Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N202
2016 წლის დეკემბერი
ხლაიფია და სხვები იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Khlaifia and Others v. Italy) [GC]
(საჩივარი- N 16483/12)
გადაწყვეტილება, 15 დეკემბერი, 2016
მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი
უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა
ფაქტები: გადაწყვეტილება ეხებოდა მომჩივნების, სამი ტუნისელი ეკონომიკური მიგრანტის, კუნძულ ლამპედუსაზე ჩასვლას, მათ თავდაპირველ განთავსებას ემიგრანტთა მისაღებ ცენტრში და გემზე დაკავებას, რომელიც მიბმული იყო პალერმოს ნავსადგურზე, რასაც მოჰყვა მათი გაძევება ტუნისში, 2011 წლის აპრილში იტალიასა და ტუნისს შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურის შესაბამისად. მომჩივნები დავობდნენ, რომ მათ დაერღვათ კონვენციის მე-3, მე-5, მე-13 მუხლებითა და მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
სამართალი: დიდმა პალატამ დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტების დარღვევა, ასევე მე-13 მუხლის დარღვევა მე-3 მუხლთან ერთობლიობაში; დიდმა პალატამ წინამდებარე საქმეზე არ დაადგინა სხვა მუხლების დარღვევა. გადაწყვეტილება შეისწავლის ემიგრანტების კონვენციით გათვალისწინებული უფლებების გარკვეულ დეტალებს მიგრაციის მიზეზებისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, რომელიც გამომჟღავნდა 2011 წელს, როდესაც ,,არაბულ გაზაფხულთან’’ დაკავშირებულმა მოვლენებმა გარკვეულ სახელმწიფოებში (მოცემულ შემთხვევაში, ლამპედუსას კუნძულზე) ემიგრანტების მასობრივი შემოდინება გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვანად იმოქმედა მიმღებ სახელმწიფოზე.
რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლს, გადაწყვეტილება მიმოიხილავს მე-3 მუხლის მიხედვით სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომელიც მოიცავს მიგრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლას (სხვებს შორის, მათი პატიმრობის პირობებს და კონკრეტულად ციხის გადატვირთულობას).
მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივრის საპასუხოდ, მთავრობა დავობდა, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა განსაკუთრებული ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა. ერთი მხრივ, დიდმა პალატამ მიუთითა საქმეზე მ.ს.ს. ბელგიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ , სადაც სასამართლომ დაადასტურა, რომ მე-3 მუხლი აბსოლუტური ხასიათის იყო და მიგრაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები სახელმწიფოს არ ათავისუფლებდა მე-3 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულებისგან, შესაბამისად, ამ საკითხის შეფასებისას, ეს ფაქტორი მხედველობაში ვერ მიიღებოდა. მეორე მხრივ, დიდმა პალატამ წინამდებარე საქმეზე დაადგინა შემდეგი:
,,მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კრიზისი ვერ გაამართლებს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით არაბუნებრივი იქნებოდა საქმის გარემოებების განხილვა ზოგადი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. ამრიგად, სასამართლო შეფასების დროს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში მიიღებს იმ გარემოებას, რომ აპლიკანტებისთვის გამოწვეული გაუსაძლისი სირთულეები მეტწილად გამომდინარეობდა იმ რთული სიტუაციიდან, რომლის წინაშეც აღმოჩნდა იმ დროისთვის იტალიის ხელისუფლება.’’
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები