ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ სამშვილიანი (რომელთაგანაც ერთ-ერთი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას) მარტოხელა დედის მიერ შეტანილ სარჩელზე, რომელიც ვადაზე ადრე დანიშნული პენსიის, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, სრულად დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
ეროვნულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სამართლიანი ბალანსის დაცვა საზოგადოების საერთო ინტერესსა და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის: დარღვევა
საქმე „კურა პოლონეთის წინააღმდეგ“
CASE OF KURA v. POLAND
განაცხადი N 17318/04
განჩინება
სტრასბურგი
2 ოქტომბერი 2012
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. განმცხადებელი დაიბადა 1962 წელს და ცხოვრობს სოკოლოვ მალოპოლსკში.
6. განმცხადებელი არის მარტოხელა დედა და მას ჰყავს სამი შვილი. ვადაზე ადრე პენსიის მისაღებად განცხადების შეტანამდე, ის ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანიაში და სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის გადასახადებს უხდიდა.
ა. EWK პენსიის მინიჭებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება
7. 2001 წლის 19 იანვარს განმცხადებელმა განაცხადი შეიტანა რჟეშოვის სოციალური უზრუნველყოფის საბჭოში. იგი ითხოვდა ვადაზე ადრე პენსიის (ე.წ. „EWK” პენსიის) დანიშვნას იმ პირებისთვის, რომლებიც ზრდიან ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუდმივი მოვლის საჭიროების მქონე ბავშვებს.
8. პენსიის მოთხოვნის განაცხადის გარდა განმცხადებელმა, თავისი ქალიშვილის ჯანმრთელობის შესახებ სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარმოადგინა სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბავშვს (დაბ. 1998 წელს) აწუხებს ქრონიკული ასთმა და მას სჭირდება მშობლის მუდმივი მეთვალყურეობა.
9. 2001 წლის 29 იანვარს რჟეშოვის სოციალური უზრუნველყოფის საბჭომ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს მიეცა ვადაზე ადრე პენსიის დანიშვნის უფლება 2001 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 593 პოლონური ზლოტი.
10. სოციალური უზრუნველყოფის საბჭომ თავდაპირველად პენსიის გადახდა შეაჩერა 2001 წლის 1 მარტს, რადგან განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღების მომენტში ჯერ კიდევ მუშაობდა. განმცხადებელმა დატოვა სამუშაო.
11. დაუზუსტებელი თარიღით, რჟეშოვის სოციალური უზრუნველყოფის საბჭომ სთხოვა სოციალური უზრუნველყოფის მთავარი საბჭოს ექიმს მისთვის ეცნობებინა, საჭიროებდა თუ არა განმცხადებლის ქალიშვილი მშობლის მუდმივ მზრუნველობას. 2002 წლის 16 მაისს ექიმმა განაცხადა, რომ სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, ბავშვი არ საჭიროებდა ასეთ მზრუნველობას.
12. 2002 წლის 27 მაისს რჟეშოვის სოციალური უზრუნველყოფის საბჭომ განმცხადებელთან დაკავშირებით ერთდროულად ორი გადაწყვეტილება გამოსცა. პირველი გადაწყვეტილებით, განმცხადებელს დაუყოვნებლივ შეუწყდა პენსიის მიცემა. მეორე გადაწყვეტილებით, საბჭომ განაახლა სამართალწარმოება, გააუქმა პენსიის მინიჭებასთან დაკავშირებული თავდაპირველი გადაწყვეტილება და საბოლოოდ, განმცხადებელს უარი უთხრა ვადაზე ადრე პენსიის დანიშვნის უფლებაზე 1989 წლის დადგენილების შესაბამისად.
13. განმცხადებელმა გაასაჩივრა ის გადაწყვეტილებები, რომლებითაც მას ვადაზე ადრე პენსიის მიღების უფლება ჩამოერთვა. მან განაცხადა, რომ უნდა მიიღოს შემწეობა, რადგან მისი შვილი საჭიროებს მუდმივ ზრუნვას, როგორც ამას ადასტურებდა განმცხადებლის მიერ პენსიის მიღების თავდაპირველ განაცხადზე თანდართული სამედიცინო ცნობა. ამასთნავე, განმცხადებელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი პენსიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მინიჭებული უფლებების პრინციპს.
14. 2002 წლის 1 აგვისტოს რჟეშოვის რეგიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და განმცხადებელს დაუნიშნა „EWK” პენსია. რჟეშოვის სოციალური უზრუნველყოფის საბჭომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
15. 2003 წლის 19 მარტს რჟეშოვის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით უკან გადააგზავნა.
16. 2003 წლის 20 ნოემბერს რჟეშოვის რეგიონულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა სოციალური უზრუნველყოფის საბჭოს 2002 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებას და უგულებელყო მის წინააღმდეგ განმცხადებლის სარჩელი. მტკიცებულების საფუძველზე რეგიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის ბავშვი არ საჭიროებდა დედის მუდმივ „მზრუნველობას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ ზღუდავდა მის ფუნქციებს. ეროვნულმა სასამართლომ განაცხადა, რომ განმცხადებელს სამართლიანად ჩამოერთვა პენსიის მიღების უფლება 1989 წლის დადგენილებით, რადგან განმცხადებლის შვილი არ აკმაყოფილებდა აუცილებელი მუდმივი მზრუნველობის მოთხოვნას.
17. განმცხადებელმა დამატებით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
18. 2004 წლის 26 მარტს რჟეშოვის სააპელაციო სასამართლომ სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
სამართალი
I. კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
38. განმცხადებელმა გამოთქვა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის არსებულ გარემოებებში მისთვის ვადაზე ადრე პენსიის მიღების თაობაზე მოპოვებული უფლების ჩამორთმევა იყო ქონების დაუსაბუთებელი ჩამორთმევის (კონფისკაცია) ტოლფასი. განაცხადი განხილულ უნდა იქნეს კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადების, მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად“.
(iii) თანაზომიერება
66.უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ დაკისრებული ზომის შედეგად, განმცხადებელი დადგა ვადაზე ადრე პენსიის - მისი ძირითადი შემოსავლის, სრული დაკარგვის საფრთხის წინაშე ისე, რომ მას არ ჰქონდა გარდამავალი პერიოდი იმისათვის, რომ ადაპტირება მოეხდინა ახალ სიტუაციასთან. გარდა ამისა, სასამართლოსთვის ცნობილია იმ პოტენციური რისკის შესახებ, რომელიც განმცხადებლის ასაკისა და განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული პოდკარპაცკის რეგიონში არსებული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, განმცხადებელს უქმნის სერიოზულ სირთულეს ახალი სამსახურის დაწყებაში. განმცხადებელს დასჭირდა ოთხ წელზე მეტი დროებითი სამუშაოს საშოვნელად.
67. მთავრობამ განაცხადა, რომ განმცხადებლის სრულწლოვანი შვილები 2006 ან 2009 წლიდან დასაქმებულები არიან. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი არაა გადამწყვეტი არსებული გარემოებისთვის. კერძოდ, „EWK” პენსიის ანულირებამ ზედმეტი ტვირთი დაადო განმცხადებელს, როგორც ცალკე აღებულ პირს, მესამე მხარის ფინანსური დახმარების ან განმცხადებლის ფინანსური ტვირთის შემცირების მიუხედავად.
68. მთავრობამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განმცხადებელი თავისი სამი შვილისთვის იღებდა ბავშვის შესანახად განკუთვნილ შემწეობას. მთავრობამ ვერ მოახერხა დაეკონკრეტებინა, რომელ წლებში იღებდა განმცხადებელი აღნიშნულ სარგებელს და როგორ მოხდა მისი დაანგარიშება. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის შესანახად განკუთვნილი შემწეობის მიზანია ბავშვების აღზრდის ხარჯების უზრუნველყოფა და ეს შემწეობა არ შეიძლება ჩაითვალოს ბავშვების დედის შემოსავლად.
ვინაიდან მთავრობამ წარმოადგინა პოლონეთში ხელმისაწვდომი სხვადასხვა შემწეობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობამ ვერ დააკონკრეტა ის სარგებელი, (მისი არსებობის შემთხვევაში) რომელიც ხელმისაწვდომი იყო განმცხადებლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებელმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა რომელიმე ეს შემწეობა.
69. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რის გამოც მან უნდა გადაუხვიოს თავის ძირითად გადაწყვეტილებას „EWK” პენსიასთან დაკავშირებით საქმეზე - „მოსკალი პოლონეთის წინააღმდეგ“. იგი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არ დამყარდა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესის მოთხოვნებსა და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის და განმცხადებელზე დაკისრებული ტვირთი გადამეტებული იყო.
70. აქედან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი.
Full & Egal Universal Law Academy