Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N234
2019 წლის ნოემბერი
ილიასი და აჰმედი უნგრეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Ilias and Ahmed v. Hungary) [GC]
(საჩივარი- N 47287/15
გადაწყვეტილება, 21 ნოემბერი, 2019
მე-5 მუხლი
ფაქტები: საქმე ეხებოდა თავშესაფრის მაძიებელთა მოკლევადიან დაკავებას სახმელეთო საზღვრის სატრანზიტო ზონაში, მესამე ქვეყანაში მათ გადაყვანამდე.
ეროვნებით ბანგლადეშელი მომჩივნები ჩავიდნენ უნგრეთსა და სერბეთს შორის მდებარე სახმელეთო საზღვრის სატრანზიტო ზონაზე და მოითხოვეს თავშესაფარი. მიუხედავად იმისა, რომ მათი გაძევების შესახებ ბრძანება იმავე დღეს გამოიცა, მათ 23 დღე გაატარეს სატრანზიტო ზონაში და ელოდებოდნენ თავშესაფრის მოთხოვნების განხილვას. სატრანზიტო ზონა 110 კვ.მ. იყო, რომელსაც იცავდნენ 24 საათის განმავლობაში. მის საზღვრებს შიგნით, მომჩივნებს შეეძლოთ დროის გარეთ გატარება, თავშესაფრის სხვა მაძიებლებთან კონტაქტი და ვიზიტორების მიღება. მათი თავშესაფრის მინიჭების შესახებ მოთხოვნები დაუშვებლად იქნა ცნობილი. ეროვნულმა ხელისუფლებამ სერბეთი უსაფრთხო მესამე ქვეყანად მიიჩნია, რომელსაც შეეძლო მათი თავშესაფრის მოთხოვნების არსებითი განხილვა. ისინი სატრანზიტო ზონიდან გამოაცილეს და მათ გადაკვეთეს საზღვარი უკან სერბეთში, ფიზიკური იძულების გარეშე. დიდმა პალატამ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივრები კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და მე-4 მუხლის შესაბამისად, როგორც კონვენციის დებულებებთან ratione materiae შეუსაბამო.
სამართალი: დიდი პალატის გადაწყვეტილება აღსანიშნავია იმით, რომ სტრასბურგის სასამართლომ პირველად იმსჯელა მე-5 მუხლის გამოყენებადობაზე ევროპის საბჭოს წევრი ორი ქვეყნის საზღვრებს შორის სახმელეთო საზღვარზე მდებარე სატრანზიტო ზონაში მყოფ თავშესაფრის მაძიებლების დაკავებასთან მიმართებით. კერძოდ, დიდმა პალატამ შეისწავლა საკითხი, მომჩივანთა ტრანზიტულ ზონაში დაკავება წარმოადგენდა თუ არა მათი თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას.
სასამართლომ დაადგინა ის ფაქტორები, რომლებიც ამ მხრივ გასათვალისწინებელია: ა) მომჩივანთა ინდივიდუალური მდგომარეობა და მათი არჩევანი; ბ) შესაბამისი ქვეყნის მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი და მისი მიზანი; გ) შესაბამისი ხანგრძლივობა, განსაკუთრებით მიზნის გათვალისწინებით და პროცედურული დაცვა, რომლითაც მომჩივნები სარგებლობდნენ ამ მოვლენების დროს; და დ) მომჩივნებისთვის დაწესებული ან მათ მიერ გამოცდილი ფაქტობრივი შეზღუდვების ბუნება და ხარისხი. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ მე-5 მუხლი არ არის გამოყენებადი. კერძოდ, მომჩივანთა დაკავება არ აჭარბებდა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ხანგრძლივობას და რაც მკაცრად აუცილებელი იყო, რათა დაედგინათ შეიძლებოდა თუ არა დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნა უნგრეთში თავშესაფრის მიღების თაობაზე. გარდა ამისა, მაშინ როდესაც მათი გადაადგილების თავისუფლება მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული (მსგავსი მახასიათებლებით, როგორიცაა გარკვეული ტიპის მსუბუქი რეჟიმის საპატიმრო დაწესებულებებში), მათი თავისუფლება არ შეზღუდულა აუცილებლობის გარეშე, გადაჭარბებულად ან იმ ფორმით, რომ დაკავშირებული არ ყოფილიყო მათი თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნების განხილვასთან.
აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ განასხვავა საქმეები, რომლებიც ეხებოდა აეროპორტის ტრანზიტულ ზონებში დაკავებას (კერძოდ, ამუური საფრანგეთის წინააღმდეგ), წინამდებარე საქმისგან, სადაც პრაქტიკულად შესაძლებელი იყო საზღვრის ფეხით გადაკვეთა და სერბეთში შესვლა, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციის ხელშემკვრელ ქვეყანაში. მხოლოდ მომჩივანთა შიშები უნგრეთში თავშესაფრის მოთხოვნის უფლების დაკარგვასთან ან სერბეთში თავშესაფრის მინიჭების შესახებ საქმის წარმოების ხარვეზებთან დაკავშირებით, საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მათი იქ ყოფნა არანებაყოფლობითად მიჩნეულიყო და აემოქმედებინა კონვენციის მე-5 მუხლი. კონვენციის ტექსტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ იგი მე-5 მუხლის გამოყენებას უკავშირებს ცალკეულ საკითხს, რომელიც ეხება ხელისუფლების მიერ კონვენციის მე-3 მუხლის დაცვას. როდესაც ყველა სხვა შესაბამისი ფაქტორი არ უთითებს de facto თავისუფლების აღკვეთის სიტუაციაზე და აგრეთვე თავშესაფრის მაძიებელთათვის შესაძლებელი იყო მესამე ქვეყანაში დაბრუნება - როგორც მოცემულ შემთხვევაში - მათი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის პირდაპირი საფრთხის გარეშე, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი იყო ხელისუფლებისთვის ან მათი ყურადღების ცენტრში მოექცა, მე-5 მუხლი არ არის გამოყენებადი. ამდენად, მომჩივნების სიტუაციაში, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ სახმელეთო საზღვარზე ტრანზიტულ ზონაში, სადაც ისინი ელოდებოდნენ თავშესაფრის მიღების შესახებ მოთხოვნაზე პასუხს, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა თავიანთი ცალკეული ვალდებულებები კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით, კონვენციის მე-5 მუხლი გამოყენებადი არ არის.
დასკვნა: დაუშვებელი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები