დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
კინჩესი უნგრეთის წინააღმდეგ (Kincses v. Hungary)
(საჩივარი 66232/10)
გადაწყვეტილება, 27 იანვარი, 2015 (მე-2 სექცია)
მე-10 მუხლი
გამოხატვის თავისუფლება
მე-6 მუხლი
გონივრული ვადა
ფაქტები: მომჩივანი დაიბადა 1960 წელს და ის ბეკეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მოქმედი იურისტია. 2003 წლის 19 მარტს მან სასამართლოში წარადგინა საჩივარი, რომლის მიხედვით იგი ითხოვდა მეორე ინსტანციის სასამართლოს ყურადღებას და ასევე პირველი ინსტანციის მოსამართლეთა მიმართ მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელების კომპეტენციასთან დაკავშირებით, სამართალწარმოების დაწყებას. შუამდგომლობა გადაეცა მეორე ინსტანციის სასამართლოს, რომლის თავმჯდომარის მოადგილემას მიმართა ბეკეს ადვოკატთა ასოციაციას და აცნობა, რომ მისი მოსაზრებით, მომჩივნის წარდგინება სადისციპლინო პროცედურის დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო. 2003 წლის 11 აპრილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აცნობა მომჩივანს სადისციპლინო პროცედურის დაწყების თაობაზე. საკითხი სზეჯის ადვოკატთა ასოციაციის კოლეგიამ განიხილა, რომელმაც 2004 წლის 10 ივნისს მომჩივანი, სერიოზული დისციპლინარული გადაცდომის ჩადენისათვის, 300 000 უნგრული ფორინტით დააჯარიმა. ეროვნულმა ადვოკატთა ასოციაციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი. მომჩივანი წლების განმავლობაში ასაჩივრებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, როდესაც საბოლოოდ, 2010 წლის 20 აპრილს, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა მისი საჩივრის განხილვაზე. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტაცია, რომ სადისციპლინო პროცედურამ დაარღვია მისი პროცედურული უფლება, ემოქმედა როგორც ადვოკატს და გაესაჩივრებინა სასამართლოს მიერ საქმეზე ჩამოყალიბებული წინასწარი შეხედულება.
მომჩივანი, კონვენციის მე-6 და მე-10 მუხლებზე დაყრდნობით, დავობდა, რომ სამართალწარმოების ხანგრძლივობა კონვენციის მე-6 მუხლის ,,გონივრული ვადის“ მოთხოვნასთან შეუთავსებელი იყო და აგრეთვე, დაირღვა მისი უფლება, როგორც ადვოკატს, თავისუფლად გამოეხატა შეხედულებები, რაც აისახა სასამართლოს ღირსების შელახვის გამო მის დაჯარიმებაში.
სამართალი: მე-10 მუხლი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მე-10 მუხლი ვრცელდება არამხოლოდ ისეთ ,,ინფორმაციასა“ თუ ,,იდეაზე“, რომელიც საზოგადოებას მოსწონს ან უწყინარი და უვნებელია, არამედ, აგრეთვე, ისეთზე, რომელიც თავზარდამცემი, შეურაცხმყოფელი და შემაშფოთებელია (მაგალითისთვის იხილეთ, Mouvement raëlien suisse v. Switzerland [GC], ნომ. 16354/06, § 48, ECHR 2012 (ამონარიდები)). გარდა ამისა, გამოხატვის თავისუფლება იცავს არამხოლოდ იდეებისა და ინფორმაციების შინაარსს, არამედ, აგრეთვე, ფორმას, რომლის მეშვეობითაც ხდება მათი გადმოცემა. მხარეები სადავოდ არ ხდიან - და სასამართლოც ვერ ხედავ რაიმე მიზეზს, რათა სხვაგვარად დაადგინოს- რომ მომჩივნის დაჯარიმება დისციპლინარული გადაცდომისათვის წარმოადგენდა კონვენციის მე-10 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევას. სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება შეზღუდვას, რომლის საფუძვლებიც კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფშია მოცემული. სასამართლომ დაადგინა, რომ ჩარევა განხორციელდა კანონის საფუძველზე და იგი ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შენარჩუნებას. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა განსაზღვროს, იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.“ აღნიშნულის განსახორციელებლად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამოიყენა თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-10 მუხლის შესაბამისი სტანდარტები და არსებობდა თუ არა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის დაცვასა და, მეორე მხრივ, მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებას შორის. სასამართლოს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, ზედსართავი სახელი ,,საჭირო“, მე-10 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, გულისხმობს ,,მწვავე სოციალურ საჭიროებას.“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ შეფასების გარკვეული ზღვარი, არსებობს თუ არა ასეთი მწვავე საჭიროება, თუმცა იგი ევროპულ ზედამხედველობასთან ერთად მოქმედებს და მოიცავს როგორც კანონმდებლობას, ასევე გადაწყვეტილებებს, მაშინაც კი, როდესაც ის დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ არის მიღებული (იხილეთ, Janowski v. Poland [GC], ნომ. 25716/94, § 30, ECHR 1999-I). ეროვნული ხელისუფლების შეფასების ზღვარი მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის თითოეული მიზნისთვის იდენტური არ არის. მე-6 მუხლთან მიმართებით, როდესაც საუბარია სასამართლო ხელისუფლების ,,ავტორიტეტზე“, უფრო ფართო ევროპული ზედამხედველობა გამოიყენება და ნაკლებია შეფასების დისკრეციული უფლებამოსილება (იხილეთ The Sunday Times v. the United Kingdom (no. 1), 1979 წლის 26 აპრილი, § 59, Series A no. 30)..
სასამართლომ შემდგომში გაიმეორა, რომ ფრაზა ,,სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტი“ მოიცავს, კერძოდ, იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც სათანადო მსაჯული, სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების შეფასებისა და წარმოშობილი დავების მოგვარებისათვის; უფრო მეტიც, საზოგადოება პატივს სცემს და ენდობა სასამართლოს შესაძლებლობას, შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია. სასამართლოს საქმიანობა, რომელიც მართლმსაჯულების გარანტორია და რომელსაც ფუნდამენტური როლი აკისრია კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოში, საჭიროებს საზოგადოების ნდობას. შესაბამისად, იგი დაცული უნდა იყოს დაუსაბუთებელი თავდასხმებისაგან. მიუხედავად ამისა, სასამართლოები, ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები, კრიტიკისა და შენიშვნების მიმართ იმუნიტეტით არ სარგებლობენ. ამრიგად, მართალია, მხარეებს ნამდვილად აქვთ უფლება, საკუთარი უფლებების დასაცავად, კომენტარები გააკეთონ მართლმსაჯულების აღსრულების თაობაზე, თუმცა მათმა კრიტიკამ არ უნდა გადალახოს გარკვეული ზღვარი (იხილეთ, Saday v. Turkey, no. 32458/96, § 43, 2006 წლის 30 მარტი). კერძოდ, აშკარად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კრიტიკა და შეურაცხყოფა. თუ გამოხატვის ფორმის ერთადერთი მიზანი სასამართლოს ან მისი წევრების შეურაცხყოფაა, შესაბამისი სანქცია, პრინციპში, არ დაარღვევს კონვენციის მე-10 მუხლს. უფრო მეტიც, ადვოკატების განსაკუთრებული სტატუსი, მართლმსაჯულების ადმინისტრირებისას, მათ აყენებს შუამავლის როლში, საზოგადოებასა და სასამართლოებს შორის. ასეთი პოზიცია განმარტავს ადვოკატთა ასოციაციის წევრების ქმედებების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს (იხილეთ, Casado Coca v. Spain, 1994 წლის 24 თებერვალი, § 54, Series A no. 285‑A). ადვოკატთა როლი, დაიცვან მათი კლიენტები, მოიცავს მათ არჩევანს არგუმენტების რელევანტურობისა და სარგებლიანობის კუთხით. ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, სადაც, მათი კლიენტების საუკეთესო ინტერესზე დაყრდნობით, უნდა გადაწყვიტონ, გაასაჩივრონ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ან გარკვეული ქმედება. მათ შეიძლება თავი შეზღუდულად იგრძნონ, საქმის მათი კლიენტის სავარაუდოდ საზიანოდ დასრულების კუთხით, შუამდგომლობების არჩევის, საპროცესო შუამდგომლობების და სხვა მხრივ, სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის დროს. იმისათვის, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, მათ უნდა სჯეროდეთ სამართლებრივი წარმომადგენლების შესაძლებლობისა, რომ ისინი ეფექტიანად წარმოაჩენენ მათ პოზიციას. აქედან გამომდინარეობს, რომ თუნდაც შედარებით მსუბუქი სანქციის ,,მსუსხავი ეფექტი“, მართლმსაჯულების განხორციელების კონტექსტში, სასამართლოსა და ადვოკატებს შორის შესაბამისი ბალანსის დაცვის მხრივ მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ ფაქტორად მიიჩნევა.
წინამდებარე საქმის ფაქტებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებაში, ბუდაპეშტის რეგიონალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის საჩივარში გაკეთებული განცხადებები შეურაცხყოფდა, როგორც საქმის განმხილველ მოსამართლეებს, ასევე, სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, სადაც დამატებით მითითებული იყო, რომ დისციპლინური ღონისძიების გატარების მიზეზი იყო არა მომჩივნის მიერ საქმის განმხილველი მოსამართლის პროფესიული ქმედების ეჭვქვეშ დაყენება, არამედ მისი განცხადების ტონი. უზენაესმა სასამართლომ განიხილა, დისციპლინარული ჯარიმა ახდენდა თუ არა რეალურად გავლენას მომჩივნის, როგორც ადვოკატის, უფლებებზე. მან დაადგინა, რომ მისი უფლება, გამოეხატა განსხვავებული აზრი, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებისა და განმხილველი მოსამართლის ქმედების მიმართ, არ შეზღუდულა. უზენაესმა სასამართლო დაადგინა, რომ ვინაიდან, იგი წარდგენილი იყო პირველ ინსტანციაში სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, საჩივარში არსებული შენიშვნები, ვერ მიიჩნევა პირველი ინსტანციის მოსამართლის წინასწარი შეხედულების წინააღმდეგ მიმართულ საჩივრად, არამედ, მხოლოდ მომჩივნის პირად მოსაზრებად. გარდა ამისა, ეროვნული სასამართლოების მიხედვით, მომჩივანი არ დაჯარიმებულა პირველი ინსტანციის მოსამართლის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებისათვის, არამედ, მის მიერ კრიტიკის ისეთი ფორმით გამოხატვისათვის, რომელიც ლახავდა სასამართლოს ღირსებას.
სასამართლომ განაცხადა, რომ მოცემული საქმე ჰგავდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მეისტერი გერმანიის წინააღმდეგ (Meister v. Germany), სადაც ადვოკატმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა მოსამართლეთა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც მოიხსენია იმგვარად, რომ ისინი მოქმედებდნენ არამართებულად სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში; გადაწყვეტილებას W.R. v. Austria წინააღმდეგ, სადაც ადვოკატმა, მოსამართლის მოსაზრებას ,,სასაცილო“ უწოდა; Saday-ის საქმეს, სადაც ბრალდებულმა თურქი მოსამართლეები მოიხსენია ,,მანტიით შემოსილ ჯალათებად“; Žugić-ის საქმეს, სადაც მომჩივანმა, საჩივრის მეშვეობით, მოსამართლე ამპარტავან და არაკომპეტენტურ პიროვნებად მოიხსენა, იმისათვის რომ განახორციელოს მოსამართლის საქმიანობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ადვოკატებს აქვთ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების უფლება, თუმცა მათმა კრიტიკამ არ უნდა გადააბიჯოს გარკვეულ ჩარჩოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სხვადასხვა ინტერესებს შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული, რაც მოიცავს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია სასამართლო გადაწყვეტილებიდან მომდინარე შეკითხვებთან დაკავშირებით, სათანადო მართლმსაჯულების განხორციელების მოთხოვნასა და იურიდიული პროფესიონალიზმის ღირსებას.
წინამდებარე საქმეზე, მომჩივანი, სამოქალაქო სამართლის საქმის განხილვისას, მოქმედებდა, როგორც კლიენტის კანონიერი წარმომადგენელი. წერილობით წარდგინებაში, რომელიც მან საკუთარი უფლებამოსილების განხროციელებისას მოამზადა, იგი საქმის განხილველ მოსამართლეს ბრალს სდებდა არაკომპეტენტურობაში. აქედან გამომდინარე, მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სათანადო მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების მოთხოვნისა და იურიდიული პროფესიის ღირსების შეპირისპირება არ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების ღია განხილვასა და პრესის თავისუფლებასთან (იხილეთ, mutatis mutandis, Nikula v. Finland, ნომ. 31611/96, § 48, ECHR 2002‑II).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო განცხადებები იყო არამხოლოდ გადაწყვეტილების დასაბუთების მიმართ კრიტიკა, არამედ, როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა და სადისციპლინო კოლეგიამ დაადგინა, შეიცავდა განმხილველი მოსამართლის პროფესიული შესაძლებლობების დამცირებასა და მიუთითებდა, სასამართლოს მიერ კანონის გვერდის ავლაზე. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლომ აღნიშნული შეფასება დაუსაბუთებლად არ მიიჩნია. გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე, რაც მიუთითებს, რომ მომჩივანს არ შეეძლო გადაწყვეტილების დასაბუთების კრიტიკა მძაფრი ენის გამოყენების გარეშე. უფრო მეტიც, მომჩივნისათვის ადვოკატთა ასოციაციის მიერ დაკისრებული ჯარიმის საფუძველი, გახლდათ იურიდიული პროფესიის ეთიკის ნორმების დარღვევა. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მომჩივნისთვის, როგორც ადვოკატისთვის, სავალდებულო იყო პროფესიული ქცევის წესები და ლეგიტიმურად მიიჩნია არსებობდეს მოლოდინი, რომ იგი ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას და ამგვარად, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას.
საბოლოოდ, ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, დაკისრებული სასჯელის სიმკაცრე და ბუნება, ასევე, გასათვალისწინებელი ფაქტორებია. ამ მხრივ, სასამართლომ განაცხზდა, რომ მომჩივანი მხოლოდ დაჯარიმდა, ისიც მცირე ოდენობით, იმგვარი დისციპლინური სამართალწარმოების დროს, რომელიც არ იყო საჯარო და შესაბამისად, მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების მიმართ უარყოფითი შედეგები არ დამდგარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დისციპლინური კოლეგიისა და შიდა სასამართლოების მიერ გათვალისწინებული მიზეზები იყო საკმარისი და რელევანტური ჩარევის გასამართლებლად და რომ მომჩივნისათვის დაკისრებული სანქცია არ იყო მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული. შესაბამისად, ჩარევა გონივრულად შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში, რათა დაცული იყოს სასამართლო ხელისუფლება მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მნიშვნელობის ფარგლებში.
დასკვნა: ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
მე-6 მუხლი: რაც შეეხება გონივრულ ვადასთან მიმართებით მომჩივნის საჩივარს, სასამართლომ აღნიშნა, რომ პერიოდი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, დაიწყო 2003 წლის 24 აპრილს, როდესაც მომჩივანმა გაასაჩივრა მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება და დასრულდა 2010 წლის 20 აპრილს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციისა და ორი ინსტანციის წინაშე საქმის განხილვის პერიოდი 7 წელი გაგრძელდა. ასეთი ხანგრძლივი სამართალწარმოების გათვალისწინებით, საჩივარი მისაღებად იქნა ცნობილი.
სასამართლომ გაიმეორა, რომ საქმის განხილვის ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის გარემოებებისა და შემდგომი კრიტერიუმების ჭრილში: საქმის კომპლექსურობა, მომჩივნისა და შესაბამისი ავტორიტეტების ქმედება და თუ რა იდგა მომჩივნისათვის საფრთხის ქვეშ (იხილეთ, Frydlender v. France [GC], ნომ.. 30979/96, § 43, ECHR 2000-VII). სასამართლომ განიხილა რა მისთვის წარდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა რაიმე ფაქტი ან დამაჯერებელი არგუმენტი, რომელიც, მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა. პრეცედენტულ სამართალზე მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე, სამართალწარმოების ხანგრძლივობა იყო გადაჭარბებული და იგი ვერ აკმაყოფილებდა ,,გონივრული ვადის“ მოთხოვნას.
დასკვნა: ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი.
41-ე მუხლი: 1,500 ევრო არამატერიალურ ზიანთან მიმართებით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის.
დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy