Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
ხაჭაპურიძე და ხაჩიძე საქართველოს წინააღმდეგ
CASE OF KHACHAPURIDZE AND KHACHIDZE v. GEORGIA
(საჩივრები nos. 59464/21 და 13079/22)
გადაწყვეტილება
29 აგვისტო 2024
საქმე ეხება პირველი და მეორე მომჩივნის სავარაუდო შესაძლებლობის არქონას, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესში, მიეღოთ მათი სახელით მოწმეების დასწრება იმავე პირობებში, როგორც მათ წინააღმდეგ მოწმეები ესწრებოდნენ, საქმე ასევე ეხება, ეროვნული სასამართლოების მიერ დაუსწრებელი მოწმეების ჩვენებებზე როგორც მტკიცებულებებზე დაყრდნობას და ზემოხსენებული მომჩივნების სასამართლო პროცესიდან გაძევებას. ამასთან იგი ეხება, სისხლისსამართლებრივი გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობას მესამე მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებით. პირველი და მეორე მომჩივანი დავობდნენ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტებზე დაყრდნობით, მაშინ, როცა მე-3 მომჩივანი დავობდა კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებზე დაყრდნობით.
ფაქტები
პირველი მომჩვანი არის ქბ. თამარ ხაჭაპურიძე, რომელიც დაიბადა 1970 წელს; მეორე მომჩივანი არის ბნ. კახაბერ ხაჩიძე, რომელიც დაიბადა 1969 წელს; და მესამე მომჩივანი არის ბნ. დავით ხაჩიძე, რომელიც დაიბადა 2003 წელს. პირველი და მოერე მომჩივანი არიან ცოლ-ქმარი, ხოლო მესამე მომჩივანი კი მათი ვაჟი.საქმის ფაქტები შესაძლოა შეჯამდეს შემდეგნაირად.2016 წლის 26 აგვისტოს შემთხვევა5. 2016 წლის 26 აგვისტოს პოლიციაში ორი შეტყობინება შევიდა ქალაქ ბათუმთან ახლოს გონიოს პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. პირველი შეტყობინება ეკუთვნოდა პირველ მომჩივანს, რომელიც ჩიოდა, რომ მოსამართლე გ.მ.-მ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას და მის ვაჟს (მესამე მომჩივანი). მეორე შეტყობინება დაახლოებით ორმოცი წუთის შემდეგ გააკეთა გ.მ.-მ, რომელიც ჩიოდა, რომ ის იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი პირველი მომჩივნისა და მისი ოჯახის მხრიდან.
II. სისხლსსამართლებრივი წარმოება პირველი და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ
ა. სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყება
6. სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო იმავე დღეს. თავდაპირველად იგი ეყრდნობოდა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლს, მაგრამ მოგვიანებით იმავე დღეს იგი გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (“მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით” - იქვე)
7. 2016 წლის 27 აგვისტოს გამთენიისას პირველი და მეორე მომჩივნები დააკავეს და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლით. 2016 წლის 28 აგვისტოს მეორე მომჩივანი გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, ხოლო პირველი მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. იგი გირაოს სანაცვლოდ 2016 წლის 21 სექტემბერს გაათავისუფლეს.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა84. პირველი და მეორე მომჩივანი ჩიოდნენ, რომ (i) მათ არ ჰქონდათ თავიანთი სახელით მოწმეების დასწრების შესაძლებლობა მათ წინააღმდეგ მოწმეების მსგავს პირობებში; (ii) რომ მათი მსჯავრდება გადამწყვეტი მასშტაბით ეფუძნებოდა დაუსწრებელ მოწმეთა ჩვენებებს; (iii) რომ მათი პროცესიდან გაძევება შეუთავსებელი იყო კონვენციით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს გარანტიებთან. ისინი ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების რელევანტურ ნაწილებს.
ა. დასაშვებობა
85. მთავრობამ მიუთითა, რომ პირველ და მეორე მომჩივანს არ ამოუწურავთ შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რადგან პირველმა და მეორე მომჩივნებმა ამ კუთხით თავიანთ საჩივართან დაკავშირებით ცალ-ცალკე არ გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება.
86. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ, ვინაიდან საქმე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების ყურადღების ქვეშ იყო, მათ ამოწურეს სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები.
87. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანთა საჩივარი მათ გაძევებასთან დაკავშირებით გამოიკვლია და პირდაპირ განიხილა უზენაესმა სასამართლომ. სასამართლო იმეორებს, რომ შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურაობა შეუძლებელია მომჩივნის წინააღმდეგ იქნეს მიმართული, ამ უკანასკნელის მიერ კანონით გათვალისწინებული ნორმების დაუცველობის მიუხედავად, თუ კომპეტენტური ორგანო მაინც განიხილავს საჩივრის არსს (იხილეთ, Vladimir Romanov v. Russia, no. 41461/02, § 52, 24 ივლისი 2008) და სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მისცეს შესაძლებლობა გამოესწორებინათ სავარაუდო დარღვევა.
88. აქედან გამომდინარე ეს საჩივარი არ შეიძლება დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოუწურაობის გამო.
89. გარდა ამისა, პირველი და მეორე მომჩივნების საჩივრები კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 მუხლის მნიშვნელობით. არც დაუშვებელია რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ცნობილი უნდა იქნეს დასაშვებად.
ბ. არსებითი მხარე
90. სასამართლო მიუთითებს, რომ კონვენციის 6 § 3 მუხლის მოთხოვნები განიხილება როგორც 6 § 1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების განსაკუთრებული ასპექტები. შესაბამისად, სასამართლო განიხილავს პირველი და მეორე მომჩივნების საჩივართა სამივე ნაწილს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 84), ერთად აღებულს, ამ ორი დებულების მიხედვით (სხვათა შორის, იხილეთ, Schatschaschwili v. Germany [GC], no. 9154/10, § 100, ECHR 2015, და Idalov v. Russia [GC], no. 5826/03, § 169, 22 მაისი 2012). შემდეგ იგი გააგრძელებს სისხლისსამართლებრივი წარმოების მთლიან სამართლიანობაზე მათი გავლენის შეფასებით (იხილეთ, Khavshabova v. Georgia, no. 26134/19, §§ 28 და 56, 29 ივნისი 2023).
1. პირველი და მეორე მომჩივნის სავარაუდო შესაძლებლობის არქონა გამოიძახონ მოწმეები თავიანთი სახელით იმავე პირობებში როგორც მათ წინააღმდეგ მოწმეები
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
95. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად მტკიცებულების დასაშვებობა, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული კანონმდებლობით რეგულირების საკითხია და სასამართლოს ამოცანა არაა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, იყო თუ არა მოწმეების ჩვენებები მტკიცებულებად სათანადოდ დაშვებული, არამედ იმის გარკვევა, იყო თუ არა სამაამართალწარმოება მთლიანობაში, მტკიცებულებების მიღების ჩათვლით, სამართლიანი (იხილეთ, სხვათა შორის, Van Mechelen and Others v. the Netherlands, 23 აპრილი 1997, § 50, Reports 1997‑III, და Perna v. Italy [GC], no. 48898/99, § 29, ECHR 2003‑V). კონვენციის 6 § 3 (დ) მუხლი არ მოითხოვს ბრალდებულის სახელით ყველა მოწმის დასწრებასა და დაკითხვას, ამ დებულების არსებითი მიზანი, როგორც გადმოცემულია სიტყვებით „ერთსა და იმავე პირობებში“ არის ამ საკითხში სრული „მხარეთა თანასწორობის პრინციპის“ უზრუნველყოფა (იხილეთ Engel and Others v. the Netherlands, 8 ივნისი 1976, § 91, Series A no. 22; Vidal v. Belgium, 22 აპრილი 1992, § 33, Series A no. 235‑B; და Murtazaliyeva v. Russia [GC], no. 36658/05, § 139, 18 დეკემბერი 2018).
96. საქმეში მურთაზალიევა (ციტირებული ზემოთ, § 158) სასამართლომ ჩამოაყალიბა შემდეგი სამმხრივი ტესტი იმის შესაფასებლად, შესრულებულია თუ არა დაცვის მოწმის გამოძახების უფლება 6 § 3(დ) მუხლით: (1) იყო თუ არა მოწმის დაკითხვის მოთხოვნა საკმარისად დასაბუთებული და რელევანტური ბრალდების საგნისათვის; (2) განიხილეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა ამ ჩვენების რელევანტურობა და წარადგინეს თუ არა საკმარისი მიზეზები სასამართლო პროცესზე მოწმის დაუკითხაობის შესახებ; და (3) ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება მოწმის დაუკითხაობის თაობაზე უთხრის თუ არა ძირს საქმის წარმოების მთლიან სამართლიანობას.
97. პირველ ელემენტთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ აუცილებელია იმის შემოწმება, შეეძლო თუ არა მოწმეს გავლენა მოეხდინა სასამართლო პროცესის შედეგზე ან გონივრულად მოსალოდნელი იყო თუ არა დაცვის მხარის პოზიციის გაძლიერება. დაცვის მხარის შუამდგომლობის დასაბუთების “საკმარისობა” მოწმეების მოსმენის შესახებ დამოკიდებული იქნება მოცემული საქმის გარემოებების შეფასებაზე, ეროვნული კანონმდებლობის დებულებების გამოყენებადობის ჩათვლით, პროცესის სტადიასა და მიმდინარეობაზე, მხარეთა მსჯელობის ხაზებსა და სტრატეგიებზე და მათ პროცედურულ ქცევაზე (იქვე., §§ 160-61).
98. რაც შეეხება ტესტის მეორე ელემენტს, სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად ჩვენების რელევანტურობა და დაცვის მხარის მიერ საქმის გარემოებებში მოყვენილი მიზეზების საკმარისობა განსაზღვრავს მოწმის დასწრებისა და დაკითხვის აუცილებლობის უზრუნველყოფაზე ეროვნული სასამართლოების შეფასების ფარგლებსა და დეტალების დონეს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერი და წონადი არგუმენტები ექნება დაცვის მხარეს, მით უფრო გულდასმით უნდა იქნეს შემოწმებული და მით უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს ეროვნული სასამართლოების მსჯელობა, თუ ისინი უარს ამბობენ დაცვის მხარის მოთხოვნაზე დაკითხონ მოწმე (იქვე., § 166).
99. რაც შეეხება საერთო სამართლიანობის შეფასებას, როგორც ტესტის მესამე ელემენტს, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან შესაბამისობა განხილულ უნდა იქნეს თითოეულ შემთხვევაში მთლიანი საქმის წარმოების განვითარების გათვალისწინებით და არა ერთი კონკრეტული ასპექტის ან ერთი კონკრეტული შემთხვევის ცალკე განხილვის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტესტის პირველი ორი საფეხურის დასკვნები, ზოგადად, მტკიცედ მიუთითებს იმაზე, იყო თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ, რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევბში სამართლიანობის მოსაზრებებმა გამოიწვიოს საპირისპიროს დასკვნა(იქვე, §§ 167-68).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
100. თავიდანვე, რამდენადაც მოწმეები ა.დ. და დ.გ. დაკავშირებულები არიან, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმხილველმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა ჩვენების მიცემის თაობაზე (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 38), მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, არ ეიძულებინა ისინი გამოცხადებულიყვნენ მას შემდეგ, რაც მოწმეებმა ეს ვერ მოახერხეს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 39). თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მომჩივნებმა ვერ განმარტეს თუ რატომ იყო იმ ორი მოწმის გამოცხადება აუცილებელი. ამასთან ერთად, მათი წინასასამართლო ჩვენებების შინაარსი, არ ავლენს, რომ პროცესზე მათ დასწრებას რაიმე დამატებითი ღირებულება ჰქონდა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 13). ასეთ გარემოებებში, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ დაეძალებინა მოწმეთათვის გამოცხადება, არ შეურყევია სამართალწარმოების საერთო სამართლიანობა.
101. რაც შეეხება მომჩივანთა საჩივარს, რომ მათ ვერ მიაღწიეს, რომ მესამე მომჩივანი მოწმის სახით დასწრებოდა მათ საქმეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არ დაუშვა მესამე მომჩივნის დისტანციურად დაკითხვა და არც სასამართლო პროცესი გადადო სამ კვირაზე ცოტა მეტი დროით, რათა მას პირადად გამოცხადების საშუალება ჰქონოდა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის არგუმენტს, რომ მესამე მომჩივნის ჩვენებას არ ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა პირველი და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ საქმეში სიმართლის დასაგენად იმის გათვალისწინებით, რომ სხვა საკითხებთან ერთად, არსებობდა ინციდენტის ვიდეო კადრები (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 15). იმის შესაფასებლად, დაცული იყო თუ არა დაცვის მხარის მოწმის გამოძახების უფლება კონვენციის 6 § 3 (დ) მუხლის მიხედვით, სასამართლო, პირველ რიგში, განიხილავს იყო თუ არა მოწმის დაკითხვის მოთხოვნა საკმარისად დასაბუთებული და რელევანტური ბრალდების საგნისათვის.
102. ამასთან დაკავშირებით, მესამე მომჩივნის ეროვნულ დონეზე მოსმენის მოთხოვნას არ ახლდა დეტალური მიზეზები, განსხვავებით პირველი და მეორე მომჩივნის სასამართლოში წარდგენისაგან (შეადარეთ ზემოთ პარაგრაფები, 36 და 91). თუმცა, და მიუხედავად იმისა, რომ მესამე მომჩივნის ინციდენტში მონაწილეობა მართლაც იყო საქმის მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი, იგი დაცვის მხარის მთავარი მოწმე იყო და მისი დაკითხვის მოთხოვნა არ იყო a priori გამაღიზიანებელი. პირიქით, როგორც პირველ და მეორე მომჩივანთა ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, მისი ჩვენებს რელევანტურობა, საქმის კონკრეტულ გარემოებებში, გარკვეულწილად თავისთავად ცხადი იყო (იხილეთ, Murtazaliyeva, ციტირებული ზემოთ, § 161).
103. ამის ფონზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ აწონ-დაწონეს მესამე მომჩივნის ჩვენების რელევანტურობა. ამის საწინააღმდეგოდ, საქმის განმხილველმა სასამართლომ მისი მოსმენის მოთხოვნები უარყო პროცედურული საფუძვლებით.
104. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, პირველ რიგში, რომ ეროვნული კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს მოწმეების დისტანციურად მოსმენის შესაძლებლობას (შეადარეთ, Bátěk and Others v. the Czech Republic, no. 54146/09, § 61, 12 იანვარი 2017). საქმის განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროცედურა ვერ გამოიყენებოდა მესამე მომჩივანთან მიმართებით. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნებმა ვერ მიაწოდეს მისი იდენტიფიცირებადი მისამართი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი ვინაობა შეიძლება ეჭვქვეშ დამდგარიყო. ვერც დოკუმენტი გადასცეს, რომელიც გააფრთხილებდა შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მოწმის არასრულწლოვნობის გამო სპეციალური კანონიერი წარმომადგენელი უნდა დანიშნულიყო, თუმცა ასეთი დანიშვნა დისტანციურად ვერ მოხდებოდა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 37).
105. რაც შეეხება სასამართლო განხილვის გადადების მოთხოვნას მესამე მომჩივნის პირადად გამოცხადებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მომჩივანთა კრიტიკა იმის გამო, რომ ეს მოთხოვნები საკმაოდ გვიან წარმოადგინეს სასამართლოში. კერძოდ, მაშინ, როცა მესამე მომჩივანი დაცვის მოწმე იყო 2016 წლის ოქტომბრიდან (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები, 17 და 20), პირველ და მეორე მომჩივანთა მოთხოვნა მისი დაკითხვის თაობაზე წარდგენილ იქნა 2018 წლის ივლისში ერთ-ერთ დასკვნით მოსმენაზე (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 22 და 36). თუმცა, სხდომის გადადების მოთხოვნა იყო დასაბუთებული და არ ითხოვდა ხანგრძლივ გადადებას (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 40). ასეთ ვითარებაში და მესამე მომჩივნის ჩვენების მნიშვნელობის გათვალისწინებით ეროვნულმა სასამართლომ საკმარისად ვერ დაასაბუთა დასწრის თაობაზე უარის შესახებ გდაწყვეტილება.
106. სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა პირველი და მეორე მომჩივნების საჩივრები ამ ნაწილში უპასუხოდ დატოვეს.
დაუსწრებელ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობა(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
109. ზოგადი პრინციპები საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება დაუსწრებელი მოწმეების დაკითხვას და სასამართლოს მიერ ამ მოწმეთა ჩვენებების მტკიცებულებების გამოყენებას შეიძლება მოიძებნოს საქმეში შაჭაშვილი (ციტირებული ზემოთ, §§ 100-131) და საქმეში ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ([GC], nos. 26766/05 და 22228/06, §§ 118‑47, ECHR 2011; იხილეთ ასევე, Seton v. the United Kingdom, no. 55287/10, §§ 57‑59, 31 მარტი 2016).
110. საქმეზე ფაისალ ფამუქი თურქეთის წინააღმდეგ მითითებით (no. 430/13, §§ 45-49, 18 იანვარი 2022) ეს პრინციპები შესაძლოა შეჯამდეს შემდეგნაირად: ისინი ადგენენ სამმხრივ ტესტს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მოეთხოვება გამოიკვლიოს: (i) არსებობდა თუ არა პროცესზე მოწმის დაუსწრებლობის კარგი მიზეზი; (ii) იყო თუ არა დაუსწრებელი მოწმის მიერ მიცემული მტკიცებულება ერთადერთი ან გადამწყვეტი მომჩივნის მსჯავრდებისათვის ან მნიშვნელოვანი წონა ჰქონდა ამ მხრივ; და (iii) არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები იმ ხარვეზების კომპენსაციისათვის, რომელსაც დაცვის მხარე განიცდიდა დაუსწრებელ მოწმეებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, როგორც 6 § 3 მუხლით გათვალისწინებული ყველა საჩივრის შემთხვევაში, ბრალდებულისათვის შესაძლებლობის არქონა დაკითხოს მოწმე, უნდა შეფასდეს იმ გავლენის გათვალისწინებით, რაც მას ჰქონდა მთლიანად პროცესის სამართლიანობაზე (იხილეთ, Šmajgl v. Slovenia, no. 29187/10, § 61, 4 ოქტომბერი 2016). სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ იგივე პრინციპები გამოიყენება სასამართლო პროცესზე მოწმის დაკითხვისას, მათი შესაბამისი მოდალობების ჩათვლით (იხილეთ, Chernika v. Ukraine, no. 53791/11, § 46, 12 მარტი 2020; Ürek and Ürek v. Turkey, no. 74845/12, § 49, 30 ივლისი 2019; და Cherpion v. Belgium (dec.), no. 47158/11, §§ 35-41, 9 მაისი 2017).
111. სასამართლო იმეორებს, რომ 6 § 3 (დ) მუხლი აწესებს პრინციპს, რომ სანამ ბრალდებულს მსჯავრი დაედება, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება ჩვეულებრივ წარმოდგენილ უნდა იქნეს ღია სასამართლო სხდომაზე მისი შეჯიბრებითობის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისები შესაძლებელია, თუმცა არ უნდა არღვევდეს დაცვის უფლებას, რაც, როგორც წესი, მოითხოვს, რომ ბრალდებულს უნდა ჰქონდეს ადეკვატური და შესაფერისი შესაძლებლობა დაკითხოს მის წინააღმდეგ მოწმე, მაშინ როცა მოწმე ჩვენებას აძლევს ან საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე (იხილეთ, Schatschaschwili, cited above, § 103, and Lucà v. Italy, no. 33354/96, § 39, ECHR 2001‑II).
112. გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა საჭირო გახდეს სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების გამოყენება. თუ ბრალდებულს ჰქონდა საკმარისი და ადეკვატური შესაძლებლობა გაესაჩივრებინა ასეთი ჩვენებები, მათი გამოყენებისას ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე, მათი გამოყენება არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 3 (დ) პუნქტის გარანტიებს (იხილეთ, Berhani v. Albania, no. 847/05, § 51, 27 მაისი 2010, მასში შემდგომი მითითებებით). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მოწმისგან მოპოვებულ მტკიცებულებას, ისეთ პირობებში, როდესაც დაცვის მხარის უფლება უზურნველყოფილი ვერ იქნება იმ მოცულობით როგორც ჩვეულებრივ მოითხოვს კონვენცია, უნდა მოექცნენ განსაკუთრებული სიფრთხილით (იხილეთ, Visser v. the Netherlands, no. 26668/95, § 44, 14 თებერვალი 2002, და S.N. v. Sweden, no. 34209/96, § 53, ECHR 2002-V). მიუხედავად იმისა, რომ მართალია ასეთი მტკიცებულების დაშვება ავტომატურად არ გამოიწვევს მე-6 მუხლის დარღვევას, სასამართლომ სამართალწარმოება უნდა დაუქვემდებაროს ყველაზე საფუძვლიან შემოწმებას, როდესაც მსჯავრდება ეყრდნობა მხოლოდ ან გადამწყვეტი მნიშვნელობით დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულებებს ან როდესაც ასეთ მტკიცებულებებს მნიშვნელოვანი წონა აქვთ მათთან მიმართებაში (იხიელთ, Al‑Khawaja and Tahery, ციტირებული ზემოთ, §§ 118-47). თითოეულ შემთხვევაში საკითხავია არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ზომები, რომლებიც იძლევა ამ მტკიცებულებათა სანდოობის სამართლიან და სათანადო შეფასებას. ამის მეშვეობით, მსჯავრდება დაეფუძნება ასეთ მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისად სანდოა საქმეში მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით (იქვე., § 147).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
113. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი და მეორე მომჩივნის მსჯავრდებისას, ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ ექვსი დაუსწრებელი მოწმის ჩვენებას, დამატებით ინციდენტის ორ ვიდეო-ჩანაწერს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 15-16 და 52) და ნ.გ.-ის (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 48), მ.მ.-ის (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 49), დაზარალებულის (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 9 და 46) და მისი მეუღლისა და მისი მეგობრის ჩვენებებს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 9 და 47).
114. ექვსი დაუსწრებელი მოწმე და ისინი, ვინც სასამართლოში მისცეს ჩვენება (იხილეთ წინა პარაგრაფი), იყვნენ თვითმხილველები მომჩივნების ჩათვლით.
(α) არსებოდა თუ არა საფუძვლიანი მიზეზი სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაუსწრებლობისათვის
115. იმ საკითხთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა საფუძვლიანი მიზეზი პროცესზე ექვსი მოწმის დაუსწრებლობისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული მიზეზი სამ არაქართველ მოწმესთან დაკავშირებით იყო ის, რომ ისინი საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ. რაც შეეხება დანარჩენ სამ მოწმეს, ორი მათგანის ადგილმდებარეობა ვერ დადგინდა და ერთთან მიმართებით მიიჩნიეს, რომ არსებობდა გამოუცხადებლობის კარგი მიზეზი, ვინაიდან მან ცოტახნით ადრე იმშობიარა და სასამართლოდან 400 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა. სასამართლო არგუმენტებს მიუთითებს ქვემოთ.
‒ საზღვარგარეთ მცხოვრები სამი დაუსწრებელი მოწმე
116. რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ სამ დაუსწრებელ მოწმეს, სასამართლო იმეორებს, რომ საზღვარგარეთ გამგზავრება თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს დაკავშირებული მოწმის სასამართლოზე გამოუცხადებლობისათვის (იხილეთ, Seton, ციტირებული ზემოთ, § 61; Paić v. Croatia, no. 47082/12, § 38, 29 მარტი 2016; and Al Alo v. Slovakia, no. 32084/19, §§ 48-52, 10 თებერვალი 2022). როგორც საჭიროა ბრალდების მოწმეების დაუსწრებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შესაბამისმა ორგანოებმა გასწიეს თუ არა ყველა გონივრული ძალისხმევა მოწმეების დასწრების უზრუნველსაყოფად (იხილეთ, Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 120).
117. მიუხედავად იმისა, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიღო ფაქტი, რომ ხსენებული მოწმეები არ ცხოვრობდნენ საქართველოში, როგორც საკმარისი საფუძველი მათი ჩვენების წასაკითხად, საქმის მასალებიდან ცხადი არაა რა ზომები, თუ რაიმე, გაატარეს ეროვნულმა ორგანოებმა სასამართლო პროცესზე მოწმეთა დასწრების უზრუნველსაყოფად. მართალია რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ორი მოწმის მისამართი იქნა მოპოვებული, მაგრამ არ ჩანს მათთან კონტაქტზე გასვლის რაიმე მცდელობა. გაურკვეველი მიზეზების გამო, სომხეთში მცხოვრები მოწმეების ზუსტი მისამართი არ იქნა მოპოვებული (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 11). ამ სამი პირის არც ტელეფონისა და არც ელ-ფოსტის მისამართის დეტალები არ იქნა მოპოვებული, მიუხედავად იმისა, რომ მათი განცხადებები საქართველოდან წასვლის მოახლოებასთან დაკავშირებით ცხადი იყო.
118. ამ ელემენტების გათვალისწინებით, იმაზე მითითებით, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ არ გადადგა გარკვეული აშკარა ნაბიჯები და არც კი ეცადა საზღვარგარეთ მცხოვრებ სამ მოწმესთან დაკავშირებას, სასამართლო ადგენს, რომ მთავრობამ არ გასწია გონივრული ძალისხმევა მოწმეთა დასწრების უზრუნველსაყოფად არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. ამის საფუძველზე, პრაქტიკაში ასეთი დასწრების შანსების შესახებ სპეკულაციის საჭიროების გარეშე, თუკი მოცემულ მოწმეებს დაუკავშირდნენ, სასამართლო ასკვნის, რომ შიდა სასამართლოები არ მოქმედებდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები სამი მოწმის დაუსწრებლობის მყარი მიზეზების საფუძველზე.
- დანარჩენი დაუსწრებელი მოწმეები
119. რაც შეეხება დანარჩენ დაუსწრებელ მოწმეებს, სასამართლო იღებს იმ არგუმენტს, რომ ხელისფულებას აღარ შეეძლო მოწმეების ბ.ჭ.-ისა და ზ.ჭ.-ის ადგილმდებარეობის დადგენა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამხილველმა სასამართლომ მოწმე თ.ა.-სთან (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 29) მიმართებაში მიუთითა, რომ იგი ცხოვრობდა სასამართლოდან 400 კილომეტრის დაშორებით, ცალკე აღებული ეს მიზეზი არ არის საკმარისი სასამართლო მოსმენაზე მისი არყოფნის გასამართლებლად. ვინაიდან მან იმშობიარა სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე, მთავრობას შეეძლო გამოეკვლია ჩვენების დისტანციურად მიცემის შესაძლებლობა - პირდაპირ კანონით გათვალისწინებული (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 82). არ იყო რაიმე მიზეზი მოყვანილი იმის თაობაზე თუ რატომ არ გამოიკვლიეს ეს შესაძლებლობა.
120. ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ რამდენადაც მოწმე თ.ა. დაკავშირებული იყო, საქმის განმხილველმა სასამართლომ იმოქმედა მისი დაუსწრებლობის შესახებ კარგი მიზეზის არსებობის გარეშე.
(β) იყო თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი პირველი და მეორე მომჩივნის მსჯავრდებისათვის
121. სასამართლო ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უარსაყოფად იმის თაობაზე, რომ ექვსი დაუსწრებელი მოწმის ჩვენება არ წარმოადგენდა ერთადერთ მტკიცებულებას პირველი და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 59 და 113).
122. თუმცა, და მიუხედავად მომჩივნების გასამართლებისათვის სხვა მტკიცებულებების ხელმისაწვდომობისა, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დაუსწრებელი მოწმეების ჩვენებები იყო რეპროდუცირებული და მათ პირდაპირ ეყრდნობოდა მომჩივანთა გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნული ჩვენებები ავსებდა ინციდენტთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების შინაარსს, განსაკუთრებით მეორე მომჩივნის ქმედებასთან დაკავშირებით (შეადარეთ ზემოთ, პარაგრაფები 15-16 და 50, კერძოდ თ.ა.-ს და ლ.ა.-ს ჩვენებებთან დაკავშირებით). ამასთან დაკავშირებით და დაუსწრებელი მოწმეების მიერ მომხდარი ინციდენტის დეტალური გადმოცემის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მათმა ჩვენებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომჩივანთა წინააღმდეგ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ინტერპრეტაციაზე.
123. მაშასადამე, იმის აღიარებაც კი, რომ დაუსწრებელი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები არც ერთადერთი იყო და არც გადამწყვეტი საქმის მასალებში სხვა მტკიცებულებების არსებობის გათვალისწინებით, მას უდავოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა და, ამდენად, მის დაშვებას შესაძლოა შეეფერხებინა დაცვა (იხილეთ, Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 116).
(γ) არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, იმ ხარვეზების კომპენსაციისათვის, რომელშიც დაცვის მხარე მუშაობდა
124. სასამართლო იმეორებს, რომ საპირწონე ფაქტორების მასშტაბები, რომლებიც აუცილებელია, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანად ჩაითვალოს, დამოკიდებულია განსახილველი მტკიცებულებების წონაზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს მტკიცებულება, მით მეტი წონა უნდა ჰქონდეს საპირწონე ფაქტორებს, რათა მთელი პროცესი სამართლიანად ჩაითვალოს. (იხილეთ, Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 116; იხილეთ ასევე Chernika, ციტირებული ზემოთ, § 66, და Faysal Pamuk, ციტირებული ზემოთ, § 63). წინამდებარე საქმეში დაუსწრებელ მოწმეთა ჩვენების მნიშვნელობის გათვალისწინებით (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 122-123), წონადი საპირწონე ფაქტორები იყო საჭირო სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. სასამართლომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიიჩნია შემდეგი ელემენტები: განმხილველი სასამართლოს მიდგომა განსახილველი მტკიცებულებების მიმართ; შემდგომი დამადანაშაულებელი მტკიცებულებების ხელმისაწვდომობა და სიძლიერე; და სასამართლო პროცესზე მოწმეების უშუალო ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის არარსებობის კომპენსაციის მიზნით მიღებული საპროცესო ზომები (იხილეთ, Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 145).
125. რამდენადაც ეროვნული სასამართლოების მტკიცებულებაზე ხელმისაწვდომობა დაკავშირებულა, საქმის განმხიველმა სასამართლომ მიუთითა, საქმის ალ-ხავაჯა და ტაჰერი ციტირებით (ციტირებული ზემოთ), რომ დაუსწრებელი მოწმეების ჩვენება ვერ იქნებოდა მსჯავრდების ერთადერთი საფუძველი (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 29). გარდა ამისა, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა მიუთითეს საქმის მასალებში არსებულ სხვა მტკიცებულებებზე და მომჩივანთა შესაძლებლობაზე გააპროტესტონ შეუმოწმებელი მტკიცებულებების ნამდვილობა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 56 და 59). მიუხედავად ამისა, ეროვნული სასამართლოების შესაბამისი გადაწყვეტილებები არ მიუთითებს იმაზე, რომ ეს სასამართლოები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულებებს (შეადარეთ, მაგალითად, Al-Khawaja and Tahery, § 157; Faysal Pamuk, § 72; and Khavshabova, § 52, ყველა ციტირებული ზემოთ).
126. რაც შეეხება შემდგომი დამადანაშაულებელი მტკიცებულებების ხელმისაწვდომობასა და სიძლიერეს, სასამართლო მხედველობიდან არ ტოვებს იმ ფაქტს, რომ შიდა სასამართლოები ასევე ეყრდნობოდნენ ნეიტრალურ მტკიცებულებებს, როგორიცაა ინციდენტის ორი ვიდეო ჩანაწერი (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 113). ის ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სადავო ჩვენებების შინაარსი დადასტურებული იყო დაზარალებულის, მისი მეუღლისა და მისი მეგობრის ჩვენებით. თუმცა, განმხილველი სასამართლოს განცხადების გათვალისწინებით ნეიტრალური თვითმხილველის ჩვენების მნიშვნელობასთან დაკავშირებით (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 53), და სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით მომჩივნების მსჯავრდებისათვის დაუსწრებელი მოწმეების მიერ მიცემული მტკიცებულებების მნიშვნელობის თაობაზე(იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 122-123), სისხლის სამართლის საქმეში სხვა დამადანაშაულებელი მტკიცებულებების არსებობა, როგორც პოტენციური საპირწონე ფაქტორი იმ ხარვეზისათვის, რომელშიც დაცვის მხარე იყო, სიფრთხილით მიდგომას საჭიროებს.
127.სასამართლო ასევე ითვალისწინებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ მომჩივნები იყვნენ სათანადოდ წარმოდგენილნი და ჰქონდათ შესაძლებლობა შიდა სამართალწარმოების მსვლელობისას მიეწოდებინათ მოვლენების საკუთარი ვერსია და ეჭვქვეშ დაეყენებინათ დაუსწრებელ მოწმეთა სანდოობა. მან არაერთხელ დაადგინა, რომ დაუსწრებელი მოწმეების ჩვენებების გასაჩივრებისა და უარყოფის ასეთი შესაძლებლობა, თავისთავად, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის საპირწონე ფაქტორად დაცვის მხარეს მათი არყოფნით გამოწვეული ხარვეზის კომპენსაციისათვის (იხილეთ Trampevski v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 4570/07, § 49, 10 ივლისი 2012; Riahi v. Belgium, no. 65400/10, § 41, 14 ივნისი 2016; and Chernika, ციტირებული ზემოთ, § 68).
128. რაც შეეხება რაიმე გარანტიის ხელმისაწვდომობას მომჩივნებისთვის პროცესის წინასწარი გამოძიების ეტაპზე, სასამართლო იმეორებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „მთლიანად“ სასამართლო პროცესის სამართლიანობის დადგენისთვის იმის გარკვევა, გამოძიების ეტაპზე, როდესაც მოწმეები დაიკითხნენ, ხელისუფლება ვარაუდობდა თუ არა რომ სასამართლო პროცესზე მოწმეებს არ დაკითხავდნენ. როდესაც საგამოძიებო ორგანომ გონივრულად მიიჩნია, რომ მოწმე არ დაიკითხებოდა საქმის გამხილველ სასამართლოში, მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარეს მისცემოდა გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვის შესაძლებლობა (იხილეთ, Schatschaschwili, §§ 156-57, და Khavshabova § 54, ორივე ციტირებული ზემოთ).
129. ამასთან დაკავშირებით, და რამდენადაც მომჩივნის საჩივარი ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ სამ მოწმეს (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 116-118), სასამართლო აღნიშნავს, რომ აშკარა იყო, რომ ისინი საქართველოში ტურისტები იყვნენ და ჩვენების მიცემის შემდეგ მალე დატოვებდნენ ქვეყანას (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 11). საპროცესო კანონმდებლობა - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114 § 1 (ბ) მუხლი (იილეთ ზემოთ, პარაგრაფი 82) - ითვალისწინებს მაგისრატი მოსამართლის წინაშე მათი დაკითხვის შესაძლებლობას. ნორმალურ ვითარებაში სასამართლო ასეთ პროცედურას განიხილავდა ძლიერი პროცედურული გარანტიების ბრალდებულისთვის უზრუნველსაყოფად, რომელსაც არ შეუძლია მოწმეების დაკითხვა უშუალოდ სასამართლო პროცესის დროს (იხილეთ Khavshabova, ციტირებული ზემოთ, § 53). თუმცა არავითარი ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ იქნა ეს პროცედურული გარანტიები გამოყენებული ხსენებულ სამ მოწმესთან დაკავშირებით. თავიანთი ქმედებით, საგამოძიებო ორგანოებმა აიღეს მოსალოდნელი რისკი, რომელიც შემდგომში დადგა, ისე, რომ ბრალდებული ვერ შეძლებდა შემდგომში შესაბამისი მოწმეებისათვის შეკითხვების დასმას სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხილეთ, Khavshabova, ციტირებული ზემოთ, § 54). რაც შეეხება თ.ა.-ს, არც მისი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და არც დისტანციურად მოსმენის შესაძლებლობა არ იქნა გამოკვლეული (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 119-120).
130. ასეთ ვითარებაში, სხვა დამადანაშაულებელი მტკიცებულებების არსებობა, მათ შორის, რაც მთავარია, ვიდეოჩანაწერები, რომლებიც იძლეოდა ჩხუბის განვითარებისათვის თვალყურის დევნების საშუალებას, მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში არ შეიძლება საკმარის საპირწონე ფაქტორად ჩაითვალოს, სურათების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით გაურკვევლობის გათვალისწინებით.
131. შესაბამისად, არ არსებობდა საკმარისი საპირწონე ფაქტორები იმ ხარვეზების საკომპენსაციოდ, რომელშიც დაცვის მხარე იმყოფებოდა.
პირველ და მეორე მომჩივანთა სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევება(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები
134. მე-6 მუხლი, მთლიანობაში, უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებას, ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში, რომელიც, inter alia, მოიცავს არა მხოლოდ მისი დასწრების უფლებას, არამედ მოსმენასა და თვალის დევნებას (იხილეთ, Murtazaliyeva, ციტირებული ზემოთ, § 91). ასეთი უფლებები ნაგულისხმევია შეჯიბრებითობის პროცედურის ცნებაში და, პრინციპში, ასევე შეიძლება გამომდინარეობდეს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (ც), (დ) და (ე) ქვეპუნქტებში მოცემული გარანტიებიდან; “დაიცვას თავი პირადად “, “თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მოწმეები” და “ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა ან ილაპარაკოს ამ ენაზე” (იხილეთ, Stanford v. the United Kingdom, 23 თებერვალი 1994, § 26, Series A no. 282‑A).
135. სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ღირსება, წესრიგი და ეტიკეტი იქნეს დაცული სასამართლო დარბაზში, როგორც სასამართლო პროცესის დამახასიათებელი ნიშნები. ბრალდებულის მიერ სათანადო ქცევის ელემენტარული სტანდარტების უხეში უგულებელყოფა დაუშვებელია და არც უნდა ეპატიოს (Idalov, ციტირებული ზემოთ, § 176). თუმცა, როდესაც მომჩივნის ქცევას შესაძლოა ჰქონდეს ისეთი ხასიათი, რომ გაამართლოს მისი გაძევება და მისი სასამართლო პროცესის გაგრძელება მის გარეშე, მომხსენებელ მოსამართლეს ევალება დაადგინოს, რომ მომჩივანს შეეძლო გონივრულად ევარაუდა, რა შედეგები მოჰყვებოდა მის ქცევას სასამართლო პროცესიდან მისი გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე (იქვე., § 177). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, შეეძლო თუ არა მომჩივნის ადვოკატს მომჩივნის არყოფნის პირობებში დაეცვა მისი უფლებები (იხილეთ, Suslov and Batikyan v. Ukraine, nos. 56540/14 და 57252/14, § 137, 6 ოქტომბერი 2022, და Marguš v. Croatia [GC], no. 4455/10, § 90, ECHR 2014 (extracts)).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
136. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი და მეორე მომჩივანი ორივე გააძევეს სასამართლო დარბაზიდან წესრიგის დამრღვევი ქცევის გამო. ამ დროს ორივე მათგანი დისტანციურად მონაწილეობდა სამართალწარმოებაში.
137. რაც შეეხება პირველ მომჩივანს, სანამ გააძევებდნენ,იგი პირდაპირ იყო გაფრთხილებული, რომ არ ესაუბრა თავის რიგზე ადრე დაზარალებულის დაკითხვის დროს. მისი გაძევების შემდეგ, მან განაგრძო პროცესში ჩარევა, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ მომჩივანთან ერთად ერთ ოთახში იმყოფებოდა, რომელსაც იმ მომენტში ჰქონდა სიტყვა (იხილეთ ზემოთ, პააგრაფები 31-32). სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის ქმედება შესაძლოა ისეთი ყოფილიყო, რომ გამართლებულიყო მისი პროცესიდან გაძევება და პროცესის მის გარეშე გაგრძელება. გარდა ამისა, მისთვის მიცემული წინასწარი გაფრთხილებების გათვალისწინებით, მოსამართლის მიერ პროცესიდან მისი გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მას შეეძლო განეჭვრიტა მის მიერ ასეთი ქმედებების გაგრძელებას რა შედეგები მოჰყვებოდა.
138. რაც შეეხება მეორე გმომჩივნის პროცესიდან გაძევებას, მას მოსამართლემ ორჯერ მისცა მითითება, არ გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები ზოგადი მოსაზრების წადგენისას და მოწმის დაკითხვის წინ. თუმცა ეს იყო დაუმთავრებელ ფრაზებზე რეაქცია და არ ჩანდა თუ რის თქმას აპირებდა მეორე მომჩივანი და იყო თუ არა განცხადება, რომლის გაკეთებასაც იგი აპირებდა, “პოლიტიკური” იმ გაგებით, რომ არ იყო დაკავშირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესთან. მომხსენებელი მოსამართლის მოვალეობა იყო დაედგინა, რომ მეორე მომჩივნის ქმედება მართლაც წესრიგის დამრღვევი იყო და, უფრო მეტიც, რომ მას შეეძლო გონივრულად ევარაუდა რა მოჰყვებოდა ასეთი ქმედების გაგრძელებას, მოსამართლის მიერ სასამართლო დარბაზიდან მისი გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე (იხილეთ, Jones v. the United Kingdom (dec.), no. 30900/02, 9 სექტემბერი 2003). თუმცა, სასამართლოს ხელთ არსებული მასალა არ მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ ან გაფრთხილება მისცა, სადაც განმარტა რა ტიპის განცხადებებისგან უნდა შეიკავოს თავი ბრალდებულმა ან განიხილა ნაკლებად რადიკალური ზომების მიღება.
139. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, მომჩივნებს არ მიეცათ უფლება, ხელახლა შეერთებოდნენ სასამართლო პროცესს (იხილეთ, მოვლენების ფაქტობრივი აღწერა ზემოთ 35-42 პარაგრაფებში). სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დისტანციურად ესწრებოდნენ პროცესს. ამდენად, პრინციპში, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მათი წესრიგის დამრღვევი ქმედების შეზღუდვა და ამავდროულად უზრუნველყოფილი ყოფილიყო მათი შესაძლებლობა, თვალყური ედევნებინათ სამართალწარმოებისათვის, მაგალითად, ხმის გათიშვით და, სულ მცირე, მათი ადვოკატების ჩარევის მეშვეობით.
140. ასეთ გარემოებებში, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, სასამართლო პროცესის დროს ორივე მომჩივანთა ხელშემშლელი ტენდენციების და იმ ფაქტის მიღებითაც კი, რომ მათ ინტერესებს წარმოადგენდნენ მათივე არჩეული ადვოკატები, რომ განმხილველმა სასამართლომ დაასახელა საკმარისი მიზეზები დარჩენილი სასამართლო პროცესიდან მომჩივნების სრულიად გაძევებისათვის (იხ. ზემოთ პარაგრაფი 139) და მათი შესაბამისი უფლების შეზღუდვისათვის, მოესმინათ და თვალი ედევნებინათ სამართალწარმოებისათვის.
141. რაც შეეხება სააპელაციო განხილვას, მომჩივნები სხდომას ესწრებოდნენ დისტანციურად და შეძლეს თავიანთი საქმის წარდგენა სასამართლოში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა სასამართლო პროცესზე მიღებული მტკიცებულებები, მან არ დააკმაყოფილა შამდგომლობა მომჩივანთა დაუსწრებლად მიღებული მტკიცებულებების განხილვის შესახებ. ასეთ ვითარებაში სააპელაციო პროცესმა ვერ გამოასწორა სასამართლო პროცესის ხარვეზები.
მთლიანი პროცესის სამართლიანობა142. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ წინამდებარეს მსგავს საქმეებში, მისი უპირველესი საზრუნავია სისხლის სამართლის პროცესის საერთო სამართლიანობის შეფასება. სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა განიხილებოდეს თითოეულ შემთხვევაში „მთლიანად“ სამართალწარმოების განვითარებით და არა ერთი კონკრეტული ასპექტის ან ერთი კონკრეტული შემთხვევის განცალკევებით განხილვის საფუძველზე (იხილეთ, Ibrahim and Others v. the United Kingdom [GC], nos. 50541/08, 50571/08, 50573/08 და 40351/09, §§ 250-251, 13 სექტემბერი 2016). ამდენად, მან შეიძლება დაადგინოს კონვენციის 6 § 1 მუხლის დარღვევა, თუ სამართალწარმოება მთლიანობაში არ აკმაყოფილებდა სამართლიანი მოსმენის მოთხოვნებს, მაშინაც კი, თუ თითოეული პროცედურული ხარვეზი, ცალკე აღებული, არ დააჯერებდა მას, რომ სამართალწარმოება იყო „არასამართლიანი“(იხილეთ, Barberà, Messegué and Jabardo v. Spain, 6 დეკემბერი 1988, § 89, Series A no. 146; Mirilashvili v. Russia, no. 6293/04, § 165, 11 დეკემბერი 2008; and Miracle Europe Kft v. Hungary, no. 57774/13, § 46, 12 იანვარი 2016).
143. პირველი ორი მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის საერთო სამართლიანობის შეფასებისას, ზემოთ გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები: ეროვნულ სასამართლოებს არ დაუსახელებიათ საკმარისი მიზეზები მესამე მომჩივნის, როგორც დაცვის მხარის მოწმის მოსმენაზე, უარის თქმისთვის; ისინი ეყრდნობოდნენ დაუსწრებელი მოწმეების ჩვენებებს იმ ხარვეზების კომპენსაციისთვის, რომლებშიც დაცვის მხარე იმყოფებოდა, საკმარისი საპირწონე ფაქტორების უზრუნველყოფის გარეშე; მათ ასევე არ წარმოუდგენიათ 2018 წლის 22 ივნისის დარჩენილი სასამართლო პროცესიდან პირველ და მეორე მომჩივანთა სრულიად გაძევების საკმარისი მიზეზები. სწორედ ამ ხარვეზების ერთობლიობაა, რომელიც, მიუხედავად სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე მტკიცებულების ხელმისაწვდომობისა, აიძულებს სასამართლოს დაასკვნას, რომ პირველი და მეორე მომჩივნების პროცედურული უფლებები იმდენად დაზარალდა, რომ ძირს უთხრის პროცესის მთლიან სამართლიანობას. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ქონდა კონვენციის 6 §§ 1 და 3 პუნქტის (ც) და (დ) ქვეპუნქტების დარღვევას
კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების სავარაუდო დარღვევა144. მესამე მომჩივანი კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებზე დაყრდნობით ჩიოდა (საჩივარი №13079/22), რომ სისხლის სამართლის გამოძიება მის დაზიანებებზე არაეფექტური იყო.
სასამართლოს შეფასება147. სასამართლო თავიდანვე მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ დაზიანებები - ჭრილობები ქვედა ტუჩსა და ბარძაყზე - მესამე მომჩივანს მიაყენეს 13 წლის ასაკში. სასამართლომ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება არასრულწლოვანთა დაუცველობაზე კონვენციის მე-3 მუხლის კონტექსტში (იხილეთ, Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 109). მნიშვნელოვანია, რომ ამ უკანასკნელმა მოსაზრებამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას უბიძგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული გამომძიებლის მონაწილეობით საქმის გამოძიების გადაწყვეტილებისაკენ. (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 63). თუმცა, საკითხი იმის თაობაზე, მომჩივანმა დაამტკიცა prima facie შემთხვევა, რომ დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რომელმაც მიაღწია კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლს, შეიძლება დარჩეს ღია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში საჩივარი დაუშვებელია სხვა მიზეზების გამო. ამდენად, სასამართლო განამტკიცებს ვარაუდს, რომ მესამე მომჩივანმა წამოაყენა ისეთი დასაბუთებადი სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული დებულებების შესაბამისად, რომ ხელისუფლება ვალდებული იყო ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება მისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ.
148. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევაზე ხელისუფლებამ დაუყონებლივ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 63), შემთხვევის შემდეგ დაუყოვნებლივ დანიშნა ექსპერტიზა მესამე მომჩივანზე დაფიქსირებულ დაზიანებებთან დაკავშირებით (იქვე) და მალევე მოიპოვა მტკიცებულებათა დიდი ნაწილი (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 64). მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ უცდია მესამე მომჩივნის დაკითხვა გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ორი თვისა და ერთი კვირის შემდეგ, (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 63-67), მესამე მომჩივანმა საგამოძიებო ორგანოებთან არ ითანამშრომლა მაშინ, როცა ამ უკანასკნელმა მას ჩვენების მისაღებად მიმართა.
149. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოებმა სამჯერ ცადეს მესამე მომჩივნის დაკითხვა. ყველა ეს მცდელობა ჩაიშალა მისი არასაკმარისი თანამშრომლობის გამო (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფები 67-71). მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის იანვარში დაკითხვის გადადება მოთხოვა მესამე მომჩივანმა და არ შეუთავაზებია ჩვენების მიცემის ალტერნატიული დრო. ამის შემდეგ, სამივე მომჩივანმა დატოვა ქვეყანა 2017 წლის ივლისში. საქმის მასალებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, მომხდარიდან თითქმის ორი წლის გასვლიდან და მესამე მომჩივნის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმიდან წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ მან საკმაოდ ბუნდოვნად წამოაყენა დისტანციურად დაკითხვის შესაძლებლობა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 74). ასეთ ვითარებაში, თავად ის ფაქტი, რომ შესაძლოა სამართალწარმოების ვადა ამოიწურა (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 75) დიდწილად განპირობებული იქნებოდა მომჩივნის არასაკმარისი თანამშრომლობით გამოძიების საწყისი უმნიშვნელოვანესი პერიოდის განმავლობაში.
150. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ იჩივლა მესამე მომჩივანმა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ ვერ მოიძია მისი დაკითხვის საშუალებები. თუმცა, სასამართლოს არ შეუძლია იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ მესამე მომჩივანმა არასწორად წარმოადგინა მისი მხრიდან თანამშრომლობის არარსებობა იმის მტკიცებით, რომ ის „ყოველთვის“ გამოთქვამდა დაკითხვისათვის მზადყოფნას (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 78). ამასთან დაკავშირებით, მისი აშკარა სირვილი დაკითხულიყო მისი მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესში როგორც მხარე (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 105), ირელევანტურია იმის დასადგენად, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა დახმარებოდა გამოძიებას მის წინააღმდეგ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულებთან დაკავშირებით - ცალკე საკითხი - თუმცა ვერ შეძლო ადეკვატური თანამშრომლობა.
151. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მესამე მომჩივნის ეჭვები საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განხილულ იქნა ეროვნული სასამართლოს მიერ. ამ უკანასკნელმა, მას შემდეგ, რაც განიხილა მის წინაშე არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის, შემთხვევის ვიდეო ჩანაწერი, დაასკვნა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება, იმ დასკვნის გასამართლებლად, რომ იგი სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლი იყო (იხილეთ ზემოთ, პარაგრაფი 79).
152. ზემოაღნიშნულის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ მართალია არც ერთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული მიმდინარე გამოძიებაზე, ეს თავისთავად არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს მოპასუხე მთავრობის პროცედურული ვალდებულებების დარღვევა.
153. ამდენად, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის საჩივრები კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლის საფუძველზე აშკარად დაუსაბუთებელია. შესაბამისად ისინი უარყოფილ უნდა იქნეს კონვენციის 35 §§ 3 (ა) ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის მიხედვით.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
154. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
ა. ზიანი
155. პირველმა და მეორე მომჩივნებმა მოითხოვეს 86,826 ევრო (EUR) მატერიალური ზიანისათვის და თითომ 100,000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
156. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით ირელევანტური იყო და რომ მათი მოთხოვნები არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით გადაჭარბებული იყო.
157. სასამართლო არ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; ამდენად, იგი უარყოფს ამ სასარჩელო მოთხოვნას. თუმცა, სამართლიანობის უფლების საფუძველზე, იგი პირველ და მეორე მომჩივანს, თითოეულს, ანიჭებს 1000 ევროს არამატერიალური ზიანისთვის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს.
ბ. ხარჯები და დანახარჯები
158. პირველმა და მეორე მომჩივნებმა ასევე მოითხოვეს 4000 ევრო სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.
159. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების მოთხოვნა ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით გადაჭარბებული იყო. მთავრობამ თხოვა სასამართლოს ან მოთხვნის უაროფა ან, ალტერნატიულად, შემცირებული, გონივრული თანხის დაკისრება.
160. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანს უფლება აქვს აუნაზღაურდეს ხარჯები და დანახარჯები მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დადასტურდება, რომ ეს იყო რეალურად, აუცილებლობით გაწეული და გონივრული ოდენობით. წიანმდებარე საქმეში, ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი შეფასებითა და სამართლიანობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირველი და მეორე მომჩივნისათვის 3000 ევროს მინიჭებას, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროთ მომჩივნებს ხარჯებსა და დანახარჯებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად,
იღებს გადაწყვეტილებას, რომ საჩივარი no. 59464/21 გამოცხადდეს დასაშვებად, ხოლო საჩივარი no. 13079/22 დაუშვებლად;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 6 §§ 1 მუხლის და 3 (ც)-სა და (დ) ქვეპუნქტების დარღვევას;ადგენს,(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივნებს, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების საბოლოო მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში შემდეგი თანხები, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისათვის მოქმედი კურსით:
(i) 1,000 ევრო (ათი ათასი ევრო) ცალ-ცალკე პირველ და მეორე მომჩივნებს, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაეკისროთ არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით;
(ii) 3,000 (სამი ათასი ევრო), დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება მომჩივნებს დაეკისროთ ხარჯებთან და დანახარჯებვთან დაკავშირებით;
(ბ) რომ სამი თვის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული საკრედიტო განაკვეთის ტოლი დეფოლტის პერიოდში, დამატებით 3 პროცენტული სარგებელი;
არ აკმაყოფილებს სხვა მომჩივანთა მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.