ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება სასამართლო საქმეში იმ მასალების ერთადერთი მტკიცებულების სახით გამოყენების შესახებ, რომელიც მოპოვებულ იქნა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევით.
იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება მიჩნეულია მყარად და არ არსებობს მისი არასანდოობის რისკი, არ დგას მტკიცებულების დამატებითი განმტკიცების საჭიროება: დარღვევა არ არის.
საქმე „ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
CASE OF KHAN v. THE UNITED KINGDOM
განცხადება №35394/97
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2000 წლის 12 მაისი
ფაქტობრივი გარემოებები
1.საქმის გარემოებები
9. 1992 წლის 17 სექტემბერს განმცხადებელი ჩამოფრინდა პაკისტანიდან მანჩესტერის აეროპორტში. იმავე რეისით მგზავრობდა მისი ბიძაშვილი ნ. ორივე მამაკაცი გააჩერეს და შეამოწმეს საბაჟოს თანამშრომლებმა. ნ-ს თითქმის 100 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ჰეროინი უპოვეს. ნ. დაკითხეს, შემდგომ დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს. ასევე დაკითხეს განმცხადებელ, რომელსაც ვერ აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერებები და დანაშაული არ აღიარა. განმცხადებელი გაათავისუფლეს ბრალის წაყენების გარეშე. 1993 წლის 26 იანვარს განმცხადებელი ესტუმრა მის მეგობარ ბ-ს შეფილდში. ბ-ს მიმართ წარმოებდა გამოძიება ჰეროინით ვაჭრობასთან დაკავშირებით. 1993 წლის 12 იანვარს ბ-ს შენობაზე მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება ავტორიზებულ იქნა სამხრეთ იორკშირის პოლიციის უფროსის მიერ იმ საფუძვლებით, რომ თვალთვალის კონსერვატიული მეთოდები არ გამოდგებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ იგი ნარკოტიკებით ვაჭრობდა. მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი იყო, რომ განმცხადებელი ესტუმრა ამ შენობას. არც ბ-მ და არც განმცხადებელმა არ იცოდნენ მოსასმენი მოწყობილობის შესახებ, რომელიც პოლიციის მიერ იქნა დამონტაჟებული.
10. ამ მოსასმენი მოწყობილობის საშუალებით პოლიციამ მოიპოვა საუბრის ჩანაწერი, სადაც განმცხადებელმა აღიარა, რომ 1992 წლის 17 სექტემბერს ნ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების იმპორტში მონაწილეობდა. 1993 წლის 11 თებერვალს განმცხადებელი დააპატიმრეს. დაკითხვისას კვლავ არ აღიარა ბრალი, თუმცა მოგვიანებით მას და ნ-ს ერთად წაუყენეს ბრალი საბაჟო და აქციზის მართვის შესახებ 1979 წლის კანონისა და ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენების შესახებ 1991 წლის აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის და გადაცეს სასამართლოს.
11. 1993 წლის დეკემბერში ჩატარდა სასამართლო პროცესი. განმცხადებელმა თავი დამნაშავედ არ ცნო. განმცხადებელმა აღიარა, რომ შეფილდში მითითებულ მისამართზე იყო და ფირზე ჩაწერილთაგან ერთ-ერთი მისი ხმა იყო. სახელმწიფო ბრალდების სახელით მიჩნეულ იქნა, რომ მოსასმენი მოწყობილობის დამაგრება წარმოადგენდა სამოქალაქო სამართალდარღვევას და საკუთრების ხელშეუხებლობის უფლებას ლახავდა. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ დაკითხა მოწმე ფირზე ჩაწერილი საუბრის მტკიცებულების სახით დასაშვებობაზე (განცხადებები სამართლის საკითხებზე ნაფიცი მსაჯულების არყოფნისას). სახელმწიფო ბრალდება დათანხმდა, რომ აღნიშნულის გარდა განმცხადებლის წინააღმდეგ სადავო საკითხი არ არსებობდა.
12. მოსამართლემ დაადგინა, რომ მტკიცებულება იყო დასაშვები. საბრალდებო აქტის შესწორების მიხედვით, განმცხადებელს ხელახლა წაუყენეს ბრალი და ცნეს დამნაშავედ, რადგან შეგნებულად მონაწილეობდა ჰეროინის იმპორტის აკრძალვისათვის თაღლითურად თავის არიდებაში. 1994 წლის 14 მარტს განმცხადებელს მიესაჯა 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
29. განმცხადებელი ასევე ამტკიცებს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას იმ საფუძველზე, რომ მის საქმეში კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევით მოპოვებული მასალების ერთადერთი მტკიცებულების სახით გამოყენება არ შეესაბამებოდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნებს. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, შემდეგს:
„ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას... ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება . . .”
34. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მისი მოვალეობა კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, არის კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა. კერძოდ, მის ფუნქციებში არ შედის ფაქტობრივი ან სამართლებრივი შეცდომების განხილვა, რომლებიც სავარაუდოდ დაშვებულ იქნა ეროვნული სასამართლოების მიერ, გარდა აღნიშნული შემთხვევისა, რამდენადაც მათ შეეძლოთ დაერღვიათ კონვენციით დაცული უფლებები და თავისუფლებები. როდესაც მე-6 მუხლი იძლევა სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიებს, არ აწესებს რაიმე წესს ან მტკიცებულების დასაშვებობის წესებს, რაც ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანს წარმოადგენს (იხ. შენკის გადაწყვეტილება, გვ. 29, §§ 45-46 და ტექსეირა დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ, 1998 წლის 9 ივნისი, ანგარიშები 1998-IV, გვ. 1462, § 34). სასამართლოს ფუნქცია არ არის განსაზღვროს მტკიცებულების კონკრეტული სახეები, მაგალითად, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება დასაშვებია თუ არა, ან იყო თუ არა განმცხადებელი დამნაშავე. კითხვა, რომელსაც სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს არის შემდეგი: იყო, თუ არა სასამართლო პროცესები მთლიანობაში სამართლიანი, იმ საშუალების გათვალისწინებით, რომლითაც მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები. აღნიშნული მოიცავს „უკანონობის” შესწავლას და აღმოჩენილი დარღვევის ხასიათის დადგენას, როდესაც სახეზეა კონვენციით დაცული სხვა უფლების დარღვევა.
35. სასამართლო აღნიშნავს, რომ შენკის საქმეში განმცხადებელი ჩიოდა, რომ შვეიცარიის კანონმდებლობის დარღვევით მისი პ-სთან საუბრის ჩაწერა და მტკიცებულების სახით გამოყენება საქმეში ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში სადავოდ არ მიიჩნია, რომ თავად ჩანაწერი შვეიცარიის კანონმდებლობის დარღვევით იქნა მოპოვებული და აღნიშნული აღიარებულ იქნა შვეიცარიის სასამართლოების მიერ. სასამართლომ დაადგინა, რომ არ შეეძლო „პრინციპულად და ზოგადად გამოერიცხა, არსებული სახის უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობა” (გვ. 29, § 46) და მის ფუნქციებში შედიოდა მხოლოდ იმის დადგენა, იყო თუ არა განმცხადებლის სასამართლო პროცესი მთლიანობაში სამართლიანი. იმ დასკვნის გაკეთებისას, რომ მტკიცებულების სახით არსებული სადავო ჩანაწერი არ ართმევდა განმცხადებელს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაცვის უფლებები არ იქნა უგულებელყოფილი: განმცხადებელს მიეცა შესაძლებლობა, რომელიც მან გამოიყენა, რათა გაეპროტესტებინა ჩანაწერის ავთენტურობა და დაპირისპირებოდა მის გამოყენებას, შეემოწმებინა პ. და გამოეძახებინა პოლიციის ინსპექტორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ჩანაწერის გაკეთების პროვოცირებაზე. სასამართლომ მოგვიანებით „მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ სატელეფონო საუბრის ჩაწერა არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება დაეფუძნა“ (გვ.29-30, § 48).
36. სასამართლო დასაწყისიდანვე აღნიშნავს, რომ შენკის საქმეში გამოყენებული პოზიციის საწინააღმდეგოდ, მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟება და განმცხადებლის საუბრის ჩაწერა უკანონო არ იყო ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით. განსაკუთრებით, როგორც ლორდი ნოლანი ასკვნის, ინგლისის სამართლის მიხედვით ზოგადად არაფერია უკანონო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაში. უფრო მეტიც, როგორც შემდგომ აღინიშნა, არ არსებობდა მითითება, რომ მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟებისას პოლიცია მოქმედებდა სხვაგვარად, ვიდრე აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმძღვანელო პრინციპებით იყო განსაზღვრული. დამატებით, როგორც ლორდთა პალატამ დაადგინა, ბ-სთან საუბრისას განმცხადებლის მიერ გაკეთებული განცხადებები ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, არ მომხდარა დანაშაულის წაქეზება მისი მხილების მიზნით და არავის განუხორციელებია განმცხადებელზე ზეწოლა, რომ ამ სახის აღიარება მიეცა. მოცემულ საქმეში გათვალისწინებულია იმ საჩივრის „უკანონობაც”, რომელიც ექსკლუზიურად უკავშირდება ფაქტს, რომ არ არსებობდა კანონით დადგენილი უფლებამოსილება განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩასარევად, შესაბამისად, ასეთი ჩარევა არ შეესაბამებოდა კანონს”, კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით.
37. სასამართლო შემდეგ აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში გასაჩივრებული მასალა იყო ერთადერთი მტკიცებულება განმცხადებლის წინააღმდეგ და განმცხადებლის განცხადება ბრალის აღიარების შესახებ ეფუძნებოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ მტკიცებულება დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, მტკიცებულების არსებობის შესაბამისობა, გასაჩივრებული საკითხის გარდა, ეფუძნება საქმის გარემოებებს. მოცემულ სიტუაციაში, როდესაც ფირი მიჩნეულ იქნა უტყუარ მტკიცებულებად და რამდენადაც არ არსებობდა მათი არასაიმედოდ მიჩნევის რისკი, მტკიცებულების მხარდაჭერის საჭიროება შესაბამისად სუსტია. მართალია, შენკის საქმეში სასამართლომ მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ ფირზე ჩანაწერი იმ საქმეში არ იყო განმცხადებლის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი მტკიცებულება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ შენკის საქმეში მოცემული ჩანაწერი, არ ყოფილა ერთადერთი მტკიცებულება, ვაუდის კანტონის სასამართლოს სისხლის სამართლის კასაციის განყოფილების მიერ მიჩნეულ იქნა როგორც „სისხლის სამართლის პროცესის შედეგებზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ან სულ ცოტა, მნიშვნელოვან მტკიცებულებად“ (§ 28, გვ.19-22). უფრო მეტიც, ეს ელემენტი სასამართლოს დასკვნაში გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა.
38. ძირითადი საკითხი მოცემულ საქმეში არის ის, იყო თუ არა სამართალწარმოება მთლიანობაში სამართლიანი. კერძოდ, სადავო ფირზე ჩანაწერის დასაშვებობაზე მითითებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ შენკის საქმეში, განმცხადებელს ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა გაეპროტესტებინა როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მისი გამოყენება. მას არ გაუპროტესტებია მისი ავთენტურობა, მაგრამ გააპროტესტა მისი გამოყენება ნაფიცი მსაჯულების წინაშე და შემდეგ - სააპელაციო სასამართლოსა და ლორდთა პალატის წინაშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ იურისდიქციის თითოეულ დონეზე ეროვნულმა სასამართლოებმა შეაფასეს მტკიცებულების დასაშვებობის გავლენა სასამართლო პროცესის სამართლიანობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 78-ე ნაწილზე მითითებით და სასამართლოებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს დაკვირვების არაკანონისმიერი საფუძველი. ის ფაქტი, რომ განმცხადებელი თითოეული ნაბიჯის გადადგმისას წარუმატებელი იყო, არაფერს არ ცვლის (გვ. 29, § 47).
39. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულ სასამართლოებს მტკიცებულების დასაშვებობა არსებითი უსამართლობის გამომწვევ მიზეზად რომ მიეჩნიათ, მათ უნდა ჰქონოდათ მისი დაუშვებლად ცნობის დისკრეცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 78-ე ნაწილის მიხედვით.
40. ამ შემთხვევებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის სასამართლო პროცესზე ფარულად ჩაწერილი მასალის გამოყენება არ ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანობის მოთხოვნებს.
Full & Egal Universal Law Academy