დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 11
1999 წლის ოქტომბერი
ჰუმენი პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Humen v. Poland) [GC]
(საჩივარი- 26614/95)
გადაწყვეტილება, 15 ოქტომბერი, 1999 [დიდი პალატა]
მე-6 მუხლი
გონივრული ვადა
სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობა: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები – 1983 წელს მომჩივანი, ეროვნებით პოლონელი, გდანსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძალადობრივი ხასიათის დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო. 1993 წელს მისი მსჯავრდება გაუქმდა. მოგვიანებით მან მოითხოვა ზიანის ანაზღაურება უკანონო მსჯავრდებისა და აგრეთვე იმ დაზიანებების გამო, რომელიც მას პატიმრობის დროს მიადგა. 1994 წელს სასამართლო პროცესის შემდეგ, გდანსკის რაიონულმა სასამართლომ მას თანხის დაზუსტება და აგრეთვე პატიმრობის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა მოთხოვა. მომჩივანმა დოკუმენტაცია გარკვეული დაგვიანებების შემდეგ წარადგინა. სასამართლომ გადადო საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით, რათა მოპოვებულიყო მტკიცებულება, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევდა მიზეზობრივი კავშირის დასადგენად მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და პატიმრობას შორის. მოგვიანებით სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივნის სარჩელი. თუმცა, გდანსკის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც ახალი ნევროლოგიური გამოკვლევის ბრძანება გასცა. მომჩივანი თავის ტომოგრაფიის კვლევის შედეგების წარდგენაზე კვლავ უარს აცხადებდა. სასამართლო პროცესის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება და მომჩივანს კომპენსაცია მიაკუთვნა. ამის შემდეგ მომჩივანმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას, დავობდა რა, რომ დაერღვა კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრული უფლება, კერძოდ, საქმის განხილვა გონივრულ ვადაში. სხვებს შორის, მომჩივანი დავობდა, რომ სამართალწარმოების ხანგრძლივობა კომპენსაციის დავასთან დაკავშირებით არაგონივრულად გადაჭარბებული იყო; ის ასევე ამტიცებდა, რომ ცალკე სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლომ დამნაშავედ ცნო არასაკმარისი მტკიცებულებების ფონზე.
სამართალი – მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი - საქმის განხილვის ხანგრძლივობის გონივრულობის შესაფასებლად, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 1993 წლის 1-ელ მაისს (თარიღი, როდესაც პოლონეთს მიეცა უფლება მის მოქალაქეებს კომისიისთვის საჩივრით მიემართათ) და დასრულდეს 1996 წლის მარტში. შესაბამისად, სამართალწარმოება მთლიანობაში გაგრძელდა დაახლოებით 2 წლისა და 11 თვის განმავლობაში. საქმის გარკვეული ასპექტები კომპლექსური იყო (სამედიცინო მტკიცებულებისა და აგრეთვე იმ მტკიცებულების მოპოვება, რომელიც მომჩივნის მიუღებელ შემოსავალთან იყო დაკავშირებული). მართალია, თავდაპირველ ეტაპზე ვერ მიიჩნეოდა რომ მომჩივნის ქცევა ხელს უშლიდა საქმის განხილვას, თუმცა მისი შემდგომი ქცევა რთულად შეესაბამებოდა კეთილსინდისიერებას, რომლითაც წესით მოსარჩელე უნდა მოქმედებდეს. სასამართლოს 14 თვე დაჭირდა პირველი სასამართლო პროცესის გამართვამდე და დაგროვებულ საქმეთა ოდენობა არ არის ამის გასამართლებელი დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუმცა ამ შემთხვევის გარდა ხელისუფლების ორგანოებს ვერ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა უმოქმედობის გამო- სასამართლო პროცესები იმართებოდა გონივრული შუალედებით და მათი გადადება ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც საჭირო იყო მტიცებულების მოსაპოვებლად. თითქმის ერთწლიანი შუალედის დროსაც კი სასამართლო არ დარჩენილა უმოქმედოდ. მთლიანობაში, ხელისუფლებამ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, გამოეჩინა გულმოდგინება, ამასთან სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან მიმართებით არ შეიძლება ითქვას, რომ ის არაგონივრულად გაჭიანურდა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy