დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 203
2017 წლის იანვარი
ჯ. და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ (J and Others v. Austria)
(საჩივარი- 58216/12)
გადაწყვეტილება, 17 იანვარი, 2017 [მე-4 სექცია]
მე-4 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი
ადამიანთა ტრეფიკინგი
პროკურორის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მან არ დაიწყო გამოძიება საზღვარგარეთ არამოქალაქე პირთა მიერ ჩადენილი ტრეფიკინგის თაობაზე: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები – აპლიკანტები, ქ-ნი ჯ., ქ-ნი გ. და ქ-ნი ც., წარმოშობით ფილიპინელები არიან, რომლებიც დაიბადნენ 1984, 1982 და 1972 წლებში და ამჟამად ვენასა (ქ-ნი ჯ. და ქ-ნი გ.) და შვეიცარიაში (ქ-ნი ც.) ცხოვრობენ. 2006-2009 წლებში სამივე მომჩივანი სამუშაოდ მოსამსახურედ წავიდა დუბაიში (არაბთა გაერთიანებულ საამიროებში) ერთი და იმავე ოჯახთან ან მათ ნათესავებთან. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დამსაქმებლებმა ჩამოართვეს პასპორტები, არასათანადოდ ეპყრობოდნენ და ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, მათ აიძულებდნენ ემუშავათ დამატებითი საათები და არ უხდიდნენ წინასწარ შეთანხმებულ ხელფასს; აპლიკანტების განცხადებით, მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ და ემუქრებოდნენ.
2010 წლის ივლისში მომჩივნები დამსაქმებლებმა მოკლევადიანი ვიზიტით ვენაში წაიყვანეს. დუბაის მსგავსად, აპლიკანტების პასპორტები დამსაქმებლებმა დაიტოვეს; ისინი დილით ადრე იწყებდნენ მუშაობას, შუაღამემდე ან უფრო გვიანობამდე უვლიდნენ დამსაქმებლის შვილებს და სხვადასხვა საშინაო საქმეს აკეთებდნენ. ვენაში ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ორ მომჩივანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი დამსაქმებლის შვილები ზოოპარკში დაიკარგნენ. მომჩივნებმა გადაწყვიტეს, რომ მათ მიმართ ძალადობის ესკალაცია შეიძლებოდა ნებისმიერ დროს მომხდარიყო და ისინი მსგავს პირობებში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ; მათ გაქცევაში დაეხმარათ სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც აპლიკანტების მშობლიურ ენაზე საუბრობდა. მომჩივნებმა შემდგომში მხარდაჭერა მოიპოვეს ვენაში ადგილობრივი ფილიპინელების მხრიდან.
დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ, მომჩივნები დაუკავშირდნენ მთავრობის მიერ დაფინანსებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მხარდაჭერას უცხადებდა ავსტრიაში ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს. არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, 2011 წლის ივლისში მომჩივნებმა დამსაქმებლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საჩივარი წარადგინეს. ტრეფიკინგის მსხვერპლთან ურთიერთობის კუთხით სპეციალიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა აპლიკანტები დაკითხეს არასამთავრობო ორგანიზაციის თანდასწრებით; მათ დეტალურად აღწერეს მომხდარი, ასევე როგორ ექცეოდნენ დამსაქმებლები. პოლიციის დასკვნის მიხედვით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც ეხებოდა ადამიანის ტრეფიკინგს. თუმცა 2011 წლის ნოემბერში გამოძიება შეწყდა, ვინაიდან პროკურატურამ დაადგინა, რომ ავსტრიის ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდებოდა იმ სავარაუდო დანაშაულებზე, რომლებიც მოქალაქეობის არმქონე პირებმა საზღვარგარეთ ჩაიდინეს. პროკურატურამ მოგვიანებით განმარტა, რომ მომჩივანთა საჩივრები - ვენაში მათი ყოფნის პირობებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით, არ წარმოადგენდა ექსპლუატაციას.
2012 წლის მარტში ვენის სისხლის სამართლის სასამართლომ გამოძიების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღნიშნული სასამართლოს მოსაზრებით, საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით საერთაშორისო სამართალი არ ითვალისწინებდა გამოძიების დაწყების ვალდებულებას.
მოგვიანებით მომჩივნებს ავსტრიაში სპეციალურად ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის განკუთვნილი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვა მიანიჭეს; გარდა ამისა, საჯარო რეესტრს აეკრძალა მათი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება იმ მიზნით, რომ ცნობები მათი ადგილსამყოფლის შესახებ საზოგადოებისთვის მარტივად მოსაპოვებელი არ ყოფილიყო.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა) და მე-3 (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ისინი დაექვემდებარნენ იძულებით შრომას და იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი; მათი განცხადებით, ავსტრიის ხელისუფლებამ მათ საქმეზე ვერ უზრუნველყო ეფექტიანი და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარება. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ავსტრიაში განვითარებული მოვლენები იზოლირებულად არ უნდა ყოფილიყო განხილული, არამედ უნდა შეფასებულიყო განხორციელებული არასათანადო მოპყრობის კონტექსტში; შესაბამისად, ავსტრიის ხელისუფლებას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ეკისრებოდა ვალდებულება, საზღვარგარეთ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩაეტარებინა გამოძიება.
სამართალი – მე-4 მუხლი (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა): პირველ რიგში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ავსტრიის ხელისუფლებამ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, იდენტიფიცირება მოეხდინა, დაეცვა და მხარი დაეჭირა მომჩივანთათვის, როგორც ტრეფიკინგის (პოტენციური) მსხვერპლთათვის. ავსტრიაში ტრეფიკინგის (პოტენციურ) მსხვერპლთა დასაცავად არსებული ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ჩარჩო საკმარისი იყო და ავსტრიის ხელისუფლებამ მიმართა ყველა ზომას, რაც მოცემულ სიტუაციაში გონივრული იყო. კერძოდ, როდესაც ქ-ნმა ჯ-მ და ქ-ნმა გ-მ მიმართეს პოლიციას, ისინი დაკითხეს პოლიციის სპეციალიზებულმა თანამშრომლებმა; ავსტრიაში მათი ყოფნის სამართლებრივად მოწესრიგების მიზნით მათ მიაკუთვნეს ბინადრობისა და მუშაობის ნებართვა; საჯარო რეესტრს აეკრძალა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, რაც მიზნად ისახავდა მათ დაცვას. უფრო მეტიც, ეროვნული სამართალწარმოების მიმდინარეობისას, განმცხადებლებს მხარს უჭერდა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘‘LEFÖ’’, რომელსაც მთავრობა აფინანსებდა. გარდა ამისა, ავსტრიაში მათი ინტეგრირებისათვის მომჩივნები უზრუნველყოფილნი იყვნენ იურიდიული წარმომადგენლობითა და პროცედურული მითითებებით.
რაც შეეხება საზღვარგარეთ განვითარებულ მოვლენებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრიას კონვენციის მიხედვით არ ეკისრებოდა ვალდებულება, ჩაეტარებინა გამოძიება მომჩივნების ფილიპინებში წაყვანასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მათ სავარაუდო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფოებს არ მოეთხოვებათ უზრუნველყონ უნივერსალური იურისდიქცია საზღვარგარეთ განხორციელებულ ტრეფიკინგთან მიმართებით.
და ბოლოს, რაც შეეხება ავსტრიაში განვითარებულ მოვლენებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნების საქმეზე ავსტრიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული გამოძიება საკმარისი იყო. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ხელისუფლების მხრიდან საქმის შეფასება არ იყო არაგონივრული; კერძოდ, იმის თაობაზე, რომ მომჩივნების საჩივარი - მათი ვენაში ყოფნასთან დაკავშირებით, თავისთავად არ წარმოადგენდა ექსპლუატაციას სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით.
რაც შეეხება მომჩივნების არგუმენტს, რომ ფილიპინებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში და ავსტრიაში განვითარებული მოვლენები იზოლირებულად ვერ განიხილებოდა, სასამართლომ განაცხადა, აღნიშნული მოვლენები ერთიანობაშიც რომ შეფასებულიყო, არ არსებობდა რაიმე მიმანიშნებელი იმისა, რომ ავსტრიის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დაკისრებული ვალდებულება- ჩაეტარებინა გამოძიება. მომჩივნებმა პოლიციას მიმართეს სადავო მოვლენებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც მათ დამსაქმებლებს ქვეყანა დიდი ხნის დატოვებული ჰქონდათ. ნებისმიერ სხვა ღონისძიებას, როგორიცაა მომჩივანთა დამსაქმებლებისთვის მათ წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გაცნობა- არ ექნებოდა წარმატების გონივრული პერსპექტივა, ვინაიდან ავსტრიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არ არსებობდა ორმხრივი შეთანხმება იურიდიული დახმარების შესახებ. აღნიშნულის დასადასტურებლად, მთავრობამ მიუთითა წარსულ გამოცდილებაზე, როდესაც იურიდიული დახმარების შესახებ მარტივი თხოვნები არ დაკმაყოფილდა აშკარა მიზეზების მითითების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ბრალდებულის არარსებობის პირობებში შესაძლებელი არ იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ამასთანავე, სახალხო დამცველს შეეძლო გადაეწყვიტა რომელი საქმეები გაეგრძელებინა და რომელი არა.
დასკვნის სახით, ავსტრიის ხელისუფლებამ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება- დაეცვა მომცივნები, როგორც ადამიანით ვაჭრობის (პოტენციური) მსხვერპლნი. შესაბამისად, კონვენციის მე-4 მუხლი არ დარღვეულა.
მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა): მე-4 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის დროს გაკეთებული დასკვნების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ წინამდებარე საქმეზე კონვენციის მე-3 მუხლი არ დარღვეულა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy