Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2005 წლის ივლისი
იედამსკი და იედამსკა პოლონეთის წინააღმდეგ (Jedamski and Jedamska v. Poland)
(საჩივარი- 73547/01)
გადაწყვეტილება, 21 ივნისი, 2011 [მე-2 სექცია]
მე-6 მუხლი
სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება
ფაქტები – წინამდებარე საქმეზე მომჩივნები, ცოლ-ქმარი, 1954 და 1960 წლებში დაბადებული პოლონეთის მოქალაქეები არიან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე დაყრდნობით ისინი დავობდნენ, რომ მათ უარი ეთქვათ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, ვინაიდან მათ მიერ გადასახდელი სასამართლო ბაჟი გადაჭარბებულად მაღალი იყო.
სამართალი – სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ყველასთვის უზრუნველყოფს უფლებას, რომ სასამართლოს წინაშე წარადგინონ მოთხოვნა სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ (Kreuz v. Poland, 2001 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება, no. 28249/95, § 52, ECHR 2001-VI). სასამართლო დამატებით აცხადებს, რომ აღნიშნული მუხლი მოიცავს ,,სასამართლოს უფლებას’’, რომლის ერთ-ერთი ასპექტიც არის სასამართლოს ხელმისაწვდომობის, ე.ი. სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების დაწყების უფლება. თუმცა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები ამასთან მიმართებით სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით (Airey v. Ireland, 1979 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, Series A no. 32, pp. 14-16, § 26). თუმცა, სტრასბურგის სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა არ ამცირებს პირის უფლებას იმგვარად ან იმ მოცულობით, რომ დაირღვეს უფლების მთავარი არსი ( Kreuz v. Poland, ციტირებული ზემოთ, § 58). გარდა ამისა, შეზღუდვა არ იქნება 6.1 მუხლის შესაბამისი თუ იგი არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და თუ არ არსებობს გონივრული პროპორციული დამოკიდებულება გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის (Tinnelly & Sons Ltd and Others და McElduff and Others v. the United Kingdom, 1998 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, Reports 1998-IV, p. 1660, § 72).
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის შეფასებისას პირმა ისარგებლა თუ არა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით, სასამართლო ბაჟის ოდენობა უნდა შეფასდეს შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით: კონკრეტული საქმის გარემოებები, მომჩივანთა მიერ მათი გადახდის შესაძლებლობა და აგრეთვე ის, სამართალწარმოების რომელ ეტაპზე იქნა დაწესებული აღნიშნული შეზღუდვა.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით სასამართლომ უნდა შეაფასოს მოცემულ საქმეში მომჩივანთა მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, არღვევდა თუ არა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების არსს. მომჩივანთა განცხადებით, მათთვის 100 000 პოლონური ზლოტის გადახდის დაკისრება უტოლდებოდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ჩამორთმევას. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული თანხის ოდენობა გამართლებული იყო მართლმსაჯულების ინტერესით და ეფუძნებოდა მომჩივნების ფინანსური მდგომარეობის ობიექტურ შეფასებას. ამასთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანთათვის დაკისრებული თანხის ოდენობა ორმოცდაათჯერ აღემატებოდა იმ დროს პოლონეთში არსებულ საშუალო ხელფასს. პოლონეთის სასამართლოებმა არ მიიღეს მომჩივანთა არგუმენტი, რომ მათ არ შეეძლოთ თანხის გადახდა. ეროვნულმა სასამართლოებმა განაცხადეს, რომ მომჩივანთა მიერ წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაცია საეჭვო იყო; თუმცა, მათ არ მოუპოვებიათ საწინააღმდეგო მტკიცებულება. ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, მხარის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს შეეძლო დეკლარაციის შემოწმება. სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლება შეიძლება შეიცვალოს, თუ აღარ იარსებებს ის საფუძველი, რის გამოც მხარე გათავისუფლებული იქნა ხარჯებისგან. ამრიგად, მომჩივნებისთვის სამართალწაროების თავდაპირველ ეტაპზე საქმის დაწყების უფლების მიცემა პოლონეთის სასამართლოებს ხელს არ შეუშლიდა, სამართალწარმოების შემდეგ ეტაპზე, მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მოეხდინა ამ თანხის შეგროვება.
საქმის გარემოებების მთლიანობაში შეფასებისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი ადგილის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ დაიცვეს სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯების შეგროვების სახელმწიფოს ინტერესსა და, მეორე მხრივ, მომჩივნის ინტერესს შორის, მისი საქმე სასამართლოს განეხილა. მომჩივანთათვის მოთხოვნილი სასამართლო ხარჯების ოდენობა გადაჭარბებული იყო, რამაც გამოიწვია მათ მიერ მოთხოვნაზე უარი, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით აზიანებდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების არსს.
ზემოხსენებული მიზეზების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანთათვის სასამართლო ხარჯების დაკისრება წარმოადგენდა მათი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს.
დასკვნა: დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები