დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის (www.tcc.gov.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე ხიზანიშვილი და კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ
(საჩივარი N 25601/12)
გადაწყვეტილება
მუხლი 1 პ. 1 • საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება • უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ფასის და სათანადო კომპენსაციის გამოთვლასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების მხრიდან საკმარისი დასაბუთების ვერუზრუნველყოფა
სტრასბურგი
17 დეკემბერი 2019
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებების თანახმად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს.
საქმეზე ხიზანიშვილი და კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ (Khizanishvili and Kandelaki v. Georgia)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ანგელიკა ნიუსბერგერი, თავმჯდომარე,
გაბრიელე კუცკო-შტადლმაიერი,
განნა იუდკივსკა,
იონკო გროზევი,
სიოფრა ო’ლირი,
მარტინშ მითსი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და მილან ბლაშკო, სექციის მდივნის მოადგილე,
2019 წლის 22 ოქტომბრის და 19 ნოემბრის დახურული თათბირის შედეგად, მითითებული უკანასკნელი თარიღით მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცესი
1. საქმის წარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე საქართველოს მოქალაქეების, ქალბატონ ლალი ხიზანიშვილის („პირველი მომჩივანი“) და ბატონ გიორგი კანდელაკის („მეორე მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2012 წლის 20 აპრილს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (N 25601/12).
2. მომჩივნებს წარმოადგენდა ქალბატონი ლია მუხაშავრია ადვოკატი, რომელიც საქმიანობს სოფელ ქვემო შუხუთში. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა ბატონი ბ. ძამაშვილი, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.
3. მომჩივნები კერძოდ ჩიოდნენ, რომ კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევით, ეროვნულმა სასამართლოებმა ისინი ვერ უზრუნველყვეს ადეკვატური ანაზღაურებით მათი ქონების უკანონოდ დანგრევის სანაცვლოდ.
4. 2017 წლის 20 სექტემბერს მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, ხოლო საჩივარი სხვა ნაწილში გამოცხადდა დაუშვებლად სასამართლოს რეგლამენტის 54-ე წესის მე-3 პუნქტის თანახმად.
5. 2017 წლის 15 დეკემბერს პირველი მომჩივანი გარდაიცვალა. დედამ, ქალბატონმა ლუბა ხიზანიშვილმა, გამოხატა თავის ქალიშვილის სახელით სასამართლოში საქმის გაგრძელების სურვილი.
ფაქტებისაქმის გარემოებები
6. პირელი მომჩივანი დაიბადა 1963 წელს. მეორე მომჩივანი დაიბადა 1955 წელს და ცხოვრობს თბილისში.
7. 2003 წლის 31 ოქტომბერს, ოთხ სხვა ფიზიკურ და ერთ სამეწარმეო იურიდიულ პირთან ერთად, მომჩივნებმა შეიძინეს ქ. თბილისში, მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ 154 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე კომერციული ობიექტები („შენობა“). მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აღნიშნული ფიზიკური პირების და სამეწარმეო იურიდიული პირის თანასაკუთრების უფლება. ასევე აღრიცხული იყო აღნიშნულ პირთა თანასაკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობაზე, რომლის სრული ფართობი შეადგენდა 494 კვ.მ-ს: პირველი მომჩივნის საკუთრების უფლება აღრიცხული იყო 76.82 კვ.მ-ზე (45.8 კვ.მ სარდაფში და 31.02 კვ.მ პირველ სართულზე), ხოლო მეორე მომჩივნის საკუთრების უფლება 40.74 კვ.მ-ზე (25.67 კვ.მ სარდაფში და 15.07 კვ.მ პირველ სართულზე).
8. საქმის მასალების მიხედვით, შენობაში თავიანთი შესაბამის წილებსა და მიწის ნაკვეთში, რომელზეც ის მდებარეობდა პირველმა მომჩივანმა გადაიხადა 12,500 ქართული ლარი (GEL – დაახლოებით 5,500 ევრო (EUR)) და მეორე მომჩივანმა - GEL 12,000 (დაახლოებით EUR 5,300). სხვადასხვა წყარო, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში მიუთითებს, რომ თბილისში 2003-დან 2007 წლამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების ფასი.
9. შენობა აგებული იყო 2002 წლის 11 ივლისის ნებართვის საფუძველზე, ექსპლუატაციაში კი შესული იყო შესაბამისი მუნიციპალური ორგანოს 2003 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით.
10. 2003 წლის 29 იანვარს მომჩივნებმა მიმართეს ქ. თბილისის მერიას („ქალაქის მერია“) შენობის დანგრევის შესახებ გავრცელებულ ხმებთან და ასეთი დანგრევისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად. იმავე დღეს სახალხო დამცველმა მიმართა მერს და აღნიშნა, რომ შენობის დანგრევა, რომელიც იმ ქონების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელზეც კანონიერი საკუთრების უფლება გააჩნდათ მომჩივნებსა და სხვა კერძო პირებს, უნდა განხორციელებულიყო კანონის შესაბამისად და წერილობითი ბრძანების საფუძველზე. არ დასტურდება, რომ მომჩივანმა ან სახალხო დამცველმა მიიღეს პასუხი,
11. 2007 წლის 30 იანვარს ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა („ზედამხედველობის სამსახური“) ბულდოზერის გამოყენებით დაანგრია შენობა. მედიასაშუალების მეშვეობით ამ მოვლენის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შენობის დანგრევა წარმოადგენდა ქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ უკანონოდ აშენებული ან უსახური შენობების ნგრევის კამპანიის ნაწილს.
12. 2007 წლის 27 თებერვალს მომჩივნებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ ზედამხედველობის სამსახურმა მათ საკუთრებაში არსებული ქონება დაანგრია რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება. მათ წარადგინეს კერძო შემფასებლის დასკვნა ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით. შემფასებლის დასკვნის მიხედვით, კომერციული ობიექტების სარდაფის სართულის და პირველი სართულის სრული საბაზრო ღირებულება, სრული ფართობით 229.73 კვ.მ, შეადგენდა 760,000 აშშ დოლარს (დაახლოებით EUR 585,300). იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი შენობა აღარ არსებობდა, ექსპერტმა მიუთითა „ანალოგიური ჰიპოთეტური შენობის“ სავარაუდო ღირებულება.
13. 2008 წლის 1-ელ მაისს პირველი ინსტანციის სასამართლომ დანგრეული შენობის ღირებულების შეფასების მიზნით დანიშნა ექსპერტიზა. სხვა კითხვებთან ერთად ექსპერტებს დაესვათ შეკითხვა დანგრეული შენობის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ 2007 წლის 30 იანვრის მდგომარეობით. 2008 წლის 30 ოქტომბრის N1765/15/19 დასკვნა შედგენილი იყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორი ექსპერტის მიერ („ეებ-ს პირველი დასკვნა“). დასკვნის მიხედვით, შენობის საერთო საბაზრო ღირებულება მისი დანგრევის დროისთვის უნდა ყოფილიყო GEL 1,068,975 (დაახლოებით EUR 497,400). თუმცა, იმის გამო, რომ შეფასების დროისთვის შენობა აღარ არსებობდა ასევე ხელმისაწვდომი არ იყო კონკრეტული დოკუმენტები, რომლებშიც მითითებული იქნებოდა იმ მასალის შესახებ, რითაც ის იყო აშენებული, შეუძლებელი იყო რეალური სურათის აღწერა, რის გამოც ექსპერტებმა საორიენტაციო ფასი მიუთითეს. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ არ გააჩნდათ იმ ინფორმაციის შემცველი სპეციალური მონაცემები (დოკუმენტურად დადასტურებული), თუ რას შეადგენდა ანალოგიური შენობების ნასყიდობის ფასი.
14. 2009 წლის 8 ივლისს პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებით დანიშნა ექსპერტიზა შენობის ფასის საბაზრო ღირებულების გამოსათვლელად, რომლიდანაც გამორიცხული იქნებოდა მიწის ნაკვეთის ფასი, რომელზეც ის იყო განლაგებული, რადგან მომჩივნებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება შენარჩუნებული ჰქონდათ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ შედგენილი 2009 წლის 17 სექტემბრის დასკვნის მიხედვით („ეებ-ს მეორე დასკვნა“) სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა GEL 50,820-ს (დაახლოებით EUR 23,648), იმის გათვალისწინებით, რომ 1 კვ.მ-ს საბაზრო ღირებულებად მიჩნეული იყო GEL 330 (დაახლოებით EUR 153). ამასთან მიწის ნაკვეთის ფასის მხედველობაში მიღების გარეშე, შენობის ღირებულება, მისი დანგრევის დროისათვის, უნდა ყოფილიყო GEL 1,018,155 (დაახლოებით EUR 473,790): პირველი მომჩივნის წილი შეადგენდა GEL 187,501.74 (დაახლოებით EUR 87,252)-ს, ხოლო მეორე მომჩივნის წილი GEL 133,862.20 (დაახლოებით EUR 62,291)-ს.
15. 2009 წლის 9 ნოემბრის [გადაწყვეტილებით] საქალაქო სასამართლომ მიჩნია, რომ კომერციული ობიექტების დანგრევა უკანონო იყო. სასამართლომ მიუთითა შემდეგი:
„სასამართლო იზიარებს მოსარჩელეების არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ საქმის მასალები, ისევე, როგორც [დანგრევის ამსახველი] ვიდეომასალა უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მომჩივნების საკუთრებაში არსებული შენობა უკანონოდ იყო დანგრეული ... ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, განსაკუთრებით იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოს დავალების მიუხედავად, მოპასუხემ არ წარადგინა შენობის დანგრევასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები და, რომ შენობის დანგრევა განხორციელდა რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, თბილისის მერიას უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა [მოსარჩელეებისთვის], [მათ მიერ] განცდილი ზიანის ასანაზღაურებლად.“
16. პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ მომჩივნებს არ ჩამორთმევიათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე შესაბამისად მათ უნდა მიეღოთ კომპენსაცია მხოლოდ შენობის საბაზრო ღირებულების ოდენობით. ეებ-ს მეორე დასკვნაზე დაყრდნობით (იხ. მე-14 პარაგრაფი ზემოთ) სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ზიანის ანაზღაურების მიზნით მიაკუთვნა შემდეგი ოდენობით თანხები: პირველ მომჩივანს მიეკუთვნა GEL 187,501 (დაახლოებით EUR 87,252), ხოლო მეორე მომჩივანს მიეკუთვნა GEL 133,862 (დაახლოებით EUR 62,291). მეორე მომჩივანს ასევე მიეკუთვნა USD 550 (დაახლოებით EUR 417)-ის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 2007 წლის 1-ლი თებერვლიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, როგორც საიჯარო ქირა, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების მის ნაწილზე გაფორმებული, 2006 წლის 1 აგვისტოს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. პირველი და მეორე მომჩივნების ანალოგიური მოთხოვნა სხვა პირთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა, საკმარისი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო.
17. 2010 წლის 1-ელ თებერვალს მომჩივნებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს სააპელაციო საჩივარი. სხვა საკითხებთან ერთად ისინი არ ეთანხმებოდნენ გადაწყვეტილებას მათთვის მიკუთვნებული თანხის ოდენობის ნაწილში და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილი მტკიცებულების არასათანადოდ შეფასების გამო.
18. 2010 წლის 19 ოქტომბერს ქალაქის მერიამ სააპელაციო სასამართლოს წინაშე მოითხოვა კომისიური ექსპერტიზის დანიშვნა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ექსპერტები, რომელთაც მეორე დასკვნა შეადგინეს, ზიანის ოდენობის გამოთვლისას სხვა საქმეში, რომელიც მსგავს ფაქტებს ეხებოდა, დაეყრდნენ ზიანის გაანგარიშების სხვაგვარ მეთოდს, კერძოდ, ქონების ფასი გამოთვალეს მისი დანგრევის შედეგად დარჩენილ მასალების ღირებულებაზე დაყრდნობით. იმავე დღეს სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა საქმის განხილვა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაავალა ქალაქის მერიას.
19. 2010 წლის 19 ოქტომბერს ქალაქის მერიამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა შემდეგი თხოვნით:
„გთხოვთ, ჩაატაროთ კომისიური ექსპერტიზა: (1) თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. N2-ში [იმ ტერიტორიისგან განსხვავებული ადგილი, სადაც განლაგებული იყო მომჩივანთა ქონება] მდებარე კომერციული შენობის დანგრევის შედეგად მიღებული მასალის ფასის დასადგენად და (2) თბილისში, ვიქტორ გოცირიძის მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეული შენობის ღირებულების გამოსათვლელად მხედველობაში მიიღოთ ქალაქის მერიის ... არქიტექტურის სამსახურის წერილი.“
20. 2010 წლის 10 დეკემბრის N 15737/10/1 ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შედგენილი იყო სამი (ეებ-ს მეორე დასკვნის შედგენაში მონაწილე ექსპერტის ჩათვლით) ექსპერტის მიერ, შეიცავდა შემდეგ დასკვნებს:
„თბილისში, ცოტნე დადიანის N2-ში მდებარე შენობის დანგრევის შედეგად დარჩენილი მასალის ფასი შეადგენს დაახლოებით USD 825 (დაახლოებით EUR 625)-ს ...
თბილისში, ვიქტორ გოცირიძის მეტროს სადგურის ახლოს მდებარე კომერციული შენობის დანგრევის შედეგად დარჩენილ მასალის ფასი შეადგენს USD 9,880 (დაახლოებით EUR 7,490)-ის ეკვივალენტს ...”
21. ეებ-ს მესამე დასკვნის აღწერილობით ნაწილში აღნიშნული იყო, რომ სხვა ექსპერტიზაში ცოტნე დადიანის N2-ში მდებარე შენობის ფასი გამოთვლილი იყო მიწის ნაკვეთის ფასზე შენობის დანგრევის შედეგად მიღებული მასალის ფასის დამატებით.
22. მომჩივნების ქონებასთან დაკავშირებით (ვიქტორ გოცირიძის მეტროს სადგურის ახლოს მდებარე შენობა), ეებ-ს მესამე დასკვნაში აღნიშნული იყო ეებ-ს მეორე დასკვნის არსებობის შესახებ, მაგრამ სადავო ქონების ღირებულების გამოთვლისას მასში არ იყო გათვალისწინებული მეორე ექსპერტიზაში ჩამოყალიბებული დასკვნები. მესამე ექსპერტიზის ავტორებმა მხედველობაში მიიღეს ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის წერილები, რომლებშიც ჩამოყალიბებული დასკვნის მიხედვით, ტექნიკურად მხოლოდ შენობის მიწის ქვეშ მდებარე ფართის ნაწილის, 154 კვ. მ-ის გამოყენება იყო შესაძლებელი, შესაბამისი დასაბუთების გარეშე. ექსპერტები ასევე დაეყრდნენ შენობის ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორც ისინი აღწერილი იყო ეებ-ს მეორე დასკვნაში და მასში არსებული ინფორმაციის საფუძველზე გამოთვალეს, რომ „შენობის დანგრევის შედეგად დარჩენილი მასალის ღირებულება, ერთ კვ.მ-ზე, შეადგენს USD 20 [დაახლოებით EUR 15]-ს შესაბამისად 494 კვ.მ-ს ფასი არის USD 9,880 [დაახლოებით EUR 7,490] ...“ ეებ-ს მესამე დასკვნა ჩამოყალიბებული იყო „უძრავი ქონების დანგრევის შედეგად მიღებული მასალის ფასის გამოსათვლელად“ ექსპერტების მიერ გამოყენებული მეთოდით.
23. 2011 წლის 15 იანვარს მომჩივნებმა მოიპოვეს ფილოლოგიის ექსპერტის ლინგვისტური დასკვნა. ექსპერტს ეთხოვა, შეეფასებინა ეებ-ს მესამე დასკვნა (იხ. მე-20 პარაგრაფი ზემოთ) შეესაბამებოდა, თუ არა იმ შეკითხვებს, რომლებიც ექსპერტების წინაშე იყო დასმული. ფილოლოგიის ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმული ორი შეკითხვა შეიცავდა ორ საკითხს: პირველი შეეხებოდა „მასალის ფასს“ და მეორე კი „კომერციული ქონების ფასს“, არსებითად განსხვავებულ საკითხებს, „პასუხი ორივე შეკითხვაზე შეეხებოდა მხოლოდ დანგრევის შედეგად მიღებული მასალის ღირებულებას“. შესაბამისად, ფილოლოგიის ექსპერტმა აღნიშნა, რომ მეორე შეკითხვაზე, რომელიც შენობის ფასის განსაზღვრას შეეხებოდა, პასუხი გაცემული არ ყოფილა.
24. 2011 წლის 21 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ მომჩივნების ქონების დანგრევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა (იხ. მე-15 პარაგრაფი ზემოთ) და უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში (იხ. მე-16 პარაგრაფი, in fine), მაგრამ შეცვალა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება ქონებრივი ზიანის ნაწილში, რადგან ის შეეხებოდა დანგრეული შენობის ფასს. სააპელაციო სასამართლომ მომჩივნებს შეუმცირა ზიანის ასანაზღაურებელი თანხა: USD 1,536.40-ის ეკვივალენტამდე, (დაახლოებით EUR 1,164) პირველი მომჩივნის და USD 814.80 ეკვივალენტამდე (დაახლოებით EUR 617) ეროვნულ ვალუტაში მეორე მომჩივნის სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა ეებ-ს მესამე, კომისიური ექსპერტიზის დასკვნას (იხ. მე-20 პარაგრაფი ზემოთ). კერძოდ მან აღნიშნა შემდეგი:
“... სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქალაქის მერიის მოსაზრებას, რომ საქმეებში ..., სადაც მხედველობაში არ ყოფილა მიღებული მიწის ნაკვეთის ღირებულება, ექსპერტმა [რომელმაც შეადგინა ეებ-ს მეორე დასკვნა, იხ. მე-14 პარაგრაფი ზემოთ] დანგრეული შენობის ფასის გამოთვლის სხვაგვარი მეთოდი გამოიყენა ...
სააპელაციო სასამართლო მიჩნევს, რომ [პირველი ეებ-ს] შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტების კომენტარი, რომ მათ არ გააჩნდათ იმ ინფორმაციის შემცველი სპეციალური მონაცემები (დოკუმენტურად დადასტურებული), თუ რას შეადგენდა ანალოგიური შენობების ნასყიდობის ფასი. იმავე დასკვნაში ექსპერტებმა ახსნეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შეფასების დროისთვის შენობა აღარ არსებობდა, შეუძლებელი იყო რეალური სურათის აღწერა და მათ საორიენტაციო ფასი მიუთითეს. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ შეეძლო სარწმუნოდ მიეღო [ეებ-ს მეორე] დასკვნა, რადგან ექსპერტს სათანადოდ არ დაუსაბუთებია გამოყენებული კვლევის მეთოდი.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ეებ-ს 2008 წლის 30 ოქტომბრის და 2009 წლის 17 სექტემბრის დასკვნების შეფასებისას დარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი.
...
სააპელაციო სასამართლო ასაბუთებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ საქმეში კომისიური ექსპერტიზის დასკვნა მხარის (თბილისის მერია) მიერ იყო წარდგენილი, სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად თავისი ინიციატივით დანიშნოს სხვა ექსპერტიზა. სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კომისიური ექსპერტიზის მიერ დასკვნის შედგენისას მხედველობაში იყო მიღებული [მოცემული ფაქტორები]: [სადავო] ქონების სახე, სამშენებლო მასალა და მომჩივნების საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პერსპექტივა. სააპელაციო სასამართლო კომისიური ექსპერტიზის დასკვნას სარწმუნოდ მიიჩნევს, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ის აერთიანებს ადრეული, 2008 წლის 30 ოქტომბრისა და 2009 წლის 17 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნებს და [ის მიუთითებს ] შეესაბამება [იმ მიდგომას], რაც ანალოგიურ საქმეებზე ექსპერტიზის დასკვნებში იქნა გამოყენებული [მითითებულია თერთმეტ გვერდზე საქმის მასალებში].“
25. მომჩივნების მიერ წარდგენილ ლინგვისტურ დასკვნასთან დაკავშირებით (იხ. 23-ე პარაგრაფი ზემოთ), სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„კომისიური ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად [აპელანტებმა] წარმოადგინეს ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შეეხებოდა საკითხს, თუ რა მოცულობით შეესაბამებოდა კომისიური ექსპერტიზის პასუხები მათ წინაშე დასმულ შეკითხვებს. ლინგვისტური ექსპერტების მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, კომერციული ქონების ფასი განსაზღვრული არ ყოფილა და ექსპერტების მიერ გაცემული პასუხი იყო არაადეკვატური. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ლინგვისტის მოსაზრებას მარტივი მიზეზის გამო, რომ დანგრეული შენობის ფასის დასადგენად რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდა და კომისიურმა ექსპერტიზამ ასევე შეაფასა წინა ექსპერტიზის დასკვნები, შესაბამისად ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ექსპერტებმა გვერდი აუარეს იმ საკითხს, რაც მათ წინაშე იყო დასმული. რაც შეეხება პასუხის ფორმულირებას, ლიტერატურული თვალსაზრისით შეიძლება არ ჩაითვალოს ზედმიწევნით გამართულად, მაგრამ [პასუხის] შეფასება გონივრული განსჯის შედეგად უნდა განხორციელდეს.“
26. დანგრეული ქონების ფასთან დაკავშირებით სასამართლომ შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
„საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, ისევე, როგორც იმ მტკიცებულებების, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში იქნა წარდგენილი, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დანგრეული შენობის ფასი ... უნდა განისაზღვროს USD 9880-ით, 1 კვ.მ [ფასის]-ის USD 20-ად შეფასების გათვალისწინებით.“
27. დაუდგენელი თარიღით მომჩივნებმა გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმის მასალები სამართლის საკითხებზე წარდგენილ მათ საჩივარს არ შეიცავს.
28. 2011 წლის 12 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამართლის საკითხებზე წარდგენილი მათი საჩივარი დაუშვებლად ცნო. 2011 წლის 21 ოქტომბერს მომჩივნებს ჩაბარდათ უზენაესი სასამართლოს განჩინება.
შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
29. 1997 წლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის („სსკ“) 105-ე მუხლის იმ დროისთვის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა, რომ მოსამართლეებს მტკიცებულებები თავიანთი შინაგანი რწმენით უნდა შეეფასებინათ მტკიცებულების „ყოველმხრივი, სრული და ობიექტურ განხილვის“ შედეგად. გადაწყვეტილებაში უნდა ასახულიყო ის დასკვნები, რაც შინაგანი რწმენას ეფუძნება.
30. სსკ-ს 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,
თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება
31. სსკ-ს 172-ე მუხლი ითვალისწინებდა, რომ ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული.
32. სსკ-ს 173-ე მუხლი ითვალისწინებდა შემდეგს:
„1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
2. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები..“
33. სსკ-ს 423-ე მუხლის 1-ლი(ზ) ნაწილი ითვალისწინებს საქმის განახლების შესაძლებლობას ახლად აღმოჩენილ გარემოების გამო, თუ „არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს“.
სამართალიწინასწარი მიმოხილვა
34. სასამართლომ დასაწყისშიც აღნიშნა, რომ პირველი მომჩივანი, ქალბატონი ლალი ხიზანიშვილი გარდაიცვალა 2012 წლის 20 აპრილის საჩივრის წარდგენის შემდეგ და მისმა დედამ ქალბატონმა ლუბა ხიზანიშვილმა სასამართლოს წინაშე გამოხატა დავის გაგრძელების სურვილი (იხ. მე-5 პარაგრაფი ზემოთ). მთავრობას სადავოდ არ გაუხდია, რომ ქალბატონ ლუბა ხიზანიშვილს გააჩნდა პირველი მომჩივნის სახელით დავის გაგრძელების ინტერესი.
35. სასამართლო იმეორებს, რომ იმ საქმეებში, რომლებშიც მომჩივანი გარდაიცვალა, ის მხედველობაში იღებს მომჩივნის მემკვიდრეების ან მათი ახლო ნათესავების განცხადებებს, რომლებიც გამოხატავენ სასამართლოში დავის გაგრძელების სურვილს (იხ. სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს (Valentin Câmpeanu) სახელით რუმინეთის წინააღმდეგ (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania) [დიდი პალატა], N 47848/08, § 97, ECHR 2014; ფართუშინი რუსეთის წინააღმდეგ (Fartushin v. Russia), no. 38887/09, §§ 31-34, 8 ოქტომბერი 2015; და პაპოშვილი ბელგიის წინააღმდეგ (Paposhvili v. Belgium) [დიდი პალატა], N 41738/10, § 126, ECHR 2016). აღნიშნულის გათვალისწინებით და მოცემული საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო იზიარებს, რომ პირველი მომჩივნის დედას გააჩნდა ლეგიტიმური ინტერესი, მიდევნებოდა საჩივარს იმ ფარგლებში, როგორც ის პირველი მომჩივნის მიერ იყო წარდგენილი. თუმცა, მოსახერხებლობისთვის ამ გადაწყვეტილების ტექსტში ქალბატონი ლალი ხიზანიშვილი შემდეგშიც მოხსენიებული იქნება, როგორც „პირველი მომჩივანი“, მიუხედვად იმისა, რომ ამჟამად ამ სტატუსით მისი დედა სარგებლობს. კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
36. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს ისინი სათანადო ანაზღაურებით მათი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის გამო, კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევით, რომლის მიხედვით:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“
37. მთავრობა არ დაეთანხმა წარმოდგენილ არგუმენტს.მხარეთა განმარტებებიმთავრობა
38. მთავრობამ სასამართლოს მიმართა საქმის განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხვის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ მომჩივნებს აღარ გააჩნდათ დაზარალებულის სტატუსი, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მათი საკუთრების უფლება დარღვეული იყო და მათ მიაკუთვნეს კომპენსაცია ქონებრივი ზიანისთვის, რაც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევის გამო გაცემულ ადეკვატურ სამართლებრივი დაცვის ზომას. მთავრობის მოსაზრებით, მომჩივნებისთვის მიკუთვნებული ანაზღაურება ემყარებოდა ეროვნული სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოების პროცესში მოპოვებული სხვადასხვა დასკვნების დეტალური განხილვის შედეგებს, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოცულობის დანაკლისი განიცადეს მომჩივნებმა. მთავრობის პოზიციის თანახმად, ეროვნული სასამართლოების დისკრეციის საგანს წარმოადგენს მათ წინაშე წარდგენილი მტკიცებულებების შეფასება. მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით, მთავრობამ განმარტა, რომ სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა ყველა საქმეზე სრული კომპენსაციის მიკუთვნებას არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, განცდილი ზიანის გათვალისწინებით, მომჩივნებისთვის მიკუთვნებული ანაზღაურება ადეკვატური იყო. მთავრობამ ასევე განმარტა, რომ მომჩივნების მხრიდან შენობის სავარაუდოდ უკანონოდ დანგრევისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის არაადეკვატურობის გამო განცდილი ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოს წინაშე მოთხოვნის ვერ წარდგენა ასევე მიუთითებდა იმას, რომ მათ დაკარგეს მსხვერპლის სტატუსი.
39. მთავრობა ასევე ამტკიცებდა, რომ მომჩივნებს არ განუცდიათ მნიშვნელოვანი დანაკარგი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათ შეინარჩუნეს საკუთრების უფლება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც დანგრეული შენობა მდებარეობდა. მეტიც, პირველმა და მეორე მომჩივნებს გადაუხადეს GEL 12,500 (დაახლოებით EUR 5,500) და GEL 12,000 (დაახლოებით EUR 5,300) თავიანთი წილების შესაბამისად კომერციულ ობიექტებში და იმ მიწის ნაკვეთებში, რომლებზეც ისინი იყო განლაგებული. ეს თანხები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა იმ თანხებს, რასაც მომჩივნები ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვდნენ ეროვნულ სასამართლოებში. შესაბამისად ეროვნული სასამართლოების მიერ მიკუთვნებული ანაზღაურება (იხ. 24-ე პარაგრაფი ზემოთ) იყო საკმარისი და მომჩივნებს არ განუცდიათ მნიშვნელოვანი დანაკლისი.მომჩივნები
40. მომჩივნებმა განმარტეს, რომ მათ არ მიეკუთვნათ ადეკვატური სამართლებრივი დაკმაყოფილება მათი საკუთრების უკანონო დანგრევისთვის. ამასთან დაკავშირებით, ისინი დავობდნენ, რომ ეროვნული სასამართლოების დასკვნები, განსაკუთრებით კი სააპელაციო სასამართლოში არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული. მათ განმარტეს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო აპელანტების მიერ ჩატარებულ ლინგვისტური ექსპერტიზის გამოკვლევას, რომლის მიხედვითაც მესამე ეებ-ს დასკვნით მხოლოდ დანგრეული მასალის ფასი დადგინდა და არა დანგრეული შენობის ფასი. შესაბამისად, მიკუთვნებული კომპენსაცია არ პასუხობდა რეალურ დანაკარგს, რაც მომჩივნებმა განიცადეს მათი ქონების უკანონოდ დანგრევის გამო. ამ ვითარებაში კომპენსაციის თანხა არასაკმარისი იყო და მათ არც დაზარალებულის სტატუსი გაუუქმდათ და, არც მათ მიერ განცდილი დანაკლისი იყო უმნიშვნელო. მომჩივნებმა ასევე მიუთითეს, რომ მიკუთვნებული კომპენსაციის აღსრულება არ განხორციელდა.
41. მეტიც, პროკურორის წერილზე დაყრდნობით, რომელიც შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ სისხლის სამართლის გამოძიება უკანონო განადგურებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობდა 2015 წლის აპრილში, მომჩივნები დამატებით ჩიოდნენ, რომ ჩატარებული გამოძიება არაეფექტური იყო.
ბ. სასამართლოს შეფასებასაჩივრის ფარგლები
42. სასამართლო მსჯელობს, რომ სასამართლოს წინაშე მთავრობის მიერ საქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ წარდგენილი დასაბუთების მიხედვით, იმის შესახებ, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიკუთვნებული ანაზღაურება არ აღსრულდა, აპელანტებმა მიუთითეს დასაბუთების ან სათანადო მტკიცებულებების ან რაიმე ინფორმაციის, თუ რა ზომები იქნა მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით, წარდგენის გარეშე. ანალოგიურად, თავიანთი ჩივილის სათანადო დასაბუთების გარეშე აღნიშნეს, ასევე, რომ მათი საკუთრების უკანონოდ დანგრევის სანაცვლოდ მიკუთვნებული კომპენსაცია არასაკმარისი იყო. თუმცა, ინფორმაციის არასაკმარისობისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მტკიცებულებების არქონის (იხ. მე-40 პარაგრაფი ზემოთ) და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხები არ ყოფილა მითითებული იმ საჩივარში, რომლის შესახებაც შეტყობინება გაეგზავნა მთავრობას 2017 წლის 20 სექტემბერს (იხ. მე-4 პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო თავის მსჯელობას შემოფარგლავს მომჩივნების თავდაპირველი საჩივრით, რომელიც წარდგენილი იყო 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში, კერძოდ, საკუთრების უკანონოდ დანგრევის შედეგად მიღებული კომპენსაციის არაადეკვატურობის შესახებ.
მისაღებობა
43. სასამართლო იმეორებს, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, თუკი ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს დარღვევა და თავიანთი გადაწყვეტილება წარმოადგენს სათანადო და საკმარის სამართლებრივ დაკმაყოფილებას, მხარეს აღარ შეუძლია იდავოს, რომ წარმოადგენს მსხვერპლს, კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობით (იხ. მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის სკორდინო იტალიის წინააღმდეგ Scordino v. Italy (N. 1) [დიდი პალატა], N 36813/97, § 181, ECHR 2006‑V).
44. მოცემული საქმის გარემოებებს რომ მივუბრუნდეთ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს მის წინაშე სადავოდ არ გაუხდიათ ის, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ცხადად აღიარეს მომჩივნების საკუთრების უფლების დარღვევა. თუმცა, მომჩივნები და მთავრობა ვერ თანხმდება იმასთან დაკავშირებით, მიეცათ თუ არა მომჩივნებს სათანადო და საკმარისი ანაზღაურება აღნიშნულთან მიმართებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მთავრობის შეპასუხება იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული მომჩივნის მიერ 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში წარდგენილი საჩივრის არსებით მხარესთან, რომ ის არსებით ნაწილთან ერთად უნდა იყოს განხილული.
45. რაც შეეხება მთავრობის შეპასუხებას იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნებს არ განუცდიათ მნიშვნელოვანი დანაკლისი, შინაარსობრივად ეს საკითხიც დაკავშირებულია მომჩივანთა საჩივრის არსებით მხარესთან, შესაბამისად ისიც ასევე უნდა გაუერთიანდეს საჩივრის არსებით ნაწილს.
46. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობით. ის არ არის მიუღებელი არც სხვა საფუძვლით, შესაბამისად, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
არსებითი ნაწილი
(a) ზოგადი პრინციპები
47. როგორც სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი სამ დამოუკიდებელ წესს მოიცავს: პირველი წესი, რომელიც 1-ლი მუხლის 1-ელ წინადადებაშია გადმოცემული, ზოგადი ხასიათისაა და საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების პრინციპს ადგენს; მეორე წესი, რომელსაც პირველი მუხლის მეორე წინადადება შეიცავს, საკუთრების ჩამორთმევას შეეხება და მისთვის გარკვეულ პირობებს აწესებს; მესამე წესი, რომელიც მეორე პუნქტშია გადმოცემული, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები, inter alia, უფლებამოსილი არიან, აკონტროლონ ქონებით სარგებლობა საერთო ინტერესის შესაბამისად. თუმცა, ეს სამი წესი არ არის დამოუკიდებელი, რამდენადაც, ისინი ერთმანეთთან დაუკავშირებელია. მეორე და მესამე წესი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში სხვადასხვა ფორმით ჩარევას უკავშირდება და შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს იმ საერთო პრინციპის ფონზე, რაც პირველ წესშია გადმოცემული. (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ჯეიმსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (James and Others v. the United Kingdom), 21 თებერვალი 1986, § 37, სერია A N 98, და ბაიელერი იტალიის წინააღმდეგ (Beyeler v. Italy) [დიდი პალატა], N 33202/96, § 98, ECHR 2000-I).
48. იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი საკუთრების ჩამორთმევას, მეორე წესის შესაბამისად, სასამართლომ თავი არ უნდა შეიზღუდოს იმის შემოწმებით, ადგილი ჰქონდა საკუთრების ჩამორთმევას, თუ ფორმალურ ექსპროპრიაციას, მეორე წესის მნიშვნელობით, მან უნდა გადახედოს და გამოიკვლიოს საჩივარში ასახული ვითარების რეალური სურათი. იმის გათვალისწინებით, რომ კონვენციის მიზანია დაიცვას უფლებები, რომლებიც „პრაქტიკული და ეფექტიანია“, მან უნდა დაადგინოს, რამდენად განხორციელდა de facto ექსპროპრიაცია (იხ. მრავალ ავტორიტეტულ გადაწყვეტილებას შორის სპორონგი და ლონრო შვედეთის წინააღმდეგ (Sporrong and Lönnroth v. Sweden), 1982 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, სერია A N 52, გვ 24-25, § 63 ვასილესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Vasilescu v. Romania), 1998 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარშები 1998‑III, გვ. 1078, § 51).
49. აღნიშნულის მიუხედავად, გამოსაყენებელი პრინციპები ერთგვაროვანია, კერძოდ, ის, რომ კანონიერთან ერთად, საკუთრების ჩამორთმევა ან იმგვარი ჩარევა, როგორიცაა საკუთრების უფლების კონტროლი ასევე უნდა ატარებდეს ლეგიტიმურ საჯარო ან (საერთო) ინტერესს და აკმაყოფილებდეს პროპორციულობის მოთხოვნებს (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის ბილანი ნადი უნგრეთის წინააღმდეგ (Béláné Nagy v. Hungary [დიდი პალატა], N 53080/13, §§ 112-13, 13 დეკემბერი 2016). როგორც სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პიროვნების ძირითად უფლებებს შორის უნდა დამყარდეს სამართლიანი ბალანსი, ამგვარი ბალანსის მიღწევა მთელი კონვენციისთვის არის დამახასიათებელი. სათანადო ბალანსი არ დამყარდება იქ, სადაც შესაბამისი პირი ატარებს ინდივიდუალურ და გადამეტებულ ტვირთს (იხ. ზემოთ დასახელებული სპორონგი და ლონრო (Sporrong and Lönnrot), §§ 69-74 და ბრუმარესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Brumărescu v. Romania) [დიდი პალატა], N 28342/95, § 78, ECHR 1999‑VII).
50. ქონების ჩამორთმევა მის ფასთან გონივრულად შეუსაბამო ანაზღაურებით, ჩვეულებრივ წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას, რაც არ შეიძლება გამართლებულ იქნეს 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით. მართალია, ეს მუხლი არ ითვალისწინებს ნებისმიერ ვითარებაში სრული კომპენსაციის უფლებას, რადგან „საზოგადოებრივი საჭიროების“ ლეგიტიმური მიზნები შეიძლება ამართლებდეს სრულ საბაზრო ფასზე ნაკლები ოდენობით ანაზღაურებას (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის წმინდა მონასტრები საბერძნეთის წინააღმდეგ (The Holy Monasteries v. Greece), 9 დეკემბერი 1994, §§ 70‑71, სერია A N 301‑A; პაპაქელასი საბერძნეთის წინააღმდეგ (Papachelas v. Greece) [დიდი პალატა], no. 31423/96, § 48, ECHR 1999‑II; და ქალაქი ტრენჩიასკე ბისკუპიცე სლოვაკეთის წინააღმდეგ Urbárska Obec Trenčianske Biskupice v. Slovakia, no. 74258/01, § 115, ECHR 2007-XIII).
(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
51. მიუბრუნდება რა, ამ საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებს არ ჩამორთმევიათ თავიანთი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელზეც დანგრეული შენობა იყო განლაგებული. თუმცა, მიიჩნევს, რომ შენობის დანგრევით, რომელიც კომერციული ცენტრის სახით არსებობდა და რომლის ნაწილსაც მომჩივნები კანონიერად ფლობდნენ (იხ. მე-7 პარაგრაფი ზემოთ), ადმინისტრაციულმა ხელისუფლებამ განახორციელა მომჩივნების საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებაში ჩარევა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი ჩამორთმევა წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობის de facto ექსპროპრიაციას (იხ. ზამიტი და ვასალო მალტის წინააღმდეგ (Zammit and Vassallo v. Malta), N 43675/16, § 54, 28 მაისი 2019).
52. სასამართლო აღნიშნავს, რომ არც მომჩივნების საკუთრების უფლება ქონებაზე (იხ. მე-7 პარაგრაფი ზემოთ), არც ის საკითხი, კანონიერად იყო თუ არა აშენებული შენობა (იხ. მე-7 პარაგრაფი ზემოთ), ეროვნულ დონეზე არასოდეს ყოფილა გასაჩივრებული. მეტიც, მომჩივნებისთვის ოფიციალურად არ უცნობებიათ დანგრევის შესახებ (იხ. მე-10-11 პარაგრაფები ზემოთ), ამასთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს ეროვნული სასამართლოების არაორაზროვან დასკვნას, რომ მომჩივანთა ქონების დანგრევას არ გააჩნდა კანონიერი საფუძვლები და მომჩივანთა ქონების დანგრევასთან დაკავშირებით მომჩივნებს ან ქალაქის მერიას სასამართლოს მხრიდან რაიმე დოკუმენტი არ ჩაბარებია (იხ. მე-15 და 24-ე პარაგრაფები ზემოთ). ამ დასკვნების გათვალისწინებით, რაც სასამართლოს წინაშე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების საკუთრების უფლებაში ჩარევა არ ყოფილა კანონიერი და არ ატარებდა რაიმე საზოგადოებრივი საჭიროების ინტერესს და ასეთი ინტერესი არ გამხდარა სადავო როგორც ეროვნულ დონეზე, ისე სასამართლოს წინაშე.
53. სასამართლო შესაბამისად, შეაფასებს მომჩივნების საჩივრის მთავარ საკითხს, კერძოდ იმას, თუ რამდენად იყო მათთვის მიკუთვნებული კომპენსაცია ადეკვატური. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასამართლოები, როგორც წესი, უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან ქონებრივი ზიანის არსებობის და ოდენობის შეფასებისას (იხ. ზემოთ დასახელებული სკორდინო (Scordino,) § 203), სასამართლოს გააჩნია იმის შეფასების იურისდიქცია, თუ კომპენსაცია რამდენად იყო სათანადო და საკმარისი კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობით.
54. ამ კონტექსტში, იმის გათვალისწინებით, თუ რა იწვევდა მომჩივნების საკუთრების უფლებასთან აშკარა შეუსაბამობას (იხ. 52-ე პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო იმეორებს, რომ „საჯარო ინტერესთან“ დაკავშირებული მოსაზრებები ამ საქმეში არ წარმოიშვება. შესაბამისად, მომჩივანთათვის დაუსაბუთებელი იყო ის, რომ მომჩივნები მოელოდნენ მიყენებული ზიანის სრულ კომპენსაციას. სასამართლოს წინაშე აღმოჩნდა იმგვარი ვითარება, რომ საქმის მასალა შეიცავს დანგრეული ქონების ფასის სახელმწიფო ექსპერტების მიერ განხორციელებულ სამ სხვადასხვაგვარ კალკულაციას. ამასთან, სასამართლოს საქმე არ არის იმის დადგენა, თუ ქონებრივი ზიანის კალკულაციის რომელი მეთოდი იყო უფრო სათანადო, ან საქმის მასალაში არსებული რომელი ექსპერტის დასკვნა იყო უფრო დამაჯერებელი. მისი როლი შეზღუდულია ორი შემდეგი საკითხის გამორკვევით: შესაბამისი ანაზღაურების გაცემისას ეროვნულმა სასამართლოებმა რამდენად ადეკვატურად ახსნეს დანგრეული შენობის ფასის დადგენის თავიანთი მეთოდი და, შესაბამისად, სათანადო კომპენსაციის ოდენობა სხვადასხვა ფაქტორებისა და არგუმენტების გათვალისწინებით; და მათ მიერ რამდენად სამართლიანად და საკმარისად ჩაითვალა ფასი, ქალაქის მერიის ქმედებების უკანონობის გათვალისწინებით.
55. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი დაკმაყოფილების განხორციელებისას, დაახლოებით EUR 1,164 და EUR 617 (იხ.
24-ე პარაგრაფი ზემოთ) თბილისის სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხის ოდენობას იმ საფუძვლით, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ქვემდგომი სასამართლო დაეყრდნო არ იყო საკმარისად დასაბუთებული ზიანის გამოთვლის მეთოდთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ეებს-ს მესამე დასკვნას, რომელიც კომისიურად იყო გაცემული და ჩატარებული და მოწონებული იყო ქალაქის მერიის მიერ (იხ. მე-18-19 პარაგრაფები და 24-ე პარაგრაფი ზემოთ), აღნიშნა რა, რომ სადავო დასკვნა აერთიანებდა უფრო ადრეულ ექსპერტიზის დასკვნებს. თუმცა, რეალურად მესამე დასკვნაში ასახული იყო მეორე ეებ-ში გამოყენებული, დანგრეული შენობის სხვადასხვა ტექნიკური ასპექტის აღწერა (იხ. 22-ე პარაგრაფი ზემოთ) და არა მის მიერ ჩამოყალიბებული არსებითი დასკვნები.
56. მეტიც და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქის მერიამ ექსპერტთა კომისიისგან მოითხოვა დანგრეული შენობის ფასის განსაზღვრა (იხ. მე-18-19 პარაგრაფები ზემოთ). ამის საპირისპიროდ, ეებ-ს მესამე დასკვნა მიუთითებდა მხოლოდ შენობის დანგრევის შედეგად არსებული მშენებლობის მასალის ღირებულებაზე (იხ. მე-20-22-ე პარაგრაფები ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, ფილოლოგიის ექსპერტის მოსაზრება, რომელიც მომჩივნებმა მოიპოვეს, მიუთითებდა, რომ ეებ-ს მესამე დასკვნა არსებითად უპასუხოდ ტოვებდა შეკითხვას დანგრეული შენობის ფასის შესახებ (იხ. 23-ე პარაგრაფი ზემოთ). ამ მოცემულობის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ მთელი კონტექსტიდან გამომდინარე აშკარა იყო ის, რომ დასკვნით განისაზღვრა შენობის ფასი და არა სამშენებლო მასალის ფასი (იხ. 25-ე პარაგრაფი ზემოთ), არ არის დამაჯერებელი.
57. სასამართლოს მხედველობიდან არ გამორჩენია ის, რომ ეებ-ს მესამე დასკვნაში არ ყოფილა ჩამოყალიბებული რაიმე ახსნა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა დანგრევის შედეგად დარჩენილი მასალის ღირებულება შედარებოდა შენობის მასალის ფასს მის დანგრევამდე. სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ქონებრივი ზიანი გამოთვლილი იყო იმის მიხედვით, რაც რუტინულად გამოითვლებოდა ანალოგიურ საქმეებზე (იხ.
24-ე პარაგრაფი ზემოთ, in fine), სხვა ამგვარ საქმეებზე პირდაპირი მითითების გარეშე, ან რაც უფრო მნიშვნელოვანია, ახსნა, თუ რამდენად მსგავსი იყო აღნიშნული საქმეები, არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო საკმარისად ამ საქმის გარემოებებში. ამ წინააღმდეგობების გათვალისწინებით, სასამართლო კერძოდ აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საკითხის დაზუსტების მიზნით აუცილებლად არ მიიჩნია საკუთარი კანონიერი უფლებამოსილების გამოყენება, დაენიშნა დამატებითი ექსპერტიზა (იხ. 24-ე და 32-ე პარაგრაფები ზემოთ.
58. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი დაკმაყოფილება განახორციელა (იხ. 24-ე პარაგრაფი ზემოთ) რაიმე გონივრული განმარტების წარდგენის გარეშე, თუ რამდენად იყო კალკულაციის ეს მეთოდი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საბოლოო დაკმყოფილება, სამართლიანი და საკმარისი ფუნქციური შენობისა და სამშენებლო მასალის ღირებულებას შორის აშკარა შეუსაბამობის გათვალისწინებით. ამგვარი მიდგომის შედეგად, მომჩივნებს არ მისცემიათ სრული კომპენსაცია მათი ქონების უკანონოდ დანგრევის გამო. გამოყენებული მეთოდის ან მიღწეული კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით აღნიშნულის საკმარისი ახსნა წარმოდგენილი არ ყოფილა. მთავრობის განმარტებების მიუხედავად, ასეთი უმოქმედობა არ შეიძლება დაბალანსდეს არც შესაბამისი საბოლოო ანაზღაურების და მომჩივნების მიერ შენობის თავიანთ წილებში გადახდილი თავდაპირველი ფასის შედარებით და, არც შესაბამისი მიწის ნაკვეთის ფასის შედარებით, რომელზეც ეს შენობა იყო განლაგებული (შეადარე
39-ე, მე-8 და
24-ე პარაგრაფები ზემოთ), იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნებმა შეინარჩუნეს თავიანთი უფლება მიწის ნაკვეთზე (ზომით 154 კვ.მ), რომელზეც შენობა იყო განლაგებული. სასამართლო სპეციალურად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ იმ მიწის ნაკვეთის გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდული იყო იმდენად, რამდენადაც ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის განმარტების მიხედვით, შესაძლებელი იყო მხოლოდ ორი მიწისქვეშა ტერიტორიის გამოყენება (იხ. 22-ე პარაგრაფი ზემოთ). მეტიც, სათანადოდ არ ყოფილა შეფასებული იმ ფაქტის სათანადოობა ან თუნდაც მნიშვნელობა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მითითებული იყო მათზე.
59. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნებს არ მიეკუთვნათ სრული კომპენსაცია მათი ქონების უკანონო დანგრევის გამო. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის შესაგებელს მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით. სასამართლოს დასკვნების მხედველობაში მიღებით და თბილისში 2003-დან 2007 წლამდე უძრავი ქონების ფასის საგრძნობი გაზრდის გამო (იხ. მე-8 პარაგრაფი ზემოთ). მთავრობის შესაგებელი, რომ მომჩივნებს არ განუცდიათ მნიშვნელოვანი დანაკლისი, ასევე უარყოფილ უნდა იქნეს.
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
60. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
61. კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ თავიანთ საჩივარში პირველმა და მეორე მომჩივანმა მოითხოვეს 136,800 ევრო (EUR) თითოეულმა, სავარაუდო შემოსავლის დაკარგვისთვის, რასაც ისინი მიიღებდნენ თავიანთი ქონების გაქირავების შედეგად. მათ ასევე მოითხოვეს EUR 200,000 და EUR 143,000 შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისთვის.
62. მთავრობამ განმარტა, რომ ნებისმიერი ანაზღაურება მიზეზობრივ კავშირში უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევასთან. მეტიც, მომჩივანთა განმარტება ქონებრივ ზიანთან დაკავშირებით მეტად სპეკულაციური და მტკიცებულებებით გაუმყარებელი იყო. დამატებით ეროვნულმა სასამართლოებმა შეაფასეს თავიანთი მოთხოვნები, სამომავლო შემოსავალთან დაკავშირებით და მათ წინაშე წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით მხოლოდ მეორე მომჩივნის სარჩელი დააკმაყოფილეს. არაქონებრივ ზიანთან დაკავშირებით მომჩივნების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მთავრობის განმარტებით, ისინი გაზვიადებული იყო.
63. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანთა თავდაპირველი სარჩელი 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლიდან გამომდინარე, მხოლოდ უკანონოდ დანგრეული შენობის ფასს შეეხებოდა და არა მიუღებელ შემოსავლის მოთხოვნას კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად (შეადარე მე-40 და 61-ე პარაგრაფები ზემოთ). შესაბამისად, სასამართლო ვერ ხედავს მიზეზობრივ კავშირს დადგენილ დარღვევასა და მიუღებელ შემოსავალს შორის. განსხვავებისთვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მუხლების ან მისი ოქმების დარღვევის დადგენა წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების და ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებების გადასინჯვის საფუძველს კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად (იხ. 33-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო პროცესის განახლება და საკითხის იმ პრინციპების გათვალისწინებით განხილვა, რაც იდენტიფიცირებულ იქნა ამ გადაწყვეტილებაში, წარმოადგენს ანაზღაურების მიკუთვნების ყველაზე უფრო შესაფერის გზას. (იხ. ვულახი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Vulakh and Others v. Russia), N 33468/03, § 54, 10 იანვარი 2012, და გუტა ტუდორ ტეოდერესკუ (Guţă Tudor Teodorescu v. Romania), N 33751/05, § 57, 5 აპრილი 2016) მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც არსებობს შეუსაბამობა იმას შორის, რაც მომჩივნებმა ეროვნული სასამართლოებისა და [ევროპული] სასამართლოს წინაშე მოითხოვეს და დამატებით სასამართლოში არსებული ინფორმაციის არასკმარისობის გამო, შესაბამისად, სასამართლო ამ ეტაპზე უარყოფს მომჩივნების საჩივარს ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
64. რაც შეეხება მომჩივნების მოთხოვნას არაქონებრივი ზიანის ნაწილში, მოცემული საქმის ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლო იზიარებს, რომ მომჩივნებმა განიცადეს არაქონებრივი ზიანი, რის კომპენსირებაც არ შეიძლება მოხდეს მხოლოდ დარღვევის დადგენით. ახორციელებს რა შეფასებას გათანაბრების საფუძველზე, მომჩივნებს მიაკუთვნებს EUR 3,000 თოთოეულს, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რასაც დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება მასთან დაკავშირებით დაირიცხოს.
ა. ხარჯები
65. მომჩივნებმა ასევე მოითხოვეს EUR 2,700 ეროვნული სასამართლოების წინაშე გაღებული ხარჯებისა და EUR 948, სასამართლოს წინაშე გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად.
66. მთავრობა არ დაეთანხმა მოთხოვნას, როგორც დაუსაბუთებელს.
67. სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით, მომჩივანს შეუძლია მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ დაასაბუთებს, რომ ისინი ნამდვილად და უცილობლად გადახდა და მისი ოდენობა გონივრულია. მოცემულ საქმეში მომჩივანთა მოთხოვნის გასამყარებლად შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გათვალისწინებით და აღნიშნული კრიტერიუმით, სასამართლო არ აკმაყოფილებს მოთხოვნას ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
ბ. პროცენტი
68. სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს, პროცენტი გამოთვლილ იქნეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
აღნიშნული მიზეზების გამო, სასამართლო, ერთხმად ადგენს, რომ პირველ მომჩივნის დედას ქალბატონ ლუბა ხიზანიშვილს გააჩნდა უფლება, გაეგრძელებინა საჩივრის გამო დავა თავისი ქალიშვილის სახელით; აერთიანებს არსებით მხარესთან მთავრობის შესაგებელს მომჩივნის მიერ მსხვერპლის სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით და სავარაუდო მნიშვნელოვანი დანაკარგის არარსებობის საკითხს და უარყოფს მათ; საჩივარს აცხადებს დასაშვებად;აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას;ადგენს, რომ
(a) მოპასუხე სახელმწიფომ კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, მომჩივნებს უნდა გადაუხადოს EUR 3,000 (სამი ათასი ევრო), რასაც დაემატება ნებისმიერი საკომისიო, არაქონებრივი ზიანისთვის, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, გადახდის დღისათვის არსებული კურსით;უარყოფს მომჩივნის სხვა მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.
შესრულებულია ინგლისურად, რაც წერილობით გავრცელდა 2019 ლის 17 დეკემბერს სასამართლოს რეგლამენტის 77 წესის §§ მე-2 და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად.
მილან ბლაშკო ანგელიკა ნიუსბერგერი
მდივნის მოადგილე თავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy