დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 27
2001 წლის თებერვალი
იერუსალიმი ავსტრიის წინააღმდეგ (Jerusalem v. Austria)
(საჩივარი- 26958/95)
გადაწყვეტილება, 27 თებერვალი, 2001 [მე-3 სექცია]
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი
გამოხატვის თავისუფლება
ფაქტები – წინამდებარე საქმეში, მომჩივანი იყო ვენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ეს უკანასკნელი ასევე წარმოადგენს რეგიონალურ პარლამენტს[1]. საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა იმ ასოციაციაციებისთვის სუბსიდიების მიცემა, რომლებიც ეხმარებიან სექტის წევრ არასრულწლოვანთა მშობლებს. მომჩივანმა, როგორც საკრებულოს წევრმა, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა შემდეგი:
„როგორც ყველამ, მეც ვიცი, რომ დღესდღეისობით სექტა აღარ ნიშნავს პატარა ჯგუფს, რომელიც გამოყოფილია ეკლესიისგან..., არამედ ნიშნავს ფსიქო-სექტას.
ფსიქო-სექტები არსებობს ვენაშიც. მათ საერთო თვისებები აქვთ. ერთ-ერთ საერთო თვისებას წარმოადგენს ტოტალიტარული ხასიათი. გარდა ამისა, მათ იდეოლოგიაში იკვეთება ფაშისტური ტენდენციები და ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ იერარქიული სტრუქტურები. ზოგადად, ადამიანი, რომელიც აღნიშნულ სექტაში გაწევრიანდება, კარგავს იდენტობას და წარმოადგენს ამ ჯგუფს...“
„სექტამ IPM (ადამიანის ფსიქოლოგიის უკეთ გაგების ინსტიტუტი), რომელიც დიდი ხანი არ არის რაც ავსტრიაშია, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია არსებობს შვეიცარიაში, სადაც ეწოდება VPM (ადამიანის ფსიქოლოგიის უკეთ გაგების ასოციაცია) გარკვეული გავლენას მოახდინა ავსტრიის სახალხო პარტიის ნარკოპოლიტიკაზე.“
მომჩივანმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა სექტამ გავლენა იქონია „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ნარკოპოლიტიკაზე და ასევე გააკრიტიკა მათი თანამშრომლობა. IPM - მა დაიწყო სამოქალაქო სამართალწარმოება მომჩივნის წინააღმდეგ. მომჩივანმა განაცხადა, რომ ინსტიტუტის ,,სექტად’’ მოხსენიება მის შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდა და არა ფაქტს. ის აგრეთვე გამოყენებული იყო პოლიტიკური დებატების კონტექსტში. მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ტერმინი ,,სექტის’’ გამოყენება ფაქტს წარმოადგენდა, ის მზად იყო დაემტკიცებინა მისი სისწორე და სასამართლოს შეთავაზა დოკუმენტური მტკიცებულება და მოწმეთა დაკითხვა, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მოსარჩელეები სექტას წარმოადგენდნენ. მტკიცებულების სახის მომჩივანმა წარადგინა გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება და შვიდი სტატია გაზეთებიდან, რომლებიც ეხებოდა ინსტიტუტის შიდა სტრუქტურასა და მოსარჩელეთა საქმიანობას. 1993 წლის 8 აპრილს სასამართლომ მომჩივანს აუკრძალა საკუთარი განცხადების გამეორება იმასთან დაკავშირებით, რომ IPM და VPM სექტას წარმოადგენდნენ და მათ გააჩნდათ ტოტალიტარული ხასიათი. ასევე, სასამართლოს ბრძანებით მომჩივანს დაევალა რამდენიმე გაზეთის მეშვეობით საკუთარი განცხადების უარყოფა. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენდა არა შეფასებით მსჯელობას, არამედ ფაქტების კონსტატაციას. მომჩივანმა საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში, ის დავობდა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური დებატების კონტექსტში გაკეთებული შეფასებული მსჯელობა იყო. შესაბამისად, მომჩივნის მტკიცებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ირღვეოდა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს ბრძანება, რომლითაც მომჩივანს ეკრძალებოდა იმავე განცხადებების გამეორება, თუმცა სხვა ბრძანებები გააუქმა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არარელევანტური იყო, რადგან ისინი არ ეხებოდა „ფსიქო-სექტის“ განმარტებას. წარმოდგენილი მტკიცებულებები შეეხებოდა მხოლოდ იმ საკითხს იყვნენ თუ არა მოსარჩელეები სექტის წევრები და აქედან გამომდინარე, მომჩივანმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა საკუთარი სიმართლე, სამოქალაქო კოდექსის 1330§1 მუხლის შესაბამისად. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მომჩივნის საკასაციო საჩივარი, თუმცა დაეთანხმა, რომ ისეთი განცხადებები, როგორებიცაა „ფაშისტური ტენდენციები“ ან „ტოტალიტარული ხასიათი“ წარმოადგენდნენ ფაქტების კონსტატაციას, რომელთა დამტკიცებაც მომჩივანმა ვერ შეძლო.
სამართალი – მე-10 მუხლი:
26. მომჩივანი დავობდა კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც:
„1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ...
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ... სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად... .“
27. მომჩივანი დავობს საკუთარ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული განცხადებები მან გააკეთა ვენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დროს, როდესაც განიხილავდა პოლიტიკურ საკითხს - სახელმწიფო სუბსიდიების იმ მშობელთა გაერთიანებისთვის მინიჭება, რომელთა შვილებიც სექტის წევრები არიან. ამ კონტექსტში, მომჩივანმა აღნიშნა, რომ სექტების გავლენა პოლიტიკაზე იზრდებოდა, ხოლო მოსარჩელე ასოციაციები მან ახსენა მაგალითისათვის, ავსტრიის სახალხო პარტიასთან თანამშრომლობის გამო. მომჩივანი, უშუალოდ VPM–ს ან IPM-ს არ აკრიტიკებდა, არამედ მისი განცხადებები წარმოადგენდნენ კრიტიკულ შენიშვნას პოლიტიკური პარტიის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, და ისინი არ შეიძლებობა აღქმული ყოფილიყო როგორც თავდასხმა მოსარჩელის რეპუტაციაზე. თავად IPM-მ არაერთხელ გააკეთა საჯარო განცხადებები, როგორც შიდსის პრევენციასთან ასევე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შესაბამისად მომჩივანს ჰქონდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთების უფლება. მომჩივანმა, ასევე განაცხადა, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენდნენ შეფასებით მსჯელობას. ეს პოზიცია არ გაიზიარეს ავსტრიის სასამართლოებმა, რომლებმაც მისი განცხადებები შეაფასეს როგორც ფაქტების კონსტატაცია, რომელთა ჭეშმარიტებაც უნდა დამტკიცებულიყო. მიუხედავად ამისა, როდესაც მომჩივანმა წარადგინა მტკიცებულებები მისი განცხადებების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, ავსტრიის სასამართლოებმა ისინი უარყვეს. შესაბამისად, მომჩივნის ბრალი არ ყოფილა ის, რომ მან ვერ დაამტკიცა საკუთარი განცხადებების ჭეშმარიტება.
28. მთავრობამ დაადასტურა, რომ რაიონული სასამართლოს პირველი ბრძანება ერეოდა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში. თუმცა, მთავრობის განცხადებით, სადავო ზომა გამართლებული იყო კონვენციის მე10-მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, რადგან ,,გათვალისწინებული იყო კანონით’’, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლით და ემსახურებოდა სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. გარდა ამისა, აღნიშნული ზომა აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი მიზნიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსთან მიმართებით კერძო პირებთან შედარებით დასაშვები კრიტიკის ზღვარი უფრო ფართოა. წინამდებარე საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს არ გაუკეთებია განცხადებები პოლიტიკოსთან დაკავშირებით, არამედ სერიოზული ბრალდებები წაუყენა კერძო უწყებებს, რომელთა პოლიტიკური ფუნქცია შემოიფარგლებოდა საკონსულტაციო ხასიათით. მომჩივანმა, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ასოციაციების წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა ისეთ გარემოებებში, რომ მათ არ ჰქონიათ საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა იმავე საშუალებებით, იმავე ადგილას და იმავე აუდიტორიის წინაშე. უფრო მეტიც, ჩარევა იყო პროპორციული, რადგან სადავო სასამართლო საქმისწარმოება არ დაუწყია სახელმწიფოს, არამედ დაიწყეს კერძო ორგანიზაციებმა და იგი იყო სამოქალაქო და არა სისხლისსამართლებრივი ხასიათის.
29. მთავრობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ავსტრიის სასამართლოები სწორედ მოიქცნენ როდესაც მომჩივნის განცხადებები შეაფასეს როგორც ფაქტების კონსტატაცია. ამასთან, მომჩივანს ჰქონდა საკუთარი განცხადებების ჭეშმარიტების დამტკიცების შესაძლებლობა, რაც მან ვერ მოახერხა.
30. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებოდნენ, რომ რაიონული სასამართლოს ბრძანება წარმოადგენდა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რომელიც გარანტირებულია კონვეციის მე-10 მუხლის 1-ლი პარაგრაფით. გარდა ამისა, სადავო არ იყო, რომ აღნიშნული ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული და ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მნიშვნელობით.
31. წინამდებარე საქმეში, სადავო საკითხის წარმოადგენდა, იყო თუ არა აღნიშნული ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
32. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას, მისი პროგრესისათვის. რომ მე-10 მუხლი ვრცელდება არამხოლოდ ისეთ ,,ინფორმაციასა“ თუ ,,იდეაზე“, რომელიც საზოგადოებას მოსწონს ან უწყინარი და უვნებელია, არამედ, აგრეთვე, ისეთზე, რომელიც თავზარდამცემი, შეურაცხმყოფელი და შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის და ტოლერანტობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ იარსებებს „დემოკრატიული საზოგადოება“. როგორც კონვენციის მე-10 მუხლი ადგენს, გამოხატვის თავისუფლებაში შესაძლოა შეიზღუდოს; შეზღუდვა მკაცრად უნდა იქნეს გათვალისწინებული და ნებისმიერი შეზღუდვის აუცილებლობა უნდა დადგინდეს დამაჯერებლად.
33. ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’ მოითხოვს სასამართლომ განსაზღვროს, გასაჩივრებული ჩარევა შეესაბამებოდა თუ არა ,,მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას’’, ასევე იყო თუ არა ლეგიტიმური მიზნის პროპორციული და წარმოადგინა თუ არა ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩარევის გასამართლებლად რელევანტური და საკმარისი საფუძვლები (იხ.The Sunday Times v. the United Kingdom (no. 1), გადაწყვეტილება 26 აპრილი 1979, სერია A no. 30, გვ. 38, § 62). ეროვნულ ხელისუფლებას გააჩნია თავისუფალი შეფასების ფარგლები, იმის შეფასებისას, არსებობს თუ არა „მწვავე სოციალური საჭიროება“ და რა ზომების მიღებაა საჭირო ამისათვის. თუმცა, თავისუფალი შეფასების ფარგლები არ არის შეუზღუდავი და ხორციელდება სტრასბურგის სასამართლოს ზედამხედველობით, ამ უკანასკნელის ამოცანას წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ექცევა თუ არა შეზღუდვა კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში (იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [დიდი პალატა], N 23118/93, § 43, ECHR 1999-VIII).
34. სტრასბურგის სასამართლოს ამოცანა - განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობითი ფუნქცია - არ ნიშნავს იმას, რომ ამით იგი ითავსებს ეროვნული ხელისუფლების როლს, არამედ სასამართლოს ამოცანაა განიხილოს თუ რამდენად ექცეოდა ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათი თავისუფალი შეფასების ფარგლებში.
35. საქმის კონკრეტული გარემოებების შესწავლისას, სასამართლო მხედველობაში მიიღებს შემდეგს: მომჩივნის პოზიცია; ასოციაციათა პოზიციები და მათი საქმიანობა; და ვენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე განსახილველი საკითხი.
36. მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა, რომ იგი იყო არჩეული პოლიტიკოსი, ვენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შესაბამისად, გააჩნდა საპარლამენტო იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე, მომჩივნის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება დაცულია საპარლამენტო იმუნიტეტით და სასამართლო აკრძალვა მასზე არ მოქმედებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველასათვის მნიშვნელოვანი უფლებაა, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც საქმე არჩეულ ხალხის წარმომადგენელს ეხება, რადგან, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ამომრჩეველს, ყურადღებას ამახვილებს მათ საჭიროებებზე და იცავს მათ ინტერესებს. შესაბამისად, პარლამენტის წევრის, ამ შემთხვევაში მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, მოითხოვს განსაკუთრებულ გამოკვლევას სტრასბურგის სასამართლოს მიერ (იხ. Castells v. Spain, გადაწყვეტილება 23 აპრილი 1992, სერია A no. 236, გვ. 22-23, § 42).
37. რაც შეეხება IPM-სა და VPM-ს, რომლებიც წარმოადგენდნენ მომჩივნის ოპონენტებს საქმისწარმოების დროს, მთავრობამ განაცხადა, რომ ასოციაციები იყვნენ კერძო ორგანოები და მე-10 მუხლის მიზნებისთვის ვერ მოხდებოდა მათი შედარება პოლიტიკოსებთან.
38. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაშვები კრიტიკის ზღვარი უფრო ფართოა პოლიტიკოსებისთვის (როდესაც ისინი მოქმედებენ როგორც თანამდებობის პირები, შეგნებული აქვთ და იაზრებენ რომ მათ სიტყვას და საქციელს გულდასმით და მკაცრად განიხილავენ როგორც ჟურნალისტები, ასევე ფართო საზოგადოება), ვიდრე როდესაც ისინი მოქმედებენ როგორც კერძო პირები. პოლიტიკოსებმა უნდა გამოიჩინონ შემწყნარებლობის უფრო მაღალი დონე, განსაკუთრებით მაშინ, როცა აკეთებენ საჯარო განცხადებებს, რომლებიც კრიტიკის საგანს წარმოადგენს.
თუმცა, საჯარო დებატებში მონაწილეობისას, კერძო პირები და ასოციაციებიც, წარმოადგენენ მკაცრი განხილვის საგანს. საქმეში Nilsen and Johnsen §52, სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნ ბრატჰოლმს, სახელმწიფო ექსპერტს, რომელსაც სასამართლო დავა ჰქონდა ბ-ნ ნილსენთან და ბ-ნ ჯონსენთან, ვერ შევადარებთ პოლიტიკოსს, რომელმაც უნდა გამოავლინოს მეტი ტოლერანტობა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნი ბრატჰოლმის მონაწილეობა საჯარო დებატებში იყო რელევანტური ფაქტორი.
39. წინამდებარე საქმეში, სასამართლო ადგენს, რომ IPM და VPM აქტიურად იყვნენ ჩართულნი საჯარო ინტერესის მქონე საკითხთან, კერძოდ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ისინი მონაწილეობდნენ ამ საკითხზე საჯარო განხილვებში და როგორც მთავრობამ განაცხადა თანამშრომლობდნენ პოლიტიკურ პარტიასთან. გამომდინარე იქედან, რომ რომ ასოციაციები აქტიურები იყვნენ საჯარო სივრცეში, მათ უნდა გამოეჩინათ მეტი შემწყნარებლობა კრიტიკისადმი, როდესაც ოპონენტებმა განიხილეს მათი მიზნები და ასევე აღნიშნულ დებატებში გამოყენებული საშუალებების მიმართ.
40. რაც შეეხება მომჩივნის სადავო განცხადებებს, სასამართლომ განაცხადა, რომ ისინი გაკეთდა პოლიტიკური დებატების დროს ვენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. გადამყვეტ საკითხს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დებატები ჩატარდა ვენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის წევრიც იყო მომჩივანი, და არა პარლამენტში. მომჩივანი აღნიშნული განცხადებების გაკეთებისას სარგებლობდა საპარლამენტო იმუნიტეტით. სასამართლო ადგენს, რომ განცხადებების გაკეთების ადგილი, მინიმუმ უტოლდებოდა პარლამენტს, რადგან იცავდა მონაწილეთა საჯარო ინტერესს გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში, პარლამენტი ან შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ ძირითად ტრიბუნალს პოლიტიკური დებატებისათვის. შესაბამისად, სახეზე უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი მიზეზები იმისათვის, რომ გამართლებული იყოს ამ ტრიბუნალის გამოყენების დროს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.
41. ვენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხს წარმოადგენდა სახელმწიფო სუბსიდირების მინიჭება ასოციაციებისათვის. მომჩივანმა განცხადება გააკეთა სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის ერთ კონკრეტულ პუნქტზე, კერძოდ იმ ასოციაციასთან დაკავშირებით რომელიც დახმარებას უწევდა სექტის წევრ არასრულწლოვანთა მშობლებს. მომჩივნის მიზანს წარმოადგენდა ხაზი გაესვა, ზემოაღნიშნული დახმარების გაწევის აუცილებლობისათვის; ამისათვის მან რელიგიური დაპირისპირებების დროს აქამდე გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებულად აღწერა ის საფრთხეები, რომლებიც არსებობდა ამ სექტებში. ამ კონტექსტში - რომელშიც ნახსენები არ იყო არც IPM და არც VPM - მომჩივანმა ახსნა ტერმინი „სექტა“ და გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომ აღნიშნული სექტების საერთო მახასიათებელს წარმოადგენდა მათი ტოტალიტარული ხასიათი. მომჩივანმა მხოლოდ განცხადების ბოლოს გააკრიტიკა ავსტრიის სახალხო პარტიისა და IPM-ის და VPM-ის კავშირი.
42. წინამდებარე საქმეში, ავსტრიის სასამართლოებმა მომჩივნის განცხადებები შეაფასეს როგორც ფაქტების კონსტატაცია. შესაბამისად, მომჩივანი ვალდებული იყო დაემტკიცებინა საკუთარი სიმართლე, რათა თავიდან აეცილებინა სასამართლო აკრძალვა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო უთითებს საქმეებზე Lingens v. Austria (გადაწყვეტილება 8 ივლისი 1986, სერია A no. 103, გვ. 28, § 46), და Oberschlick v.Austria (no. 1) (გადაწყვეტილება 23 მაისი 1991, სერია A no. 204, გვ. 27-28, § 63), სადაც სასამართლო განმარტავს განსხვავებას ფაქტების კონსტატაციასა და შეფასებით მსჯელობას შორის. ფაქტების დადასტურება შესაძლებელია მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის დასაბუთების მოთხოვნა შეუძლებელია და არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული უფლების არსებით ნაწილს.
43. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად წარმოადგენს თუ არა განცხადება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის პროპორციულობა დამოკიდებულია იმაზე, არსებობს თუ არა სათანადო ფაქტობრივი საფუძვლები სადავო განცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან შეფასებითი მსჯელობაც კი თუ არ ეფუძნება რაიმე სახის ფაქტებს, შეიძლება გადაჭარბებული იყოს (იხ. De Haes and Gijsels v. Belgium, გადაწყვეტილება 24 თებერვალი 1997, განჩნებათა და გადაწყვეტილებათა ანგარიშები 1997-I, გვ. 236, § 47, და Oberschlick v. Austria (no. 2), გადაწყვეტილება 1 ივლისი 1997, ანგარიშები 1997‑IV, p. 1276, § 33).
44. ავსტრიის სასამართლოებისგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმეში სადავო განცხადებები, რომლებიც გააკეთა საკრებულოს წევრმა, უნდა მივიჩნიოთ როგორც შეფასებითი მსჯელობა და არა ფაქტების კონსტატაცია (იხ. Lingens, ციტირებული ზემოთ, გვ. 28, § 46, და Wabl v. Austria no. 24773/94, § 36, 21 მარტი 2000).
45. განსახილველ საკითხად რჩება, არსებობდა თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები ამგვარი შეფასებითი მსჯელობისთვის. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულება, კერძოდ საგაზეთო და ჟურნალის სტატიები, რომლებიც ეხებოდა მოსარჩელეთა შიდა სტრუქტურასა და მათ საქმიანობას, ასევე მომჩივანმა წარმოადგინა გერმანიის სასამართლო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, ამგვარი მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისათვის, რომ დადგენილიყო მომჩივნის შეფასებითი მსჯელობის სამართლიანობა. გარდა აღნიშნული დოკუმენტური მტკიცებულებისა, რომელიც დასაშვებად ცნო რაიონულმა სასამართლომ, მომჩივანმა წარადგინა ოთხი მოწმის ჩვენება და სასამართლოს შესთავაზა, მოესმინათ ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად ამისა, რაიონულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო აღნიშნული მტკიცებულებები; როგორც სააპელაციო სასამართლომ განმარტა, ისინი ეხებოდნენ მხოლოდ ტერმინს „სექტა“ და არა მომჩივნის მიერ გამოყენებულ ტერმინს, კერძოდ ორგანოს, რომელსაც აქვს ტოტალიტარული ხასიათი, ფაშისტური ტენდენციები და იერარქიული სტრუქტურა, რომელიც გავლენას ახდენს მისი წევრებისა და მიმდევრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ასეთი მტკიცებულებები იყო შეუსაბამო. სააპელაციო სასამართლოს კომენტარი არ გაუკეთებია მათ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ განსხვავება, ტერმინ „სექტა“-სა და წინადადებას „ფსიქო-სექტა, რომელსაც გააჩნია ტოტალიტარული ხასიათი“ შორის, იყო ხელოვნური და უგულებელყოფდა დებატების ბუნებას, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მომჩივანი. აღნიშნული გამომდინარეობდა, ეროვნული სასამართლოების არათანმიმდევრული მიდგომისგან; ერთი მხრივ, ისინი ითხოვდნენ მტკიცებულების წარდგენას და, მეორე მხრივ, არ ითვალისწინებდნენ ყველა შესაძლო მტკიცებულებას.
46. სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ავტრიის სასამართლოებმა გადააჭარბეს თავისუფალი შეფასების ფარგლებს, როდესაც მომჩივანს მოთხოვეს საკუთარი განცხადებების სიმართლის დადასტურება, მაგრამ ამავდროულად საშუალება არ მისცეს მას წარმოედგინა მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, მომჩივნის მიმართ გამოცემული სასამართლო აკრძალვა წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას მის გამოხატვის თავისუფლებაში.
47. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] საკანონმდებლო/საპარლამენტო ორგანო რეგიონებში.
Full & Egal Universal Law Academy