საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N239
აპრილი 2020
კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ - 8938/07 და 41891/07
გადაწყვეტილება 2.4.2020 [მე-5 სექცია]
მე-2 მუხლი
მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი
ეფექტიანი გამოძიება
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი
ძალის გამოყენება
ფაქტები– 2006 წელს თბილისის N5 საპყრობილეში ციხის ბუნტის ჩასახშობად ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებული სროლის შედეგად გარდაიცვალა შვიდი პატიმარი, მათ შორის- ზურაბ კუხალაშვილი (23 წლის) და არსენ ბუხრაშვილი (29 წლის). გარდა ამისა, დაზიანება მიიღო 22-მა პატიმარმა.
წინამდებარე საქმეზე მომჩივნები არიან სოფიო ბუხრაშვილი, მარინა გორდაძე და რუსუდან ჩიტაშვილი, 1977, 1956 და 1938 წლებში დაბადებული საქართველოს მოქალაქეები. პირველი და მეორე მომჩივანი ზურაბ კუხალაშვილის და და დედა არიან, ხოლო მესამე მომჩივანი გარდაცვლილი პატიმრის- არსენ ბუხრიკაშვილის დედაა. მომჩივნებმა პროკურორებისგან მოიპოვეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ ორივე პატიმარი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. პროკურორებმა თითოეულ ოჯახს განუცხადა, რომ ლეტალური ძალა გამოყენებულ იქნა ,,უკიდურესი აუცილებლობის’’ დროს.
სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებასა და ე.წ. ციხის ბუნტთან დაკავშირებით ჩაატარა გამოძიება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ექვს პატიმარს - კრიმინალურ ავტორიტეტებსა და მათთან ასოცირებულ პირებს- ბრალი წარედგინა ბუნტის დაწყებაში და მათ შეეფარდათ შესაბამისი სასჯელი. ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ N5 საპყრობილის პატიმრებმა პოლიციის ოფიცრებს აგურები ესროლეს, რაზეც სპეცდანიშნულების რაზმმა მათ რეზინის ტყვიებით უპასუხა. შემდეგ პატიმრებმა ისროლეს მაკაროვის იარაღიდან და ისინი განაგრძობდნენ წინააღმდეგობას, სანამ სპეცდანიშნულების რაზმმა სპეცოპერაციის შედეგად ბუნტი არ ჩაახშო.
პროკურატურამ აგრეთვე დაიწყო განცალკევებული საქმის წარმოება საქმეებზე, რომლებიც ეხებოდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ზურაბ კუხალაშვილისა და არსენ ბუხრიკაშვილის სავარაუდო მკვლელობას. პირველ საქმესთან მიმართებით გადაიდგა გარკვეული საგამოძიებო ნაბიჯები, თუმცა მეორე საქმესთან მიმართებით უცნობია გატარდა თუ არა რაიმე ღონისძიება.
კონვენციის მე-2 მუხლზე დაყრდნობით, მომჩივნები დავობდნენ, რომ მათი ნათესავების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრებოდა. ისინი ასევე ასაჩივრებდნენ ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების არაეფექტიანობას.
სამართალი –მე-2 მუხლი (პროცედურული ნაწილი):
სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანთა საჩივარი პირველ რიგში განიხილა სახელმწიფოს პროცედურული პოზიტიური ვალდებულების ჭრილში - განახორციელოს ეფექტიანი გამოძიება უკანონო ან საეჭვო გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სამი თვის დაგვიანებით იუსტიციის სამინისტროს იმავე დაწესებულების მიერ, რომელმაც გასცა ციხის აღების ბრძანება და რომელიც პირდაპირ ხელმძღვანელობდა სპეცდანიშნულების რაზმს.
უფრო მეტიც, თავდაპირველად ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები უარს აცხადებდნენ ცალკე გამოძიების დაწყებაზე ძალის არაპროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით, აცხადებდნენ რა, რომ მას უკვე მოიცავდა ის საგამოძიებო ნაბიჯები, რომელიც გადადგმულ იქნა ციხის ბუნტის ექვსი ორგანიზატორის საქმეზე. გამოძიებას არ შეუსწავლია ოპერაციის გეგმა ან ლეტალური და ფიზიკური ძალის გამოყენება, რამაც გამოიწვია პატიმართა გარდაცვალება და დაზიანებები.
მას შემდეგაც, რაც გაიხსნა დამოუკიდებელი გამოძიება ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, მომჩივნებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი, რითაც მათ ჩამოერთვათ მთავარი პროცედურული უფლებები. ამდენად, აღნიშნულ გამოძიებაში ფაქტობრივად არ იყო ჩართული ზურაბ კუხალაშვილისა და არსენ ბუხრიკაშვილის ოჯახის წევრები და საზოგადოება. საბოლოოდ, გამოძიება არ მისულა რაიმე დასკვნამდე.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტიანი იყო, ვინაიდან ის დაიწყო დაგვიანებით, გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და მასში არ იყო ჩართული გარდაცვლილი პატიმრების ახლო ნათესავები. შესაბამისად, მოცემულ საქმეში დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-2 მუხლი (არსებითი ნაწილი):
(ა) სასამართლო განხილვის მეთოდოლოგია:
ეროვნულ სასამართლოებს არ მიეცათ შესაძლებლობა, დაედგინათ შესაბამისი ფაქტები, რადგან ციხის ბუნტის ჩახშობის ოპერაციის დროს სახელმწიფო მოხელეების მხრიდან სავარაუდოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე სამართალწარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ასევე, არ ჩატარებულა საპარლამენტო გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა მასშტაბურმა ინციდენტმა შეძრა ქვეყანა და მიიქცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღება. ამგვარ გარემოებებში, როდესაც [სტრასბურგის] სასამართლოს ხელი შეეშალა მიეღო ინფორმაცია ციხის ბუნტის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ზუსტი გარემოებების შესახებ, იმ მიზეზების გამო, რომლებზე პასუხისმგებლობაც ობიექტურად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებათ, მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, დამაკმაყოფილებლად და დამაჯერებლად განმარტოს მოვლენათა თანმიმდევრობა და წარმოადგინოს მყარი მტკიცებულებები, რომლებიც უარყოფენ მომჩივანთა ბრალდებებს. თუ მოპასუხე სახელმწიფო ამგვარად არ მოიქცევა, სტრასბურგის სასამართლომ შეიძლება მკაცრი დასკვნები გამოიტანოს. ვინაიდან, საბოლოოდ, მომჩივნის ბრალდებებზე სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი დასკვნები უნდა გააკეთოს, იგი დაეყრდნო საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის ფაქტობრივ დასკვნებს, რომლებიც შედგენილი იყო შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამკვიდრებლების მიერ და აგრეთვე ციხის ბუნტის ექვსი ორგანიზატორის წინააღმდეგ გამოძიების შედეგებს.
(ბ) იყო თუ არა ლეგიტიმური ლეტალური ძალის გამოყენება: ლეტალური ძალის გამოყენება წმინდა სადამსჯელო მიზნებისთვის, მაშინაც კი, თუ ეს მიზნები მიმართული იყო კრიმინალური სამყაროს სავარაუდო წევრებზე, ვერ იქნება გამართლებული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
მთავრობის არგუმენტი, რომ ბარიკადების მიღმა ზოგიერთი ყველაზე აგრესიული პატიმრის მხრიდან ცეცხლსასროლო იარაღის გამოყენების შედეგად, არსებობდა რეალური და გარდაუვალი საფრთე ციხის მცველების სიცოცხლის წინააღმდეგ, საკმარისად დამაჯერებელი იყო. შესაბამისად, სამართალდამცავებს ჰქონდათ სუბიექტურად სათანადო საფუძველი იმისათვის, რომ საჭიროდ მიეჩნიათ ძალის გამოყენება. პატიმართა ქცევები მიუთითებდნენ აჯანყების მცდელობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე სახელმწიფოს შეეძლო მიემართა ზომებისთვის, რომლებიც პოტენციურად მოიცავდა ლეტალური ძალის გამოყენებას.
(გ) იყო თუ არა ლეტალური ძალის გამოყენება პროპორციული:
ხელისუფლებამ აღნიშნულ შემთხვევამდე წინასწარ იცოდა კრიმინალური ავტორიტეტების გეგმების შესახებ - ციხეებში გაეღვივებინათ დაუმორჩილებობა. მიუხედავად ამისა, სპეცოპერაციის რაზმს, რომლებიც მონაწილეობდა ციხის ამბოხის ჩახშობაში, არ მიუღია კონკრეტული მითითებები და ბრძანებები ზემდგომი პირებისგან ლეტალური ძალის გამოყენების ფორმასა და ინტენსივობასთან დაკავშირებით, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო მსხვერპლის ალბათობა. ციხის კედლების მახლობლად ავტომატური იარაღის გამოყენება აუცილებლად გულისხმობდა ფატალური შედეგების მაღალ რისკს. მთავრობამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სპეცრაზმი ემორჩილებოდა ბრძანებათა ჯაჭვს და მათი მოქმედები კონტროლირებადი და სისტემატიზებული იყო. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Human Rights Watch მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, კომპეტენტურმა ორგანოებმა არც კი იცოდნენ თუ ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ ოპერაციაზე.
კომპეტენტური ორგანოები ციხეში მომხდარი ინციდენტის ჩახშობის მიზნით არც კი განიხილავდნენ ალტერნატიული, ნაკლებად ძალადობრივი საშუალებების გამოყენებას, მაგალითად, როგორიცაა ცრემლსადენი აირის გამოყენება ან წყლის ჭავლი. აღნიშნული, აშკარა შედეგი იყო იმისა, რომ არ არსებობდა ოპერაციის ჩატარების რაიმე სტრატეგია. უფრო მეტიც, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების Amnesty Internationa-ისა და Human Rights Watch-ის მიხედვით, შესაბამისმა სპეცრაზმმა პატიმართა მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს არა მხოლოდ შენობის შიგნიდან, არამედ ასევე, გარშემო მდებარე შენობების სახურავებზე განთავსებულები იყვნენ მსროლელები, რომლებიც ისროდნენ ბრმა ტყვიებს ციხის საკნების მიმართულებით. აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, ციხის ამბოხის წინააღმდეგ მონაწილე სპეცრაზმის მხრიდან ლეტალური ძალის გამოყენება იყო განურჩეველი და გადაჭარბებული. გარდა ამისა, Human Rights Watch - ის განცხადებით, არ ყოფილა ბარიკადებს მიღმა მყოფ პატიმრებთან მოლაპარაკებების სერიოზული მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებმა ამისთვის გამოხატეს მზადყოფნა. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია იმის აღნიშვნა, რომ პატიმრები ბუნებით იყვნენ მოწყვლადი ჯგუფი, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დაცვას საჭიროებდნენ.
შესაბამისი საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეძლეს, უზრუნველეყოთ პატიმრებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა ბუნტის ჩასახშობი ოპერაციის დასრულების შემდეგ. ვინაიდან რისკი განჭვრეტადი იყო, კიდევ უფრო არსებითი იყო შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების ვალდებულება, შეემუშავებინათ სათანადო სამედიცინო ევაკუაციის გეგმა. მეტიც, სანდო მოხსენებებზე დაყრდნობით, მრავალ თავისუფლებააღკვეთილ პირს არასათანადოდ მოეპყრნენ და ესროლეს კიდეც თავიანთ საკნებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინააღმდეგობას აღარ წევდნენ. ბოლოს კი, არც კომპეტენტურ ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებს და არც მოპასუხე მთავრობას (სტრასბურგის სასამართლოს წინაშე) არ წარმოუდგენიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწიათ ინდივიდუალურად მომჩივანთა ოჯახის წევრებს, რომლებიც ოპერაციის მიმდინარეობის დროს გარდაიცვალნენ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სახის მოპყრობას დაუქვემდებარეს სახელმწიფოს აგენტებმა თავისუფლებააღკვეთილი პირები სპეცოპერაციის დასრულების შემდგომ, მთავრობის უუნარობა, კონკრეტული ახსნა მოეძებნა შესაბამის პირთა მკვლელობის ფაქტებისთვის, წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე გადაცდომას, რაც ეროვნულ დონეზე ჩატარებული არაეფექტიანი გამოძიების შედეგი იყო.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, პირველ და მეორე მომჩივნებს ერთობლივად მიეკუთვნათ 40 000 ევრო, ხოლო მესამე მომჩივანს- 32 000 ევრო.
მოთხოვნა მატერიალური ზიანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხივლა სასამართლოსთვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბარათები