Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2012 წლის ივლისი
K.M.C. უნგრეთის წინააღმდეგ (K.M.C. v. Hungary)
(საჩივარი- N19554/11)
გადაწყვეტილება, 10 ივლისი, 2012 [მე-2 სექცია]
მე-6 მუხლი
საჯარო მოხელისთვის შეუძლებელი იყო სამსახურიდან მისი უსაფუძვლოდ გათავისუფლების სასამართლოში გასაჩივრება: დარღვევა დადგინდა
ფაქტები: მომჩივანი, ქ-ნი კ.მ.ს., ეროვნებით უნგრელია და ის დაიბადა 1973 წელს.
მომჩივანი მუშაობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. 2010 წლის სექტემბერში ის სამსახურიდან გაათავისუფლეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, სახელწიფო თანამდებობის პირების იურიდიული სტატუსის შესახებ 2010 წლის N LVIII კანონით, შესაძლებელი იყო. აღნიშნული კანონი ადგენდა, რომ საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლებოდა მომხდარიყო კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე.
ქ-ნმა კ.მ.ს-მ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სარჩელი უნგრეთის სასამართლოების წინაშე არ შეიტანა: გამომდინარე იქედან, რომ მას არ შეეძლო სასამართლოს წინაშე გაესაჩივრებინა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, ის ფიქრობდა, რომ სარჩელს არ ჰქონდა წარმატების შანსი.
2011 წლის თებერვალში ზემოხსენებული კანონის შესაბამისი მუხლი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ნაწილობრივ დააფუძნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, აგრეთვე ევროკავშირის კანონმდებლობას, კერძოდ ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიას, ისევე როგორც ევროპის სოციალურ ქარტიას, რომელიც ადგენს, რომ ყველა დასაქმებულ პირს აქვს უფლება, ისარგებლოს შესაბამისი დაცვით დაუსაბუთებელი გათავისუფლების წინააღმდეგ.
2011 წლის 22 მარტს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე დაყრდნობით, მომჩივანი დავობდა, რომ მას არ შეეძლო ეროვნული სასამართლოს წინაშე ეფექტიანად გაესაჩივრებინა სამსახურიდან გათავისუფლება, ვინაიდან დამსაქმებელმა არ წარმოადგინა შესაბამისი მიზეზები.
სასამართლოს შეფასება: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანს, პრინციპში, შეეძლო სამსახურიდან მისი გათავისუფლების სასამართლოში გასაჩივრება. თუმცა, ვინაიდან დამსაქმებელს - მთავრობას - არ ეკისრებოდა ვალდებულება, მიეთითებინა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, მას [მომჩივანს] ვერ ეცოდინებოდა მათი პოზიცია, რაც შეუძლებელს ხდიდა სასამართლოს წინაშე ეფექტიანი სარჩელის წარდგენას. ეს სამართლებრივი მოცემულობა უტოლდებოდა მომჩივნისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების არსის ჩამორთმევას. ნამდვილად, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომაც ადასტურებდა ამ მოსაზრებას.
,,33. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ანიჭებს შეფასების ფართო ფარგლებს, რათა უზრუნველყონ, რომ მათ სასამართლო სისტემებში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა გარანტირებულია; სტრასბურგის სასამართლოს ერთადერთი ფუნქცია არის იმის შეფასება, სახელმწიფოს მიერ არჩეული მეთოდი შეესაბამება თუ არა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით, უნდა გვახსოვდეს, რომ კონვენცია მიზნად ისახავს ,,არა თეორიული და ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანი უფლებების უზრუნველყოფას’’ და ეროვნულ კანონმდებლობაში შრომასთან დაკავშირებული სარჩელების წარდგენის შესაძლებლობის არსებობა თავისთავად არ უზრუნველყოფს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანობას, თუ ამ შესაძლებლობას არ აქვს წარმატების რაიმე პერსპექტივა და ჩამორთმეული აქვს რეალური არსი’’.
მსგავს საქმეებში, რომლებიც სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებულ დავას ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ მოცულობით შეზღუდული სასამართლო კონტროლი ვერ მიიჩნეოდა ეფექტიანად. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მომჩივნისთვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 6,000 ევრო, ხოლო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის 3,000 ევრო უნდა გადაეხადა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy