ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება, იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის შესაბამისადაც, სააპელაციო საჩივრის საქმისწარმოების საფასური განმცხადებლისთვის იყო ძალიან მაღალი, რასაც შედეგად მოჰყვა სარჩელზე უარის თქმა ფორმალური საფუძვლით.
განმცხადებლისთვის სარჩელის შეტანისთვის საჭირო საფასურის შემცირებაზე უარი წარმოადგენდა ზემდგომი სასამართლოსთვის მიმართვის უფლების არათანაზომიერ შეზღუდვას: დარღვევა.
საქმე „კნიატი პოლონეთის წინააღმდეგ“
CASE OF KNIAT v. POLAND
განაცხადი N 71731/01
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
26 ივლისი, 2005
ფაქტობრივი გარემოებები
I. საქმის გარემოებები
7. განმცხადებელი დაიბადა 1956 წელს და ცხოვრობს პოზნანში (პოლონეთი).
8. 1997 წელს, დაუზუსტებელ დღეს განმცხადებლის ქმარმა განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანა პოზნანის რეგიონულ სასამართლოში. განმცხადებელმა განქორწინებაზე თანხმობა არ განაცხადა და სასამართლოს სთხოვა, აღნიშნული განცხადება განსახილველად არ მიეღო.
9. 1997 წლის 1 ნოემბერს, საქმის განხილვის პროცესში, სასამართლომ გამოსცა ბრძანება დროებითი, პერიოდული გადასახადის შესახებ, რომელიც განმცხადებლის ქმრისგან მოითხოვდა 2,500 პოლონური ზლოტის გადახდას თავიანთი 3 შვილის შესანახად.
10. 1999 წლის 21 სექტემბერს პოზნანის რეგიონულმა სასამართლომ გასცა დადგენილება განქორწინების შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ ქორწინების შეწყვეტის პროცესის უკუქცევა შეუძლებელი იყო და მასში ბრალი ორივე მეუღლეს მიუძღვოდა. მან დაადგინა, რომ სასამართლო მოსაკრებელი, რომლის ოდენობაც 10,000 პოლონური ზლოტი იყო, მხარეებს უნდა გადაეხადათ თანაბრად (თითოეულს 5,000 პოლონური ზლოტი).
11. 1999 წლის 20 ოქტომბერს განმცხადებელმა გაასაჩივრა დადგენილება განქორწინების შესახებ. მან გაასაჩივრა რეგიონული სასამართლოს მიერ ქორწინების დარღვევასა და ამ ფაქტზე მის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მოპოვებული მონაცემები. აგრეთვე მოსთხოვა სასამართლოს დაედგინა, რომ მისი მეუღლის მხრიდან ღალატი წარმოადგენდა მათი ქორწინების დასრულების მთავარ მიზეზს.
12. 1999 წლის 25 ოქტომბერს სასამართლომ განმცხადებელს დაავალა სარჩელის შეტანისთვის სასამართლო მოსაკრების გადახდა 10,000 პოლონური ზლოტის ოდენობით.
13. 1999 წლის 3 ნოემბერს, განმცხადებელმა შეიტანა განაცხადი აღნიშნული მოსაკრებლისგან გათავისუფლების მოთხოვნით. კერძოდ, მან განაცხადა, რომ სარჩელის შეტანისთვის სასამართლო მოსაკრებელი რეალურად, წარმოადგენდა შუალედურ სასამართლო მოსაკრებელს და მისი რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო „სამოქალაქო საქმეებში სასამართლო მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ იუსტიციის მინისტრის 1996 წლის 17 დეკემბრის ბრძანების“ მე-11 მუხლის მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნული მოსაკრებელი არ უნდა ყოფილიყო განქორწინების თაობაზე სამართალწარმოებაში გამოყენებული შუალედური სასამართლო მოსაკრებლის მაქსიმალურ ოდენობაზე - 600 პოლონურ ზლოტზე მეტი. განმცხადებელმა აგრეთვე განაცხადა, რომ ის იყო რთულ ფინანსურ სიტუაციაში და არ შეეძლო აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისგან მოთხოვნილი თანხა უჩვეულოდ მაღალი იყო და არანაირად არ შეესაბამებოდა მის მატერიალურ მდგომარეობას.
14. 1999 წლის 8 ნოემბერს სასამართლომ არ მიიღო განაცხადი წარმოებაში და დაადგინა, რომ განმცხადებელმა „ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მისთვის შეუძლებელი იყო მოსაკრებლის გადახდა“. მან დაადგინა, რომ განმცხადებელმა არ წარმოადგინა თავისი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დეტალური ანგარიში.
სამართალი
I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
29. განმცხადებელმა აღნიშნული სასამართლო დადგენილება გაასაჩივრა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით. მან აღნიშნა, რომ განქორწინების თაობაზე დადგენილების გასაჩივრებისთვის მოსთხოვეს გადაჭარბებული გადასახადი, ამით დაკარგა შესაძლებლობა, მიემართა სასამართლოსთვის მისი სამოქალაქო უფლებების დასადგენად. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი იმ ნაწილში, რომელიც ეხება განსახილველ საკითხს, ამბობს შემდეგს:
„სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ... ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“
ბ. სასამართლოს შეფასება
1. სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარე პრინციპები
38. სასამართლო შეახსენებს, რომ თავის განჩინებაში საქმეზე კროიცი პოლონეთის წინააღმდეგ (მე-60 პუნქტი), მან უკვე პასუხი გასცა შეკითხვას სარჩელებთან დაკავშირებით, სამოქალაქო სასამართლოსთვის გადაჭარბებული მოსაკრებლის გადახდის მოთხოვნა შეიძლება მიჩნეულ იქნეს თუ არა სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შეზღუდვად.
39. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსაკრებლების ის ოდენობა, რომელიც შეფასდა მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების კონტექსტში, განმცხადებლის მიერ მათი გადახდის შესაძლებლობის ჩათვლით და სამართალწარმოების ის ეტაპი, როცა დაწესდა ეს შეზღუდვა, ის ფაქტორებია, რომლებიც არსებითია იმის განსაზღვრაში, პირმა გამოიყენა თუ არა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და მისი საქმე „მოისმინა თუ არა ... სასამართლომ“.
2. ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
40. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სასამართლო განსაზღვრავს, წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში, რეალურად დაკისრებული მოსაკრებელი წარმოადგენდა თუ არა იმ შეზღუდვას, რომელმაც დაარღვია განმცხადებლის უფლება მიემართა სასამართლოსთვის.
41. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმე არ იყო ქონებრივი ხასიათის, არამედ ის შეეხებოდა მომჩივნის სამოქალაქო მდგომარეობას. სასამართლომ უკვე ბევრ შემთხვევასთან დაკავშირებით დაადგინა, რომ შესაბამის ეროვნულ ორგანოს განსაკუთრებული გულმოდგინება მართებს სამოქალაქო მდგომარეობასა და შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საქმეებში (იხ. განჩინება ბოკი გერმანიის წინააღმდეგ, 1989 წლის 29 მარტი, სერია ა, N 150, გვ. 23, § 49).
ქონებრივ დავასთან დაკავშირებულ საქმეებში შეიძლება ითქვას, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი სამართალწარმოების ობიექტსა და სასამართლო მოსაკრებელს შორის, რადგან ეს მოსაკრებელი დამოკიდებულია იმ თანხაზე, რომელზეც მოცემული პირი აცხადებს პრეტენზიას, არ არსებობს ამგვარი კავშირი იმ საქმეებში, რომლებიც მოიცავს პრეტენზიებს არაქონებრივ უფლებებზე. ამის გარდა, არ ჩანს, რომ განქორწინების საქმის სამართალწარმოებისთვის კონკრეტული გადასახადის გადახდის ვალდებულება გამართლებულია მართლმსაჯულების ინტერესით.
42. მეორე, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო წარმოებაში განმცხადებლისთვის ბევრი რამ იყო სარისკო. ის წარმოადგენდა მოპასუხეს ამ წარმოებაში და მისი სარჩელი არსებითად მიმართული იყო თავად განქორწინებისა და სასამართლოს მოკვლევის იმ შედეგის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, ქორწინების დარღვევის უკუქცევა შეუძლებელი იყო. მან აგრეთვე გააპროტესტა დადგენილება იმის შესახებ, რომ ქორწინების დარღვევაზე პასუხისმგებელი იყო ორივე მხარე (იხ. მე-10 და მე-11 პუნქტები).
43. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ რამდენჯერმე გამოთქმული სურვილის მიუხედავად, გადაეხადა სასამართლო მოსაკრებლის 30% ანუ 3,300 პოლონური ზლოტი (იხ. მე-17 და მე-22 პუნქტები) ეროვნულმა სასამართლომ არცკი განიხილა მისთვის შემცირებული ოდენობით მოსაკრებლის დაწესების შესაძლებლობა.
44. მართალია, რომ მტკიცებულების მოსმენა და შეფასება უმთავრესად ეროვნული სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხია. თუმცა, სასამართლოს ფუნქციაა იმსჯელოს იმაზე, ამ ეროვნულმა სასამართლომ, მტკიცებულების შეფასებასთან მიმართებაში თავისი შეფასების უფლების განხორციელებისას, იმოქმედა თუ არა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად (იხ. სათანადო შესწორებების შეტანით, კროიცი პოლონეთის წინააღმდეგ, 64 -ე პუნქტი).
წინამდებარე საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო ორგანოებმა უარი თქვეს განმცხადებლის იმ არგუმენტის მიღებაზე, რომ მას არ შეეძლო სასამართლო მოსაკრებლების გადახდა და მისი ფინანსური მდგომარეობა შეაფასეს მხოლოდ მთლიანი თანხის- 300,000 პოლონური ზლოტის ოდენობის საფუძველზე, რომელიც მიიღო ან უნდა მიეღო თავისი ყოფილი ქმრისგან ქორწინებისას თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესიდან (იხ.მე-19 პუნქტი). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო შენიშნავს, რომ განმცხადებელმა თავისი ქმრისგან მხარეების ერთობლივ ფლობაში არსებული ქონების თავისი წილისთვის შესაბამისი თანხა მიიღო. თუმცა, ეს თანხა შეადგენდა მის ერთადერთ აქტივს და არაგონივრულია ცოლისგან ამ თანხის ნაწილის სასამართლო მოსაკრებლის სახით გადახდის მოთხოვნა, იმის ნაცვლად, რომ მას უზრუნველყო თავისი მომავალი ცხოვრება და საკუთარი და თავისი მცირეწლოვანი შვილების პირველადი საჭიროებები განქორწინების შემდეგ.
45. საქმის გარემოებების მთლიანობაში შეფასებისა და იმის გათვალისწინებით, განმცხადებლის რომელი უფლება იყო რისკის ქვეშ სასამართლო პროცესის დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო ორგანოებმა ვერ სათანადო ბალანსის უზრუნველყოფა, ერთი მხრივ, სარჩელების განხილვისთვის საჭირო სასამართლო მოსაკრებლის ამოღების თვალსაზრისით სახელმწიფო ინტერესსა და მეორე მხრივ, განმცხადებლის ინტერესს შორის, რომელიც უკავშირდებოდა განქორწინების შესახებ განჩინების წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას.
46. განმცხადებლისთვის მისი სარჩელის სამართალწარმოებისთვის მოთხოვნილი მოსაკრებელი გადაჭარბებული იყო, რამაც გამოიწვია მის სარჩელზე ფორმალური საფუძვლების გამო უარის თქმა. აღნიშნულმა, სასამართლოს აზრით, დააკნინა მისი უფლება, მიემართა სასამართლოსთვის.
47. ზემოაღნიშნული მიზეზებით, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებლის მიერ სარჩელის შეტანისთვის საჭირო მოსაკრებლის შემცირებაზე უარი წარმოადგენდა ზემდგომ სასამართლოსთვის მისი მიმართვის უფლების არათანაზომიერ შეზღუდვას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
Full & Egal Universal Law Academy