Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N189
2015 წლის ოქტომბერი
ხარლამოვი რუსეთის წინააღმდეგ (Kharlamov v. Russia)
(საჩივარი- N27447/07)
გადაწყვეტილება, 8 ოქტომბერი, 2015 [1-ლი სექცია]
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი
გამოხატვის თავისუფლება
პროფესორისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება იმის გამო, რომ მან უნივერსიტეტის მმართველი ორგანოს არჩევის პროცედურა გააკრიტიკა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანმა, უნივერსიტეტის პროფესორმა ფიზიკის დარგში, უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევის მიზნით გამართულ ფართომასშტაბიან კონფერენციაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ აკადემიური საბჭო ვერ ჩაითვლებოდა ლეგიტიმურ ორგანოდ, საარჩევნო პროცესში არსებული ნაკლოვანებების გამო. მომჩივანს უნივერსიტეტმა ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა; ის აცხადებდა, რომ მომჩივნის განცხადებებმა დააზიანა უნივერსიტეტისა და მისი აკადემიური საბჭოს რეპუტაცია. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მომჩივანს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ვინაიდან, საქმეში არსებული მყარი მტკიცებულებების გათვალისწინებით, აკადემიური საბჭოს არჩევნები არსებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ ცილისწამების საქმეში მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ კომენტარებისთვის, რომელიც მან თავისი პროფესიული საქმიანობის კონტექსტში გააკეთა, არღვევდა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებას.
სამართალი: მე-10 მუხლი: სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივანმა თავისი მოსაზრებები გამოთქვა აკადემიურ შეკრებაზე, რომელიც ღია იყო უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისთვის. მის მიერ განხილული საკითხი ეხებოდა საჯარო ინტერესის საგანს, კერძოდ, აკადემიური სენატის არჩევნების პროცედურას. შესაბამისად, სადავო ჩარევა განხილულ უნდა იქნეს პროფესიული საქმიანობის ჭრილში. უნივერსიტეტის მმართველი ორგანოს შემადგენლობა და მისი დანიშვნის პროცედურა უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო და ამ საკითხის ირგვლივ დისკუსია უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ცხადყოფს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ერთმანეთს შეუპირისპირა საქმეში არსებული სამართლებრივი ინტერესები, კერძოდ, უნივერსიტეტის რეპუტაციის დაცვის საჭიროება და მომჩივნის უფლება, გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებას ეხება და საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს.
ეროვნულმა სასამართლოებმა აგრეთვე არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის ,,ღირსების’ დაცვა ვერ გაუტოლდება ინდივიდისას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის რეპუტაციის დაცვა არის ინსტიტუციონალური ინტერესი, რომელსაც აუცილებლად არ აქვს იმ დონის დაცვა, როგორიც ,,სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვას’’.
გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მომჩივნის განცხადებები ფაქტებს წარმოადგენდა და მან ვერ შეასრულა ფაქტების ნამდვილობის დადასტურების მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. თუმცა, მომჩივნის განცხადების მთავარი შინაარსი იყო ის, რომ არ ეთანხმებოდა აკადემიური საბჭოს არჩევის წესს. მან უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის გაახმოვანა მისი პირადი მოსაზრება საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე და აგრეთვე მიუთითა, რომ მის შეფასებას ჰქონდა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, ვინაიდან მისი კოლეგა პროფესორებიც ადასტურებდნენ მის განცხადებას. მომჩივანს არ გამოუყენებია შეურაცხმყოფელი სიტყვები და არ გადაუჭარბებია გაზვიადების დაშვებულ ფარგლებს.
შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლოებმა არ დაიცვეს მათთვის მიკუთვნებული ვიწრო შეფასების ფარგლები, როდესაც ისინი იხილავენ საჯარო ინტერესის მქონე საკითხთან დაკავშირებულ დებატებს. აქედან გამომდინარე, ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-მუხლი: არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მომჩივანს 7 500 ევრო მიეკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy