დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ
CASE OF JISHKARIANI v. GEORGIA
(საჩივარი N 18925/09)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
20 სექტემბერი 2018
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებების თანახმად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს.
საქმეზე ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ანგელიკა ნიუსბერგერი, თავმჯდომარე,
იონკო გროზევი,
ანდრე პოტოცკი,
მარტინშ მითსი,
გაბრიელე კუცკო-შტადლმაიერი,
ლატიფ ჰუსეინოვი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდიკი, სექციის მდივანი,
დახურული თათბირის შედეგად, 2018 წლის 28 აგვისტოს,
მითითებული თარიღით მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე საქართველოს მოქალაქის, ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის („მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე 2009 წლის 9 იანვარს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (№ 18925/09).
2. მომჩივანს წარმოადგენდნენ ბატონი ი. ხატიაშვილი და ქალბატონი ლ. მუხაშავრია, თბილისში მოღვაწე ადვოკატები. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მთავრობის წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბატონი ბ. ძამაშვილი.
3. მომჩივანი ჩიოდა, რომ ქვეყნის სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს რეპუტაციაზე მისი, კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლების დაცვა, იუსტიციის მინისტრის ცილისმწამებლური განცხადებისგან.
4. 2017 წლის 17 იანვარს საქმეზე მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება საჩივრის გამო მე-8 მუხლის ნაწილში, ხოლო საჩივრის სხვა ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა სასამართლოს რეგლამენტის 54-ე წესის მე-3 პუნქტის თანახმად.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაიბადა 1965 წელს და ცხოვრობს თბილისში.
ა. შესავალი
6. მომჩივანი არის ფსიქიატრი, არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ („აო“) დამფუძნებელი და დირექტორი.
7. 2003 წლის 4 ოქტომბერს მომჩივნის აო-მ გააფორმა შეთანხმება იუსტიციის სამინისტროსთან („სამინისტრო“) და სხვა მომსახურებასთან ერთად, იკისრა თბილისის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სამსახურის მოწყობა. შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ, ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში, აო-ს, სპეციალისტების ჩაბმით, პატიმრებისთვის მოეწყო კლინიკური ლაბორატორია და გამოეყენებინა დიაგნოსტიკური მეთოდები, ასევე მედიკამენტებით უზრუნველეყო ისინი, თუ დანიშნული იქნებოდა შესაბამისი მკურნალობა. საქმიანობის პროცესში იუსტიციის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა ყოველკვარტალური ანგარიშები და წარედგინა წინადადებები, იმ სოციალური პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ, რომლებიც წამოიჭრებოდა მისი საქმიანობის პროცესში. მინისტრი ვალდებულებას იღებდა, უზრუნველეყო სარეაბილიტაციო სამსახურის სათანადო მუშაობა და ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით დაენიშნა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
8. 2004 წლის 3 აგვისტოს მომჩივანი დაინიშნა საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრად, რომელიც ზედამხედველობდა პატიმართა უფლებების დაცვას და გასცემდა რეკომენდაციებს შესაბამისი დარღვევების შემთხვევაში. პრეზიდენტის N309 ბრძანების თანახმად კომისიის წევრები უფლებამოსილი იყვნენ, შესულიყვნენ ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამუშაო საათების განმავლობაში, წინასწარი ნებართვის გარეშე. შესაბამისი პირები უფლებამოსილი იყვნენ, პირადად შეხვედროდნენ პატიმრებს და მიეღოთ ნებისმიერი დოკუმენტი კონფიდენციალურად მიჩნეულის გარდა.
9. 2004 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა შექმნა პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევისა და მონიტორინგის კომისია, რომელიც შედგებოდა შვიდი სახელმწიფო და არასახელმწიფო ექსპერტისგან, მათ შორის იყო მომჩივანიც. დოკუმენტი არ ითვალისწინებდა კომისიის ან მისი წევრების ფუნქციებს.
10. 2005 წლის 10 სექტემბერს პატიმარმა, ბატონმა ლ. ც.-მ, რომელიც მოთავსებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულის საავადმყოფოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სასჯელაღსრულების დაწესებულის საავადმყოფოს დირექტორს და მთავრ ექიმს („2005 წლის 10 სექტემბრის ინციდენტი“). იგი გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულის საავადმყოფოში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორის მიერ („სამედიცინო დეპარტამენტი“), საკითხზე მომჩივნის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე. აღნიშნულთან კავშირში არმყოფი ინციდენტის შედეგად, რომელიც დროის იმავე მონაკვეთში მოხდა, პატიმარი გარდაიცვალა ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვა მრავალი პატიმარი ელოდებოდა თავის რიგს, როდის მოათავსებდნენ საავადმყოფოში. ორივე ინციდენტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა მედიაში იმ ბრალდებების ფონზე, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა კორუფციას და არასათანადო სამედიცინო მენეჯმენტს. სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულის საავადმყოფოში გადაყვანა არ ხორციელდებოდა ადეკვატურად და ობიექტურად და ის დამოკიდებული იყო სამინისტროსთან საეჭვო გარიგებებზე.
11. 2005 წლის 11 სექტემბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ეჭვის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება 2005 წლის 10 სექტემბრის ინციდენტზე. გაურკვეველ თარიღს მომჩივანი დაიკითხა მოწმედ.
12. 2005 წლის 13 სექტემბერს იმდროინდელმა მინისტრმა, ბატონმა კ.კ.-მ („მინისტრი“) ჩაატარა შიდა მოკვლევა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, რაც მოიცავდა 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდს. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დასკვნა გამოაქვეყნა 2005 წლის 13 ოქტომბერს.
ბ. მომჩივნის მიმართ გაკეთებული განცხადებები
13. 2005 წლის 16 სექტემბერს, კერძო ტელევიზია „რუსთავი 2“-ის ეთერში, საუბრობდა რა, სამინისტროსა და მის სამედიცინო დეპარტამენტში კორუფციისა და არასათანადო მენეჯმენტის შესახებ ბრალდებებზე, მინისტრმა კ.კ.-მ განაცხადა:
„იძულებული ვარ დავასახელო გვარები და კონკრეტული ფაქტები... მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაციის [ემპათია] თავმჯდომარე და [სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი] მონიტორინგის საბჭოს წევრი, ... მნიშვნელოვნად ამეტებდა რა, თავის უფლებამოსილებას, კომისიის [რომელიც ამ მიზნით იყო შექმნილი] გვერდის ავლით ადგენდა სამედიცინო დასკვნებს, გარკვეულ პირთა მიმართ. ამის შესახებ დასკვნა მე მაგიდაზე მიდევს. გამოძიებას ის უკვე აქვს და პრაქტიკულად მისი სრულყოფილი შეფასება ჩატარდება, რაც დაადგენს, ეს გაკეთდა ლამაზი თვალებისთვის, თუ ეს იყო ამ უსირცხვილო ადამიანის, მე მას სხვაგვარად ვერ ვუწოდებ, ბიზნესი, რომელიც მან თავისთვის აიწყო. სწორედ ჯიშკარიანის დაჩხაპნილი ქაღალდების გამო აღმოჩნდნენ [ორი სავარაუდოდ დაავადებული პატიმარი, რომლებმაც მოგვიანებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმებს] სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში რაიმე კანონიერი საფუძვლის გარეშე ...”
14. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორი იყო „ის, ვისაც ... ჯიშკარიანის უკანონო დოკუმენტებზე [დაყრდნობით], რომლებიც ხელმოწერილი არ ყოფილა [სამედიცინო] კომისიის წევრების მიერ ... გადაჰყავდა პატიმრები [სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში].“ მან აღნიშნა, რომ „შესაბამისად იგი [იყო] ეჭვმიტანილი ამ უკანონო გარიგებებში და „ჯიშკარიანთან ერთად მის მიმართაც [უნდა] წარიმართოს გამოძიება“. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „იქ მხოლოდ ეს ორი ფაქტი არ ყოფილა და გამოძიება ჭიანურდება მარიამ ჯიშკარიანის გამო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და [ვის მოსაზრებებზე დაყრდნობითაც მოქმედებდა თავმჯდომარე]...“
15. მინისტრმა ასევე გააკრიტიკა სახალხო დამცველი და ბრალი დასდო მის წარმომადგენლებს, რომლებიც იჩენდნენ ინტერესს სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გარკვეული პატიმრების გადაყვანის საკითხში.
16. სატელევიზიო არხმა „რუსთავი 2“ ასევე გადასცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა, მათ შორის, სახალხო დამცველის, მოკლე კომენტარები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგში იყვნენ ჩართულები (იხ. მე-8 პარაგრაფი ზემოთ). მათ აღნიშნეს, რომ მინისტრის ბრალდებები უსაფუძვლო იყო, რამდენადაც პატიმართა გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში და იქიდან უკან დაბრუნება მინისტრის ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენდა.
17. გადაცემაში ასევე გადაიცა, ჟურნალისტის მიერ ჩაწერილი, მომჩივნის მოკლე კომენტარი, რომ მინისტრს სურს ჰყავდეს „მონიტორინგის საბჭო, რომელიც ვერ შეიხედავს სასჯელაღსრულების დაწესებულების შიგნით“ და, რომ „სასჯელაღსრულების დაწესებულებები იგივე მდგომარეობაში [იყო] ..., როგორშიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს“.
18. 2005 წლის 20 სექტემბერს ყოველდღიურ გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნდა ინტერვიუ მინისტრთან. მან განიხილა ბრალდებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვაში არსებული კორუფციის შესახებ. ინტერვიუს შესაბამისი ამონარიდები შემდეგი შინაარსისაა:
„ჟურნალისტი: თქვენ ორი გვარი დაასახელეთ: ჯიშკარიანი და [სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე], რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში. რა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებთ ამგვარ განცხადებას?
მინისტრი: [სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე] სრულად მარიამ ჯიშკარიანის გავლენის ქვეშ იყო. ჯიშკარიანი არის არასამთავრობო ორგანიზაციის [ემპათია] ფსიქიატრი. სასჯელაღასრულების დაწესებულებებთან მიმართებით ეს მიმართულება მეტად შელახული რეპუტაცისაა. საბჭოთა კავშირის დროსაც კი დიდი ფული კეთდებოდა ფსიქიატრის ცნობებით. შეურაცხადობის შესახებ ცნობები ეძლევათ იმათ, ვისზეც ისინი არ უნდა გაიცეს.
ეს სწორედ მის პირად ინტერესებში იყო, რომ ამ ქალბატონს [მიუთითა მომჩივანზე] მოეწყო ბუდე მონიტორინგის საბჭოში. ...
დაპირისპირება დაიწყო მაშინვე, რაც ჩვენ გამოვავლინეთ მასალები, რომლის მიხედვითაც მარიამ ჯიშკარიანს ხელი ჰქონდა მოწერილი დოკუმენტებზე პატიმრების სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ. გამომჟღავნდა, რომ იმ პატიმრებს შორის იყვნენ ჯანმრთელი ადამიანები. ...
ჟურნალისტი: თქვენ ამბობთ, რომ პატიმრებისგან აღებული ფული იმ ადამიანების წრეში ტრიალებდა?
მინისტრი: მხოლოდ მათ შორის. სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმები პასუხისმგებლები არიან სამედიცინო დოკუმენტაციის შედგენაზე. მათი უფროსი იყო [სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე]. ჯიშკარიანი და სხვები იყვნენ თანამონაწილეები. ფული, რასაც ისინი იღებდნენ, ან ჩემთან უნდა მოეტანათ, ან თვითონ აეღოთ, ჩემთან არაფერი მოუტანიათ. [პატიმრები], რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს პერსონალს, სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ ჯიშკარიანის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯანმრთელები არიან. მას ამის უფლება არ ჰქონდა. ეს დანაშაული არ არის? ბუნებრივია, ჯიშკარიანი ამას მარტო ვერ ჩაიდენდა. მან მხლოდ დასკვნა დაწერა, ან უფრო ზუსტად, რაღაც დაჩხაპნა ქაღალდზე, რაზეც ხელი არ მოუწერია კომისიის სხვა არცერთ წევრს. ამის მიუხედავად [სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯომარემ] მიიღო გადაწყვეტილება [ორი პატიმრის] რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.“
გ. გამოძიებასთან დაკავშირებული შემდგომი მოვლენები
19. 2005 წლის 13 ოქტომბერს გენერალურმა ინსპექციამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნები. ის ძირითადად ასახავდა სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორის ქმედებებსა და დარღვევებს სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში პატიმართა გადაყვანის მენეჯმენტთან დაკავშირებით. დასკვნაში მომჩივანი მხოლოდ მოკლედ იყო მოხსენიებული, მხოლოდ ერთ გადაყვანასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ პატიმარი ლ. ც. (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ) სამინისტროს სამედიცინო კომისიის მიერ შემოწმებულ იქნა 2005 წლის 12 იანვარს. იგი დაავადებული იყო ორგანული პიროვნული აშლილობით, პერიოდულად ეპიზოდური გამწვავებებით. კომისია აღნიშნავდა, რომ პატიმარი ფსიქიკური დაავადების გამო მკურნალობდა 2002 წლიდან და ჰქონდა შესაძლებლობის შეზღუდვის მეორე ჯგუფი. მან ასევე მიიღო თავის ტრავმა 2005 წლის 8 იანვარს. მიუხედავად ამისა, კომისიას არ გაუცია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია. დასკვნის მიხედვით, იგივე პატიმარი ხელახლა შეამოწმა მომჩივანმა 2005 წლის 21 იანვარს, რომელმაც მისი სამედიცინო ისტორიის მოხსენიებით, რაც ზემოთ იყო აღწერილი, კომისიის ჟურნალში ჩაწერა, რომ პატიმარს უნდა გაევლო დაკვირვება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დაუნიშნა მას გარკვეული წამლები. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო კომისია არ დაეთანხმა მომჩივნის შეფასებას, „სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, კომისიის გვერდის ავლით, ერთპიროვნულად, მიიღო გადაწყვეტილება ლ.ც.-ს სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ [მომჩივნის მიერ ჟურნალში გაკეთებულ] სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ... და ამით მან დაარღვია ... პატიმრების სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ მოქმედი ყველა შესაბამისი წესი.“
20. 2007 წლის 27 დეკემბერს 2005 წლის 10 სექტემბრის ინციდენტის გამო შეწყდა გამოძიება, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო[1], სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი(ბ) ნაწილის საფუძველზე (იხ. 32-ე პარაგრაფი ქვემოთ).
დ. მომჩივნის მიერ აღძრული სამოქალაქოსამართლებრივი საქმე
21. 2005 წლის 26 სექტემბერს მომჩივანმა, ცილისწამების გამო, აღძრა სამოქალაქო სარჩელი მინისტრის მიმართ. მან მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება და ცრუ ბრალდების უარყოფა იმავე გზით, რა ფორმითაც ის გავრცელდა. მომჩივნის განმარტებით, პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენდა 2003 წლის 4 ოქტომბრის შეთანხმების ნაწილს (იხ. მე-7 პარაგრაფი ზემოთ) და ყველა მისი დასკვნა ეფუძნებოდა გადამოწმებად სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იყო პატიმართა სამედიცინო ისტორიებში. საჯარო და გამოკვეთილი ბრალდებები მის წინააღმდეგ კორუფციასა და თაღლითურ მოქმედებებში. რომლებიც მინისტრის მეშვეობით ვრცელდებოდა მედიასაშუალებებში, იყო ყალბი და რაიმე ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედება მის წინააღმდეგ არ წარმართულა. მინისტრის, როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირისა და საჯარო ნდობით აღჭურვილის, ცრუ ბრალდებებმა იქონია უფრო მეტად უარყოფითი გავლენა მომჩივნის, როგორც ფსიქიატრის, რეპუტაციაზე,
22. 2006 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბატონი კ.კ.-ს განცხადება საქმის განხილვის შეწყვეტის შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის („კანონი“) მე-5 მუხლის საფუძველზე (იხ. 30-ე პარაგრაფი ქვემოთ). სასამართლომ დაასაბუთა, რომ რაკი საქმე წარმოადგენდა საზოგადოებრივი დებატების საგანს, ის არ წარმოადენდა პოლიტიკური ხასიათისას იმ მუხლის მიზნისთვის, რადგან მომჩივანი არ ყოფილა პოლიტიკოსი. თუმცა, სასამართლოს მსჯელობით, იგი შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო საჯარო ფიგურად იმ საჯარო ყურადღების გათვალისწინებით, რასაც მისი საქმიანობა იქცევდა.
23. 2006 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელე ეყრდნობოდა სამოქალაქო კოდექსის (იხ. 31-ე პარაგრაფი ქვემოთ) მე-18 მუხლს, სასამართლომ გამოიყენა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი სტანდარტები, როგორც lex specialis. სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივანი წარმოადგენდა საჯარო ფიგურას კანონის მიზნებისთვის (იხ. 30-ე პარაგრაფი ქვემოთ), სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი საქმიანობის გათვალისწინებით (იხ. მე-7 პარაგრაფი ზემოთ) და სამი კუმულატიური პირობის მტკიცების ტვირთი, კანონის მე-14 მუხლის თანახმად (იხ. 30-ე პარაგრაფი ქვემოთ), რომ მინისტრის განცხადებები ცილისწამებად ყოფილიყო შეფასებული, ეკისრებოდა მას.
24. სასამართლომ გაიზიარა, რომ მომჩივანის მიერ წარდგენილი მტკიცებულების თანახმად, იგი არ ყოფილა ეჭვმიტანილი ან სხვაგვარად ოფიციალურად ბრალდებული კანონდარღვევაში და დაასკვნა, რომ მინისტრის ბრალდებები „შეიძლებოდა ყოფილიყო მცდარი ფაქტების შემცველი“. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ კანონის მე-14 მუხლის სხვა ორ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. სახელდობრ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ მან ზიანი განიცადა მინისტრის მიერ მედიაში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შედეგად, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-14 მუხლში ჩამოყალიბებული მე-2 პირობით.
25. მესამე კრიტერიუმთან დაკავშირებით, იცოდა, თუ არა მინისტრმა, რომ ბრალდებები იყო მცდარი, თუ იგი მოქმედებდა აშკარა და უხეში დაუდევრობით, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„სასამართლო ეთანხმება მოპასუხის არგუმენტს, რომ ბატონმა კ.კ.-მ მიიღო ზომები ინფორმაციის გადასამოწმებლად მათ მიწოდებამდე. მოპასუხემ წარმოადგინა იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 13 სექტემბრის N 1640 ბრძანება სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის დავალების შესახებ, ჩაეტარებინა სამედიცინო დეპარტამენტის ინსპექტირება. შესაბამისად [მინისტრმა] გამოსცა მოკვლევის ბრძანება საჯარო განცხადებების გაკეთებამდე სამი დღით ადრე. შესაბამისად, შესაძლებელია, იგი ფლობდა წინასწარ ინფორმაციას არსებული ნაკლოვანებების შესახებ. თუმცა [ამგვარი ინფორმაციის] ფლობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. საქმის მასალების მიხედვით, სამედიცინო დეპარტამენტში დარღვევების არსებობა დადასტურებულია გენერალური ინსპექციის 2005 წლის 13 ოქტომბრის დასკვნით. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ 2005 წლის 16 სექტემბრისთვის მინისტრმა იცოდა, რომ ინფორმაცია არასწორი იყო. ასევე არ დასტურდება, რომ იგი განცხადების გაკეთების დროს მოქმედებდა უხეში დაუდევრობით. [მინისტრმა] დეპარტამენტის ინსპექტირება დაგეგმა მისი კომპეტენციის ფარგლებში და ამ ფორმით მან მიიღო ზომები ინფორმაციის გადასამოწმებლად.“
26. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები გაკეთებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტის შესახებ მიმდინარე მნიშვნელოვანი საჯარო დისკუსიის ფარგლებში. [სასამართლომ] აღნიშნა, რომ მინისტრი სარგებლობდა გამოხატვის თავისუფლებით, რომ გამოეთქვა თავისი აზრი სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ და, რომ მისი განცხადებები თავსდებოდა დასაშვები კრიტიკის ფარგლებში, რაც მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ უფრო ფართო იყო, მისი, როგორც საჯარო ფიგურის, სტატუსის გათვალისწინებით.
27. 2007 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება. მესამე კრიტერიუმთან დაკავშირებით, რამდენად იცოდა მინისტრმა რომ ბრალდებები იყო არასწორი, თუ იგი მოქმედებდა აშკარა და უხეში დაუდევრობით, სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„სააპელაციო პალატა იზიარებს რა [ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს], გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ [მინისტრმა] იცოდა გავრცელებული ფაქტების მცდარობის შესახებ ან, რომ იგი მოქმედებდა აშკარა და უხეში დაუდევრობით, რამაც გამოიწვია იმგვარი განცხადების გავრცელება, რაც შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს.
სამოქალაქო პროცესი ემყარება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმასთან ერთად, რომ მხარეებს ანიჭებს გარკვეულ უფლებებს, ასევე აკისრებს პროცედურულ ვალდებულებებს, თავიანთივე ინტერესების გათვალისწინებით. მხარის მიერ ასეთი [ვალდებულების] შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის არასახარბიელო შედეგს. ეს წესი გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის [მოთხოვნებს].“
28. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ „კ.კ.-ს უფლება ჰქონდა გამოეთქვა თავის მოსაზრება სამინისტროში არსებული მდგომარეობის შესახებ და მომჩივანი, მისი, როგორც საჯარო ფიგურის, სტატუსის გათვალისწინებით, ვალდებული იყო ეთმინა დასაშვები კრიტიკა“.
29. 2008 წლის 16 მაისს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის საჩივარი სამართლებრივ საკითხებზე დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
30. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ 2004 წლის კანონი ითვალისწინებდა შემდეგს:
მუხლი 1(i)
„საჯარო პირი [არის] „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; [ან] პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.“
მუხლი 5: პოლიტიკური და სასამართლო სიტყვის თავისუფლება
„1. ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია:
ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის ან [ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს] წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ... “
მუხლი 14: საჯარო პირის ცილისწამება
„პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.“
31. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, დავის დროისათვის მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა შემდეგს:
„2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით...
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც...“
32. დავის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის (1998) 28-ე მუხლის 1-ლი(ბ) ნაწილის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნა ... უნდა შეწყდეს ... თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო.“
33. იუსტიციის სამინისტროს დებულების (დამტკიცებული მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს N70 ბრძანებულებით) მე-4, მე-5 და 23-ე მუხლები, დავის დროისათვის მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა, რომ სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება, სხვებთან ერთად, სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა; პოლიტიკისა და ზომების შემუშავება პატიმართა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის თავიდან აცილება; სამედიცინო დეპარტამენტის მეშვეობით სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურების, მათ შორის, საავადმყოფოების კონტროლი და პატიმართა მოთავსება საავადმყოფოებში. სამინისტროს 2002 წლის 11 თებერვლის შინაგანაწესის თანახმად, გენერალური ინსპექცია იმყოფებოდა მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში.
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
34. მომჩივანი ჩიოდა, რომ ეროვნული სასამართლოების უარით, დაეცვა თავის რეპუტაცია კორუფციასა და თაღლითურ ქმედებებში იუსტიციის მინისტრის მხრიდან საჯაროდ გაცხადებული დაუდასტურებელი ბრალდებების გავრცელებისგან, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები. ეს ნორმა ამგვარად იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
35. მთავრობამ ეს არგუმენტი გააპროტესტა.
ა. მისაღებობა
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის 3(a) პუნქტიდან გამომდინარე. ასევე აღნიშნავს, რომ ის არ არის მიუღებელი არც რაიმე სხვა საფუძვლით, შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა განმარტებები
37. მომჩივანმა, სხვა არგუმენტებთან ერთად, განმარტა, რომ მინისტრმა იგი საჯაროდ დაადანაშაულა დანაშაულებრივ ქმედებაში მის ხელთ არსებული რაიმე ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, არც იმ დროისათვის, როდესაც განცხადებები გაკეთდა და, არც მომდევნო ეტაპზე. იგი ხაზს უსვამდა, რომ საკითხზე შიდა მოკვლევის დაწყება უშუალოდ სადავო განცხადებების გაკეთების წინ, ისე, რომ არ დაუცდია მისი შედეგებისთვის, რთულად შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო მისთვის დაკისრებულ ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულებასთან შესაბამისად.
38. მომჩივანმა ასევე განმარტა, რომ ეროვნული სასამართლოების უარმა, დაეცვათ მისი, როგორც ფსიქიატრის, რეპუტაცია ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ფაქტებით დაუდასტურებელი ბრალდებებისგან, გამოიწვია რეპუტაციაზე კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მისი უფლების დარღვევა.
39. მთავრობამ განმარტა, რომ ჩარევა, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი, არ იყო იმგვარი სიმწვავის, რომ გამოეწვია დაცვა კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ მინისტრის განცხადებები საჯარო დებატების კონტექსტში იყო გაკეთებული, რომელიც შეეხებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო [დაწესებულებების] მართვის საკითხებს და, რომ მასში მომჩივანმაც მიიღო მონაწილეობა მინისტრის ბრალდებებზე საჯაროდ პასუხის გაცემით. იმეორებდნენ ქვეყნის სასამართლოების დასკვნებს, რომ მომჩივანი საჯარო ფიგურად უნდა ყოფილიყო მიჩნეული სასჯელაღსრულების ინსტიტუტებში მისი საქმიანობის გათვალისწინებით, რის გამოც დასაშვები კრიტიკის ფარგლები მის მიმართ უფრო ფართო იყო.
40. მთავრობის მოსაზრებით, ეროვნულმა სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში ჩამოყალიბებული სტანდარტები მომჩივნის რეპუტაციაზე უფლებისა, კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში, და მინისტრის გამოხატვისა და მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაციის მიღების თავისუფლებას შორის ბალანსის დადგენისას. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოებისთვის მიკუთვნებული ფართო შეფასების თავისუფლების გათვალისწინებით, ქვეყნის სასამართლოებს გააჩნდათ ექსკლუზიური კომპეტენცია შეენარჩუნებინათ ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებას შორის კონვენციის ფარგლებში. უფრო მეტიც, ცილისწამების დეკრიმინალიზაციის პირობებში, კანონმდებელი გადაიხარა გამოხატვის თავისუფლებისკენ.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
41. სასამართლო იმეორებს პრინციპებს, რომლებიც მან თავის პრეცედენტულ პრაქტიკაში ჩამოაყალიბა იმ დაცვასთან დაკავშირებით, რასაც მე-8 მუხლი ითვალისწინებს რეპუტაციასთან, როგორც პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ნაწილთან, მიმართებით (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ვონ ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ (Von Hannover v. Germany) (N 2) [დიდი პალატა], NN 40660/08 და 60641/08, §§ 95-99, ECHR 2012, სს აქსელ შპრინგერი გერმანიის წინააღმდეგ (Axel Springer AG v. Germany) [დიდი პალატა], N 39954/08, §§ 82-84, 7 თებერვალი 2012 და პფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ (Pfeifer v. Austria), N 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007). იმისათვის, რომ მე-8 მუხლი მოქმედებაში მოვიდეს, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. შპს დელფი ესტონეთის წინააღმდეგ (Delfi AS v. Estonia) [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და ისლამური მეჯლისის გაერთიანება ბრჩკო და სხვები ბოსნია და ჰერცოგოვინას წინააღმდეგ (Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina) [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017). საქმეებში, რომლებიც შეეხებოდა დანაშაულებრივ ქმედებებს, სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირებს აქვთ უფლება უდანაშაულოდ იყვნენ მიჩნეული, ვიდრე არ დამტკიცდება ბრალეულობა (იხ., სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ვორმი ავსტრიის წინააღმდეგ (Worm v. Austria), 29 აგვისტო 1997, § 50, გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარიშები 1997‑V და დუ როი და მალური საფრანგეთის წინააღმდეგ (Du Roy and Malaurie v. France), N 34000/96, § 34, ECHR 2000-X).
42. იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, პრინციპში, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება, თუ ნეგატიური. იგივენაირად, კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას თუ რამდენად და რა მოცულობით ჩარევა ამ მუხლით დაცულ, გამოხატვის თავისუფლებაში, ჩაითვლება აუცილებლად (იხ. Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy ფინეთის წინააღმდეგ (Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland) [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და Couderc and Hachette Filipacchi Associés საფრანგეთის წინააღმდეგ (Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France) [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015 (ამონარიდები)). ამასთან, ეს თავისუფლება სასამართლოს მხრიდან კანონმდებლობისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების შესრულებაზე ევროპული კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, თუნდაც ეს გადაწყვეტილებები დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს მიღებული (იხ., სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ზემოთ დასახელებული ვონ ჰანოვერი (Von Hannover) (N 2), § 105 და ეგილ ეინარსონი ისლანდიის წანააღმდეგ (Egill Einarsson v. Iceland), N 24703/15, § 36, 7 ნოემბერი 2017).
43. იმ ტიპის საქმეებში, რაც აქ არის განხილული, მთავარი საკითხი არის, სახელმწიფომ, მე-8 მუხლიდან გამომდინარე მისი პოზიტიური ვალდებულებების კონტექსტში, დაამყარა, თუ ვერა სამართლიანი ბალანსი რეპუტაციის დაცვაზე პირის უფლებას შორის და მეორე მხარის, მე-10 მუხლით გარანტირებულ, გამოხატვის თავისუფლებას შორის (იხ. ზემოთ დასახელებული: ვონ ჰანოვერი (Von Hannover) (N 2), § 98 და პფეიფერი (Pfeifer) § 38). საქმეებში, რომლებშიც მოთხოვნილია, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება დაბალანსდეს გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, თეორიულად, საჩივრის შედეგი არ უნდა იყოს განსხვავებული იმის მიხედვით, სასამართლოს წინაშე ის წარდგენილია მე-8 მუხლის საფუძველზე, თუ მე-10 მუხლის საფუძველზე. უდავოდ, პრინციპულად, ეს ორივე მუხლი თანაბარ პატივისცემას იმსახურებს. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში შეფასების თავისუფლების ფარგლები ერთნაირი უნდა იყოს (იხ. ზემოთ დასახელებული გაერთიანება Couderc and Hachette Filipacchi Associés, § 91).
44. სასამართლო ასხვავებს ფაქტების გაცხადებას და შეფასებით მსჯელობას. მაშინ, როდესაც ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცდეს, შეფასებითი მსჯელობის მართებულობა მტკიცებას არ ექვემდებარება. შეფასებითი მსჯელობის მართებულობის დამტკიცება შეუძლებელია და თავისთავად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, რაც მე-10 მუხლით დაცული უფლების ფუძემდებლური ნაწილია. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც განცხადება წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები მის გასამყარებლად, სხვა შემთხვევაში, ის იქნება არასათანადო (იხ. ზემოთ დასახელებული პფეიფერი (Pfeifer), § 46, შემდგომი მითითებებით). განცხადების კლასიფიცირება, როგორც ფაქტისა, თუ, როგორც შეფასებითი მსჯელობისა, არის ის საკითხი, რომელიც, პირველ რიგში, ექცევა ეროვნული ხელისუფლების, კერძოდ, ეროვნული სასამართლოების, თავისუფალი შეფასების ფარგლებში. თუმცა, სასამართლო მაინც აუცილებლად მიიჩნევს, თვითონ შეაფასოს სადავო განცხადებები (იხ. ზემოთ დასახელებული ეგილ ეინარსონი (Egill Einarsson), § 48).
45. როდესაც ახორციელებს საზედამხედველო ფუნქციას, სასამართლოს ამოცანა არ არის, დაიკავოს ეროვნული სასამართლოების ადგილი, არამედ განიხილოს, საქმის მთლიანი მასალების ფონზე, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათი დისკრეციის ფარგლებში, რამდენად შეესაბამება კონვენციის გამოყენებულ მოთხოვნებს (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ზემოთ დასახელებული, Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy, § 164). სადაც ეროვნული ხელისუფლების მიერ სასწორზე არსებული ინტერესების შეფასება შეესაბამება სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ კრიტერიუმს, სერიოზული მიზეზები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ [სასამართლომ] თავისი მოსაზრებით ჩაანაცვლოს ეროვნული სასამართლოების მოსაზრებები (იხ. ბიდა შვეიცარიის წინააღმდეგ (Bédat v. Switzerland) [დიდი პალატა], N 56925/08, § 54, ECHR 2016, შემდგომი მითითებებით).
46. სასამართლომ მრავალი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა პირადი ცხოვრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაბალანსებისთვის (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ზემოთ დასახელებული: სს აქსელ სპრინგერი (Axel Springer AG), §§ 89-95; ვონ ჰანოვერი (Von Hannover) (N. 2), §§ 108-113 და გაერთიანება ქუდერქი და აშეთ ფილიპაქი (Couderc and Hachette Filipacchi Associés), § 93). მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, განიხილოს შემდეგი გამოსაყენებელი კრიტერიუმები: საჯარო ინტერესის მატარებელ დებატებში წვლილის შეტანა, რამდენად ცნობილი პირი იყო მომჩივანი და მისი წინარე მოქმედებების ბუნება, განცხადებების შინაარსი, ფორმა და შედეგები და ინფორმაციის მოპოვების მეთოდები და მისი ნამდვილობა.
(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება ამ საქმეში
(i) მინისტრის განცხადებებში გამოკვეთილი ბრალდებების სიმძიმე
47. მინისტრის მიერ საჯაროდ გამოთქმული აშკარა ინსინუაციები, რომ მომჩივანი, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ჩაბმული იყო ფულის მიღების სანაცვლოდ, პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი სამედიცინო დასკვნების გაცემაში და, რომ მასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სისხლის სამართლის გამოძიება (იხ. მე-13-14 და მე-18 პარაგრაფები ზემოთ), იყო მძიმე. ისინი ტოვებდნენ შთაბეჭდილებას, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და ამით ზიანი უნდა მიდგომოდა მის, როგორც ექიმის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წარმომადგენლის, რეპუტაციას. შესაბამისად, ბრალდებები ატარებდა სიმძიმის შესაბამის ხარისხს, რამდენადაც მათ შეეძლოთ ზიანი მიეყენებინათ მომჩივნის რეპუტაციისთვის, როგორც კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლებისთვის.
(ii) საჯარო ინტერესის მატარებელ დებატებში წვლილის შეტანა,
48. სასამართლო ეთანხმება ქვეყნის სასამართლოების შეფასებას, რომ იმ დროისათვის მიმდინარეობდა დებატები საზოგადო ინტერესის მატარებელ მნიშვნელოვან საკითხზე. 2005 წლის 10 სექტემბრის ინციდენტმა და სხვა ეპიზოდმა, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია, რაც სავარაუდოდ დაკავშირებული იყო არასათანადო მკურნალობასთან (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ) გამოიწვია დისკუსია იმაზე, თუ რამდენად სათანადოდ იმართებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებები და მათი სამედიცინო სერვისები შესაბამისი ინსტიტუტების მიერ. პატიმრების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა და მათი დროებითი ჰოსპიტალიზაცია წარმოადგენენ იმ საკითხებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებდა იმდენად, რომ მას შეიძლებოდა ლეგიტიმურად გამოეჩინა ინტერესი მის მიმართ და ფართოდ გაშუქებულიყო მედიაში (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ზემოთ დასახელებული, Couderc and Hachette Filipacchi Associés, § 103).
49. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განცხადებები, რომლებიც მიმართული იყო პროცედურების აღწერის და სავარაუდო ნაკლოვანებებისკენ სასჯელაღსულების დაწესებულებებში სამედიცინო სერვისების მართვაში, იყო საკითხზე საჯარო დებატების ნაწილი.
(iii) რამდენად ცნობილი იყო მომჩივანი, მომჩივნის წინარე მოქმედებები სადავო განცხადებების გავრცელებამდე და განცხადებების საგანი
50. სასამრთლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი, ცნობილი ფსიქიატრი და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი, ისევე როგორც პატიმართა რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი და პატიმრების ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევისა და მონოტორინგის კომისიის წევრი (იხ. მე-6-9 პარაგრაფები) ქვეყნის სასამართლოების მიერ მიჩნეულ იქნა უფრო საჯარო ფიგურად, ვიდრე კერძო პირად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიზნებისათვის (ის. 22-ე და 30-ე პარაგრაფები ზემოთ).
51. დებატები და სადავო განცხადებები არ შეეხებოდა მომჩივნის პირად ცხოვრებას, არამედ უფრო მეტად მის საჯარო აქტივობას ზემოაღნიშნულ სფეროებში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომჩივნის პოზიციისა და აქტივობების, მათ შორის, პატიმართა სამედიცინო შემოწმების, გათვალისწინებით (იხ. მე-6-10 პარაგრაფები ზემოთ) სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს არ დაეთანხმოს ეროვნული სასამართლოს დასკვნებს მომჩივნის, როგორც საჯარო ფიგურის, სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც მოქმედებდა, როგორც ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში და, რომ შესაბამისად, დასაშვები კრიტიკის ფარგლები მის მიმართ იყო უფრო ფართო, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ (იხ. ფურსთ-პფეიფერი ავსტრალიის წინააღმდეგ (Fürst-Pfeifer v. Austria), NN 33677/10 და 52340/10, § 46, 17 მაისი 2016).
(iv) განცხადებების შინაარსი, ფორმა და შედეგები
52. სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ მინისტრის ბრალდებები იყო მძიმე და ტოვებდა შთაბეჭდილებას მომჩივანმა ჩაიდინა დანაშაულები (იხ. 47-ე პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, ქვეყნის სასამართლოებმა დაასკვნეს, რომ მინისტრის განცხადებები წარმოადგენდა მის მოსაზრებებს, გამიზნულს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, საკითხზე, რომელიც მომჩივნისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო მისი, როგორც საჯარო ფიგურის, სტატუსის გათვალისწინებით (იხ. 26-ე და 28-ე პარაგრაფები ზემოთ). ისინი, არსებითად მიუთითებდნენ, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას, რაც არ ყოფილა არასათანადო. თუმცა, ქვეყნის არცერთ სასამართლოს არ შეუფასებია, თუ რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო შეფასებითი მსჯელობა მძიმე ფაქტობრივი ბრალდება დასახელებული პირის წინააღმდეგ და შეეძლო წვლილი შეეტანა დებატებში საზოგადო ინტერესის საგანზე.
53. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, თუნდაც დავუშვათ, რომ სასამართლო მიიღებდა მომჩივნის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებების კვალიფიკაციას, როგორც შეფასებით მსჯელობას, სასამართლო იმეორებს, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით, თუნდაც განცხადება წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი მის გასამყარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩაითვლება არასათანადოდ (იხ. ზემოთ დასახელებული: ეგილ ეინარსონი (Egill Einarsson), § 52 და პფაიფერი (Pfeifer), § 46, შემდგომი მითითებებით).
54. სასამართლო შესაბამისად შეაფასებს მინისტრის განცხადებების სიზუსტეს, ვინც, თავისი თანამდებობის გათვალისწინებით, ატარებდა გარკვეულ წონას და იწვევდა ნდობას საზოგადოების თვალში. ეს იწვევდა უფრო მაღალი ხარისხის მოთხოვნას, რომ ფაქტების სიზუსტე ყოფილიყო შემოწმებული.
(v) ინფორმაცის მოპოვების მეთოდი და მისი ნამდვილობა
55. მინისტრი ამტკიცებდა, რომ 2005 წლის 10 სექტემბრის ინციდენტში მონაწილე პატიმარი, რომელიც გადაყვანილი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში მომჩივნის სამედიცინო ჩანაწერის საფუძველზე, იყო ჯანმრთელი (იხ. მე-13 და მე-14 პარაგრაფები ზემოთ) და, რომ მომჩივანს არ ჰქონდა უფლება ჩანაწერები გაეკეთებინა ჟურმნალებში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის (იხ. ibid.). მისი მხრიდან აშკარა ინსინუაცია იყო ის, რომ მომჩივანი ჩაბმული იყო ჯანმრთელი პაციენტების შესახებ არასწორი სამედიცინო დასკვნების გაცემის კორუფციულ სქემაში, რომლის შედეგადაც ისინი გადაყვანილ იქნებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში ფულის სანაცვლოდ (იხ. მე-18 პარაგრაფი ზემოთ).
56. რაც შეეხება პირველ ელემენტს, ქვეყნის სასამართლოებს არ გაუციათ პასუხი მომჩივნის არგუმენტზე, რომ შესაბამისი პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია ადასტურებდა, რომ მას აწუხებდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ სანამ 2005 წლის 10 სექტემბრის ინციდენტში მონაწილე პატიმარი გადაყვანილ იქნებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში, მომჩივნის მიერ გაცემული სამედიცინო შემოწმების საფუძველზე მის შესახებ (იხ. მე-10 და მე-19 პარაგრაფები ზემოთ), სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნებით, რომლებიც სადავო განცხადებების შემდეგ იქნა მიღებული, დადასტურდა, როგორც მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ხსენებულ პატიმარს რეალურად აწუხებდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის, ფსიქიკური და თავი ტრავმა (იხ.მე-19 პარაგრაფი ზემოთ).
57. რაც შეეხება მომჩივნის უფლებამოსილებას, შესაბამის ჟურნალში გაეკეთებინა ჩანაწერები პატიმრების ჯანმრთელობის შესახებ, ქვეყნის სასამართლოებს აღნიშნულზე არ უმსჯელიათ.
58. თუმცა, რომ დავუშვათ, რომ მინისტრის ბრალდების მეორე ელემენტი მართებული იყო და შეიძლებოდა გამოეწვია კრიტიკა მომჩივნის მიმართ, მინისტრის განცხადებებისა და მომჩივნის სამოქალაქო სარჩელის, მთავარი ასპექტი უკავშირდებოდა მინისტრის ბრალდებების მესამე ელემენტს, სახელდობრ, მძიმე ბრალდებების სიზუსტეს, რომ მომჩივანმა გასცა არასწორი სამედიცინო ცნობები, ფულის სანაცვლოდ, ჯანმრთელი პატიმრების სასჯელაღსრლების დაწესებულების საავადმყოფოში მოსათავსებლად.
59. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის სასამართლოები თანხმდებოდნენ, რომ მომჩივნის საქმეზე არასოდეს წარმართულა სისხლის სამართლის გამოძიება და, რომ მინისტრის ბრალდებები შეიძლებოდა „ყოფილიყო მცდარი ფაქტების შემცველი“ (იხ. 24-ე პარაგრაფი ზემოთ). უფრო მეტიც 2005 წლის 10 სექტემბრის ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ), რაც როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ნაწილობრივ დაკავშირებული უნდა ყოფილიყო სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში არასათანადო მართვის და კორუფციის უფრო ფართო პრობლემებთან, შეწყდა, დანაშაულის არარსებობის გამო (იხ. მე-20 და 24-ე პარაგრაფები ზემოთ). შესაბამისად, მინისტრის ბრალდებები, თუნდაც ისინი შეფასდეს, როგორც შეფასებითი მსჯელობა, მოკლებული იყო სათანადო ფაქტობრივ საფუძვლებს. თუმცა ეროვნულმა სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მინისტრი შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას განცხადებების გაკეთებამდე, შიდა მოკვლევის ჩატარების გადაწყვეტილებით (იხ. 25-ე და
27-ე პარაგრაფები ზემოთ).
60. შეკითხვა, რომელიც ასევე მოითხოვს პასუხის გაცემას, არის ის, თუ რამდენად გამოიჩინა მინისტრმა სათანადო გულისხმიერება მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის შესამოწმებლად. ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოყენებული კანონმდებლობა მომჩივანს აკისრებდა და არა მინისტრს, იმის მტკიცების ტვირთს, რომ ემტკიცებინა არა მის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებების მცდარობა და განცდილი ზიანი, არამედ ასევე ის, რომ მინისტრი მოქმედებდა აშკარა და უხეში დაუდევრობით გაუმყარებელი ბრალდებების გავრცელებისას (იხ. 30-ე პარაგრაფი ზემოთ).
61. ამ წინაპირობების მიუხედავად და სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების გათვალისწინებით, მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაბალანსების საქმეში (იხ. 41-46-ე პარაგრაფები ზემოთ), სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვეყნის სასამართლოების დასკვნებს, რომ მინისტრმა სათანადო გულისხმიერება გამოიჩინა ბრალდებების ნამდვილობის გადასამოწმებლად, რომლებიც მან გაავრცელა ან, რომ მომჩივანმა არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება თავის მხრივ (იხ.
27-ე პარაგრაფი ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა დანიშნა შიდა მოკვლევა, იგი არ დაელოდა მის დასრულებას. იგი არც სხვა გადამოწმებულ ინფორმაციას ფლობდა მომჩივნის წინააღმდეგ (იხ.
24-25-ე პარაგრაფები ზემოთ), შესაბამისად მოკვლევის დანიშვნა, მისი შედეგებისთვის დალოდების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სათანადო გულისხმიერების გამოჩენის სტანდარტის დაცვის მცდელობად.
62. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ კონვენცია არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ პირებს მოსთხოვოს, ითმინონ კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მათი უფლებების კონტექსტში ის, რომ საჯაროდ იქნენ დადანაშაულებულები სისხლის სამართლებრივ ქმედებებში ხელისუფლების თანამდებობის პირთა მიერ, რომელთაგან საზოგადოება მოელის გადამოწმებულ ინფორმაციას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით და არა ფაქტებით გაუმყარებელ განცხადებებს (იხ., mutatis mutandis, ზემოთ დასახელებული ეგილ ეინარსონი (Egill Einarsson), § 52).
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ქვეყნის სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებულმა საფუძვლებმა მინისტრის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გადასწონა მომჩივნის უფლება მისი რეპუტაციის ხელშეუხებლობაზე. სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ ქვეყნის სასამართლოებმა ვერ დაადგინეს სამართლიანი ბალანსი კონკურენტულ ინტერესებს შორის.
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
64. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
65. მომჩივანმა მოითხოვა 335 775 ევრო ქონებრივი ზიანისთვის, შემოსავლის სავარაუდო დაკარგვის გამო. მან ასევე მოითხოვა 100 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
66. მთავრობამ განმარტა, რომ მომჩივნის მოთხოვნები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და ნებისმიერ შემთხვევაში, არ არსებობდა კავშირი კონვენციის სავარაუდო დარღვევასა და ზიანს შორის, თუკი ასეთს ექნებოდა ადგილი. მათ მომჩივნის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შეაფასეს როგორც გადაჭარბებული და სასამართლოს მოუწოდეს, დარღვევის შემთხვევაში, მიეკუთვნებინა ზიანი სამართლიანობის პრინციპის დაცვით.
67. სასამართლო უკუაგდებს მომჩივნის მოთხოვნას ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, როგორც დაუსაბუთებელს. რაც შეეხება, მორალურ ზიანს, სასმართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა განეცადა მორალური ტანჯვა ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირის მიერ სისხლის სამართლებრივ ქმედებებში უმართებულოდ დადანაშაულების გამო და ქვეყნის სასამართლოების მხრიდან მისი რეპუტაციის დაცვაზე უარით, რაც არ შეიძლება ადეკვატურად იქნეს კომპენსირებული მხოლოდ დარღვევის დადგენით. საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით და სამართლიანობის საწყისებზე შეფასების შედეგად, სასამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 1 500 ევროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
ბ. ხარჯები
68. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 233 ევრო ქვეყნის სასამართლოების წინაშე გაწეული ხარჯებისთვის, 36 ევრო საფოსტო ხარჯებისთვის და 3 200 ევრო სასამართლოს წინაშე მისი ორი წარმომადგენლის სამართლებრივი წარმომადგენლობის ხარჯების ასანაზღაურებლად.
68. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ თითოეულმა მისმა წარმომადგენელმა დახარჯა 32 საათი, ნიხრით საათში 50 ევრო სასამართლოში წარმომადგენლობაზე. თავის მოთხოვნის გასამყარებლად მომჩივანმა წარმოადგინა 2017 წლის 14 თებერვალს დადებული ხელშეკრულება ბატონ ი. ხატიაშვილთან. ეს უკანასკნელი დოკუმენტი ითვალისწინებდა, რომ მომჩივანს უნდა გადაეხადა ბატონი ხატიაშვილისთვის შესაბამისი თანხა, თუ ევროპული სასამართლო დაადგენდა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მისი უფლებების დარღვევას. რაც შეეხება, მომჩივნის მეორე წარმომადგენელს, ქალბატონი ლ. მუხაშავრიას, მომჩივანმა წარმოადგინა [მასთან გაფორმებული] სავარაუდო ხელშეკრულების მხოლოდ პირველი გვერდი.
69. მთავრობა არ დაეთანხმა მოთხოვნებს. მათ განმარტეს, რომ ქალბატონ ლ. მუხაშავრიასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტი იყო არასრულყოფილი, არ ჰქონდა ხელმოწერები, არ ითვალისწინებდა, რაიმე სახელშეკრულებო ვალდებულებებს და, ნებისმიერ შემთხვევაში, იყო გადაჭარბებული მომჩივნის პირველი წარმომადგენლის ბატონ ი. ხატიაშვილის მიერ ნაწარმოებ საქმესთან მიმართებით. რაც შეეხება სასამართლო ხარჯებს, რაც გადახდა ქვეყნის სასამართლოების წინაშე, მთავრობამ უარყო, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ დაემტკიცებინა მომჩივნის მიერ ასეთი ხარჯების გაწევა. საფოსტო ხარჯები გაღებული იყო აო „ემპათიის“ და არა მომჩივნის მიერ და ამ უკანასკნელმა ვერ დაადასტურა, რომ ის მის საჩივარს უკავშირდებოდა.
70. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, მომჩივანი უფლებამოსილია მიიღოს ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც დაამტკიცებს, რომ რეალურად იყო გაწეული და უცილობლად გადახდებოდა და ამასთან გონივრულ ფარგლებში. მოცემულ საქმეში, მის ხელთ არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, მიაკუთვნოს ანაზღაურება 1 600 ევროს ოდენობით, სასამართლოს წინაშე ბატონ ი. ხატიაშვილის მიერ წარმომადგენლობის და 233 ევრო ქვეყნის შიგნით სასამართლოში გაწეული ხარჯებისთვის.
გ. პროცენტი
71. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პროცენტი გამოთვლილ იქნეს ევროპის ცენტრალური ბანკის დაკრედიტების ზღვრული პროცენტის ოდენობიდან, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად,
1. მისაღებად აცხადებს საჩივარს კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44.2 მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, გადახდის დღისათვის არსებული კურსით:
(i) 1 500 (ათას ხუთასი) ევრო რასაც დაემატება ნებისმიერი საკომისიო, მორალური ზიანისთვის;
(ii) 1 833 (ათას რვაას ოცდაცამეტი) ევრო, რასაც დაემატება ნებისმიერი საკომისიო, ხარჯების ასანაზღაურებლად;
(ბ) აღნიშნული სამი თვის გასვლის შემდეგ, მის გადახდამდე, ამ თანხას დაემატება ზღვრული პროცენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი;
4. უარყოფს განმცხადებლის სხვა მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურად, რაც წერილობით ცნობილი გახდა 2018 წლის 20 სექტემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
კლაუდია ვესტერდიკი ანგელიკა ნიუსბერგერი
მდივანი თავმჯდომარე
[1] გადაწყვეტილების ორიგინალის ტექსტში დაშვებულია უზუსტობა, შდრ. 31-ე პარაგრაფი (მთარგმნელის შენიშვნა).
Full & Egal Universal Law Academy