Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
(Kadagishvili v. Georgia)
საჩივარი N 12391/06
გადაწყვეტილება
2020 წლის 14 მაისი
ფაქტები:
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2006 წელს სამივე მომჩივანს (ამირან ქადაგიშვილს, მის მეუღლეს- ნანა ქადაგიშვილს, და შვილს- არჩილ ქადაგიშვილს) მსჯავრი დაედო ფინანსური დანაშაულების, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის. დანაშაულების ჩადენა უკავშირდებოდა პირველი მომჩივნის მიერ დაფუძნებული „გამაბანკის“ საქმიანობას. ეროვნულმა სასამართლოებმა მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მომჩივნები დავობდნენ, რომ, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საფუძვლით მათ წინააღმდეგ განხორციელებული სამართალწარმოება არ იყო სამართლიანი. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ პირველი და მესამე მომჩივნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ.
2004 წლის ივლისში, პირველი და მესამე მომჩივანი დააკავეს ფინანსური დანაშაულების ბრალდებით, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის. 2004 წლის სექტემბერში მეორე მომჩივანიც დააკავეს. აღნიშნული საქმე გააშუქა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, სადაც ერთ-ერთ ინტერვიუში გამომძიებელი აცხადებდა, რომ გამაბანკის საშუალებით გადარიცხული იყო 10 მილიარდი ევრო.
მომჩივანთა წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო 2005 წელს და დასრულდა 2006 წლის აპრილში, მომჩივნების დამნაშავედ ცნობით. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო ჯგუფურად ფულის გათეთრებასა და სხვა არაკანონიერ ქმედებებში, რომლებშიც ასევე მონაწილეობდნენ გამაბანკის თანამშრომლები. პირველ და მესამე მომჩივანს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მეორე მომჩივანს პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
დაკითხული იქნა გამაბანკის თექვსმეტი თანამშრომელი, მათ შორის ათს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა იმავე ფინანსურ დანაშაულებზე. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო სხვადახვა მტკიცებულებას, როგორებიცაა ფინანსური და სხვა დოკუმენტები და შესაბამის დოკუმენტებთან მიმართებით ექსპერტიზის შედეგები.
სააპელაციო სასამართლოს წინაშე მომჩივნები დავობდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. დასკვნით სასამართლო პროცესზე პირველი მომჩივანი სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევეს. 2006 წლის ოქტომბერში სააპელაციო სასამართლომ მათი მსჯავრდება ძალაში დატოვა.
2007 წლის თებერვალში უზენაესმა სასამართლომ მომჩივანთა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
სტრასბურგის სასამართლოს წინაშე სამივე მომჩივანი inter alia [1]დავობდა, რომ მათ საქმეზე დარღვეულ იქნა კონვენციის მე-6 მუხლი.
სამართალი:
მე-6 მუხლი
სამივე მომჩივანი დავობდა, რომ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოებები უკანონო იყო. კერძოდ, ისინი აცხადებდნენ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო უზენაესი სასამართლო; ამასთანავე, მედიის მიერ მათი დაკავების გაშუქების ფორმა და ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ გაკეთებული განცხადებები არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. მომჩივნები ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 (d) პარაგრაფებს. პირველი მომჩივანი ასევე დავობდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (b)-(c) პარაგრაფების საფუძველზე, რომ მას არ გააჩნდა სათანადო საშუალებები თავის დასაცავად იმის გამო, რომ იგი სააპელაციო სასამართლო პროცესზე გისოსებს მიღმა იყო, ხოლო მოგვიანებით სააპელაციო ეტაპზე იგი გააძევეს სასამართლო დარბაზიდან.
(i) სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების სამართლიანობა
(α) საპროცესო შეთანხმება და ეროვნული სასამართლოების მიერ მოწმეთა ჩვენებების განხილვა
155. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ უმთავრესად მომჩივნებმა გაასაჩივრეს ის ფაქტი, რომ ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ სასამართლო პროცესზე მათ წინააღმდეგ მიცემულ იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებები გააფორმეს. მომჩივნები დავობდნენ, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით, იყო პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და ზოგიერთმა მოწმემ როგორც ჩანდა არასწორად გაიგო თუ რას გულისხმობდა საპროცესო შეთანხმების პროცედურა. გარდა ამისა, მომჩივანთა განცხადებით, ზოგიერთი მოწმე არ ყოფილა იზოლირებული სასამართლო პროცესის დროს და [სასამართლო] პროცესზე დასწრებას მათზე შესაძლოა გავლენა მოეხდინა.
156. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პროცედურის გამოყენებას, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმება ევროპული სისხლის სამართლის სისტემებისთვის დამახასიათებელია და სწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას (იხ., სხვა დანარჩენთან ერთად, Natsvlishvili and Togonidze, v. Georgia (no. 9043/05, § 90, ECHR 2014 (ამონარიდები)). რაც შეეხება ათ მოწმესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა მათი ადვოკატების მონაწილეობით, ყველა შეთანხმება დაამტკიცა სასამართლომ და ათივე მოწმემ დაადასტურა, რომ შეთანხმებების დროს მათ მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ამრიგად, საპროცესო შეთანხმება დაიდო იმ დროს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და მას თან ახლდა ადეკვატური სასამართლო განხილვა, შესაბამისი მხარეების მონაწილეობით (იხ. Natsvlishvili and Togonidze, ციტირებული ზემოთ, §§ 94-95). რაც შეეხება მომჩივანთა არგუმენტს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისად ზოგიერთმა პირმა არ იცოდა მათი ქმედებების სამართლებრივი კლასიფიკაცია, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის ასეთი უგულვებელყოფა, თუნდაც ეს სინამდვილეს შეესაბამებოდეს, საპროცესო შეთანხმებებსა და მათ შემდგომ ჩვენებებს საეჭვოს არ ხდის. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზემოხსენებული ათი პირიდან თითოეულმა სასამართლოს მისცა ჩვენება მომჩივანთა საქმეზე, ხოლო ამ უკანასკნელთ მათი ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა ჰქონდათ. მოწმეთა უმრავლესობამ განმეორებით დაადასტურეს საკუთარი ჩვენებები და დეტალურად და თანმიმდევრულად განმარტეს საკუთარი როლი იმ დანაშაულებში, რომლებზეც მომჩივნებს ბრალი წაუყენეს.
157. გარდა ამისა, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების შესწავლის შემდეგ, განაცხადა, რომ ათ მოწმესთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებს ჰქონდა პრეიუდიციული ძალა, სტრასბურგის სასამართლოს მხედველობიდან არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ მომჩივნის საქმეზე არცერთი ფაქტი არ დადგენილა სასამართლო პროცესზე სრული და სათანადო შემოწმების გარეშე (შედარებისთვის იხ. Navalnyy and Ofitserov v. Russia, nos. 46632/13 და 28671/14, § 105, 23 თებერვალი 2016). უფრო მეტიც, ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, მართალია, აღიარებდა საბოლოო გადაწყვეტილებებში დადგენილი ფაქტების res judicata გავლენის შესაძლებლობას, თუმცა მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ითვალისწინებდა ამ ფაქტების ნამდვილობის შემოწმების შესაძლებლობას. ასევე, ეროვნულ სასამართლოებს შეეძლოთ ფაქტები დადგენილად არ მიეჩნიათ, თუ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები ამის საფუძველს იძლეოდა. ასეთ გარემოებებში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სხვა საქმის წარმოების ფარგლებში გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონედ მოხსენიება, თავისთავად არანაირ საზიანო გავლენას არ ახდენს მომჩივნის წინააღმდეგ სამართალწარმოების სამართლიანობაზე (შედარებისთვის იხ. Navalnyy and Ofitserov, ციტირებული ზემოთ, §§ 107-108). გარდა ამისა, მაშინ როცა უზენაესი სასამართლო იყო ეფექტური ფორუმი, რომელსაც შეეძლო განეხილა ამგვარი უარყოფითი გავლენა, მომჩივნები საკასაციო საჩივრით არ ასაჩივრებდნენ სისხლის სამართლის სამართალწარმოების სამართლიანობაზე საპროცესო შეთანხმებების შესაძლო უარყოფით ან რაიმე სახის სხვა გავლენას, არამედ, საკასაციო საჩივარში გასაჩივრებული იყო შეფარდებული განსხვავებული სასჯელები.
158. სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მომჩივანთა საჩივარზე, რომლის მიხედვითაც იმ ფაქტმა, რომ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ზოგიერთი მოწმე არ იყო იზოლირებული, უარყოფითი გავლენა იქონია სამართალწარმოებაზე. უცნობია, თუ რამდენი მოწმე ესწრებოდა 2005 წლის 9 ივნისის სასამართლო პროცესს. ნებისმიერ შემთხვევაში, არ ჩანს, რომ მომჩივნებმა სათანადოდ წარმოშვეს ეს საკითხი სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების წინაშე. ასეთ გარემოებებში, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს მომჩივნების საჩივრის ამ ნაწილს საკმარისად დასაბუთებულად.
159. გარდა ამისა, და ნებისმიერ შემთხვევაში, იმის დადგენისას, რომ სამართალწარმოების სამართლიანობა არ იდგა ეჭვქვეშ, სტრასბურგის სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მომჩივანთა მსჯავრი ეფუძნებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის ბანკის სხვა თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც არ ყოფილან საპროცესო შეთანხმების მონაწილეები და სხვადასხვა ნივთიერ მტკიცებულებას, მათ შორის, ბანკიდან ამოღებულ ყალბ ბეჭდებს და ბლანკებს, ფინანსურ ჩანაწერებს, დოკუმენტებს, რომლებიც მოპოვებულ იქნა პირველი მომჩივნის მეორე შვილის პირადი კომპიუტერიდან და სხვა მტკიცებულებებს.
160. ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნების საქმესთან დაკავშირებით სამართალწარმოების დროს დაცული იყო შეჯიბრებითობის პრინციპი, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის საჩივარი სამართალწარმოების სამართლიანობის თაობაზე, არ წარმოშობს კონვენციის მე-6 მუხლით განსახილველ საკითხს.
(β) ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნების საჩივრების განხილვა, რომლებიც ეხებოდა მტკიცებულებების დასაშვებობასა და მოწმეთა დაკითხვას
161. რაც შეეხება მომჩივნების საჩივრებს ეროვნული სასამართლოების უართან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებებად დაეშვათ გარკვეული ფინანსური დოკუმენტები და მეორე მომჩივანსა და დ.მ-ს შორის საუბრის ვიდეო ჩანაწერი (მათი ყოფილი კოლეგა, რომელმაც საქმეში ჩართო მეორე მომჩივანი და სავარაუდოდ აღიარა, რომ მას აიძულეს ასე მოქცეულიყო), სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს კონვენციის მე-6 მუხლის ჭრილში დადგენილ ზოგად პრინციპებს, რომ ევროპული სასამართლოს ამოცანა არ არის ჩაანაცვლოს ეროვნული სასამართლოების შეფასება.
162. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების შესაბამისი საჩივრები ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ განიხილეს. კერძოდ, ეროვნული სასამართლოების უარი მტკიცებულებად დაეშვათ მეორე მომჩივანსა და დ.მ-ს შორის საუბრის საიდუმლო ვიდეო ჩანაწერი, დასაბუთებული იყო იმ საფუძვლით, რომ მეორე მომჩივანი არ ყოფილა დანაშაულის პირდაპირი მსხვერპლი და რომ მეორე მომჩივნის ვერსია ვიდეოჩანაწერის წარმოშობის შესახებ არ ყოფილა დამაჯერებელი. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტებს, რომლებიც ეხებოდა მოწმე მ.მ-ს მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ზეწოლას, ეროვნულმა სასამართლოებმა ამასაც უპასუხეს და აღნიშნეს, რომ მოწმემ დამაკმაყოფილებლად განმარტა, რომ მასზე არ განხორციელებულა არანაირი ზეწოლა.
163. რაც შეეხება მომჩივნების საჩივარს ორი მოწმის მიერ ჩვენების უარყოფასა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლისთვის მათ წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მსგავსი სამართალწარმოება დაიწყო ორი მოწმის - ნ.ბ.-სა და დ.მ -ს მიმარ. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების ზემოხსენებული საჩივარი ეროვნული სასამართლოების წინაშე გაგრძელდა მხოლოდ დ.მ-სთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლოები ეყრდნობოდნენ როგორც წინასასამართლო ეტაპზე, აგრეთვე სადავო სამართალწარმოებისას მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლო ხელისუფლება უპირისპირდება ერთი და იმავე პირის მიერ შემოთავაზებულ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა საპირისპირო ვერსიას, თუ ისინი საბოლოოდ უპირატესობას მიანიჭებენ საგამოძიებო ორგანოებში და არა სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს, ეს თავისთავად არ წარმოშობს კონვენციის მიხედვით განსახილველ საკითხს, თუ უპირატესობა არის დასაბუთებული და ჩვენება მიცემულ იქნა ნებაყოფლობით. (იხ. სხვა საკითხებთან ერთად, Lutsenko v. Ukraine, no. 30663/04, § 49, 18 დეკემბერი 2008, და Doorson v. the Netherlands, 26 მარტი 1996, § 78, ანგარიშები 1996‑II).
164. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულმა სასამართლოებმა, რომლებიც, როგორც წესი, საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფებიან, რათა შეაფასონ მოწმეთა სანდოობა და მტკიცებულებათა შესაბამისობა (იხ. Karpenko v. Russia, no. 5605/04, § 80, 13 მარტი 2012), განიხილეს მომჩივანთა მოთხოვნები დ.მ-ს ჩვენებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით და გაითვალისწინეს დ.მ-ს არგუმენტები იძულების არარსებობის შესახებ. დამატებით, სტრასბურგის სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სადავო მოწმე, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა თავდაპირველ ჩვენებაზე, მომჩივანთა თანდასწრებით ხელახლა დაიკითხა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მომჩივნებს მიეცათ მისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა (შედარებისთვის იხ. Cabral v. the Netherlands, no. 37617/10, §§ 10, 13, და 34-37, 28 აგვისტო 2018, და Bondar v. Ukraine, no. 18895/08, §§ 75-82, 16 აპრილი 2019).
165. რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, მათ შორის გარკვეულ მოწმეთა სასამართლოში გამოძახებასა და ზოგიერთი დოკუმენტის მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე, ისინი სათანადოდ იქნა განხილული პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ. დაცვის მხარის მოწმეთა გამოძახების შესახებ ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით (იხ. Murtazaliyeva v. Russia [დიდი პალატა], no. 36658/05, §§ 150-168, 18 დეკემბერი 2018), სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს უარს გარკვეულ მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით, არ ჰქონია უარყოფითი გავლენა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობაზე. გარდა ამისა, და ნებისმიერ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მომჩივნებს ეს საკითხი არ გაუსაჩივრებიათ უზენაეს სასამართლოში.
166. სტრასბურგის სასამართლო იმეორებს, რომ მომჩივანთა მსჯავრი ეფუძნებოდა სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. მომჩივნებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული სამართალწარმოებით. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით განსახილველი საკითხი არ წარმოიშვება იმის გამო, თუ როგორ განიხილა ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანთა საჩივრები მტკიცებულებათა დასაშვებობისა და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე.
(γ) მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობა
167. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნით სხდომაზე მომჩივანთა ადვოკატმა მოითხოვა იმ საგამოძიებო დოკუმენტებზე წვდომა, რომლებიც მოპოვებულ იქნა ამერიკის შეერთებული სახელმწიფოს ფინანსური დეპარტამენტიდან. თუმცა, როგორც ჩანს, პირველი მომჩივანი გაეცნო საქმის იმ მასალებს, რომლებიც შეიცავდა სადავო დოკუმენტს და ეს დოკუმენტი შედიოდა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის გაგზავნილ მტკიცებულებათა სიაში. ვინაიდან, მომჩივანი ამ საკითხთან დაკავშირებით არ დავობდა არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს წინაშე და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნებმა არ გაასაჩივრეს საკითხი უზენაეს სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მათი საჩივარი სადავო დოკუმენტებზე შეზღუდულ წვდომასთან დაკავშირებით, საკმარისად დასაბუთებულია.
168. აქედან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოიშვება კონვენიის მე-6 მუხლით განსახილველი საკითხი.
(δ) სააპელაციო სამართალწარმოების დროს, პირველი მომჩივნის მოთავსება სასამართლო დარბაზის გისოსებს მიღმა და შემდგომში დარბაზიდან მისი გაძევება
169. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სასამართლო დარბაზში პირის გისოსებს მიღმა მოთავსებამ შეიძლება გავლენა იქონიოს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის განხილვის სამართლიანობაზე. კერძოდ, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ბრალდებულის უფლების განხორციელებაზე, ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა სამართალწარმოების პროცესში და მიიღოს პრაქტიკული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება (იხ. Yaroslav Belousov v. Russia, nos. 2653/13 და 60980/14, § 149, 4 ოქტომბერი 2016).
170. წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების დროს, პირველი მომჩივანი არ ყოფილა განთავსებული გიგოსებს მიღმა, იგი იჯდა ადვოკატის გვერდზე და საშუალება ჰქონდა სრულად მიეღო მონაწილეობა სამართალწარმოების პროცესში (შედარებისთვის იხ. Yaroslav Belousov, ციტირებული ზემოთ, §§ 151-52). სადავო ზომა მიღებულ იქნა მხოლოდ სააპელაციო დონეზე და სასამართლო დარბაზის გისოსებთან დაკავშირებით პირველი მომჩივნის განცხადებების საპირისპიროდ, იგი მოთავსებული იყო გისოსებში შუშის დანაყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ამ ფაქტს შესაძლოა გავლენა ჰქონოდა მის კონცენტრაციასა და გონებრივ სიფხიზლეზე, იგი სარგებლობდა ადვოკატის დახმარებით მთლიანად სააპელაციო სამართალწარმოების განმავლობაში. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო დარბაზში მომჩივნის გისოსებს მიღმა მოთავსება შეუძლებელს ხდიდა ადვოკატთან კონფიდენციალურ და თავისუფლად კომუნიკაციას ან სასამართლოსთან თავისუფალ კომუნიკაციას. თავად მომჩივანიც არ დავობდა ამასთან დაკავშირებით (იხ. Ashot Harutyunyan v. Armenia, no. 34334/04, § 138, 15 ივნისი 2010). აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ პირველ მომჩივანს საშუალება ჰქონდა ეფექტიანად წარედგინა საკუთარი საქმე სასამართლოს წინაშე და არ შეიძლება ითქვას, რომ სადავო ზომა მას აყენებდა არსებითად არათანაბარ პირობებში ბრალდების მხარესთან შედარებით.
171. რაც შეეხება პირველი მომჩივნის გაძევებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენციის ზოგადი პრინციპების თანხმად, სააპელაციო სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის პირად დასწრებას არ აქვს ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორიც პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებაში. (იხ. Hermi v. Italy [დიდი პალატა], no. 18114/02, § 60, ECHR 2006‑XII, სხვა მითითებებთან ერთად). კერძოდ, იგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პირველი მომჩივანი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს მხოლოდ ბოლო სასამართლო პროცესზე და მას შემდეგ, რაც მას მანამდე უკვე ჰქონდა მიცემული გაფრთხილებები (შედარებისთვის იხ. Idalov v. Russia [დიდი პალატა] no. 5826/03, §§ 176-178, 22 მაისი 2012). გარდა ამისა, პირველ მომჩივანს სათანადოდ წაროადგენდა მისი ადვოკატი, რომელმაც წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, ხოლო პირველი მომჩივნის განცხადებები სასამართლომ შეიტანა საქმის მასალებში. ასეთ გარემოებებში, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მომჩივნის სასამართლო დარბაზიდან გაძევება და ის, რომ მან ვერ შეძლო პირადად წარმოეთქვა დასკვნითი სიტყვა, არ წარმოადგენს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.
172. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, არ არსებობდა რაიმე უსამართლობა პირველ მომჩივანთან მიმართებით.
(ε) დასკვნა, რომელიც ეხება მომჩივანთა საჩივარს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების სამართლიანობასთან დაკავშირებით
173. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით სამართალწარმოების სამართლიანობა მთლიანობაში არ დარღვეულა. შესაბამისად, სამ მომჩივანთან მიმართებით არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (b)-(d) პარაგრაფები.
(ii) უზენაესი სასამართლოს ხელმისაწვდომობა
174. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „სასამართლოს უფლება“, რომლის ერთ-ერთი ასპექტს წარმოადგენს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, არ არის აბსოლუტური; ის შესაძლებელია შეიზღუდოს, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს. სახელმწიფო ამ თვალსაზრისით სარგებლობს თავისუფალი შეფასების ფარგლებით, რადგან [საჩივრის დასაშვებობის პირობები] საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, თუმცა, ამ შეზღუდვებმა არ უნდა აკრძალოს ან შეამციროს პირის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება იმ გზით ან მასშტაბით, რომ აღნიშნული უფლების არსი გაუფასურდეს; და ბოლოს, ასეთი შეზღუდვები არ იქნება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისი თუ ისინი არ ემსახურებიან ლეგიტიმურ მიზანს ან არ არსებობს სათანადო პროპორციული კავშირი გამოყენებულ ზომებსა და დასახულ მიზანს შორის (იხ. სხვა საკითხებთან ერთად, Brualla Gómez de la Torre v. Spain, 19 დეკემბერი 1997, § 33, ანგარიშები 1997‑VIII; Nersesyan v. Armenia (განჩინება), no. 15371/07, § 21, 19 იანვარი 2010; და Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, § 76, 21 სექტემბერი 2017).
175. სტრასბურგის სასამართლომ გარკვეულ საქმეებზე დაადგინა, რომ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის მოთხოვნების შემოღება და გამოყენება ემსახურებოდა მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia (განჩინება), no. 19312/07, § 34, 2 სექტემბერი 2014; Nersesyan, ციტირებული ზემოთ, § 22, 19 იანვარი 2010; და Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia (განჩინება), no. 18297/08, 14 აპრილი 2009). სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს, მაგალითად ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze, ციტირებული ზემოთ, §§ 41 და 76). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. გარდა ამისა, რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს განჩინების დასაბუთებას, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები. (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, 18 ივლისი 2006, და Kuparadze, ციტირებული ზემოთ, § 76).
176. რაც შეეხება მომჩივნების არგუმენტს მათი საქმის სავარაუდო პრეცედენტულ მნიშვნელობაზე (პირველი საქმე იყო, რომელიც ფულის გათეთრებას ეხებოდა), სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ექცეოდა ეროვნული სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებში და უზენაესი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, ჰქონდა თუ არა საქმეს ასეთი ღირებულება.
177. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი არ დარღვეულა.
დასკვნა: კონვენციის მე-6 მუხლი არ დარღვეულა.
41-ე მუხლი
კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
,,თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.’’
მომჩივნები ერთობლივად ითხოვდნენ 8,89,648,62 ევროს მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
სასამართლომ, ერთი მხრივ, ვერ დაადგინა მიზეზობრივი კავშირი დადგენილ დარღვევასა და მატერიალურ ზიანს შორის, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მეორე მხრივ, პირველი და მესამე მომჩივანი დადგენილი დარღვევების შედეგად აუცილებლად განიცდიდინენ მორალურ ზიანს. ამდენად, სასამართლომ, სამართლიან საფუძვლებზე დაყრდნობით, პირველ და მესამე მომჩივანს თითოეულს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 12,000 ევრო მიაკუთვნა.
[1] გარდა კონვენციის მე-6 მუხლისა, სასამართლომ განიხილა მომჩივანთა მიერ კონვენციის მე-3, მე-7 და 34-ე მუხლების საფუძველზე წარდგენილი საჩივრები.