Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
კალანდია საქართველოს წინააღმდეგ
Kalandia v. Georgia
საჩივარი N57255/10
გადაწყვეტილება
22 აპრილი 2021
ფაქტები
მომჩივანი, თენგიზ კალანდია, ამტკიცებდა, რომ 2009 წელს მას ნარკოტიკული საშუალება მისი ოპოზიციურად განწობილი მეგობრის აქტიური მხარდაჭერის გამო ჩაუდეს. კერძოდ, თ. კალანდია ვლადიმერ ვახანიასთან ერთად იყო პოლიტიკური პარტია “მთლიანი საქართველოს” დამფუძნებელი. 2009 წლის 15 მარტს ვახანია დააკავეს მისსავე სახლში ადგილობრივი ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით. ვახანიას დაკავების შემდეგ მომჩივანი აგრძელებდა მის აქტიურ დახმარებასა და მხარდაჭერას. 2009 წლის 25 მარტს კი პოლიციამ კალანდია დააკავა. თენგიზ კალანდიას 2009 წელს 18 წლიანი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 260 (3) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა და შენახვა).
მომჩივანმა სტრასბურგის სასამართლოს 2010 წელს მიმართა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის კანონის საფუძველზე, კი - თენგიზ კალანდია 2013 წლის 18 იანვარს გათავისუფლდა. თენგიზ კალანდია 2017 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა, თუმცა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოების გაგრძელების სურვილი მისმა შვილმა, კონსტანტინე კალანდიამ, გამოხატა.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
32. კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე მომჩივანი დავობდა, რომ მისი ჩხრეკა იყო უკანონო და ამ ჩხრეკის დროს სავარაუდოდ აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება მას სინამდვილეში ჩაუდეს. იგი დავობდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის არგუმენტები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ სადავო მტკიცებულებების სანდოობასა და გამოყენებას, რის შედეგადაც მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, შესაბამისად, ადგენს: „სისხლისსამართლებრივი ბრალდების გამორკვევისას, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით...“
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
36. შესაბამისი ზოგადიდი პრინციპები შეჯამებულია საქმეებში Bykov v. Russia ([დიდი პალატა] no. 4378/02, §§ 88-90, 10 მარტი 2009) და Kobiashvili v. Georgia (no. 36416/06, §§ 56-58, 14 მარტი 2019).
(ბ) ზოგადი პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
37. სტრასბურგის სასამართლომ უკვე განიხილა საქმეები, წინასწარი სასამართლო ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის სავარაუდო უკანონობასთან და მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების არასაიმედობასთან დაკავშირებით, და დაადგინა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებების მოპოვების ფორმა ეჭვს ბადებდა მის სანდოობასა და სიზუსტეში (იხ. Kobiashvili, ციტირებული ზემოთ, §§ 59-73, და Megrelishvili v. Georgia [კომიტეტი], no. 30364/09, §§ 32-39, 7 მაისი 2020). სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კუმულაციურად, მომჩივნის ჩხრეკის დროს პროცედურული დარღვევები; არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი მტკიცებულებები ჩხრეკის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით; არასაკმარისი სასამართლო მოკვლევა როგორც სასამართლო პროცესამდე ისე მისი მიმდინარეობისას (მათ შორის ეროვნული სასამართლოების მარცხი შესაბამისად შეესწავლათ მომჩივნის ბრალდებები იმის შესახებ, რომ აკრძალული ნივთიერებები მათ არ ეკუთვნოდათ); და გამამყარებელი მტკიცებულებების სისუსტე მომჩივნის სასამართლო პროცესს მთლიანობაში უსამართლოს ხდიდა (იხ. Kobiashvili, § 73, და Megrelishvili, § 39, ორივე ციტირებული ზემოთ).
38. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საქმის გარემოებები გარკვეულწილად განსხვავებულია, ევროპული სასამართლოს ანალიზის გადამწყვეტი ელემენტები იგივე რჩება.
39. კერძოდ, მომჩივნის დაპატიმრება და ჩხრეკა განხორციელდა სასამართლო ბრძანების გარეშე, იმ წყაროსგან მიღებული „ოპერაციული ინფორმაციის“ საფუძველზე, რომლის ვინაობის გამჟღავდებაც შეუძლებელია. ასეთი ინფორმაციის წყარო, ხასიათი და სანდოობა, რომლის საფუძველზეც დააკავეს და გაჩხრიკეს მომჩივანი, არ ყოფილა მაშინვე გამოკვლეული, არც როგორც ჩხრეკის შემდგომი განხილვის ნაწილი და არც მომჩივნის სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოების დროს (იხ. Kobiashvili, ციტირებული ზემოთ, §§ 67-69).
40. რაც შეეხება დაკავებისა და ჩხრეკის გარემოებებს, დაკავების საფუძვლები არ იყო მითითებული შესაბამის ოქმში და პირადი ჩხრეკის შესახებ ოქმის ერთ-ერთი ნაწილი ვერ ამართლებდა უარს მომჩივნის მოთხოვნაზე მოწმეების გამოძახებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პოლიციელებმა მისცეს ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები იმის შესახებ, გადმოვიდა თუ არა მომჩივანი მანქანიდან ნებაყოფლობით თუ ამისათვის პოლიციელებმა გამოიყენეს ძალა. ამის საპირისპიროდ, მომჩივანი მთელი პროცესის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ჩხრეკა ჩატარდა თანმხლები პროცედურული გარანტიების გარეშე და რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ როდესაც სადავოა მტკიცებულების სანდოობა, მტკიცებულების დასაშვებობის შესასწავლად სამართლიანი პროცედურების არსებობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს (იხ. Bykov, ციტირებული ზემოთ, § 95).
41. ამის საწინააღმდეგოდ და მომჩივნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გაასაჩივროს მტკიცებულების ნამდვილობა და შეეწინააღმდეგოს მის გამოყენებას, ევროპული სასამართლო ადგენს, რომ მისი მოთხოვნები სადავო სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ პირველმა და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს, რაც სხვა საფუძვლებთან ერთად, აღნიშნავდა რომ პირადი ჩხრეკის ღონისძიება უკვე გამართლებული იყო ჩხრეკის შემდგომი სასამართლო განხილვის გზით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ასეთი განხილვები არ არის ადეკვატური და საკმარისი მტკიცებულებების ნამდვილობის და სანდოობის გამორკვევისათვის (იხ. Kobiashvili, §§ 67-69, და Megrelishvili, § 35, ორივე ციტირებული ზემოთ). პირველმა და სააპელაციო სასამართლოებმა ასევე, შემდგომი დაზუსტების გარეშე აღნიშნეს, რომ ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის სერიოზულ დარღვევას რომლითაც დაკავება და ჩხრეკის ოქმი მიიჩნეოდა დაუშვებლად და რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები - სანდოობა, რომელიც მომჩივანმა სადავო გახადა - საკმარისი იყო მომჩივნის განცხადებების დაუსაბუთებლად ცნობისათვის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მომჩივნის განმეორებითი ბრალდებები მტკიცებულებების ჩადებასთან დაკავშირებით არ ყოფილა სერიოზულად გათვალისწინებული მის წინააღმდეგ სისხლისასამართლებრივი საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე.
42. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ჩხრეკის ჩატარების გარემოებებმა, მათ შორის მომჩივნის დაცვის უფლებების სავარაუდო უგულებელყოფამ, ეჭვი დაბადა მომჩივნის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების სანდოობაში და რომ ამ უკანასკნელს არ მიეცა ეფექტური შესაძლებლობა გამოეწვია ეს გარემოებები და შეწინააღმდეგებოდა ამ მტკიცებულებების გამოყენებას ეროვნულ დონეზე, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ მის გადამწყვეტ არგუმენტს არ გაეცა შესაბამისი პასუხი (შედარებისთვის, Bykov, ციტირებული ზემოთ, § 98).
43. განსახილველია დადასტურდა თუ არა ჩხრეკის შედეგად მიღებული ფიზიკური მტკიცებულება სხვა წყაროებისგან მიღებული მტკიცებულებებით. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებები, პირადი ჩხრეკის დასკვნის არარსებობის გამო, არ იყო საკმარისად მტკიცე. კერძოდ, შესაბამისი ოფიცრების განცხადებები საფუძვლად დაედო მომჩივნის წინააღმდეგ საქმისწარმოებას, რომლებიც გააკეთა სამართალწარმოების დაწყების ინიციატორმა ორგანომ და რომელიც დაინტერესებული იყო მისი შედეგებით. მათი ინტერესი განსაკუთრებით აშკარა იყო მომჩივნის იმ განცხადებასთან მიმართებით, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. გარდა ამისა, მათი განცხადებები აღმოჩნდა წინააღმდეგობრივი. ამის მიუხედავად, მათი ჩვენებები ავტომატურად იქნა მიჩნეული ობიექტურად და საიმედოდ, არსებული წინააღმდეგობებისა და მომჩივნის შესაბამისი პრეტენზიების გაუთვალისწინებლად. შესაბამისად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის განცხადებების საპირისპიროდ, საქმის მასალებში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულება არ ყოფილა საკმარისად მტკიცე ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ფიზიკური მტკიცებულების არარსებობის გამო (შედარებისთვის Bykov, ციტირებული ზემოთ, § 98).
44. სტრასბურგის სასამართლოსთვის ზემოხსენებული მოსაზრებები საკმარისია იმისათვის, რომ დაადგინოს, რომ მომჩივანს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით.
აქედან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
45. მომჩივანი დავობდა, რომ ჩხრეკა განხორციელდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევით და რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაადგინეს საჭირო ბალანსი მის უფლებებსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის.
46. მთავრობამ განაცხადა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი.
47. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სამართალწარმოების დროს მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია, რომ ჩხრეკის ღონისძიებით დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული მისი უფლებები. ამ უმოქმედობის გამო, ეროვნულ სასამართლოებს არ მიეცათ შესაძლებლობა შეეფასებინათ საჩივრები. აქედან გამომდინარე, მომჩივნის საჩივარი აღნიშნულ დებულებასთან მიმართებით აშკარად დაუსაბუთებელია და საჩივრის ეს ნაწილი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, კონვენციის 35 §§ 3 (ა) და 4 მუხლების საფუძველზე.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
48. კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
49. მომჩივანმა მოითხოვა 5,000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.
50. მთავრობამ მოთხოვნა გადაჭარბებულად მიიჩნია.
51. სტრასბურგის სასამართლომ, სამართლიან საფუძველზე შეფასების გზით, მომჩივანს მიანიჭა 3,600 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის
სტრასბურგის სასამართლო ერთხმად,
ადგენს, რომ მომჩივნის ვაჟი, ბ-ნი კონსტანტინე კალანდია, აგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოებას მის ნაცვლად;დასაშვებად ცნობს საჩივარს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტთან მიმართებით, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილში მას დაუშვებლად ცნობს;ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი;ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის განმავლობაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს 3,600 ევრო მორალური ზიანისთვის.უარყოფს მომჩივნის სხვა მოთხოვნებს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.