დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 136
2010 წლის დეკემბერი
იასინსკისი ლატვიის წინააღმდეგ (Jasinskis v. Latvia)
(საჩივარი- 45744/08)
გადაწყვეტილება, 21 დეკემბერი, 2010 [ მე-3 სექცია]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი
ეფექტიანი გამოძიება
დაკავების იზოლატორში ყრუ-მუნჯ ადამიანს არ გაეწია ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა: დარღვევა
ფაქტები – ღამით, მეგობრებთან ერთად დალევის შემდეგ, მომჩივნის ვაჟი, რომელიც ყრუ-მუნჯი იყო, გადმოვარდა კიბეებიდან, დაიზიანა თავი და რამდენიმე წუთით გონება დაკარგა. გამოძახებულ პოლიციას შეატყობინეს მომხდარის შესახებ; მათ ასევე ეცნობათ, რომ მომჩივნის ვაჟი ყრუ-მუნჯი იყო. ის გამოსაფხიზლებლად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სასწრაფოსათვის დალოდების გარეშე, რომელიც ასევე ამავე პერიოდში გამოიძახეს. პოლიციის მორიგე ოფიცერმა შენიშნა ნაკაწრი ვაჟის სახეზე, თუმცა, როდესაც სასწრაფო დაუკავშირდა პოლიციას, მათ განუცხადეს, რომ არ იყო საჭირო სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ვაჟი უბრალოდ მთვრალი იყო. მას შემდეგ რაც ის საკანში მოათავსეს, გარკვეული ხნის განმავლობაში მომჩივნის ვაჟი კარებსა და კედლებზე აბრახუნებდა, მაგრამ უშედეგოდ. მას არ ჰქონდა პოლიციის ოფიცრებთან კომუნიკაციის რაიმე შესაძლებლობა, ვინაიდან როგორც ჩანს, არც ერთ მათგანს არ ესმოდა ჟესტების ენა და ბლოკნოტი, რომელსაც იგი, როგორც წესი, იყენებდა კომუნიკაციისათვის, მას ჩამოართვეს. მომდევნო დღეს, მომჩივნის ვაჟის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანიდან შვიდ საათში, პოლიციის ოფიცრები უშედეგოდ ცდილობდნენ მის გაღვიძებას და მიუხედავად იმისა, რომ მან მოახერხა თვალების გახელა, სხვა მხრივ იგი იყო ურეაქციო. მომდევნო შვიდი საათის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჩათვალეს, რომ ვაჟს „ძალიან დიდხანს ეძინა“, პოლიციამ გამოიძახა სასწრაფო და საბოლოოდ იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მხოლოდ მომჩივნის ვაჟის არაერთგზისი მოთხოვნის საფუძველზე. რამდენიმე საათის შემდეგ ის გარდაიცვალა და თანმდევმა გვამის გაკვეთამ დაადასტურა თავისა და ტვინის მრავალგზის დაზიანებები, რამაც გამოიწვია სიკვდილი.
შემდგომი გამოძიების ფარგლებში, შედგა ექსპერტიზის დასკვნა მომჩივნის ვაჟისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნული იყო პოლიციის განყოფილებაში მისდამი განხორციელებულ მოპყრობაში არსებული ხარვეზების შესახებ, როგორიცაა დაკავების პერიოდში მისი მდგომარეობის შესახებ არაინფორმირებულობა და დაყოვნებები სასწრაფოს გამოძახებაში. პოლიციის დეპარტამენტმა, სადაც ვაჟი იყო დაკავებული, ასევე დაიწყო შიდა მოკვლევა მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. თუმცა, აღნიშნული გამოძიება სამჯერ შეწყდა, ვინაიდან დაასკვნა, რომ მორიგე ოფიცრები მოქმედებდნენ შესაბამისი სამართლისა და რეგულაციების ფარგლებში. თითოეული ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ გააუქმა. გამოძიების შეწყვეტის შესახებ მესამედ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და მომჩივნის დაჟინებული მოთხოვნით, საქმე შემდგომი გამოძიებისათვის შიდა უსაფრთხოების ორგანოს გადაეცა. სხვა მოწმეების დაკითხვის შემდეგ, აღნიშნულმა ორგანომ საბოლოოდ გამოძიების შეწყვეტა გადაწყვიტა და დაადგინა, რომ პოლიცია სათანადო გულმოდგინებით მოქმედებდა. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მომჩივნის საჩივრებს უარი ეთქვა.
