Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მესამე სექცია
კარპენკო რუსეთის წინააღმდეგ
(Karpenko v. Russia)
(საჩივარი N5605/04)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2012 წლის 13 მარტი
საბოლოო გახდა
24/09/2012
საქმეზე ,,კარპენკო რუსეთის წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველი სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ნინა ვაჯიჩი, თავმჯდომარე,
ანატოლი კოვლერი,
პიირ ლორენზენი,
ელიზაბეტ სტეინერი,
ხანლარ ჰაჯიევი,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი,
ერიკ მოსე, მოსამართლეები
და სორენ ნილსენი, სექციის განმწესრიგებელი,
2012 წლის 21 თებერვლის დახურული თათბირის შემდეგ
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ბ-ნი კირილ კარპენკოს ("მომჩივანი") მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2003 წლის 17 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი (№5605/04).
2. მომჩივანს, რომელიც სარგებლობდა იურიდიული დახმარებით, წარმოადგენდნენ ქ-ნი ლ. ჩურკინა, ეკატერინბურგში მოღვაწე ადვოკატი. რუსეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ქ-ნი ვ. მილინჩუკი.
3. მომჩივანი დავობდა, რომ მან ვერ შეძლო პროკურატურის მოწმეების ღია სასამართლო პროცესზე დაკითხვა, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოებმა უარი განაცხადეს მშობლის უფლებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში მისი დასწრების უზრუნველყოფაზე.
4. საჩივრის შესახებ მთავრობას ეცნობა 2007 წლის 24 ოქტომბერს. გადაწყდა, რომ საჩივრის დასაშვებობისა და არსებითი გარემოებების შესახებ გადაწყვეტილება ერთდროულად იქნეს მიღებული (29-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
ფაქტები
I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
5. მომჩივანი, კირილ კარპენკო, დაიბადა 1971 წელს და დაპატიმრებამდე ცხოვრობდა ეკატერინბურგში. ამჟამად ის სასჯელს იხდის სვერდლოვსკის რეგიონში, ქალაქ ნევიანსკში მდებარე გამასწორებელ კოლონიაში.
A. ძარცვასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება
1. 1998 წელს დანაშაულში მომჩივნის სავარაუდო თანამონაწილის წინააღმდეგ განხორციელებული სამართალწარმოება
6. 1998 წელს რევდინსკის საქალაქო სასამართლომ ბ-ნი შ და ბ-ნი ბ დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვის რამდენიმე ეპიზოდში. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995 წლის 5 ოქტომბერს ბრალდებულებმა, რომლებიც მოქმედებდნენ მომჩივანთან და ბ-ნ ო-სთან ერთად, გაძარცვეს სოფელ ვავოჟში არსებული საწყობი. მომჩივნის მიმართ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება გადაიდო, ვინაიდან გამოძიების დროს ის მიიმახალ, ხოლო ბ-ნ ო-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა მისი გარდაცვალების გამო. საქალაქო სასამართლომ მოგვიანებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბ-მ, რომელსაც ეხმარებოდნენ ბ-ნი რ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება შეჩერდა მისი გაქცევის გამო, მომჩივანი და ბ-ნი ო, გაძარცვა კიდევ რამდენიმე საწყობი. იმავდროულად, სასამართლომ დამატებითი ძარცვის ბრალდებაში გაამართლა ბ-ნი შ, დაადგინა რა, რომ არ არსებობდა იმ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ის, ბ-ნი რ, ბ-ნი ო, ბ-ნი ვ. და მომჩივანი მონაწილეობდნენ სოფელ ნოვოე სელოში განხორციელებულ ძარცვაში.
7. რაც შეეხება სოფელ ვავოჟში მომხდარ ძარცვას, მსჯავრდება ეფუძნებოდა ბრალდებულ შ-ს და საწყობის მესაკუთრისა და კომპანიის გენერალური დირექტორის ჩვენებებს, აგრეთვე გამოძიების დროს საწყობის მცველების, ბ-ნი მ-სა და ბ-ნი ო-ს, მიერ მიცემულ წერილობით ჩვენებებს. მტკიცებულებები ასე გამოიყურებოდა:
-ბრალდებულმა შ-მ ნაწილობრივ აღიარა ბრალი. შ-ს განცხადებით, დათანხმდა რა მომჩივნის შეთავაზებას და მოქმედებდა მის მიერ მიცემული დეტალური ინსტრუქციების შესაბამისად, ის წავიდა საწყობში. მომჩივანმა ის აიძულა ეთვალთვალებინა საწყობის მცველისთვის, რომელიც მომჩივანმა ცემა და დააბა. ბ-ნმა შ-მ აგრეთვე აღიარა, რომ ის დაეხმარა მომჩივანსა და ბ-ნ რ-ს მოპარული საქონლის მანქანაში ჩატვირთვაში; ძარცვაში მონაწილეობის სანაცვლოდ კი მომჩივნისგან თანხა მიიღო;
-წერილობით ჩვენებაში ბ-ნმა ო-მ მოვლენათა განვითარება მსგავსად აღწერა;
- კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ 1995 წლის 5 ოქტომბერს მას აცნობეს ძარცვის შესახებ. საწყობში მისვლის დროს მან ნახა, რომ მცველი სასტიკად იყო ნაცემი;
- საწყობის მცველმა განაცხადა, რომ 1995 წლის 5 ოქტომბერს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. მათ ის ცემეს და დააბეს. მოგვიანებით მას ესმოდა როგორ ძარცვავდნენ საწყობს.
8. რაც შეეხება სოფელ კუნგურკაში განხორციელებულ ძარცვას, მსჯავრდებას საფუძვლად დაედო ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ბ-სა და საწყობის მესაკუთრის წარმომადგენლის, ბ-ნი ა-ს, ჩვენებები, აგრეთვე საწყობის მცველის ბ-ნი ხ-ს და აწ გარდაცვლილი ბ-ნი ო-ს წერილობითი ჩვენებები, რომლებიც მიცემულ იქნა საგამოძიებო ხელისუფლების წინაშე.
9. ბრალდებულმა ბ-მ ნაწილობრივ აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ 1995 წლის ნოემბერში, მომჩივანმა, ისარგებლა რა მისი ნდობით, მანქანის დატვირთვაში დახმარება თხოვა. ისინი საწყობში წავიდნენ. ბ-ნი ბ, რომელსაც ეშინოდა მომჩივნის, ემორჩილებოდა მის მითითებებს და ეხმარებოდა მას საწყობიდან საქონლის გამოტანაში.
10. საწყობის მესაკუთრის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საწყობში ძარცვა მოხდა.
11. ბ-ნმა ო-მ გამომძიებლებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა, რომ მომჩივანსა და ბ-ნ რ-ს დაეხმარა ძარცვაში.
12. მცველმა ხ-მ განაცადა, რომ 1995 წლის 19 ნოემბერს ორი უცნობი პირი შეიჭრა საწყობში, დააბა ის და მოიპარა საქონელი.
13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბრალდებული შ. სოფელ ნოვოე სელოში განხორციელებულ ძარცვასთან დაკავშირებულ ბრალდებაში გამართლდა, ეყრდნობოდა ბ-ნი შ-ს ჩვენებას და საწყობის მცველის ბ-ნი მე-სა და ბ-ნი ო-ს წერილობით ჩვენებებს.
14. ბ-ნი შ. დაჟინებით აცხადებდა, რომ 1996 წლის სექტემბერში მომჩივანმა თხოვა მას სოფელში წაყვანა, დახმარების სანაცვლოდ კი ფულს დაპირდა. ის დათანხმდა ერთი პირობით, თუ მისი დახმარება არ იქნებოდა დაკავშირებული რაიმე სახის დანაშაულებრივ საქმიანობასთან. ბ-ნი შ ამტკიცებდა, რომ მან არ იცოდა, რომ მომჩივანმა და ბ-ნმა რ-მ ძარცვა განახორციელეს.
15. საწყობის მცველი, ბ-ნი მე., აცხადებდა, რომ 1996 წლის 17 სექტემბერს უცნობი მამაკაცი დაესხა თავს, ცემა და დააბა ის. მცველს არ ახსოვდა თავდამსხმელის ვინაობა.
16. წერილობით ჩვენებაში ბ-ნი ო. აღიარებდა, რომ ის მომჩივანსა და ბ-ნ რ-ს დაეხმარა საწყობის გაძარცვის დაგეგმვაში.
17. 1998 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2000 წლის 20 მაისს, მას შემდეგ რაც ის ძალაში დატოვა ზემდგომმა სასამართლომ.
2. 2001-2004 წლებში მომჩივნის წინააღმდეგ განხორციელებული სამართალწარმოება
18. როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ., ზემოთ მე-6 პარაგრაფი), მომჩივანი მიიმალა, რის შედეგადაც მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება გადაიდო. 2001 წლის 25 სექტემბერს ის დაკავებულ იქნა ქალაქ ნეფტეკამსკში. ორი დღის შემდეგ მომჩივანი გადაიყვანეს ეკატერინბურში. ის მოთავსებულ იქნა წინასწარი დაკავების N1 იზოლატორში.
19. ერთი თვის შემდეგ სვერდლოვსკის რაიონულმა პროკურორმა მომჩივანს გადასცა საბრალდებო დასკვნა; მას ბრალი ედებოდა სოფლელ ვავოჟში, კუნგურკასა და ნოვოე სელოში ძარცვის ორგანიზებაში. ბრალდება inter alia ეფუძნებოდა ბ-ნი შ-სა და ბ-ნი ბ-ს მიერ დაკითხვის დროს მიცემულ ჩვენებებს, აგრეთვე მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს მათსა და მომჩივანს შორის ჩატარებულ პირისპირ დაკითხვას. დანაშაულში ორი სავარაუდო თანამონაწილე იმეორებდა 1998 წლის სამართალწარმოების ფარგლებში მიცემულ ჩვენებას (იხ., მე-7, მე-9 და მე-14 პარაგრაფები). 2002 წლის ივნისში საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
20. 2003 წლის 19 თებერვალს რევდინსკის საქალაქო სასამართლომ საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გამართა, სადაც მოწმის სახით გამოძახებულ იქნა მომჩივნის სავარაუდო თანამონაწილეები, უკვე მსჯავრდებულები ბ-ნი შ. და ბ-ნი ბ., აგრეთვე სხვა პირები, რომელთა წერილობითი ჩვენებები ან ღია სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებები საფუძვლად ედო 1998 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებას (იხ., 6-16 პარაგრაფები ზემოთ). სასამართლო სხდომას არცერთი მათგანი არ ესწრებოდა. საქალაქო სასამართლომ სხდომაზე აღნიშნა, რომ სოფელ ნოვოე სელოში მდებარე საწყობის მცველი გარდაიცვალა, ბ-ნი ბ. საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ჩელიაბინსკში, ხოლო ბ-ნი შ. სხვა ქალაქში ცხოვრობდა. დანარჩენი მოწმეების სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობი იყო. მთავრობამ [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს წარუდგინა 2003 წლის 27 იანვარს ბ-ნი შ-ს მიერ საქალაქო სასამართლოსთვის მიწერილი ნაბეჭდი წერილის ასლი, სადაც ის სასამართლოს ატყობინებდა, რომ ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას ფინანსური სირთულეებისა და საქმიანი შეხვედრების გამო. მთავრობამ სასამართლოს აგრეთვე წარუდგინა 2003 წლის 3 თებერვალს ბ-ნი შ-ს მიერ საქალაქო სასამართლოსთვის გაგზავნილი ტელეგრამის ასლი. ბ-ნი შ. ადასტურებდა, რომ ვერ შეძლებდა მომჩივნის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე გამოცხადებას და სრულად მხარს უჭერდა იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთა გამოძიებისა და 1998 წლის სამართალწარმოების დროს.
21. მომჩივნის ადვოკატმა წარმატებით თხოვა საქალაქო სასამართლოს მოესმინა ბ-ნი ვ-სთვის, რომელიც სოფელ ნოვოე სელოში 1996 წლის 17 სექტემბერს განხორციელებული ძარცვის თანამონაწილე იყო, და აგრეთვე ბ-ნი მა-სთვის.
22. სამართალწარმოების დროს ბ-ნმა ვ-მ განაცხადა, რომ 1995 წელს, ბ-ნო რ-ს თხოვნის საფუძველზე, ის მანქანით საწყობში მივიდა. საწყობში მისვლის დროს მან ნახა, რომ ბ-ნ რ-ს, ბ-ნ ო.-სა და ორ სხვა პირს საწყობიდან საქონელი გამოჰქონდათ. აღნიშნული საქონელი იტვირთებოდა მის მანქანაში. ბ-ნ ვ-ს არ დაუნახავს მომჩივანი და მან არ იცოდა ძარცვაში მისი მონაწილეობის შესახებ.
23. ბ-ნმა მა-მ განაცხადა, რომ 1997 წელს ბ-ნმა რ-მ მასთან მიიტანა მეტალის საგნები და მათი შენახვა თხოვა. მოგვიანებით, მან პოლიციისგან შეიტყო, რომ ნივთები საწყობიდან იყო მოპარული.
24. იმავე სასამართლო პროცესზე, საქალაქო სასამართლომ მოუსმინა სოფელ ნოვოე სელოში მდებარე საწყობის მესაკუთრის წარმომადგენელს, ქ-ნ ლ-ს, რომელმაც დაადასტურა, რომ 1996 წლის 17 სექტემბერს საწყობიდან მოპარულ იქნა საქონელი.
25. საქალაქო სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მოწმეებს კვლავ გაუგზავნა უწყება. 2003 წლის 11 აპრილსა და 19 მაისს სასამართლომ გამოსცა ბრძანებები და შესაბამის სამსახურს დაავალა, უზრუნველეყო სასამართლო პროცესზე ბ-ს გამოცხადება. ბრძანებიდან ნათლად ჩანდა, რომ ბ-ნი ბ. სასამართლო პროცესზე სათანადოდ იყო გამოძახებული, თუმცა ის მაინც არ ესწრებოდა.
26. 2003 წლის 28 მაისს საქალაქო სასამართლოს მიერ გამართულ შემდეგ სხდომას არცერთი მოწმე არ ესწრებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეები არ იყვნენ პროცესზე წარმოდგენილები, პროკურორმა საქალაქო სასამართლოს თხოვა 1998 წლის სამართალწარმოების ფარგლებში მათ მიერ საგამოძიებო ორგანოებისთვის მიცემული ჩვენებების წაკითხვა. მომჩივანი და მისი ადვოკატი არ ეთანხმებოდნენ ძარცვაში მომჩივნის სავარაუდო თანამონაწილეების, ბ-ნი შ-ს, ბ-ნი ბ-ს, ბ-ნი რ-სა და ბ-ნი ო-ს, ჩვენებების წაკითხვას და აცხადებდნენ, რომ მომჩივანს ,,ერთმეოდა ეფექტიანი შესაძლებლობა დაპირისპირებოდა აღნიშნულ მოწმეებს’’. იმავდროულად, მომჩივანი დავობდა, რომ პირისპირ დაკითხვის დროს, გამომძიებელმა გააფრთხილა ბ-ნი შ. და ბ-ნი ბ. ჩვენებების შეცვლასთან დაკავშირებით და დაემუქრა მათ პირობითი პატიმრობის გაუქმებითა და სისხლისსამართლებრივი დევნით.
27. საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შეუძლებელი იყო გარკვეული მოწმეების დაკითხვა ღია სასამართლო სხომაზე, აგრეთვე ის რომ გამოძიების ეტაპზე მომჩივანს მიეცა ბ-ნ ბ-სა და ბ-ნ შ-სთან კონფრონტაციის შესაძლებლობა. შედეგად, სასამართლომ პროცესზე წაიკითხა მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები.
28. 2003 წლის 29 მაისს რევდინსკის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში განხორციელებულ ძარცვაში, რომელიც ჩადენილ იქნა 1995 წლის 5 ოქტომბერს სოფელ ვავოჟში, 1995 წლის ნოემბერში სოფელ კუნგურკაში და 1996 წლის 17 სექტემბერს სოფელ ნოვოე სელოში. მომჩივანს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოწმეთა წერილობითი ჩვენების გარდა, მსჯავრდება ეფუძნებოდა დანაშაულის ადგილის შესწავლის შედეგებსა და აღწერას, რომლის თანახმადაც საწყობიდან მოპარული იყო ნივთები.
29. 2003 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლომ პასუხი გასცა მომჩივნის პრეტენზიას, რომელიც უკავშირდებოდა იმ მოწმეთა ჩვენებების გამოყენებას, რომელთა ჯვარედინი დაკითხვაც ღია სასამართლო სხდომაზე მან ვერ შეძლო. საქალაქო სასამართლოს განცხადებით:
,,სასამართლო ვერ დაეთანხმება [მომჩივნისა] და მისი ადვოკატის განცხდებას, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება ეფუძნება იმ პირთა განცხადებებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან [მისი მსჯავრდებით] და რომელთა ნდობაც არ შეიძლებოდა.
ის ფაქტი, რომ ბ-ნი შ., ბ-ნი რ. და ბ-ნი ო. მონაწილეობას იღებდნენ იმ მოვლენაში, რომელიც საფუძვლად უდევს მომჩივნის ბრალდებას, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს მათი განცხადებების ნამდვილობას. მომჩივნის მხილებით, იმავდროულად ისინი აღიარებენ [მათ ბრალეულობას] აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით. კერძოდ, ბ-ნი შ და ბ-ნი ბ უკვე დაისაჯნენ ამ დანაშაულებისთვის.
როგორც საქმის მასალები აჩვენებს... ბ-ნი რ. თავისი ნებით წავიდა სვერდლოვსკის პოლიციის რეგიონულ განყოფილებაში და დაწერა აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ის აღწერდა განხორციელებულ ძარცვას ჩადენილს, აპლიკანტთან, ბ-ნ შ-სთან, ბ-ნ ო-სთან და ბ-ნ ვ-სთან ერთად. იმავდროულად, მას არ შეუმცირებია მისი როლის მნიშვნელობა სისხლისსამართლებრივ ქმედებაში.
მომჩივნის განცხადება, რომ ბ-ნი ბ., ბ-ნი შ. და ბ-ნი ო. ცილს სწამებდნენ მას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. ის ფაქტი, რომ ბ-ნი შ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სხვა პირების ცილისწამებისთვის წინამდებარე საქმესთან დაუკავშირებელი [სხვა] სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ფარგლებში ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს მოცემული საქმის ფარგლებში გაკეთებული მისი განცხადებების სისწორე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მომჩივნისა და მისი ადვოკატის არგუმენტს, რომ სასამართლომ დაარღვია სასამართლო პროცესზე მტკიცებულების პირდაპირი გამოკვლევის პრინციპი და ბრალდებულის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. სასამართლო სხდომაზე წაკითხული ჩვენებები დასაშვები მტკიცებულებაა, ვინაიდან აღნიშნული მოწმეების დაკითხვა განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. სასამართლოს არ მიეცა მათი სასამართლო პროცესზე დაკითხვის შესაძლებლობა, ვინაიდან, მიუხედავად ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებისა, ვერ დადგინდა მათი საცხოვრებელი ადგილი.
ამასთანავე, კანონი ითვალისწინებდა სასამართლო პროცესზე ჩვენებების წაკითხვის შესაძლებლობას’’.
30. მომჩივანმა და მისმა ადვოკატმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. კერძოდ, ისინი დავობდნენ, რომ მსჯავრდება ეფუძნებოდა მხოლოდ საგამოძიებო ხელისუფლების მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა დაკითხვის შესაძლებლობაც მას ღია სასამართლო პროცესზე არ მისცემია.
31. 2003 წლის 19 სექტემბერს სვერდლოვსკის რეგიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საფუძვლები. მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებით მომჩივანთა არგუმენტებზე საპასუხოდ, რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
,,გამოძიება და სასამართლო პროცესი ჩატარდა საფუძვლიანად და ობიექტურად, სისხლის სამართლოს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და მომჩივნისა და სისხლის სამართლის სამართალწარმოების სხვა მონაწილე პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვით. მომჩივნის დაცვის უფლება არ დარღვეულა. მომჩივანსა და ბ-ნ ბ-ს, აგრეთვე მომჩივანსა და ბ-ნ შ-ს შორის კონფრონტაცია განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, ადვოკატი .. საგამოძიებო პროცედურის დროს იცავდა მომჩივნის ინტერესებს.
სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნები სრულად შეესაბამებოდა ფაქტებს. გადაწყვეტილება ეყრდნობოდა სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და სასამართლომ სწორად განმარტა ისინი. სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები...
სასამართლო პროცესზე სასამართლომ განიხილა პროკურორის შუამდგომლობა, ათი მოწმის (მათ შორის ოთხი თანამონაწილის) ჩვენებების წაკითხვის თაობაზე; მან მოისმინა მხარეთა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.. და შემდეგ მიიღო განჩინება.
სასამართლოს განჩინება, რომელიც ეხებოდა ზემოხსენებული პირების მიერ მიცემული ჩვენების სასამართლო პროცესზე წაკითხვას, სათანადოდ იყო დასაბუთებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ჩვენებები მოპოვებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად; სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 128-ე მუხლის თანახმად, სამართალი უნდა განხორციელდეს მხარეთა თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-15 მუხლის 1-ლი პარაგრაფის თანახმად, კონსტიტუციას რუსეთის ფედერაციაში უმაღლესი სამართლებრივი ძალა აქვს და სხვა კანონები ვერ იქნება მისი პრინციპებისა და წესების საწინააღმდეგო. ბ-ნი ო... სამართალწარმოების დაწყებამდე გარდაიცვალა, ბ-ნი რ. მიიმალა და მისი საცხოვრებლის ადგილი სასამართლოსთვის უცნობი იყო, სხვა მოწმეები სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ იყო გამოძახებული სასამართლოს მიერ, ხოლო მომჩივანი გამოძიების ეტაპზე დაუპირისპირდა ბ-ნ შ.-სა და ბ-ნ ბ.-ს, რა დროსაც მათ სრულად დაადასტურეს საკუთარი განცხადებები.
ამ გარემოებებში, ზემოხსენებული პირების ჩვენებების სასამართლო პროცესზე წაკითხვა შეესაბამებოდა შეჯიბრებითობის პრინციპს; სასამართლომ ჩვენებები შეადარა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და შეაფასა ისინი კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
მომჩივნის ბრალი დასტურდებოდა მოწმეთა [მათ შორის სავარაუდო თანამონაწილეების] ჩვენებებით და საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. სასამართლომ შეისწავლა ბრალდებულისა და მისი ადვოკატის არგუმენტები, რომ დანაშაულში სავარაუდო თანამონაწილეებმა ცილი დასწამეს [მომჩივანს] და სწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი სრულად შეესაბამებოდა საქმის გარემოებებს და გამყარებული იყო სხვა მტკიცებულებებით. ამასთანავე, მომჩივნის დამნაშავეობის გამოვლენისას, მათ არ შეუმცირებიათ თავიანთი როლის მნიშვნელობა სისხლისსამართლებრივ ქმედებაში; ბ-ნი შ. და ბ-ნი ბ. დამნაშავედ იქნენ ცნობილნი. ამ გარემოებებში სასამართლოს არ ჰქონდა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.’’
B. სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება მკვლელობის ბრალდებასთან დაკავშირებით
32. 2003 წლის 20 მაისს სვერდლოვსკის რეგიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო მომჩივანი, რომელსაც მთელი სამართალწარმოების განმავლობაში ადვოკატი იცავდა, იარაღის უკანონო ფლობასა და დოკუმენტების გაყალბებაში. სასამართლომ შეისწავლა მრავალტომიანი საქმე, რომელიც შედგებოდა მატერიალური და დოკუმენტური მტკიცებულებისგან; სასამართლო აგრეთვე გაეცნო ექსპერტიზის დასკვნებსა და არაერთი მოწმის ჩვენებას. მომჩივანი აგრეთვე დამნაშავედ იქნა ცნობილი დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის განხორციელების დახმარებაში და 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
33. გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2003 წლის 9 ოქტომბერს, როდესაც რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა მსჯავრდება მკვლელობისა და იარაღის უკანონო ფლობის ნაწილში, ხოლო დოკუმენტის გაყალბების ნაწილში სამართალწარმოება შეწყვიტა; უზენაესმა სასამართლომ სასჯელი ორი თვით შეამცირა. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს დასკვნები ეყრდნობოდა ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ვრცელი მტკიცებულებების ყოველმხრივ და დასაბუთებულ ანალიზს.
34. მომჩივნის განცხადებით, ადგილობრივმა გაზეთებმა რამდენიმე სტატია გამოაქვეყნეს, სადაც გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ის მკვლელობაში იყო დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება კვლავ მიმდინარეობდა.
C. სამართალწარმოება მშობლის უფლების შეწყვეტის მიზნით
35. როდესაც მომჩივანი სასჯელს იხდიდა, მისმა ყოფილმა მეუღლემ ეკატერინბურგის კიროვსკის რაიონული სასამართლოს წინაშე სარჩელი შეიტანა და მოითხოვა მათ შვილთან მიმართებით მომჩივნის მშობლის უფლების შეზღუდვა.
36. 2005 წლის იანვარში რაიონულმა სასამართლომ, სარჩელის ასლი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გააგზავნა გამასწორებელ კოლონიაში და მომჩივანს 2005 წლის 1-ელ მარტამდე საპასუხო არგუმენტების წარმოდგენა თხოვა.
37. 2005 წლის 14 აპრილს მომჩივანმა წარმოადგინა შესაგებელი. იმავდროულად, მომჩივანმა თხოვა რაიონულ სასამართლოს, დაერეკათ ქ-ნი ს.-სთვის, როგორც მისი წარმომადგენლისთვის; მან აგრეთვე წარმოადგინა მოწმეთა სია, მათ შორის იყვნენ მისი მშობლები და და. ორი კვირის შემდეგ ქ-ნმა ს-მ რაიონულ სასამართლოს ნებართვა თხოვა, რათა მომჩივანი სასამართლოს წინაშე გამოცხადებულიყო.
38. 2005 წლის 25 ოქტომბერს მომჩივანმა მიიღო კიროვსკის რაიონული სასამართლოს იმ განჩინების ასლი, რომელშიც სასამართლომ საქმეზე წინასწარი მოსმენა დანიშნა. მომჩივანმა დაუყოვნებლივ გაუგზავნა წერილი რაიონულ სასამართლოს, რომელშიც განმარტავდა, რომ ის სასჯელს იხდიდა და ითხოვდა სასამართლო პროცესზე დასწრების ნებართვას.
39. 2005 წლის ნოემბერში მომჩივანმა გაიმეორა მისი მოთხოვნა, თუმცა მას პასუხი არ მოყოლია.
40. პროკურორმა, რომელიც ესწრებოდა რაიონული სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებას, მოითხოვა, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილებულიყო. ის ამტკიცებდა, რომ მომჩივანს არ შეეძლო აქტიურად მიეღო მონაწილეობა მისი შვილის ცხოვრებაში პრაქტიკული მიზეზების გამო, თუმცა ის დაინტერესებული იყო ბავშვთან ურთიერთობის შენარჩუნებაში. პროკურორმა აღნიშნა, რომ მომჩივნის ნათესავები რეგულარულად აწვდიან მას ინფორმაციას ბავშვის შესახებ.
41. მხარეთა წარდგინებებიდან ჩანს, რომ რაიონულმა სასამართლომ მომჩივნის მოწმეთა სიიდან გამოიძახა ერთი მოწმე - მისი და, ხოლო მისი მშობლების გამოძახებაზე უარი თქვა.
42. 2005 წლის 16 დეკემბერს კიროვსკის რაიონულმა სასამართლომ, მომჩივნის წარმომადგენლის თანდასწრებით, დააკმაყოფილა სარჩელი და მომჩივანს შეუწყვიტა მშობლის უფლებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისგან მიმალვის მიზნით დიდი ხნის განმავლობაში ძებნილად ყოფნა ვერ იქნებოდა ვალიდური გამართლება იმისა, რომ ის ვერ ასრულებდა მშობლის ვალდებულებებს. რაიონულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომჩივანმა და მისმა წარმომადგენელმა არ მიაწოდა მტკიცებულება, რომელიც ცხადყოფდა, რომ მომჩივანი ეფექტიანად ასრულებდა მშობლის როლს.
43. ერთი თვის შემდეგ მომჩივანს ჩაბარდა გადაწყვეტილების ასლი. მან შეიტანა საჩივარი და დავობდა, რომ ვერ შეძლო რაიონული სასამართლის წინაშე მისი არგუმენტების წარდგენა იმის გამო, რომ ვერ დაესწრო სასამართლო პროცესებს. მომჩივანმა დამატებით მოითხოვა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო სააპელაციო სამართალწარმოებაზე მისი დასწრება.
44. 2006 წლის 28 თებერვალს სვერდლოვსკის რეგიონალურმა სასამართლომ, მომჩივნის წარმომადგენლის თანდასწრებით, ძალაში დატოვა 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება. მომჩივნის დასწრების საკითხთან დაკავშირებით, რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი სამოქალაქო სასამართლოებს არ ავალდებულებდა უზრუნველეყო მხარეთა დასწრება და რომ რაიონული სასამართლოს პასუხისმგებლობა შეზღუდული იყო, მხოლოდ სამართალწარმოების მხარეთა სათანადოდ ინფორმირებულობით.
სამართალი
I. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა იმ საფუძვლით, რომ მომჩივანს ძარცვასთან დაკავშირებული სამართალწარმოების ფარგლებში არ მიეცა მოწმეებთან კონფრონტაციის შესაძლებლობა
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მომჩივანი დავობდა, რომ მას უარი ეთქვა სამართლიან სასამართლო განხილვაზე, ვინაიდან არ მიეცა შესაძლებლობა ღია სასამართლო სხდომაზე დაპირისპირებოდა მასთან ერთად ძარცვაში ბრალდებულ ოთხ პირს. კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისი ნაწილის თანახმად:
,,1. მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია .... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით... სასამართლოს მიერ...
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
დ) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;’’.
ზოგადი პრინციპები
61. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს, რომ, როგორც წესი, ყველა მტკიცებულება წარმოდგენილ იქნეს საჯარო სხდომაზე, ბრალდებულის თანდასწრებით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. სასამართლო იმეორებს Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom-ს ([GC], nos. 26766/05 და 22228/06, § 147, 15 დეკემბერი 2011) საქმეში დადგენილ პრინციპებს, რომელთა მიხედვით, როდესაც მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება ირიბი ჩვენებაა, [სტრასბურგის] სასამართლომ სამართალწარმოება უფრო გულდასმით უნდა განიხილოს. თითოეულ საქმეში განსახილველ საკითხს წარმოადგენს, არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, რაც მოიცავს ზომებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის ზემოხსენებული მტკიცებულების სანდოობის სათანადო და სამართლიან შეფასებას. საქმეში აღნიშნული მტკიცებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მასზე მსჯავრდების დაფუძნება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისად სანდო იქნება.
62. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაცვის უფლებები მოითხოვს ბრალდებულს მიეცეს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა, რათა დაკითხოს მის წინააღმდეგ არსებული მოწმეები, მიუხედავად იმისა მიცემულია თუ არა მის მიერ ჩვენებები სამართალწარმოების ადრეულ თუ მოგვიანებით ეტაპზე (იხ., Saïdi v. France, 20 September 1993, § 43, Series A no. 261-C, and A.M. v. Italy, no. 37019/97, § 25, ECHR 1999-IX)). პოლიციის მიერ გამოკითხვის ან გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება თავისთავად შეუთავსებელი არ არის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტთან და მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტთან, იმ შემთხვევაში თუ დაცულია დაცვის უფლებები. კერძოდ, როდესაც შეუძლებელია მოწმეთა დაკითხვა იმ ფაქტის გამო, რომ მათი მოძიება ვერ ხერხდება, ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოიჩინონ გონივრული ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ სასამართლო პროცესზე მათი დასწრება (იხ., Artner v. Austria, 28 August 1992, § 21 in fine, Series A no. 242‑A; Delta v. France, 19 December 1990, § 37, Series A no. 191‑A; and Rachdad v. France, no. 71846/01, § 25, 13 November 2003).
წინამდებარე საქმეზე მოცემული პრინციპების გამოყენება
63. სასამართლო აღნიშნავს, რომ რევდინსკის საქალაქო სასამართლომ წაიკითხა პროკურატურის ათი მოწმის, მათ შორს ბ-ნი შ.-ს, ბ-ნი ბ-ს, ბ-ნი ო-ს და ბ-ნი რ-ს, ჩვენებები, რომლებიც სავარაუდოდ ძარცვაში მომჩივნის თანამონაწილეები იყვნენ. არცერთი მათგანი არ დასწრებია სასამართლო პროცესს. მათ აგრეთვე ჩვენებები არ მიუციათ ღია სასამართლო სხდომაზე. მომჩივნის საჩივრების გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს საგამოძიებო ხელისუფლებისთვის მომჩივნის თანამონაწილე ოთხი პირის მიერ მიცემული ჩვენების გამოყენება, რასაც ემატებოდა ის ფაქტიც, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მათი დაკითხვა სასამართლო პროცესზე, წარმოადგენდა თუ არა სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევას.
64. სასამართლო აღნიშნავს, რომ ათი მოწმის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გარდა, საქალაქო სასამართლო დაეყრდნო მატერიალურ მტკიცებულებას. პროკურატურის კიდევ ერთმა მოწმემ, ქ-ნმა ლ-მ, სასამართლოს წინაშე ჩვენება მისცა, რომ საწყობზე თავდასხმა მოხდა 1996 წლის 17 სექტემბერს. დაცვის მხარის ორი მოწმე უარყოფდა მომჩივნის ძარცვაში მონაწილეობას და მიუთითებდნენ ამ პროცესში ბ-ნი რ-ს ჩართულობაზე. მომჩივანი თავს უდანაშაულოდ ცნობდა.
65. რაც შეეხება პროკურატურის მოწმეთა ჩვენებებს, გარდა იმ ოთხი თანამონაწილისა, სასამართლო აცხადებს, რომ ზემოხსენებულ მოწმეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო მიეთითებინა ძარცვაში მომჩივნის ჩართულობაზე. მათ მხოლოდ შეფასებები გააკეთეს დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. არცერთ მათგანს არ მოუხდენია მომჩივნის, როგორც სავარაუდო დამნაშავის, იდენტიფიცირება. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მატერიალურ მტკიცებულებას იმავე მტკიცებულებითი ძალა ჰქონდა. ჩანაწერები და მასალები იმას ადასტურებდნენ, რომ ძარცვა რეალურად განხორციელდა. მათ არ ჰქონდათ რაიმე მამტკიცებელი ღირებულება, რომელიც იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლეოდა, რომ სადავო სისხლის სამართლის დანაშაულები მომჩივანმა ჩაიდინა.
66. თუმცა, როდესაც [სტრასბურგის] სასამართლომ განიხილა პროკურატურის დარჩენილი ოთხი მოწმის ჩვენება, ის განსხვავებულ დასკვნამდე მივიდა. იმავდროულად, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ერთმანეთისგან განასხვავოს ბ-ნი ო-სა და ბ-ნი რ-ს მიერ მიცემული ჩვენებები, ბ-ნი ბ-სა და ბ-ნი შ-ს მიერ მიცემული ჩვენებებისგან. ვინაიდან ერთნი დაკითხულ იქნენ როგორც მოწმეები, ხოლო მეორენი როგორც იმავე საქმეზე ბრალდებულები. საქმის წარმოების მოგვიანებით ეტაპზე ბ-ნი ო-ს გარდაცვალებისა და ბ-ნი რ-ს გაქცევის გამო მომჩივნისთვის შეუძლებელი გახდა მათი დაკითხვა. ამასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ იმავე საქმეზე ბრალდებულების მიერ მიცემულ ჩვენებები უფრო გულდასმით უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან ჩვენების მიცემის დროს აღნიშნული პირები ჩვეულებრივ მოწმეებთან შედარებით, განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი ჩვენებას არ იძლევიან ფიცის ქვეშ და არ ადასტურებენ მათი განცხადებების ჭეშმარიტებას, რასაც შეიძლებოდა მათი პასუხისმგებლობა გამოეწვია განზრახ ცრუ ჩვენების მიცემის გამო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, საქმეზე სხვა ბრალდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების მტკიცებულების სახით დაშვებასთან მიმართებით კონვენციის მე-6 მუხლის გარანტიები დაცული იქნება, თუ აღნიშნული შეთანხმება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ ფაქტის დასადგენად, რომ საპროცესო შეთანხმების მონაწილე პირმა, და არა სხვა ბრალდებულმა, ჩაიდინა დანაშაული. ამასთანავე, მოსამართლემ ნათლად უნდა განმარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება თავისთავად არ ადასტურებს დანაშაულში ბრალდებულის ჩართულობას (მაგალითისთვის, იხ., Vladimir Romanov v. Russia, no. 41461/02, § 102, 24 July 2008). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არც ბ-ნი ო. და არც ბ-ნი რ. არ წარმოადგენდნენ იმგვარ მოწმეებს, რომლებთა ჩვენებებიც მომჩივნის მსჯავრდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამ დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს დამატებით შეისწავლოს ის მიზეზები, თუ რატომ არ ესწრებოდნენ აღინშნული მოწმეები სასამართლო პროცესს და რატომ არ მიეცა მომჩივანს მათთან კონფრონტაციის შესაძლებლობა. მოწმეთა ჩვენებებისა და მატერიალური მტკიცებულებების მტკიცებულებითი ძალის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიების ეტაპზე ბ-ნი ბ-სა და ბ-ნი შ-ს მიერ მიცემული ჩვენებები და საქალაქო სასამართლოს მიერ მათი სამართალწარმოების ეტაპზე წაკითხვა წარმოადგენდა ერთადერთ პირდაპირ და ობიექტურ მტკიცებულებას, რომელსაც სასამართლო ეყრდნობოდა მომჩივნის დამნაშავეობის დადგენის დროს.
67. სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივნის საჩივრის მთავარი არსი ეხებოდა იმას, რომ ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა არ გამოავლინეს გონივრული ძალისხმევა, რათა უზრუნველეყოთ მოწმეების - ბ-ნი ბ-სა და ბ-ნი შ-ს სასამართლო პროცესზე დასწრება, რის შედეგადაც მომჩივანს არ მიეცა ადეკვატური შესაძლებლობა სასამართლო პროცესზე დაეკითხა ისინი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მომჩივანმა მონაწილეობა მიიღო ბ-ნი ბ-სა და ბ-ნი შ-ს გამოკითხვაში გამოძიების ეტაპზე, რაც, მთავრობის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ათავისუფლებდა სასამართლო პროცესზე მათი დასწრების უზრუნველყოფის ვალდებულებისგან.
68. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეცედენტულ სამართალზე ყურადღებით დაკვირვება არ აძლევს იმ დასკვნის გაკეთების უფლებას, რომ სასამართლო განხილვამდე მოწმეთა დაკითხვის პროცესში ბრალდებულის მონაწილეობა, თავისთავად, არ ართმევს მას სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის უფლებას. სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მტკიცებულება მოპოვებული უნდა იყოს ,,ცოცხლად’’ იმ ორგანოს წინაშე, რომელმაც უნდა განიხილოს საქმე და დაადგინოს ფაქტები. პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლო პროცესს, რომელიც სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ცენტრალური ასპექტია და ვრცელდება მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა დაკითხვის შესაძლებლობაც დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს ღია სასამართლო სხდომაზე (იხ, Lüdi, cited above, § 27; Van Mechelen and Others v. the Netherlands, 23 April 1997, § 51, Reports of Judgments and Decisions 1997‑III; Solakov v. “the former Yugoslav Republic of Macedonia”, no. 47023/99, § 57, ECHR 2001‑X; and S.N. v. Sweden, no. 34209/96, § 44, ECHR 2002‑V).
69. რაც შეეხება მომჩივანსა და მის ორ სავარაუდო თანამონაწილეს, ბ-ნ შ-სა და ბ-ნ ბ-ს შორის კონფრონტაციას, სასამართლო იმეორებს რუსეთის წინააღმდეგ მსგავს საქმეზე გაკეთებულ დასკვნებს. კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე Melnikov v. Russia (no. 23610/03, §§ 79-81, 14 January 2010) სასამართლომ დაადგინა, რომ, ადვოკატის გარეშე, კონფრონტაციური დაკითხვის ჩატარება იმ გამომძიებლის მიერ, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს და რომელსაც ჰქონდა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, დაებლოკა კითხვები კონფრონტაციის დროს, ვერ იქნებოდა მიჩნეული მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის სათანადო ჩანაცვლებად. სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მთავარი მოწმის სასამართლოს წინაშე წარდგენას არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სასაამართლოს ეფექტურად შეეფასებინა მისი ქცევა და ჩვენების სანდოობა (ibid, §§ 79-81, შემდგომი მითითებებით). მოცემულ საქმეში სასამართლო იზიარებს ამ დასკვნას. ის აღნიშნავს, რომ მთავრობა არ ამტკიცებდა, რომ კონფრონტაციის დროს მომჩივანი სარგებლობდა იურიდიული დახმარებით. სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ყურადღებით განიხილეს ბ-ნი ბ-სა და ბ-ნი შ-ს წერილობითი ჩვენებები და მომჩივანს მისცეს სასამართლო პროცესზე მათი გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა ეს ძნელად თუ მიიჩნევა წამყვანი მოწმის მიერ ჩვენების ზეპირად მიცემაზე პირადი დაკვირვების სათანადო ჩანაცვლებად. წინამდებარე დასკვნა კიდევ უფრო ნათელია იმ სიტუაციაში, როდესაც ერთ-ერთი წამყვან მოწმეს უკვე დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა ფიცის ქვეშ ტყუილის თქმისთვის და შესაძლებელი იყო, რომ მას აშინებდნენ მანამდე მიცემული ჩვენებების შენარჩუნების მიზნით. ამრიგად, სასამართლო დარწმუნებული არ არის, რომ გამოძიების ეტაპზე ბ-ნი შ-სა და ბ-ნი ბ-ს დაკითხვაში მომჩივნის მონაწილეობა საქალაქო სასამართლოს ჩაეთვალა იმგვარ გარემოებად, რომელიც მას ათავისუფლებდა აღნიშნული ორი მოწმის პირადად მოსმენის ვალდებულებისგან.
70. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მან რამდენიმე შემთხვევაში მიიჩნია, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების სასამართლო პროცესზე წაკითხვა არ იყო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 (d) პუნქტებთან შეუსაბამო. იმავდროულად, სასამართლოს მიიჩნევდა, რომ მსგავსი შემთხვევა გამონაკლისი უნდა ყოფილიყო, რომელიც საჭიროებდა დამაჯერებელ დასაბუთებას, მაგალითად, როგორიცაა მოწმის დაუსწრებლობის გამო მისი დაკითხვის შეუძლებლობა, როდესაც მოწმის დასწრების უზრუნველყოფის მიზნით ხელისუფლების მიერ გამოვლენილი გონივრული ძალისხმევა უშედეგო იყო (იხ. მაგ., Artner, ციტირებული ზემოთ, §§ 20‑24); არსებობს მოწმის ვინაობის საიდუმლოდ შენახვის ინტერესი - მაგალითად, როდესაც საქმეში ჩართულები არიან ფარული აგენტები (იხ. მაგ., Lüdi, ციტირებული ზემოთ, §§ 45-50); როდესაც არსებობს ბრალდებულის ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ დაშინებული მოწმის სიცოცხლის, თავისუფლების ან უსაფრთხოების დაცვის საჭიროება (იხ. Doorson v. the Netherlands, 26 მარტი 1996, ანგარიშები 1996‑II); და სექსუალური ხასიათის დანაშაულთან მიმართებით, მოწმის სახით მსხვერპლის დაკითხვის დროს არსებობს მისი დაცვის საჭიროება, ვინაიდან სავარაუდო დამნაშავესთან კონფრონტაციის დროს შესაძლებელია დამატებითი ტრავმატიზება (იხ. P.S. v. Germany, no. 33900/96, 20 დეკემბერი 2001).
71. თუმცა, სასამართლო საკითხის გაანალიზების დროს არასდროს შემოფარგლულა მხოლოდ იმ დასკვნით, რომ საქმე ექვემდებარება ზემოაღნიშნულ გამონაკლისთაგან ერთ-ერთს. თუ მოპასუხე სახელმწიფო საკუთარ არგუმენტაციას აფუძნებს ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ გამონაკლის სიტუაციას და სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ მსჯავრდება ეყრდნობოდა მხოლოდ ან გადამწყვეტი მოცულობით დაუკითხავი მოწმის ჩვენებას, იგი მოქმედებას განაგრძობს სამ ეტაპად. ევროპული სასამართლო განხილვას იწყებს იმ მიზეზების შესწავლით, რომელიც ამართლებს ამგვარ გამონაკლისს და ადგენს, რეალურად არსებობდა თუ არა ისინი და სრულყოფილად გამოიკვლია თუ არა [აღნიშნული მიზეზები[ ეროვნულმა ხელისუფლებამ. შემდგომში, სტრასბურგის სასამართლო იხილავს, იყო თუ არა დაცვის მხარის უფლებების შეზღუდვა მინიმუმანდე დაყვანილი და იყო თუ არა ეს შეზღუდვა აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ევროპული სასამართლოს განხილვის ბოლო ეტაპს წარმოადგენს იმის შესწავლა, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა კომპენსირებული დაცვის მხარის უფლებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებული ხარვეზები (იხ. Al-Khawaja and Tahery, ციტირებული ზემოთ, § 152).
72. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მსჯავრდება გადამწყვეტი მოცულობით ეფუძნებოდა ბ-ნი ბ-სა და ბ-ნი შ-ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს (იხ. პარ. 66), ამდენად ის შეაფასებს მოცემული საქმის გარემოებებს წინა პარაგრაფში აღწერილი ტესტის შესაბამისად.
73. სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის არგუმენტს, რომლის მიხედვით სასამართლო პროცესზე ორი მოწმის დაუსწრებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საქალაქო სასამართლომ ვერ შეძლო მათი ადგილსამყოფელის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მან ამისთვის ყველა შესაძლო ზომას მიმართა. კერძოდ, ის აცხადებდა, რომ ბ-ნი შ. სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად ისე, რომ ახალი მისამართი ნათესავებისთვის არ უცნობებია, ხოლო ბ-ნი ბ. საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა სვერდლოვსკის რეგიონის გარეთ. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სულ მცირე ორჯერ, 2003 წლისს იანვარსა და თებერვალში, ბ-ნმა შ-მ საქალაქო სასამართლოს შეატყობინა საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ; ის აღნიშნავდა, რომ რთულმა ფინანსურმა მდგომარეობამ და საქმესთან დაკავშირებულმა საკითხებმა მას ხელი შეუშალა სასამართლო პროცესზე დასწრებაში (იხ. პარ. 20). ბ-ნი შ-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე საქალაქო სასამართლოს რეაგირება შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო პროცესზე დასწრების თაობაზე ახალი სასამართლო უწყების გაგზავნით. რაც შეეხება სასამართლო პროცესზე ბ-ნი ბ-ს დასწრებას, სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ის ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ გამოსცა ბრძანებები, რომლითაც სასამართლომ შესაბამის სამსახურს მოუწოდა, უზრუნველეყოთ მისი სასამართლო პროცესზე დასწრება. მიუხედავად ამისა, ევროპული სასამართლო ვერ პოულობს რაიმე მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს მთავრობის არგუმენტს, რომ ბ-ნმა ბ-მ სვერლოვსკის რეგიონი დატოვა საქმიანი ვიზიტის გამო. მთავრობის მიერ წარმოდგენილ საქმის მასალებში არ არის მოცემული რაიმე ინფორმაცია ბ-ნი ბ-ს სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობის მიზეზების თაობაზე ან რა ღონისძიებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაატარა შესაბამისმა სამსახურმა მისი დასწრების უზრუნველსაყოფად. იმავდროულად, სტრასბურგის სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქალაქო სასამართლოს რწმენაზე, რომ 2003 წლის 11 აპრილისა და 19 მაისის მისმა ბრძანებებმა მიაღწიეს ბ-ნ ბ-მდე (იხ. პარ. 25).
74. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს უნდა იქნეს თუ არა მტკიცებულებად მიღებული საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ შეუძლებელი იყო სასამართლო პროცესზე მოწმეთა დასწრების უზრუნველყოფა. საქალაქო სასამართლომ ზედაპირულად განიხილა მოწმეთა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზები. მთავრობის განმარტებებსა და საქმის მასალებზე დაყრდნობით, ევროპული სასამართლო არ არის დარწმუნებული იმაში, რომ საქალაქო სასამართლომ არ იცოდა მოწმეთა ადგილსამყოფელი. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა სასამართლო პროცესზე წაეკითხა იმ მოწმეთა ფიცის ქვეშ მიცემული წერილობითი ჩვენებები, რომლებიც არ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს, რადგან მათი პროცესზე დასწრების უზრუნველყოფის მცდელობამ უკვე გამოიწვია სამართალწარმოების ხანგრძლივი გაჭიანურება. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ სასამართლოებს ეკისრებოდათ სასამართლო პროცესის სათანადოდ წარმართვისა და სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების არაჯეროვანი შეფერხებების თავიდან არიდების ვალდებულება, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენების მოპოვების ან სულ მცირე მათი სასამართლო პროცესზე გამოცხადების საკითხის დაზუსტების მიზნით (როდესაც მომჩივანი ბრალდებული იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და დიდი ხნის ვადით თავისუფლების აღკვეთის რისკის წინაშე იდგა), სამართალწარმოების გაჭიანურება მისი [სამართალწარმოების] დროულად განხორციელებისთვის გადაულახავი დაბრკოლება იქნებოდა (იხ. Vladimir Romanov, ციტირებული ზემოთ, § 104, სხვა მითითებებთან ერთად, და, Krivoshapkin v. Russia, no. 42224/02, § 60, 27 იანვარი 2011). ხელისუფლებამ არჩია თავიდან აერიდებინა გაჭინაურება. შედეგად, მოწმეები არ გამოცხადებულან სასამართლო პროცესზე მომჩივნის თანდასწრებით ჩვენების მისაცემად.
75. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მე-3 პუნქტთან ერთობლიობაში, სახელმწიფოს ავალდებულებს, გადადგან პოზიტიური ნაბიჯები, კერძოდ, კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფომ საშუალება უნდა მისცეს ბრალდებულს დაკითხოს ან დააკითხინოს მის წინააღმდეგ არსებული მოწმეები. ასეთი ზომების გატარება წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოების პასუხისმგებლობას იმისათვის, რომ ეფექტურად უზრუნველყონ მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებები (იხ. Sadak and Others v. Turkey, nos. 29900/96, 29901/96, 29902/96 და 29903/96, § 67, ECHR 2001-VIII). ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მოწმეთა დაუსწრებლობის გამართლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო საკმარისად დამაჯერებელი და რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო გონივრული ზომები სასამართლო პროცესზე მათი დასწრების უზრუნველსაყოფად.
76. მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საჭიროდ აღარ ჩათვალა მოწმეთა პროცესზე დასწრება, არ ჰქონდა გამართლება და აგრეთვე ზემოაღნიშნული ტესტის გათვალისწინებით (იხ. პარ. 71), სტრასბურგის სასამართლოს შემდგომში აღარ სჭირდება იმის განხილვა, თუ რა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებამ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების სამართლიანობაზე მთლიანად და ასევე, მოწმეთა დაუსწრებლობით მომჩივნისთვის შექმნილი არახელსაყრელი მდგომარეობა იყო თუ არა დაბალანსებული გამოძიების ეტაპზე მომჩივანსა და მოწმეებს შორის პირისპირ დაკითხვით, ვინაიდან, მე-6 მუხლში მოცემული სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ მოსამართლეებმა, ღია სასამართლო პროცესზე დაკითხივისას მოწმეთა ქცევებზე დაკვირვებით, შეიქმნან საკუთარი შთაბეჭდილება მათ სანდოობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წონადი მიზეზების გამო შეზღუდულია მოწმის ჯვარედინი დაკითხვა უფლება (იხ. Vladimir Romanov, ციტირებული ზემოთ, § 71).
77. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანს არ ჰქონია შესაბამისი და ადეკვატური შესაძლებლობა სადავოდ გაეხადა -ბ-ნი ბ-სა და ბ-ნი შ-ს განცხადებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მისი მსჯავრდებისათვის. შესაბამისად, მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. აქედან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტთან ერთობლიობაში.
II. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა მკვლელობის, იარაღის უკანონოდ ფლობისა და დოკუმენტების გაყალბების თაობაზე სამართალწარმოებისას
78. კონვენციის მე-6 მუხლზე დაყრდნობით მომჩივანი დავობდა, რომ სისხლის სამართალწარმოებები, რომლებშიც იგი ბრალდებული იყო მკვლელობაში, იარაღის ფლობასა და დოკუმენტების გაყალბებაში, არასამართლიანი იყო, ვინაიდან სასამართლოები შეცდნენ ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებისას და არასწორედ გამოიყენეს ეროვნული კანონმდებლობა. 2006 წლის 24 ივლისსა და 2007 წლის 6 ივლისს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრის ფორმებში მომჩივანმა შესწორებები გააკეთა და მიუთითა რუსეთის საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან სამართალწარმოების დროს სხვადასხვა პროცედურულ დარღვევაზე. კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისი ნაწილი ციტირებულია ზემოთ.
79. სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სადავო საკითხები, რომლებიც მომჩივანმა 2006 წლის 24 ივლისისა და 2007 წლის 6 ივლისის საჩივრის ფორმებში წამოჭრა, წარმოდგენილი იყო რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ 2003 წლის 9 ოქტომბერს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ექვს თვეზე მეტი ხნის ვადაში (იხ. პარ. 33). აქედან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ საჩივრის აღნიშნული ნაწილი დაგვიანებით იქნა წარდგენილი და შესაბამისად, დაუშვებელია კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების საფუძველზე.
80. რაც შეეხება დარჩენილ საკითხებს, რომლებიც მომჩივანმა თავდაპირველ საჩივარში წამოჭრა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებთან მიმართებით მის ამოცანას არ წარმოადგენს იმოქმედოს როგორც სააპელაციო სასამართლომ ან როგორც ზოგჯერ ამბობენ, როგორც მეოთხე ინსტანციის სასამართლომ. ეროვნული სასამართლოები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რათa განმარტონ და გამოიყენონ შესაბამისი პროცესუალური ან მატერიალური სამართლის ნორმები. ეროვნულ სასამართლოებს შესაძლებლობა აქვთ საუკეთესოდ შეაფასონ მოწმეთა სანდოობა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისობა. ასევე, ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამორიცხონ მტკიცებულება რომელიც არარელევანტურადაა მიჩნეული (იხ. სხვა საკითხებთან ერთად, Vidal v. Belgium, 22 აპრილი 1992, § 32, Series A no. 235‑B და Edwards v. the United Kingdom, 16 დეკემბერი 1992, § 34, Series A no. 247-B).
81. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მსჯავრდება მკვლელობაში, იარაღის ფლობასა და დოკუმენტების გაყალბებაში ეფუძნებოდა არაერთ მტკიცებულებას, მათ შორი მოწმეთა ჩვენებებსა და ექსპერტთა დასკვნებს, აგრეთვე დოკუმენტურ მტკიცებულებებს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2003 წლის 20 მაისს შესაბამისად დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც შემდგომში მხარი დაუჭირა სააპელაციო სასამართლომ, არ აღმოჩნდა რაიმე დამატებითი სასარგებლო ან რელევანტური მტკიცებულება. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივანს სათანადო წარმომადგენლობას უწევდნენ სამართალწარმოების პროცესში და შესაბამისად, მას საკმარისი შესაძლებლობა ჰქონდა (რომელიც გამოიყენა) იმისათვის, რომ საქმე წარედგინა ეროვნული სასამართლოს წინაშე და გაესაჩივრებინა მტკიცებულებათა დასაშვებობა და მათი გამოყენება.
82. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე წარდგენილი „სამართლიანობასთან“ დაკავშირებული დარჩენილი საჩივრები დასაბუთებულია, იგი წარმოშობს საკითხებს, რომლებიც მეოთხე ინსტანციის ხასიათისაა და სტრასბურგის სასამართლო შეზღუდულია განიხილოს ისინი აღნიშნული მუხლის საფუძველზე. (იხ. García Ruiz v. Spain [დიდი პალატა], no. 30544/96, § 28, ECHR 1999-I).
83. საბოლოო ჯამში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა დაიცვა ექვსთვიანი ვადა, თუმცა სამართალწარმოების „სამართლიანობასთან“ დაკავშირებული მისი საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელია.
84. ამრიგად, საჩივრის შესაბამისი ნაწილი არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი, მე-3 (a) და მე-4 პუნქტების საფუძველზე.
III. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა სამოქალაქო საქმის განხილვაზე მომჩივნის დაუსწრებლობის გამო
85. მომჩივანი დავობდა, რომ როგორც კიროვსკის რაიონულმა სასამართლომ, ასევე სვერდლოვსკის რეგიონალურმა სასამართლომ უარი განაცხადეს, რომ უზრუნველეყოთ მისი დასწრება მშობლის უფლებებთან დაკავშირებულ საქმის განხილვაზე. იგი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს, რომლის რელევანტური ნაწილის ადგენს, რომ:
„მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების გამორკვევისას ... ყველას აქვს სამართლიანი და საქვეყნოდ ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ ...“
ა) მხარეთა არგუმენტები
86. მთავრობამ განმარტა, რომ ეროვნული სასამართლოების უარი, უზრუნველეყოთ მომჩივნის საამართლო პროცესზე დასწრება, გამოწვეული იყო სამართლებრივი ნორმის არარსებობით, რომელიც ითვალისწინებდა სამოქალაქო საქმის განხილვაზე თავისუფლებააღკვეთილ პირთა დასწრებას. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მომჩივნის დასწრება საჭირო არ იყო, რადგან მას ჰყავდა წარმომადგენელი, რომელიც ესწრებოდა პროცესს. მან ასევე წარადგინა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის გამოიძახა სასურველი მოწმეები.
87. მომჩივანი საჩივარში დავობდა, რომ წარმომადგენელი ვერ შეცვლიდა მას სამართალწარმოების დროს, რადგან იგი უშუალოდ არ იყო ინფორმირებული თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მომჩივანს ყოფილ მეუღლესთან და შვილთან. მისი საქმის ობიექტურად წარმოდგენის შესაძლებლობა კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც რაიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა მისი მოწმეების მოსმენაზე. მომჩივანი აგრეთვე ასაჩივრებდა მთავრობის მიერ რუსეთის კანონმდებლობის განმარტებას და აცხადებდა, რომ არ არსებობდა სამართლებრივი ნორმა, რომელიც უკრძალავდა მას სასამართლოში გამოცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი მსჯავრდებულია.
B. სასამართლოს შეფასება
1. დასაშვებობა
88. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ეს ნაწილი არ არის აშკარად დაუსაბუთებული კონვენციის 35§ 3 (a) მუხლის მნიშვნელობიდან გამომდინარე და არც სხვა რაიმე საფუძვლითაა დაუშვებელი. მაშასადამე, ის დასაშვებად უნდა იქნა ცნობილი.
2. სამართლებრივი ასპექტები
89. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პროცესისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი განხილვის ფართო კონცეპტის ერთ-ერ ელემენტს წარმოადგენს, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს სათანადო შესაძლებლობა, ჰქონდეს ინფორმაცია და კომენტარი გააკეთოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და დავასთან დაკავშირებით მისი პოზიცია დააფიქსიროს ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მას მის ოპონენტთან შედარებით არსებითდ არახელსაყრელ მდგომარეობაში (იხ. Krčmář and Others v. the Czech Republic, no. 35376/97, § 39, 3 მარტი 2000, და Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33, სერია A no. 274).
90. კონვენციის მე-6 მუხლი ცალსახად არ უზრუნველყოფს უფლებას საქმის განხილვაზე პირის დასწრებით. მასში ნაგულისხმევია სამართლიანი სასამართლოს ზოგადი ცნება იმ თვალსაზრისით, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უნდა მოხდეს ბრალდებულის დასწრებით (იხ. მაგალითად, Colozza v. Italy, 12 თებერვალი 1985, § 27, Series A no. 89). თუმცა, ისეთ დავებთან მიმართებით, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ უკავშირდება არ არსებობს პირის აბსოლუტური უფლება, დაასწრონ მისი საქმის განმხილველ პროცესს, გარდა იმ შეზღუდული კატეგორიის საქმეებისა, სადაც შესაბამისი პირის პიროვნება და ცხოვრების სტილი უშუალოდ რელევანტურია დავის საგანთან მიმართებით, ან სადაც გადაწყვეტილება დაკავშირებულია პირის კონკრეტულ ქცევასთან (მაგალითად, Kabwe and Chungu v. the United Kingdom (dec.), nos. 29647/08 and 33269/08, 2 თებერვალი 2010).
91. სასამართლოს საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აქვს დადგენილი რუსეთის წინააღმდეგ არსებულ რამდენიმე წინარე საქმეზე, რომლებშიც სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეებს წაერთვათ შესაძლებლობა, დასწრებოდენ საქმის სასამართლო სხდომებს სასამართლო უწყებასთან დაკავშირებული მომსახურების დაგვიანებული ან ნაკლოვანი ხასიათის საფუძველზე (იხ. Yakovlev v. Russia, no. 72701/01, §§ 19 et seq., 15 მარტი 2005; Groshev v. Russia, no. 69889/01, §§ 27 et seq., 20 ოქტომბერი 2005; და Mokrushina v. Russia, no. 23377/02, 5 ოქტომბერი 2006). მან აგრეთვე დაადგინა მე-6 მუხლის დარღვევა არაერთ საქმეში, რომლებშიც რუსეთის სასამართლოებმა უარი უთხრეს პატიმრობაში მყოფ მოსარჩელეებს დასწრებოდნენ სასამართლო სხდომას, სადაც მათ სურდათ ზეპირი განცხადებები გაეკეთებინათ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მათ მიმდინარე დავებთან დაკავშირებით. მაგალითად, საქმეში კოვალევი რუსეთის წინააღმდეგ (N 78145/01, § 37, 10 მაისი 2007), იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მომჩივანს წარმოადგენდა მისი მეუღლე, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი მხრიდან პოლიციის დადანაშულება მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ემყარებოდა მის პირად გამოცდილებას და შედეგად, მისი განცხადებები იქნებოდა „მისი ადვოკატის პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი და რეალურად, ერთადერთი საშუალებაც შეჯიბრებითი პროცესის უზრუნველსაყოფად“. საქმეში ხუჟინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ,(no. 13470/02, §§ 53 et seq., 23 ოქტომბერი 2008) სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის სასამართლოებმა უარი თქვეს, უზრუნველეყოთ თავისუფლებააღკვეთილი მოსარჩელეები სხდომებზე დასწრების შესაძლებლობით და არც ეცადნენ გამოყენებინათ სხვა სამართლებრივი საშუალებები, რათა მომხდარიყო ცილისწამებასთან დაკავშირებულ მოცემულ საქმეზე შესაბამისი პირების ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. შედეგად, სასამართლოს შეფასებით, რუსეთის სასამართლოებმა დაარღვიეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ამგვარი დასკვნა გააკეთა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სხვა საქმეებშიც, სადაც სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს, დაესწროთ პატიმრობაში მყოფი მოსარჩელეები მათი სამოქალაქო სამართლებრივი დავების სასამართლო სხდომებზე, სადაც მოწმდებოდა მათი პატიმრობის პირობების საკითხი (იხ. მაგალითად,Shilbergs v. Russia, no. 20075/03, §§ 107-113, 17 დეკემბერი 2009; Artyomov v. Russia, no. 14146/02, §§ 204-208, 27 მაისი 2010; და Roman Karasev v. Russia, no. 30251/03, §§ 65-70, 25 ნომებერი 2010). ზემოთ ციტირებულ საქმეებში, სასამართლო სისტემატურად ადგენდა, რომ მომჩივანთა პრეტენზიების ბუნების გათვალისწინებით, რომელიც მნიშვნელოვანწილად ემყარებოდა მათ პირად გამოცდილებას, მათი პოზიციის ეფექტიანი, სათანადო და დამაკმაყოფილებელი პრეზენტაცია მხოლოდ და მხოლოდ სამართალწარმოებაში მომჩივნის პირადი მონაწილეობით თუ იქნებოდა უზრუნველყოფილი.
92. მოცემულ საქმეში არსებულ ფაქტებთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი დაჟინებით ითხოვდა მის დასწრებას სასამართლო სხდომებზე და მთავრობის მიერ აღნიშნული გარემოება არც გამხდარა სადავო. მიუხედავად ამისა, მისი მოთხოვნა, ნება დაერთოთ, დასწრებოდა სხდომებს არ დაკმაყოფილდა არც საოლქო და არც რაიონული სასამართლოს მიერ. სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს იმ ფაქტს, რომ მომჩივანი იყო წარმოდეგნილი სამართალწარმოების მიმდინარეობისას. თუმცა, როგორც წინარე საქმეებში, რომელიც უკავშირდებოდა თავისუფლებააღკვეთილი პირების დაუსწრებლობას სამოქალაქო სამართლის დავებზე, სასამართლო ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დავის ბუნებას, რომლის მხარესაც წარმოადგენდა მომჩივანი. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მოცემული სამართალწარმოება ეხებოდა მშობლის უფლებების ჩამორთმევას და საჭიროებდა ეროვნული სასამართლოების მიერ იმ ძალზე განსაკუთრებული, სამართლებრივი და ფაქტობრივი ურთიერთობის შეფასებას, რაც არსებობს მშობელსა და შვილს შორის. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობის პერმანენტულად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ეროვნულ სასამართლოებს მომჩივნისთვის, პირადად უნდა მოესმინათ. მომჩივნის დაცვის პოზიცია, უმეტესწილად, პირად გამოცდილებას ემყარებოდა. მოცემულ სიტუაციაში, სასამართლოსთვის არაა საკმარისად სარწმუნო, რომ მომჩივნის წარმომადგენლის დასწრებამ სასამართლო სხდომებზე უზრუნველყო უშუალოდ მომჩივნის პოზიციის ეფექტიანი, სათანადო და დამაკმოფილებელი პრეზენტაცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ჩვენება, რომელიც აღწერდა მის ურთიერთობას საკუთარ შვილთან (რომელზეც მხოლოდ მას შეეძლო, ჰქონოდა უშუალო, პირველწყაროს ტიპის ცოდნა), იქნებოდა მის მიერ წარმოსადგენი პოზიციის შემადგენელი, განუყოფელი ნაწილი. (იხ. კოვალევი, ციტირებული ზემოთ, § 37). მხოლოდ უშუალოდ, მომჩივანს შეეძლო ეფექტიანად წარმოედგინა საკუთარი პოზიცია დავასთან დაკავშირებით და პასუხი გაეცა მოსამართლეების კითხვებზე მათი არსებობის შემთხვევაში.
93. სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მთავრობის არგუმენტზე, რომ ეროვნული სასამართლოებმა თავისუფლებააღკვეთილი პირს სამოქალაქო სამართლის დავაზე დასწრებაზე უარი უთხრეს შესაბამისი სამართლებრივი დანაწესის არარსებობის გამო, რომელიც სავალდებულოს გახდიდა მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე და დაუშვებდა პატიმრობაში მყოფ პირთა ტრანსპორტირებას შესაბამის სასამართლოში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოყო აგრეთვე სხვა შესაძლებლობები, რომელიც ღია იყო ეროვნული სასამართლოებისთვის სამართალწარმოებაში მომჩივნის სათანადო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, ეროვნულ სასამართლოებს არ უსარგებლიათ არც ერთი ამგვარი შესაძლებლობით.
94. მოცემული გარემოებების გათვალისიწნებით, სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა წაართვეს მომჩივანს შესაძლებლობა ეფექტიანად წარედგინა საკუთარი პოზიცია დავასთან დაკავშირებით. მაშასადამე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევას იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს, უზრუნველეყოთ მომჩივანი ადეკვატური შესაძლებლობით წარედგინა საკუთარი პოზიცია სასამართლოს წინაშე სამოქალაქო სამართლის დავაზე.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
ა. ზიანი
97. მომჩივანი ითხოვდა 502 500 ევროს არაქონებრივი ზიანის სახით.
98. მთავრობამ მიუთითა, რომ მოთხოვნა აშკარად დაუსაბუთებული და გადაჭარბებული იყო.
99. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება მოცემულ საქმეში უნდა დაეფუძნოს იმ ფაქტს, რომ მომჩივნის საქმის განხილვა არ მოხდა სამართლიანად იმ თვალსაზრისით, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეკითხა მოწმეები, რომლებმაც მის საწინააღმდეგოდ მისცეს ჩვენება და ეფექტიანად წარედგინა საკუთარი პოზიცია სასამართლოს წინაშე სამოქალაქო სამართლის დავაზე. ცალსახაა, რომ მას მიადგა არაქონებრივი ზიანი მისი უფლებების დარღევის შედეგად. თუმცა, მოთხოვნილი თანხა გარკვეულწილად გადაჭარბებულია. სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული შეფასებით, სასამართლო მიაკუთვნებს მომჩივანს 5 200 ევროს არაქონებრივი ზიანის სახით,
100. ბოლოს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკუთარ ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ სამართალზე შემდეგი თვალსაზრისით - მისი შეფასებით, როდესაც ადგილი აქვს მომჩივნისთვის მისი, კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევას, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ის უთუოდ იქნებოდა, კონვენციის შესაბამისი დანაწესები რომ არ ყოფილიყო უგულვებელყოფილი და ისარგებლოს მის მიერ განცდილი ზიანის კომპენსირების ყველაზე სათანადო ფორმით, კერძოდ - სამართალწარმოების განახლების შესაძლებლობით, მოთხოვნის შემთხხვევაში (იხ. mutatis mutandis, Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, § 210 in fine, ECHR 2005-IV, და Popov v. Russia, no. 26853/04, § 264, 13 ივლისის 2006). სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 413-ე და რუსეთის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლები ქმნის სამართალწარმოების განახლების საფუძველს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევის დადგენის შემთხვევაში.
ბ. ხარჯები და დანახარჯები
101. მომჩივანს არ წარუდგენია რაიმე მოთხოვნა ეროვნული სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავიდან წარმოშობილ ხარჯებსა და დანახარჯებზე.
102. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნული თვალსაზრისით, მომჩივანს არაფერს მიაკუთვნებს.
გ. საურავი
103. სასამართლო მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს დასაშვებად საჩივრებს მომჩივნის მიერ პროკურატურის მოწმეების ჯვარედინი დაკითხვისა და სამოქალაქო სამართლის დავაზე სასამართლო სხდომაზე დასწრების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს დაუშვებლად.
2. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი მე-6 მუხლის მე-3 (d) პარაგრაფთან ერთიანობაში იმ თვალსაზრისით, რომ მომჩივანს არ მიეცა სათანადო და ადეკვატური შესაძლებლობა, სადავოდ გაეხადა პროკურატურის მოწმეების მის საწინააღმდეგოდ მიმართული განცხადებები.
3. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს, უზრუნველეყოთ მომჩივანი ადეკვატური შესაძლებლობით, წარედგინა საკუთარი პოზიცია სასამართლოს წინაშე სამოქალაქო სამართლის დავაზე.
4. ადგენს
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან სამი თვის ვადაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, მომჩივანს გადაუხადოს 5 200 (ხუთი ათას ორასი) ევრო არაქონებრივი ზიანისთვის და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება ამ თანხასთან იყოს დაკავშირებული; და
(ბ) რომ ზემოთ ხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ზემოთ აღნიშნულ თანხებს საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის შესაბამისი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
5. უარს ამბობს მომჩივნის მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2012 წლის 13 მარტს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
შორენ ნიელსენი ნინა ვაჯიჩი
სექციის განმწესრიგებელი თავჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy