Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N175
2014 წლის ივლისი
კრუპკო და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Krupko and others v. Russia)
(საჩივარი – 26587/07)
გადაწყვეტილება, 26.02.2014 [1-ლი სექცია]
მე-5 მუხლი
მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი
თავისუფლების აღკვეთა
კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება
იეჰოვას მოწმეების რელიგიური ცერემონიის მონაწილეების დაკავება - დარღვევა დადგინდა
ფაქტები: მომჩივნები იყვნენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც მოსკოვის სხვადასხვა კონგრეგაციებს მიეკუთვნებოდნენ. 2006 წლის 12 აპრილს დაახლოებით 400 ადამიანი, მათ შორის ოთხი მომჩივანი, იწყებდა იეჰოვას მოწმეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური შეკრების აღნიშვნას, როდესაც მოვიდა დიდი რაოდენობის პოლიცია და შემოღობა უნივერსიტეტის შენობა, რომელიც იაჰოველებს დაქირავებული ჰქონდათ. კონგრეგაციის 14 წევრი, მათ შორის მომჩივნები, განაცალკევეს ჯგუფისგან და პოლიციის ესკორტის ქვეშ მიკრო ავტობუსით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ისინი დაახლოებით სამი საათით დააყოვნეს.
ოთხმა მომჩივანმა ეროვნული სასამართლოს წინაშე სამართალწარმოება დაიწყო, რათა გაესაჩივრებინათ ცერემონიის ჩაშლა და მათი დაკავება. 2007 წლის საბოლოო გადაწყვეტილებით სასამართლოებმა დაადგინეს, რომ პოლიციამ კანონიერად შეაჩერა რელიგიური ცერემონია, ვინაიდან ის ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით შეუფერებელ ადგილზე იმართებოდა; სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნების მიერ პოლიციის განყოფილებაში გატარებული სამი საათი არ მიიჩნეოდა დაკავებად.
სამართალი: მე-5 მუხლი: დადგინდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იძულების ელემენტს, რაც მიუთითებდა თავისუფლების აღკვეთაზე კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნების დაკავება მცირეხნიანი იყო. მომჩივნებმა პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნისთანავე წარადგინეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, უპასუხეს მათ შეკითხვებს და დაემორჩილნენ ბრძანებებს. ისინი ფორმალურად არ იყვნენ რაიმე დანაშაულში ეჭვმიტანილები ან ბრალდებულები; აგრეთვე მათ წინააღმდეგ არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალწარმოება. პოლიციის თანამშრომელმა ეროვნული სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელემენტები არ იყო სახეზე. აქედან გამომდინარე, მომჩივანთა დაკავება ვერ მოხდებოდა ,,უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი’’ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. ამრიგად, მომჩივანთა დაკავებას არ ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით და შესაბამისად თვითნებური იყო.
დასკვნა: დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი (ერთხმად).
41-ე მუხლი: მომჩივნებს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ერთობლივად 30 000 ევრო მიეკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები