დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N. 178
ოქტომბერი 2014
ჟენესი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Jeunesse v. the Netherlands [GC] ) - 12738/10
გადაწყვეტილება 3.10.2014 [დიდი პალატა]
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
ოჯახური ცხოვრების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა განსაკუთრებული გარემოებები: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, სურინამის მოქალაქე, 1997 წელს ჩავიდა ნიდერლანდებში ტურისტული ვიზით და ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ აგრძელებდა იქ ცხოვრებას. ის დაქორწინდა ჰოლანდიის მოქალაქეზე და მათ შეეძინათ სამი ბავშვი. მომჩივანმა რამდენჯერმე შეიტანა განცხადება ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, მაგრამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რადგან მას არ ჰქონდა თავის წარმოშობის ქვეყანაში ნიდერლანდების წარმომადგენლობის მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვა. 2010 წელს დეპორტაციის მოლოდინში მან ოთხი თვე გაატარა პატიმრობაში. საბოლოოდ, ორსულობის გამო მომჩივანი გაათავისუფლეს.
სამართალი – მუხლი 8: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეყრდნო თავის მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვით, როცა ოჯახური ცხოვრება შეიქმნა იმ დროს, როცა მონაწილე პირებმა იცოდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანის საიმიგრაციო სტატუსის გამო ოჯახური ცხოვრების მდგრადობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დასაწყისიდანვე იქნებოდა არასაიმედო, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეობის არმქონე ოჯახის წევრის ოჯახისგან განცალკევება ჩაითვლებოდა მე-8 მუხლის დარღვევად მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ტურისტული ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მომჩივანი უკანონოდ იმყოფებოდა მოპასუხე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მომჩივანი რამდენჯერმე წარუმატებლად ეცადა მოეპოვებინა ნიდერლანდებში ბინადრობის ნებართვა, მისთვის - ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ამ სახელმწიფოში ოჯახურ ცხოვრებას დაიწყებდა - ცნობილი იყო თავისი მდგომარეობის არასაიმედოობა.
რაც შეეხება განსაკუთრებული გარემოებების არსებობას, მომჩივნის ოჯახის ყველა წევრი იყო ჰოლანდიის მოქალაქე, რომელთაც ჰქონდათ უფლება ესარგებლათ ოჯახური ცხოვრების უფლებით ნიდერლანდებში. გარდა ამისა, მომჩივნის მდგომარეობა არ იყო სხვა პოტენციური მიგრანტების მსგავსი, რადგან ის დაიბადა ნიდერლანდებში, თუმცა, მოგვიანებით 1975 წელს დაკარგა მოქალაქეობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, კერძოდ, სურინამის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად. აპლიკანტის მისამართი ყოველთვის ცნობილი იყო ეროვნული ხელისუფლების ორგანოებისთვის, რომლებიც მის ნიდერლანდებში ყოფნასთან დაკავშირებით 16 წლის განმავლობაში შემწყნარებლები იყვნენ. ასეთმა ხანგრძლივმა პერიოდმა მომჩივანს საშუალება მისცა დაემყარებინა და განევითარებინა ძლიერი ოჯახური, სოციალური და კულტურული კავშირები ჰოლანდიაში. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა დანაშაულებრივი წარსული და მის ოჯახს გაუჭირდებოდა სურინამში დასახლება. ხელისუფლების ორგანოებმა ასევე არ გაითვალისწინეს, თუ რა გავლენას მოახდენდა მომჩივნის შვილებზე დედისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი. მათ ასევე მხედველობაში არ მიიღეს ან არ შეაფასეს მომჩივნისთვის ნიდერლანდებში ცხოვრებაზე უარის თქმის პრაქტიკულობის, მიზანშეწონილობის და პროპორციულობის შესახებ მტკიცებულებები. ამ ფაქტორების კუმულატიურად გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მდგომარეობა ნამდვილად გამონაკლისი ბუნების იყო. შესაბამისად, ნიდერლანდებში ოჯახური ცხოვრების შენარჩუნების მომჩივნის პირად ინტერესსა და მიგრაციის გაკონტროლების ხელისუფლების საჯარო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი არ იქნა დაცული.
დასკვნა: დარღვევა (თოთხმეტი ხმით სამის წინააღმდეგ)
მუხლი 41: 1,714 ევრო არამატერიალური ზიანისთვის; მატერიალური ზიანი არ დაკმაყოფილდა.
(იხ. ასევე, ბუტი ნორვეგიის წინააღმდეგ (Butt v. Norway), 47017/09, 4 დეკემბერი 2012; ნუნესი ნორვეგიის წინააღმდეგ (Nunez v. Norway), 55597/09, 28 ივნისი 2011, საინფორმაციო ბარათი 142).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy