ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კონვენციის მეექვსე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლება.
ეროვნულმა სასამართლოებმა მიიღეს მხოლოდ პოლიციის ვერსიები ფაქტებსა და ბრალდებებთან დაკავშირებით პოლიციის შესაბამისი ანგარიშების თანახმად და უგულებელყვეს განმცხადებლის კონკრეტული, რელევანტური და მნიშვნელოვანი არგუმენტები, რაც დარღვევას წარმოადგენს.
საქმე „ჰუსეინლი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“
CASE OF HUSEYNLI AND OTHERS v. AZERBAIJAN
განაცხადები N 67360/11, N 67964/11 და N 69379/11
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
11 თებერვალი, 2016 წ.
ფაქტობრივი გარემოებები
2011 წელს აზერბაიჯანში, ბაქოში, ოპოზიციამ არაერთი დემონსტრაცია მოაწყო. განმცხადებლები, რომლებიც მთავარი ოპოზიციური პარტიებისა და ჯგუფების წევრები იყვნენ, მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნულ დემონსტრაციებში, რის გამოც ისინი რამდენჯერმე დააკავეს და სასჯელი მიუსაჯეს. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ 2011 წელს 2 აპრილს დაგეგმილ დემონსტრაციაში; ერთ-ერთი განმცხადებელი ჩართული იყო მის ორგანიზებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ არ გასცა დემონსტრაციის ორგანიზების ნებართვა ორგანიზატორების მიერ მითითებულ ადგილას და შესთავაზა მათ საპროტესტო აქცია სხვა ადგილას, ბაქოს გარეუბანში გაემართათ. შსს-მ ორგანიზატორები გააფრთხილა, რომ სამინისტრო აღკვეთდა საპროტესტო აქციის ჩატარების ყველა მცდელობას ბაქოს ცენტრში. მიუხედავად ამისა, მათ მაინც გადაწყვიტეს დემონსტრაციის მოწყობა ბაქოს ცენტრალურ უბანში და ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელის - ფეისბუქისა და პრესის მეშვეობით გაავრცელეს. დემონსტრაციამდე ორი დღით ადრე სამივე განმცხადებელი დააკავეს, დამნაშავედ ცნეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მათ გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ უშედეგოდ.
სამართალი
III. კონვენციის მეექვსე მუხლის სავარაუდო დარღვევა
102. კონვენციის მეექვსე მუხლის საფუძველზე, განმცხადებლები ასაჩივრებდნენ იმ ფაქტს, რომ საქმე მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით არ იქნა სამართლიანად განხილული სასამართლოს მიერ. კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისი ნაწილების თანახმად:
„1. ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების.... განსაზღვრისას, ყველა ადამიანს აქვს საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით. ...
ა. დასაშვებობა
103. მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე მუხლის გამოყენება აღნიშნული ადმინისტრაციული საქმის წარმოებასთან მიმართებით არ არის სადავო, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ეს საკითხი განიხილოს საკუთარი ინიციატივით. სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ განმცხადებელს შეეფარდა შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და სანქცია წმინდა სადამსჯელო ხასიათის იყო. აქედან გამომდინარე, პრეცედენტული სამართლის დასკვნებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალწარმოება მოცემულ საქმეებზე განმცხადებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმედ უნდა კლასიფიცირდეს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული განისაზღვრება ისე, როგორც „ადმინისტრაციული“ (იხ. ზილიბერბერგი მოლდოვას წინააღმდეგ, N 61821/00, §§30‑35, 1 თებერვალი, 2005 წ.; მენეშევა რუსეთის წინააღმდეგ, N 59261/00, §§ 95-98, ECHR, 2006‑III; გალსტიანი სომხეთის წინააღმდეგ, N 26986/03, §§ 56-60, 15 ნოემბერი, 2007 წ. და ასადბეილი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, N3653/05, N14729/05, N20908/05, N26242/05, N36083/05 და N16519/06, §§ 152-55, 11 დეკემბერი, 2012 წ.).
ბ. საქმის არსებითი გარემოებები
1. მხარეთა არგუმენტები
105. განმცხადებლები.....ამტკიცებდნენ, რომ სასამართლოებმა თავიანთი დასკვნები დააფუძნეს მხოლოდ იმ ადმინისტრაციული დანაშაულების ამსახველ ანგარიშებსა და პოლიციის ოფიცრების განცხადებებს, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული ერთადერთი მოწმეები იყვნენ.
2. სასამართლოს შეფასება
110. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მეექვსე მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას და სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს, საქმის წარმოება მთლიანობაში, მათ შორის ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოპოვებულ და განხილულ იქნა მტკიცებულებები, სამართლიანი იყო თუ არა. კერძოდ, მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მტკიცებულებები და მათ გამოყენებას შეწინააღმდეგებოდა; იყო თუ არა დაცული შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის (იხ. ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 4378/02, §§ 88 და 90, 10 მარტი, 2009 წ. და როუი და დევისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 28901/95, § 60, ECHR, 2000‑II).
111. კონვენციის 6.3 მუხლის მოთხოვნები განხილულ უნდა იქნეს როგორც 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების კონკრეტული ასპექტები (იხ. სახნოვსკი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 21272/03, § 94, 2 ნოემბერი, 2010 წ.). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო შეისწავლის საჩივრებს ორივე დებულების საფუძველზე (იხ. ფ.ს.ბ. იტალიის წინააღმდეგ, 28 აგვისტო, 1991 წ., §29, სერია A, N 208‑B და პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, 23 ნოემბერი, 1993 წ., §29, სერია A, N277‑A). ამასთანავე, სასამართლო შეისწავლის, წინამდებარე განაცხადის სხვადასხვა კონკრეტულ საფუძველს, რათა დაადგინოს, იყო თუ არა საქმის წარმოება მთლიანობაში სამართლიანი (იხ, ასადბეილი და სხვები, §130).
(ბ) დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლება
119. კონვენციის მეცხრამეტე მუხლის თანახმად, სასამართლოს მოვალეობაა უზრუნველყოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, მისი ფუნქცია არ არის გადაწყვიტოს ფაქტობრივ გარემოებებთან ან კანონთან დაკავშირებული შეცდომები, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილ იქნა ეროვნული სასამართლოს მიერ მანამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეიძლებოდა დარღვეულიყო კონვენციით დაცული უფლებები და თავისუფლებები (იხ. შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ, 12 ივლისი, 1988 წ., §§ 45‑46, სერია A, N140 და ტეიქსეირა დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ, 9 ივნისი, 1998 წ., §34, ანგარიშები 1998‑IV). ამ კონტექსტში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტი - ჰქონდა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მტკიცებულებების ნამდვილობა და მათი გამოყენება. ასევე გასათვალისწინებელია მტკიცებულებების ხარისხი, ასევე მისი მიღების პირობები, აყენებს თუ არა მტკიცებულებების საიმედოობას ან სიზუსტეს ეჭვქვეშ (იხ. ჯალო გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N54810/00, § 96, ECHR, 2006‑IX).
120. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, რომელიც მართლმსაჯულების სათანადოდ აღსრულების პრინციპს ასახავს, სასამართლოებისა და ტრიბუნალების მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა ადეკვატურად უნდა ახსნან ის საფუძვლები, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მასშტაბი შეიძლება იცვლებოდეს გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და საქმის გარემოებების მიხედვით უნდა განისაზღვროს (იხ. გარსია რუიზის საქმე ესპანეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N30544/96, §26, ECHR, 1999‑I).
121. აღნიშნულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის შესაბამისმა სასამართლოებმა შეისწავლეს განმცხადებლების საქმეები ზეპირი მოსმენით, რომელთა დროს განმცხადებლებს საშუალება მიეცათ დაესაბუთებინათ საკუთარი არგუმენტები. მიუხედავად ამისა, სასამართლო ძირითადად დაეყრდნო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ამსახველ ანგარიშებს და პოლიციის ოფიცრების განცხადებებს, რომლებიც ერთადერთ მოწმეებად დაიკითხნენ შესაბამის სასამართლო განხილვებზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მოწმეები პოლიციის ის ოფიცრები იყვნენ, რომლებმაც განმცხადებლები დააკავეს. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ამსახველი ანგარიშები განმცხადებლებთან დაკავშირებით პოლიციის ოფიცრების მიერ ზემდგომი ოფიცრების სახელზე მომზადებულ ანგარიშებს დაეფუძნა. პირველი და მეორე განმცხადებლის საქმეებში პოლიციის ის ოფიცრები იყვნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ ბრძანებებს განმცხადებლები არ დაექვემდებარნენ, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 310.1 მუხლის დარღვევას წარმოადგენს. ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს ადეკვატური მიზეზები, რატომ მიიჩნიეს პოლიციელ მოწმეთა ჩვენებები და არა განმცხადებლების უფრო ობიექტურად და სარწმუნოდ. ასევე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეროვნულ სასამართლოებს არ უცდიათ გაერკვიათ, არსებობდნენ თუ არა მოწმეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული პოლიციასთან და არსებობის შემთხვევაში, მოესმინათ მათი ჩვენებები.
122. სასამართლო მხედველობაში იღებს მთავრობის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე განმცხადებელმა მოითხოვა მოწმის დაკითხვა და ეს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ სუმგაითის სააპელაციო სასამართლო განხილვის ჩანაწერის თანახმად, მეორე განმცხადებელმა ზეპირად მოითხოვა, რომ დაკითხულიყო პოლიციის N3 განყოფილების უფროსი მ.ნ. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ფორმალურად დააკმაყოფილა მოთხოვნა, სასამართლოში წარდგენილ მასალებში არსად არ არის დაფიქსირებული, დაიკითხა მ.ნ. თუ არა და სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ წარმოადგინა.
123. სასამართლოს მითითებით, განმცხადებლები ამტკიცებდნენ ეროვნულ სასამართლოებში, რომ მათი დაკავება უკანონო იყო და ასაჩივრებდნენ პოლიციის ოფიცრების მიერ წარმოდგენილი ფაქტების ვერსიებს დაკავებასთან მიმართებით. საქმის მასალებში არ მოიძებნება არანაირი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ცნობად მიიღეს განმცხადებლების არგუმენტები დაკავებასთან დაკავშირებით მათი, როგორც ოპოზიციის წევრების საქმიანობის გამო. სასამართლოებმა გაიზიარეს მხოლოდ პოლიციის ვერსიები ფაქტებსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორც ისინი აღწერილია პოლიციის შესაბამის ანგარიშებში და არ გაითვალისწინეს განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი კონკრეტული, რელევანტური და მნიშვნელოვანი არგუმენტები. სასამართლო აღნიშნავს, რადგან საქმეში არ არსებობდნენ არანაირი მოწმეები, რომლებიც შესაძლოა წარდგენილიყვნენ პირველი განმცხადებლის სახელით, მეორე და მესამე განმცხადებლების მიერ ეროვნულ სასამართლოებში წარდგენილ ზეპირ და წერილობით არგუმენტებში აღნიშნული იყო, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ფაქტების თავიანთი ვერსიების დადასტურება, კერძოდ კი, მეორე განმცხადებლის მამა და მესამე განმცხადებლის ადვოკატი. სამივე განმცხადებლის მტკიცებების არსისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების სისხლის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე და ეფექტური სამართლებრივი დახმარების არქონის გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულ სასამართლოებს უნდა მიეღოთ ზომები, ამ პირთაგან ჩვენებების მოსაპოვებლად ან სხვაგვარად ეცადათ სადავო ფაქტების გამორკვევა.
124. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები მოკლებულია ადეკვატურ დასაბუთებას.
Full & Egal Universal Law Academy