კარაპეტიანი საქართველოს წინააღმდეგ
Karapetyan v. Georgia
საჩივარი no. 61233/12
გადაწყვეტილება
15 ოქტომბერი 2020
ფაქტები
მომჩივანი, ჰასმიკ კარაპეტიანი, სომხეთის მოქალაქეა, რომელიც დაიბადა 1953 წელს და ცხოვრობს სომხეთის რეგიონ ლორიში.
წინამდებარე საქმე ეხებოდა მომჩივნის საჩივარს ფულის კონფისკაციის შესახებ, რომელიც მას გადაჰქონდა საქართველოს გავლით, საბაჟო ორგანოებში დეკლარირების გარეშე.
2010 წლის მაისში, თურქეთიდან საქართველოში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთისას, ქ-ნ კარაპეტიანს საბაჟოს თანამშრომლებმა ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას რაიმე დასადეკლარირებელი. მომჩივანმა მათ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა. ამის მიუხედავად, საბაჟოს თანამშრომლებმა ის მაინც შეამოწმეს და წელზე მიბმულ წინდაში 40 000 აშშ დოლარი აღმოუჩინეს. საბაჟოს თანამშრომლებმა მოახდინეს ამ თანხის სრულად კონფისკაცია, საბაჟოს წესების დარღვევის შესახებ შეადგინეს ოფიციალური ოქმი, რომელსაც მომჩივანმა ხელი მოაწერა.
მომჩივანმა მიმართა საფინანსო ორგანოებს და დაიწყო სამართალწარმოება კონფისკაციასთან დაკავშირებით, თუმცა წარუმატებლად. კერძოდ, იგი აცხადებდა, რომ ჩამორთმეული თანხიდან მას მხოლოდ 9 000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა, ხოლო დანარჩენი იყო მისი ორი მეგობრის, რომლებიც მასთან ერთად მგზავრობდნენ და რომლებმაც შესანახად მას ანდეს ფული. 9 000 აშშ დოლარი (დაახლოებით 16 000 ქართული ლარი (GEL)) არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვარს, კერძოდ 30 000 ლარს (GEL), რომლიც დეკლარირებაც უნდა მოხდეს საბაჟო შემოწმების დროს.
2011 წელს ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მომჩივნის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც თანხა მას სრულად არ ეკუთვნოდა, მიზნად ისახავდა მის წინააღმდეგ სანქციის დაკისრების თავიდან არიდებას, რადგან ამის შესახებ არ განუცხადებია მაშინ, როდესაც პირადად აღმოუჩინეს თანხა. სასამართლოებმა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანს, როგორც ფულის პირადად გადამტანს, უნდა მოეხდინა თანხის დეკლარირება არსებული რეგულაციების შესაბამისად.
მომჩივანი კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლზე დაყრდნობით დავობდა, რომ იმ თანხის სრული კონფისკაცია, რომელიც მას საქართველოს გავლით საბაჟო წესების დარღვევით გადაჰქონდა, წარმოადგენდა მისი საკუთრების უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას.
სამართალი
სასამართლოს შეფასება
30. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას და მოიცავს სამ განსხვავებულ წესს. პირველი, რომელიც მოცემულია პირველი პარაგრაფის 1-ელ წინადადებაში და ზოგადი ხასიათისაა, ადგენს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, რომელსაც ვხვდებით იმავე პარაგრაფის მეორე წინადადებაში, ეხება საკუთრების ჩამორთმევას და უსადაგებს მას გარკვეულ პირობებს. მესამე, რომელიც მოცემულია მეორე პარაგრაფში, აღიარებს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, სხვა საკითხებთან ერთად, უფლება აქვთ გააკონტროლონ საკუთრების გამოყენება საერთო ინტერესების შესაბამისად. მეორე და მესამე წესები, რომლებიც ეხებიან საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევის ცალკეულ შემთხვევებს, უნდა განიმარტოს პირველი წესით დადგენილი ზოგადი პრინციპის ჭრილში (იხ. Draon v. France [დიდი პალატა], 1513/03, § 69, 6 ოქტომბერი 2005).
31. სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ პრინციპზე, რომ ნივთის მფლობელი მიიჩნევა მასზე სავარაუდო უფლების მქონედ, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო (იხ. Ziaunys v. the Republic of Moldova, no. 42416/06, §§ 30-31, 11 თებერვალი 2014). ამასთან, მომჩივნის განცხადების გათვალისწინებით, რომელიც მთავრობამ არ უარყო, რომ ის ჩამორთმეული თანხის მხოლოდ ნაწილის მესაკუთრე იყო (ასევე იხ. Prince Hans‑Adam II of Liechtenstein v. Germany [დიდი პალატა], no. 42527/98, § 82, ECHR 2001 VIII), მოცემულ საქმეში სავარაუდო „საკუთრება“ არის ფული, რომელსაც მომჩივანი ითხოვს როგორც საკუთარს, კერძოდ, 9 000 აშშ დოლარი.
32. რაც შეეხება იმ საკითხს, 1-ლი დამატებითი ოქმის 1-მუხლის რომელი წესი გამოიყენება მოცემულ საქმეზე, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს თავის თანმიმდევრულ მიდგომას, რომ კონფისკაციის ღონისძიება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მოიცავს საკუთრების ჩამორთმევას, მაინც წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის კონტროლს კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მეორე პარაგრაფის მნიშვნელობით (იხ. Boljević v. Croatia, no. 43492/11, § 38, 31 იანვარი 2017, შემდგომი მითითებებით).
33. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო ორგანოს გვერდის ავლისათვის სანქცია მოცემულია საბაჟო კოდექსში, ხოლო იმ ფულადი სახსრების დეკლარირების ვალდებულება, რომელიც სცდება 30 000 ლარს, დადგენილია ფულის გათეთრების შესახებ კანონითა და ასევე, ფინანსთა მინისტრის no. 1232 ბრძანებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო წესები, რომლებიც ოფიციალურად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის, შედგენილი იყო საკმარისი სიზუსტით და შესაბამისად აკმაყოფილებდა განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს (იხ. Sadocha v. Ukraine, no. 77508/11, § 25, 11 ივლისი 2019). აქედან გამომდინარე, მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევა გათვალისწინებული იყო კანონით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი.
34. სასამართლო შემდგომში აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი და აგრეთვე ვალდებულება სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომ მიიღონ ზომები მათ საზღვრებზე ფულადი სახსრების გადატანის გამოვლენისა და მონიტორინგისათვის, ვინაიდან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული შეიძლება გამოყენებული იქნას ფულის გათეთრების, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ტერორიზმის ან ორგანიზებული დანაშაულის ფინანსირების, გადასახადების თავიდან აცილების ან სხვა სერიოზული ფინანსური დანაშაულებისათვის. ზოგადი დეკლარაციის მოთხოვნა, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი ნებისმიერი პირის მიმართ, ახდენს ქვეყანაში შეუსწავლელად ნაღდი ფულის შემოსვლის ან გასვლის პრევენციას და კონფისკაციის ზომა, რომელიც საბაჟო ორგანოებისთვის ნაღდი ფულის დაუდეკლარირების შედეგია, წარმოადგენს ამ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი მარეგულირებელი სქემის ნაწილს (იხ, Gyrlyan v. Russia, no. 35943/15, § 23, 9 ოქტომბერი 2018, სხვა მითითებებთან ერთად). ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ჩარევა მიზნად ისახავდა ფულის გათეთრების და სხვა ფინანსური დანაშაულების პრვენციას და მიიჩნევს, რომ კონფისკაციის ზომა შეესაბამებოდა საზოგადოების საერთო ინტერესებს.
35. კიდევ ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენს, ადგენს თუ არა ჩარევა მოთხოვნილ სამართლიან ბალანსს საკუთრების დაცვის უფლებასა და საერთო ინტერესების მოთხოვნებს შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე სახელმწიფოსთვის დარჩენილი თავისუფალი შეფასების ფარგლების გათვალისწინებით. მოთხოვნილი ბალანსი არ მიიღწევა, თუ დაინტერესებულმა მესაკუთრემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს „ინდივიდუალური და გადაჭარბებული ტვირთი“. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მეორე პარაგრაფი არ ითვალისწინებს მკაფიო საპროცესო მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მთლიანად სამართალწარმოებამ მისცა თუ არა მომჩივანს გონივრული შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი საქმე კომპეტენტური ორგანოებისთვის, რათა მათ შეძლებოდათ დაედგინათ სამართლიანი ბალანსი სადავო ინტერესებს შორის (იხ. Boljević, cited above, § 41).
36. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ხაზს უსვამს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ფორმულირებას, რომელიც ეროვნულ სასამართლოებს არ უტოვებს დისკრეციულ უფლებამოსილებას თანხის ოდენობასთან დაკავშირებით და რომელიც უნდა დაკისრებოდა სახელმწიფოს ჯარიმის ან კონფისკაციის ბრძანების სახით (იხ. Gyrlyan, ციტირებული ზემოთ, § 31). თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს ამოცანა არ არის ეროვნული კანონმდებლობის ზოგადი განხილვა, არამედ მისი ამოცანაა, იმის დადგენა, მისი გამოყენების მეთოდი ან შედეგი, ხომ არ არღვევდა კონვენციას (იხ. Garib v. the Netherlands [დიდი პალატა], no. 43494/09, § 136, 6 ნოემბერი 2017, სხვა მითითებებთან ერთად).
37. ამ კონტექსტში, სასამართლომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ზოგიერთ საქმეში რომლებიც სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ეხება, მან დაადგინა, რომ მოცემული საქმის მსგავსი ტიპის კონფისკაციის ზომები არაპროპორციულია და მიიჩნია, რომ მომჩივანს დაეკისრა გადაჭარბებული ინდივიდუალური ტვირთი. სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლომ გაითვალისწინა ჩამორთმეული თანხის კანონიერი წარმოშობა, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და ის ფაქტი, რომ არ არსებობდა ხელისუფლების მოტყუების განზრახვა (იხ. Sadocha, ციტირებული ზემოთ, §§ 29-33; Togrul v. Bulgaria, no. 20611/10, § 44, 15 ნოემბერი 2018; Gyrlyan, ციტირებული ზემოთ, § 27; და Ismayilov v. Russia no.30352/03, 6 ნოემბერი 2008, § 36). რამოდენიმე სხვა საქმეში, მოტყუების განზრახვას ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭა (იხ. მაგალითისთვის Gabrić v. Croatia, no. 9702/04, §§ 38-39, 5 თებერვალი 2009, და Ismayilov, ციტირებული ზემოთ, § 38). ზოგიერთ შემთხვევაში, კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენდა იყო თუ არა კონფისკაცია დამატებითი სანქცია (იხ. Ismayilov, § 38, და Togrul, § 45, ორივე ციტირებული ზემოთ). სასამართლომ დაადგინა, რომ ხისტი ეროვნული კანონები, რომლებიც სრულ კონფისკაციას ავტომატურ სანქციად ადგენდა, ხშირად მიგვიყვანს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებამდე, რომლებიც ვერ ადგენენ სამართლიან ბალანსს ზოგადი ინტერესების მოთხოვნებსა და პირის საკუთრების უფლებას შორის (იხ. Gyrlyan, ციტირებული ზემოთ, §§ 30 და 31).
38. თუმცა, მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის ქცევა და განცხადებები სტრასბურგის სასამართლოსთვის განსაკუთრებით ართულებს პროპორციული ანალიზის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი შეიძლება მიჩნეული იქნას მისგან ჩამორთმეული თანხის ნაწილის მფლობელად, კერძოდ, რომელსაც იგი ითხოვს როგორც საკუთარს (9 000 აშშ დოლარი), ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, მას არ შეუძლია შეუმჩნეველი დატოვოს, რომ გასაჩივრებული სანქცია გამოყენებული იქნა მთლიან გადაზიდულ თანხაზე იმ მიზეზით, რომ მომჩივანმა პირადად გადაწყვიტა მისი გადმოტანა. აღნიშნული მიღებული ზომა იყო ერთადერთი სანქცია, რომელიც მომჩივანს დაეკისრა (შედარებისთვის Ismayilov, § 38, და Togrul, § 45, ორივე ციტირებული ზემოთ). სადავო მოვლენებამდე, შესაბამისი საკონტროლო პუნქტის ოცდაექვსჯერ გავლის გათვალისწინებით, მომჩივანს კარგად უნდა სცოდნოდა იმ ფაქტის შესახებ, რომ თანხა რომელიც აჭარბებს რელევანტური რეგულაციებით დადგენილ კანონიერ ლიმიტს, დეკლარირებული უნდა იყოს საბაჟო ორგანოების წინაშე. ამ კონტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის პირადი თანხა [9 000 დოლარი] ჯდებოდა კანონით გათვალისწინებულ ოდენობაში, მომჩივანმა საკუთარი ნებით არჩია სხვა დამატებითი თანხის გადატანაც და გარისკა მისი კონფისკაცია საბაჟო შემოწმების განზრახ გვერდით ავლის გზით.
39. გარდა ამისა, მართალია, მოცემული სანქციის გამოყენებისათვის ჩამორთმეული თანხის მესაკუთრეთა რაოდენობა არარელევანტური იყო, ვინაიდან ეროვნული კანონმდებლობა ვრცელდებოდა არადეკლარირებული თანხების ტრანსპორტირებაზე, მიუხედავად მათი მესაკუთრეთა რაოდენობისა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მაინც განიხილეს მომჩივნის არგუმენტი საზიარო საკუთრებასთან დაკავშირებით. მათ დაადგინეს, რომ მომჩივანს აღნიშნული არგუმენტი არ წამოუყენებია, როდესაც მას თანხა აღმოუჩინეს და არ არსებობდა ამ განცხადების გამამყარებელი მტკიცებულებები, შესაბამისად დაასკვნეს, რომ საზიარო საკუთრებასთან დაკავშირებით მომჩივანმა განაცხადა შესაბამისი სანქციის თავიდან აცილების მიზნით. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მის წინაშე არსებული საქმის მასალები არ მოიცავს რაიმე დოკუმენტს ჩამორთმეულ თანხასთან დაკავშირებით, იქნება ეს კანონიერი წარმომავლობის, მომჩივნის საზიარო საკუთრების მტკიცების თუ თანამგზავრებისთვის მისი სავარაუდო ვალის შესახებ.
40. ზემოაღნიშნულისა და მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ვერ შეძლებს დაადგინოს, რომ საერთო 40 000 აშშ დოლარიდან 9 000 აშშ დოლარის დაკარგვა a priori არაპროპორციული იყო ან რომ მომჩივანს დაეკისრა გადაჭარბებული ინდივიდუალური ტვირთი კონფისკაციის შედეგად. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მსგავსი დასკვნის გაკეთების შეუძლებლობა მთლიანად მომჩივნის პასუხისმგებლობა იყო, ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო სტრასბურგის სასამართლოსთვის წარედგინა სანდო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საჭირო იყო 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე პროპორციული ანალიზის გაკეთებისათვის.
41. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.
სასამართლო ერთხმად ადგენს, რომ სახეზე არ არის კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა.