ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება პარლამენტში გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
ოპოზიციის საპარლამენტო წევრებს დაეკისრათ ჯარიმა საპარლამენტო კენჭისყრის დროს ბილბორდების გამოფენისა და ხმის გამაძლიერებლის გამოყენების გამო: დარღვევა.
დიდი პალატა
საქმე „კარაქსონი და სხვები უნგრეთის წინააღმდეგ“
CASE OF KARÁCSONY AND OTHERS v. HUNGARY
განცხადებები N42461/13 და 44357/13
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2016 წლის 17 მაისი
ფაქტობრივი გარემოებები
მოცემული დროისთვის შვიდივე განმცხადებელი უნგრეთის პარლამენტის ოპოზიციური პარტიის წევრი იყო. სპიკერის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, ისინი დაჯარიმებულ იქნენ 170 ევროდან 600 ევროს ფარგლებში საპარლამენტო საქმის წარმოების უხეში დარღვევისათვის, მას შემდეგ, რაც გამოიტანეს ბილბორდები და გამოიყენეს ხმის გამაძლიერებელი, მთავრობის კორუფციაში ბრალდების მიზნით. ჯარიმა ყოველგვარი დებატების გარეშე დაკისრებულ იქნა პარლამენტის მიერ პლენარულ სხდომაზე.
II. კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
63. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ საპარლამენტოს სხდომის განმავლობაში მათი ქცევისთვის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებებით დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლება. დებულება შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“
(ბ) რამდენად იყო ჩარევა კანონით დადგენილი
122. წინამდებარე საქმეზე მხარეთა მიერ გამოთქმულ იქნა განსხვავებული მოსაზრებები, რამდენად იყო განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა კანონით დადგენილი. განმცხადებლები დავობდნენ, რომ საპარლამენტო აქტის 49.4 ნაწილში (ხელისუფლების ან საპარლამენტო წესრიგის „შეურაცხმყოფელი ქმედება“) გამოყენებული ტერმინები ბუნდოვანი იყო. გარდა ამისა, წარსულში არ გამოუყენებიათ საპარლამენტო აქტის 49.4 ნაწილი, რადგან ამ დებულების შეცვლილი ვერსია ძალაში მხოლოდ 2013 წლის იანვარში შევიდა. მთავრობამ განაცხადა, რომ ჩარევა ეფუძნებოდა საპარლამენტო აქტის დებულებებს.
123. სასამართლო მიუთითებს, რომ მე-10 მუხლის მეორე აბზაცში მოცემული გამოთქმა „კანონით დადგენილი წესით“ არა მხოლოდ მოითხოვს ადგილობრივი კანონმდებლობის სახით სადავო ზომის სამართლებრივი საფუძვლის არსებობას, არამედ მიუთითებს მოცემული კანონის ხარისხზე, რომელიც უნდა იყოს დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი, ხოლო მისი შედეგი განჭვრეტადი. (იხ. როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ N28341/95, § 52, ECHR, 2000-V და მაესტრი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N39748/98, § 30, ECHR, 2004-I). მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ, სასამართლოების პრეროგატივაა ადგილობრივი კანონმდებლობის ინტერპრეტაცია და გამოყენება (იხ. უაითი და კენედი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N26083/94, § 54, ECHR, 1999‑I; კორბლი უნგრეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N9174/02, §§ 72-73, ECHR, 2008 და ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N38433/09, § 140, ECHR, 2012).
124. „კანონით დადგენილი წესიდან“ გამომდინარე ერთ-ერთი მოთხოვნაა განჭვრეტადობა. შესაბამისად, ნორმა ვერ ჩაითვლება „კანონად“ კონვენციის 10.2 მუხლით დადგენილი მნიშვნელობით, თუ იგი არ არის საკმარისი სიზუსტით ფორმულირებული, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს არეგულიროს მისი ქცევა; მოცემულ გარემოებებში, გონივრულ ფარგლებსა და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო კონსულტაციებით მან უნდა შეძლოს, განჭვრიტოს მოცემული ქმედების მოსალოდნელი შედეგები. არ არის აუცილებელი ხსენებული შედეგები აბსოლუტური სიზუსტით იყოს განჭვრეტადი. მიუხედავად იმისა, რომ სიზუსტე სასურველია, მას შეიძლება მოჰყვეს გადაჭარბებული მოუქნელობა, ხოლო კანონი არ უნდა ჩამორჩეს ცვალებად გარემოებებს. შესაბამისად, ბევრი კანონი გარდაუვლად ფორმულირდება მეტ-ნაკლებად ბუნდოვანი ტერმინებით, ხოლო მათი ინტერპრეტაცია და გამოყენება პრაქტიკის საკითხია (იხ. ლინდონი, ოტჩაკოვსი-ლოურენსი და ჯული საფრანგეთის წინააღმდეგ N21279/02 და 36448/02, § 41, ECHR, 2007‑IV; ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო, § 141 და დელფი ას ესტონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N64569/09, § 121, ECHR, 2015).
125. ადგილობრივი კანონმდებლობისადმი მოთხოვნილი სიზუსტე ვერ იქნება უზრუნველყოფილი თითოეული შემთხვევისათვის. იგი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მოცემული კანონის შინაარსზე, რომელი სფეროსთვისაა იგი შემუშავებული და იმ პირების რაოდენობასა და სტატუსზე, რომლებზეც იგი ვრცელდება (იხ. ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო § 142 და დელფი ას, § 122). სასამართლომ დაადგინა, რომ იმ პირების მიმართ, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ეწევიან და სჩვევიათ საქმიანობისას მაღალი ხარისხის სიფრთხილის გამოჩენა, შესაძლებელია არსებობდეს მოლოდინი, რომ მათი მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილით მოხდება იმ რისკების შეფასება, რომელიც ასეთ საქმიანობას შეიძლება მოჰყვეს (იხ.ლინდონი, ოტჩაკოვსი-ლოურენსი და ჯული, § 41).
126. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპარლამენტო აქტის შეცვლილი 49.4 ნაწილი არეგულირებდა დეპუტატების ქცევას პარლამენტში. როგორც ჩანს განმცხადებლებმა მონაწილეობა მიიღეს ცვლილების თაობაზე საპარლამენტო განხილვაში. მათი სპეციფიკური სტატუსიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ დეპუტატებმა უნდა იცოდნენ ის დისციპლინური წესები, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტის მოწესრიგებულ ფუნქციონირებას. ეს წესები გარდაუვლად შეიცავს ბუნდოვანების ელემენტს („შეურაცხმყოფელი ქმედება“) და საპარლამენტო პრაქტიკაში ინტერპრეტირებას ექვემდებარება. უნგრეთის მსგავსი წესები მრავალ ევროპულ სახელმწიფოში არსებობს და ყველა მათგანი ფარდობითად ბუნდოვანი ტერმინებითაა ფორმულირებული (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 56-ე აბზაცში). სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლებს, პარლამენტარების პროფესიული სტატუსიდან გამომდინარე, გონივრულ ფარგლებში უნდა განეჭვრიტათ მათი ქცევის შესაძლო შედეგები, სადავო დებულების წარსულში გამოყენების არარსებობის შემთხვევაშიც კი (იხ. კუდრევიჩიუსი და სხვები ლიტვის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N37553/05, § 115, 2015 წლის 15 ოქტომბერი და კონვენციის მე-7 მუხლთან დაკავშირებული სათანადო ცვლილებებით, ჰუჰტამაკი ფინეთის წინააღმდეგ, N54468/09, § 51 2012 წლის 6 მარტი).
127. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საპარლამენტო აქტის 49.4 ნაწილი, რომელშიც შევიდა ცვლილება, აკმაყოფილებდა სიზუსტის მოთხოვნილ დონეს და ჩარევა „კანონით იყო დადგენილი“.
(გ) რამდენად ემსახურებოდა ჩარევა ლეგიტიმურ მიზანს
128. მხარეებს გარკვეულწილად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ჩარევის მიზანთან დაკავშირებით. განმცხადებლები თანხმდებოდნენ, რომ ჩარევა ემსახურებოდა „პარლამენტის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფის“ მიზანს და შეესაბამებოდა სხვათა უფლებების დაცვის მიზანს. მთავრობა ირწმუნებოდა, რომ ჩარევა ემსახურებოდა ორ ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, სხვათა უფლებების დაცვას და უწესრიგობის აღკვეთას. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ისინი დავობდნენ, რომ ეს მიზანი მოიცავდა პარლამენტის სხვა წევრთა უფლებებს.
129. სასამართლო დაეთანხმა, რომ ჩარევა ემსახურებოდა ორ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც კონვენციის 10.2 მუხლით მოიაზრება. პირველ რიგში, იგი მიმართული იყო ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის მუშაობის შეფერხების აღკვეთისაკენ და შესაბამისად, ემსახურებოდა „უწესრიგობის აღკვეთის“ ლეგიტიმურ მიზანს. მეორე რიგში, იგი მიმართული იყო პარლამენტის სხვა წევრთა უფლებების დაცვისაკენ და ემსახურებოდა „სხვათა უფლებების დაცვის“ მიზანს.
(დ) რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში
130. განმცხადებლები ირწმუნებოდნენ, რომ საკითხში ჩარევა ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩარევის აუცილებლობის მოთხოვნას, ხოლო მთავრობა დავობდა, რომ ჩარევა ლეგიტიმური მიზნების თანაზომიერი იყო.
131. წინამდებარე საქმეზე სასამართლოს პირველად მოუწია დეპუტატებზე მათ მიერ პარლამენტში გამოხატვის გამო დაკისრებული შიდა დისციპლინური ზომების კონვენციის მე-10 მუხლთან შესაბამისობის შესწავლა. შესაბამისად, წინამდებარე საქმის შესწავლისას სასამართლო გაითვალისწინებს ზოგადად გამოხატვის თავისუფლების მმართველ პრინციპებს, ისევე როგორც პარლამენტში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრინციპებს.
(i) ზოგადი პრინციპები
(α) გამოხატვის თავისუფლების შესახებ
132. იმ საკითხთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები, თუ რამდენად „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, კარგადაა დადგენილი სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომლებიც შემდეგნაირად იქნა შეჯამებული (იხ. ცხოველთა საერთაშორისო დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N48876/08, § 100, ECHR, 2013 (ამონარიდები);დელფი ას ესტონეთის წინააღმდეგ § 131):
„(i) გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია და მისი განვითარების, ისევე როგორც თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი ვრცელდება არა მხოლოდ „ინფორმაციასა“ თუ „მოსაზრებებზე“, რომლებიც დადებითად ან გულგრილად მიიღება ან არ ითვლება შეურაცხყოფად, არამედ ასევე შეურაცხმყოფელ, შოკის მომგვრელ ან ამაღელვებელ „ინფორმაციასა“ თუ „მოსაზრებებზე“. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და აზრთა სხვადასხვაობის მიმღებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც „დემოკრატიული საზოგადოება“ ვერ იარსებებს. როგორც ეს მე-10 მუხლშია ფორმულირებული, ხსენებული თავისუფლება გამონაკლისებს ექვემდებარება, რომლებიც... მკაცრად უნდა იყოს განმარტებული, ხოლო ნებისმიერი შეზღუდვის აუცილებლობა - დამაჯერებლად დასაბუთებული...
(ii) ზედსართავი სახელი „აუცილებელი“ 10.2 მუხლის ჭრილში გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ასეთი საჭიროების შეფასებისას ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ გარკვეული თავისუფლებით, თუმცა ამას თან ახლავს ევროპული ზედამხედველობა, რაც მოიცავს როგორც კანონმდებლობას, ასევე მისი გამოყენების შესახებ ეროვნული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც კი. შესაბამისად, ევროპული სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რამდენად შეესაბამება „შეზღუდვა“ მე-10 მუხლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
(iii) ზედამხედველის იურისდიქციით სარგებლობისას სასამართლო მიზნად ისახავს არა ეროვნული კომპეტენტური ხელისუფლების ჩანაცვლებას, არამედ მის მიერ თავისუფალი შეფასების საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილებების მე-10 მუხლის ჭრილში განხილვას. ეს არ გულისხმობს, რომ ზედამხედველობა შემოიფარგლება იმის განსაზღვრით, რამდენად გონივრულად, ფრთხილად და კეთილსინდისიერად გამოიყენა სახელმწიფომ მისი დისკრეციული უფლება; სასამართლომ საქმის მთლიანობაში განხილვით უნდა შეაფასოს გასაჩივრებული ჩარევა და დაადგინოს, რამდენად იყო იგი „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“, ხოლო ეროვნული ხელისუფლების მიერ მოყვანილი გამამართლებელი საფუძვლები - „რელევანტური და საკმარისი“... ამით სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რომ ეროვნული ხელისუფლების მიერ გამოყენებულ იქნა მე-10 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისი სტანდარტები და უფრო მეტიც, ისინი ეყრდნობა სათანადო ფაქტების მისაღებ შეფასებას...“
(β) გამოხატვის თავისუფლების პროცედურული გარანტიების შესახებ
133. ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად, საქმის წარმოების სამართლიანობა და ხელმისაწვდომი პროცესუალური გარანტიები ის ფაქტორებია, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის თანაზომიერების შეფასებისას (იხ. ასოციაცია ეკინი საფრანგეთის წინააღმდეგ, N39288/98, § 61, ECHR, 2001 VIII; სთილი და მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ N68416/01, § 95, ECHR, 2005 II; კიპრიანოუ კვიპროსის წინააღმდეგ, N73797/01, §§ 171 და 181, ECHR, 2005 XIII; საიგილი და სეიმანი თურქეთის წინააღმდეგ, N51041/99, §§ 24-25, 2006 წლის 27 ივნისი; კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ, N29492/05, § 83, 2009 წლის 26 თებერვალი; ლომბარდი ვალაური იტალიის წინააღმდეგ, N39128/05, § 46, 2009 წლის 20 ოქტომბერი; სანომა უიტგევერსი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა], N38224/03, § 100, 2010 წლის 14 სექტემბერი; ჩუმჰურიეთ ვაქფი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, N28255/07, § 59, 2013 წლის 8 ოქტომბერი და მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N29369/10, § 155, 2015 წლის 23 აპრილი).
134. ასოციაცია „ეკინის“ შემთხვევაში, რომელიც „უცხოური წარმოშობის“ წიგნის დისტრიბუციასა და გაყიდვაზე ადმინისტრაციული აკრძალვის დაწესებას ეხებოდა, სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, სხვასთან ერთად, სამართლებრივი ჩარჩო უნდა უზრუნველყოფდეს მსგავსი აკრძალვების ეფექტურ სამართლებრივ გადასინჯვას (§ 58). სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა სასამართლომ ასეთი აკრძალვის მიზეზები შეზღუდულად განახორციელა. განმცხადებლის ასოციაციის საქმეზე სახელმწიფო საბჭომ სრულად განახორციელა გადასინჯვა, თუმცა წარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობის გამო მისი პრაქტიკული ეფექტურობა იქნა შეზღუდული. სასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი არასრულფასოვანი სამართლებრივი გადასინჯვა ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ არასაკმარის გარანტიებს იძლეოდა (§ 61).
135. ლომბარდი ვალაურის შემთხვევაში, სადაც განმცხადებლის სავარაუდოდ არაორთოდოქსული შეხედულებების გამო მისი კანდიდატურა მასწავლებლის პოზიციაზე უარყოფილ იქნა დენომინაციური უნივერსიტეტის მიერ, სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი არ იქნა უზრუნველყოფილი სათანადო პროცესუალური გარანტიებით საქმის წარმოებისას ფაკულტეტის საბჭოს წინაშე ( §§ 46-48). სასამართლოს წესით გადასინჯვის პროცესში, სადავო გადაწყვეტილების შესწავლისას ადმინისტრაციული სასამართლო შემოიფარგლა იმ ფაქტით, რომ ფაკულტეტის საბჭომ მიუთითა კონგრეგაციის მიერ განმცხადებლის კანდიდატურის უარყოფის არსებობაზე. ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ განემარტა უარის თქმის ზუსტი მიზეზები, გამორიცხავდა შეჯიბრებითობის პრინციპზე დებატების ნებისმიერ შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასამართლოს წესით საქმის გადასინჯვა არ იყო ადეკვატური (§§ 51 - 54).
136. საქმეზე ჩუმჰურიეთ ვაკფი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა სამოქალაქო სამართალწარმოებისას სასამართლოს მიერ პიროვნების უფლებების დასაცავად ეროვნული გაზეთის წინააღმდეგ გამოცემულ აკრძალვას, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლები არ იქნენ უზრუნველყოფილნი დაცვის საკმარისი მექანიზმებით ( § 75). სასამართლომ გაითვალისწინა (i) განსაკუთრებით ფართო მასშტაბის აკრძალვა, (ii) მისი გადაჭარბებული ხანგრძლივობა, (iii) ადგილობრივი სასამართლოს მიერ დროებითი აკრძალვის რაიმე დასაბუთების არარსებობა და (iv) ზომის ძალაში შესვლამდე განმცხადებლების მხრიდან მისი გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა (§§ 62-74).
(γ) პარლამენტის წევრთა გამოხატვის თავისუფლების შესახებ
137. პრეცედენტულ სამართალში სასამართლო მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავდა პარლამენტის წევრთა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოლიტიკური გამოსვლების შემთხვევაში. საქმეზე კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ (1992 წლის 23 აპრილი, სერია A, N236), რომელიც პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში სენატორის მიერ მთავრობის შეურაცხყოფისთვის მსჯავრდებას შეეხებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით „გარდა იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის მნიშვნელოვანია, მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხალხის არჩეული წარმომადგენლების შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს მის ამომრჩეველს, ყურადღებას ამახვილებს მათ საზრუნავზე და იცავს მათ ინტერესებს. შესაბამისად, პარლამენტის ოპოზიციის წევრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევები... სასამართლოს მხრიდან ზედმიწევნით შესწავლას მოითხოვს“ (§ 42 და პიერმონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1995 წლის 27 აპრილი, §76 დასკვნა, სერია A, N314). ხსენებული პრინციპები დადასტურებულ იქნა მთელ რიგ საქმეებზე ეროვნული ან რეგიონალური პარლამენტების წევრთა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით (იხ. იერუსალიმი ავსტრიის წინააღმდეგ N26958/95, § 36, ECHR, 2001‑II; ფერეტი ბელგიის წინააღმდეგ, N15615/07, § 65, 2009 წლის 16 ივლისი და ოტეგი მონდრაგონი ესპანეთის წინააღმდეგ N2034/07, § 50, ECHR, 2011), ასევე საქმეებზე სასამართლოზე წვდომის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა საპარლამენტო იმუნიტეტის საფუძველზე (იხ. ა. ვ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N35373/97, § 79, ECHR, 2002‑X; კორდოვა იტალიის წინააღმდეგ (N1), N40877/98, § 59, ECHR, 2003‑I; კორდოვა იტალიის წინააღდეგ (N2), N45649/99, § 60, ECHR, 2003‑I (ამონარიდები); ზოლმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, N62902/00, ECHR, 2003‑XII; დე ჯორჯიო იტალიის წინააღმდეგ N73936/01, § 52, 2004 წლის 3 ივნისი; პატრონო, კასინი და სტეფანელი იტალიის წინააღმდეგ, N10180/04, § 61, 2006 წლის 20 აპრილი და სი.ჯი.აი.ელ. და კოფერატი იტალიის წინააღმდეგ, N46967/07, § 71, 2009 წლის 24 თებერვალი).
(δ) პარლამენტში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით
138. ეჭვგარეშეა, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დაცვის მაღალი დონით სარგებლობს. პარლამენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში დებატების უნიკალური ფორუმია, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სხვა მექანიზმებთან ერთად, სიტყვით გამოსვლის დაცვის მომატებული დონე დემონსტრირებულია საპარლამენტო იმუნიტეტის წესით. სასამართლომ აღიარა, რომ სახელმწიფოების მიერ პარლამენტარებისთვის სხვადასხვა ხარისხის იმუნიტეტის მინიჭების ხანგრძლივი პრაქტიკა პარლამენტში სიტყვის თავისუფლების დაცვის და საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. საპარლამენტო იმუნიტეტის სხვადასხვა ფორმები შეიძლება ემსახურებოდნენ ეფექტური პოლიტიკური დემოკრატიის დაცვას, რაც კონვენციის სისტემის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს, კერძოდ, როდესაც ხდება საკანონმდებლო ორგანოსა და საპარლამენტო ოპოზიციის ავტონომიის დაცვა (იხ. კარტი, § 81 და სინგელიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ, N24895/07, § 42, 2010 წლის 11 თებერვალი). ორივე ტიპის საპარლამენტო იმუნიტეტით უზრუნველყოფილი გარანტია (პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და ხელშეუხებლობა) ემსახურება პარლამენტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას მისი ამოცანის შესრულებისას. ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართალწარმოების შესაძლებლობის აღკვეთით ხელშეუხებლობა ხელს უწყობს პარლამენტის სრული დამოუკიდებლობის მიღწევას და შესაბამისად, იცავს ოპოზიციას უმრავლესობის მხრიდან ზეწოლის ან დარღვევებისგან (იხ. კარტი, § 90). პარლამენტში სიტყვის თავისუფლებისათვის მინიჭებული დაცვა ემსახურება ზოგადად პარლამენტის ინტერესების დაცვას და არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც პარლამენტის ცალკეული წევრებისათვის ხელმისაწვდომ დაცვად (იხ. ა. ვ. გაერთიანებული სამეფო, § 85).
139. საპარლამენტო დებატების თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, იგი არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს. შესაძლებელია ხელშემკვრელმა სახელმწიფომ დაუქვემდებაროს გარკვეულ „შეზღუდვებს“ ან „ჯარიმებს“. მიუხედავად ამისა, ასეთი ზომების მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან შესაბამისობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს პრეროგატივაა (იხ. კასტელსი, § 46 და ინქალი თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 9 ივნისი, § 53, მოხსენებები განაჩენებისა და გადაწყვეტილებების შესახებ 1998‑IV). პარლამენტში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა ხორციელდება 10.2 მუხლში მოცემული „მოვალეობებისა და ვალდებულებების“ მიხედვით, პარლამენტის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით. ამ დებულების თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია რეაგირება მოახდინოს, როდესაც მისი წევრები არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, რომელიც აფერხებს საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას. ისევე როგორც საპარლამენტო იმუნიტეტის ზოგადად აღიარებული წესი უზრუნველყოფს პარლამენტში სიტყვის თავისუფლების მომატებულ, თუმცა არა შეუზღუდავ დაცვას, საპარლამენტო საქმიანობის წესრიგის დაცვით განხორციელების უზრუნველყოფის საჭიროებით მოტივირებული გარკვეული შეზღუდვები პარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე უნდა ჩაითვალოს გამართლებულად. რელევანტურია აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ვენეციის კომისიის დაკვირვებით, ქვეყნების უმრავლესობაში ეროვნული პარლამენტის წევრები შეიძლება დაექვემდებარონ პარლამენტის მიერ დაწესებულ შიდა დისციპლინურ სანქციებს.
140. ამ კონტექსტში, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაკეთდეს განსხვავება, ერთი მხრივ, საპარლამენტო გამოსვლის შინაარსსა და მეორე მხრივ, ასეთი გამოსვლის დროს, ადგილსა და მანერას შორის. ამ განსხვავებაზე მის გადაწყვეტილებაში მიუთითა უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოებმა ან თავად პარლამენტებმა დამოუკიდებლად უნდა არეგულირონ პარლამენტში გამოსვლის დრო, ადგილი და მანერა, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან საკითხის შესწავლა შეზღუდული უნდა იყოს. ამის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოები ძალზედ შეზღუდული თავისუფლებით სარგებლობენ საპარლამენტო გამოსვლის შინაარსის რეგულირებისას. თუმცა გარკვეული რეგულაცია შეიძლება აუცილებლად ჩაითვალოს, რათა მოხდეს გამოხატვის ისეთი ფორმების აღკვეთა, როგორიცაა ძალადობისკენ პირდაპირი ან ირიბი მოწოდება. გამოხატვის თავისუფლების დაცვის შენარჩუნების კონტექსტში სასამართლოს მიერ ზედამხედველობა უფრო მკაცრი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო იმუნიტეტის ზოგადად აღიარებული წესის საშუალებით სახელმწიფოები უზრუნველყოფენ პარლამენტში სიტყვის თავისუფლების დაცვის მომატებულ დონეს, რის შედეგადაც მოსალოდნელია სასამართლოს ჩარევის საჭიროება.
141. სასამართლო კვლავ ადასტურებს, რომ დემოკრატია „ევროპული საზოგადოებრივი წესრიგის“ ფუნდამენტური ელემენტია. 1-ლი ოქმის მე-3 მუხლით დაცული უფლებები არსებითი მნიშვნელობისაა ეფექტური და წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება (იხ. ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N58278/00, §§ 98 და 103, ECHR, 2006‑IV). შესაბამისად, კონვენცია ადგენს ახლო კავშირს ეფექტურ პოლიტიკურ დემოკრატიასა და პარლამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას შორის. ამრიგად ეჭვგარეშეა, რომ პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირება საკვანძო მნიშვნელობის ღირებულებაა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. შესაბამისად, პარლამენტში სიტყვის თავისუფლებით სარგებლობა შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში დათმობილ იქნეს საპარლამენტო საქმიანობის სათანადო განხორციელების ლეგიტიმური ინტერესებისა და პარლამენტის სხვა წევრების უფლებების დაცვის მიზნით. საბოლოო ჯამში, მშვიდობიანი დებატები პოლიტიკურ და საკანონმდებლო პროცესს უზრუნველყოფს პარლამენტში. პროცესში დეპუტატების თანაბარ პირობებში მონაწილეობის დაცვით, იგი ასევე ემსახურება საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრის და ზოგადად, ფართო საზოგადოების ინტერესებს. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ამ კონტექსტში მიიჩნია, რომ მთავარი ამოცანა ინდივიდუალურ დეპუტატთა უფლებებსა და საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობის გარანტიას შორის სწორი ბალანსის პოვნა იყო. სასამართლო ეთანხმება ამგვარ მიდგომას და ამატებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის უფლებებიც განტოლების ნაწილი უნდა იყოს. უფრო ზოგად კონტექსტში, სასამართლო იმეორებს, რომ პლურალიზმი და დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს დიალოგსა და კომპრომისს (იხ. თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 30 იანვარი, § 45, ანგარიშები 1998‑I; ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N44774/98, § 108, ECHR, 2005‑XI და ტენასე მოლდოვეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N7/08, § 178, ECHR, 2010).
(ε) პარლამენტის ავტონომია
142. სასამართლო აღნიშნავს, რომ პარლამენტის შიდა ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წესები პარლამენტის ავტონომიის კარგად დამკვიდრებულ საკონსტიტუციო პრინციპის ილუსტრაციას წარმოადგენს. მოპასუხე სახელმწიფოში პარლამენტის ავტონომია დაცულია ფუნდამენტური კანონის 5.7 მუხლით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, რომ პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, სპიკერი სარგებლობს მაკონტროლებელი და დისციპლინური უფლებამოსილებებით. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში ამ ფართოდ აღიარებული პრინციპის თანახმად, სხვა უფლებამოსილებების გამორიცხვითა და კონსტიტუციური ჩარჩოს საზღვრებში, პარლამენტი უფლებამოსილია არეგულიროს მისი შიდა საქმეები, როგორიცაა სხვებთან ერთად, მისი შიდა ორგანიზაცია, მისი ორგანოების შემადგენლობა და დებატების დროს სათანადო წესრიგის შენარჩუნება. პარლამენტის ავტონომია უთუოდ ვრცელდება პარლამენტის უფლებამოსილებაზე, აღასრულოს საპარლამენტო საქმიანობის წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისაკენ მიმართული წესები. ზოგჯერ ამას უწოდებენ „პარლამენტის იურისდიქციულ ავტონომიას“. ვენეციის კომისიის თანახმად, პარლამენტების უმრავლესობას გააჩნია შიდა პროცედურული წესები, რომელიც ითვალისწინებს დისციპლინურ სანქციებს წევრების მიმართ.
143. პრინციპში, ეროვნული პარლამენტების შიდა ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წესები, როგორც საპარლამენტო ავტონომიის ასპექტი ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების სფეროში ექცევა. საერთაშორისო მოსამართლესთან შედარებით ეროვნული ხელისუფლება, პირველ რიგში - პარლამენტი (ან ხალხის არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარი მსგავსი ორგანოები) უკეთეს მდგომარეობაშია, რათა შეაფასოს მისი წევრის ქცევის შეზღუდვის საჭიროება, რომელიც აფერხებს საპარლამენტო დებატების ორგანიზებულად ჩატარებას და შესაძლოა, საზიანო იყოს პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ფუნდამენტური ინტერესისთვის (იხ. კარტი, §99; კუდრევიჩიუსი და სხვები, §§ 97 და 156)
144. რაც შეეხება მოპასუხე სახელმწიფოსთვის დაშვებულ თავისუფალი შეფასების ფარგლებს, დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე. იგი განისაზღვრება გამოხატვის ტიპის მიხედვით. ამ მხრივ სასამართლო იმეორებს, რომ საჯარო ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკურ გამოსვლებსა ან დებატებზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით კონვენციის 10.2 მუხლი მცირე შესაძლებლობებს იძლევა (იხ. სურეკი თურქეთის წინააღმდეგ (N1) [დიდი პალატა], N26682/95, §61, ECHR, 1999‑IV; სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N69698/01, §106, ECHR, 2007‑V და პერინჩეკი შვეიცარიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N27510/08, §197, 2015 წლის 15 ოქტომბერი). ეჭვგარეშეა, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის არსებითია თავისუფალი დებატების დაცვა პარლამენტში. სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, პარლამენტში სიტყვის თავისუფლების დაცვის ხელმისაწვდომობა ემსახურება მთლიანად პარლამენტის ინტერესებს, მეორე მხრივ, სიტყვის თავისუფლება არ უნდა იქნეს გამოყენებული იმგვარად, რომ შეაფერხოს პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირება.
145. სასამართლო ამ მხრივ აღნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოების უმრავლესობის პოზიციას, რომელიც აწესებს სანქციებს ისეთ გამოსვლასა თუ ქცევაზე, რაც აფერხებს საპარლამენტო საქმის წარმოების ორგანიზებულად ჩატარებას. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი შედარებითი სამართლის მასალებიდან ირკვევა, რომ ყველას თუ არა, წევრი სახელმწიფოების უმეტესობას დანერგილი აქვთ გარკვეული დისციპლინური სისტემა პარლამენტის იმ წევრთა მიმართ, რომლებიც არღვევენ პარლამენტის წესებს შეუსაბამო გამოსვლებითა თუ ქცევით. მსგავსი წესები არსებობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპულ პარლამენტში (იხ. 42-44-ე და 50-52-ე პუნქტები). შედარებითი სამართლის კვლევიდან ჩანს, რომ პარლამენტები ფართო სპექტრის დისციპლინურ ზომებს იღებენ ორგანიზებული საპარლამენტო წარმოების უზრუნველყოფის მიზნით. სხვა ზომებთან ერთად, მოცემულია წესრიგისკენ მოწოდება ან გაფრთხილება, ასევე უფრო მკაცრი ზომები, როგორიცაა გამოსვლის უფლების შეზღუდვა, სხდომის დატოვება და ფინანსური სანქციები. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მიუხედავად განსხვავებებისა დისციპლინური ზომების ხასიათსა და მასშტაბებში, წევრი სახელმწიფოები ზოგადად აღიარებენ ისეთი რეგულაციების საჭიროებას, რომლითაც მოხდება პარლამენტში ლანძღვასა თუ შეურაცხმყოფელ ქცევაზე სანქციების დაწესება.
146. ამის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ჭარბი საზოგადოებრივი ინტერესი პარლამენტში თავისუფალი დებატების მოთხოვნების პატივისცემასთან ერთად, უზრუნველყოფილ იქნეს, მისი ეფექტური ფუნქციონირება და მისიის შესრულება დემოკრატიულ საზოგადოებაში. შესაბამისად, როდესაც სათანადო დისციპლინური წესების ძირითადი მიზანია ექსკლუზიურად პარლამენტის ეფექტურობის და ამით დემოკრატიული პროცესის უზრუნველყოფა, ამ სფეროში დაშვებული თავისუფალი შეფასების არე ფართო უნდა იყოს. სასამართლომ უკვე აღიარა, რომ წევრი სახელმწიფოები საპარლამენტო იმუნიტეტის რეგულირების კონტექსტში თავისუფალი შეფასების ფართო არეალით სარგებლობენ, რაც საპარლამენტო სამართლის სფეროს მიეკუთვნება (იხ. კარტი, § 82).
147. მოცემულ ეტაპზე, სასამართლოს სურს, ხაზი გაუსვას, რომ კონვენციის 10.2 მუხლის თანახმად, გარდაუვალი ტესტის თვალსაზრისით, პარლამენტში შეურაცხმყოფელ გამოსვლასა თუ ქცევაზე სანქციების დაწესების ეროვნული დისკრეცია, რომელიც საპარლამენტო ავტონომიის ცნების განუყოფელი ნაწილია, მიუხედავად მისი დიდი მნიშვნელობისა, არ არის შეუზღუდავი. ეს უკანასკნელი უნდა შეესაბამებოდეს „ეფექტური პოლიტიკური დემოკრატიის“ კონცეფციას, რომელზეც მიუთითებს კონვენციის პრეამბულა. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალიზმი, შემწყნარებლობა და აზრთა სხვადასხვაობის მიმღებლობა „დემოკრატიული საზოგადოების“ განმასხვავებელი ნიშნებია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ინდივიდის ინტერესები უნდა დაექვემდებაროს ჯგუფისას, დემოკრატია არ ნიშნავს, რომ უმრავლესობის შეხედულებები ყოველთვის უპირატესი უნდა იყოს: მიღწეულ უნდა იქნეს ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს უმცირესობათა წარმომადგენელი ადამიანების სამართლიან და სათანადო მოპყრობას და აგვაცილებს დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებას (იხ. იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინაღმდეგ, 1981 წლის 13 აგვისტო, § 63, სერია A, N44; გორზელიკი და სხვები პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N44158/98, § 90, ECHR, 2004‑I და ლეილა საჰინი, §108). შესაბამისად, საპარლამენტო ავტონომია ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული დეპუტატთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური დებატების საფუძველია. საპარლამენტო ავტონომიის კონკრეტული სისტემის მიღებით ხელშემკვრელი სახელმწიფოების პარლამენტში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით კონვენციით ნაკისრი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება კონვენციის მიზანსა და ამოცანასთან შეუსაბამობაში იქნებოდა (იხ.კორდოვა იტალიის წინააღმდეგ (N1), § 58). პარლამენტის შიდა მუშაობასთან დაკავშირებული წესები არ უნდა წარმოადგენდეს უმრავლესობის მიერ მისი დომინანტი მდგომარეობის ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოყენების საფუძველს. სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საპარლამენტო უმცირესობის დაცვას უმრავლესობის ზეწოლისგან. შესაბამისად, იგი განსაკუთრებული სიფრთხილით შეისწავლის ნებისმიერ ზომას, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ან უპირატესად ოპოზიციის საზიანოდ მოქმედებდეს (საარჩევნო უფლებებზე შეზღუდვების N1 ოქმის მე-3 მუხლთან შესაბამისობა, იხ. ტენასე, § 179). სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის ყველა წევრს ერთნაირად უნდა მოექცნენ.
(ii) ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
148. როგორც ზემოთ იქნა ნახსენები ზედსართავი სახელი „აუცილებელი“ 10.2, მუხლის ჭრილში გულისხმობს გადაუდებელი სოციალური საჭიროების არსებობას. ხელშემკვრელი სახელმწიფოები ასეთი საჭიროების არსებობის შეფასებისას სარგებლობენ შეფასების თავისუფლებით. მოცემულ საქმეზე სასამართლომ შეფასების თავისუფლების ფართო არე დაადგინა (იხ. 146-ე პუნქტი). სასამართლო უპრობლემოდ აღიარებს, რომ მოცემულ საქმეზე აუცილებელი იყო პარლამენტში განმცხადებელთა ქცევაზე რეაგირება, რაც პარლამენტის მიერ მისი ავტონომიით სარგებლობის საკითხი იყო. ამასთან, სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად იყო მოცემული ჩარევა ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი, ხოლო ეროვნული ხელისუფლების მიერ მოყვანილი მისი გამამართლებელი მიზეზები რელევანტური და საკმარისი. მოცემული მოთხოვნები ქვემოთ იქნება შესწავლილი სასამართლოს მიერ.
149. მოცემულ საქმეზე განმცხადებლებმა, დებატებისა და ხმის მიცემის პროცესში პარლამენტის დარბაზში შემოიტანეს დიდი პლაკატი და ბანერები (იხ.12-13-ე, 15-16-ე და 20-2-ე პუნქტები). ამასთან ერთ-ერთი განმცხადებელი, ქ-ნი ლენგიელი სასაუბროდ კენჭისყრის განმავლობაში ხმის გამაძლიერებელს იყენებდა. როგორც ჩანს განმცხადებლებს გაფრთხილება მისცა სპიკერმა (იხ.მე-13, მე-16 და 21-ე პუნქტები). სასამართლო მიიჩნევს, რომ პლაკატის ან ბანერის გამოტანა არ არის დეპუტატის მიერ პარლამენტში განხილულ საკითხზე მოსაზრებების ტრადიციული გამოხატვის მეთოდი. ქცევის ამგვარი ფორმის შერჩევით, განმცხადებლებმა დაარღვიეს წესრიგი პარლამენტში. მათ თავისუფლად შეეძლოთ იგივე შეტყობინება საპარლამენტო სიტყვით გამოსვლისას გადმოეცათ, ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით და მსგავსი ქცევის შემთხვევაში მათი ქმედებების სრულიად განსხვავებულ შედეგებს მიიღებდა. ხმის გამაძლიერებლის გამოყენება პარლამენტში ასევე აშკარად არღვევს წესრიგს.
150. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელთა დაჯარიმების შესახებ, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამ წინადადებაში, სპიკერმა მიუთითა განმცხადებელთა საპარლამენტო წესრიგის უხეშ დარღვევაზე, როგორც ეს აღნიშნული იყო ოქმში (იხ.მე-14, მე-17 და 22-23-ე პუნქტები). განმცხადებლების, ქ-ნი სზილი, ქ-ნი ლენგიელი და ქ-ნი ოსტოლიკანი საქმეზე სპიკერმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა საპარლამენტო წესრიგს უხეშად არღვევდა, ბანერის გამოტანისა და ხმის გამაძლიერებლის გამოყენების გამო. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო კმაყოფილია, რომ განმცხადებლებს სანქციები არა საპარლამენტო დებატებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო დაეკისრათ, არამედ გამოხატვის დროის, ადგილისა და ფორმის გამო. ასეთი დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ საქმის საპარლამენტო წარმოებისას არ მომხდარა განმცხადებლების გამოხატვის რეალური შინაარსის შესწავლა.
151. ამასთან, წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლებზე დაკისრებული სადავო დისციპლინური სანქციების ლეგიტიმური მიზანი წესრიგის დარღვევის აღკვეთასა და პარლამენტის სხვა წევრთა უფლებების დაცვას ემსახურებოდა. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან შეფასების თავისუფლების ფართო არეალის გათვალისწინებით, იგი ვერ ხედავს საბაბს გადაწყვიტოს რამდენად იყო მოყვანილი მიზეზები საკმარისი სადავო ჩარევის „აუცილებლობის“ დასასაბუთებლად. სასამართლოს უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმოხილვაში ყურადღება გაამახვილოს, რამდენად ახლდა განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ეფექტური და სათანადო დაცვის მექანიზმები. მართლაც, როგორც ზემოთ აღინიშნა (133-ე პუნქტი), სამართალწარმოების სამართლიანობა და ხელმისაწვდომი პროცედურული გარანტიები ის ფაქტორებია, რომლებიც შეიძლება მიღებულ იქნეს მხედველობაში გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის თანაზომიერების შეფასებისას. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა (იხ. 140-ე პუნქტი), რომ მის მიერ პარლამენტში გამოსვლების დროის, ადგილისა და წესის რეგულირების შესწავლა შეზღუდული უნდა იყოს.
152. უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე სანქციის დაწესების უფლებამოსილების გამოყენებისას დაცული უნდა იქნეს მე-10 მუხლით გათვალიწინებული თანაზომიერების პრინციპი, მათ შორის, მისი პროცედურული ასპექტი. თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობა ასევე მოითხოვს, რომ დაწესებული სანქცია შეესაბამებოდეს დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს. ამავდროულად სასამართლომ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს პარლამენტის ავტონომიას, რომელსაც თანაზომიერების გამოცდისას ინტერესთა დაბალანსებაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს. ზემოხსენებულისა და ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის ამ კონტექსტში მინიჭებული შეფასების თავისუფლების გათვალისწინებით (იხ. 146-ე პუნქტი) შეგვიძლია განვასხვავოთ ორი სიტუაცია.
153. თეორიულად, პირველი სიტუაცია დადგებოდა, პარლამენტის მიერ თვითნებურად, უფლებამოსილების აშკარა გადამეტების შემთხვევაში ან არაკეთილსინდისიერად ისეთი სანქციის დაწესებით, რომელიც არ არის წესებით დადგენილი ან რომელიც სავარაუდო დისციპლინური დარღვევის მკვეთრად შეუსაბამოა. ამგვარ კონტექსტში, პარლამენტს არ შეუძლია მის მიერ დაკისრებული სანქციების დასაბუთებაში მის ავტონომიას დაეყრდნოს, რაც შესაბამისად დაექვემდებარებოდა სასამართლოს მიერ სრულ შესწავლას.
154. მეორე, მოცემული საქმის რელევანტური სიტუაციის შემთხვევა დადგებოდა, თუ დეპუტატი რომელსაც დააკისრეს სანქცია, არ ფლობს საპარლამენტო პროცედურით გათვალისწინებულ ძირითად პროცესუალურ გარანტიებს, რათა გაასაჩივროს მასზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (იხ.ჰუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (განჩინება), N14832/11, 2014 წლის 13 ნოემბერი). ეს მე-10 მუხლით დადგენილი პროცედურული მოთხოვნების ჭრილში წამოჭრიდა საკითხს (იხ. 133-ე პუნქტი).
155. ამ მხრივ, მთავრობამ განასხვავა ისეთი მყისიერი სანქციები, როგორიცაა, ერთი მხრივ, სიტყვით გამოსვლის უფლების უარყოფა ან სხდომის დატოვება, რაც დაუყოვნებლივ ხელს შეუშლის დეპუტატს გამოხატოს აზრი და მეორე მხრივ, სანქციები, როგორიცაა წინამდებარე საქმეში არსებული ჯარიმა, რომელიც უკუძალით მოქმედია. ეს განსხვავება ევროპული პარლამენტის პროცედურულ წესებში ასახულია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ორი განსხვავებული ტიპის სანქციის შემთხვევაში ხელმისაწვდომი პროცესუალური გარანტიები შეიძლება განსხვავდებოდეს. მყისიერი სანქციების (რომლებიც წინამდებარე საქმეს არ ეხება) დაკისრება ხდება საპარლამენტო წესრიგის უხეში დარღვევის შემთხვევაში და მის პროცესუალურ გარანტიას გაფრთხილება წარმოადგენს. ასევე შეიძლება განხილულ იქნეს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაფრთხილება არ იქნება მოთხოვნილი. ამ კონტექსტში დასაბუთება იქნებოდა, რომ დეპუტატის აშკარად შეურაცხმყოფელი სიტყვით გამოსვლა ან ქცევა არღვევს მისი გამოხატვის თავისუფლების უფლებას ან შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ამ უფლების ბოროტად გამოყენება.
156. წინამდებარე საქმეში მოცემულია მხოლოდ უკუძალის მქონე დისციპლინური სანქციები. სასამართლო იმეორეს, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, კონვენციის ყველა მუხლის დამახასიათებელია (იხ. გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1975 წლის 21 თებერვალი, §34, სერია A, N18; ამური საფრანგეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 25 ივნისი, §50, განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ანგარიში 1996‑III; იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N31107/96, § 58, ECHR, 1999‑II). კანონის უზენაესობა ადგენს, რომ საჯარო უწყებების მიერ კონვენციით დაცულ უფლებებში თვითნებური ჩარევების წინააღმდეგ ადგილობრივ კანონმდებლობაში მოცემული უნდა იყოს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები (იხ. კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ, 1978 წლის 6 სექტემბერი, §55, სერია A ,N28 და მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1984 წლის 2 აგვისტო, სერია A, N82). სასამართლო მიიჩნევს, რომ უკუძალის მქონე დისციპლინური სანქციების ხელმისაწვდომი პროცესუალური გარანტიები უნდა მოიცავდეს სულ მცირე, სანქციის დაკისრებამდე პარლამენტის წევრის მოსმენას საპარლამენტო პროცედურის საშუალებით. იგი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში სიტყვით გამოსვლის უფლება უმეტესწილად ძირითადი პროცედურული წესის სახითაა მოცემული, როგორც სასამართლო წარმოებისას, ასევე მის გარეთ, როგორც ეს წარმოდგენილია სხვებთან ერთად ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 41.2 (ა) მუხლით.
157. სიტყვის გამოსვლის უფლების განხორციელების ფორმა და საშუალება მორგებულ უნდა იქნეს საპარლამენტო კონტექსტისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია ბალანსის დაცვა, როგორც უკვე აღნიშნულ იქნა 147-ე პუნქტში, რაც უზრუნველყოფს საპარლამენტო უმცირესობის სამართლიან და სათანადო მოპყრობას და აღკვეთს უმრავლესობის მიერ დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებას. მისი ფუნქციების შესრულებისას, სპიკერის მოქმედებები თავისუფალი უნდა იყოს წინასწარი განწყობებისა და პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამასთან, საპარლამენტო ავტონომიის და უფლებამოსილებათა განცალკევების ზოგადად აღიარებული პრინციპების ჭრილში, დეპუტატი რომელსაც დაეკისრა დისციპლინური სანქცია, ვერ იქნება უფლებამოსილი ისარგებლოს სანქციის პარლამენტის გარეთ გასაჩივრების სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით. მიუხედავად ამისა, პროცესუალური გარანტიების მხარდამჭერი არგუმენტი ამ კონტექსტში არანაკლებ დამაჯერებელია, თუ მხედველობაში მივიღებთ განხილულ ქცევასა და სანქციის რეალურად დაკისრებას შორის მოცემული დროის პერიოდს.
158. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერი უკუძალის მქონე გადაწყვეტილებაში დისციპლინური სანქციის დაკისრებამ უნდა განსაზღვროს ძირითადი საფუძვლები. ამით იგი საშუალებას აძლევს პარლამენტის წევრს გაიაზროს ღონისძიების დასაბუთება და ასევე უზრუნველყოფს გარკვეული ფორმის საზოგადოებრივ კონტროლს.
159. იმ დროისათვის მოქმედი შიდა კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა დეპუტატების შესაბამის პროცედურაში ჩართვის, განსაკუთრებით კი, მათ აზრის მოსმენის რაიმე შესაძლებლობას. პროცედურა განმცხადებლების საქმეში გულისხმობდა სპიკერის წერილობით მიმართვას ჯარიმის დაკისრების შესახებ და მის შემდგომ მიღებას პლენარულ სხდომაზე დებატების გარეშე. შესაბამისად, პროცედურა განმცხადებლებს არ სთავაზობდა რაიმე პროცესუალურ გარანტიებს. 2013 წლის 6 და 24 მაისის გადაწყვეტილებები არ შეიცავდა სათანადო მიზეზებს, რატომ ჩაითვალა განმცხადებელთა ქმედებები საპარლამენტო წესრიგის უხეშ დარღვევად. მთავრობა ირწმუნებოდა, რომ განმცხადებლებს შეეძლოთ სპიკერის მიერ შემოთავაზებული დისციპლინური ზომის გასაჩივრება პლენარულ სხდომაზე, წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტში ან საპარლამენტო წესების ინტერპრეტაციაზე პასუხისმგებელ კომიტეტში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ არც ერთი მათგანი, განმცხადებლებს არ სთავაზობდა სპიკერის წინადადების გასაჩივრების ეფექტურ საშუალებას. ისინი შემოიფარგლებოდნენ პარლამენტში ზოგადი განცხადების გაკეთებით ან კონკრეტულ საპარლამენტო ორგანოში პეტიციის წარდგენით ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ განმცხადებელთა არგუმენტები გათვალისწინებულ იქნებოდა შესაბამისი დისციპლინური პროცედურისას.
160. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო აქტში ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებდა დაჯარიმებული დეპუტატისთვის სამართლებრივი დაცვის საშუალებებსა და საპარლამენტო კომიტეტის წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას ძალაში 2014 წლის 4 მარტს შევიდა და მოცემულ სიტუაციაში უზრუნველყოფილ იქნა აუცილებელი მინიმალური პროცესუალური გარანტიები. მიუხედავად ამისა, მოცემულ საქმეში, ცვლილებამ განმცხადებლის სიტუაციაზე გავლენა არ იქონია.
161. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების უფლებაში სადავო ჩარევა არ იყო, ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი, რადგან მას არ ახლდა შესაბამისი პროცესუალური გარანტიები.
162. ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში", შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
Full & Egal Universal Law Academy