Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N200
2016 წლის ოქტომბერი
კასპაროვი რუსეთის წინააღმდეგ (Kasparov v. Russia)
(საჩივარი– 53659/07)
გადაწყვეტილება, 11 ოქტომბერი, 2016 [მე-3 სექცია]
მე-5 მუხლი
მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი
აეროპორტის პოლიციამ მომჩივანი ხუთი საათით დააკავა, რათა გამოეძიებინა ბილეთების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებები - დარღვევა დადგინდა
ფაქტები: 2007 წლის მაისში მომჩივანმა და კოლეგა აქტივისტებმა სცადეს სამარაში (რუსეთში) გამგზავრება ოპოზიციის მიტინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ორგანიზებული იქნა ევროკავშირი-რუსეთის სამიტის პარალელურად. თუმცა, მათ მოსკოვის ფრენიდან გადმოსვლაში ხელი შეუშალეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათი ბილეთები ყალბი იყო. მხარეებს შორის ფაქტები სადავო იყო, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ როდესაც მომჩივანი ცდილობდა 8:40 წუთზე შემოწმების გავლას მას ჩამოართვეს ბილეთი და პასპორტი და თხოვეს პოლიციელს გაჰყოლოდა ცალკე ოთახში, სადაც ის დაკითხეს და გაჩხრიკეს 1.30 საათამდე. აღნიშნული ოთახის კარს შეიარაღებული მცველი იცავდა.
სამართალი: მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი: სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში აღეკვეთა თავისუფლება. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ოთხი ფაქტორი იყო გადამწყვეტი: (i) მომჩივანს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ პოლიციელს გაჰყოლოდა, ვინაიდან მისთვის გაყოლაზე უარის თქმა ნიშნავდა პოლიციის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას; (ii) კარებში შეიარაღებული მცველის ყოფნა, რომელიც ცალსახად ხელს უშლიდა მას ოთახის დატოვებაში; (iii) მთავრობის მტკიცება, რომ მომჩივანი არ იყო დაკავებული ვერ აისახა სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაზე, რომ ადგილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთას; (iv) მომჩივნის დაკავება მკვეთრად აღემატებოდა იმ დროს, რაც საჭირო იყო აეროპორტში მოგზაურობასთან დაკავშირებული ფორმალობების გადამოწმებისთვის; ნაცვლად ამისა, პოლიციამ დაიწყო დოკუმენტის შესაძლო გაყალბების გამოძიება, მომჩივნის დაკითხვითა და ჩხრეკით და შესაბამისი დასკვნის მომზადებით.
თავისუფლების აღკვეთა აშკარად არ ხდებოდა მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,დ’’, ,,ე’’, ან ,,ვ’’ ქვეპუნქტებით დასაშვები საფუძვლებით. ის ასევე არ ექცეოდა ამ მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის ფარგლებში (სამართალდარღვევის ჩადენის გონივრული ეჭვი), ვინაიდან მთავრობამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ადგილი ჰქონდა დოკუმენტის გაყალბებას, მით უფრო იმის მაჩვენებელი, რომ მომჩივანი ამ ქმედების მონაწილე იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანოებმა ოფიციალურად არ აღიარეს მომჩივნის თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე არ შეასრულეს პირის დაკავებისათვის საჭირო ფორმალური მოთხოვნები. მთავრობის მხრიდან შესაძლო ახსნა-განმარტების არარსებობის პირობებში, [არარეგისტრირებელი, დაუფიქსირებელი] თავისუფლების აღკვეთა თავისთავად საკმარისი იყო კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევის დასადგენად.
სასამართლომ ასევე ერთხმად დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა, ვინაიდან მომჩივნის შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, რაც გამოწვეული იყო მისი დაკავებითა და დაპატიმრებით, არ იყო კანონით გათვალისწინებული.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად)
41-ე მუხლი: ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ ყოფილა წარდგენილი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები