩივრები უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში არ დაკმაყოფილდა. პარალელური სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, რომელიც სხვა პროფესიულმა გაერთიანებებმა წამოიწყეს, 2008 წელს დანართი ბათილად გამოცხადდა, რადგან მასში არ მიერთებია ყველა პროფკავშირი, რომელმაც გააფრმა ძირითადი ხელშეკრულება.
სამართალი – მუხლი 11: გაფიცვის გამართვის აკრძალვა წარმოადგენდა მომჩივანი პროფკავშირის გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას. ჩარევა კანონით გათვალისწინებული იყო და მიზნად ისახავდა კოლექტიური შეთანხმების პროცესში პროფესიული გაერთიანებების თანასწორობის უფლების დაცვას.
რაც შეეხება პროპორციულობას, სასამართლომ აღნიშნა, ეროვნულმა სასამართლოებმა ჩათვალეს, რომ ისინი არ იყვნენ ვალდებულნი გამოეკვლიათ, იმართებოდა თუ არა გაფიცვა ახალი კოლექტიური შეთანხმების დადების მოთხოვნის მიზნით, ვინაიდან მომჩივანი გაერთიანების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს იყო ,,დამხმარე’’ არგუმენტი, რომელიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დანართის ბათილობის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გაფიცვის საფუძვლად სწორედ აღნიშნული მიზეზის მითითებას, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა საწარმოო გაფიცვას კოლექტიური შეთანხმების არარსებობისას. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, მომჩივან გაერთიანებას აეკრძალა გაფიცვის გამართვა 2005 წლის აპრილიდან 2008 წლის დეკემბრამდე პერიოდში. გამონაკლისი შემთხვევის არარსებობის პირობებში, სასამართლომ არ გაიზიარა პოზიცია, რომლის მიხედვით კოლექტიური შეთანხმებისას თანასწორობის პრინციპის დაცვა იყო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა, სამი წლისა და რვა თვის განმავლობაში, პროფკავშირებისთვის მისი წევრების პროფესიული ინტერესების დაცვის ყველაზე მძლავრი მექანიზმის ჩამორთმევას. აღნიშნული განსაკუთრებით წინამდებარე საქმეში აისახა, რადგან მომჩივან გაერთიანებას ჩამოერთვა გაფიცვის გამართვის უფლება, მთავრობაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, რათა მათ ექიმებისა და სტომატოლოგებისთვის მიენიჭებინათ იმავე უფლებები, რომლებიც დანართის მიხედვით უკვე არსებობდა და რომელთა გაბათილებაც ფორმალურ საფუძველზე მოხდა. შესაბამისად, ჩარევა ვერ ჩაითვლებოდა იმ ლეგიტიმური მიზნის პროპორციულად, რომლის მისაღწევადაც ის განხორციელდა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერ არამატერიალურ ზიანთან მიმართებით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy