Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2009 წლის ივლისი
კუპიეცი პოლონეთის წინააღმდეგ (Kupiec v. Poland)
(საჩივარი- N 16828/02)
გადაწყვეტილება, 6 ივლისი, 2009
მე-6 მუხლი
მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
ფაქტები: მომჩივანი - პოლონელი მ. კუპიეცი დავობდა სამართალწარმოებისთვის სავალდებულო, სახელმწიფო ბაჟის გადამეტებული რაოდენობის თაობაზე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
კუპიეცმა თავდაპირველად სარჩელი შეიტანა კრაკოვის რეგიონულ სასამართლოში მოპასუხეების - კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სამი პროფესორის წინააღმდეგ ბრალი დასდო მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და მოითხოვა საკუთარი უფლებების დაცვა. იგი აცხადებდა, რომ პროფესორებმა განზრახ ჩაჭრეს სწავლის მეოთხე წელს, უკრძალავდნენ რა მონაწილეობის მიღებას მათ ლექციებსა და გამოცდებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მან მოითხოვა მის სასარგებლოდ პროფესორებისთვის 400 000 პოლონური ზლოტის, ხოლო უნივერსიტეტისთვის 1 000 000 ზლოტის დაკისრება.
საკუთარი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე, მომჩივანმა მიუთითა, რომ ის იღებდა ოჯახის პენსიას 322 ზლოტის ოდენობით. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იყო სტუდენტი, არ მუშაობდა და მას დიდი ოდენობით ვალი დაუგროვდა საბანკო ანგარიშზე (რამდენიმე ათასი ზლოტი). შესაბამისად, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეხადა აღნიშნული სარჩელის შეტანისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდას, რომელიც 75 000 ზლოტს აღემატებოდა და ზემოთაღნიშნული გარემოებებზე დაყრდნობით მოითხოვა ბაჟისგან სრულად გათავისუფლება. კრაკოვის რეგიონულმა სასამართლომ ის ნაწილობრივ გაათავისუფლა ბაჟის გადახდისგან და სანაცვლოდ, ბაჟის სახით დააკისრა 29 100 ზლოტის გადახდა. მომჩივნის მიერ აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კრაკოვის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც მიიჩნია, რომ მომჩივნისთვის სახელმწიფო ბაჟის ხსენებულ თანხით განსაზღვრა წარმოადგენდა მისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ლიმიტირებას და შედეგად, გაათავისუფლა ის სასამართლო ხარჯების 80%-ის გადახდისგან, დააკისრა რა მხოლოდ 5.820 ზლოტის გადახდა. მომჩივანმა ხელმეორედ შეიტანა სააპელაციო სარჩელი იმ მოთხოვნით, რომ 5.820 ზლოტი იყო გადაჭარბებული და მას არ შეეძლო მისი გადახდა.
რეგიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა, რომ მომჩივანს ესარგებლა რაიმე დამატებითი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების უფლებით. მომჩივნის შემდგომი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, კრაკოვის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ ჰქონია წარმოდგენილი რაიმე ახალი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც იგი გათავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟისგან.
მომჩივანმა შემდგომში კიდევ რამდენჯერმე გაასაჩივრა აღნიშნული.
სამართალი: მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა იმის თაობაზე, სახელმწიფო ბაჟი ზღუდავდა თუ არა მომჩივნის სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას.
სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს რომ საქმე ეხებოდა მომჩივნის ქმედებას მისი პირადი უფლებების დასაცავად და მის მოთხოვნას კომპენსაციის თაობაზე 1.400.000 ზლოტის ოდენობით. სასამართლო ბაჟი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას ჰქონდა, განისაზღვრა როგორც საჩივრის ღირებულება.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი სარჩელი, უნდა იყოს ნამდვილი და სერიოზული, თუკი არ არსებობს მკაფიო მინიშნებები ამის საწინააღმდეგოდ, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო დასკვნის გამოტანისას, რომ საჩივარი არასერიოზული, არაკეთილსინდისიერი ან სხვაგვარად საფუძველს მოკლებულია (როლფ გუსტაფოვი შვედეთის წინააღმდეგ; 01/07/1997).
იმის მიუხედავად, რომ მოცემულ დავას სასამართლო, პრაქტიკის გათვალისწინებით, მიიჩნევს „ნამდვილად და სერიოზულად“ (კაუკონენი ფინეთის წინააღმდეგ, N 24738/94), სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ადგენს, რომ მომჩივნის მოთხოვნა კომპენსაციასთან დაკავშირებით იყო გადაჭარბებული და არარეალური. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის გადაჭარბებული ოდენობის მიუხედავად, ეროვნულმა ორგანოებმა იგი გაათავისუფლეს სახელმწიფო ბაჟის დიდი ნაწილისგან.
სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივნები რომლებიც განზრახ ზრდიან მოთხოვნის ღირებულებას კომპენსაციისთვის, ნაკლებად სავარაუდოა რომ ვარაუდობდნენ სახელმწიფო ბაჟისგან მთლიანად გათავისუფლებას.
შესაბამისად, სასამართლომ, აღნიშნულ საქმეში, დაადგინა რომ ბაჟი რომლის გადახდის ვალდებულებას მომჩივანს დაეკისრა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არაპროპორციულად.
შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები