Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N201
2016 წლის ნოემბერი
კერიმან ტეკინი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ- (Keriman Tekin and Others v. Turkey)
(საჩივარი- N22035/10)
გადაწყვეტილება, 15 ნოემბერი, 2016 [მე-2 სექცია]
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
1-ლიდ ამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი
საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლება
ფაქტები: მომჩივნებმა, რომელთა საკუთრებაშიც იყო მცოცავი მიწის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, 1997 წელს აღნიშნულ მიწაზე დაგეგმარების ნებართვის გარეშე სახლი ააშენეს. 2004 წელს ახლომდებარე მიწაზე სკოლის აშენების მიზნით განხორციელებულმა გათხრითმა სამუშაოებმა გამოიწვია მეწყერი, რამაც მომჩივნების სახლი იმ მასშტაბით დააზიანა, რომ მასში ცხოვრება შეუძლებელი გახდა.
მომჩივნებმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი აღძრეს ხელისუფლების ორგანოს წინააღმდეგ, რომელმაც [სკოლის] მშენებლობის ბრძანება გასცა. საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა; ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, მეწყერი გამოიწვია ტექნიკური ფაქტორების კომბინაციამ და დაადგინა, რომ მომჩივანთა სახლის სტრუქტურულმა ნაკლოვანებებმა აგრეთვე შეიტანა წვლილი ზიანის მოცულობაში, კერძოდ 15-20%-ით. თუმცა, სასამართლოებმა უარი განაცხადეს ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებაზეც კი, შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით: (i) მომჩივანს კანონმდებლობის მიხედვით არ წარუდგენია მოთხოვნა, რათა უკანონოდ აშენებული სახლი რეგულაციებს დაექვემდებარებინა; და (ii) ნებისმიერ შემთხვევაში, მათი საკუთრება ვერ იქნებოდა კანონიერად მიჩნეული, არსებული რეგულაციებისა და შენობის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლების გამო.
სამართალი: 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი.
ა) საკუთრების არსებობა- მომჩივანთა სახლი აშენდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, ის აშენდა, რეგულაციების დარღვევით, შესაბამისი ნებართვის გარეშე. მომჩივნებს აგრეთვე არ ჰქონდათ ნებართვა, რომ შენობა საცხოვრებელ სახლად გამოეყენებინათ.
მიუხედავად ამისა, მომჩივანთა წინააღმდეგ არასდროს გატარებულა რაიმე სახის ღონისძიება იმის გამო, რომ მათ არ შეასრულეს რეგულაციები და ისინი საკუთრებით ჩვეულებრივად სარგებლობდნენ სახლის აშენებიდან ინციდენტის პერიოდამდე. საქმეში არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ ოდესმე სცადა საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება და სადავო შენობის დემონტაჟის ბრძანების გაცემა.
უფრო მეტიც, მომჩივანთა არგუმენტი, რომ იმ ტერიტორიაზე არცერთ შენობას არ ჰქონდა მოპოვებული ნებართვა, არავის გაუბათილებია.
და ბოლოს, სახლი რეგისტრირებული იყო რეესტრში და ის აშკარად იყო ნახსენები, რაიმე კომენტარის გარეშე, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნებს ჰქონდათ საკუთარი სახლით მშვიდობიანი სარგებლობის ინტერესი. აღნიშნული ინტერესი საკმარისი იყო, რათა ის მიჩნეული ყოფილიყო ,,საკუთრებად’’. შესაბამისად, 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი მოცემულ საქმესთან მიმართებით გამოყენებადი იყო.
ბ) საკუთრებით სარგებლობა- წინამდებარე საქმეში სადავო იყო მომჩივანთა სახლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი: მიწის ნაკვეთზე მათი საკუთრების უფლება სადავო არ გამხდარა. ვინაიდან მომჩივანთა საკუთრებაში ჩარევა გამოიხატებოდა იმაში, რომ ისინი საკუთარი სახლით ვერ სარგებლობდნენ, სადავო ჩარევა განხილულ უნდა იქნეს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის ,,ზოგადი’’ წესის მიხედვით.
მომჩივანთა სახლი აშენდა იმ დროს, როდესაც მუნიციპალურ სამსახურს არ ჰქონდა შემუშავებული ურბანული განვითარების გეგმა; ისინი სახლში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
შესაბამისად, სახლი აშენდა დაგეგმარების ნებართვის გარეშე და ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილნი იყვნენ, გაეცათ შენობის დემონტაჟის ბრძანება დემონტაჟი ურბანული დაგეგმარების მომწესრიგებელი რეგულაციების შეუსრულებლობისთვის სანქციის ფორმა იყო.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ზიანი შემთხვევითობით იყო გამოწვეული და ხელისუფლების ორგანოებს არასდროს გაუციათ სახლის დემონტაჟის ბრძანება (ეს საკითხი განასხვავებს მოცემულ საქმეს გადაწყვეტილებისგან Tiryakioğlu v. Turkey (dec.), N24404/02, 2008 წლის 13 მაისი და Hamer v. Belgium, N21861/03, 2007 წლის 27 ნოემბერი). ამის საპირისპიროდ, დაგეგმარების ნებართვის საკითხი ხელისუფლების ორგანოებმა პირველად წინ წამოწიეს კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის დროს, რათა თავიდან აერიდებინათ პასუხისმგებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ჩარევა განპირობებული იყო, ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ძალაში არსებული რეგულაციების გამოყენებასთან დაკავშირებული წუხილით: ნაცვლად ამისა, ჩანდა, რომ რეგულაციები გამოყენებულ იქნა საბაბად, ფინანსური მიზნებისთვის. საქმეში არაფერი აჩვენებდა იმას, რომ თურქეთის ხელისუფლებას უკანონო მშენებლობების აღმოსაფხვრელად თანმიმდევრული პოლიტიკა ჰქონდა, აგრეთვე არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მათ გადაწყვიტეს მომჩივნების მსგავს მდგომარეობაში მყოფი ყველა შენობის დემონტაჟი, სულ მცირე იმავე რაიონში. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მთავრობას არ წარმოუდგენია საპირისპირო არგუმენტები მომჩივანთა განაცხადზე, რომ იმ რაიონში არცერთ შენობას არ ჰქონდა მინიჭებული ნებართვა. ნამდვილად, პრაქტიკა, რომელიც ცნობილი იყო ,,ურბანული ამნისტიების’’ სახელით, ადასტურებდა მოპასუხე სახელმწიფოში ნებართვის გარეშე აშენებული შენობების პრობლემურობის მასშტაბს და აგრეთვე იმას, რომ ხელისუფლების ორგანოები შემწყნარებლები იყვნენ მსგავსი შემთხვევების მიმართ.
ანალოგიურად, მომჩივანთა კომპენსაციაზე უარი არ ეფუძნებოდა გარემოსდაცვით მიდგომას.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოების უარი, აენაზღაურებინათ მომჩივანთათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, მომჩივნებს ინდივიდუალურ და გადაჭარბებულ ტვირთს აკისრებდა და არღვევდა სამართლიან ბალანსს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
41-ე მუხლი: მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 5,000 ევრო, ხოლო მატერიალურ ზიანთან მიმართებით 11,000 ევრო მიეკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy