Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N165
2013 წლის ივლისი
ხლიუსტოვი რუსეთის წინააღმდეგ (Khlyustov v. Russia)
(საჩივარი- N28975/05)
გადაწყვეტილება, 11 ივლისი, 2013 [1-ლი სექცია]
მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი
მე–4 დამატებითი ოქმის მე–2 მუხლის მე–2 პარაგრაფი
ქვეყნის დატოვების თავისუფლება
სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოვალეზე დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვები: დარღვევა
ფაქტები: 2003 წლის ნოემბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე მომჩივანი რამდენჯერმე დაექვემდებარა რუსეთის ფედერაციის დატოვების 6-თვიან აკრძალვას. მომჩივანს აკრძალვები ეკისრებოდა აღმასრულებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად იმ საფუძვლებით, რომ ის მესამე მხარეს ნებაყოფლობით არ უხდიდა სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ დავალიანებას. მომჩივანი მისი ფინანსური მდგომარეობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მასზე დამოკიდებული იყო ორი ბავშვი და ავადმყოფი დედა, ითხოვდა გარკვეულ დროს, რომ დაეფარა დავალიანება.
სამართალი: მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი - მომჩივნის უფლებაში ჩარევა, კონვენციის მე–4 ოქმის მე–2 მუხლის მიზნებისთვის, კანონით იყო გათვალისწინებული. მას ჰქონდა საფუძველი შიდასახელმწიფოებრივ სამართალში (1997 წლის ფედერალური კანონი სააღსრულებო წარმოების შესახებ და 1996 წლის ფედერალური კანონი რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და მისი დატოვებისა შესახებ), რომლის მიხედვითაც ნებადართული იყო რუსეთის დატოვების უფლების დროებითი შეზღუდვები იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც თავს არიდებნენ სასამართლოს მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. კანონმდებლობა იყო ხელმისაწვდომი, და მიუხედავად იმისა, რომ ის აღსრულების სამსახურს ფართო დისკრეციას ანიჭებდა, ასევე საკმარისად განჭვრეტადი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ გარანტიას უზრუნველყოფდა ის ფაქტი, რომ აღმასრულებლის გადაწყვეტილებები ექვემდებარებოდა სასამართლოს მიერ გადასინჯვას. ჩარევას ასევე ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი, კერძოდ, სხვათა უფლებების დაცვა.
რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’, სასამართლომ გაიმეორა, რომ გადაადგილების შეზღუდვები, რომელიც დაკისრებულია გადაუხდელი დავალიანების გამო, გამართლებულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის ატარებს მიზანს, რომ გარანტირებულ იქნეს დავალიანების ანაზღაურება. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივ ორგანოებს უნდა უზრუნველეყოთ, რომ შეზღუდვები იყო, თავიდანვე და მისი ხანგრძლივობის განმავლობაში, გამართლებული და პროპორციული და არ ვრცელდებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად მისი დასაბუთების ხელმეორედ შემოწმების გარეშე.
ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, როგორც ეს განმარტა საკონსტიტუციო სასამართლომ, მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესება არ შეიძლებოდა ავტომატურად სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებული დავალიანების გადაუხდელობის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა დადგინდებოდა, რომ მისი დაწესება აუცილებელი იყო იმ შემთხვევებში, როდესაც მოვალე თავს არიდებდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს. აღმასრულებლები ვალდებულნი იყვნენ, გამოეცათ დადგენილება, რომელიც მათი გადაწყვეტილების საფუძვლებს მიუთითებდა. თუმცაღა, მომჩივნის საქმეში, აღმასრულებლის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ მომჩივანი ნებაყოფლობით არ იხდიდა სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ დავალიანებას. მათ არ მიუთითებიათ რაიმე სხვა მიზეზი და, კერძოდ, არ განუცხადებიათ, რომ მომჩივანი თავს არიდებდა დავალიანების გადახდას და არ აუხსნიათ, თუ როგორ ემსახურებოდა მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესება დავალიანების ანაზღაურებას. მათ არც მომჩივნის ინდივიდუალური შემთხვევა და საქმის სხვა რელევანტური გარემოებები არ განუხილავთ. აღმასრულებლების შემდგომი გადაწყვეტილებების ფორმულირება დროის გასვლასთან ერთად არ შეცვლილა. საბოლოოდ, თავიდანვე და მისი ხანგრძლივობის განმავლობაში, მომჩივნის მიერ ქვეყნის დატოვების თავისუფლების შეზღუდვა ეყრდნობოდა მხოლოდ იმ საფუძველს, რომ მომჩივანს არ გადაუხდია სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებული დავალიანება ნებაყოფლობით და ის გახანგრძლივდა აღსრულების სამსახურის მიერ ავტომატურად, მისი დასაბუთების ხელმეორედ შეფასების გარეშე. სიტუაცია არ გამოსწორებულა შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიერ, რომლებმაც აღსრულების სამსახურის გადაწყვეტილებების გადახედვისას არ შეამოწმეს მოგზაურობის შეზღუდვების დასაბუთება და პროპორციულობა.
საბოლოოდ, ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება, უზრუნველეყოთ, რომ მომჩივნის მიერ ქვეყნის დატოვების უფლებაში ჩარევა ყოფილიყო გამართლებული და პროპორციული.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 2,000 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით; მოთხოვნას მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით უარი ეთქვა.
(იხილეთ ასევე Ignatov v. Bulgaria, 50/02, 2 ივლისი 2009; და Gochev v. Bulgaria, N34383/03, 26 ნოემბერი 2009, საინფორმაციო ბარათი 124)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy