დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2014 წლის აპრილი
კრასიცკი პოლონეთის წინააღმდეგ (Krasicki v. Poland)
(საჩივარი- 17254/11)
გადაწყვეტილება, 15 აპრილი, 2014 [მე-4 სექცია]
მე-8 მუხლი
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
ფაქტები – მომჩივანი, არტურ კრასიცკი, 1970 წელს დაბადებული პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც ცხოვრობს ვარშავაში. წინამდებარე საქმე ეხებოდა ბ-ნი კრასიცკის საჩივარს პოლონეთის ხელისუფლების მარცხთან დაკავშირებით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი შვილებთან ურთიერთობის უფლება. მომჩივანს არასდროს უცხოვრია ბავშებთან ან მათ დედასთან ერთად, თუმცა, ამის გამო არ შექმნია ბავშვების ნახვის პრობლემა, 2005 წლადმე. სირთულეები თანდათანობით წარმოიშვა და ეროვნულმა სასამართლოებმა 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით დაადგინეს ბავშვებთან მისი ურთიერთობის პირობები. სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენელი - სასამართლოები, სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვეები, პოლიცია და ბავშვების სკოლა - ჩართულნი იყვნენ ამ პირობების განხორციელების უზრუნველყოფისათვის, თუმცა შეზღუდულნი იყვნენ მომჩივნის მიმართ დედის დამოკიდებულების გამო. სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვის რეკომენდაციით ბავშვები გადაუდებელი მზრუნველობის ქვეშ უნდა აეყვანათ, რადგან ისინი რეგულარულად არ ესწრებოდნენ სკოლას და ვინაიდან დედას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მარტო ყოფნა ერჩივნა, მას არ ჰქონდა ბავშვების მოვლის უნარი. კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), ბ-ნი კრასიცკი დავობდა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები, მომჩივნის ბავშვებთან ურთიერთობის უფლების უზრუნველსაყოფად არ იყო საკმარისი და გამოიწვია ისეთი სიტუაცია, რომ სავარაუდოდ იგი ვეღარ შეძლებდა შვილებთან ურთიერთობის აღდგენას.
სამართალი – მე-8 მუხლი: სასამართლომ განაცხადა, რომ მშობელსა და შვილს შორის ორმხრივი ურთიერთობა წარმოადგენს „ოჯახური ცხოვრების“ ძირითად ელემენტს კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით. მე-8 მუხლის არსებითი მიზანია, დაიცვას პირი ხელისუფლების თვითნებური ჩარევისგან. თუმცა, შესაძლოა არსებობდეს ოჯახური ცხოვრების „პატივისცემაში“ ჩარევის პოზიტიური ვალდებულებები. სახელმწიფოს ვალდებულების თაობაზე - მიიღოს პოზიტიური ზომები - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეებში, რომლებიც ეხება ერთ-ერთი მშობლის შვილთან ურთიერთობის უფლების იმპლემენტაციას, კონვენციის მე-8 მუხლი მოიცავს მშობლის უფლებას გადადგას ნაბიჯები რათა აღიდგინოს შვილთან ურთიერთობა და ასევე მოიცავს ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას ხელი შეუწყოს მათ გაერთიანებას. ზემოაღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შენარჩუნებული იქნეს პირადი ურთიერთობები და საჭიროების შემთხვევაში „აღდგეს“ ოჯახი; სახელმწიფოს ვალდებულება არ არის შედეგი არამედ ერთ-ერთი საშუალებაა.
როდესაც განსახილველი საკითხი ეხება მშობლებს შორის დავას ბავშვებთან დაკავშრებით, სტრასბურგის სასამართლოს როლი არ არის ჩაანაცვლოს უფლებამოსილი ეროვნული ხელისუფლება მშობლებისა და შვილების ურთიერთობის დასარეგულირებლად; არამედ მისი ვალდებულებაა კონვენციის ჭრილში განიხილოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რომლებიც საკუთარი დისკრეციის ფარგლებში მიიღეს. ამგვარად, სტრასბურგის სასამართლომ უნდა განსაზღვროს იყო თუ არა შესაბამისი და საკმარისი ის საფუძვლები, რომლის მიზანიც იყო გაემართლებინა ნებისმიერი ზომა რომელიც მიღებული იქნა მომჩივნის ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობისათვის. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, მე-8 მუხლი მოიცავს მშობლის უფლებას - მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები მისი შვილთან გაერთიანების მიზნით და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, მიიღოს ეს ზომები. თუმცა, ზემოაღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური. მოცემულ საქმეში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, მიიღო თუ არა პოლინეთის ხელისუფლებამ ყველა აუცილებელი ზომა ურთიერთობის აღსადგენად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულ ხელისუფლებას გააჩნდა ვალდებულება უზრუნველყო ზემოაღნიშნული ბავშვებთან ურთიერთობის პირობების შესრულება. სასამართლოს ამოცანაა, განიხილოს იყო თუ არა პოლონეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადეკვატური და ეფექტური, იმისათვის, რომ აღდგენილიყო ურთიერთობა მომჩივანსა და ბავშვებს შორის და ასევე, გამოიჩინა თუ არა ხელისუფლებამ დაუდევრობა საკუთარი მოვალეობების შესრულებისას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ურთიერთობის სიძნელეები დიდწილად დედის წინააღმდეგობით იყო გამოწვეული, რომელიც დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბავშვებთან ურთიერთობის და თანაცხოვრების შესახებ დავები მგძნობიარე საკითხია ყველა მხარისთვის და ეროვნული ხელისუფლებისთვის ადვილი ამოცანა არ არის სასამართლო ბრძანების აღსრულება, როდესაც ერთ-ერთი ან ორივე მშობლის ქცევა არ არის განჭვრეტადი. წინამდებარე საქმეში, დედის არათანამშრომლურმა დამოკიდებულებამ, რომელიც მომჩივნის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება, განსაკუთრებით ძნელი გახადა ეროვნული ხელისუფლებისთვის მიეღო ზომები მომჩივნის ბავშვებთან ურთიერთობის უფლებით სარგებლობისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2004 წელს სერიოზული სირთულეების არსებობამდე, ეროვნულმა სასამართლომ სასამართლო პროცესის ფარგლებში, რომლის დროსაც დედას უნდოდა მომჩივნისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა, ბავშებს დაუნიშნა მეურვე. მეურვის ამოცანა იყო მომჩივნის მიერ მშობლის მოვალეობების შესრულების ზედამხედველობა. თუმცა, იგი მოგვიანებით ორივე მხარეს ზედამხედველობდა და რეგულარულად აწვდიდა დასკვნებს სასამართლოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვე აქტიურად ახორციელებდა საკუთარ მოვალეობებს. სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, დანიშნული მეურვის მეშვეობით იცოდნენ მომჩივნის ბავშვებთან ურთიერთობის სიძნელეების შესახებ. აღნიშნული არ დარჩენილა შეუმჩნეველი. დედას დაეკისრა ჯარიმები, ასევე ვარშავა-მოკოტოვის საოლქო სასამართლომ დაიწყო საქმისწარმოება დედისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის მიზნით. საოლქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, დაუმორჩილებლობის გამო შეუზღუდა მას მშობლის უფლებები და დანიშნა მეურვე რათა, ამ უკანასკნელს, ზედამხედველობა გაეწია მისი მშობლის მოვალეობების შესრულების კუთხით. ეროვნულმა სასამართლოებმა კარგად იცოდნენ, რომ დედის მიერ ბავშვთან ურთიერთობის შესახებ ბრძანების შეუსრულებლობა, საზიანო იყო ბავშვებისთვის. მათ ეს აღნიშნეს 2008 წლის 31 მარტის და 2 დეკემბრის ბრძანებებში. ისინი აღნიშნავდნენ მომჩივნის მიმართ მის უარყოფით დამოკიდებულებას. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უგულებელყვეს მომჩივნის უსიამოვნო სიტუაცია ან მათ არ იცოდნენ მამისა და შვილების გაერთიანების აუცილებლობის შესახებ, სასამართლო ბრძანების შესაბამისად. ჯარიმები რომელიც დედას დაეკისრა მას არ გადაუხდია, ასევე არ შეუსრულებია ბავშთან ურთიერთობის შესახებ სასამართლო ბრძანების პირობები, შესაბამისად მას მიესაჯა 20 დღით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ არ მოუხდია აღნიშნული სასჯელი, სტრასბურგის სასამართლო ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება მზად იყო დედისთვის შეეფარდებინა პოლონეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაზე მძიმე სასჯელი. ხელისუფლება ჩართული იყო მომჩივნისა და ბავშების ურთიერთობის განახლების პროცესში. ისინი ურთიერთობდნენ და ცვლიდნენ ინფორმაციას სასამართლოების, სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვეების, სკოლის ადმინისტრაციის და პოლიციის თანამშრომლობის მეშვეობით. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ მათი ქმედებები არ იყო კოორდინირებული. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებლო საქმისწარმოების დროს სახეზე არ იყო რაიმე სახის შეფერხება.
სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი ვერ ჩაანაცვლებს ეროვნულ ხელისუფლებას და მისი ამოცანაა მათი გადაწყევტილებების კონვენციასთან შესაბამისობის განხილვა. მოცემულ საქმეში, არ შეიძლება ითქვას, რომ არასწორედ იქნა გამოყენებული დისკრეციული უფლებამოსილება.
სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ბრძანებების აღსრულება და ჯარიმების დაკისრება არ ყოფილა წარმატებული საშუალებები მომჩივანსა და მის შვილებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად. ხელისუფლებას მეტად მკაცრი ზომები უნდა მიეღო, თუმცა სასამართლოსთვის გასაგებია ამის არ გაკეთების მიზეზი. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარუმატებლობა არ შეიძლება მიჩნეული იყოს როგორც ხელისუფლების მხრიდან გულგრილობა. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი, რომელიც მათ მოეთხოვებოდათ გონივრულობის ფარგლებში, იმისათვის რომ მომჩივანს ესარგებლა ბავშვებთან ურთიერთობის უფლებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy