Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N203
2017 წლის იანვარი
ხამტოხუ და აქსენჩიკი რუსეთის წინააღმდეგ (Khamtokhu and Aksenchik v. Russia) [GC]
(საჩივარი- N60367/08 და N961/11)
გადაწყვეტილება, 24 იანვარი, 2017 [დიდი პალატა]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
უვადო პატიმრობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა დისკრიმინაციული იყო: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები: რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 57-ე მუხლი ადგენს, რომ გარკვეული კატეგორიის დანაშაულებისთვის პირს სასჯელის სახედ და ზომად შეიძლება დაეკისროს უვადო პატიმრობა. თუმცა, მსგავსი სასჯელი ვერ დაეკისრება ქალებს, დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირებსა და მსჯავრის დადების დროს 65 წელზე ზემოთ მყოფ პირებს. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო დაუშვებლად ცნობდა საჩივრებს, რომლებიც აღნიშნულ დებულებას კონსტიტუციით განმტკიცებული დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან შეუთავსებლად მიიჩნევდა. საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებდა, რომ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა სამართლიანობას და ჰუმანურ მოსაზრებებს და რომ სასჯელის შეფარდების დროს შესაძლებელია ასაკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე საჩივარი შეიტანეს მომჩივნებმა, სრულწლოვანმა მამაკაცებმა, რომლებსაც შეფარდებული ჰქონდათ უვადო პატიმრობა. კონვენციის მე-14 მუხლზე დაყრდნობით მე-5 მუხლთან ერთობლიობაში, ისინი ასაჩივრებდნენ დისკრიმინაციულ მოპყრობას.
2015 წლის 21 დეკემბერს საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა.
სამართალი: სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ საქმეში არ დარღვეულა კონვენციის მე-14 მუხლი მე-5 მუხლთან ერთობლიობაში. ამ გადაწყვეტილების ორი ასპექტის განხილვა არის მნიშვნელოვანი.
(i) პირველი ეხება მე-14 მუხლის გამოყენებას მე-5 მუხლთან ერთობლიობაში. სასამართლომ ხელახლა დაადგინა, რომ ის საკითხები, რომლებიც შესაძლოა, როგორც წესი, მოხვდნენ მე-5 მუხლის ფარგლებში, შეიძლება თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე მოექცნენ კონვენციის მე-14 მუხლის ფარგლებშიც.
კერძოდ, სასჯელის შესაბამისობის საკითხი, პრინციპში, ხვდება, კონვენციის ფარგლებს გარეთ. მიუხედავად ამისა, დამნაშავეებისთვის მათი ასაკის ან სქესის შესაბამისად სასჯელის განსხვავებული ზომის დაკისრება უკვე განიხილა კომისიამ მე-14 მუხლის მიხედვით მე-5 მუხლთან ერთობლიობაში (Nelson v. the United Kingdom da A.P. v. the United Kingdom). სასამართლომ ასევე განიხილა სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული ზომები და სასჯელის ზომის გავლენა, რომელიც ექცევა მე-5 მუხლის ფარგლებში და საკითხები, რომლებიც შეეხება პირის პირობით გათავისუფლებას, როგორც მე-14 მუხლით გადასაწყვეტ საკითხს მე-5 მუხლთან ერთობლიობაში (Gerger v. Turkey და Clift v. the United Kingdom). ამგვარად, ეროვნული კანონმდებლობით გარკვეული კატეგორიის დამნაშავეების გამორიცხვა სამუდამო პატიმრობისგან ექცევა მე-5 მუხლის ფარგლებში მე-14 მუხლის გამოყენების მიზნისთვის. მოცემულ შემთხვევაში მე-14 მუხლი მე-5 მუხლთან ერთობლიობაში იყო გამოსაყენებელი, ვინაიდან მომჩივნებს განსხვავებულად მოეპყრნენ ,,სქესისა’’ და ,,ასაკის’’ გამო.
(ii) მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი შეეხება მომჩივანი ზრდასრული მამაკაცისადმი განსხვავებული მოპყრობის გამართლებას.
დიდმა პალატამ დაადგინა, რომ მომჩივნები სხვა მსჯავრდებულების ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომლებმაც ჩაიდინეს იმავე ან ტოლფასი დანაშაული. მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრებული კანონმდებლობის მიზანი იყო, სამართლიანობასა და ჰუმანურ საფუძვლებზე დაყრდნობით, ანგარიში გაეწიათ დამნაშავეთა გარკვეული კატეგორიების ასაკისა და ფსიქოლოგიური მახასიათებლებისთვის.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა განსხვავებული მოპყრობა სამართლიანი, დიდი პალატის ანალიზი შეეხო სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც განიხილავს სამუდამო პატიმრობის თავსებადობას კონვენციის მე-3 მუხლთან. მაშინ როდესაც სამუდამო პატიმრობა, როგორც წესი, არ შეესაბამება მე-3 მუხლს, პრაქტიკამ დაამკვიდრა კონკრეტული მინიმალური მოთხოვნები ამ მიმართულებით: სამუდამო პატიმრობა უნდა იყოს შემცირებადი, ანუ უნდა არსებობდეს გათავისუფლების პერსპექტივა და გადასინჯვის შესაძლებლობა - ორივე სასჯელის აღსრულების პერიოდში (Vinter and Others v. the United Kingdom და Murray v. the Netherlands).
დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სასარგებლოდ დაწესებული გამონაკლისი გამართლებული იყო, რადგან ის შეესაბამებოდა ევროპულ კონსენსუსს და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს. დიდ პალატას არც ხანდაზმული დამნაშავეების მიმართ გამონაკლისის დადგენაში დაუნახავს პრობლემა, რადგან ის შეესაბამებოდა მის მიერ დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასჯელის შემცირებას ხანდაზმულ დამნაშავეებში. დიდი პალატისათვის უფრო პრობლემური იყო ზრდასრული ქალი დამნაშავეებისთვის გამონაკლისის დაწესების გამართლება. არსებობდა ორი სადავო ინტერესი: ერთი მხრივ, კონკრეტულად სერიოზული მიზეზები იყო საჭირო სქესის ნიშნით განსხვავებული მოპყრობის გასამართლებლად და, მეორე მხრივ, სასამართლოს საქმე არ იყო გადაეწყვიტა პატიმრობის შესაბამისი ვადის განსაზღვრა.
სასამართლომ გაითვალისწინა სხვადასხვა ევროპული და საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომლებიც მიუთითებდნენ საპყრობილეებში გენდერზე დაფუძნებული ძალადობისა და სექსუალური ძალადობისგან, აგრეთვე ორსულობისგან ქალების დაცვის საჭიროებაზე. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი იმ დასკვნის გასაკეთებლად, ქალი დამნაშავეების უვადო პატიმრობისგან გამორიცხვა გამართლებული იყო საჯარო ინტერესით.
დიდმა პალატამ საბოლოოდ განსაზღვრა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შეფასების ფართო ზღვარი. პირველ რიგში, მათ უნდა ისარგებლონ ვრცელი დისკრეციით, როდესაც გადაწყვეტილებას იღებენ ისეთ მგრძნობიარე საკითხზე, როგორიცაა სადამსჯელო პოლიტიკა. ამას გარდა, ვინაიდან მოცემულ საქმეში წამოჭრილი დელიკატური საკითხები ეხებოდა ისეთ სფეროებს, რომლებზეც წევრ სახელმწიფოებს შორის არ იყო ერთიანი პრაქტიკა (გარდა არასრულწლოვანთა გამორიცხვა უვადო პატიმრობისგან) შეიძლება ითქვას, რომ კანონი ,,გარდამავალ ეტაპზე” იყო, ამრიგად თითოეულ სახელმწიფოს შეფასების ფართო ზღვარი უნდა მიეცეს.
რთული იყო სახელმწიფოს გაკრიტიკება იმის გამო, რომ კონკრეტული ჯგუფის დამნაშავეები არ დაუქვემდებარა უვადო პატიმრობას. ეს ყოველივე ასახავდა ამ სფეროში საზოგადოების ევოლუციას, აგრეთვე მსგავსი საკანონმდებლო ჩანაწერი, წარმოადგენდა სოციალურ პროგრესს პენოლოგიურ საკითხებში. ერთიანი კონსენსუსის არარსებობის გათვალისწინებით, რუსეთის ხელისუფლების ორგანოს არ გადაუჭარბებია შეფასების ფარგლებისთვის.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy