Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N186
2015 წლის ივნისი
ლამბერი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Lambert and Others v. France) [GC]
(საჩივარი- N 46043/14)
გადაწყვეტილება, 5 ივნისი, 2015
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
ფაქტები: გადაწყვეტილება ეხებოდა მკურნალი ექიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეეწყვიტა სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მკურნალობა იმ პაციენტისთვის, რომელსაც წინასწარ არ გამოუთქვამს აზრი იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება სურდა მსგავს ვითარებაში.
ვინსენტ ლამბერტმა 2008 წელს ავტოსაგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიიღო თავის მძიმე დაზიანება და შედეგად მას ოთხივე კიდურის დამბლა ჰქონდა. ლამბერტს საკვებს ხელოვნურად აწვდიდნენ. 2014 წლის 11 იანვარს მკურნალმა ექიმმა, გაიარა რა შესაბამისი აქტით გათვალისწინებული კონსულტაციები, მეორედ მიიღო გადაწყვეტილება ვინსენტ ლამბერტისთვის ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა ექიმის გადაწყვეტილების აღსრულება, 2014 წლის 24 ივნისს სახელმწიფო საბჭომ დაადგინა, რომ ის კანონიერი იყო.
წინამდებარე საქმეზე მომჩივნები იყვნენ ვინსენტ ლამბერტის მშობლები, და და ნახევარძმა. მესამე მხარედ ჩართულები იყვნენ ვინსენტ ლამბერტის მეუღლე და ოჯახის ორი სხვა წევრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებას. მომჩივნები ძირითადად დავობდნენ, რომ ვინსენტ ლამბერტისთვის ხელოვნური კვებისა და ჰიდრატაციის შეწყვეტა ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულებებს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი არ დაირღვეოდა.
სამართალი: მოცემულ საქმეში ხაზგასასმელია ორი ფაქტორი:
პირველი, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებს ვინსენტ ლამბერტის სახელით დავა არ შეეძლოთ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, სტრასბურგის სასამართლომ პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებული პრინციპები ახალ კონტექსტში გამოიყენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ერთი წინა საქმე, რომელშიც მან დაადგინა, რომ აპლიკანტს არ შეეძლო სხვისი სახელით დავა, არ ჰგავდა მოცემულ საქმეს (იხ. ნენჩევა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ და სამართლებრივი რესურსის ცენტრი ვალენტინ კამპეანუს სახელით რუმინეთის წინააღმდეგ). ვინსენტ ლამბერტი არ იყო გარდაცვლილი, თუმცა ის მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებოდა; მას არ დაუტოვებია ფორმალური ინსტრუქციები სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით; ამ საკითხთან მიმართებით მისი ოჯახის რამდენიმე წევრს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა; მისი ოჯახის ზოგიერთ წევრს სურდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეეტანა საჩივარი ლამბერტის სახელით, რათა გაესაჩივრებინათ მკურნალობის შეწყვეტა. სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი საჩივრების მისაღებად, უნდა დაკმაყოფილდეს ორი ძირითადი კრიტერიუმი: პირველი, არსებობს თუ არა რისკი, რომ უფლების დარღვევის პირდაპირ მსხვერპლს სხვაგვარად წაერთმევა უფლებების ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობა. წინამდებარე საქმეში ასეთი რისკი არ არსებობდა, რადგან მომჩივნებს საკუთარი სახელით შეეძლოთ ედავათ ვინსენტ ლამბერტის სიცოცხლის უფლებაზე; მეორე, არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი პაციენტსა და მომჩივნებს შორის. სახელმწიფო საბჭომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ექიმის გადაწყვეტილება, რომელიც მომჩივნების მიერ იყო გასაჩივრებული, არ შეიძლებოდა განხილულიყო ვინსენტ ლამბერტის სურვილთან შეუსაბამოდ: სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეში დადგენილი არ იყო, რომ მომჩივანთა განცხადებები და ვინსენტ ლამბერტის სურვილი ,,თანხვედრაში იყო’’.
მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საჩივარი ეხება სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მკურნალობის შეწყვეტას, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მე-2 მუხლთან მიმართებით მომჩივანთა საჩივარი ვიწრო იყო. კერძოდ, მომჩივნებს არ განუცხადებიათ, რომ საქმე ეხებოდა თვითმკვლელობაში დახმარებას ან ევთანაზიას; უფრო მეტიც, ისინი არ ასაჩივრებდნენ სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მკურნალობის შეწყვეტას, არამედ მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ შესაბამის კანონს აკლდა სიცხადე და სიზუსტე და ისინი ასაჩივრებდნენ პროცესს, რომელმაც განაპირობა ექიმის გადაწყვეტილება (სხვა ექიმებთან კონსულტაციის გავლა სავალდებულო იყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მკურნალი ექიმი იღებდა).
სასამართლომ საკითხები განიხილა სიცოცხლის დასაცავად სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების თვალსაზრისით, პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისა და მასში მოაზრებული პირადი ავტონომიის ცნების გათვალისწინებით (პრეტი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, N2346/02, ECHR 2002‑III).
სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტორები: ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ჩარჩო თავსებადი იყო მე-2 მუხლის მოთხოვნებთან; რა მასშტაბით იქნა გათვალისწინებული პაციენტის, მისი ოჯახის წევრებისა და სამედიცინო პერსონალის სურვილები; შესაძლებელი იყო თუ არა ეროვნული სასამართლოსთვის მიმართვა პაციენტის ინტერესების დასაცავად. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კანონს არ აკლდა სიცხადე და სიზუსტე, როგორც ამას მომჩივნები ამტკიცებდნენ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო თავსებადი იყო მე-2 მუხლის მოთხოვნებთან (,,საკმარისად ნათელი" და ,,პაციენტის სიცოცხლის დაცვისკენ მიმართული").
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (თორმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები