დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Сourt Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
CASE OF KARTVELISHVILI v. GEORGIA
(საჩივარი № 17716/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
7 ივნისი 2018
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს
საქმეზე ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Kartvelishvili v. Georgia),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ანდრე პოტოცკი, თავმჯდომარე,
იონკო გროზევი,
სიოფრა ოლერი,
მარტინშ მითსი,
გაბრიელე კუცკო-შტადლმაიერი,
ლატიფ ჰუსეინოვი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდიკი, სექციის მდივანი,
2018 წლის 15 მაისის დახურული თათბირის შედეგად,
ზემოხსენებული თარიღით მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე საქართველოს მოქალაქის, ბატონ გიორგი ქართველიშვილის („მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2008 წლის 3 აპრილს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (№ 17716/08).
2. მომჩივანს წარმოადგენდა ბატონი შ. შავგულიძე, თბილისში მოღვაწე ადვოკატი. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა წარმომადგენელი, ბატონი ლ. მესხორაძე, იუსტიციის სამინისტროდან.
3. მომჩივანმა, კერძოდ, არაერთი პრეტენზია წარადგინა მის პატიმრობის პირობებთან და არაადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით და, ასევე, ჩიოდა მის მიმართ წარმართულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების იგივე პირობებში წარდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რა პირობებშიც იყვნენ წარდგენილი მოწმეები მის წინააღმდეგ. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და 3(d) პუნქტებს.
4. 2010 წლის 8 თებერვალს მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება საჩივრის შესახებ.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
ა. შესავალი
5. მომჩივანი დაიბადა 1978 წელს და ცხოვრობს თბილსში.
6. 1998 წლის 23 იანვარს იგი დააპატიმრეს, როგორც განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი.
7. 2000 წლის 24 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ[1] აპელანტს მსჯავრი დასდო მკვლელობაში და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით.
8. მოგვიანებით, მომჩივანს კვლავაც დაედო მსჯავრი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელშიც იგი იხდიდა სასჯელს მკვლელობის ჩადენისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის დაუმორჩილებლობის გამო. შედეგად, მისი თავდაპირველი სასჯელი გაიზარდა ერთი წლით.
ბ. შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესები მოცემულ საქმეზე
9. 2006 წლის 6 იანვარს მომჩივანი მოათავსეს თბილისის N7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში („N7 სასჯელაღსრულების დაწესებულება“) მე-7-8 პარაგრაფებში ხსენებული სასჯელის მოსახდელად.
10. 2006 წლის 8 აგვისტოს დაახლოებით დღის 7:30 საათზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები შევიდნენ მომჩივნის საკანში (N2) მოულოდნელი ჩხრეკის ჩასატარებლად. საკანში მყოფ ყველა პირს, მათ შორის, მომჩივანს, უბრძანეს დაეტოვებინა საკანი და მოეცადათ მიმდებარე დერეფანში ჩხრეკის დასრულებამდე.
11. ჩხრეკა გადაღებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატორის მიერ (ვიდეო ჩაწერა). ჩხრეკის დასრულებისთანავე, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელმა შეადგინა წერილობითი ოქმი, რომლის მიხედვითაც, „საკანში არსებული საწოლის ლეიბის ქვეშ“ ნაპოვნი იქნა ჯაყვა; დანა ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საწოლი ეკუთვნოდა მომჩივანს. მომჩივნისთვის არ წარუდგენიათ დანის აღმოჩენის შესახებ წერილობითი ოქმი და შესაბამისად, მასზე ხელი არ მოუწერია.
12. 2006 წლის 11 აგვისტოს მომჩივანს ბრალი დაედო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნის ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული[2]) და 2006 წლის 4 სექტემბერს პროკურორმა საქმე გადაგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
13. საქმის განხილვა დაიწყო 2007 წლის 12 თებერვალს. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები, რომელთაც 2006 წლის 8 აგვისტოს ჩაატარეს ჩხრეკა, სასამართლოს მიერ დაკითხულ იქნენ ბრალდების მოწმეებად.
14. იმავე დღეს 2007 წლის 12 თებერვალს მომჩივანმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, შვიდი პირის, რომლებიც იმ დროისათვის მასთან ერთად იმყოფებოდნენ N2 საკანში, დაკითხვის შუამდგომლობით. მან განმარტა, რომ თანასაკნელებს შეეძლოთ აღეწერათ ზუსტი გარემოებები, რა ვითარებაშიც ჩატარდა საკნის ჩხრეკა. ეს ინფორმაცია არსებითი მნიშვნელობის იყო იმის დასადგენად, ჩხრეკისას ჰქონდა თუ არა ადგილი მისი უფლებების დარღვევას. მან სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა ჩვენებებს, რომელთაც ჩაატარეს სადავო ჩხრეკა და, რომლებიც უკვე იყვნენ დაკითხულნი, როგორც ბრალდების მოწმეები და, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე თანასაკნელები არ გამოუკითხავთ. მომჩივანი ამასთან დაკავშირებით მიუთითებდა მხარეთა თანასწორობის პრინციპზე და მის უფლებაზე, მისი მოწმეები დაკითხულიყვნენ ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და 3(d) პარაგრაფების თანახმად. მან ასევე მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს ყველა ზომა უნდა მიეღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად ობიექტური და სრული გამოკვლევის შედეგად.
15. მომჩივნის შუამდგომლობაზე პროკურორმა განაცხადა, რომ ყველა თანასაკნელის დაკითხვა გაუმართლებელი იქნებოდა, რადან ყველა მათგანი იხდიდა სასჯელს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. ამავე დროს, პროკურორმა გამოკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვის მნიშვნელობა, რომელთაც ჩაატარეს ჩხრეკა 2006 წლის 8 აგვისტოს.
16. 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ, მხარეთა მოსმენის შემდეგ, მომჩივნის შუამდგომლობა თანასაკნელთა დაკითხვის შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია. სასამართლომ მიუთითა, რომ განსასჯელმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა იმ მოწმეთა გამოძახების აუცილებლობა, რომლებიც, უნდა აღინიშნოს, რომ არ იყვნენ სანდო ადამიანები, რადგანაც იყვნენ მსჯავრდებულები.
17. როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, 2007 წლის 12-დან 21 თებერვლამდე პერიოდში ბრალდების მოწმეების სასამართლოში დაკითხვის დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა მისცეს განსხვავებული ჩვენებები იმ ვითარების შესახებ, რაშიც დანა იქნა აღმოჩენილი. კერძოდ, ერთმა თანამშრომელმა აჩვენა, რომ დანა ნაპოვნი იქნა „საწოლში, ლეიბსა და საბანს შორის, საფეხურთან უფრო ახლოს“, მაშინ, როდესაც მეორემ აჩვენა, რომ - „მომჩივნის საწოლში ლეიბსა და ზეწარს შორის, საწოლის ზედა ნაწილთან უფრო ახლოს, ბალიშთან“; ხოლო სხვა თანამშრომელმა მიუთითა, რომ „დანა გადმოვარდა იატაკზე, როდესაც საწოლიდან ავიღეთ ლეიბი“. მომჩივანმა ამ შეუსაბამობებზე გაამახვილა სასამართლოს ყურადღება. სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა ასევე აჩვენეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საკნის კარი იყო ღია ჩხრეკის მიმდინარეობისას, თანასაკნელებს შეეძლოთ დაკვირვებოდნენ ჩხრეკის პროცესს მიმდებარე დერეფნიდან (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ).
18. 2007 წლის 23 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ნაჩვენები იქნა ვიდეოჩანაწერი. მომჩივანმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერით ზუსტად არ მჟღავნდებოდა ის, რომ დანა მისი ლეიბიდან გადმოვარდა (ჩანაწერი უფრო დეტალურად აღწერილია 25-26-ე პარაგრაფებში ქვემოთ) როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, პროკურორმა აღიარა, რომ ჩხრეკის ვიდეოჩანაწერით ნათლად არ დგინდებოდა, თუ სად იქნა ნაპოვნი დანა. თუმცა, პროკურორი მაინც ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის შედეგად დადასტურდა, რომ მომჩივნის მფლობელობაში აღმოჩენილ იქნა დანა.
19. მომჩივანი სასამართლოს წინაშე თავის საბოლოო სიტყვაში, 2007 წლის 23 თებერვალს, ასევე მიუთითებდა იმაზე, რომ არ მიეცა თავისი მოწმეების, შვიდი თანასაკნელის, ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში დაკითხვის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე სადავოდ ხდიდა იმას, რომ იმის დაშვების შემთხვევაშიც, რომ დანა ნამდვილად მის საწოლში ეპოვნათ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს, ეს ფაქტი იმაზე არ მიუთითებდა, რომ ის ნამდვილად მას ეკუთვნოდა; აკრძალული საგანი ჩუმად შეიძლებოდა მის თანასაკნელს ან თანასაკნელებს შეენახათ მის საწოლში, როდესაც საკანში, ჩხრეკის ჩატარების მიზნით, შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები. შესაბამისად, იმისათვის, რომ სასამართლოს აღედგინა სიტუაციის შესაძლო სრული სურათი, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ყველა თანასაკნელის დაკითხვას. იგი ასევე ხაზს უსვამდა, რომ თანასაკნელები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ჩხრეკის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან უფლებების შესაძლო გადამეტების ინფორმაციის წყარო.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით მომჩივანს მსჯავრი დაედო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნის ტარების გამო (სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული).
21. 2007 წლის 30 მარტს მომჩივანმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი 2007 წლის 1 მარტის განაჩენზე, რომელშიც იმეორებდა ყველა იმ არგუმენტს, რაც სასამართლოში წარადგინა. კერძოდ, მის საჩივარში ქვემდგომი სასამართლოს მიერ მისი თანასაკნელების დაკითხვაზე უარის თქმის გამო, იგი იგივეს სთხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. იმეორებდა რა, თავის წინა არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევდა თანასაკნელებს მნიშვნელოვან მოწმეებად (იხ. მე-19 პარაგრაფი ზემოთ), იგი ამტკიცებდა, რომ მათი დაკითხვის გარეშე, სააპელაციო სასამართლოსთვის შეუძლებელი იქნებოდა ობიექტურად დაედგინა რეალური გარემოებები 2006 წლის 8 აგვისტოს ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით. აპელანტი ასევე ითხოვდა ვიდეოჩანაწერი სააპელაციო სასამართლოს მიერ ყოფილიყო განხილული, რამდენადაც ამ მტკიცებულებით არ დგინდებოდა, რომ დანა ნამდვილად მის საწოლში იქნა ნაპოვნი.
22. 2007 წლის 1 მარტის განაჩენზე საჩივარი, ასევე, წარადგინა პროკურატურამ, სასჯელის დადგენის ნაწილში, მომჩივნის ნასამართლობის გამო, უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრების მოთხოვნით.
23. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, არ დააკმაყოფილა მომჩივნის და დააკმაყოფილა პროკურორის სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლობის მოტივით არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი, მისი თანასაკნელების დაკითხვის შესახებ, საპროცესო დარღვევის თაობაზე. სასამართლომ დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საქმე შეიცავდა საკმარის მტკიცებულებებს მის საწინააღმდეგოდ ბრალდების ინკრიმინირებისთვის. სასამართლომ, მომჩივნის წინა ნასამართლობის მხედველობაში მიღებით, დანიშნული სასჯელი სამიდან ოთხ წლამდე გაზარდა.
24. მომჩივნის მიერ სამართლის საკითხებზე წარდგენილი საჩივარი, რომელშიც იმეორებდა ყველა ზემოთ აღნიშნულ პრეტენზიასა და არგუმენტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი. საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, წერილობითი პროცედურის გზით, მიიღო საბოლოო განჩინება.
გ. მომჩივნის საკნის ჩხრეკის 2006 წლის 8 აგვისტოს ვიდეოჩანაწერი
25. ჩანაწერში ასახული იყო, თუ როგორ ჩაატარა სამსახურებრივ ფორმაში შემოსილმა რამდენიმე პირმა, რომლებიც, მათი ქცევით, იდენტიფიცირდებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებთან, ჩხრეკა სასჯელაღსრულების დაწესებულების საკანში.
26. ერთ-ერთ სცენაში, თანამშრომლებმა საკნის ლითონის საწოლიდან აიღეს ლეიბი, რომლის გადასაფარებელი ხელუხლებლად გამოიყურებოდა. მოათავსეს რა დაახლოებით 1 მეტრში, იატაკზე, თანამშრომლებმა ლეიბის გასინჯვა დაიწყეს ხელით და ლითონის დეტექტორით, უეცრად გაისმა იატაკზე ლითონის დავარდნის ხმა, თანამშრომელმა აიღო საგანი, რაც ჰგავდა პატარა ჯაყვას. ჩანაწერიდან არ ჩანდა საგანი ლეიბიდან გადმოვარდა, თუ არა.
დ. მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
27. საქმის მასალებში არსებული სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, 2007 წლის 7 ნოემბერს მომჩივანმა პირველად მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას მაღალი სიცხისა და მშრალი ხველის გამო. 10 ნოემბერს იგი გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში.
28. 2007 წლის 10 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე მომჩივანს ჩაუტარდა არაერთი ლაბორატორიული ანალიზი, სისხლის ნიმუშის სრული ბიოქიმიური გამოკვლევის ჩათვლით და გაეწია კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ. 2007 წლის 13 ნოემბრის საბოლოო დასკვნის თანახმად, მომჩივანს დაესვა ფილტვის ტუბერკულოზის (TB) დიაგნოზი, მარცხენა ფილტვის ზედა ნაწილი უკვე მძიმედ იყო დაავადებული (დაშლის შორს წასულ სტადიაზე). მომჩივანი პერიოდულად ახველებდა სისხლს. დასკვნის თანახმად, მომჩივანს ასევე დაესვა ვირუსული C ჰეპატიტის დიაგნოზი (HCV), იმ დროისთვის დაავადების ადრეულ სტადიაზე.
29. 2007 წლის 13 ნოემბრის სამედიცინო დასკვნის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოს ექიმთა შემადგენლობამ შეიმუშავა მომჩივნისთვის ტუბერკულოზზე და HCV-ზე მკურნალობის სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ ამ ორი დაავადების სტადიებისა და ანტი-TB და ანტი-HCV მედიკამენტებით მკურნალობის გვერდითი მოვლენების მხედველობაში მიღებით, ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია, რომ მომჩივანს ჯერ მისცემოდა ანტი-TB მედიკამენტები DOTS-ის პროგრამით (მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობით, მოკლე კურსი – ტუბერკულოზს გამოვლენისა და მკურნალობის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სტრატეგია). მას გამოეწერა დღიური დოზები ისეთი ჩვეულებრივი ანტიბიოტიკებისა, როგორიცაა: იზონიაზიდი, (300 mg), ეთამბუტოლი (1,100 mg), რიფამპიცინი, პირაზინამიდი (1,600 mg) და სტრეპტომიცინი (1,000 mg). ექიმების მოსაზრებით, მხოლოდ ანტი-TB მკურნალობის დასრულების შემდეგ შეეძლო მომჩივანს მიეღო ანტივირუსული მედიკამენტები HCV-ს სამკურნალოდ, როგორიც იყო, ინტერფერონი ალფა-2b და რიბავირინი; ამ უკანასკნელი მედიკამენტების ზუსტი დოზა განისაზღვრებოდა კურსის მიმდინარეობისას.
30. მისი სამედიცინო ანკეტის მიხედვით, მომჩივანმა ანტი-TB მედიკამენტების მიღება დაიწყო DOTS-ის პროგრამით, 2007 წლის 13 ნოემბრიდან. მკურნალობის ინტენსიური პერიოდის განმავლობაში, რომელიც სამ თვეს გაგრძელდა, მომჩივანი იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში სათანადო ცოდნის მქონე სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის ინტენსიური ფაზის დასრულების შემდეგ, მომჩივანი უკან იქნა დაბრუნებული სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში, სადაც მან გააგრძელა მკურნალობა იმ სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობით კიდევ ხუთ თვეს.
31. ამ მკურნალობის განმავლობაში როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფო, ისე სასჯელაღსრულების N7 დაწესებულება რეგულარულად იღებდა ნიმუშებს მომჩივნის ნახველის კულტურისა და ბაქტერიული მგრძნობელობის ანალიზების ჩასატარებლად ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. ამ ანალიზების შედეგებმა აჩვენა, რომ ნახველის კულტურა უკვე უარყოფითი იყო, ასევე, გამოვლინდა, რომ TB ბაქტერია ჯერ ისევ მგრძნობიარე იყო და ექვემდებარებოდა ანტიბიოტიკებით მკურნალობას, რითაც დადასტურდა მიმდინარე მკურნალობის შესაბამისობა.
32. DOTS-ის პროგრამის დასრულების დროისთვის, 2008 წლის 13 იანვარს, მომჩივნის ნახველის კულტურაზე ჩატარდა სხვა, სრული ლაბორატორიული კვლევა, რომლის შედეგადაც დადასტურდა, რომ მომჩივნის ორგანიზმში TB ბაცილა აღარ არსებობდა. მომჩივნის მკერდის რენტგენით გამოკვლევის შედეგად, ასევე, დადასტურდა, რომ არ არსებობდა ტუბერკულოზის ახალი ნიშნები მომჩივნის ფილტვებში.
33. 2008 წლის 5 დეკემბერს და 2010 წლის 11 თებერვალს მომჩივანს ჩაუტარდა მორიგი დამატებითი სამედიცინო შემოწმება, რაც მოიცავდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებსა და რენტგენით გამოკვლევას, რომლის შედეგებითაც გამოირიცხა ტუბერკულოზის რეციდივის რაიმე ნიშანი.
34. 2010 წლის მაისში, 2007 წლის 13 ნოემბრის სამედიცინო დასკვნის კვალდაკვალ (იხ. 28-ე პარაგრაფი ზემოთ), სასჯელაღსრულების დაწესებულებამ ჩაატარა მომჩივნის სისხლის სრული ბიოქიმიური გამოკვლევა, მომჩივნის HCV-ს სამკურნალოდ სპეციალური გეგმის შემუშავების მიზნით. 2007 წლის 17 მაისით დათარიღებული სისხლის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ვირუსული აქტივობა მომჩივნის ორგანიზმში იყო დაბალი.
35. აღნიშნულ სისხლის ანალიზის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ მიწვეულმა ინფექციონისტმა და ჰეპატოლოგმა 2010 წლის 2 ივნისს მომჩივანს გამოუწერა ანტი-HCV მედიკამენტების სპეციფიური დოზები. მას დეტალურად გააცნეს გამოწერილი მედიკამენტების შესაძლო ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების, ისევე, როგორც იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ HCV-ს ვირუსული აქტივობა იმ დროისთვის ჯერ ისევ დაბალი იყო, მომჩივანმა მიიღო მკურნალობის გადავადების გადაწყვეტილება. მან აღნიშნული წერილობით დაადასტურა 2010 წლის 2 ივნისს.
36. საქმის მასალებში 2010 წლის ივნისის მდგომარეობით მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
37. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (რომელიც ძალაში იყო 1998 წლის 20 თებერვლიდან 2010 წლის 1 ოქტომბრამდე) მე-18 მუხლის მიხედვით:
მუხლი 18. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა
„2. საქმის გარემოებათა გამოკვლევა [გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სასამართლოს მიერ] უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი.
3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს [გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სასამართლოს მიერ].“
38. ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის მიხედვით:
მუხლი 232. შუამდგომლობის გადაწყვეტა
„1 შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას.
2. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს. ...
6. შუამდგომლობის უარყოფის შესახებ განჩინება დასაბუთებული უნდა იყოს.”
სამართალი
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
39. კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე მომჩივანმა სამი განსხვავებული საჩივარი წარადგინა: იგი ჩიოდა: (i) რომ სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში იყო ცუდი პირობები; (ii) რომ იგი იქ დაავადდა ფილტვის ტუბერკულოზით და (iii) მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ ჩაუტარდა სხვადასხვა დაავადების სათანადო მკურნალობა.
შესაბამისი დებულებების თანახმად:
მუხლი 3
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.“
ა. მომჩივნის პატიმრობის ადგილის პირობები
40. აღნიშნა რა, რომ მომჩივანს ხელისუფლების რომელიმე ორგანოს წინაშე არასოდეს გაუპროტესტებია მისი პატიმრობის პირობების სავარაუდო არაადეკვატურობა, მთავრობამ ეს საჩივარი უარყო შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებების არ ამოწურვის გამო. ამასთან დაკავშირებით, ასევე, აღნიშნეს, რომ მომჩივანს არ წარუდგენია ინდივიდუალური ანგარიში იმისა, თუ შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, კერძოდ, როგორი იყო მისი პატიმრობის პირობები. საპირისპიროდ, მთავრობამ წარადგინა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულების დირექტორის 2010 წლის 11 ივნისის წერილი. წერილში მითითებული იყო იმ საკნის ინდივიდუალურ ნომერი, რომელშიც მომჩივანი იყო მოთავსებული (საკანი N2) და შეიცავდა იქ არსებული პირობების დეტალურ აღწერას მომჩივნის პატიმრობის დროისათვის. ანგარიშის მიხედვით, N2 საკანს ჰქონდა ფანჯარა, რომლითაც შედიოდა ბუნებრივი განათება და სუფთა ჰაერი, იყო სუფთა და ჰქონდა ტუალეტი, სისუფთავისა და განახლების თვალსაზრისით, მისაღებ მდგომარეობაში და, რომელიც სათანადოდ იყო იზოლირებული საცხოვრებელი არედან. მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა კვირაში ერთხელ მიეღო შხაპი, დღეში სამჯერ ეძლეოდა საკვები, რომლის ხარისხი არც მას და, არც სხვა პატიმრებს არასოდეს გაუპროტესტებიათ და ჰქონდა კანონით გათვალისწინებული, ყოველდღიური ერთსაათიანი გასეირნებით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, მთავრობა მიიჩნევდა, რომ მომჩივნის პატიმრობის ფიზიკური პირობები სასჯელაღსრულების N7 დაწესებულების N2 საკანში ყოველთვის შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.
41. საპასუხოდ, მომჩივანი ზოგადი ტერმინებით იმეორებდა, რომ იგი იმყოფებოდა პატიმრობის იმგვარ პირობებში, რაც მისი ღირსებისთვის შეუსაბამო იყო. მას არ წარუდგენია დეტალური ანგარიში მისი საკნის პირობების შესახებ.
42. მიუთითებს რა, შესაბამის პრეცედენტულ სამართალზე, სასჯელის მოხდის ინსტიტუტებში პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით იმ დროისათვის, სასამართლო იმეორებს წესს, რომ როდესაც მომჩივანს სურს იდავოს პატიმრობის სავარაუდო მძიმე პირობებზე საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუნდაც ასეთი საჩივარი არ მიუთითებდეს სპეციფიური სისხლის ან სამოქალაქოსამართლებრივი საშუალებების სრულ და სკურპულოზურ ამოწურვაზე (იხ., შედარებისთვის, ალიევი საქართველოს წინააღმდეგ (Aliev v. Georgia), N 522/04, § 62 და 63, 13 იანვარი 2009 და გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Goginashvili v. Georgia) N 47729/08, §§ 54 და 57, 4 ოქტომბერი 2011), სულ მცირე, ის მაინც მოითხოვება, რომ ერთი სახელმწიფო სტრუქტურა მაინც უნდა იყოს ინფორმირებული მომჩივნის სუბიექტური შეფასების შესახებ, რომ პატიმრობის პირობები ადამიანის ღირსების არასათანადო პატივისცემის გამომხატველი ან შემლახველია. შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ასეთი ელემენტარული ქმედების გარეშე პირის მხრიდან, რომელსაც სურს სტრასბურგში გახადოს სადავო მისი პატიმრობის პირობები, სასამართლოს უდავოდ გაუჭირდება შეაფასოს მომჩივნის ბრალდებები აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით (იხ. რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia) (განჩინება), N 1704/06, 26 ივნისი 2007 და ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Janiashvili v. Georgia), N 35887/05, § 70, 27 ნოემბერი 2012).
43. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არასოდეს უცნობებია ხელისუფლების ნებისმიერი შესაბამისი ორგანოსთვის მისი უკმაყოფილების შესახებ პატიმრობის პირობების რაიმე ასპექტზე სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში. თუმცა, [ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო] აღნიშნავს, რომ თუნდაც დავუშვათ, რომ მომჩივანს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებული ჰქონოდა ეფექტიანი დაცვის საშუალება, რომელიც მას ამოწურული ექნებოდა (იხ. 42-ე პარაგრაფი ზემოთ), სასამართლოს წინაშე წარდგენილი განმარტებებში იგი შემოიფარგლა მხოლოდ ბუნდოვანი და ზოგადი განცხადებებით. შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთი და სათანადოდ ვერ დაასაბუთა თავის საჩივარი (შეადარე, მრავალ სხვა მსგავს საქმესთან ერთად, მურშიცი ხორვატიის წინააღმდეგ (Muršić v. Croatia) [დიდი პალატა], N 7334/13, § 127, ECHR 2016; ანანიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Ananyev and Others v. Russia), N 42525/07 და 60800/08, § 122, 10 იანვარი 2012 და ილდანი საქართველოს წინააღმდეგ (Ildani v. Georgia), N 65391/09, §§ 26 და 27, 23 აპრილი 2013).
44. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საჩივარი, კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში პატიმრობის ფიზიკურ პირობებთან დაკავშირებით, არის აშკარად დაუსაბუთებელი და მიუღებლად უნდა გამოცხადდეს კონვენციის 35-ე მუხლის 3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
ბ. ფილტვის ტუბერკულოზით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდო დასნებოვნების შესახებ
45. ფილტვის ტუბერკულოზით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდო დასნებოვნებასთან დაკავშირებით მთავრობამ განმარტა, რომ საჩივარი მიუღებელი იყო შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებების არ ამოწურვის გამო, რადგან მომჩივანს არ უცდია სამოქალაქო სარჩელის წარდგენა სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ჯანმრთელობის სავარაუდო დაზიანების გამო.
46. მომჩივანი აღნიშნულს არ დაეთანხმა.
47. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არასოდეს უცდია წარედგინა სამოქალაქო სარჩელი სავარაუდო ზიანისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფილტვის ტუბერკულოზით სავარაუდო დაინფიცირების გამო. მაშინ, როდესაც [სასამართლოს] წინათ შეუსწავლია მსგავსი შემთხვევები და მყარად აქვს დადგენილი, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლების საფუძველზე წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი იყო საუკეთესო საშუალება ჯანმრთელობის ამგვარ დაზიანებასთან დაკავშირებული პრეტენზიისას (იხ. გოლოშვილი საქართველს წინააღმდეგ (Goloshvili v. Georgia), N 45566/08, §§ 24-25 და 32-33, 23 ოქტომბერი 2012; ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ (Jeladze v. Georgia), N 1871/08, § 35, 27 ნოემბერი 2012 და, ასევე, ილდანი (Ildani), § 28). სასამართლოს არ აქვს განსხვავებული მსჯელობის საფუძველი და მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი უკუგდებულ უნდა იქნეს, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების არ ამოწურვის გამო
გ. სავარაუდო არასათანადო მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
48. სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, რაც მომჩივანს მიეწოდებოდა, მთავრობამ წარადგინა მისი სამედიცინო ანკეტის სრული ასლი (იხ. 27-35-ე პარაგრაფები ზემოთ) და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების მხრიდან მას მიეწოდებოდა ყველა საჭირო მკურნალობა და ამიტომ, შესაბამისი საჩივარი იყო აშკარად დაუსაბუთებელი.
49. საპასუხოდ მომჩივანმა, რაიმე მტკიცებულების წარდგენის გარეშე, განაცხადა, რომ მისთვის ჩატარებული მკურნალობა სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის, კერძოდ, ტუბერკულოზის გამო, იყო არასრული. მისი არგუმენტები მკურნალობის სავარაუდო არადეკვატურობასთან დაკავშირებით დროში შემოიფარგლებოდა 2010 წლის ივნისამდე (იხ. ასევე 36-ე პარაგრაფი ზემოთ).
50. სასამართლო იმეორებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობის ადეკვატურობის შეფასებისას, ზოგადად, ჯანდაცვის სტანდარტის განსაზღვრისას წარმოჩენილი უნდა იყოს საკმარისი მოქნილობა, რაც უნდა ითავსებდეს პატიმრობის პირობების ლეგიტიმურ მოთხოვნებს და ამავე დროს უნდა რჩებოდეს ადამიანის ღირსებისა და სახელმწიფოების მხრიდან პოზიტიური ვალდებულებების სათანადო განხორციელების შესაბამისი. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს აკისრიათ ვალდებულება, უზრუნველყონ, კერძოდ, რომ დიაგნოზი და მკურნალობა იყოს სწრაფი და ზუსტი, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის სისტემატური და რეგულარული მეთვალყურეობით და ხორციელდებოდეს სრულყოფილი სამკურნალო სტრატეგია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, როგორც ჩანს, საწყის სტადიაზე, არ უნდა წარმოშობდეს გარკვეულ ეჭვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომჩივნის მკურნალობის ადეკვატურობასთან დაკავშირებით და თავისთავად არ შეიძლება იყოს საკმარისი, კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის დასადგენად, ასეც რომ არ იყოს, შეიძლება დადგენილად იქნეს მიჩნეული, რომ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა დროულად განახორციელეს ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო მკურნალობა იმ კეთილსინდისიერი ძალისხმევით, რომ შეეჩერებინათ სადავო დაავადების განვითარება. სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ პატიმრობაში მყოფი მომჩივნის შესახებ პატიმრობის პირობების შესახებ სრულყოფილი ჩანაწერების ვერ შექმნა ან მთავრობის მიერ ასეთი ჩანაწერების ვერ წარდგენა, საბოლოო ჯამში, სასამართლოს საშუალებას აძლევს, ჩამოაყალიბოს დასკვნები მომჩივნის ბრალდებების გამო ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის ჩატარებასთან დაკავშირებით (იხ., მაგალითად, ბლოხინი რუსეთის წინააღმდეგ (Blokhin v. Russia) [დიდი პალატა], N 47152/06, §§ 135‑140, ECHR 2016; იქვე არსებული მითითებებით; ჯაში საქართველოს წინააღმდეგ (Jashi v. Georgia), N 10799/06, § 61, 8 იანვარი 2013; ზემოთ დასახელებული გოგინაშვილი (Goginashvili), §§ 71‑81).
51. ამ საქმის გარემოებებს რომ დავუბრუნდეთ, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მომჩივნის პრეტენზია, მკურნალობის სავარაუდო არაადეკვატურობასთან დაკავშირებით, მოიცავს 2007 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივნისამდე პერიოდს (იხ. 27-ე, 36-ე და 49-ე პარაგრაფები ზემოთ). წინამდებარე საჩივრის გამო შეტყობინების შემდეგ, მომჩივნის მკურნალობასთან დაკავშირებით, მთავრობამ წარადგინა სამედიცინო ანკეტის ასლი, რომელიც სრულად ასახავდა სადავო პერიოდს. სხვაგვარად რომ ითქვას, მთავრობამ, მკურნალობის ხარისხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის წარდგენით, იკისრა მტკიცების ტვირთი, დაეხმარა სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში, ხოლო მომჩივნის შემდგომი წინააღმდეგობა გულისყურით უნდა შეფასდეს (იხ. ზემოთ დასახელებული გოგინაშვილი (Goginashvili), § 72).
52. მომჩივნის სამედიცინო ანკეტის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება სწრაფად გამოეხმაურა მომჩივნის პირველ სამედიცინო ჩივილს 2007 წლის 7 ნოემბერს, არაუგვიანეს 10 ნოემბრისა გადაიყვანა რა იგი სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში (იხ. 27-ე პარაგრაფი ზემოთ). საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც სამ თვეს გაგრძელდა, სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო პერსონალი სათანადო მზრუნველობას იჩენდა მომჩივნის მიმართ, ჩაუტარა რა სხვადასხვა ლაბორატორიული სკრინინგი და ანალიზი, ასევე, სხვადასხვა სპეციალობის ექიმის კონსულტაცია. დაესვა რა ტუბერკულოზის და HCV-ს დიაგნოზი, შესაბამისმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს მომჩივნის მკურნალობის კონკრეტული გეგმა, რომელიც შემდეგ სრულად იქნა განხორციელებული სამედიცინო პერსონალის მიერ. ამ მკურნალობის შედეგად, მომჩივნის მდგომარეობა ტუბერკულოზთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც დასრულდა მისი გაწერით სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოდან 2008 წლის 12 თებერვალს (იხ. 30-ე პარაგრაფი ზემოთ, შეადარე ზემოთ დასახელებულ ჯაშის (Jashi), §§ 67-69, და გოგინაშვილის (Goginashvili), საქმეებს, §§ 73-81 და განასხვავე, მაგალითად, პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ (Poghosyan v. Georgia), N 9870/07, § 57, 24 თებერვალი 2009 და ტესტა ხორვატიის წინააღმდეგ (Testa v. Croatia), N 20877/04, § 52, 12 ივლისი 2007 საქმეებისგან). სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოდან მომჩივნის გაწერის შემდეგ სასჯელაღსრულების N7 დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გააგრძელა მისი მკურნალობა შესაბამისი ანტიბიოტიკებით კიდევ ხუთ თვეს. მისი მკურნალობის პერიოდში, როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად, სასჯელაღსრულების დაწესებულება რეგულარულად უზრუნველყოფდა მომჩივნის ნახველის კულტურის და მგრძნობელობის გამოკვლევას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. იმ ანალიზების შედეგებმა დაადასტურა მკურნალობის შესაბამისობა. საბოლოო ჯამში, შესაბამისი მკურნალობის გეგმის დასრულების დროისთვის, მომჩივანი განკურნა ტუბერკულოზისგან, ეს ფაქტი დადასტურდა 2008 წლის დეკემბრიდან 2010 წლის თებერვლამდე განმეორებით ჩატარებული ანალიზებით, რომელთაც აჩვენეს, რომ დაავადების კვალი აღარ არსებობდა.
53. სასამართლო ხაზს უსვამს იმას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას მისი HCV მაინც არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე. არაუგვიანეს 2007 წლის ნოემბრისა შესაბამისმა ექიმ სპეციალისტებმა ანტი-HCV მედიკამენტების გვერდითი მოვლენების მხედველობაში მიღებით და ტუბერკულოზის წინააღმდეგ მკურნალობის საჭიროების, ისევე როგორც იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისათვის მომჩივნის HCV იყო ძალიან ადრეულ სტადიაზე, აზრი გამოთქვეს ამ უკანაკნელი ინფექციის მკურნალობა უნდა გადავადებულიყო ანტიტუბერკულოზური მკურნალობის დასრულებამდე. 2007 წლის ნოემბერსა და მაისში და 2010 წლის ივნისში, მომჩივნის სისხლის ნიმუშებზე [ჩატარებულმა] დამატებითმა ბიოქიმიურმა ანალიზებმა დაადასტურა, რომ HCV-ს აქტივობა მომჩივნის ორგანიზმში იყო თანმიმდევრულად დაბალი ექიმების პროფესიული სიფრთხილით ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელთაც გააცნეს მომჩივანს ანტი-HCV მკურნალობის შესაძლო გვერდითი მოვლენები, მომჩივანმა სრულად ინფორმირებული თანხმობა განაცხადა შეთავაზებული მკურნალობის გადადების შესახებ. ყველა აღნიშნული გარემოება ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ წარმართა ნამდვილად სრულყოფილი მკურნალობის სტრატეგია მომჩივნის HCV-ს მიმართ (შეადარე ზემოთ დასახელებული ჯაში (Jashi), § 69; mutatis mutandis, სარბანი მოლდოვას წინააღმდეგ (Sarban v. Moldova), N 3456/05, § 79, 4 ოქტომბერი 2005 და პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia), N 26853/04, § 211, 13 ივლისი 2006).
54. ამ ვითარებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ სათანადო ხარისხით გამოავლინა გულისხმიერება, შესთავაზა რა მომჩივანს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის საკმარისად სწრაფი, რეგულარული და სტრატეგიულად დაგეგმილი მკურნალობა (შეადარე ზემოთ დასახელებული ჯანიაშვილი (Janiashvili), §§ 75-79). ეს მიუთითებს, რომ მომჩივნის საჩივრის ეს ასპექტი კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, არის აშკარად დაუსაბუთებელი და მიუღებლად უნდა გამოცხადდეს კონვენციის 35-ე მუხლის 3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
II. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და 3 (d) პუნქტების სავარაუდო დარღვევა
55. მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და 3(d) პუნქტების საფუძველზე ჩიოდა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მისი მოწმეების დაკითხვაზე უარის თქმით, შეილახა მისი უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე. ამ დებულებების შესაბამისი შინაარსი შემდეგია:
„სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება სასამართლოს მიერ ...
3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: ...
(d) დაიკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში ...”
ა. მისაღებობა
56. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის 3(a) პუნქტის გათვალისწინებით, საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი. ასევე აღნიშნავს, რომ ის არ არის მიუღებელი არც რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
57. მომჩივანი იმეორებდა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება უსამართლო იყო, რადგან შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა უარი თქვეს დაეკითხათ მისი თანასაკნელები, როგორც მისი მოწმეები, იგივე პირობებში, როგორც დაიკითხნენ ბრალდების მოწმეები, ისინი, ვინც ჩაატარეს ჩხრეკა. მან განმარტა, რომ, ეროვნული სასამართლოების წინაშე ახსნა, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი თანასაკნელების ჩვენების მოსმენა. თავის საპროცესო შუამდგომლობაზე უარის თქმის განჩინებებით, რომლებიც შეიცავდა ძალიან ზერელე დასაბუთებას, როგორც არსებითად განმხილველმა, ისე სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ქვეყნის კანონმდებლობა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 და 232-ე მუხლები) და კონვენციის მე-6 მუხლის 3(d) პუნქტის მოთხოვნები. დაბოლოს, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა განცხადებების გარდა, მის საწოლში სავარაუდოდ დანის პოვნის დასადასტურებლად, არ არსებობდა რაიმე სხვა პირდაპირი, თუ არაპირდაპირი მტკიცებულება ბრალდებულად მისი ცნობისთვის.
58. მთავრობამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნის მიმართ მთლიანობაში სამართლიანი იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო ვალდებული არ იყო, დაეკითხა მომჩივნის მიერ შერჩეული მოწმეები. გარკვეული მოწმეების, მისი თანასაკნელების, მოწმეებად გამოძახებაზე უარი იყო დასაბუთებული და ის დასაბუთება სრულად იქნა გაზიარებული ზემდგომი სასამართლოების მიერ. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ დაუსაბუთა სასამართლოს, თუ რა რელევანტურობის და მტკიცებულებითი ძალის იქნებოდა ის ინფორმაცია, რასაც მისი თანასაკნელები მიაწვდიდნენ. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ მომჩივნის ბრალდება დადასტურებული იყო შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობით: სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა განცხადებებით, რომელთაც ჩაატარეს საკნის ჩხრეკა, ჩხრეკის ვიდეოჩანაწერითა და ჩხრეკისა და დანის აღმოჩენის წერილობითი ოქმით.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
59. სასამართლო იმეორებს, რომ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში ასახული ძირითადი გარანტიები, მათ შორის, ის, რაც ჩამოყალიბებულია (d) ქვეპუნქტში, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის ცნების, რაც მოცემულია მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში, შემადგენელ ელემენტებს (იხ. ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ ) [დიდი პალატა], N 9154/10, § 100, ECHR 2015). მისი ძირითადი მიზანი, რაც გადმოცემულია სიტყვებში „იგივე პირობებში“ ამ შემთხვევაში სრულად გამოხატავს „მხარეთა თანასწორობას“. ამ დებულების გათვალისწინებით, ეროვნული ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანომ, წარდგენილი მტკიცებულების რელევანტურობის გათვალისწინებით, უნდა გადაწყვეტოს მისი მნიშვნელობა იმგვარად, როგორც ის იქნება სამართლიანი სასამართლო განხილვის ცნების, რაც ძირითადად გადმოცემულია მე-6 მუხლში, შესაბამისი (იხ. ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Engel and Others v. the Netherlands), 8 ივნისი 1976, § 91, სერია A N 22 და გრეგაჩევიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Gregačević v. Croatia), N 58331/09, § 60, 10 ივლისი 2012).
60. მტკიცებულების დასაშვებობა უპირველესად ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანია. სასამართლოს ამოცანა, კონვენციის თანახმად, არის არა იმის გადაწყვეტა, მოწმეთა ჩვენება სათანადოდ იყო თუ არა მიჩნეული მტკიცებულებად, არამედ, იმის შეფასება, მთლიანად პროცესი, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვების ფორმა, იყო, თუ არა სამართლიანი (იხ., მრავალ სხვას შორის, ვან მეხელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van Mechelen and Others v. the Netherlands), 23 აპრილი 1997, § 50, გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარიშები 1997‑III). კერძოდ, როგორც ზოგადი წესი, ეროვნული სასამართლოების საქმეა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულების შეფასება, ისევე, როგორც იმ მტკიცებულების რელევანტურობის შეფასება, რომლის წარდგენაც ბრალდებულს სურს. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტი მათ ავალებს იმის შეფასებას, თუ რამდენად გამართლებულია მოწმეთა გამოძახება (იხ. პერნა იტალიის წინააღმდეგ (Perna v. Italy) [დიდი პალატა], N 48898/99, § 29, ECHR 2003‑V და ვიდალი ბელგიის წინააღმდეგ (Vidal v. Belgium), 22 აპრილი 1992, § 33, სერია A no. 235‑B).
61. შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან საკმარისი არ არის იმის გაპროტესტება, რომ მას არ მიეცა კონკრეტული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა; მან თავისი შუამდგომლობა ასევე უნდა გაამყაროს იმის დასაბუთებით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი შესაბამისი მოწმეების მიერ ჩვენების მიცემა და, რატომ უნდა ჩაითვალოს მათი ჩვენება აუცილებლად სიმართლის დადგენისთვის (იხ. ზემოთ დასასხელებული პერნა (Perna), ibid.; გიური საფრანგეთის წინააღმდეგ (Guilloury v. France), N 62236/00, § 55, 22 ივნისი 2006; და ბორისოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Borisova v. Bulgaria), N 56891/00, § 46, 21 დეკემბერი 2006). შესაბამისად, როდესაც მოწმემ წარადგინა შუამდგომლობა მოწმის ჩვენების მოსმენის შესახებ, რაც არ ყოფილა არასათანადო და საკმარისად იყო დასაბუთებული, ბრალდების საგნის რელევანტური და შეეძლო გაემყარებინა დაცვის პოზიცია ან თუნდაც მისით მიღწეულიყო ბრალდებულის გამართლება, ეროვნულმა ხელისუფლებამ ასეთ შუამდგომლობაზე უარის თქმისას უნდა ჩამოაყალიბოს საკმარისი და რელევანტური დასაბუთება (იხ. პოლიაკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Polyakov v. Russia), N 77018/01, §§ 34-35, 29 იანვარი 2009 და პოროპატი სლოვენიის წინააღმდეგ (Poropat v. Slovenia), N 21668/12, § 42, 9 მაისი 2017).
(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება ამ საქმეში
62. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმის გადასაწყვეტად, მოცემულ საქმეში მომჩივანს ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა წარედგინა თავისი საქმე იმგვარად, რომ არ ყოფილიყო ჩაყენებული მის vis-à-vis პროკურორთან შედარებით არასახარბიელო მდგომარეობაში და რამდენად წარიმართა მთელი პროცესი სამართლიანად, პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, მომჩივნის წინააღმდეგ ბრალდება რას ემყარებოდა (იხ., მაგალითად, ზემოთდასახელებული პოპოვი (Popov), § 180 და დითხუემი საფრანგეთის წინააღმდეგ (Destrehem v. France), N 56651/00, § 43, 18 მაისი 2004). ამასთან დაკავშირებით, ის მიიჩნევს, რომ ბრალდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნის ტარების შესახებ, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლოს კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დადასტურებული იყო დანის სავარაუდო აღმოჩენით მომჩივნის საწოლში სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ მისი საკნის ჩხრეკის დროს და მეორე, მასთან დაკავშირებით, ამ ფაქტიდან გამომდინარე, ეროვნული სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნით, რომ დანა ნამდვილად ეკუთვნოდა მომჩივანს. შესაბამისად, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მოვალეობა ეროვნული კანონმდებლობის თანახმად არის, სისხლის სამართლის საქმის ყველა გარემოების, როგორც ბრალდებულის სასარგებლო, ისე საწინააღმდეგო, გათვალისწინება, ობიექტური და სრულყოფილი ფორმით (იხ. პარაგრაფები 37-ე, 38-ე და 57-ე ზემოთ), ნებისმიერი მატერიალური მტკიცებულება და/ან მოწმის ჩვენება, რომელსაც შეეძლო კორექტირება შეეტანა ან უარეყო აღნიშნული ფაქტი და დასკვნა, რელევანტური უნდა ყოფილიყო სამართლიანი განხილვის მიზნისთვის. გარდა ამისა, იგივე ვალდებულება ასახულია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში, რამდენადაც სისხლის სამართლის სასამართლო, რომელიც შებოჭილია ფუძემდებლური პრინციპით in dubio pro reo, საქმეს უნდა განიხილავდეს ბრალდებულის ბრალეულად მიჩნევის წინასწარი განწყობის გამორიცხვით და ეჭვის შემთხვევაში, ის ყოველთვის გადაწყვიტოს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ (შეადარე, მრავალ სხვას შორი, თოფიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Topić v. Croatia), N 51355/10, § 45, 10 ოქტომბერი 2013, და მელიჰი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. the Czech Republic), N 35450/04, § 49, 24 ივლისი 2008).
63. სასამართლო ასევე არნიშნავს, რომ მომჩივანმა, დაცვის მიზნისთვის, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელების მიერ ჩატარებული ჩხრეკა, ისე, დასკვნა, რომ აღმოჩენილი დანა ნამდვილად ეკუთვნოდა მას. აღნიშნული მიზნით, მან მიმართა ეროვნულ სასამართლოებს, რომ მოესმინათ მისი თანასაკნელების ჩვენებები. მან, კერძოდ, განმარტა, რომ რაკი მის თანასაკნელებს შეეძლოთ დაკვირვებოდნენ ჩხრეკას, ეს ფაქტი თვით სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმაც აღიარეს (იხ. მე-17 პარაგრაფი ზემოთ), მათი ჩვენებები მიმართული იქნებოდა ჩხრეკის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სადავარაუდო თვითნებობის სამხილებლად. იმ დაშვების ალტერნატივად, რომ დანა, სათანადოდ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მის საწოლში იქნა ნაპოვნი, მომჩივანმა ეროვნულ სასამართლოებს სთხოვა, არ გაეკეთებინათ ნაჩქარევი დასკვნები იარაღის მესაკუთრესთან დაკავშირებით; იგი განმარტავდა, რომ, შეიძლებოდა, სადავო დანა ვიღაცის მიერ ყოფილიყო მოთავსებული მის საწოლში იმ მომენტში, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები შევიდნენ საკანში ჩხრეკის ჩატარების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის შუამდგომლობა, რომ მისი თანასაკნელები დაკითხული ყოფილიყვნენ სასამართლოს წინაშე, სრულიადაც არ ყოფილა არასათანადო, არამედ, პირიქით, სწორედაც რომ მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდების ფაქტობრივი საფუძვლის რელევანტური იყო და, სავარაუდოდ, გააძლიერებდა მისი დაცვის ხაზს (შეადარე, mutatis mutandis, ზემოთ დასახელებული პოლიაკოვი (Polyakov), § 34 და ქუვეიდარი თურქეთის წინააღმდეგ (Kuveydar v. Turkey), N 12047/05, § 42, 19 დეკემბერი 2017). იმ გარემოებებში, როდესაც მომჩივნის წინააღმდეგ ბრალდება ემყარებოდა იმ ვარაუდს, რომ იგი ატარებდა აკრძალულ საგანს საკანში, ამ უკანასკნელის სურვილი, რომ დაკითხულიყვნენ მისი თანსაკნელები, სხვა არაფერი იყო, თუ არა გონივრული მცდელობა, რომ ის გადამწყვეტი დაშვება ეფექტურად ყოფილიყო შეცილებული (შეადარე, mutatis mutandis,ზემოთ დასახელებული: პოპოვი (Popov), § 183 და თოფიჩი (Topić), §§ 43 and 45). ეს ნამდვილად ასეა იმ სამი გარემოების გათვალისწინებით, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მთელი პროოცესის სამართლიანობა. პირველ რიგში, ბრალდების მოწმეებმა, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა, რომელთაც ჩაატარეს მომჩივნის საკნის ჩხრეკა, მისცეს აშკარად შეუთავსებელი ჩვენებები იმ ვითარების შესახებ, რაშიც ჯაყვა იქნა აღმოჩენილი. მეორე, პროკურორმა სასამართლო განხილვის დროს აღიარა, რომ ჩხრეკის ვიდოჩანაწერი ნათლად არ ასახავდა ჯაყვა მომჩივნის საწოლში იქნა ნაპოვნი, თუ არა (იხ. მე-17 და მე-18 პარაგრაფები ზემოთ). დაბოლოს, არსებობდა აშკარა წინააღმდეგობა ზემოთ ხსენებულ ვიდეოჩანაწერსა და ჩხრეკის ოქმს შორის, რომელიც მიუთებდა, რომ ჯაყვა ნაპოვნი იქნა საწოლის ლეიბის ქვეშ (იხ.მე-11 პარაგრაფი ზემოთ).
64. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მომჩივნის შუამდგომლობა, გამოეძახებინათ მისი მოწმეები, აღნიშნეს რა, რომ, ჯერ ერთი, მან ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა მოესმინათ შესაბამის მოწმეთა ჩვენება, და მეორე მხრივ, ის მოწმეები არ იყვნენ სანდო პირები, რადგან იხდიდნენ სასჯელებს (იხ. მე-16 პარაგრაფი ზემოთ) და, რომ ფაქტი უკვე საკმარისად იყო დადგენილი (იხ. 23-ე პარაგრაფი ზემოთ). თუმცა, უარის თქმის ასეთი საფუძვლები, ამასთან, ზემოთ აღნიშნული ვალდებულებაზე უარის თქმა, რომ საქმე განეხილათ ბრალდებულის ბრალეულობის, თუ უდანაშაულობის რაიმე წინასწარი განწყობის გამორიცხვით და, რომ ნებისმიერი ეჭვი ყოველთვის უნდა გადაწყდეს ამ უკანაკნელის სასარგებლოდ (იხ. 62-ე პარაგრაფი ზემოთ), არ შეიძლება, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და 3 (d) პუნქტებთან დაკავშირებით სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის ფონზე, ადეკვატურ და საკმარის მიზეზებად იქნეს მიჩნეული (შეადარე, მაგალითად, ზემოთ დასახელებული: პოლიაკოვი (Polyakov), § 35; გრეგაჩევიჩი (Gregačević), § 56 და პოროპატი (Poropat), § 45). ეროვნული სასამართლოების დაუსაბუთებელი უარის შედეგად, მოესმინათ მომჩივნის მოწმეებისთვის, ამ უკანასკნელს წაერთვა ერთადერთი შესაძლებლობა, ეფექტურად შეცილებოდა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების ხერხემალს. რაც შეეხება მთავრობის მიერ დასახელებულ სხვა მტკიცებულებებს: ვიდეოჩანაწერი და ჩხრეკისა და დანის ამოღების წერილობითი ოქმი, ეს ორი, არ წარმოადგენს რაიმე დამატებით, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებებს, ამიტომ არასაკმარისია ბრალდების დასადასტურებლად და შესაბამისად, ვერ მოახდენს გავლენას მთელი პროცესის სამართლიანობის შეფასებაზე (განასახვავე, mutatis mutandis, დოროხოვი (Dorokhov), N 66802/01, §§ 74 და 75, 14 თებერვალი, 2008 და ზემოთდასახელებული პოლიაკოვი (Polyakov), § 36).
65. საბოლოო ჯამში, იმის მხედველობაში მიღებით, რაც ბრალდების საფუძველს წარმოადგენდა, სასამართლო ადგენს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ დაცვის მოწმეების დაკითხვაზე უარის თქმით, მათი ჩვენების პოტენციური მნიშვნელობის შეფასების გარეშე, უსამართლოდ იქცა მთლიანი პროცესი და შესაბამისად ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და 3(d) პუნქტების დარღვევას.
III. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევა
66. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მომჩივანი, ასევე, ჩიოდა სამართლიან სასამართლო განხილვაზე ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევაზე, იმის გამო, რომ უზენაესმა სასამართლომ არსებითად არ განიხილა მისი საქმე (იხ. 24-ე პარაგრაფი ზემოთ), ისევე, როგორც სისხლის სამართლის მთელი პროცესის ხანგრძლივობის საფუძვლით, რაც მიმდინარეობდა 2006 წლის 11 აგვისტოდან 2008 წლის 11 თებერვლამდე (იხ. მე-12 და 24-ე პარაგრაფები ზემოთ).
67. უზენაეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იგივე საკითხი უკვე იყო განხილული საქართველოს შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობისა და პრაქტიკის კონტექსტში და დაადგინა, რომ მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, [ის] სრულად იყო შესაბამისი კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტთან (იხ. ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ (Kuparadze v. Georgia), N 30743/09, §§ 75-77, 21 სექტემბერი 201 და შეადარე, mutatis mutandis, ჭაღიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Tchaghiashvili v. Georgia) (განჩინება), N 19312/07, § 34, 2 სექტემბერი 2014.)
68. შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო განხილვის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით საჩივრის ნაწილთან მიმართებით, სასამართლო, მის ხელთ არსებული მასალებისა და საკითხზე თავის კომპეტენციის გათვალისწინებით, ადგენს, რომ არ იკვეთება კონვენციის ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რაიმე ნიშანი.
69. ეს მიუთითებს, რომ საჩივრის ეს ნაწილი, რომელიც შეიცავს ზემოაღნიშნულ ორი დამოუკიდებელ პრეტენზიას, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, არის აშკარად დაუსაბუთებელი და მიუღებლად უნდა იქნეს ცნობილი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების საფუძველზე.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
70. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
71. მომჩივანი ითხოვდა 50 000 ევროს (EUR) მორალური ზიანისთვის.
72. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნა იყო გადაჭარბებული.
73. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა განეცადა წუხილი და მღელვარება იმ დარღვევის გამო, რაც დადგენილ იქნა. სამართლიანობის საფუძველზე, სასამართლო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად მომჩივანს მიაკუთვნებს 2 500 ევროს.
74. სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ შიდასახელმწიფოებრივი პროცესის უსამართლობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით შესაძლებელია საქმის წარმოების განახლება (იხ. თაქთაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Taktakishvili v. Georgia) (განჩინება), N 46055/06, §§ 22 და 23, 16 ოქტომბერი 2012; შეადარე მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ (Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia), N 21571/05, § 154, 1 ივნისი 2017; ფლისარი სლოვენიის წაინააღმდეგ (Flisar v. Slovenia), N 3127/09, § 47, 29 სექტემბერი 2011 და შამანი თურქეთის წინააღმდეგ (Şaman v. Turkey), N 35292/05, § 44, 5 აპრილი 2011).
ბ. ხარჯები
75. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 680 ქართული ლარი (GEL) (იმ დროისათვის დაახლოებით 300 ევრო) ეროვნული სასამართლოებისა და [ადამიანის უფლებათა ევროპის] სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად. ამ მოთხოვნის გასამყარებლად მან წარადგინა არაერთი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტი (ხელშეკრულება, ინვოისები და შემოსავლის ორდერები) მოცემულ საჩივარზე შესაბამისი სამართლებრივი, საფოსტო და თარგმანის მომსახურების ხარჯების გაწევის დასადასტურებლად.
76. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის მოთხოვნა ძირითადად დაუსაბუთებელი იყო.
77. სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მომჩივანს შეუძლია მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაასაბუთებს, რომ ის ნადვილად და უცილობლად გადახდა და, რაც გონივრულია. მოცემულ საქმეში, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციისა და ხსენებული კრიტერიუმის გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს მოთხოვნილი თანხის სრულად მიკუთვნებას.
გ. პირგასამტეხლო
78. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირგასამტეხლო გამოთვლილ იქნეს ევროპის ცენტრალური ბანკის დაკრედიტების ზღვრული პროცენტის ოდენობიდან, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად
1. მისაღებად აცხადებს საჩივარს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და 3(d) პუნქტების საფუძველზე, მომჩივნისთვის იმის ვერ უზრუნველყოფის ნაწილში, რომ დაეკითხათ დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში, ხოლო საჩივრის დარჩენილ ნაწილს მიუღებლად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და 3(d) პუნქტების დარღვევას;
3. ადგენს
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, გადახდის დღისათვის არსებული კურსით:
(i) 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი საკომისიო, მატერიალური ზიანისთვის;
(ii) 300 (სამასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი საკომისიო, ხარჯებისთვის;
(ბ) აღნიშნული სამი თვის გასვლის შემდეგ, მის გადახდამდე, ამ თანხას დაემატება ზღვრული პროცენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი;
4. უარყოფს განმცხადებლის სხვა მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულა ინგლისურ ენაზე და ეცნობათ წერილობით 2018 წლის 7 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე §§ 2 და 3 წესის შესაბამისად.
კლაუდია ვესტერდიკიანდრე პოტოცკი
მდივანითავმჯდომარე
[1] უფრო ზუსტი უნდა იყოს თბილისის საოლქო სასამართლო, რადგან 2000 წლის მდგომარეობით, 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიების განსჯადი იყო საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა დამამძიებელ გარემოებებში“), უფრო ადრე კი, 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების თაობაზე (მთარგმნელის შენიშვნა).
[2] 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (მთარგმნელის შენიშვნა)
Full & Egal Universal Law Academy