ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განმცხადებლის, როგორც მშობლის პასუხისმგებლობასა და ვაჟიშვილთან კონტაქტის უფლებებზე.
განმცხადებელმა დროებითი ფსიქიკური აშლილობის შედეგად მოკლა თავისი ცოლი და გაიარა ფსიქიატრიული მკურნალობის კურსი.
ეროვნულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება - ბავშვის ბებიისთვის დატოვებასა და მამისთვის თავის ვაჟიშვილთან კონტაქტის ნებართვის მიცემაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საქმე „კრაპივინი რუსეთის წინააღმდეგ“
CASE OF KRAPIVIN v. RUSSIA
განაცხადი N 45142/14
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
12 ივლისი 2016
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი, ანდრეი კრაპივინი რუსეთის მოქალაქეა, დაბადებული 1964 წელს და მცხოვრები პერმში (რუსეთი). საქმე ეხება 2005 წელს დაბადებულ ვაჟიშვილთან კონტაქტის უფლებას. 2009 წელს ბ-ნმა კრაპივინმა სასიკვდილოდ დაჭრა თავისი ცოლი. მკვლელობას შეესწრო მათი სამი წლის ვაჟიშვილი. 2010 წელს ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნ კრაპივინს, რომელიც დროებითი ფსიქიკური აშლილობის ქვეშ იყო, სტრესულ სიტუაციაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა, რის ფონზეც მოკლა თავისი ცოლი, სწორედ ამ მოტივით სასამართლომ გაათავისუფლა იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და გასცა ბრძანება მისი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ. ის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან 2011 წლის თებერვალში გამოუშვეს. ამასობაში მისი ვაჟი იყო დედის მხრიდან ბებიის - ვ-ს მზრუნველობის ქვეშ.
2011 წლის მარტში ბ-ნ კრაპივინმა განაცხადი შეიტანა ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში და მოითხოვა თავისი ვაჟიშვილის მისთვის გადაცემა. მას ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ამას მოჰყვა სასამართლო საქმის წარმოება, ხოლო 2012 წლის აგვისტოში სასამართლომ უგულებელყო ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფის სამსახურისა და ვ-ს განაცხადი, ბ-ნ კრაპივინისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ბ-ნ კრაპივინის შემხვედრი მოთხოვნა ვ-ს მეურვეობის დასრულებისა და ვაჟიშვილის მისთვის დაბრუნების შესახებ. რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა და დაასკვნა, რომ ბავშვის პატარა ასაკისა და ბებიაზე დამოკიდებულების გათვალისწინებით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ტრავმული იქნებოდა. თუმცა ბ-ნ კრაპივინს შეეძლო გაეგრძელებინა კონტაქტი თავის შვილთან.
შემდეგ დაიწყო სამართალწარმოება ბავშვთან ურთიერთობის უფლების შესახებ. ბ-ნ კრაპივინმა განაცხადა, რომ ბებია ვაჟიშვილის ნახვის შესაძლებლობას არ აძლევდა. 2013 წლის მაისში ეროვნულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებში არ შედიოდა მამამისთან ურთიერთობის განახლება. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ბ-ნმა კრაპივინმა არ წარმოადგინა სამხილი, რომელიც დაადასტურებდა მისი მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ასევე იმას, რომ ბავშვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა; ტრაგიკული მკვლელობის ფაქტი ბავშვის თვალწინ მოხდა, რამაც მას ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა; სამი წლის ასაკიდან ბავშვს ზრდიდა და მასზე ზრუნავდა ბებია და მამა დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავს; ბ-ნ კრაპივინი ხშირად მიემგზავრებოდა გრძელვადიან სამსახურებრივ მივლინებებში, რის გამოც ოთხი თვიდან ორი თვე ქალაქში არ იყო. ამ გადაწყვეტილებას 2013 წლის სექტემბერში სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა.
ახალი სამართალწარმოება, რომელიც ბ-ნ კრაპივინის მშობლის უფლებასა და ბავშვთან ურთიერთობის უფლებას ეხებოდა დაიწყო 2014 წლის დეკემბერში. სასამართლომ ხელახლა შეაფასა მდგომარეობა, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვი სამი წლის ასაკიდან ბებიასთან ცხოვრობდა, მასზე იყო დამოკიდებული და სურდა მასთან ცხოვრება გაეგრძელებინა, ბ-ნ კრაპივინის სამუშაო კი მოითხოვდა მის გრძელვადიან მოგზაურობებს, ამიტომ სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის ბებიასთან დარჩენა მის განვითარებაზე უფრო დადებით გავლენას მოახდენდა. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვს, რომელიც იმ დროისთვის თითქმის ათი წლის იყო, ჰქონდა მამასთან ურთიერთობის უფლება. კერძოდ, ბ-ნ კრაპივინმა დაამყარა ურთიერთობა და ინარჩუნებდა რეგულარულ კონტაქტებს ვაჟიშვილთან, სკოლაში, ტელეფონით და ინტერნეტით. გარდა ამისა, რეგულარულად იხდიდა თანხებს ბავშვის შესანახად და არ არსებობდა არანაირი სამხილი, რომელიც დაადასტურებდა მის მავნე ზემოქმედებას ბავშვზე, რომელმაც თავადაც გამოთქვა მამასთან ურთიერთობის სურვილი.
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
60. განმცხადებელმა პრეტენზია განაცხადა 2014 წლის 13 თებერვალს დასრულებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება დაირღვა, ვინაიდან ეროვნულმა სასამართლომ მას უარი უთხრა ვაჟიშვილთან ურთიერთობის უფლებაზე. კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება დაცული იყოს მისი ... ოჯახური ცხოვრება...
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებლია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა, ან მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
64. სასამართლო იმეორებს, რომ მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნა წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ კომპონენტს და ნაციონალური ორგანოს მიერ მიღებული ზომები, წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლას. ამ უფლებაში ჩარევა წარმოადგენს ამ დებულების დარღვევას, თუკი ის „არ შეესაბამება კანონს“, ახორციელებს კანონიერ მიზანს ან მიზნად ისახავს კანონიერ შედეგს კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და შეიძლება მიჩნეული იქნეს, როგორც „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“ (იხ. კ.ა. ფინეთის წინააღმდეგ, N27751/95, §92, 14 იანვარი, 2003 წ.).
65. იმის დასადგენად, ასეთი „აუცილებლობა“ არსებობდა თუ არა მოცემულ დროს შექმნილ კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლო იმსჯელებს, ამ ზომების გასამართლებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები არის თუ არა რელევანტური და საკმარისი კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნისთვის. უდავოა, რომ იმაზე მსჯელობას, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსგავსი შინაარსის მქონე ყველა შემთხვევისთვის. გარდა ამის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ქვეყნის შესაბამის ორგანოს შეუძლია პირდაპირი კონტაქტი იქონიოს საქმეში მონაწილე ყველა პირთან. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ამოცანა არის არა ის, რომ ჩაენაცვლოს შესაბამის ეროვნულ ორგანოს მეურვეობასა და ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების განხორციელებისას, არამედ ის, რომ კონვენციის კონტექსტში განიხილოს ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება მისი დისკრეციული უფლებამოსილებების არეალს (იხ. ჰოკანენი ფინეთის წინააღმდეგ, 23 სექტემბერი, 1994 წ., § 55, სერია A, N 299‑A; ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ, [დიდი პალატა], N25735/94, § 48, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000-VIII ; ზომერფელდი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N31871/96, §62, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2003-VIII (ამონარიდები) ; შვეიცარიის წინააღმდეგ, N 9929/12, § 49, 27 მაისი, 2014 წ. და პ.კ. პოლონეთის წინააღმდეგ, N43123/10, § 84, 10 ივნისი, 2014 წ.).
66. დისკრეციული უფლებამოსილებების არეალი, რომელიც შეთანხმებული უნდა იქნეს შესაბამის ეროვნულ ორგანოსთან, შეიცვლება რისკის ქვეშ მყოფი საკითხების ბუნებიდან და ინტერესების მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამგვარად, სასამართლო აღიარებს, რომ ამ ორგანოს გააჩნია ფართო დისკრეციული უფლებები, კერძოდ, მეურვეობის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა, საჭიროა უფრო დეტალური შესწავლა სხვა ნებისმიერ შეზღუდვასთან, მაგალითად, რომელსაც აწესებს მოცემული ორგანო მშობლის უფლებაზე - ნახოს ბავშვი და ნებისმიერ იმ სამართლებრივ გარანტიასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია უზრუნველყოს ოჯახური ცხოვრების პატივისცემასთან მიმართებაში მშობლებისა და ბავშვების უფლებების ეფექტიანი დაცვა. ასეთი დამატებითი შეზღუდვები გამოიწვევს იმის საშიშროებას, რომ ბავშვსა და ერთი ან ორივე მშობელს შორის ოჯახურ ურთიერთობას საფრთხე შეექმნება (იხ. ელსჰოლცი, § 49; ზომერფელდი § 63 და გიორგიულუ გერმანიის წინააღმდეგ, N74969/01, § 42, 26 თებერვალი, 2004 წ.).
67. კონვენციის მე-8 მუხლი მოითხოვს, რომ უნდა დამყარდეს სამართლიანი ბალანსი ბავშვისა და მშობლის ინტერესებს შორის და ამ პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რომლებმაც მათი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება გადაფარონ მშობლის ინტერესები. კერძოდ, მე-8 მუხლის თანახმად, მშობელს არ აქვს უფლება გამოიყენოს ისეთი ზომები, რომელიც დააზიანებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (იხ. ელსჰოლცი, §50; ჰოპე გერმანიის წინააღმდეგ, N28422/95, §49, 5 დეკემბერი, 2002 წ. და გიორგიულუ, §43).
68. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თუმცა კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიცავს ცალსახა პროცედურულ მოთხოვნებს, ჩარევის ზომებში მონაწილე გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და ისეთი, რომლითაც მოხდება მე-8 მუხლით დაცული ინტერესების სათანადოდ დაცვა. სასამართლოს არ შეუძლია სათანადოდ შეაფასოს ის, თუ რამდენად ამართლებენ ნაციონალური სასამართლოს მიერ წარმოდგენილი სამხილები ამ ზომებს და საკმარისია კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, ამავე დროს იმის განსაზღვრის გარეშე, მშობელი ჩართული იყო თუ არა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ ხარისხით, რაც საკმარისია მისი ინტერესების სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად (იხ. ზიუსი გერმანიის წინააღმდეგ, N40324/98, § 89, 10 ნოემბერი, 2005 წ.).
(ბ) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმესთან მიმართებაში
69. სასამართლო მიიჩნევს და ეს არის საერთო პოზიცია მხარეთა შორის, რომ განმცხადებელსა და მის ვაჟიშვილს შორის ურთიერთობა წარმოადგენს „ოჯახურ ცხოვრებას“ კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით.
70. სასამართლო აგრეთვე მიიჩნევს, რომ 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა თავის ვაჟიშვილთან ურთიერთობის უფლებებზე, უდავოდ ხელი შეუშალა განმცხადებლისა და მისი ვაჟიშვილის მიერ ურთიერთობას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრულ განმცხადებლის უფლებაში ჩარევას.
71. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ჩარევა „შეესაბამებოდა კანონმდებლობას“ და მიზნად ისახავდა კანონიერ შედეგს კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ბავშვის „ჯანმრთელობის ან ზნეობის“ და „უფლებებისა და თავისუფლებების“ დაცვას. საჭიროა დადგინდეს, წინამდებარე საქმის ფარგლებში მშობლის მიერ კონტაქტის უარყოფა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
72. სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნული საქმის მთლიან კონტექსტში, ამ ზომის გასამართლებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები არის თუ არა რელევანტური და საკმარისი კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის.
73. წინამდებარე საქმეში, ეროვნულმა სასამართლომ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები იმ გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად, რომელთა მიხედვითაც განმცხადებელს უარი ეთქვა ბავშვთან კონტაქტზე. კერძოდ, რომ განმცხადებელმა მოკლა ბავშვის დედა მისთვის დანით მრავლობითი ჭრილობის მიყენებით, შემდეგ გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და გაიარა სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობა. განმცხადებელს აგრეთვე არ წარმოუდგენია სამხილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისი მენტალური ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და ის აღარ წარმოადგენდა საფრთხეს ბავშვისთვის. ეროვნულმა სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ტრაგიკული მოვლენები მოხდა ბავშვის თვალწინ და ამან ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა, ასევე ოთხ წელზე მეტი ხნის მანძილზე ბავშვი აღზარდა ბებიამ დედის მხრიდან და მამა დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავს, რადგან მამის სამუშაო განრიგი მოითხოვდა ქალაქიდან მის ხშირ გამგზავრებას (ყოველ ოთხ თვეში - ორი თვე), რაც ყოველკვირეულ შეხვედრებს შეუძლებელს ხდიდა.
74. როცა საქმე ეხება ეროვნული სასამართლოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებას მათი იმ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა თავის ვაჟიშვილთან ურთიერთობაზე, სასამართლო შენიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესმა მთლიანობაში უზრუნველყო განმცხადებლის ინტერესების სათანადო დაცვა. 2013 წლის 14 მაისის სასამართლო მოსმენაზე განმცხადებლის არყოფნის კომპენსაცია მოხდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ფართომასშტაბიანი განხილვის დროს, რომელსაც ესწრებოდნენ თავად განმცხადებელი და მისი უფლებების დამცველი, რომლებმაც გააკეთეს ზეპირი განცხადებები. შესაბამისად, განმცხადებელს შეეძლო წამოეყენებინა ყველა არგუმენტი ურთიერთობის უფლების მოპოვების სასარგებლოდ და მას ხელი მიუწვდებოდა ყველა იმ შესაბამის ინფორმაციაზე, რომელსაც ეყრდნობოდა სასამართლო.
75. მტკიცებულებითი ბაზა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებისთვის მოიცავდა განმცხადებლისა და ბავშვის მეურვის მიერ გაკეთებულ განაცხადებს, დოკუმენტებს განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმიდან, საცხოვრებელი პირობების შესწავლის შედეგებს, ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოსაზრებას, ანგარიშს ბავშვის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შესახებ, რომელიც ჩაატარა ბავშვთა ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სოციალური ადაპტაციის მუნიციპალურმა ცენტრმა, წერილებს ბავშვის ბაგა-ბაღიდან და საბავშვო ბაღიდან და განმცხადებლის დამსაქმებლის სარეკომენდაციო წერილს. ამ მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, ჰქონდა რა საქმეში მონაწილე ყველა პირთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობა, ეროვნულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ბავშვის ინტერესებში არ იქნებოდა, რომ მას განეახლებინა კონტაქტი განმცხადებელთან. ექსპერტებთან ბავშვის წაყვანის თაობაზე მეურვის უარის გამო, ვერ ჩატარდა ნ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული ფსიქოლოგიური გამოკვლევა განმცხადებელთან მისი კონტაქტის განახლების შესაძლებლობის დასადგენად, ბავშვის ჯანმრთელობის ან ფსიქოლოგიური განვითარებისთვის დაზიანების რისკის გარეშე. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას გააჩნდა საკმარისი სამხილი წინამდებარე საქმეში ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაფასებლად.
76. სასამართლომ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული და მოპასუხე სახელმწიფოს დისკრეციული უფლებების არეალი და დაასკვნა, რომ ეროვნული სასამართლოს პროცედურული მიდგომა არსებულ გარემოებებში იყო მიზანშეწონილი და მან წარმოადგინა საკმარისი მასალა არსებული საქმის ფარგლებში ბავშვთან ურთიერთობის საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩარევა იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით (იხ. რიჩენკო რუსეთის წინააღმდეგ, N22266/04, §§ 36-45, 20 იანვარი, 2011 წ. და დიმიტრი რიაბოვი რუსეთის წინააღმდეგ, N33774/08, §§ 56-62, 1 აგვისტო, 2013 წ.).
77. გარდა ამის, სასამართლო შენიშნავს, რომ შემდგომში, განმცხადებლის, როგორც მშობლის პასუხისმგებლობასა და ბავშვთან ურთიერთობის უფლებებთან დაკავშირებული ახალი სამართალწარმოებების მიმდინარეობისას, ეროვნულმა სასამართლომ ახლად განვითარებული მოვლენების ჭრილში ხელახლა შეაფასა ვაჟიშვილთან განმცხადებლის ურთიერთობის საკითხი. კერძოდ, მან გაითვალისწინა ბავშვის ასაკი (რომელიც იმ დროისთვის იყო თითქმის ათი წლის) ის, რომ განმცხადებელმა და ბავშვმა დე-ფაქტო დაამყარეს რეგულარული კონტაქტი, ბავშვმა გამოთქვა განმცხადებელთან ურთიერთობის სურვილი, განმცხადებელი აღარ იყო ფსიქიატრიული მეთვალყურეობის ქვეშ და არ არსებობდა იმის დამადასტურებელი სამხილი, რომ განმცხადებელთან არსებული კონტაქტი ბავშვზე რაიმე მავნე ზემოქმედებას ახდენდა.
78. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
Full & Egal Universal Law Academy