დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე ქიტიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
(CASE OF KITIASHVILI v. GEORGIA)
(საჩივარი № 37747/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
23 ნოემბერი 2017
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს
საქმეზე ქიტიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Kitiashvili v. Georgia),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ანგელიკა ნიუსბერგერი, თავმჯდომარე
ნონა წოწორია,
ანდრე პოტოცკი,
იონკო გროზევი,
მარტინშ მითსი,
გაბრიელე კუცკო-შტადლმაიერი,
ლატიფ ჰუსეინოვი, მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდიკი, სექციის მდივანი,
დახურული თათბირის შედეგად, 2017 წლის 31 ოქტომბერს,
ზემოთხსენებული თარიღით მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე საქართველოს მოქალაქის, ბატონ ზაქარია ქიტიაშვილის („მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე 2008 წლის 23 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (№ 37747/08).
2. მომჩივანს წარმოადგენდა ქალბატონი ს. აბულაძე, თბილისში მოღვაწე ადვოკატი. საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) თანმიმდევრულად წარმოადგენდნენ მთავრობის წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროდან, უმეტესად, ბატონი ლ. მესხორაძე.
3. მომჩივანი, კერძოდ, ჩიოდა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი სხვადასხვა დაავადების სათანადო მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
4. 2009 წლის 20 მარტს საქმეზე მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაიბადა 1977 წელს და საქმის განხილვის დროისათვის იხდიდა საპატიმრო სასჯელს. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საქმის გარემოებები შეიძლება ამგვარად შეჯამდეს:
ა. მომჩივნის წინააღმდეგ წარმართული სხვადასხვა სისხლის სამართლის პროცესი
6. საქმის მასალების მიხედვით, 2001 წლის აპრილსა და 2005 წლის მარტში მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ სასჯელის მოხდა გადაუვადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (კარდოვასკულარული და ფილტვის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, მარცხენა ჰისის კონის ბლოკადა და მარცხენა ფილტვის ტუბერკულოზი).
7. 2005 წლის ნოემბერსა და 2007 წლის მარტში მომჩივნის წინააღმდეგ აღიძრა სხვა ორი სისხლის სამართლის საქმე, სხვადასხვა ბრალდების გამო, რაც მოიცავდა ყაჩაღობასაც. იგი დაკავებულ იქნა 2006 წლის 28 დეკემბერს და განესაზღვრა წინასწარი პატიმრობა.
8. 2007 წლის 14 ივნისს მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ პირველი საქმის გამო და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ოცდაოთხი წლის ვადით. მომჩივანს განაჩენი არ გაუსაჩივრებია.
9. 2007 წლის 25 სექტემბერს, მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ ყაჩაღობაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ცამეტი წლის ვადით. სასამართლომ ამ და 2007 წლის 14 ივნისის განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ოცდაათი წლის ვადით.
10. 2007 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე შეიცვალა 2008 წლის 21 იანვარს. საპატიმრო სასჯელი 2005 წელს ჩადენილი დანაშაულებისთვის შემცირდა ათ წლამდე, მაგრამ საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი, ოცდაათი წელი, დარჩა უცვლელად. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სამართლის ნორმების დარღვევის გამო წარდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
11. 2012 წლის 1 ნოემბერს მომჩივანი ვადამდე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
ბ. მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
12. მომჩივანი სასჯელაღსრულების სისტემაში შევიდა მარცხენა ფილტვის ტუბერკულოზის ისტორიით. 2008 წლის 10 აპრილს იგი გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებაში („ციხის საავადმყოფო“), სადაც მას ჩაუტარდა ფილტვების რენტგენი. რადგან არ იქნა გამოვლენილი რაიმე პათოლოგია, 2008 წლის 17 აპრილს მომჩივანი დააბრუნეს რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
13. 2008 წლის 1 მაისს იგი კიდევ ერთხელ მოათავსეს საავადმყოფოში, მარჯვენა სათესლის კისტით და 2008 წლის 4 მაისს ჩაუტარდა კისტის ამოკვეთის ოპერაცია. შემდგომში ჩატარებული ბიოფსიის შედეგებით დადგინდა, რომ კისტა იყო კეთილთვისებიანი. 2008 წლის 6 მაისს დამატებით ჩატარებული სისხლის ანალიზით გამოვლინდა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა შიდსი, მაგრამ იმ ეტაპზე შეუძლებელი იყო მის სისხლში C ჰეპატიტის ანტისხეულის არსებობის დადგენა. შემდგომი ტესტების ჩატარება რეკომენდებული იყო სამი თვის შემდეგ. გამოჯანმრთელების შემდგომი პერიოდის შემდეგ, 2008 წლის 24 მაისს მომჩივანი უკან იქნა დაბრუნებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
14. 2008 წლის 23 ივნისს მომჩივნის ადვოკატმა მოითხოვა მომჩივნისთვის დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. კერძოდ, მოითხოვა: სისხლის ანალიზის ჩატარება C ჰეპატიტზე. როგორც ჩანს, ეს თხოვნა, უპასუხოდ იქნა დატოვებული. 2008 წლის 10 ივლისს მომჩივანი გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში ქვედა ყბის აბსცესის გამო. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, სტომატოლოგის მიერ ჩატარებულ მკურნალობასთან ერთად, მომჩივანი გასინჯულ იქნა ნევროლოგის და ენდოკრინოლოგის მიერ, რადგან უჩიოდა მუდმივ თავის ტკივილს. ნევროლოგმა მას დაუსვა პოსტ-ტრავმული ენცეფალოპათიის დიაგნოზი და დაუნიშნა მკურნალობა. 2008 წლის 30 ივლისს მომჩივანი გაწერილ იქნა ციხის საავადმყოფოდან, მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილს კვლავაც განიცდიდა.
15. 2008 წლის 8, 9, 15 და 24 სექტემბერს მომჩივანმა მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ციხის საავადმყოფოში დაბრუნების თხოვნით, ,,ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო“. იგი არ მიუთითებდა, თუ კონკრეტულად რა აწუხებდა. 2008 წლის 10 სექტემბერს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ მომჩივნის განცხადება გადაუგზავნა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ექსპერტთა კომისიის უფროსს, მათ მიერ შესწავლისა და სათანადო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
16. 2008 წლის 30 ოქტომბერს მომჩივანმა დაიწყო შიმშილობა ნევროლოგის მიერ გასინჯვის მოთხოვნით. 2008 წლის 5 ნოემბერს ნევროლოგმა გასინჯა მომჩივანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელმაც დაუნიშნა მკურნალობა პოსტ-ტრავმულ ენცეფალოპათიაზე.
17. 2008 წლის 10 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს მომჩივანი, რომლიც უჩიოდა თავის ტკივილს. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ციხის საავადმყოფოში მას ერთი კვირის განმავლობაში ეძლეოდა თავის ტკივილის წამალი, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია. მან განაცხადა, რომ თავის ტკივილი დაკავებამდეც აწუხებდა, თუმცა ტკივილი გაძლიერდა და იმ დროისათვის უკვე ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად აწუხებდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ 2008 წლის 5 ნოემბერს დანიშნულ მკურნალობას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. 2008 წლის 11 ნოემბერს სახალხო დამცველმა ამ შეხვედრის შესახებ ანგარიში გაუგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
18. 2008 წლის 27 ნოემბერს, მომჩივნის გასინჯვის შემდეგ, ნევროლოგმა მას დაუდგინა ნევრასთენია და პოსტ-ტრავმული ენცეფალოპათია. აღნიშნა რა, რომ წინა მკურნალობა უშედეგო იყო, მან მიიჩნია, რომ აუცილებელი იყო უფრო სრულყოფილი გამოკვლევა.
19. 2008 წლის 8 დეკემბერს მომჩივანმა ხელახლა წამოიწყო შიმშილობა, მოითხოვა რა, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო ციხის საავადმყოფოში. იგი კვლავაც აცხადებდა, რომ წარსულში განცდილი თავის მძიმე დაზიანების გამო, საჭიროებდა თავის სრულყოფილ სტაციონარულ გამოკვლევას. იგი ასევე ჩიოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას გამოწერილი ჰქონდა მარტივი სედატიური საშუალებები, იგი მათ არ ღებულობდა. 2008 წლის 17 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების მთავარ ექიმს, სადაც იმ დროისათვის მოთავსებული იყო მომჩივანი. ექიმმა დაადასტურა, რომ მომჩივანი უჩიოდა თავის ტკივილს და საჭიროებდა ტომოგრაფიულ სკანირებას. მან განმარტა, რომ მომჩივანი მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს იღებდა, რადგან შესაბამისმა სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა მოთხოვნილი გამოკვლევისა და მკურნალობის დაფინანსებაზე. მომჩივნის სამედიცინო ანკეტის ჩანაწერის მიხედვით, 2008 წლის 19 დეკემბერს მომჩივანი ისევ შიმშილობდა, აწუხებდა რა, თავის ტკივილი.
20. 2008 წლის 29 დეკემბერს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა იუსტიციის მინისტრს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებდა იმ სადაზღვევო კომპანიის ეფექტურობას, რომელთანაც სასჯელაღსრულების მინისტრმა გააფორმა ხელშეკრულება, inter alia, მომჩივნის საქმის საფუძველზე. სახალხო დამცველი ამტკიცებდა, რომ მომჩივანს არ ჩატარებია ტვინის პოსტ-ტრავმული მდგომარეობის სათანადო გამოკვლევა და მკურნალობა. დეტალურად განიხილავდა რა, არსებული სადაზღვევო სქემის ნაკლოვანებებსა და ხარვეზებს, სახალხო დამცველი შესაბამის თანამდებობის პირებს სთავაზობდა, შეეწყვიტათ შესაბამისი ხელშეკრულება.
21. იმ დროისათვის, მომჩივნის ფილტვების რენტგენმა, რომელიც გადაღებული იყო 2008 წლის 22 ან 23 დეკემბერს, გამოავლინა განმეორებითი ტუბერკულოზის ნიშნები. მისმა ექიმმა დაუნიშნა ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარება და სპეციალისტის მიერ გამოკვლევა. 2009 წლის 23 იანვარს ბაქტერიოლოგიურმა ანალიზმა გამოავლინა ტუბერკულოზის ბაქტერიის არსებობა და მომჩივანი დაუყოვნებლივ იქნა ჩართული „DOTS“-ის (მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობით, მოკლე კურსი) პროგრამაში - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ტუბერკულოზის გამოვლენის და მკურნალობის სტრატეგია.
22. მომჩივნის სამედიცინო ანკეტის ჩანაწერის მიხედვით 2009 წლის 18 თებერვალს, იგი ისევ უჩიოდა მუდმივ თავის ტკივილს. მომჩივნის მკურნალმა ექიმმა რეკომენდაცია გასწია, მომჩივანი გადაყვანილი ყოფილიყო ციხის საავადმყოფოში, სათანადო გამოკვლევებისთვის. 2009 წლის 19 თებერვალს მომჩივანი მოთავსებულ იქნა ციხის საავადმყოფოში ფილტვის ტუბერკულოზისა და პოსტ-ტრავმული ენცეფალოპათიის დიაგნოზით. იქ მას ჩაუტარდა სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა, მათ შორის, სისხლის ანალიზი ჰეპატიტის C მარკერზე, რომელიც უარყოფითი იყო, ტომოგრაფიული სკანირება, რომლის შედეგად, მას დაუსვეს ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის სინდრომის დიაგნოზი. მომჩივანს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა და დაბრუნებულ იქნა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2009 წლის 26 თებერვალს.
23. 2009 წლის 5 მარტს მომჩივანი მოთავსებულ იქნა ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართათვის განკუთვნილ ქსნის დაწესებულებაში. 2009 წლის 10 და 13 ივლისს მან დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი, რის გამოც, დაუდგენელ თარიღს, იგი დაბრუნებულ იქნა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასამართლოსთვის წარდგენილი უკანასკნელი სამედიცინო მონაცემების თანახმად, მას გაუგრძელდა მკურნალობა ტუბერკულოზზე.
24. 2009 წლის 24 ივლისს მომჩივანს ჩაუტარდა სეროლოგიური ანალიზი, რომელმაც მის სისტემაში არ გამოვლინა C ჰეპატიტის აქტიური ვირუსი.
გ. მომჩივნის პატიმრობის პირობები
25. 2006 წლის 29 დეკემბერს მომჩივანი მოთავსებულ იქნა თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მან თითქმის 6 თვე გაატარა. მისი გადმოცემით, პატიმრობის პირობები მის დაწესებულებაში იყო არაადამიანური და დამამცირებელი. დაწესებულების ძლიერ გადატვირთულობის გამო, მას მორიგეობით ეძინა, მაქსიმუმ ოთხი საათით დღეში. სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა იყო შემაშფოთებელი და თვეების განმავლობაში მას საშუალება არ ჰქონდა ნორმალურად მიეღო შხაპი. მომჩივანს ასევე არ ჰქონდა ღია ცის ქვეშ რეგულარული ვარჯიშის შესაძლებლობა. თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისასა მას ერთხელაც კი არ მიეცა ოჯახის მონახულების საშუალება.
26. 2007 წლის 23 ივნისს, მისი ბრალდების მიხედვით, მომჩივანი გადაყვანილ იქნა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი გადმოცემით, იქ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მიუხედავად ამისა, მას მაინც არ ჰქონდა რეგულარულად ღია ცის ქვეშ ვარჯიშის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვება იყო ცუდი და მას არ ეძლეოდა ჰიგიენასთან დაკავშირებული ელემენტარული საგნები, როგორიც არის საპონი, თეთრეული, ტუალეტის ქაღალდი და პირსახოცები.
27. ციხის დირექტორის 2008 წლის 24 ივნისით დათარიღებული წერილის მიხედვით, მომჩივანი მხოლოდ ერთხელ მოინახულეს მისმა ოჯახის წევრებმა 2008 წლის 22 აპრილს.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
„პატიმრობის შესახებ“ 1999 წლის კანონი (გაუქმდა 2010 წელს ახალი პატიმრობის კოდექსის მიღებით)
28. 1999 წლის „პატიმრობის შესახებ“ კანონი აწესებდა საოჯახო პაემნების ორ განსხვავებულ რეჟიმს; ერთს, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულებისთვის, მეორეს, მათთვის, ვისაც დაედო მსჯავრი. 89-ე მუხლი ითვალისწინებდა ბრალდებულთა უფლებებს და აწესებდა, რომ ბრალდებულებს შეიძლებოდა ჰქონოდათ საოჯახო პაემნები პროკურორის ან გამომძიებლის წინასწარი თანხმობით. მსჯავრდებული პირებისთვის, იმავე კანონის 48-ე მუხლის თანახმად, ყოველთვიური საოჯახო პაემნების რაოდენობა დამოკიდებული იყო იმ სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმზე, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ.
29. იმდროისათვის მოქმედი „პატიმრობის შესახებ“ კანონის თანახმად:
მუხლი 48. შეხვედრა ოჯახის წევრებთან და ახლო ნათესავებთან
„1. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს ... ამ უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.
2. პაემნის უფლება ეძლევათ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს. პაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. მსჯავრდებულთან პაემნის მსურველი პირი ვალდებულია ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეატყობინოს პაემნამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
...
4. .მსჯავრდებულ ქალებს უფლება აქვთ ჰქონდეთ თვეში არა უმეტეს ოთხი პაემნისა, ხოლო მსჯავრდებული მამაკაცებისათვის პაემნების რაოდენობა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმის შესაბამისად. მსჯავრდებულის ქცევის ან შრომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მისი სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სასჯელის მოხდის რეჟიმისა, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია მისცეს მსჯავრდებულს დამატებითი პაემანი.
4(1). მსჯავრდებულისათვის დამატებითი პაემნის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი იღებს საკუთარი ინიციატივით, ...
მუხლი 89. პატიმრის პაემანი
„1. პატიმარს (ბრალდებულს, განსასჯელს, ასევე ამ კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პატიმარს) შეიძლება ყოველთვიურად მიეცეს არა უმეტეს ორი პაემნის უფლება.
1(1). ბრალდებულს პაემნის უფლებას აძლევს გამომძიებელი, პროკურორი. პაემნის მიცემაზე გამომძიებლის, პროკურორის დასაბუთებული უარი ბრალდებულს ეცნობება წერილობით 24 საათის განმავლობაში. უარის გასაჩივრების უფლება ბრალდებულს აქვს ... რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. ... რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (მოსამართლის) გადაწყვეტილება საბოლოოა...
1(2) განსასჯელის ... პატიმრის პაემნის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიზღუდოს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (მოსამართლის) გადაწყვეტილებით. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს (მოსამართლეს) გადაწყვეტილება გამოაქვს პროკურორის მიერ შუამდგომლობის დაყენებიდან (წარდგენიდან) არა უგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა ...“
30. აღნიშნული კანონის 73-ე და 74-ე მუხლების თანახმად, მამაკაც, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ, მსჯევრდებულებულებს ჰქონდათ თვეში არაუმეტეს ორი საოჯახო პაემნის უფლება, მაშინ როდესაც მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულებს ჰქონდათ თვეში ერთი საოჯახო პაემნის უფლება.
სამართალი
I. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
31. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის სხვადასხვა დაავადებას სათანადოდ არ უმკურნალეს. იგი ასევე ჩიოდა თბილისის №5 და რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მისი შეუფერებელი პატიმრობის მდგომარეობის გამო. მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ამგვარად იკითხება:
„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.“
ა. მისაღებობა
1. პატიმრობის პირობები თბილისის № 5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
32. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 2007 წლის 23 ივნისს (იხ. 26-ე პარაგრაფი ზემოთ), მაშინ, როდესაც მოცემული საჩივარი წარდგენილ იქნა 2008 წლის 23 ივლისს. ამასთან დაკავშირებით, [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო] ხაზს უსვამს თავის შესაბამის პრეცედენტულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, ის პატიმრობას არ განიხილავს, როგორც განგრძობად სიტუაციას იმ ვითარებაში, როდესაც საჩივარი შეეხება პატიმრობის დადგენილ ვადასთან დაკავშირებულ ეპიზოდს, მოპყრობას ან პატიმრობის სპეციფიურ რეჟიმს (იხ. ანანიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Ananyev and Others v. Russia), №№ 42525/07 და 60800/08, §§ 76-78, 10 იანვარი 2012). მოცემულ საქმეში მომჩივანი თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა რუსთავის №6 დაწესებულებაში. მას არ უჩივლია, რომ პატიმრობის ფიზიკური პირობები იმ ორ დაწესებულებაში იყო იდენტური გადატვირთულობის და ძილის პირობების თვალსაზრისით (იხ. 25-26-ე პარაგრაფები ზემოთ).
33. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებითა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არასოდეს დაბრუნებულა თბილისის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2007 წლის 23 ივნისის შემდეგ (იხ., a contrario, რადუკანუ რუმინეთის წინააღმდეგ (Răducanu v. Romania), № 17187/05, § 73, 12 ივნისი 2012), სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა განგრძობად სიტუაციას. ის შესაბამისად მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივრის ეს ნაწილი კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილი იყო ვადის დარღვევით და უარი უნდა თქმოდა კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების თანახმად (იხ. მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Mirzashvili v. Georgia), № 26657/07, § 51, 7 სექტემბერი 2017; იხ. ასევე გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ (Gorguiladzé v. Georgia), № 4313/04, §§ 23-24, 20 ოქტომბერი 2009 და მაზანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Mazanashvili v. Georgia), № 19882/07, § 40, 28 იანვარი 2014).
2. პატიმრობის პირობები რუსთავის № 6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
34. მთავრობა განმარტავდა, რომ საჩივარი პატიმრობის პირობების შესახებ, როგორც მათ მომჩივანი აღწერდა, იყო სრულიად დაუსაბუთებელი. მათი მოსაზრებით, ფაქტი, რომ მას არასოდეს გაუხმაურებია მისი ჩივილები სასჯელაღსრულების დაწესებულების შესაბამისი თანამდებობის პირებთან, მიუთითებდა იმაზე, რომ ის ბრალდებები იყო ცრუ. უფრო მეტიც, ისინი იყო ნაადრევი, იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო ამოწურული შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებები და მიუთითებდა საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენებაზე, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით.
35. საპასუხოდ, მომჩივანი კვლავ მიუთითებდა, რომ იგი არ იღებდა სათანადო კვებას და ხელი არ მიუწვდებოდა ელემენტარული ჰიგიენის საგნებზე რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მაგალითად, მისთვის არასოდეს მიუციათ ტუალეტის ქაღალდი, კბილის ჯაგრისი, საპონი და პირსახოცები. რაც შეეხება საკვებს, მის ოჯახს არ რთავდნენ ნებას, გაეგზავნა მისთვის კვების პროდუქტები და მას არ ჰქონდა ფული, რათა შეეძინა დამატებითი საკვები სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში. შედეგად, იგი ხშირად მშიერი რჩებოდა. უფრო მეტიც, მას არ ჰქონდა რეგულარული შხაპის საშუალება, ხოლო სუფთა ჰაერზე ვარჯიშის შესაძლებლობა ეძლეოდა მხოლოდ კვირაში ორჯერ.
36. მიუთითა რა, თავის პრეცედენტულ სამართალზე, რომელიც შეეხებოდა საქართველოს საპატიმრო დაწესებულებებს იმ დროისათვის, სასამართლომ გაიმეორა წესი, რომ როდესაც მომჩივანს სურდა გაესაჩივრებინა სავარაუდო ცუდი პირობები საქართველოს ციხეში, მიუხედავად იმისა, ასეთი საჩივარი მოითხოვდა, თუ არა რაიმე სპეციფიური სისხლის ან სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალების სრულყოფილ და ზედმიწევნით გამოყენებას (შეადარეთ გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Goginashvili v. Georgia), № 47729/08, §§ 54 და 57, 4 ოქტომბერი 2011, და ალიევი საქართველოს წინააღმდეგ (Aliev v. Georgia), № 522/04, § 62 და 63, 13 იანვარი 2009), ასევე მოითხოვებოდა, რომ სულ მცირე, ერთი შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურა მაინც უნდა ყოფილიყო ინფორმირებული მომჩივნის სუბიექტური შეფასებების შესახებ, რომ პატიმრობის სადავოდ ქცეული პირობები წარმოადგენდა მისი ღირსებისთვის შეუფერებელს ან ამცირებდა მის ადამიანურ ღირსებას. ეროვნულ დონეზე ასეთი ძირითადი ქმედებების განხორციელების გარეშე იმ ადამიანისგან, ვისაც სურვილი ჰქონდა გაესაჩივრებინა მისი დაკავების პირობები, სასამართლოს აუცილებლად შეექმნება სირთულეები აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივნის მტკიცების სანდოობის შემოწმებისას (იხ. მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ (Mindadze and Nemsitsveridze v. Georgia), № 21571/05, § 96, 1 ივნისი 2017; იხ. ასევე, ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Janiashvili v. Georgia), № 35887/05, §§ 70-72, 27 ნოემბერი 2012 და რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia (განჩინება), № 1704/06, 26 ივნისი 2007).
37. საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არასოდეს უცნობებია რომელიმე შესაბამისი უწყებისთვის პატიმრობის ფიზიკური პირობების რომელიმე კონკრეტული ასპექტით მისი უკმაყოფილების შესახებ, მათ შორის, რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდი კვებისა და ჰიგიენური პროდუქტების არასაკმარისობის შესახებ (a contrario, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და არაადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით, მომჩივნის მრავალი ჩივილის შესახებ, იხ. მე-14, მე-15, მე-17 და მე-19 პარაგრაფები ზემოთ). უფრო მეტიც, სასამართლოს წინაშე თავის განმარტებებში მომჩივანი შემოიფარგლა ზოგადი განცხადებებით, ისე, რომ ვერ მიუთითა რაიმე მტკიცებულებაზე აღნიშნულის გასამყარებლად (იხ. მურშიკი ხორვატიის წინააღმდეგ (Muršić v. Croatia) [დიდი პალატა], №. 7334/13, § 127, ECHR 2016 და ზემოთ დასახელებული ანანიევი (Ananyev), § 122). ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო თავისი საჩივრის სათანადოდ დასაბუთება (იხ. ზემოთ დასახელებული ჯანიაშვილი (Janiashvili), §§ 70 და 71; ილდანი საქართველოს წინააღმდეგ (Ildani v. Georgia), № 65391/09, § 27, 23 აპრილი 2013; ზემოთ დასახელებული მაზანაშვილი (Mazanashvili), § 41; ნოზაძე საქართველოს წინააღმდეგ (Nozadze v. Georgia) (განჩინება), № 41541/05, § 31, 9 მაისი 2017 და ზემოთ დასახელებული მინდაძე და ნემსიწვერიძე (Mindadze and Nemsitsveridze), § 97). შესაბამისად, საჩივარი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, მიუღებლად ცხადდება, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(ა) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
3. სამედიცინო მომსახურება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
38. მთავრობამ განმარტა, რომ მისი საჩივარი, კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადო მკურნალობის გაწევასთან დაკავშირებით, იყო ნაადრევი, რადგან მომჩივანს არ მოუთხოვია მატერიალური კომპენსაცია სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დარღვევების გამო. დამატებით, ასევე მიუთითეს, რომ საჩივარი იყო დაუსაბუთებელი. კერძოდ, მათ განმარტეს, რომ მომჩივანს მიეწოდებოდა სათანადო სამედიცინო მომსახურება ყველა დაავადებასთან დაკავშირებით, მისი პატიმრობის მთელ ვადაში.
39. მომჩივანს მთავრობის აღნიშნულ შედავებაზე არ უპასუხია.
40. რაც შეეხება მთავრობის ბრალდებას [შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების] არ ამოწურვასთან დაკავშირებით, საკითხზე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით (იხ. ზემოთ დასახელებული გოგინაშვილი (Goginashvili), §§ 51‑60 და მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ (Makharadze and Sikharulidze v. Georgia), № 35254/07, § 55, 22 ნოემბერი 2011), სასამართლო მას უკუაგდებს. აღნიშნავს, რომ საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია კონვენციის 35-ე მუხლის 3 (a) პუნქტიდან გამომდინარე. ასევე აღნიშნავს, რომ ის არ არის მიუღებელი არც რაიმე სხვა საფუძვლით, შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა განმარტებები
41. მომჩივანი მიუთითებდა, რომ მორეციდივე ტუბერკულოზის დიაგნოზი დაგვიანებით დაისვა; შესაბამისად, მკურნალობა დასაწყისშივე დაგვიანებული იყო და დაავადება განვითარდა ინფილტრაციისა და დაშლის ეტაპამდე. იგი ასევე იმეორებდა, რომ მისი ნევროლოგიური პრობლემების მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა არასოდეს იყო სათანადო.
42. მთავრობამ განმარტა, რომ მომჩივნის ბრალდებები იყო ცრუ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას იგი იმყოფებოდა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, იღებდა რეგულარულ ამბულატორიულ მკურნალობას და საჭიროების შემთხვევებში ისინჯებოდა ექიმ სპეციალისტების მიერ. იგი რამდენჯერმე იყო გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დასტურდებოდა. მომჩივანს გაუკეთდა კისტის ოპერაცია 2008 წლის აპრილში, 2008 წლის ივლისში ჩაუტარდა სტომატოლოგიური პროცედურა. იგი ჩართულ იქნა DOTS-ის პროგრამაში 2009 წლის იანვარში და გასინჯულ იქნა ტვინის პოსტ-ტრავმული დაზიანების გამო და დაესვა ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის სინდრომის დიაგნოზი 2009 წლის თებერვალში. შესაბამისად, ხდებოდა მის ყველა მდგომარეობაზე ზედმიწევნითი დაკვირვება.
43. ტუბერკულოზთან დაკავშირებით, მთავრობამ ასევე განმარტა, რომ იგი მუდმივად იღებდა ანტი-ტუბერკულოზურ თერაპიას, თვით ქსნის დაწესებულებიდან გადაყვანის შემდეგაც კი, 2009 წლის ივლისში. თავიანთი არგუმენტის გასამყარებლად, სასამართლოს წარუდგინეს მისი სამედიცინო ანკეტის ასლი.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
44. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო მკურნალობის ადეკვატურობას შეეხება, სასამართლოს მიერ შეჯამებულ იქნა საქმეში ბლოხინი რუსეთის წინააღმდეგ (Blokhin v. Russia) [დიდი პალატა], № 47152/06, §§ 135-140, ECHR 2016, შესაბამისი მითითებებით; იხ. ასევე ზემოთ დასახელებული გოგინაშვილი (Goginashvili), §§ 69‑70; ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ (Jeladze v. Georgia), № 1871/08, §§ 41-42, 18 დეკემბერი 2012 და ირაკლი მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ (Irakli Mindadze v. Georgia), № 17012/09, §§ 39-40, 11 დეკემბერი 2012).
(ბ) ამ პრინციპების გამოყენება ამ საქმეში
45. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივართან დაკავშირებით, კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში, ძირითადად სამი ელემენტი გამოიყოფა, რომლებიც უნდა იქნეს განხილული არსებით მხარესთან დაკავშირებით: (1) მომჩივნის საჩივარი ტუბერკულოზის მკურნალობის დაგვიანებასთან დაკავშირებით; (2) მომჩივნის საჩივარი ტვინის პოსტ-ტრავმული მდგომარეობისა და თავის ტკივილის მკურნალობის არაადეკვატურობასთან დაკავშირებით და (3) მომჩივნის საჩივარი ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის მკურნალობასთან დაკავშირებით.
46. დაიწყებს რა ბოლო ელემენტით, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2008 წლის 4 მაისს მომჩივანს ჩაუტარდა კისტის ოპერაცია მარჯვენა სათესლეზე და შემდეგში მომჩივანმა ოცი დღე გაატარა ციხის საავადმყოფოში (იხ. მე-13 პარაგრაფი ზემოთ). საქმის მასალები არ მიუთითებს, რომ მომჩივანს ოდესმე წარუდგენია პრეტენზია იმაზე, თუ რა ფორმით წარიმართა ოპერაცია ან რაიმე პოსტ-ოპერაციულ ჩივილზე. 2008 წლის 10 ივლისს იგი უკან იქნა დაბრუნებული ციხის საავადმყოფოში ქვედა ყბის აბსცესის გამო (იხ. მე-14 პარაგრაფი ზემოთ). ოპერაციის შემდეგ იგი გაეწერა, 2008 წლის 30 ივლისს, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. რაც შეეხება ჰეპატიტი C-ს ანტისხეულს მის სისხლში, 2008 წლის 6 მაისს შემოწმებულ იქნა მიმჩივნის სისხლში ჰეპატიტი C-ს ანტისხეულის არსებობა, მაგრამ იმ სტადიაზე რაიმეს დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა (იხ. მე-13 პარაგრაფი ზემოთ). 2009 წლის თებერვალსა და ივლისში მომჩივანს ჩაუტარდა სისხლის ანალიზი, რომელსაც არ გამოუვლენია ჰეპატიტი C-ს ვირუსი და შესაბამისად, რაიმე მკურნალობის საჭიროება აღნიშნულთან დაკავშირებით (იხ. 22-ე და 24-ე პარაგრაფები ზემოთ). სასამართლო, ჯანმრთელობის აღწერილი მდგომარეობის მკურნალობის ფორმებიდან გამომდინარე, ვერ ხედავს რაიმე საკითხს, რის განხილვაც შესაძლებელია კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში.
47. რაც შეეხება ტუბერკულოზს, საქმის მასალის მიხედვით, მომჩივნის ტუბერკულოზთან დაკავშირებული ისტორია დაიწყო მის დაკავებამდე. 2008 წლის აპრილში მას ჩაუტარდა ფილტვების რენტგენი, რა დროსაც ტუბერკულოზის აქტიური ბაქტერია არ დაფიქსირებულა (იხ. მე-12 პარაგრაფი ზემოთ). 2008 წლის დეკემბერში მას ჩაუტარდა სხვა გამოკვლევა, რა დროსაც გამოვლინდა ტუბერკულოზის ბაქტერია (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ). მორეციდივე ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმიდან ერთ თვეში, სახელდობრ, 2009 წლის 23 იანვარს, იგი ჩართულ იქნა DOTS-ის პროგრამაში (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ). 2009 წლის 6 მარტს იგი გადაყვანილ იქნა ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართათვის განკუთვნილ, ქსნის დაწესებულებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ქსნის დაწესებულების ადმინისტრაციასთან მომჩივანს არ წარუდგენია რაიმე პრეტენზია იმ დაწესებულებაში გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. მართალია, იგი ქსნის დაწესებულებიდან გაიყვანეს შინაგანაწესის დარღვევისთვის და დააბრუნეს რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, იგი განაგრძობდა მკურნალობას ამ უკანაკნელ დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ (იხ. 43-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო იმეორებს, რომ ხელმძღვანელობს სათანადო გულმოდგინების ტესტით მკურნალობის ადეკვატურობის შეფასებისას, რამდენადაც სახელმწიფოს ვალდებულება უმკურნალოს მძიმედ დაავადებულ პატიმარს, უკავშირდება გამოყენებულ საშუალებებს და არა მისაღწევ შედეგებს (იხ. ზემოთ დასახელებული გოგინაშვილი (Goginashvili), § 71). სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკის გადმოსახედიდან და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ ხედავს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მომჩივნის მიმართ რაიმე უყურადღებობას.
48. რაც შეეხება მომჩივნის ტვინის პოსტ-ტრავმულ მდგომარეობას, იგი ამტკიცებდა, რომ არაერთ შემთხვევაში, გარკვეული მედიკამენტები მას არ მიეწოდებოდა და, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მას არ ჩატარებია ტვინის სათანადო გამოკვლევა, არც ტომოგრაფიული სკანირება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენელთა უყურადღებობის გასაპროტესტებლად, რომ მის თავის ტკივილებს სერიოზულად მოჰკიდებოდნენ (იხ. მე-16 და მე-19 პარაგრაფები ზემოთ). მას ამ საკითხის დასმა მოუწია სახალხო დამცველის წარმომადგენლებთანაც იმ მიზნით, რომ გაეძლიერებინათ ზეწოლა ციხის ადმინისტრაციაზე (იხ. მე-17 და მე-10 პარაგრაფები ზემოთ). მიუხედავად ამისა, სასამართლოს არ შეუძლია გვერდი აუაროს იმ ფაქტს, რომ მომჩივანს გააჩნდა რეგულარული წვდომა ნევროლოგთან (იხ. მე-14, მე-16 და მე-18 პარაგრაფები ზემოთ), გასინჯულ იქნა დაუყოვნებლივ, როგორც კი გაახმაურა თავის ტკივილის შესახებ პირველივე ჩივილი (იხ. მე-14, პარაგრაფი ზემოთ). მას უტარდებოდა სხვადასხვა სახის მკურნალობა, თუმცა უშედეგოდ (იხ. მე-14 და მე-16 პარაგრაფები ზემოთ). არ არსებობს მტკიცებულება, რომ დიაგნოსტირების პროცესმა, მართალია დაკავშირებული იყო მომჩივნის მრავალ დაავადებასთან და შესაბამისად გაჭიანურდა, უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამასთან დაკავშირებით იგი რაიმეს ხაზგასმით არ ამტკიცებს. (შეადარე საქმეს გ. რუსეთის წინააღმდეგ (G. v. Russia), № 42526/07, §§ 85-86, 21 ივნისი 2016 და ბულავა რუსეთის წინააღმდეგ (Bulava v. Russia) [კომიტეტი], № 62812/12, §§ 37-39, 25 ივლისი 2017; იხ. ასევე ელბაქიძე საქართველოს წინააღმდეგ (Elbakidze v. Georgia) (განჩინება.) [კომიტეტი], № 5137/09, § 26, 19 სექტემბერი 2017). სასამართლომ სამწუხაროდ მიიჩნია თითქმის სამთვიანი დაგვიანებით ჩატარებული სკანირების ფაქტი (იხ. მე-18-19 და 22-ე პარაგრაფები ზემოთ). თუმცა ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის სინდრომით მისი დიაგნოსტირების შემდეგ, 2009 წლის თებერვალში, მომჩივანს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა და მას არასოდეს გამოუთქვამს რაიმე უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით (იხ. 22-ე პარაგრაფი ზემოთ).
49. აღნიშნული მსჯელობა საკმარისია იმისათვის, რათა სასამართლომ დაასკვნას, რომ მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა და დაგვიანებებისა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომჩივნისთვის გაწეული მკურნალობა მთლიანობაში იყო ადეკვატური. შესაბამისად ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
50. მომჩივანი თავის საჩივარში, ჩიოდა რა, კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე, მიუთითებდა იმაზე, რომ არ მისცემია საოჯახო პაემნებით სარგებლობის შესაძლებლობა მისი პატიმრობის პირველი ცხრამეტი თვის განმავლობაში და საბოლოოდ, მას ეძლეოდა მხოლოდ ერთი საოჯახო პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა ექვს თვეში ერთხელ. მე-8 მუხლი ამგვარად იკითხება:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას..
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
ა. მისაღებობა
1. მხარეთა განმარტებანი
51. მთავრობა განმარტავდა, რომ მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში იყო მიუღებელი შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებების არ ამოწურვის გამო. კერძოდ, საჩივრის პირველ ასპექტთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა მისი წინასწარი დაკავების პერიოდს, მათ განმარტეს, რომ მომჩივანს არასოდეს უთხოვია საოჯახო პაემანი იმ პროცედურის დაცვით, როგორც ეს გათვალისწინებული იყო იმ დროისათვის მოქმედი, „პატიმრობის შესახებ“ კანონის 89-ე მუხლით (იხ. 29-ე პარაგრაფი ზემოთ). რაც შეეხება მსჯავრდების შემდგომ პერიოდს, მას ჰქონდა დამატებითი ვიზიტების შესაძლებლობაც შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის თანხმობით, მაგრამ მას ეს შესაძლებლობა არასოდეს გამოუყენებია.
52. საპასუხოდ, მომჩივანმა კვლავ თავისი საჩივარი მოიყვანა, ამტკიცებდა რა, რომ ცხრამეტი თვის განმავლობაში დაკავების პერიოდში მან მხოლოდ ერთხელ შეძლო ოჯახთან შეხვედრა, 2008 წლის 28 დეკემბერს. შემდგომში იგი თავის ოჯახს ხვდებოდა ექვს თვეში ერთხელ. მან განაცხადა, რომ უსარგებლო იქნებოდა სასჯელაღსრულების დაწებულების ხელმძღვანელობასთან საოჯახო პაემნების მოთხოვნა და ამაზე პრეტენზიის გამოხატვა.
53. თავის განმარტებაში მომჩივანმა დამატებით დაიჩივლა, რომ საოჯახო ვიზიტების დროს იგი საჭიროების გარეშე იყო განცალკევებული ოჯახის წევრებისგან შუშის ბარიერით და თითოეულ შეხვედრაზე მხოლოდ ოჯახის ორი სრულწლოვანი წევრი დაიშვებოდა.
2. სასამართლოს შეფასება
54. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა პირველად მიუთითა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დადგენილ საოჯახო ვიზიტების ფორმაზე, მთავრობის მიერ წარდგენილი განმარტების საპასუხოდ წარდგენილ თავის განმარტებაში. ეს საჩივარი განსხვავდება პირველად წარდგენილი პრეტენზიისგან, რომელიც მან კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში აღძრა თავის საჩივარში (იხ. 50-ე პარაგრაფი ზემოთ). მათ შორის არა მხოლოდ შინაარსობრივი განსხვავებაა, რადგან პირველი საჩივარი ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ საოჯახო ვიზიტების რაოდენობას, რომლებიც მომჩივანს მისი პატიმრობის განმავლობაში ჰქონდა; შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობები საოჯახო ვიზიტისთვის (მაგალითად, შუშის ბარიერთან და ვიზიტორთა რაოდენობასთან დაკავშირებული წესები) წესრიგდებოდა შესაბამისი სასჯელაღსრულბის დაწესებულების წესებით, მაშინ, როდესაც ვიზიტების რაოდენობა დადგენილი იყო „პატიმრობის შესახებ“ კანონით. შესაბამისად, სასამართლოს შეხედულებით, ახალი პრეტენზია არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის თავდაპირველი საჩივრის, რაზედაც მხარეებმა გასცეს პასუხი, განვრცობად და, შესაბამისად, ის არ შეიძლება მიღებულ იქნეს ამ საჩივრის ფარგლებში (იხ., mutatis mutandis, საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Saghinadze and Others v. Georgia), № 18768/05, § 72, 27 მაისი 2010 და ზემოთ დასახელებული ირაკლი მინდაძე (Irakli Mindadze), § 25, შესაბამისი მითითებებით).
55. რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს მის შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ჰქონოდა საოჯახო პაემნები პატიმრობის პირველი ცხრამეტი თვის განმავლობაში და შემდგომში მხოლოდ ერთი ვიზიტის შესაძლებლობაზე ექვსი თვის განმავლობაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პატიმრობის კონკრეტული რეჟიმის გათვალისწინებით, რაც არსებობდა წინასწარი დაკავების ადგილას (იხ. 28-29-ე პარაგრაფები ზემოთ), სასამართლოს დამოუკიდებლად უნდა შეემოწმებინა ამ საჩივრის ორი ასპექტი: პერიოდები მომჩივნის მსჯავრდებამდე და მას შემდეგ. თუმცა, ის ვერ ხედავს ამ საქმეში მათი განცალკევების საჭიროებას, რადგან მომჩივნის საჩივარს მე-8 მუხლის ფარგლებში სრულად დაუსაბუთებლად მიიჩნევს. წინასწარი დაკავების ვადაში, მომჩივანს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, საშუალება ჰქონდა ესარგებლა საოჯახო პაემნებით გამომძიებლის ან პროკურორის წინასწარი თანხმობით (იხ. 28-29-ე პარაგრაფები ზემოთ). თუმცა, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა ასეთი ვიზიტის შესახებ თუნდაც ერთი მოთხოვნის, შესაბამისი უარის ან უარზე წარდგენილი საჩივრის ასლები. იგივე შეიძლება ითქვას მისი მსჯავრდების შემდეგ პერიოდზეც: იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა ერთი ან ორი საოჯახო პარმნით თვის განმავლობაში, რაც დამოკიდებული იყო მის საპატიმრო რეჟიმზე (იხ. 30-ე პარაგრაფი ზემოთ). საქმის მასალებიდან არ ირკვევა, მომჩივანმა ოდესმე მოითხოვა თუ არა ასეთი ვიზიტი კანონით განსაზღვრული პროცედურის დაცვით და, რომ არ მიეცა მისით სარგებლობის შესაძლებლობა. საქმის მასალები არ შეიცავს მოთხოვნის ან უარზე წარდგენილი საჩივრის თითო ასლსაც კი. ასეთ ვითარებაში, [შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებების] არ ამოწურვასთან დაკავშირებით, მთავრობის ბრალდების დეტალურად შესწავლის გარეშე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო თავისი საჩივრის დასაბუთება მისი რეგულარული საოჯახო პაემნებით სარგებლობასთან დაკავშირებით (იხ. გუკი უკრაინის წინააღმდეგ (Guk v. Ukraine) [კომიტეტი], № 16995/05, § 93, 8 დეკემბერი 2016). ის შესაბამისად ასკვნის, რომ საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში არის აშკარად დაუსაბუთებელი და მიუღებლად უნდა იქნეს ცნობილი 25-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
III. კონვენციის სხვა მუხლების სავარაუდო დარღვევა
56. ბოლოს მომჩივანი კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე ჩიოდა, რომ მისთვის არ უცნობებიათ დაკავების საფუძვლები და რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ განჩინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ეყრდნობოდა რა, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ ნაწილს, იგი აპროტესტებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2007 წლის 14 ივნისის განაჩენში ჩამოყალიბებულ დასაბუთებას. შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებით, იგი რაიმე ახსნის ან დეტალიზების წარდგენის გარეშე მიუთითებდა, კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (a), (b) და (d) პუნქტის დარღვევაზე. ბოლოს, კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე მომჩივანი ჩიოდა, რომ შიდა სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წელს შეტანილი ცვლილებები, რომელთა თანახმად, სასჯელის დანიშვნის გამოთვლის წესი შეიცვალა მის სასარგებლოდ.
57. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 ნაწილებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი დაკავებულ იქნა 2006 წლის 28 დეკემბერს და მისი წინასწარი პატიმრობა დასრულდა 2007 წლის 14 ივნისს მისი მსჯავრდებით პირველი ინსტანციის, ხაშურის რაიონული სასამართლოს, მიერ (იხ. ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ (Assanidze v. Georgia) [დიდი პალატა], № 71503/01, § 190, ECHR 2004‑ II). შესაბამისად, საჩივარი კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლის 23 ივლისს იქნა წარდგენილი, მიუღებლად უნდა გამოცხადდეს, რადგან წარდგენილია, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფით დადგენილი, ექვსთვიანი ვადის დარღვევით (იხ. ღვალაძე საქართველოს წინააღმდეგ (Ghvaladze v. Georgia) (განჩინება), № 42047/06, 11 სექტემბერი 2007).
58. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (a), (b) და (d) პუნქტების საფუძველზე წარდგენილ სხვადასხვა პრეტენზიასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მომჩივანმა ის საჩივრები აღძრა სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში, რომელიც დასრულდა 2007 წლის 14 ივნისს, პირველი ინსტანციის, ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენით. მომჩივანს განაჩენი არასოდეს გაუსაჩივრებია. შესაბამისად, საჩივარი მიუღებელია შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებების არ ამოწურვის გამო, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად და უარი უნდა ეთქვას კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
59. იგივე შეიძლება ითქვას მომჩივნის საჩივარზე კონვენციის მე-7 მუხლის ფარგლებში. როგორც საქმის მასალები მიუთითებდა, მას არასოდეს წარუდგენია პრეტენზიები მისი პატიმრობის ვადის არასწორად განსაზღვრის შესახებ შიდასახელმწიფოებრივ დონეზე. შესაბამისად, საჩივარი მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების თანახმად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად
1. აცხადებს საჩივარს კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადეკვატური მკურნალობის სავარაუდო მიუწოდებლობასთან დაკავშირებით, მისაღებად, ხოლო საჩივრის სხვა ნაწილებს - მიუღებლად;
2. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურად და მხარეებისთვის ცნობილი გახდა წერილობით 2017 წლის 23 ნოემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
კლაუდია ვესტერდიკიანგელიკა ნიუსბერგერი
მდივანითავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy