Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N202
2019 წლის თებერვალი
ხანი საფრანგეთის წინააღმდეგ (Khan v. France)
(საჩივარი- N 12267/16)
გადაწყვეტილება, 28 თებერვალი, 2019
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
ფაქტები: გადაწყვეტილება ეხებოდა თანმხლები პირის გარეშე მყოფი უცხოელი არასრულწლოვნების დაცვის ვალდებულებას, რომლებიც იმყოფებიან დამამცირებელ საცხოვრებელ პირობებში.
მომჩივანმა, თანმხლები პირის გარეშე მყოფმა 11-დან 12 წლამდე ავღანელმა ბავშვმა, ინგლისში ჩაღწევის იმედით, თითქმის შვიდი თვე გაატარა სიღატაკეში, კალეს რეგიონში. როგორც ჩანს, მისი მიზანი არასოდეს ყოფილა საფრანგეთში თავშესაფრის მიღება. ამ პერიოდის განმავლობაში, იგი ცხოვრობდა თვითნაკეთ ქოხებში, სავალალო პირობებში ათასობით სხვა მიგრანტებთან ერთად, რათა გადაეკვეთათ ინგლისის არხი. ცალკეული პირები და ოჯახები ცხოვრობდნენ ქოხებში, კალეს რეგიონის ქალაქებში და მოკლებულნი იყვნენ ადეკვატურ თავშესაფარს, უსაფრთხოებას, საჭმელს, ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებს და ხელმისაწვდომ ჯანდაცვას.
საბოლოოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომჩივნის (და სხვა არასრულწლოვნების) სახელით შეიტანეს სარჩელი, რომლითაც საფრანგეთის მთავრობას სთხოვდნენ მზრუნველობის ქვეშ აეყვანათ მომჩივანი. აღნიშნული სარჩელი, ბავშვებთან დაკავშირებულ საქმეებზე მომუშავე მოსამართლემ, დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან მომჩივანს არ მიუმართავს მათთვის და შეუძლებელი იყო მისი ადგილსამყოფელის დადგენა. საბოლოოდ, მომჩივანმა მოახერხა ინგლისში ჩასვლა. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე იგი დავობდა, რომ ხელისუფლების ორგანოებს არ მიუმართავთ ყველა ზომისთვის, რაც გონივრულად მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან, რათა ეზრუნათ მის კეთილდღეობაზე.
სამართალი: სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მომჩივანს და დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა. აღსანიშნავია გადაწყვეტილების შემდეგი ასპექტები.
მომჩივნის განსაკუთრებული მდგომარეობა არ გამხდარა ხელისუფლების ყურადღების საგანი, ბავშვთა საქმეებზე მომუშავე მოსამართლის გადაწყვეტილებამდე. ხელისუფლების ორგანოებმა არ იცოდნენ მომჩივნის შესახებ, გადაწყვეტილების მიღების დღემდე. მას არ მოუთხოვია თავშესაფარი და არ იმყოფებოდა საემიგრაციო პატიმრობაში გაძევების მოლოდინში. აქედან გამომდინარე, მომჩივნის სიტუაცია განსხვავდება საქმისგან რაჰიმი საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 8687/08, სადაც მომჩივანი ასევე თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი იყო. ამ უკანასკნელ საქმეში, სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, რადგან ხელისუფლებამ გაათავისუფლა მომჩივანი საემიგრაციო პატიმრობიდან, სადაც ელოდებოდა ტერიტორიიდან გაძევებას და ფაქტობრივად დატოვა ის ქუჩაში. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ საქმეში სასამართლომ ხაზი გაუსვა მომჩივნის უკიდურეს მოწყვლადობას, ბავშვი თვეების განმავლობაში ცხოვრობდა არასაიმედო პირობებში და მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა ფიზიკური და მათ შორის სექსუალური ძალადობის საშიშროების წინაშე. ხელისუფლების ორგანოებმა არ მიიღეს შესაბამისი ზომები თანმხლები პირის გარეშე მყოფი არასრულწლოვანთა იდენტიფიცირებისათვის (როგორიც იყო მომჩივანი), რომლებიც ცხოვრობდნენ თვითნაკეთ ბანაკებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი არსებობა კარგად იყო დოკუმენტირებული. აღსანიშნია, რომ სტრასბურგის სასამართლომ, ამ საკითხთან დაკავშირებით, გაითვალისწინა ეროვნული ორგანოების (მაგალითად, ადამიანის უფლებათა დამცველი და ადამიანის უფლებათა ეროვნული საკონსულტაციო კომისია) და საერთაშორისო ორგანიზაციების (როგორიცაა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მიგრაციის, ლტოლვილთა და გაეროს საქმეებზე) დასკვნები.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ბავშვთა საქმეებზე მომუშავე მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ დაადასტურა ის სირთულეები, რომლებიც ხელისუფლებას შეექმნა მომჩივნის იდენტიფიცირებასა და ადგილმდებარეობის დადგენაში და შემდგომში დაეთანხმა, რომ ეს სირთულეები გამოწვეული იყო მომჩივნის მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობით. მიუხედავად ამისა, განაცხადა, რომ საქმეში უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ის, რომ ბავშვი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა დამამცირებელ, საშიშ და სახიფათო პირობებში. მაშინაც კი, თუ მოპასუხე სახელმწიფოს არ შეუქმნია ზემოაღნიშნული პირობები, მას კონვენციის მე-3 მუხლით მიხედვით ეკისრებოდა ვალდებულება, რომ დაეცვა მომჩივანი ამგვარი ცხოვრების პირობებისგან.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები