Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
კესკინი ნიდერლანდების წინააღმდეგ
Keskin v Netherlands
გადაწყვეტილება
19 იანვარი 2021
ფაქტები
2. მომჩივანი დაიბადა 1972 წელს და ცხოვრობს ჰენგელოში (ქალაქი ნიდერლანდებში). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მას წარმოადგენდნენ ბ-ნი ტ.ო.მ. დიებენი და ბ-ნი რ.ჯ. ბაუმგარდტი, რომლებიც საადვოკატო საქმიანობას ეწევიან ამსტერდამსა და სპიჯკენისეში, შესაბამისად.
3. მთავრობას წარმოადგენდა მისი ყოფილი წარმომადგენელი, ბ-ნი რ.ა.ა. ბოკერი, მათი წარმომადგენელი ქ-ნი ბ. კუპმანი და მათი წარმომადგენლის მოადგილე ქ-ნი კ. ადჰინი, ყველა საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
4. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
სამართალწარმოება ოვერიესელის რაიონული სასამართლოს წინაშე5. 2013 წლის 30 ივლისს ოვერიესელის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ, იურიდიული პირი - Fr.-ს მიერ ორი სხვა კომპანიის მიმართ განხორციელებული თაღლითობის de facto კონტროლისთვის. რაიონულმა სასამართლომ მომჩივნის წინააღმდეგ მტკიცებულებად, inter alia, გამოიყენა ექვსი მოწმის, A,B,C,E,F და G – ს მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენებები, რომელთა განცხადებები, მეშვიდე მოწმე D-ს ჩვენებასთან ერთად, მოცემული იყო პოლიციის მიერ ფიცის ქვეშ შედგენილი ოფიციალური ანგარიშის დანართში. მომჩივანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, საიდანაც 3 თვე იყო პირობითი მსჯავრი. რაიონულმა სასამართლომ მომჩივანს ასევე დააკისრა კომპანია Jo-სთვის (რომელიც სისხლის სამართალწარმოებაში ჩართული იყო როგორც დაზარალებული მხარე და ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას), 59,300,42 ევროს გადახდა. სასამართლომ მომჩივანს, დაზარალებულის სასარგებლოდ, დააკისრა სახელმწიფოსთვის იმავე თანხის გადახდის ვალდებულება, რომელიც შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიცვლებოდა 316-დღიანი თავისუფლების აღკვეთით. კომპანია Jo-სთვის კომპენსაციის გადახდა მომჩივანს გაათავისუფლებს სახელმწიფოსთვის თანხის გადახდის ვალდებულებისგან და პირიქით, სახელმწიფოსთვის გადახდის შემთხვევაში მან აღარ უნდა გადაუხადოს კომპანია Jo-ს.
სამართალწარმოება არნჰემი-ლიუვარდენის სააპელაციო სასამართლოს წინაშე6. მომჩივანმა გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მან აღიარა კომპანია Fr.-ს მიერ ორი სხვა კომპანიის მიმართ ჩადენილი თაღლითობა, ის სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ის ახორციელებდა თაღლითობის de facto კონტროლს. 2013 წლის 7 აგვისტოს არნჰემ-ლიუვარდენის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, მომჩივნის ადვოკატი აცხადებდა, რომ საქმის განხილვის დროს ან გამომძიებელი მოსამართლის წინაშე სურდა ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები, რომელთა მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენებები რაიონულმა სასამართლომ მომჩივნის წინააღმდეგ მტკიცებულებად გამოიყენა. მან თითოეულ ამ მოწმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს ჯერ არ ჰქონია მათი დაკითხვის შესაძლებლობა, მაშინ როცა, რაიონულმა სასამართლომ მათ მიერ გაკეთებული მამხილებელი განცხადებები მომჩივნის წინააღმდეგ მტკიცებულებად გამოიყენა. მას სურდა, რომ აღნიშნული მოწმეებისთვის დამატებითი კითხვები დაესვა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მას სურდა მოწმეებისგან A, B და F გაერკვია, თუ რამდენად ხშირი შეხება ჰქონდათ მათ კომპანია Fr.-თან 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის 12 მაისის პერიოდში, და ვისთან ჰქონდათ მათ კონტაქტი. მას მოწმე C-სთვის სურდა ეკითხა, თუ ვის მიჰყიდა კომპანია P. და რა იყო ამ კომპანიის კაპიტალი იმ დროისთვის. და ბოლოს, მას მოწმე D-სგან უნდოდა გაერკვია, თუ რამდენად ხშირად ნახულობდა იგი X.Y.-ს (რომელიც კომპანია Fr.-ს დირექტორი იყო) ან მომჩივანს და რა სტატუსით; მოწმე E-სთვის უნდოდა ეკითხა, თუ რამდენად ხშირად ჰქონდა კონტაქტი მომჩივანსა და X.Y.-თან; და მოწმე G.-სთვის, თუ რამდენად ხშირად და სად ნახულობდა იგი მომჩივანს და X.Y.-ს 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის 12 მაისამდე პერიოდში.
7. გენერალურმა ადვოკატმა[1] (The Advocate General) მიიჩნია, რომ თითოეული მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დასაბუთების გათვალისწინებით, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად ამისა, 2014 წლის 20 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ იმ დროისთვის არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა და ადვოკატს აცნობა, რომ მას სასამართლო პროცესზე ხელმეორედ შეეძლო აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა.
8. 2014 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმიდან ჩანს, რომ მომჩივნის ადვოკატმა ხელახლა წარადგინა შვიდი მოწმის ჯვარედინი დაკითხვის მოთხოვნა. გენერალური ადვოკატის განცხადებით ის კვლავ მიიჩნევდა, რომ ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან იგი იყო კარგად დასაბუთებული და სადავო მოწმეების განცხადებები გამოყენებულ იქნა მტკიცებულებად რაიონული სასამართლოს მიერ. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და დაასაბუთა შემდეგნაირად:
„მოწმეთა [A, B, C, D, E, F და G] დაკითხვასთან დაკავშირებით ადვოკატის მოთხოვნაზე..., ვრცელდება დაცვის მხარის ინტერესის კრიტერიუმი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის ინტერესი არასაკმარისად იყო დასაბუთებული აღნიშნულ მოთხოვნებში. ადვოკატის წერილობითი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, სადაც მოცემულია სააპელაციო საჩივრის საფუძვლები, მითითებული არ არის თუ რა საკითხებთან დაკავშირებით შეეძლოთ მოწმეებს არასწორი განცხადებების გაკეთება. ... „
9. მომჩივანმა საქმის განხილვის დროს გააკეთა განცხადება, სადაც მან inter alia აღნიშნა, რომ:
„კომპანია FR.-ში გავიარე სტაჟირება. ამის შესაძლებლობა მომეცა, ვინაიდან X.Y.-ს ვიცნობდი.. ზოგჯერ ოფისში ვიყავი ხოლმე. ბევრის თქმა არ მინდა. მემუქრებოდნენ ... თავი არასდროს მომიჩვენებია, რომ X.Y.- ვიყავი. თუ [მოწმე D] აცხადებს, რომ ფოტოთი ამომიცნო როგორც X.Y., შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეუძლებელია. X.Y. ესწრებოდა ხელშეკრულების ხელმოწერას. თქვენ მე მაჩვენებთ ფოტოებს საქმის მასალების 106 და 107 გვერდებიდან. 107-ე გვერდზე არის ჩემი ფოტო. 106-ე გვერდზე არის X.Y.-ის ფოტო. თქვენ შენიშავთ, რომ ჩემსა და X.Y.-ს შორის არ არის რაიმე აშკარა მსგავსება. გეთანხმებით, მე მას არ ვგავარ. მე არაფერი არ ვიცი წლიური ფინანსური ანგარიშების დეპონირების შესახებ. მე სამსახურში ამიყვანა X.[Y.] - მა ...
საქმიანობა, რომელსაც მე ვახორციელებდი კომპანია Fr.-სთვის, შედგებოდა, inter alia, ტელეფონზე პასუხის გაცემისა და ხილის ხარისხის შემოწმებისგან. კომპანია Fr. -ში ვიმუშავე რამდენიმე თვე. დაახლოებით ორი ან სამი თვე. ... არ მსურს იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, მქონდა თუ არა რაიმე სახის კონტაქტი კომპანია Jo.-სთან. ასევე, არ მსურს პასუხი გავცე იმ კითხვას, შევამჩნიე თუ არა რაიმე საეჭვო საგადასახადო პრობლემებთან დაკავშირებით. ზოგადად გადასახადების შესახებ არ მსურს საუბარი. ...
არ ვიცი თუ რატომ აცხადებენ ეს მოწმეები, რომ მათ ჩემთან ჰქონდათ კონტაქტი. ეს უბრალოდ ტყუილია. ...
ვიცი, რომ სამი მოწმის განცხადებით, მათ ჩემთან ჰქონდათ კონტაქტი. ესენი არიან [მოწმეები F,D და E.]. შემიძლია დავადასტურო, რომ მე მათთან მქონდა კონტაქტი. თუმცა, მე თავი არ მომიჩვენებია X.Y.-ად. არ ვიცი რატომ ამტკიცებენ, რომ მე ეს გავაკეთე. ...“
10. საქმის განხილვის დასრულების დროს ადვოკატმა კვლავ მოითხოვა შვიდი მოწმის ჯვარედინი დაკითხვა. იგი ამტკიცებდა, რომ მომჩივანი უარყოფდა, რომ ფაქტობრივად აკონტროლებდა კომპანია Fr.-ის მიერ ჩადენილ თაღლითობას და X.Y.-ად თავის მოჩვენებას. მართალია, ადვოკატს არ სურდა იმის თქმა, რომ მოწმეები იტყუებოდნენ, იგი აცხადებდა რომ სიტუაცია შეიძლება ყოფილიყო განსხვავებული მათ განცხადებებში აღწერილი სიტუაციისგან, ან ყოფილიყო უფრო მეტი ნიუანსი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაბადებდა ბევრ კითხვას.
11. 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწვყეტილებით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამათლოს გადაწყვეტილება, მომჩივანი დამნაშავედ ცნო კომპანია Fr-ის მიერ კომპანიების Co-ს და Jo-ს წინააღმდეგ ჩადენილ თაღლითობაში და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა კომპანია Jo-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობით (იხ. პარაგრაფი 5).
12. A-დან G-მდე არსებული მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საკმარისად არ იყო დასაბუთებული [მოწმეთა დაკითხვის] დაცვის მხარის ინტერესი. ამასთან, ბრალდებულმა პოლიციაში დაკითხვისას გამოიყენა დუმილის უფლება. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა არ ისურვა პასუხი გაეცა სასამართლოს მხრიდან კომპანიაში მის საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე. არ არის მითითებული, თუ რა თვალსაზრისით და რატომ შეიძლება ყოფილიყო მცდარი ზემოთ ხსენებულ მოწმეთა მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადებები. მოვლენათა განვითარების ალტერნატიული ვერსია არ არის წარმოდგენილი.“
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია , რომ კომპანია Fr-მ ჩაიდინა თაღლითობა კომპანიების Co-სა და Jo-ს მიმართ, ხოლო მომჩივანი ახორციელებდა თაღლითობის de facto კონტროლს. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი სავაჭრო პალატიდან კომპანია Fr-ის რეგისტრაციის თაობაზე;2009 წლის 4 თებერვლის საზოგადოების წესდებაში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმად კომპანიის სახელწოდება შეიცვალა P-დან Fr-ზე;ამონაწერი სავაჭრო პალატიდან, რომლის თანახმად, კომპანია Fr-ს დეპონირებული ჰქონდა 2006-2008 წლის წლიური ფინანსური ანგარიში 2009 წლის ივლისში;კომპანია Fr-ის მიერ კომპანია Jo.-სთვის 2010 წელს გაგზავნილი წერილი, სადაც მითითებულია კომპანია Fr-ის მისამართი და სიტყვები: „20 წელზე მეტია სპეციალიზირებულია აღმოსავლეთ ევროპაში“;ელექტრონული ფოსტის მისამართების გაცვლა კომპანია Fr-სა და Jo. და Co. კომპანიებს შორის, fr.-ის ელექტრონული ფოსტის გამოყენებით;კომპანია Jo-სა და Co-ს სახელზე განხორციელებული ელექტრონული გადარიცხვების ამონაბეჭდი, რომელზეც დატანილია კომპანია Fr-ს ბეჭედი და ფაქსის ნომერი;კომპანია Fr-ის მიერ კომპანია Co-სთვის გაგზავნილი შეკვეთის დასტური ბეჭდით და ფაქსის ნომრით;მოწმე A-ს მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად იგი იყო კომპანია Co-ს თანამშრომელი იტალიაში. კომპანია Fr-ს და Co-ს შორის კონტაქტი ხორციელდებოდა ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კომპანია Fr-ის საკონტაქტო პირი საკუთარ თავს მოიხსენიებდა X.Y-დ; კომპანია Fr. უკვეთავდა ხილს და ბოსტნეულს კომპანია Co-ს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ კომპანია Fr-მ შეწყვიტა მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა;მოწმე B-ს მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად იგი დასაქმებული იყო კომპანია Jo-ში, ესპანეთში. ამ უკანასკნელისთვის კომპანია Fr-ის საკონტაქტო პირი იყო X.Y.; კომპანია Jo. კომპანია Fr-ს აწვდიდა საქონელს. თუმცა ბოლო პერიოდისთვის ეს უკანასკნელი აღარ იხდიდა მიწოდებული საქონლის საფასურს;მოწმე C-ს მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად იგი 2009 წლის თებერვლამდე კომპანია P-ს დირექტორად ირიცხებოდა, სანამ კომპანიის წილები გაიყიდებოდა X.Y.-ზე. კომპანია P-ს 2006 წლის ჩათვლით დეპონირებული ჰქონდა სავაჭრო პალატაში წლიური ფინანსური ანგარიში. როცა მას აჩვენეს კომპანია Fr-ს მიერ 2006, 2007 და 2008 წლების სავაჭრო პალატაში დეპონირებული ფინანსური ანგარიში, მან აღნიშნა რომ მითითებული კაპიტალი ბევრად აღემატებოდა რეალურად არსებულს. ასევე ნახსენები იყო აქციები, თუმცა კომპანია P-ს აქციები არ გააჩნდა. მოწე C დაინტერესდა, თუ როგორ შეძლო კომპანია Fr-მ 2006 წლის ფინანსური ანგარიშის დეპონირება, იმ დროს როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა კომპანია ასეთი სახელწოდებით;მოწმე D-ს მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად თავად იყო იმ კომპანიის დირექტორი, რომელიც საოფისე ფართს აქირავებდა კომპანია Fr-ზე. კითხვაზე თუ ვინ ხელმძღვანელობდა კომპანია Fr-ს, მან უპასუხა, რომ მისთვის ნაჩვენებ ფოტოსურათზე აღბეჭდილი მომჩივანი იყო კომპანია Fr-ს ხელმძღვანელი. მოწმე D-მ დაადასტურა, რომ სწორედ აღნიშნული პიროვნება ეკონტაქტებოდა და მოდიოდა მასთან ქირის გადახდის პრობლემის არსებობისას;უძრავი ქონების აგენტის, მოწმე E-ს, მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად მომჩივანი გამოდიოდა კომპანია Fr-ს სახელით მოლაპარაკებებში, მოწმეების D.-ს და G-ს კომპანიებთან იჯარის ხელშეკრულების დადებისას;მოწმე F-ის მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად 2010 წლის იანვრის დასაწყისში, როგორც კომპანია Sch.-ს დირექტორის მოადგილეს, ეწვია პიროვნება და გაეცნო X.Y. სახელით. ამ უკანასკნელმა კომპანია Sch-ს შესთავაზა კომპანია Fr-ის მიერ შეკვეთილი საქონლის განაწილების უზრუნველყოფა . X.Y-მ მოწმე F-ს გადასცა სავიზიტო ბარათი, სადაც მითითებული იყო, რომ ის წარმოადგენდ კომპანია FR.-ს. X.Y ყოველთვის თავად ესწრებოდა საქონლის განაწილების პროცესს და იძლეოდა შესაბამის მითითებებს. როდესაც მოწმე F-ს აჩვენეს X.Y-ს სურათი, მან იგი ვერ ამოიცნო. ხოლო როდესაც მომჩივნის ფოტო ანახეს, მოწმემ დაადასტურა, რომ ფოტოზე აღბეჭდილ პიროვნებას იცნობდა X.Y სახელით;მოწმე G-ს მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადების თანახმად, ის იყო იმ კომპანიის დირექტორი, რომელიც საოფისე ფართსაც აქირავებდა კომპანია Fr-ზე. მას ხსენებული კომპანიის მხოლოდ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც საკუთარ თავს მოიხსენიებდა, როგორც X. Y. მოწმემ მომჩივნის ფოტოსურათიდან ამოიცნო აღნიშნული პიროვნება. მან ასევე განაცხადა, რომ იგი რეგულარულად დადიოდა კომპანია Fr-ის ოფისში და იქ ხშირად ხვდებოდა სამ ადამიანს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ზემოხსენებულ ფოტოში ამოცნობილი პირი;2014 წლის 16 სექტემბერს სასამართლო პროცესზე მომჩივნის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის ირწმუნება, რომ კომპანია Fr.-ში იყო სტაჟიორი და პერიოდულად უწევდა ოფისში ყოფნა. მან დაადასტურა, რომ მისთვის ნაჩვენებ ფოტოზე თავად იყო აღბეჭდილი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ეს სწორედ ის ფოტო იყო, რომელიც აჩვენეს მოწმე D-ს. როცა მომჩივანს აჩვენეს X.Y -ს ფოტო, იგი დაეთანხმა რომ არ ჰგავდა X.Y-ს.14. მტკიცებულებებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რაც შეეხება მეთოდს, რომლის დახმარებითაც ჩადენილ იქნა თაღლითობა, სხვასთან ერთად, გამოყენებულ იქნა ცრუ შთაბეჭდილება, რომლის თანახმად Fr. იყო დიდი ხნის კომპანია. მოწმე C-ს ჩვენებაზე დაყრდნობით (იხ. პარაგრაფი 13, პუქტი 10), სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომპანია Fr.-ს მიერ 2006, 2007 და 2008 წლებში დეპონირებული წლიური ფინანსური ანგარიში იყო ყალბი. სასამართლომ ასევე მიიღო მხედველობაში მოწმე A-სა და B-ს ჩვენებები კომპანია Fr-ის შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების თაობაზე კომპანიების Jo-ს და Co-ს წინაშე. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დანაშაული განხორციელდა იურიდიული პირის Fr.-ის საქმიანობის ფარგლებში, ვინაიდან კომპანია Jo-სა და Co-ს შეკვეთები გაკეთებული იყო კომპანია Fr-ს სახელზე, ამ უკანასკნელის ბეჭდის, ფაქსის ნომრისა და მისამართის გამოყენებით. და ბოლოს, მოწმეების E,F,G-ს განცხადებებისა და მომჩივნის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებების ერთობლიობაში განხილვით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სწორედ მომჩივანი იყო X.Y, რომელიც de facto აკონტროლებდა კომპანია Fr-ის თაღლითურ საქმიანობას.
III. საქმის წარმოება უზენაესი სასამართლოს წინაშე
15. მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა. საჩივრის თანახმად, სასამართლოს გადაწყვვეტილება, მოწმეთა გამოძახებაზე უარის თქმის თაობაზე, არასაკმარისად იყო დასაბუთებული, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი და მეტიც, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა ამ საკითხთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა მიერ პოლიციაში გაკეთებული განცხადების მტკიცებულებად გამოყენებით დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება.
16. გენერალურმა პროკურორმა უზენაეს სასამართლოში არ წარმოადგინა საკონსულტაციო დასკვნა.
17. 2015 წლის 8 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა მართლმსაჯულების შესახებ კანონის მე-80 მუხლით და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
სამართალი
I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევა
25. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივანი დავობდა, რომ მას უარი ეთქვა საქმის სამართლიან განხილვაზე, ვინაიდან მას არ მიეცა შვიდი მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა, რომელთა მიერ პოლიციისთვის მიცემული ჩვენებებიც, მის წინააღმდეგ მტკიცებულებად იქნა გამოყენებული.
მე-6 მუხლის შესაბამისი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება:
,,1. ყოველი ადამიანი .. მის წინააღმდეგ წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით .... სასამართლოს მიერ.
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
დ. თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
... ‘’ .
სასამართლოს შეფასება
ა) რელევანტური პრინციპები
38. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი მუხლის საფუძველზე სასამართლო, პირველ რიგში, აფასებს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების სამართლიანობას მთლიანობაში (იხ., Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, § 84, ECHR 2010, and Schatschaschwili v. Germany [GC], no. 9154/10, § 101, ECHR 2015). სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეფასდეს თითოეულ საქმეზე მთლიანობაში სამართალწარმოების გათვალისწინებით და არა კონკრეტული ინციდენტის ან ერთი კონკრეტული ასპექტის იზოლირებულად განხილვის საფუძველზე. მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასებისას სასამართლო, საჭიროების შემთხვევაში, მხედველობაში მიიღებს კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ მინიმალურ უფლებებს, რომლებიც ასახავს სამართლიანი სასამართლო განხილვის მოთხოვნებს სისხლის სამართლის საქმეებზე წამოჭრილ ტიპიურ პროცედურულ სიტუაციებთან მიმართებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში ისინი შეიძლება აღქმულ იქნენ სამართლიანი განხილვის კონცეფციის კონკრეტულ ასპექტებად (მაგალითისთვის, იხილეთ, Ibrahim and Others v. the United Kingdom [GC], nos. 50541/08 and 3 others, § 251, 13 September 2016; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 169, ECHR 2010; Schatschaschwili, cited above, § 100; and Boshkoski v. North Macedonia, no. 71034/13, § 37, 4 June 2020).
39. სასამართლო იმეორებს, რომ მტკიცებულების დასაშვებობა პირველ ყოვლისა ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანია და როგორც წესი, ეროვნული სასამართლო აფასებს მის წინაშე არსებულ მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, კონვენციის მიხედვით სასამართლოს ამოცანა არ არის გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, სათანადოდ იქნა თუ არა აღნიშნული ჩვენებები საქმეზე მტკიცებულებად დაშვებული, არამედ, სასამართლოს ამოცანაა - როგორც ეს უკვე აღინიშნა 38-ე პარაგრაფში ზემოთ - იმის შეფასება, სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, რაც მოიცავს მტკიცებულების დასაშვებად ცნობის ფორმასაც (იხ., Van Mechelen and Others v. the Netherlands, 23 აპრილი, 1997, § 50, Reports of Judgments and Decisions 1997‑III, and Perna v. Italy [GC], no. 48898/99, ECHR 2003‑V, § 29).
40. როგორც კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან ჩანს, ეს დებულება ადგენს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებულ მოწმეთა დაკითხვის უფლებას. სასამართლომ განსაზღვრა მსგავსი მოწმეები, რომლებსაც ხშირად ,,ბრალდების მოწმეებად’’ მოიხსენიებს, რომელთა ჩვენებები გადამწყვეტი ხარისხით შეიძლება საფუძვლად დაედოს მსჯავრდებას და შესაბამისად, პროკურატურის მტკიცებულებას წარმოადგენს (იხ., (see Lucà v. Italy, no. 33354/96, § 41, ECHR 2001‑II). მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი’’ ასევე მოიცავს ბრალდებულის მხრიდან მოწმეთა დაკითხვისა და პროცესზე გამოძახების უფლებას; აღნიშნული მოწმეები არიან ,,დაცვის მოწმეები’’, რომელთა ჩვენებები ბრალდებულის სასარგებლოა (მაგალითისთვის, იხ., Pello v. Estonia, no. 11423/03, § 31, 12 აპრილი, 2007).
41. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ასახავს იმ ფაქტს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი შედგება ორი განსხვავებული უფლებისგან. სასამართლომ განავითარა ზოგადი პრინციპები, რომლებიც ექსკლუზიურად ეხება ბრალდების მოწმეთა დაკითხვის უფლებას, აგრეთვე ზოგადი პრინციპები, რომლებიც კონკრეტულად ეხება დაცვის მოწმეების პროცესზე გამოძახებისა და მათი დაკითხვის უფლებას.
(i) დაცვის მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის უფლება
42. რაც შეეხება დაცვის მოწმეებს, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი პრაქტიკაა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი არ მოითხოვს ბრალდებულის ყველა მოწმის გამოძახებასა და დაკითხვას, ამ დებულების არსებითი მიზანია, როგორც ეს გამოხატულია სიტყვებით ,,თანაბარ პირობებში’’, ამ საკითხთან მიმართებით ,,მხარეთა თანასწორობის’’ უზრუნველყოფა (იხ., Murtazaliyeva v. Russia [GC], no. 36658/05, § 139, 18 დეკემბერი 2018, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადასტურა და დამატებით განმარტა დაცვის მოწმეთა გამოძახებისა და დაკითვის უფლებასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები). თუმცა, ,,მხარეთა თანასწორობის’’ კონცეფცია არ ამოწურავს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შინაარს, არც აღნიშნული დებულების 1-ელ პუნქტს (იხ., Vidal v. Belgium, 22 აპრილი, 1992, § 33, Series A no. 235‑B).
43. როგორც წესი, ეროვნული სასამართლოები აფასებს მტკიცებულებათა რელევანტურობას და კვლავ, როგორც წესი, კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი მათ კომპეტენციას მიაკუთვნებს იმის შეფასებას, არის თუ არა შესაბამისი კონკრეტული მოწმის გამოძახება (იხ., Perna, ციტირებული ზემოთ, § 29). ბრალდებულისთვის საკმარისი არ არის იმის მტკიცება, რომ მას არ მიეცა გარკვეული მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა; დამატებით, მან უნდა გაამყაროს მისი მოთხოვნა იმის ახსნით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული მოწმის დაკითხვა და რომ მტკიცებულებას შეუძლია სამართალწარმოების შედეგზე გავლენის მოხდენა ან გონივრულ მოლოდინს აჩენს, რომ გაამყარებს დაცვის პოზიციას (იხ, Perna, ციტირებული ზემოთ, § 29, and Murtazaliyeva, ციტირებული ზემოთ, §§ 140 და 160). მოწმის გამოსაძახებლად წარმოადგინა თუ არა ბრალდებულმა ,,საკმარისი მიზეზები’’ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა როლი აქვს აღნიშნული მოწმის ჩვენებას საქმის გარემოებებზე (ibid., § 161). სასამართლომ შეიმუშავა ქვემოთ მოცემული სამსაფეხურიანი ტესტი, რომლის მიხედვით დაცვის მოწმის დაკითხვის მოთხოვნა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება (ibid., § 158).
(i) იყო თუ არა მოწმის დაკითხვის მოთხოვნა საკმარისად დასაბუთებული და რელევანტური ბრალდების შინაარსთან მიმართებით?
(ii) განიხილეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა მოწმის ჩვენების შესაბამისობა და წარმოადგინეს თუ არა სათანადო მიზეზები, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლო პროცესზე მოწმე არ დაკითხულიყო?
(iii) მოწმის დაკითხვის თაობაზე ეროვნული სასამართლოების უარმა ეჭვქვეშ ხომ არ დააყენა სამართალწარმოების სამართლიანობა მთლიანობაში?
(ii) ბრალდების მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება
44. რაც შეეხება ბრალდების მოწმეთა დაკითხვის უფლებას, სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობამდე, მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება, როგორც წესი, უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სასამართლო სხდომაზე შეჯიბრებითი განხილვისთვის. აღნიშნული პრინციპიდან გამონაკლისი დასაშვებია, თუმცა არ უნდა ირღვეოდეს დაცვის უფლებები, რომლებიც, როგორც წესი, მოითხოვს, რომ ბრალდებულს მიეცეს მის წინააღმდეგ არსებული მოწმის ადეკვატური და სათანადო დაკითხვის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდეგ ეტაპზე (იხ., Lucà v. Italy, ციტირებული ზემოთ § 39, and Al‑Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], nos. 26766/05 and 22228/06, § 118, ECHR 2011).
45. დაცვის მოწმეთა მდგომარეობისგან განსხვავებით, ბრალდებულს არ მოეთხოვება ბრალდების მოწმეთა მნიშვნელობის ჩვენება. პრინციპში, თუ პროკურატურა გადაწყვეტს, რომ კონკრეტული პირი ინფორმაციის შესაბამისი წყაროა და სასამართლო პროცესზე ეყრდნობა მის ჩვენებას და თუ სასამართლო ამ მოწმის ჩვენებას იყენებს გამამტყუნებელი განაჩენის გასამყარებლად, მისი პროცესზე გამოძახება და დაკითხვა აუცილებელია (იხ., Khodorkovskiy and Lebedev v. Russia, nos. 11082/06 and 13772/05, § 712, 25 ივლისი, 2013, და Khodorkovskiy and Lebedev v. Russia (no. 2), nos. 51111/07 and 42757/05, § 484, 14 იანვარი, 2020).
(iii) სხდომაზე გამოუცხადებელ პროკურატურის მოწმეთა ჩვენებების დასაშვებობასთან დაკავშირებული კრიტერიუმები
46. გადაწყვეტილებაში საქმეზე Al-Khawaja and Tahery (ციტირებული ზემოთ, §§ 119) დიდმა პალატამ შეაჯამა და დახვეწა პრინციპები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება მტკიცებულებად იქნა დაშვებული. მსგავსი სამართალწარმოების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტსა და მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტთან შესაბამისობა გამოკვლეულ უნდა იქნეს სამ ეტაპად:
(i) არსებობდა თუ არა მოწმის დაუსწრებლობისა და, შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი (იქვე, §§ 119-125);
(ii) დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი პირის მსჯავრდებისთვის (იქვე., §§ 119 and 126-147); და
(iii) არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც დააკომპენსირებდა დაცვის მხარისთვის გადაუმოწმებელი ჩვენების მტკიცებულებად გამოყენების შედეგად შექმნილ დაბრკოლებებს და უზრუნველყოფდა, რომ სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი იყო (იქვე., § 147).
47. საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (ციტირებული ზემოთ, §§ 111-31) სასამართლომ დაადასტურა და დამატებით განმარტა აღნიშნული პრინციპები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც წესი, ის განიხილავს Al-Khawaja and Tahery საქმეზე დადგენილ სამ საფეხურიან ტესტს იმ თანმიმდევრობით როგორც ეს ზემოხსენებულ საქმეზე იქნა დადგენილი; თუმცა, სასამართლომ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეში, უფრო უპრიანი იქნებოდა აღნიშნული საფეხურები სხვა თანმიმდევრობით გაევლო, კერძოდ, თუ ერთ-ერთი საფეხური გადამწყვეტი იქნებოდა სამართალწარმოების სამართლიანობას ან უსამართლობასთან დაკავშირებით (იქვე, § 118). ამ კონტექსტში სასამართლომ, inter alia, მიუთითა შემთხვევაზე, როდესაც მოწმეთა გადაუმოწმებელი ჩვენებები არ იყო მსჯავრდებისთვის ,,ერთადერთი’’ ან ,,გადამწყვეტი’’ მტკიცებულება (Mitkus v. Latvia, no. 7259/03, §§ 102 and 106, 2 ოქტომბერი, 2012).
48. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქმის განმხილველი სასამართლოსთვის უნდა ,,არსებობდეს სასამართლო პროცესზე მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი’’, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმისა, თუ რატომ არ არის მოწმე გამოცხადებული სასამართლო პროცესზე. ამ გაგებით თუ არსებობდა მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ეს გულისხმობდა იმას, რომ არსებობდა კარგი მიზეზი, ან გამართლება, იმისა, რომ სასამართლომ დასაშვებად ცნო დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება (იხ. ჭაჭაშვილი, ციტირებული ზემოთ, § 119). მართალია, სასამართლო პროცესზე მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არ არსებობა თავისთავად ვერ იქნება გადამწყვეტი მომჩივნის სამართალწარმოების არასამართლიანად მიჩნევისთვის, თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ბალანსის დადგენის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს, როდესაც ფასდება სამართალწარმოების სამართლიანობა მთლიანობაში და მან შეიძლება ბალანსი გადაწონოს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის დარღვევის დადგენისკენ ((ibid., § 113).
49. რაც შეეხება საკითხს, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება, რომელიც მტკიცებულების სახით დასაშვებად იქნა ცნობილი, იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი (Al-Khawaja and Tahery ტესტის მეორე საფეხური), სასამართლომ გაიმეორა, რომ ,,ერთადერთი’’ მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნეს, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება, ხოლო ,,გადამწყვეტი’’ მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე; რაც უფრო ძლიერია ბრალდების მტკიცებულება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუცხადებელი მოწმის მტკიცებულებას იგივე რეჟიმში განიხილავდეს, როგორც გადამწყვეტ მტკიცებულებას (ibid., § 123).
50. სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ ის არ მოქმედებს, როგორც მეოთხე ინსტანციის სასამართლო და გადაწყვეტილების მიღებისას, დაუსწრებელი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება იყო თუ არა მომჩივნის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი, მისთვის ამოსავალი წერტილია ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები. სასამართლომ უნდა მიმოიხილოს ეროვნული სასამართლოების შეფასება იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც მან ,,ერთადერთ’’ და ,,გადამწყვეტ’’ მტკიცებულებას მიაკუთვნა და დაადგინოს, ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულების წონის შეფასება იყო მიუღებელი თუ თვითნებური. მან ასევე თავად უნდა შეაფასოს დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება, თუკი ეროვნულმა სასამართლოებმა ამ საკითხზე არ მიუთითეს თავიანთი პოზიცია ან მათი პოზიცია არ არის ნათელი (ibid., § 124)
51. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, მან უნდა მიმოიხილოს შესატყვისი დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობა არა მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებზეც დაუსწრებელი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება მომჩივნის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი იყო. ის ამგვარად უნდა მოიქცეს იმ საქმეებზეც, სადაც ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულების წონის შეფასების მიმოხილვის შემდეგ, ის ბუნდოვნად მიიჩნევს განსახილველი მტკიცებულება იყო თუ არა ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი, თუმცა მიუხედავად ამისა, რწმუნდება, რომ მას მნიშვნელოვანი წონა აქვს და მისი დაშვება დაცვის მხარეს დაბრკოლებებს შეუქმნიდა. სამართალწარმოების სამართლიანად მისაჩნევად აუცილებელი დამაბალანსებელი ფაქტორების ფარგლები დამოკიდებული იქნება დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების წონაზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს მტკიცებულება, მით მეტი წონა აქვს დამაბალანსებელ ფაქტორებს, რათა სამართალწარმოება მთლიანობაში მიჩნეულ იქნეს სამართლიანად (ibid., § 116).
ბ) ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
52. მომჩივანი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ იმ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების მტკიცებულებად დაშვება, რომელთა ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა მას არ მიცემია, განაპირობებდა მისი დაცვის უფლებების დარღვევას. გამომდინარე იქედან, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტიები მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტში უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების სპეციფიკური ასპექტებია, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნულ საჩივარს, რომელიც ეხება ბრალდების მოწმეების ჯვარედინი დაკითხვის შეუძლებლობას, განიხილავს ამ დებულებების საფუძველზე (იხ., მაგალითისთვის და სხვებს შორის, Schatschaschwili, cited above, § 100).
(i) არსებობდა თუ არა სასამართლო პროცესზე ა-დან გ-მდე მოწმეთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი?
53. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს არნჰემ-ლიუვარდენის სააპელაციო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო კომპანიის მხრიდან ორი სხვა კომპანიის მიმართ განხორციელებული თაღლითობის de facto კონტროლისთვის. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო შვიდი მოწმის (ა-დან გ-მდე) მიერ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებებს. რეგიონული სასამართლო, როდესაც მომჩივანი დამნაშავედ ცნო პირველ ინსტანციაში, დაეყრდნო აღნიშნული შვიდი მოწმიდან ექვსი მოწმის ჩვენებას. მომჩივნის ადვოკატი მოითხოვდა, რომ აღნიშნული მოწმეები გამოძახებულნი ყოფილიყვნენ სააპელაციო სასამართლოს ან გამომძიებელი მოსამართლის წინაშე, რათა ჰქონოდა მათი ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა; მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
54. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა არ იქნა უარყოფილი ისეთი საფუძვლებით, როგორიცაა მოწმის გარდაცვალება ან შიში, მოწმეთა გამოუცხადებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მათი მიუწვდომლობის გამო (იხ, Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 119), არც იმგვარი საფუძვლებით, რომლებიც დაკავშირებულია სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების სპეციალური მახასიათებლებთან (მაგალითისთვის, იხ., S.N. v. Sweden, no. 34209/96, § 47, ECHR 2002‑V, and D.T. v. the Netherlands (dec.), no. 25307/10 § 47, 2 აპრილი, 2013); სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნაზე უარის გასამართლებელ ერთადერთ საფუძვლად მიუთითა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, თუ რატომ ჰქონდა დაცვის მხარეს მოწმეთა დაკითხვის ინტერესი.
55. ამ კონტექსტში სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ დაცვის მხარე არ მიუთითებდა ა-დან გ-მდე მოწმეთა ჩვენებების რა ნაწილი იყო არასწორი და დამატებით, მომჩივანმა პოლიციაში დაკითხვის დროს ისარგებლა დუმილის უფლებით, აგრეთვე მან არ ისურვა კომპანია ფრ.-ში მის საქმიანობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა, როდესაც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს ეს კითხვები დაუსვა. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს ეს დამატებითი მოსაზრებები სავარაუდოდ განიმარტა იმგვარად, რომ ეს ფაქტები რელევანტური იყო მოწმეთა გამოძახების მოთხოვნაზე უარის თქმისთვის, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის უფლება დაკითხოს მის წინააღმდეგ არსებული მოწმეები ვერ იქნება დამოკიდებული მისი მხრიდან დუმილის უფლების გამოყენებაზე.
56. რაც შეეხება დაცვის მხარის მიმართ მოთხოვნას დაასაბუთოს ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვის თხოვნა, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, როგორც ეს უკვე აღნიშნულია პარ. 44-ში ზემოთ, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტში მოცემული პრინციპი ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით არის ის, რომ სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს ეფექტური შესაძლებლობა სადავო გახადოს მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები. ეს პრინციპი მოითხოვს, რომ დაცვის მხარეს შეეძლოს იმ მოწმეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სიმართლისა და სანდოობის შემოწმება, რომლებმაც მას ბრალი დასდეს, მისი თანდასწრებით მათივე ზეპირი დაკითხვის გზით, მოწმის მიერ განცხადების გაკეთების დროს ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე (იხ. პარ. 46 ზემოთ). შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა ეყრდნობა მოწმის ასეთ განცხადებას და პირველი ინსტანციის სასამართლო გამოიყენებს მას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, დაცვის მხარის ინტერესი შეძლოს მოწმის დაკითხვა მისივე თანდასწრებით, უნდა იქნეს გათვალისწინებული და როგორც ასეთი, წარმოადგენს საჭირო მიზეზს, რომელიც საჭიროა დაცვის მხარის მიერ მოწმის გამოძახების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (იხ. პარ. 45 ზემოთ).
57. როგორც ჩანს, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა A-დან და G-მდე მოწმეთა ჩვენებების რელევანტურობა - ან რელევანტურობის ნაკლებობა - როდესაც მან გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მომჩივნის თხოვნა ამ მოწმეთა გამოძახების შესახებ და არც მთავრობა არ ხდიდა სადავოდ, რომ რომელიმე ამ მოწმის ჩვენება შეიძლებოდა ყოფილიყო აშკარად შეუსაბამო ან გადამეტებული.
58. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უარი, დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის მოთხოვნა ემთხვეოდა სამი თვით ადრე გამოტანილ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ამ უკანასკნელმა დაადგინა თუ როგორ უნდა განმარტებულიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდების კანონმდებლობის თანახმად, დაცვის მხარეს მოწმის გამოძახების შესახებ მოთხოვნას შეიძლება უარი ეთქვას, თუ ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელი ან არასაკმარისად დასაბუთებულია, შესაბამისად, დაცვის მხარეს უნდა დაესაბუთებინა თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი კონკრეტული მოწმის დაკითხვა „სისხლის სამართლის საქმეზე სსსკ-ის 348-ე და 350 -ე მუხლების საფუძველზე გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან მიმართებით“ (იხ. პარ. 19 პუნქტი 2.6 ზემოთ).
59. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ მოწმეთა გამოძახება და დაკითხვა საჭიროებს დასაბუთებას, განურჩევლად იმისა, ეს ეხება ბრალდების მხარის მოწმეებს თუ დაცვის მხარის მოწმეებს. მოგვიანებით, უზენაესი სასამართლო ამას მკაფიოდ აცხადებდა 2017 წლის 4 ივლისის შემდგომ ორ გადაწყვეტილებაში (რომლებიც გამოიტანა მოცემულ საქმეზე ეროვნული სამართალწარმოების დასრულების შემდეგ), სადაც განმარტავდა, თუ რა კავშირში იყო ამგვარი მოთხოვნების დასაბუთების მოთხოვნა კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან. მან მიიჩნია, რომ ეს მოთხოვნა არ ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტს და შეესაბამებოდა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, სადაც იგი დაცვის მხარისგან მოითხოვდა მოწმის გამოძახების მოთხოვნის დასაბუთებას. ამასთან დაკავშირებით, უზენაესმა სასამართლომ სქოლიოში მიუთითა სტრასბურგის სასამართლოს ორი გადაწყვეტილების შესახებ: Perna v. Italy ([დიდი პალატა], no. 48898/99, § 29, ECHR 2003‑V), და Poropat v. Slovenia (no. 21668/12, § 42, 9 მაისი 2017)]. მან ასევე აღნიშნა, რომ სსსკ-ის დებულებები მოწმეთა გამოძახების და დაკითხვის შესახებ ერთმანეთისგან არ განასხვავებს მოწმეებს, რომლებსაც (შეეძლოთ) ჩვენება მიეცათ ბრალდებულის წინააღმდეგ, იმ მოწმეებისგან, რომლებსაც (შეეძლოთ) ჩვენება მიეცათ ბრალდებულის სასარგებლოდ და დაადგინა, რომ მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ განსხვავდებოდა, იყო ეს ბრალდების მხარის თუ დაცვის მხარის მოწმე.
60. სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ გადაწყვეტილებაში საქმეებზე Perna და Poropat, ბრალდებული მომჩივნები ითხოვდნენ იმ მოწმეთა გამოძახებასა და დაკითხვას რომელთა ჩვენებებსაც, მათი აზრით, შეეძლოთ გაემყარებინა დაც ვის პოზიცია ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველიც კი გამხდარიყო (იხ. Perna, ციტირებული ზემოთ, §§ 17 და 31, და Poropat, ციტირებული ზემოთ, §§ 13 და 46); შესაბამისად, მათი მოთხოვნები ეხებოდა მოწმეებს მათ დასაცავად. ამრიგად, ეს განსხვავდება იმ სიტუაციისგან, როდესაც ბრალდებული უპირისპირდება მოწმის ჩვენებას, რომელიც მას ადანაშაულებს (იხ. პარ. 45 ზემოთ).
61. უფრო მეტიც, Perna -ს გადაწყვეტილება - რომელიც მითითებულია Poropat -ის გადაწყვეტილების 42-ე პარაგრაფში - წინ უსწრებს Al-Khawaja and Tahery - ის გადაწყვეტილებას (ციტირებული ზემოთ), რომელშიც დიდი პალატა აერთიანებს და განმარტავს თავის პრეცედენტულ სამართალს, რომელიც ეხება ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვას მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,დ’’ ქვეპუნქტთან მიმართებით. ეს ასევე ეხება სტრასბურგის სასამართლოს ოთხ სხვა გადაწყვეტილებას, რომლებზეც მთავრობა უთითებს 2017 წლის 4 სექტემბრის წარდგინებაში და რომლებიც გამოიცა 2005 წლიდან 2010 წლამდე. შესაბამისად, რადგან ეს ოთხი განსაზღვრება არ შეესაბამება საქმეში Al-Khawaja and Tahery მოცემულ პრინციპებს, ისინი შეცვლილი იქნა დიდი პალატის გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოიცა 2011 წელს მანამ, სანამ ეროვნული სასამართლოები წინამდებარე საქმეზე გამოიტანდნენ გადაწყვეტილებას (იხ. პარ. 5, 11 და 17 ზემოთ). გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მთავარობის მიერ მოხსენიებული ოთხი საქმიდან არცერთი არ იყო წინამდებარე საქმის მსგავსი, როდესაც ბრალდების მხარის გამოძახების მოთხოვნა ეროვნულ დონეზე უარყოფილი იქნა იმ მიზეზით, რომ იგი არ იყო დასაბუთებული. სტრასბურგის სასამართლო შესაძლებლობას იყენებს ხელახლა დაადასტუროს ზოგადი პრინციპები რომლებიც ეხება ბრალდებულის უფლებას - დაკითხოს ან დაკითხონ მის წინააღმდეგ მოწმეები (როგორც ეს ზემოთაა მოცემული პარ. 44- 45), შესაბამისად, დაცვის მხარის ინტერესი, რომ მისი თანდასწრებით დაიკითონ მოწმეები, ნავარაუდები უნდა ყოფილიყო (იხ. ასევე პარ. 60).
62. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, არ შეიძლება ითქვას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სათანადო ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები მოწმეთა გამოძახებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
63. მოწმეთა დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა თავისთავად არ არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ მომჩივნის სასამართლო პროცესი მიჩნეული იქნეს უსამართლოდ. მიუხედავად ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ გადაწონოს სხვა შესაბამისი მსჯელობები, კერძოდ იყო თუ არა მოწმეთა ჩვენებები ერთადერთი ან გადამწყვეტი მსჯავრის დადებისას და არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები (იხ. Schatschaschwili v. Germany (15 დეკემბერი 2015, no. 9154/10).
(ii) იყო თუ არა გამოუცხადებელი მოწმეების ჩვენებები მომჩივნის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი
64. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც სააპელაციო სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო, არ იყო შეზღუდული მხოლოდ A-დან G-მდე (A. B, C, D, E, F, G) მოწმეების ჩვენებებით (იხ. პარგარაფი 13 ზემოთ); ამდენად, მომჩივნის მსჯავრდება არ ეფუძნებოდა მხოლოდ მათ ჩვენებებს (იხ. Al-Khawaja and Tahery, ციტირებულია ზემოთ, § 131). მეტიც, სასამართლოს შეფასებით, მოცემულ ჩვენებათაგან ვერც ერთი ვერ მიიჩნევა ისეთ მტკიცებულებად, რომელიც დაადგენდა, რომ მომჩივანი უწევდა დე ფაქტო კონტროლს კომპანია Fr.-ის მიერ, Jo. და Co. კომპანიების მიმართ ჩადენილ თაღლითობას. სააპელაციო სასამართლოს ცალსახად არ დაუფიქსირებია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წონადი იყო იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ გამოცხადნენ სასამართლო პროცესზე. (იხ. პარაგრაფი 50 ზემოთ და a contrario, Seton v. the United Kingdom, no. 55287/10, § 63, 31 March 2016). იმ შეფასების გათალისწინებით, რაც სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებებეთან მიმართებით გააკეთა, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოუცხადებელ მოწმეთა ჩვენებები ისეთ მტკიცებულებებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც დიდი ალბათობით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის შედეგზე (იხ. პარაგრაფი 49).
(iii) იყო თუ არა სახეზე საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები
65. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს დამაბალანსებელი ფაქტორები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ისეთი მოწმის ჩვენების სარწმუნოობის სამართლიან და სათანადო შეფასებას, რომელიც არ დაკითხულა სასამართლო პროცესზე. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ელემენტები, რომლებიც რელევანტურია კონტრდამაბალანსებელ ფაქტორთა ადეკვატურობის შეფასებისას: განმხილველი სასამართლოს მიდგომა ამგვარი ჩვენების მიმართ, მოწმეთა ამგვარი განცხადებების გამამყარებელი, დამატებითი მტკიცებულებების ხელმისაწვდომობა და წონადობა, და სასამართლო პროცესზე პირდაპირ, ჯვარედინი დაკითხვის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ მიღებული პროცედურული ზომები (იხ. Schatschaschwili, ციტირებულია ზემოთ, §§ 125‑31 და 151).
66. სასამართლო პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ A-დან G-მდე მოწმეთა ჩვენებები ჩამოთლილი იყო სხვა იმ მტკიცებულებებთან ერთად, რომლებიც მომჩივნის ბრალეულობას ასაბუთებდა და აღნიშნული განხორციელებული იყო ყოველგვარი მითითების გარეშე იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის ცნობილი იყო ამგვარ მოწმეთა ჩვნებების შემცირებული მტკიცებულებითი ღირებულების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება არ შეიცავდა არც მითითებას იმის შესახებ, თუ რატომ მიიჩნევდა ის აღნიშნულ ჩვენებებს სარწმუნოდ (იხ. პარ. 13-14 ზემოთ; იხ. აგრეთვე, mutatis mutandis, Avetisyan v. Armenia, no. 13479/11, § 63, 10 ნოემბერი, 2016).)
67. შემდეგ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ამგვარ ჩვენებათა გამამყარებელი არანაირი დამატებითი მტკიცებულება მოცემულ საქმეში არ იყო ხელმისაწვდომი, ეს იქნებოდა ჭაჭაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების 125-131 პარაგრაფებში აღწერილი მტკიცებულება, თუ სხვა, იმავე დამცავი მექანიზმის უზრუნველმყოფი მტკიცებულება.
68. რაც შეეხება სასამართლო პროცესზე პირდაპირ, ჯვარედინი დაკითხვის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ მიღებულ პროცედურულ ზომებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სამართალწარმოების პროცესში, მომჩივანს შეეძლო, სადავო მოვლენების შესახებ საკუთარი ვერსია წარედგინა, რაც მან გააკეთა კიდეც 2014 წლის 16 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს წინაშე გამართულ ზეპირ მოსმენაზე. (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ). მომჩივნისთვის სასამართლო პროცესზე პირდაპირ, ჯვარედინ დაკითხვაზე უარის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებიდან ასევე იკვეთება, რომ მომჩივნისთვის შესაძლებელი იყო, სადავოდ გაეხადა იმ მოწმეთა განცხადებების სიზუსტე, რომლებიც მათ პოლიციას მისცეს (იხ. პარაგრაფები 8 და 12). ამ კონტექსტში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზემოთ ხსენებულ სასამართლო მოსმენაზე მომჩივანი დავობდა, რომ მოწმე დ-ს შეეძლო, ამოეცნო ის კონკრეტული ფოტოდან და თავად მას ნამდვილად ჰქონდა კონტაქტი იმ რამდენიმე მოწმესთან, რომლებიც ამის შესახებ აცხადებდნენ (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებელ მოწმეთა განცხადებების სადავო გახდომისა და გაქარწყლების შესაძლებლობა შეზღუდული ხასიათისაა იმ სიტუაციაში, როდესაც დაცვის მხარეს უარი ეთქვა მათი ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობაზე. მეტიც, სასამართლოს არაერთ შემთხვევაში დაუდგენია, რომ ამგვარი შესაძლებლობა, თავის მხრივ, ვერ მიიჩნევა საკმარის კონტრდამაბალანსებელ ფაქტორად მოწმეთა გამოუცხადებლობით გამოწვეულ, დაცვის მხარის შეზღუდული შესაძლებლობის საკომპენსაციოდ (იხ. mutatis mutandis, Trampevski v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 4570/07, § 49, 10 July 2012, და Riahi v. Belgium, no. 65400/10, § 41, 14 ივნისი, 2016). აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი მოცემულ საქმეშიც.
69. ზემოთ განხილულის გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასებით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ არსებობდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები იმ შეზღუდული შესაძლებლობების საკომპენსაციოდ, რომლის ფარგლებშიც დაცვის მხარეს უწევდა წარედგინა საკუთარი პოზიცია.
(iv) დასკვნა
70. ხსენებული შეფასებები საკმარისია სასამართლოსთვის იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მომჩივნის შეუძლებლობამ, ჯვარედინი დაკითხვის წესით დაეკითხა პროკურატორის მოწმეები, სამართალწარმოება მთლიანობაში არასამართლიანად აქცია. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი.
II. მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი ასევე დავობდა, რომ უზენაესი სასამართლოს შეუძლებლობა, სათანადოდ დაესაბუთებინა მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე მისი უარი, ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს.
სასამართლოს შეფასებით, საჩივრის აღნიშნული ნაწილი აშკარად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის საფუძველზე.
დასკვნა: დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი (ერთხმად).
[1] გენერალური ადვოკატების მოვალეობაა სასამართლო პროცესზე დასწრება და საკუთარი სამართლებრივი დასკვნების მომზადება. ისინი არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.