დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 97
2007 წლის მაისი
კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kontrova v. Slovakia)
(საჩივარი- 7510/04)
გადაწყვეტილება, 31 მარტი, 2007 [მე-4 სექცია]
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
სიცოცხლე
პოლიციამ ვერ უზრუნველყო მომჩივნის შვილების დაცვა, რომლებიც საბოლოოდ მამამ მოკლა: დარღვევა
ფაქტები – ეროვნებით სლოვაკი აპლიკანტი - დანა კონტროვა დაიბადა 1974 წელს და ცხოვრობს მიჩალოვსეში (სლოვაკეთი). იგი დაქორწინდა და მას გაუჩნდა ორი შვილი: 1997 წელს დაბადებული ქალიშვილი და 2001 წელს დაბადებული ვაჟი.
2002 წლის 2 ნოემბერს აპლიკანტმა სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა მისი მეუღლის წინააღმდეგ. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი მეუღლე შეურაცხყოფას აყენებდა და სცემდა მას ელექტრო კაბელის მეშვეობით. მომჩივანმა წარადგინა სამედიცინო ცნობა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პაციენტისთვის მიყენებული დაზიანებები ხელს უშლიდა მას ჩვეულებრივ მუშაობაში 7 დღის განმავლობაში. აპლიკანტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქმრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დიდი ხნის ისტორია ჰქონდა.
მოგვიანებით, ქალი შეეცადა შეტანილი საჩივრის უკან გახმობას, რადგან თან მეუღლე ახლდა. პოლიციის ოფიცრის - ჰ-ს რჩევის საფუძველზე, მან, შესაბამისად, შეცვალა თავისი საჩივარი ისე, რომ მისი ქმრის სავარაუდო ქმედებები განხილულიყო, როგორც წვრილმანი სამართალდარღვევები, რომელიც შემდგომ ქმედებებს არ იწვევდა.
2002 წლის 26-27 დეკემბრის ღამეს აპლიკანტის ნათესავმა გამოიძახა რაიონული პოლიციის დეპარტამენტის სასწრაფო დახმარების სამსახური, რათა ეცნობა, რომ აპლიკანტის მეუღლის ქმარი თოფით იყო შეიარაღებული და იმუქრებოდა თავისი შვილების მოკვლითა და თვითმკვლელობით. მოგვიანებით, აპლიკანტმა მსგავსი სატელეფონო ზარი განახორციელა იმავე ღამეს. სატელეფონო ზარები მიღებულ იქნა პოლიციის ოფიცრის - ბ-ს მიერ, რომელმაც პოლიციის ოფიცერს - პ.შ-ს მითითება მისცა, საპატრულო ეკიპაჟი მოემზადებინა შემთხვევის ადგილის მოსანახულებლად. საპატრულო ეკიპაჟმა აპლიკანტი აღმოაჩინა ტუშიცკა ნოვა ვესში (სოფელი). მომჩივნის ქმარმა შემთხვევის ადგილი დატოვა მათ მისვლამდე. პოლიციელმა აპლიკანტი წაიყვანა მისი მშობლების სახლში და სთხოვა მას პოლიციის დაწესებულებაში მისვლა მომდევნო დილას, რათა ინციდენტის ამსახველი ოფიციალური ჩანაწერი შექმნილიყო.
2002 წლის 27 დეკემბრის დილას აპლიკანტი წავიდა ტრჰოვიშტეს რაიონულ პოლიციაში, სადაც იგი ესაუბრა პოლიციის ოფიცერს - მ.შ-ს.
2002 წლის 31 დეკემბრის დილას აპლიკანტი და მისი ძმა მივიდნენ მიჩალოვცეს რაიონულ პოლიციაში, სადაც ქალი გაესაუბრა პოლიციის ოფიცერს - ჰ-ს. 2002 წლის 2 ნოემბერს, მომჩივანი დაიკითხა სისხლის სამართლის საჩივართან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა 2002 წლის 26 და 27 დეკემბრის ინციდენტი.
2002 წლის 31 დეკემბერს 11.00 საათიდან 11.15 საათამდე დროის პერიოდში, აპლიკანტის ქმარმა იარაღით მოკლა მისი ორი შვილი და შემდეგ თავი მოიკლა.
საბოლოოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული ტრაგედია პოლიციის ოფიცრების უმოქმედობის პირდაპირი შედეგი იყო. 2006 წლის 14 მარტს პოლიციის ოფიცრები - ბ., მ.შ. და პ.შ. მსჯავრდებულ იქნენ თავიანთი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულების გამო. სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება ჰ-ს წინააღმდეგ შეწყდა.
აპლიკანტის საჩივრები საკონსტიტუციო სასამართლოში განცდილი მორალური ზიანის გამო კომპენსაციის მიღების მიზნით წარუმატებელი იყო.
აპლიკანტი დავობდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი შვილების სიცოცხლის დაცვა. იგი ასევე დავობდა, რომ მისთვის შეუძლებელი იყო კომპენსაციის მოთხოვნა განცდილი მორალური ზიანის გამო. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-6 (სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-8 მუხლებს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება). პალატამ ასევე გადაწყვიტა საქმის განხილვა კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე.
სამართალი – მე-2 მუხლი: სასამართლომ აღნიშნა, რომ 1993 წლის პოლიციის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პოლიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მომჩივნის ოჯახური სიტუაცია ცნობილი იყო ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტისთვის, 2002 წლის 2 ნოემბრის სისხლის სამართლის საჩივრისა და 2002 წლის 26-27 დეკემბრის ღამის გადაუდებელი სატელეფონო ზარების გათვალისწინებით.
მომჩივნის მდგომარეობის საპასუხოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი დებულებებისა და მომსახურების წესების მიხედვით, პოლიცია ვალდებული იყო: დაერეგისტრირებინა აპლიკანტის სისხლის სამართლის საჩივარი; დაუყოვნებლივ დაეწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება მომჩივნის მეუღლის წინააღმდეგ; აღენუსხა გადაუდებელი ზარები და გაეცა შესაბამისი რჩევა მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე; ასევე მიეღო ზომები იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ აპლიკანტის ქმარს ჰქონდა თოფი და იმუქრებოდა მისი გამოყენებით.
თუმცა, როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, პოლიციამ ვერ უზრუნველყო საკუთარი ვალდებულებების შესრულება. ამის საწინააღმდეგოდ, საქმეში ჩაბმული ერთ-ერთი ოფიცერი ეხმარებოდა აპლიკანტს და მის მეუღლეს შეეცვალათ 2002 წლის 2 ნოემბრის სისხლის სამართლის საჩივარი ისე, რომ წვრილმანი სამართალდარღვევების გამო შემდგომი ქმედებების საჭიროება აღარ დამდგარიყო. როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, ასეთი უმოქმედობების პირდაპირი შედეგი იყო აპლიკანტის შვილების სიკვდილი.
ზემოთ აღნიშნული დასკვნებიდან და სლოვაკეთის მთავრობის აღიარებიდან გამომდინარე, რომ ეროვნულმა ორგანოებმა ვერ უზრუნველყო სათანადო ზომების მიღება აპლიკანტის შვილების სიცოცხლის დასაცავად, სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა.
მე-13 მუხლი: სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ აპლიკანტს შეეძლო კომპენსაცია მოეთხოვა მორალური ზიანისთვის, რომელიც მას და მის შვილებს მიადგა მათი გარდაცვალების გამო, თუმცა მას არ ჰქონდა ასეთი სამართლებრივი დაცვის საშუალება კონვენციის მე-13 მუხლის საწინააღმდეგოდ.
კონვენციის სხვა მუხლები: სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო საჭირო საჩივრის ცალკე განხილვა კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლებიდან გამომდინარე.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 25 000 ევრო არამატერიალურ ზიანთან მიმართებით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy