განმცხადებლის სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების არაპროპორციული შეზღუდვა: დარღვევა.
საქმე „ილბეი ქემალოლუსა და მერიე ქემალოლუს თურქეთის წინააღმდეგ“
CASE OF İLBEYİ KEMALOĞLU AND MERİYE KEMALOĞLU v. TURKEY
განაცხადი № 19986/06
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2012 წლის 10 აპრილი
ა. ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებლები, თურქეთის მოქალაქეები, ბატონი ილბეი ქემალოლუ და ქალბატონი მერიე ქემალოლუ, დაიბადნენ 1965 და 1974 წლებში; ცხოვრობენ სტამბოლში. 2004 წელს, როდესაც სკოლაში გაკვეთილები ქარბუქის გამო ადრე დასრულდა, მათი ვაჟიშვილი - ათალაი შეეცადა ფეხით მისულიყო სახლში, რომელიც 4 კმ–ით იყო დაშორებული სკოლას. როდესაც სკოლა დაიხურა, მუნიციპალიტეტის ავტობუსი არ მოვიდა, რადგან მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო მომსახურების სააგენტოს არ აცნობეს გაკვეთილების ადრე დასრულების შესახებ. ნაშუადღევს, როდესაც ათალაი არ დაბრუნდა სკოლიდან, მისმა მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს. ბავშვი ვერსად იპოვეს. მისი ცხედარი მომდევნო დღეს, გაყინული ნახეს მდინარის კალაპოტთან ახლოს.
გამოძიების დასკვნის მიხედვით, რომელიც ინიცირებული იყო სტამბოლის საგანმანათლებლო თავმჯდომარეობის დაწყებითი სკოლის ინსპექტორთა ხელმძღვანელობის მიერ, სკოლის დირექტორის მოადგილე დამნაშავე იყო იმაში, რადგან მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო მომსახურების სააგენტოს არ აცნობა კლასების ადრეული გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, დირექტორის მოადგილემ მიიღო გაფრთხილება, როგორც დისციპლინური სანქცია.
2004 წლის აგვისტოს განმცხადებლებმა, რომელმაც თავისი შვილის გარდაცვალებაში დაადანაშაულეს თურქეთის ხელისუფლება, სარჩელი შეიტანეს განათლების სამინისტროს, იენიდოგანის მუნიციპალიტეტისა და სტამბოლის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ, არაფულადი და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით. მათი იურიდიული დახმარების გაწევისა და სასამართლო ხარჯების დაფარვის შესახებ თხოვნა, რომელსაც თან ერთვოდა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა მათი ხელმოკლეობა, არ დაკმაყოფილდა, უარის კონკრეტული მიზეზიც არ იყო მითითებული. 2005 წლის დეკემბერში, სტამბოლის ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება, რადგან განმცხადებლებმა ვერ გადაიხადეს სასამართლო მოსაკრებელი.
II. კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
49. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ მათი თხოვნის უგულებელყოფის შედეგად დაირღვა კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული უფლება სამართლიან სასამართლოზე, რომლის შესაბამისადაც:
„სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ... ყველას აქვს ... მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება...დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“
50. მთავრობამ აღნიშნული არგუმენტის გასაქარწყლებლად განაცხადა, რომ განმცხადებლებმა ეროვნული სასამართლოს წინაშე ვერ წარადგინეს მათი უსახსრობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ბ. საქმის არსებითი გარემოებები
52. სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს პრეცედენტულ სამართალში ასახულ ძირითად პრინციპებს იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებით (იხ. კრეუზი პოლონეთის წინააღმდეგ, N28249/95, §52-57, ECHR, 2001‑VI, ბაკანი თურქეთის წინააღმდეგ N50939/99, §§ 66-68, 2007 წლის 12 ივნისი და მეჰმეტი და სუნა იგიტი, § 33-34). მოცემულ საქმეში სასამართლო მოსაკრებელი, რომელიც განმცხადებლებს უნდა გადაეხადათ, სამართალწარმოების ღირებულების საფუძველზე იყო გათვლილი და 5.072.600.000 და 4.384.100.000 თურქულ ლირას შეადგენდა, ხოლო ყოველთვიური საარსებო მინიმუმი იმ დროს იყო 444.150.000 თურქული ლირა. მიუხედავად მთავრობის მტკიცების, რომ განმცხადებლებმა ვერ წარადგინეს მათი ხელმოკლეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სასამართლო აღნიშნავს, რომ ორივე განმცხადებელს ჰქონდა შესაბამისი ცნობები, რომლებიც ადასტურებდნენ მათ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, რის საფუძველზეც მიმართეს სტამბოლის ადმინისტრაციულ სასამართლოს მათთვის იურიდიული დახმარების გაწევის თხოვნით. სათაო ოფისის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ნათელია, რომ განმცხადებლებს არ ჰქონდათ შემოსავალი და ისინი იყვნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულმა სასამართლომ მათი იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა გადაწყვეტილებაში კონკრეტული მიზეზის დასაბუთების გარეშე, მხოლოდ შესაბამის კანონმდებლობაზე მიუთითა.
53. სასამართლო აღნიშნავს, რომ მას წარსულში უკვე ჰქონდა განხილული მსგავსი საჩივრები და დაადგინა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა. სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთის იურიდიული დახმარების სისტემა ფიზიკურ პირებს თვითნებობისაგან დასაცავად ვერ სთავაზობს არსებით გარანტიას (იხ. ბაკანი, §§ 74-78; მეჰმეტი და სუნა იგიტი, §§ 31-39; ეიუპ კაია თურქეთის წინააღმდეგ, N17582/04, §§ 22-26, 2008 წლის 23 სექტემბერი; კაბა თურქეთის წინააღმდეგ, N1236/05, §§ 19-25, 2011 წლის 1 მარტი). სასამართლომ ასევე შეისწავლა მოცემული საქმე და ვერ გამოავლინა განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო მის მიერ ზემოაღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლებისთვის იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმამ მოუსპო მათ თავისი საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენის შესაძლებლობა და მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა განმცხადებლების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომი უფლების არათანაზომიერ შეზღუდვას.
54. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის 6.1 მუხლი.
Full & Egal Universal Law Academy