სამართალი – მე-2 მუხლი
(a) მატერიალურ-სამართლებრივი ასპექტი – სასამართლომ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განსაკუთრებით მოწყვლადები იყვნენ, როდესაც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ; ამასთანავე, პოლიცია სათანადოდ იყო ინფორმირებული მომჩივნის ვაჟის გრძნობის ორგანოების შეზღუდული შესაძლებლობებისა და მათი დაზიანების შესახებ. თუმცა, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს მას არ ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, მაშინ როდესაც მათ განსაკუთრებულად მოეთხოვებოდათ ასე მოქცევა, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სტანდარტებით. პოლიციამ მომჩივნის ვაჟს ასევე არ მისცა საშუალება, მიეწოდებინა მათთვის ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას შემდეგაც კი, რაც იგი აბრახუნებდა კარებსა და კედლებზე. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებული ყრუ-მუნჯი იყო, პოლიციას, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით, ჰქონდა მკაფიო ვალდებულება, სულ მცირე, მიეცა მისთვის კალამი და ფურცელი, რათა მას შეძლებოდა, თავისი წუხილების შესახებ ეცნობებინა მათთვის. და ბოლოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყოს ის, რომ თითქმის შვიდი საათი გავიდა ვაჟის მიერ „გაღვიძებაზე უარის თქმასა“ და სასწრაფოს გამოძახებას შორის. დაახლოებით თოთხმეტი საათის განმავლობაში გამოღვიძების შეუძლებლობა რთულად თუ აიხსნება უბრალო სიმთვრალით. შეჯამებისათვის, თითქმის შვიდი საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ვერ მოახერხეს მსხვერპლის გაღვიძება, პოლიციელებმა ვერ უზრუნველყვეს ვერც სამედიცინო დახმარების მოძებნა და ვერც სასწრაფოს გამოძახება, რითაც პოლიციამ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, დაეცვა მისი სიცოცხლე.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
(b) პროცედურული ასპექტი – მომჩივნის ვაჟის გარდაცვალებაზე პირველადი გამოძიება ჩაატარა იმავე ორგანომ, რომელიც ჩართული იყო იმ პროცესებში, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება იყო ეფექტიანი, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა საგამოძიებო დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტს. გამოძიების ჩატარება თავის თავზე აიღო შიდა უსაფრთხოების ორგანომ, რომელმაც დაკითხა პოლიციის ხუთი ოფიცერი, რომლებიც მომჩივნის ვაჟის სიკვდილის წინა დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და შეადგინა დასკვნა, რომელიც ემთხვეოდა ამ საქმეში ჩართული პოლიციის დეპარტამენტის შიდა მოკვლევის მიერ მიღებულ დასკვნას. ზემოხსენებული ორგანოს დამოუკიდებლობის შესახებ ზოგადი დასკვნების გაკეთების გარეშე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩატარებული გამოძიება ხარვეზიანი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, გარდაცვალებიდან დაახლოებით თვრამეტი თვის გასვლამდე გამოძიება არ გადაცემულა იმ პროცესებში ჩართული დაწესებულებებიდან და ორგანოს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება თითქმის ერთი წლის შემდეგაც კი. დამოუკიდებელი ორგანოს უფრო მყისიერი რეაქცია შესაძლებელს გახდიდა, შეგროვებულიყო მეტი მტკიცებულება, მაგალითად, იმ ექსპერტისგან, რომელიც ატარებდა გვამის გაკვეთას ან ვაჟის დაცემის ადგილის ან იმ საკნის შესწავლას, სადაც ის იყო დაპატიმრებული. მეორე რიგში, შიდა უსაფრთხოების ორგანოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ უზრუნველყო რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც შესაძლოა, გადამწყვეტი ყოფილიყო პოლიციის ოფიცრების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგენისათვის, მაგალითად, მომჩივნის ვაჟისთვის სამედიცინო მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებით. გამომძიებლებმა არც ის შეაფასეს, დაკავებისას ვაჟისათვის სამედიცინო გამოკვლევაზე უარი და თანმდევი სამედიცინო დახმარების დაყოვნება შესაბამისობაში იყო თუ არა პოლიციის ვალდებულებებთან შიდასახელმწიფოებრივი სამართლისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპეციალურ საჭიროებებთან. და ბოლოს, სასამართლოს არ შეეძლო, უყურადღებოდ დაეტოვებინა ის ფაქტი, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებლობამ გადაინაცვლა პოლიციასა და პროკურატურის სხვადასხვა ოფისებს შორის სამჯერ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 50 000 ევრო არამატერიალური ზიანისათვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy